📋 სარჩევი
მოციქულისაჲ: ნუმცა ვინ უკუე განგიკითხავს თქუენ საჭმლითა და სასუმლითა, გინა კერძო დღესასწაულისაჲთა, გინა თჳს-თავითა, გინა შაბათობითა, რომელ-იგი არს აჩრდილი მერმეთაჲ მათ (2,16-17).
თარგმანი: ვინაჲთგან ვრცელად წარმოთქუმითა ქადაგა ქველისმოქმედებაჲ ნიჭთა საღმრთოთაჲ, ამისთჳს აწ განაცხადებს მხილებასა ბრალისა მათისასა, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: ვინაჲთგან ესევითართა ნიჭთა ზეცისათა ღირს-ქმნულ ხართ, რაჲსაღა გეშინის მათგან, რომელნი განგიკითხვენ თქუენ, უძლურთა ამათთჳს წესთა ქვეყნიერთა, რომელ არს არა-დაცვაჲ ჰურიაებრისა მის კრძალვისაჲ საჭმელთათჳს და სასუმელთა, რაჲთა რომელიმე შეგერაცხოს წმიდად, და რომელიმე — არაწმიდად. ხოლო კერძო დღესასწაულ ამისთჳს უწოდს დღესასწაულთა მათ ჰურიათასა, რამეთუ ჰურიაობისაგან მოქცეულნი იგი რომელსამე წესსა მათთა მათ ძუელისა შჯულისა დღესასწაულთასა იმარხვიდიან, ვითარცა ჰურიანი, ხოლო რომელსამე დაჰჴსნიდიან, ვითარცა ქრისტიანენი, რამეთუ არა დიდსა რასმე ჰყოფდიან, ვითარ-იგი იყო დღესასწაული კარვობისაჲ, უცომოებისა გინა მეერგასისაჲ, არამედ — მცირეთა რათმე, ვითარ-იგი იყო შაბათი და თჳსთავი; და მათცა არა სრულებით, არამედ ზოგს-რე დაიცვიდიან, ვითარცა ჰურიანი, და ზოგს-რე დაჰჴსნიდიან, ვითარცა ქრისტიანენო; ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: "ნუმცა ვინ განგიკითხავს", ესე იგი არს, ვითარმედ: "არათუ თჳთ იქმან მას, რომლისათჳს თქუენ განგიკითხვენ". ამისსა შემდგომად ზედა-დაჰრთავს წესთა მათთჳს ძუელისა შჯულისათა, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს: რომელნი-იგი აჩრდილ იყვნეს ყოფადთა. ესე იგი არს, ვითარმედ ძუელნი იგი წესნი ყოველნი აჩრდილ იყვნეს და წინა-გამომსახველ ყოფადთა ამათ წესთა ახლისა მადლისათა, მაშინ სადმე საჴმარ, ხოლო აწ არღარა საჴმარ.
მოციქულისაჲ: ხოლო ჴორცთა ქრისტესთა ნუვინ თქუენ მძლე გექმნებინ, უნდეს თუ სიმდაბლითა და წესითა ანგელოზთაჲთა, რომელი-იგი არა იხილა, განიკითხვიდეს (2,18).
