მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი თ̂. მცნებაჲ განწმედისათჳს და სიწმიდისა, კაცთმოყუარებისა, ღმრთისმოყუარებისა, სწავლისმოყუარებისა, ფსალმუნებისა და ღმრთისა სათნოდ ქცევისათჳს სადიდებელად მისსა

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

მოციქულისაჲ: რაჟამს ქრისტე გამოცხადნეს, ცხორებაჲ იგი ჩუენი, მაშინ თქუენცა მის თანა გამოსცხადნეთ დიდებითა (3,4).

თარგმანი: მერმესა მას დიდებით მოსლვასა მისსა იქმნების ყოველთა შორის გამოცხადებაჲ მისი, რაჟამს-იგი მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მისთაებრ, რამეთუ აწ დაფარულ არიან საქმენი კაცად-კაცადისანი, ხოლო მაშინ გამოცხადნენ. ვინაჲცა, რომელთა სირცხჳლისა საქმენი ექმნნენ, მათ ჰრცხუენოდის, ხოლო რომელთა ისმინონ მოციქულისაჲ და აქავე ზეცისასა ეძიებდენ, შეურაცხ-ყოფითა ყოვლისა ჴორცთა შუებისაჲთა და შრომის მოყუარებით მოგებითა სათნოებისაჲთა, ესევითარნი იგი იდიდნენ ქრისტეს თანა.

მოციქულისაჲ: მოაკუდინენით უკუე ასონი თქუენნი ქუეყანასა ზედა: სიძვაჲ, არაწმიდებაჲ, ვნებაჲ, გულისთქუმაჲ ბოროტი და ანგაჰრებაჲ, რომელ არს კერპთმსახურებაჲ, რომელთათჳს მოიწევის რისხვაჲ ღმრთისაჲ ნაშობთა მათ ზედა ურჩებისათა (3,5-6).

თარგმანი: პირველი იგი მოკუდომაჲ ნათლისღებისა მიერ მოგუემადლების ქრისტესგან, მოტევებითა პირველ ქმნულთა ცოდვათაჲთა, ხოლო შემდგომად ნათლისღებისა ჩუენ ვართ უფალ მეორისა ამის მოკუდინებისა, რაჲთა მოვაკუდინნეთ ჴორცნი ჩუენნი უქმ-ყოფითა ცოდვისა მიმართ. გარნა ესე ცხად არს, ვითარმედ, ვითარ-იგი სხუასა ადგილსა, ცოდვასა ჴორც ცოდვისა, ეგრეთვე აქა ვნებათა მწყობრსა ასო ქუეყანისა უწოდს მოციქული, რამეთუ ცოდვაჲ ჴორცთა მიერ ქუეყანასა ზედა იქმნების, და ესენი არიან ასო ცოდვისა: პირველად სიძვაჲ, რომელი-იგი თანა-შემწეობითა ჴორცთა აღძრვისაჲთა მიიღებს უპირატესობასა უმძლავრესობისათჳს და უბილწესობისა. ხოლო მეორე — არაწმიდებაჲ, რომელი-ესე ზოგადი სახელი არს ყოველთაჲ, რომელნი განჴუებულ გუყოფდენ ჩუენ სიწმიდისაგან. ამათ შეუდგს ვნებაჲ, რომელ არს მიმყოვრებული წურთაჲ ბოროტისა გულისსიტყჳსაჲ. და დასასრულსა უთქუამს გულისთქუმაჲ ბოროტი — ძირი იგი და აღმომაცენებელი ყოველთა ბოროტთაჲ და თჳთ ანგაჰრებისაჲცა, რომელსა სახელ-სდებს კერპთმსახურებად. ესრეთ ზოგად ამათ ყოველთათჳს მოიწევის რისხვაჲ ღმრთისაჲ მათ ზედა, რომელნი-იგი საქმით მორჩილებისა მიერ მოგებულისა წილ შვილებისა ღმრთისა — იწოდებიან შვილ ურჩებისა, ვითარცა გარდამავალნი მცნებათა მისთანი.

მოციქულისაჲ: რომელთა-იგი შინა თქუენცა სადმე იქცეოდეთ, ოდეს-იგი სცხოვნდებოდეთ მათ შინა. ხოლო აწ განიშორეთ თქუენცა ყოველივე რისხვაჲ, გულისწყრომაჲ, უკეთურებაჲ, გმობაჲ; უშუერი სიტყუაჲ პირისაგან თქუენისა; ნუ უტყუვით ერთი-ერთსა (3,7-9).

