მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი ვ̂. ვითარმედ შჯული არა განამართლებს, არამედ ამხილებს და წყევასა შესთხევს, რომელი დაჰჴსნა ქრისტემან

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

მოციქულისაჲ: რამეთუ რავდენნი-იგი საქმეთაგან შჯულისათა არიან, წყევასა ქუეშე არიან. რამეთუ წერილ არს: "წყეულ იყავნ ყოველი, რომელი არა დაადგრეს ყოველსა წერილსა წიგნისა ამის შჯულისასა ყოფად მისსა" (3,10).

თარგმანი: ვინაჲთგან იგინი ამისთჳს მიედევნებოდეს შჯულსა, რაჲთა არა შთავარდენ წყევასა ამას, ამისთჳს მოციქული წინაუკუმო უჩუენებს, ვითარმედ არა განდგომილი, არამედ შედგომილი შჯულისაჲ შთავარდების წყევასა ამას, რომელი წერილ არს მეორესა შჯულსა შინა. რამეთუ ვინაჲთგან ვერვინ შედგომილი შჯულისაჲ აღასრულებს ყოველსა, რომელი წერილ არს მას შინა, ამისთჳს მცირესაცა მისგანსა გარდასლვაჲ თანამდებ ჰყოფს ყოვლისავე მის წყევისა, შედგომილსა სჯულისსა, ხოლო დამტევებელი შჯულისაჲ და შედგომილი ქრისტესი თავისუფალ არს ყოვლისავე მისგან სიმძიმისა და წყევისა ძუელისა მის შჯულისა.

მოციქულისაჲ: და რამეთუ შჯულითა არავინ განმართლდების ღმრთისა წინაშე, ცხად არს, რამეთუ მართალი სარწმუნოებითა ცხოვნდეს. ხოლო შჯული არა არს სარწმუნოებისაგან, არამედ, ყოს თუ იგი ვინმე კაცმან, ცხონდეს მას შინა (3,11-12).

თარგმანი: ამისთჳს არავინ განმართლდების შჯულითა, რამეთუ ვერ აღასრულებს ყოველსავე წერილსა მას შინა. ამისთჳს, დაღაცათუ კაცთა წინაშე მართალ ჩნდეს ზოგისა აღსრულებისათჳს, არამედ ღმრთისა წინაშე ვერვე სრულ არს დაკლებულისა მისთჳს, რამეთუ მას არა დაეფარვის კნინ-ოდენიცა ნაკლულევანებაჲ, არამედ ყოველივე ცხად არს წინაშე მისსა. და ამას წამებს ამბაკუმ, ვითარმედ: "მართალი სარწმუნოებითა ცხონდეს" (), და არა საქმეთაგან. ხოლო შჯული არა სარწმუნოებითა გონებისაჲთა, არამედ მოქმედებითა თჳსთა ბრძანებათაჲთა აცხოვნებს კაცსა, რომლისათჳს იტყჳან მეორე შჯული და ეზეკიელ, ვი-თარ-იგი უსაკუთრეს არს: არამედ რომელმან ყვნეს იგი, ცხონდეს მათ შინა. ესე იგი არს, ვითარმედ მოქმედებითა მათითა იქმნების ცხორებაჲ მოქმედისაჲ მის მას შინა. ხოლო ურჩთა და არა-მოქმედთა სტანჯავს და მოჰკლავს, რაჲთა ვერღარა იყვნენ მას შინა.

მოციქულისაჲ: ქრისტემან მოგჳყიდნა წყევისა მისგან შჯულისა და იქმნა ჩუენთჳს წყევასა ქუეშე, რამეთუ წერილ არს: წყეულ იყავნ ყოველი, რომელი დამოეკიდოს ძელსა (3,13).