თარგმანი: იყვნეს ვიეთნიმე არა ჰურიაობით, არამედ კუალად სხჳთ კერძო განმდრეკელნი ქრისტეს მორწმუნეთანი. ესე იგი იყვნეს წარმართობისაგან მოქცეულნი, რომელნი-იგი რეცა სახითა სიმდაბლისაჲთა უღირს-იჩენდეს თავთა ნიჭისაგან ქრისტესისა, და იტყოდეს, ვითარმედ: "ვერ ღირს ვართ ჩუენ მსახურებად მისსა, სიმაღლისათჳს ღმრთეებისა მისისა. ამისთჳს კმა არს ჩუენდა, რაჲთა ვჰმსახურებდეთ ანგელოზთა, რამეთუ იგინიცა შუამდგომელ არიან ღმრთისა მიმართ დაგებისა ჩუენისა". ამისთჳს მოციქული განგუაკრძალებს ესევითართა მათგან, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს: ხოლო გუამსა ქრისტესსა ნუვინ თქუენ გჳრგჳნ-ჴდილ გყოფნ, მნებებელნი სიმდაბლით და მსახურებითა ანგელოზთაჲთა შემავალობად მას, რომელი-იგი არა უხილავს. ესე იგი არს, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: "გარქუ თქუენ კრძალვაჲ ჰურიაობისაგან, ხოლო აწ გეტყჳ, რაჲთა ეკრძალნეთ, ნუ ვინმე სხჳთ კერძო დაგაჭირვოს გუამი ქრისტესი, რომელ არს ეკლესიაჲ, რომელი ესოდენ ზეშთა არს შესაკრებელსა მას ძუელისა შჯულისასა, რაოდენ გუამი კაცისაჲ — აჩრდილსა თჳსსა; არამედ კუალად სხჳთცა იქმნების დაჭირვებაჲ მისი, რომელსა გჳრგჳნ-ჴდა უწოდს, ჩუეულებითა სოფლიოჲსა სიტყჳსაჲთა, რამეთუ ასპარეზსა შინა წყობათა და რკინობათასა, დაკლებულსა მძლეობისა გჳრგჳნისაგან —გჳრგჳნ-ჴდილ უწოდდიან, რომელ-იესე თქუენცა შეგემთხუევის, რაჟამს აწვე ეგერა, თავსა თქუენსა დადგმული გჳრგჳნი ქრისტეს გუაშისაჲ, რომელ არს ეკლესიაჲ, მო-ვიეთგანმე-გეჴადოს, რომელნი-იგი რეცა სახითა სიმდაბლისაჲთა უღირს-გიჩენენ მსახურებისაგან ქრისტესისა, და მის წილ აღგარჩევიებენ მსახურებასა ანგელოზთასა, ვითარცა სილაღითა გონებისაჲთა შემავალნი გამოკულევად უხილავთა და გამოუკულეველთა.
მოციქულისაჲ: ამაოდ განლაღებული გონებითა მით ჴორცთა მისთაჲთა, და არა შეეკრძალოს თავი, რომლისაგან ყოველი გუამი, სხეულთაგან და ნაწევართა შექმნული და შეერთებული, ორძის სიორძილსა მას ღმრთისასა (2,18-19).
თარგმანი: სილაღედ უწოდს ყოველსა, რაოდენსა რას მოიგონებდეს კაცი ღონისძიებითა სიბრძნისა ჴორციელისა და ამათისა სივერაგისაჲთა, რომელი-ესე ჴორციელ არს და კაცობრივ, და არა სულიერ და საღმრთო, ვითარ-იგი იყვნეს, რომელნი ანგელოზთა მსახურებისათჳს დაუტევებდეს თავსა მას და შემოქმედსა ანგელოზთა და კაცთასა — უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, რომლისა მიერ მიეცემის შენაწევრებაჲ ყოველსა გუამსა და სავსებასა ეკლესიისასა. ხოლო სხეულთა წილ შესახებელი უსაკუთრეს არს, რამეთუ, ვითარ-იგი კაცობრივისა ამის თავისაგან განეფინებიან ძარღუნი ყოველთა ასოთა, და მათგან იქმნების ყოველი ასოჲ მგრძნობელ საცნობელსა შეხებისასა, ეგრეთვე ქრისტესგან, რომელ არს თავი ეკლესიისაჲ, მისგან გამოვლენ თითოსახენი მადლნი, რომელთა მიერ ფრთხილ არს ყოველი ასოჲ ეკლესიისაჲ გრძნობად კეთილისა და ბოროტისა, ვითარცა ჴორციელნი ესე ასონი ცნობად სიმჴურვალესა ანუ სიგრილესა შეხებისასა. და ესრეთ, განრჩევითა ღუარძლისაჲთა იფქლისაგან, დღითიდღე აღორძნდების სულიერითა სავსებითა კეთილთა საქმეთაჲთა, მის მიერ კეთილად შენაწევრებული ესე სავსებაჲ ეკლესიისაჲ, ცხორებითა საცხორებელითა და მოქალაქობითა, ზეცისა ქალაქად შემყვანებელითა, რომელსა სამართლად უწოდს მოციქული სიორძილად საღმრთოდ.