თარგმანი: მხოლოდ ქებისათჳს ოდენ ეტყჳს, ვითარცა გარდასრულისათჳს, ოდესმე მათ შინა ცხორებასა; რამეთუ ესე ამიერ ცხად არს, ვითარმედ: არათუმცა ჯერეთ მათვე შინა ყოფილ იყვნეს, არამცა საჴმარ ქმნილ იყო თქუმად, ვითარმედ: "განიშორეთ", რამეთუ მის თანა მყოფსა ოდენ და არა განშორებულსაცა რასმე უჴმდის ვისმე განშორებაჲ აწ უკუე, ამათ ვნებათა განშორებასა შინა საძიებელ არს, თუ რაჲ არს უშუერებაჲ სიტყჳსაჲ; გინათუ ესრეთ ეტყჳს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ვითარმედ: ბილწმეტყუელებაჲ პირისაგან თქუენისა; რამეთუ უძნავს შებილწებაჲ ენისა, დიდებისმეტყუელებისათჳს ღმრთისა დამბადებელისა, აღმოთქუმითა ბილწთა არაწმიდებისა სიტყუათაჲთა.

მოციქულისაჲ: განიძუარცეთ ძუელი იგი კაცი საქმით მისითურთ და შეიმოსეთ ახალი იგი განახლებული მეცნიერებად, მსგავსად ხატისა მის დამბადებელისა მისისა (3,9-10).

თარგმანი: ძუელ კაც ჩუეულ არიან წერილნი წოდებად დაძუელებულსა მას და დაყროლებულსა და მოუძლურებულსა ცოდვათა შინა, რომელი არა აღმოშობილ იყოს განახლებითა მით ქრისტეს მიერისა ნათლისღებისაჲთა, არამედ განუძღომელ იყოს მოქმედებისაგან ცოდვათაჲსა, მოუქცეველ ყოფითა მათ შინა. ხოლო რომელი სათნოებით მოქალაქობდეს, ესევითარი იგი დღითი-დღე განჭაბუკნების, რაჟამს განაახლებდეს ხატებასა კეთილად დაცვითა მისითა, რაჲთა შეუმწინკულებელ იყოს მისგან მის შორის დანერგული იგი მადლი ნათლისღებისაჲ, რომელ არს მსგავსებაჲ დამბადებელისა თჳსისაჲ.

მოციქულისაჲ: სადა-იგი არა არს წარმართ და ჰურია, წინადაცუეთილება და წინადაუცუეთილება, ბარბაროზ, სკჳთელ, მონება, აზნაურება, არამედ ყოვლად ყოველსა შინა ქრისტე (3,11).

თარგმანი: არა არს თუალთ-ღება წინაშე ღმრთისა. ამისთჳს ყოველთა თესლთაგან, სარწმუნოებად მოსრულსა, სწორებით შეიწყნარებს ქრისტე და სწორებით იწოდების მათ ყოველთა თავ და მაცხოვარ და ღმერთ და უფალ და მღდელთმთავარ და მსხუერპლ. და არს იგი ყოველსავე შინა მოქმედ ცხორებისა ჩუენ ყოველთაჲსა, რომელთა ოდენ ნებსით არა განვაშორნეთ მას თავნი თჳსნი.

მოციქულისაჲ: შეიმოსეთ უკუე, ვითარცა რჩეულთა ღმრთისათა, წმიდათა და საყუარელთა, მოწყალებაჲ, შეწყნარებაჲ, სიტკბოებაჲ, სიმდაბლე, სიმშჳდე, სულგრძელებაჲ (3,12).

თარგმანი: ვითარცა უშუერ არს კაცი განშიშულებული სამოსლისაგან, ეგრეთვე - განშიშულებული სათნოებისაგან. ამისთჳს აწ მოჴსენებულითა ამით თითოფერებითა საქუსალთაჲთა მოქსოილ ყო მოციქულმან სამოსელი სულთა ჩუენთაჲ, და გუამცნებს, რაჲთა ესრეთ განუშორებელად ვიპყრნეთ ესენი, ვითარცა სამოსელი — გუამისაგან.

მოციქულისაჲ: თავს-იდებდით ურთიერთას და მიჰმადლებდით თავთა თჳსთა (3,13).

თარგმანი: იხილე და გულისჴმა-ყავ სიტყუაჲ ესე მოციქულისაჲ, თანა-შეტყუებითა სიტყუასა მას უფლისასა, ვითარმედ: "რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მითვე მოგეწყოს თქუენ" (); რამეთუ რასაცა ზედა თავს-ვიდვათ მოყუასი, და რაჲცა რაჲ მიუტეოთ მას, ყოველივე ესე თავთა ჩუენთათჳს დაგჳუნჯებიეს, რაჲთა ნაცვალად მოვიღოთ თავს-დებაჲ და მოტევებაჲ ღმრთისა მიერ და კაცთაცა.

