📋 სარჩევი
მოციქულისაჲ: ამისთჳს ჩუენცა, ვინაჲთ დღითგან გუესმა, არა დავსცხრებით თქუენთჳს ლოცვითა და თხოვითა, რაჲთა აღივსნეთ მეცნიერებითა ნებისა მისისაჲთა, ყოვლითა სიბრძნითა და გულისჴმის-ყოფითა სულიერითა (1,9).
თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: ვინაჲთგან გუესმა სარწმუნოებაჲ თქუენი და სიყუარული, არა დავსცხრებით შეწევნად თქუენდა ლოცვათა შინა ჩუენთა, და ვითხოვთ დამტკიცებასა თქუენსა ყოველსავე ზედა, რომლისათჳს ჯერეთ დაუმტკიცებელ ხართ და სრულ მისსა მიმართ, რომელსა ზედა არღა სრულ ხართ, რაჲთა ყოვლითა სიბრძნითა და გულისჴმისყოფითა სულიერითა მეცნიერ იქმნნეთ ნებასა ღმრთისასა, ვითარმედ არა ანგელოზთა, არამედ თჳთ თავადისა ქრისტეს მიერ ცხოვნებულ ხართ, რამეთუ ესე არს ნებაჲ ღმრთისა მამისაჲ, რაჲთა ძისა მიერ მისისა და არა ანგელოზთა მიერ მიიყვანებოდიან მისსა კაცნი; და ამას არა სოფლიოჲ, არამედ საღმრთოჲ და სულიერი სიბრძნე უჴმს გულისჴმისსაყოფელად.
მოციქულისაჲ: რაჲთა ხჳდოდით თქუენ ღირსად ღმრთისა ყოველსავე სათნოებასა, ყოვლითა საქმითა კეთილითა ნაყოფიერნი და აღორძინებულნი მეცნიერებასა ღმრთისასა, ყოვლითა ძალითა განძლიერებულნი სიმტკიცისაებრ დიდებისა მისისა (1,10-11).
თარგმანი: ესე არს ღირსად ღმრთისა სლვაჲ, რაჲთა ყოველსავე შინა სათნო მისსა იყოს კაცი: სიტყუასა და საქმესა, მართლმადიდებლობასა და მართლმავალობასა საქმეთა შინა სათნოებისათა, რაჲთა არა ბოროტი ვითარცა კეთილი შეიწყნაროს, არცა მარჯუენითსა დაცემასა უგულისჴმო იყოს, მხოლოდ მარცხენითისა ოდენ კრძალვითა, რამეთუ, რომელსა აქუნდეს თესლი სარწმუნოებისაჲ, ჯერ-არს მისსა, რაჲთა აღმოაცენოს ნაყოფი საქმეთა კეთილთაჲ და სრულებაჲ შჯულთა მართლმადიდებლობისათაჲ შეამკოს კრძალულებით მუშაკობითა კეთილთა საქმეთაჲთა, და რაჲთა ყოველსავე შინა განძლიერდებოდის მტერთა მიმართ და განსაცდელთა წინა-განეწყობვოდის, ვითარცა შეჭურვილი სიმტკიცითა ღმრთისა დიდებისაჲთა, რომელ არს მხოლოდშობილი ძე, რომელი ყოველთა შორის მოქმედებს ნებასა მამისა თჳსისასა, და ზოგად ერთნებაობითა მისითა ადიდებს მას ყოველთა შორის, და მის თანა იდიდების ყოველთა მიერ, ვითარცა ერთარსი და მის თანა სწორი დიდებითა და პატივითა ღმრთეებისაჲთა.
მოციქულისაჲ: ყოვლისა მიმართ მოთმინებისა და სულგრძელებისა სიხარულით (1,11).
თარგმანი: მოთმინებად უბრძანებს გარეშეთა მიმართ მბრძოლთა, რომელთა ნაცვლისა მიგებაჲ არავე ადვილ არს, ხოლო სულგრძელებად თჳთ მათგანთავე ზედა მზაკუვართა და მავნებელთა, რომელთა ნაცვლისა მიგებაჲცა შესაძლებელ იყოს, რამეთუ მოთმინებაჲ თჳნიერ სულგრძელებისა არა მტკიცე არს. და ორივე ესე, უკუეთუ არა სიხარულით, არამედ მწუხარებით იქმნებოდის, სასყიდელსა ვერ მიიღებს, რამეთუ არა რომელი მწუხარე იყოს ჭირთა ზედა, ქრისტესთჳს შემთხუეულთა, არამედ რომელსა უხაროდის, იგი მიიღებს სასყიდელსა.
მოციქულისაჲ: ჰმადლობდით ღმერთსა და მამასა, რომელმან ღირს-მყვნა ჩუენ ნაწილსა მას მკჳდრობისა წმიდათასა ნათელსა შინა, რომელმან მიჴსნნა ჩუენ ჴელმწიფებისა მისგან ბნელისა და მიმცვალნა ჩუენ სასუფეველსა ძისა მისისა საყუარელისასა (1,12-13).
თარგმანი: ესე არს გულისსიტყუაჲ, რომელი ძალ-სცემს კაცსა თავს-დებად ყოველთა განსაცდელთა შემთხუევასა, რაჟამს იწურთიდეს, თუ საწუთროთა ამათ წილ ჭირთა და შრომათა ვითარი ნაწილი მკჳდრობისა წმიდათაჲსაჲ განმზადებულ არს ჩუენთჳს, რომელსა ვერცა ერთი ვნებათაგანი ამის ჟამისათაჲ ენაცვალების, არათუმცა იგი თავადი ღირს გუყოფდა ჩუენ კეთილთა მათ ბუნებისა უზეშთაესთა სიმდიდრითა თჳსთა სახიერებათაჲთა, ხოლო ნათელ და სამკჳდრებელ წმიდათა უწოდიან უსრულესსა მას გამოცხადებითსა მეცნიერებასა მერმისა მის საუკუნოჲსასა. ესრეთ ყოველივე ნიჭი საუკუნეთა კეთილთაჲ ზეშთა-აღემატების საზომსა ჩუენისა უბადრუკებისასა, ვითარ ჴელმწიფებასა და მძლავრებასა შინა საეშმაკოჲსა მის ბნელისასა მყოფნი არა ხოლო გამომიჴსნნა, არამედ სასუფეველად საუკუნოდ მიმცვალნა, რამეთუ ნათელი იგი მერმე ზოგს-რე აქაცა მოგუფინა სარწმუნოებითა ქრისტესითა, არამედ აქაჲთ სასუფეველად მიმცვალებს, რომელსა ამისთჳს ეწოდების ძისა მისისა საყუარელისა, რამეთუ განჴორციელებითა მისითა მოგუემადლა ცხორებაჲ საუკუნოჲ.