მოციქულისაჲ: უკუეთუ მოჰკუედით ქრისტეს თანა ნივთთა მათგან ამის სოფლისათა, რაჲსაღა ვითარცა ცხოველნი სოფელსა შინა ჰბრძნობთ (2,20).
თარგმანი: ქრისტეს თანა მოვკუდებით ნათლისღებისა მიერ სიკუდილითა მით ბოროტთა ჩუეულებათა და პირველთა ქცევათა გარდაკუეთისაჲთა, რომელთა ნივთ ამის სოფლისა უწოდს, და უკუეთუ ყოვლისაგან სოფლიოჲსა საქმისა მომკუდარ ხართო, — ნათელღებულთა ეტყჳს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, —რაჲსაღა ვითარცა ცხოველნი სოფელსა შინა ბრძანებულ იქმნებით? ესე იგი არს, — უკუეთუ ყოვლისა სოფლისა მკუდარ ხართ, რადღა თავს-იდებთ მბრძანებელთაგან ნივთთა სოფლისათა ზმნისა ბრძანებასა? ნივთ სოფლისა იყვნეს მზე და მთოვარე, რომელთა მოკლებისა და შემატებისა ზმნასა მაწუეველ იყვნეს წარმართნი, ვითარმედ: ესე ჟამი კეთილ არს, და ესე — არაკეთილ, მოკლებისათჳს გინა შემატებისა მთოვარისა; ანუ მას და ამას, რომელსამე ეტლსა ზედა ჯდომისათჳს მზისა.
მოციქულისაჲ: "ნუ მიეახლები, ნუცა გემოსა იხილავ, ნუცა შეეხები", რომელ-იგი არს ყოველივე განსარყუნელად ჴუმევითა მით, მცნებისა მისებრ და მოძღურებისა კაცთაჲსა, რომელ-იგი არს, რეცა სიტყუაჲ რაიმე აქუს სიბრძნისაჲ ნებსითითა მით წესითა და სიმდაბლითა და ურიდებითა ჴორცთაჲთა, არა თუ პატივითა რაჲთმე განსაძღებელად ჴორცთა (2,21-23).
თარგმანი: ვითარ-იგი დღეთა ზმნაჲ წარმართული, ეგრეთვე საჭმელთა გმობაჲ ჰურიაობრივი არს საცთური, რამეთუ იგინი იტყოდეს, ვითარმედ: "ნუ მიეახლები, ნუცა გემოსა იხილავ", რომელ-იგი არს ყოველივე განსარყუნელად ჴუმევითა მით. ესე იგი არს, ვითარმედ ნივთად ხრწნილებისა ნაწლევთაჲსა მოცემულ არიანო საჭმელნი, რაჲთა ჭამითა მით მოგუეტყუას ხრწნილებაჲ განსლვისაჲ. ხოლო მოციქული განაქიქებს სიტყუასა მათსა, ვითარცა კაცობრივსა და არა საღმრთოსა, რომელსა რეცა ღონედ დარწმუნებისა მოუპოებიეს ჴელოვნებით შეწყობაჲ სიტყუათაჲ, რომელსა შინა რეცა წესსა სიმდაბლისასა იჩემებენ, ვითარმედ: ჴორცთა დამდაბლებისათჳს კეთილ არს განყენებაჲ ჭამადთაჲ. ხოლო გონებაჲ მათი ესე არს, რაჲთა ვითარცა სავნებელად მოცემულნი შეჰრაცხნენ ღმრთისა მიერ საჴმრად ჩუენდა მოცემულნი ჭამადნი, რომელთა-იგი ჩუენ ვჰყოფთ სავნებელ, რაჟამს უზომოდ ვიჴუმევდეთ მათ. ამისთჳს არა ვითარცა შეგინებულთაგან გჳჴმს განყენებაჲ, რაჲსაცა საჭმლად ბრმანებულთაგანისაჲ რაჲსმე, არამედ წესითა კრძალულებისაჲთა კმა-ყოფაჲ ზომიერისაჲ და განყენებაჲ ნამეტნავისაჲ, ვითარცა კეთილად დაბადებულისაჲ. და მაშინ კეთილად ჴუმეულისაჲ, რაჟამს არა გარეგან ზომისა და წესისა მივიღებდეთ მას.