მოციქულისაჲ: უკუეთუ ვისმე აქუნდეს ვისთჳსმე ბრალი, ვითარცა-იგი ქრისტემან მიგმადლა თქუენ, ეგრეცა თქუენ მიჰმადლეთ მათ (3,13).

თარგმანი: ვინაჲთგან ქრისტე შემოგუართუა სახედ, ყოველივე მიზეზი ძჳრისჴსენებისაჲ მოგჳსპო, რამეთუ მან მაგინებელთაცა და მცემელთა, მნერწყუველთა და მბასრობელთა, ჯუარის-მცუმელთა და განმგურემელთა შეუნდო და სწორებით ყოველთათჳს დადვა სული თჳსი.

მოციქულისაჲ: და ამას ყოველსა ზედა სიყუარული, რომელ-იგი არს სიმტკიცე სრულებისაჲ (3,14).

თარგმანი: ვინაჲთგან მიუტევის კაცმან მოყუასსა ბრალი, ხოლო შეიყუაროს არა, ამისთჳს სიყუარულითა განამტკიცებს ძჳრუჴსენებელობასა, რამეთუ თჳნიერ სიყუარულისა ვერ მტკიცე არს მიტევებაჲ იგი, რამეთუ სიძულილი კუალად-აგებს ძჳრისჴსენებასა, ხოლო სიყუარული სრულ-ჰყოფს ძჳრუჴსენებელობასა და შემოიღებს ყოველთა კეთილთა უხუებასა.

მოციქულისაჲ: და მშჳდობაჲ იგი ღმრთისაჲ განმტკიცენინ გულთა შინა თქუენთა, რომლისა-მიმართცა-იგი ჩინებულ ხართ ერთითა ჴორცითა, და მადლის მიმცემელ იყვენით (3,15).

თარგმანი: ვინაჲთგან ეთქუა სიყუარულისათჳს, რეცა ნამეტავ ვისგანმე საგონებელ არს მშვდობისათჳს, არამედ იყვის ოდესმე, რომელ მოყუარეთაცა შორის იყვის ურთიერთას ყუედრებაჲ რაჲსმე გარდასრულისაჲ, რეცა თუ სიყუარულით, და ამით კუალად დაიჴსნის სიყუარული. ამისთჳს მშჳდობასა ულოცავს, და ვინაჲთგან არა ყოველი მშჳდობაჲ საღმრთო არს, ამისთჳს მშჳდობასა ღმრთისასა ითხოვს მათდა განმამტკიცებელად. ხოლო ვინაჲთგან დაღაცათუ პირითა არა იტყოდის, მრავალგზის გულსა შინა ზრახავნ კაცი საშფოთოსა რასმე, ამისთჳს მიერ ძირითურთ აღმოჰფხურის შფოთსა დანერგვითა მას შინა მშჳდობისა ღმრთისაჲთა.

ამის ყოვლისა შემდგომად იტყჳს თანამდებობასა მშვდობისასა, ვითარმედ: მის მიერ ჩინებულ ხართ, რამეთუ დაჴსნითა მტერობისაჲთა ყო ღმერთმან ერთჴორც და ერთგუამ ყოფაჲ ჩუენი მშჳდობისა მიერ. ამისთჳს გჳჴმს სამადლობელად მის მიერისა მშჳდობისა მარადის მშჳდობის-ყოფაჲ ურთიერთას.

მოციქულისაჲ: და სიტყუაჲ იგი ქრისტესი დამკჳდრებულ იყავნ თქუენ თანა მდიდრად ყოვლითა სიბრძნითა (3,16).

თარგმანი: სიტყუად ქრისტესა უწოდს წურთასა წმიდათა წერილთასა, რომელთა ჩუენ თანა ქონებასა არა ჟამერთ, არამედ სამარადისოდ გუამცნებს, რაჲთა ყოვლითურთ დაამკჳდრნეს იგი ჩუენ შორის, არა კნინად რაჲმე, არამედ უხუებით; არცა უგუნურად შეკადრებით, არამედ სიბრძნით და გონიერებით, რაჲთა გულისჴმის-ყოფით კითხვაჲ მათი განმიღებდეს ჩუენ კარსა, ზედამიწევნით მეცნიერ ყოფად მცნებათა და მოძღურებათა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესთა. ხოლო ამას რაჲ პავლე სოფლიოთა კაცთა მიუწერდეს, და რომელთა შვილ და ცოლ ესხნეს, მათგან სამარადისოდ და მკჳდრად მათ შორის ქონებასა ქრისტეს სიტყჳსასა ეძიებდეს, იხილონ ესე უქორწინებელთა და სოფლით განშორებულთა, და ნუმცა რაჲთ სხჳთა განჰკუეთენ მათ შორის წურთასა საღმრთოთა სიტყუათასა.

