მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი დ̂. დაგებისათჳს წარმართთაჲსა გუამითა მით ქრისტესითა და ვნებითა სარწმუნოებისა მიერ

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

მოციქულისაჲ: და თქუენ ოდესმე იყვენით უცხო-ქმნულ და მტერ გონებითა თქუენითა საქმეთა მათ შინა ბოროტთა; ხოლო აწ დაგიგნა გუამითა მით ჴორცთა მისთაჲთა სიკუდილისა მიერ, და წარგადგინნა თქუენ წმიდად და უბიწოდ და უბრალოდ წინაშე მისსა (1,21-22).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: არა ხოლო მტერისა მიერითა მძლავრებითა, არამედ თჳთ ნებსითითაცა აღრჩევითა და ბოროტთა საქმეთა მიდევნებითა უცხო ქმნილ და მტერ ღმრთისა ვიყვენით კაცნი, და ამისთჳს — არა ღირს წყალობისა და დაგებისა, რამეთუ არა ხოლო ბოროტითა ნებითა, არამედ უბოროტესთა საქმეთა მოქმედებითა შეპყრობილ ვიყვენით, არათუმცა მას სახიერსა სიმდიდრითა წყალობათა თჳსთაჲთა საჴსრად ჩუენდა მიეცნეს შეუხებელნი იგი ბრალისა და ცოდვისანი ყოვლად წმიდანი ჴორცნი თჳსნი, სიკუდილითა მწარითა და დასაშჯელითა, რომლისა მიერ არა ხოლო გამომიჴსნნა ტყუეობისაგან, არამედ წმიდად და უბრალოდ წარმადგინნა წინაშე მისსა, რამეთუ თჳთ იგივე არს მოქმედი დაგებისაჲ, არა ანგელოზთა, არცა მამშჳდებელთა მიერ, არამედ გუამითა მით ჴორცთა თჳსთაჲთა, და იგივე არს ჩუენ მიერ განრისხებული და მსაჯულად ჩუენდა მჯდომარე და ჴელმწიფე განმართლებისა და დაშჯისა ჩუენისაჲ, ბუნებითა მით ღმრთეებისა თჳსისაჲთა; ამისთჳსცა ესევითართა წარმადგენს წინაშე თჳსსა, განწმედილთა და უბრალოთა, რაჲთა ღირს ვიყვნეთ მოღებად ნიჭთა თუალუხუავისა მისგან მართლმსაჯულობისა მისისა.

მოციქულისაჲ: უკუეთუ ეგნეთ სარწმუნოებასა ზედა დაფუძნებულნი და დამტკიცებულნი და შეურყეველნი სასოებისა მისგან სახარებისა (1,23).

თარგმანი: რაჲთა არა უდებ იქმნენ კაცნი კრძალულებით მოქმედებისაგან კეთილთა საქმეთაჲსა, ესმოდის რაჲ ზემო წარმოთქუმულ ესე მადლით სარწმუნოებისა მიერ განმართლებაჲ ქრისტეს მიერი, ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: ესე ყოველი, რაოდენი მან თავადმან თავს-იდვა თქუენთჳს, მაშინ სარგებელ გეყოს, უკუეთუ ეგნეთ მტკიცედ სარწმუნოებასა ზედა მისსა, დაფუძნებულად შენებითა კეთილთა საქმეთაჲთა; და არა სთქუათ, ვითარმედ: ყოველივე წარმართებაჲ ჩუენი უქმნიეს სიკუდილსა ქრისტესსა, და ჩუენ არღარას გჳჴმს ქმნაჲ. ამისთჳს უწყოდეთ, ვითარმედ მისი იგი პირველ ქმნულთა ბრალთა მოტევებაჲ შემდგომად ნათლისღებისა ჩუენისა ითხოვს კრძალულებით მოქალაქობასა, რაჲთა არა უჴმარ ვყოთ მისი იგი მადლით გამოჴსნაჲ ცოდვათაგან, კუალად პირველსავე ნათხევარსა მიქცევითა, არამედ უმეტესად განვიმტკიცოთ წყალობაჲ მისი, რაჟამს არასადაჲთ მივდრკებოდით სასოებისა მისგან სახარებისა, რომელ არს ქრისტე, ლოდი იგი თავსაკიდურთაჲ, და მარადის მოკიდებულ ვიყვნეთ მისდა, ვითარცა ასოჲ გუამისაჲ დამოკიდებულ არს თავსა, და მისა მიმართითა სასოებითა ვიყვნეთ აღმასრულებელ ყოველსავე ბრძანებასა სახარებისასა, რაჟამს უწყოდით, ვითარმედ: რომელმან-იგი ბრძანა მათ შინა სიტყუაჲ იგი ცხორებისაჲ, იგივე არს, რომელი მოგუცემს ძალსა მოქმედებად მცნებათა მისთა, და სასყიდელიცა მოქმედებისა კეთილთაჲსაჲ მის მიერვე განეყოფვის ყოველთა, რომელნი შეუდგენ ბრძანებათა მისთა.

მოციქულისაჲ: რომლისაჲ გესმა ქადაგებულისაჲ ყოველსა შორის დაბადებულსა ცასა ქუეშე, რომლისა ვიქმენ მე, პავლე, მსახურ (1,23).

თარგმანი: კუალად მათ ხადის მოწამედ, ვითარმედ: თქუენ გასმიეს სახარებაჲ ქრისტესი, რომლისა ვიქმენ მე, პავლე, მსახურ, და არათუ თავით ჩემით რაჲმე მოპოვნებული, არამედ მის მიერ ჩემდა მსახურებად რწმუნებით მიმო-დავდევ ყოველსავე ქუეყანასა ცასა ქუეშე, რომელთა-იგი არა ხოლო ისმინეს ოდენ, არამედ ირწმუნეს-ცა მტკიცედ მართლაღსარებითა.