მოციქულისაჲ: უკუეთუ ქრისტეს თანა აღსდეგით, ზეცისასა ეძიებდით, სადაცა-იგი ქრისტე არს მარჯუენით ღმრთისა მჯდომარე (3,1).
თარგმანი: ვინაჲთგან ზემო თქუა, ვითარმედ: "მოჰკუედით ქრისტეს თანა", აწ შეუდგენს, ვითარმედ: "აღსდეგით ქრისტეს თანა", რამეთუ მის თანა მომკუდართაჲ უეჭუელ არს მის თანა აღდგომაჲ. ხოლო იხილე, ვითარ არა კმა-იყოფს ჩუენთჳს აღდგომასა ქრისტეს თანა, მის თანა სიკუდილითა ნათლისღებისა მიერ, არამედ რაჲთა შემდგომად ნათლისღებისა ვისწრაფოთ მოგებად კეთილთა საქმეთა, რომელ არს არარას ძიებაჲ სოფლიოსა და წარმავალსა, არამედ ზეცისასა და წარუვალსა, და რაჲთა არა დავსცხრეთ სრბისაგან მოღუაწებისა, ვიდრემდის, ქრისტეს თანა აღდგომილნი ნათლისღებითა, მის თანავე დავსხდეთ მარჯუენით ღმრთისა, რამეთუ სადაცა თავი იყოს, უეჭუელად მუნვე საძიებელ არს შეკრებაჲ ყოველთა ასოთა გუამისათაჲ. ხოლო ესე მაშინ მოგუემადლების, რაჟამს ამიერ ქუეყანასა ზედა მყოფნი ესოდენ ზეშთა ვექმნენით ზრუნვათა სოფლისათა, ვითარცა ზეცას მყოფნი შორიელად დახედვენ ქუეყანისათა.
მოციქულისაჲ: ზეცისასა ზრახევდით და ნუ ქუეყანისასა, რამეთუ მოჰკუედით და ცხორებაჲ თქუენი დაფარულ არს ქრისტეთურთ ღმრთისა თანა (3,2-3).
თარგმანი: ესე არს ჭეშმარიტი გულისჴმის-ყოფაჲ, რაჲთა არარას ამის სოფლისასა ეძიებდეს კაცი, ვითარცა მეცნიერი, ვითარმედ არა აქაჲ არს, არცა ხილულისაჲ ამის, არამედ უხილავისა მის და ქრისტეს თანა დაფარულისა ცხორებისაჲ, რომელ-იგი არს ჭეშმარიტი ცხორებაჲ ჭეშმარიტთა ქრისტიანეთაჲ. ხოლო საწუთროჲ ესე ცხორებაჲ ხატი არს სიკუდილისაჲ. და თჳთ ესე არს საზღვარ ჭეშმარიტისა ფილოსოფოსობისა, რაჲთა საწურთელად სიკუდილისა შეჰრაცხოს კაცმან ყოველივე ესე ჟამი წუთჟამისა ამის ცხორებისაჲ, რომლისათჳს მოციქული იტყჳს, ვითარმედ: ვინაჲთგან ცხორებაჲ ჩუენი დაფარულ არს ქრისტეთურთ ღმრთისა თანა (ესე იგი არს — ძითურთ მამისა თანა, რამეთუ უმეტესისა გულსავსებისათჳს ადგილსაცა გუაუწყებს დაფარულისასა, ვითარმედ: ქრისტეს თანა არს ცხორებაჲ ჩუენი, ხოლო ქრისტე — ღმრთისა თანა), ამისთჳს, ვიდრემდის იგი გამოცხადდებოდის, ნუ ეძიებ აქა შუებასა და განსუენებასა, არამედ სამარადისოდ შურებოდე სასოებითა საუკუნოჲსა მის სასყიდლის კუალად-გებისაჲთა.