მოციქულისაჲ: ასწავებდით და ჰმოძღურიდით თავთა თქუენთა ფსალმუნითა და გალობითა და შესხმითა სულიერითა მადლითურთ. უგალობდით გულთა შინა თქუენთა უფალსა (3,16).

თარგმანი: რომელმან პირველად წმიდათა წერილთა წურთითა განინათლოს გული და შემოიკრიბოს გონებაჲ გულისჴმის-ყოფად თითოეულსა ძალსა საღმრთოთა სიტყუათასა, მისდა ადვილ არს, რაჲთა სიტყვთა ფსალმუნთაჲთა ჰმოძღურიდეს თავსა თჳსსა მოქმედებად მისსა, რაოდენსა გუასწავებენ ფსალმუნნი, და ესრეთ საქმისაგან აღვიდეს ხედვად; უმდაბლესთაგან, რომელ არიან კითხვაჲ და ფსალმუნებაჲ, —უმაღლესთა მიმართ, რომელ არიან, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ქებაჲ და გალობაჲ სულიერი მადლითურთ; რამეთუ ფსალმუნთა ყოველივე აქუს სწავლაჲ და მოძღურებაჲ; არა ხოლო საღმრთოთა, არამედ კაცობრივთაცა საქმეთაჲ. ხოლო ქებასა და გალობასა შინა სულიერსა არღარაჲ არს კაცობრივი, არამედ —ყოველივე საღმრთოჲ; რამეთუ ზეცისა ძალნი არღარა ფსალმუნებენ, არამედ აქებენ და უგალობენ. ხოლო ცოდვილი ვერ აქებს, რამეთუ, სიტყჳსაებრ წერილისა, არა შუენიერ არს ქებაჲ პირსა შინა ცოდვილისასა. და გალობაჲ არა გემოვნებისა შემოსაღებელად საეშმაკოჲსა, არამედ სიტკბოებისა სულიერისა მოსაგებელად საჴმარ არს, რაჲთა ხედვითა სულიერითა შემოჰკრებდეს სიტყუასა, ჴმითა განვრცელებულსა, განცდად ძალსა საიდუმლოთა საღმრთოთასა, რამეთუ თჳნიერ ამისსა არა იწოდების გალობაჲ სულიერად გალობად, არამედ ესე არს სულიერი გალობაჲ, რაჲთა პირსა და ჴმასა თანა შეწყობილ იყოს გული და გონებაჲცა, ხოლო რომელსა თანა არა შეეწყვნენ გული და გონებაჲ, ესევითარი იგი — არა გალობა არს, არამედ ჴმა, ჰაერად განბნეულ. ამისთჳს ჯერ-არს რაჲთა დაფარულითა თანამოქმედებითა გულისაჲთა უგალობდეთ ღმერთსა, და არა საჩუენებელად კაცთა განვივრცობდეთ ჴმათა. ხოლო ესე ვერ-ვინაჲ იქმნების სათნოდ, უკუეთუ არა ყოელსავე შინა შემწე-იყოფდეს კაცი მადლსა სულისა ყოვლადწმიდისასა. ამისთჳს ზედა-დაჰრთავს მოციქული, ვითარმედ: "მადლითურთ".

მოციქულისაჲ.: და ყოველსავე, რასაცა იქმოდით, სიტყჳთ გინათუ საქმით, ყოველსავე სახელითა უფლისა იესუჲსითა; ჰმადლობდით ღმერთსა და მამასა მის მიერ (3,17).

თარგმანი: ყოველთავე ამათ ზემოწარმოთქუმულთა ბეჭედ ყო სახელი სამგუამოვნისა წმიდისა სამებისაჲ, ვითარმედ: მის მიერ არს ყოველი მოცემაჲ ნიჭთაჲ, რამეთუ "მადლითურთ" თქუა სულისა წმიდისათჳს, და "სახელი უფლისა იესუჲსი აჴსენა, რაჲთა მას მოუწოდდეთ შემწედ ყოვლისავე საქმისა ჩუენისა, და მის მიერ ვჰმადლობდეთ ღმერთსა და მამასა, რომელმან თანაარსისა თჳსისა მოვლინებაჲ ყო საჴსარ გამოსაჴსნელ ტყუეობისა ჩუენისა, ვითარცა ბუნებით სახიერმან და კაცთმოყუარემან.