მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი ი̂. სახლეულთა და თჳსთა ურთიერთას სიყუარულით ცხორებაჲ, და თითოსახე სწავლაჲ

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

მოციქულისაჲ: ცოლნი დაემორჩილენით თჳსთა ქმართა, ვითარცა-იგი სათნო არს უფლისა. ქმართა გიყუარდინ ცოლნი თჳსნი და ნუ განჰმწარდებით მათდა მიმართ (3,18-19).

თარგმანი: არა კაცთმოთნებით, არცა ორგულებით, არამედ შიშითა ღმრთისაჲთა ამცნებს მეუღლეთა მოქალაქობად ურთიერთას, რამეთუ მას ესრეთ სათნო უჩნს, რაჲთა ცოლსა ეშინოდის ქმრისაგან, ხოლო ქმარსა —რაჲთა უყუარდეს ცოლი და არა განმწარდებოდის მისა მიმართ. და დაღათუ მცირედ ოდესმე შეჰრისხნეს, არამედ იგიცა ნუ სიძულილით და მყოვარჟამ განმწარებით, გარნა წუთჟამ, განმართვისათჳს ცთომილებისა.

მოციქულისაჲ: შვილნი დაემორჩილენით მამა-დედათა თქუენთა ყოვლითავე, რამეთუ ესე არს სათნო უფლისა მიერ. მამანი ნუ განარისხებთ შვილთა თქუენთა, რაჲთა არა იურვოდინ (3,20-21).

თარგმანი: იხილე, ვითარ არა ხოლო ბუნებითად, არამედ საღმრთოჲთა ნებითაცა თანამდებ ჰყოფს შვილთა მორჩილებისა მშობელთაჲსა, რაჲთა არა ხოლო კაცობრივისა წესისათჳს, არამედ ღმრთისა მიერისაცა სასყიდლისათჳს ჰმორჩილობდენ მათ; ხოლო მამათა — არა განრისხებად შვილთა ესრეთ ეტყჳს, რაჲთა არა რაჟამს სწავლისათჳს ჰრისხვიდენ, უმეტეს ზომისა განრისხებითა მრისხანე და მბრძოლ ყვნენ იგინი; ხოლო ამათცა და მეუღლეთაცა ყოველსავე შინა მას ზედა ეტყჳს ურთიერთას მორჩილებად, რომელსა შინა არარაჲ იყოს სავნებელი სულისაჲ და წინააღმდგომი უფლისაჲ.

მოციქულისაჲ: მონანი ერჩდით ყოვლითავე ჴორციელთა უფალთა თქუენთა, ნუ ხოლო თუალთა წინაშე თუალ-ღებით, ვითარცა კაცთმოთნენი, არამედ მარტიობითა გულისაჲთა გეშინოდენ ღმრთისა, და ყოველსავე, რასაცა იქმოდით, გულითად იქმოდეთ, ვითარცა უფლისასა, და ნუ ვითარცა კაცთასა (3,22-23).

თარგმანი: მონება რაჲ ჰრქუა, ნუგეშინის-ცემაჲ დაჰრთო ჴორციელთა უფალთა სახელის-დებითა; ესე იგი არს, ვითარმედ: უფალნი ეგე თქუენნი ჴორცთა ხოლო თქუენთა არიან უფალ; ვინაჲცა თქუენ შეუცვალებელად გაქუს ქრისტეს მიერი აზნაურებაჲ სულთა თქუენთაჲ, მხოლოდ ოდენ საქმესა მას ჴორციელისა მონებისასა ნუ კაცთა საჩუენებელად მაშინ ოდენ იქმთ, რაჟამს უფალნი თქუენნი ზედა-გხედვიდენ, არამედ ყოვლისავე მხედველთა თუალთა ღმრთისათა განეკრძალენით, რაჲთა არა მიგჴადოს პატიჟი ორგულებისაჲ. ესრეთ იოტებს მათგან არა ხოლო ორგულებასა, არამედ უქმებასაცა, რაჟამს უფლისა ყოველთაჲსა მსახურებად უწოდა საქმესა მათსა.

მოციქულისაჲ: უწყოდეთ, რამეთუ უფლისა მიერ მოიღოთ მოსაგებელი მკჳდრობისა მის თქუენისაჲ, რამეთუ უფალსა ქრისტესა ჰმონებთ. ხოლო რომელი-იგი მავნებელ იყოს, მოეგოს, რაჲცა-იგი ავნო, და არა არს თუალ-ხუმაჲ (3,24-25).