თარგმანი: რაჲთა არა თქუან მათ, ვითარმედ: "აბრაჰამ ამისთჳს სარწმუნოებითა ოდენ განმართლდა, რამეთუ პირველ შჯულისა იყო, და არა იყო მის ზედა წყევაჲ გარდამავალობისა მისისაჲ, ხოლო აწ ჩუენ, შემდგომად შჯულისა მყოფნი, ვინღა მიჴსნნეს წყევისაგან შჯულისა, უკუეთუ განვადგეთ მას?" — ამისა დასაჴსნელად იტყჳს, ვითარმედ: ქრისტემან არა ლიტონად მიჴსნნა, არამედ სასყიდლით მომიყიდნა თანამდებნი წყევისანი წყევისაგან შჯულისა, რაჟამს სასყიდლად მისცა თჳთ მის, არა-თანამდებისაჲ წყევასა, თავისა თჳსისაჲ შეყვანებაჲ წყევასა ქუეშე. ხოლო სხუებრისა წყევისა თანამდებ ვიყვენით ჩუენ, მისსა, რომელი-იგი იტყჳს: "წყეულ იყავნ ყოველი, რომელი არა დაადგრეს ყოველსავე წერილსა წიგნისა ამის შჯულისასა" (), და ქრისტე ამის წყევისაგან თავისუფალ იყო; რამეთუ გარდასლვაჲ შჯულისაჲ ცოდვაჲ იყო, ხოლო "ქრისტემან ცოდვაჲ არა ქმნა, არცა იპოვა ზაკუვაჲ პირსა მისსა" (). ვინაჲცა, ვითარცა-იგი სიკუდილისა თავსდებაჲ საჴმარ იქმნა მისსა, ჴსნად ჩუენდა სიკუდილისაგან, ეგრეთვე, ვინაჲთგან წყევისა თავს-დებაჲ ჯერ-იყო დაჴსნად წყევისა, ამისთჳს, რომელი-იგი ცოდვისა მიერ არა თანამდებ იყო წყევისა, ჯუარცუმისა იგი წყევაჲ ანაცვალა წყევასა ცოდვისა მის შჯულისა გარდასლვისასა, რამეთუ ძელსა დამოკიდებულისათჳსცა თქუმულ იყო: "წყეულ იყავნ ყოველი, რომელი დამოეკიდოს ძელსა" (), რაჲთა თავს-დებითა წყევასა მას ძელსა დამოკიდებისასა გამომიჴსნნეს ჩუენ წყევისაგან შჯულისა გარდასლვისა, და ესრეთ მიიტაცა პატიჟი ჩუენი, ვითარ-იგი თანამდებსა ვისმე სიკუდილისასა ენაცვალის ვინმე სიკუდიდ, ყოვლად არათანამდები სიკუდილისაჲ.

მოციქულისაჲ: რაჲთა წარმართთა მიმართ კურთხევაჲ იგი აბრაჰამისი იყოს ქრისტე იესუჲს მიერ (3,14).

თარგმანი: წყევასა მას ძელსა დამოკიდებისასა თავს-დებითა ქრისტემან კურთხევაჲ იგი, აბრაჰამის მიმართ აღთქუმული, დაუმკჳდრა, ვითარ-იგი თქუმულ იყო, ვითარმედ: ნათესავისა შენისა მიმართ იკურთხეოდიან ყოველნი წარმართნი, რომელი-ესე ჰურიათა არა შეეტყუების, რომელნი-იგი თანამდებ იყვნეს წყევასა მას შჯულისა გარდასლვისასა; და ვერვინ, თჳთ თანამდები წყევისაჲ, სხუათა მიმცემელ ექმნეს კურთხევისა. ვინაჲცა ცხად არს, ვითარმედ ქრისტე იყო ნათესავისაგან აბრაჰამისა შობილ, და მისსა მიმართ, ესე იგი არს — მისგან იკურთხნეს ყოველნი წარმართნი, რომელთა ჰრწმენა მისსა მიმართ.

მოციქულისაჲ: რაჲთა აღთქუმაჲ იგი სულისაჲ მოვიღოთ სარწმუნოებითა (3,14).

თარგმანი: თითოეული კეთილთა ამათგანი ურთიერთას დამოკიდებულ არს, რამეთუ წყევაჲ დაიჴსნა ჯუარითა, და სარწმუნოებაჲ შემოვიდა ქრისტეს მიმართითა სარწმუნოებითა. და სარწმუნოებასა მისსა მიმართ — შეუდგა მოღებაჲ სულისა წმიდისაჲ, რომელი-იგი წინა-აღთქუმულ იყო ქრისტეს მიმართ, კურთხევისათჳს წარმართთაჲსა. რამეთუ ესე არს აბრაჰამის ნათესავისა ქრისტეს მიერი კურთხევაჲ — მის მიერ მიცემაჲ ჩუენდა სულისა წმიდისაჲ, რომელი-იგი განმათავისუფლებს ჩუენ მონებისაგან ცოდვათაჲსა.