თარგმანი: ვითარცა ჩჩჳლთა, ეტყჳს მათ და წინა-დაუდებს სასყიდელსა მორჩილებისასა და პატიჟსა ურჩებისასა, და ორსავე ამას — ორსახედ; რამეთუ არა ხოლო საუკუნოსა მას მკჳდრობასა, არამედ საწუთროსაცა ამას მწირობასა მრავალგზის მიეცის კაცსა თუალუხუავი მისაგებელი საქმეთაებრი. ხოლო თუალუხუაობასა ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ შენ მონამან გლახაკმან ორგულებით რაჲმე ანუ მდიდარსა მას უფალსა შენსა არა თუალ-გახუნეს სიგლახაკისათჳს, არცა შეგიწყალოს, არამედ ჯეროვანი პატიჟი მიგჴადოს, და კუალად, უკუეთუ ქრისტიანემან მონამან შეურაცხ-ყოს უფალი თჳსი წარმართობისათჳს, არცა მას თუალ-ახუამს ღმერთი ქრისტიანობისათჳს, არამედ თუალუხუავად მიჰჴდის პატიჟსა წარმართისა მის უფლისა თჳსისა შეურაცხ-ყოფისასა.

მოციქულისაჲ: უფალნი ეგე სამართალსა და სწორსა მისცემდით მონათა მათ; უწყოდეთ, რამეთუ თქუენცა უფალი გივის ცათა შინა (4,1).

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: რაჲ-იგი მონათა ვარქუ, თქუენცა მასვე გეტყჳ: უკუეთუ არა შესწორებულად საქმისა მიაგებდეთ სასყიდელსა და ჰმძლავრობდეთ მონებისათჳს, არა უხუებით მიცემითა საზრდელისა და სამოსლისაჲთა, გინათუ კუალად თქუენ თუალ-ახუმიდეთ ძლიერსა, და უუძლურესსა მონასა დააკლებდეთ საჴმარსა თჳსსა, გინათუ ქრისტიანენი უფალნი წარმართობისათჳს უწყალო ექმნებოდით მონათა, და არა ყოველთა მიმართ უხუ იყოს საზრდელი და სამოსელი თქუენი, ამის ყოვლისათჳს თუალუხუავად პატიჟი მიგეჴადოს უფლისაგან თქუენისა, რომელ არს ცათა შინა, სიმაღლესა ყოველთა ზედამხედველობისა და განმგებელობისასა.

მოციქულისაჲ: ლოცვასა განეკრძალენით და იღჳძებდით მას შინა მადლობით (4,2).

თარგმანი: ვინაჲთგან უწყის ეშმაკმან, ვითარმედ ფრიადი სარგებელი შეგუეძინების ლოცვისა მიერ, ამისთჳს უფროჲს ყოვლისა საქმისა დაჴსნილ და მცონარე გუყოფს მისსა მიმართ. ამისთჳს მოციქული განგუაკრძალებს, რაჲთა არა მოწყინე ვიყვნეთ მიმყოვრებით განგრძობასა შინა ლოცვათასა, არცა გურულოდის, არამედ ფრთხილ ვიყვნეთ, ვითარცა შუენის მომლოდეთა უფლისათა მონათა ერთგულთა, განუბნეველითა და მიმოუტაცებელითა გონებითა. ხოლო ვინაჲთგან არა ყოველთა უწყიან ჯეროვნისა თხოვაჲ, ამისთჳს მასცა გუასწავებს, ვითარმედ ყოველთა ლოცვათა თქუენთა წინა-უძღოდენ მადლობაჲ; რამეთუ უკუეთუ ჰმადლობდე მას გარდასრულთა ჟამთა ქველისმოქმედებისათჳს, მან უწყის, თუ რაჲ მოგცეს წინამდებარეთა ჟამთათჳს.

მოციქულისაჲ: ილოცევდით მის თანა და ჩუენთჳსცა, რაჲთა ღმერთმან განმიღოს ჩუენ კარი სიტყჳსაჲ, სიტყუად საიდუმლოთა მათ ქრისტესთა, რომლისათჳსცა პყრობილ ვარ, რაჲთა განვაცხადო იგი, ვითარ-იგი ჯერ-არს ჩემდა სიტყუად (4,3-4).

თარგმანი: იხილე სიმდაბლე ნეტარისა მის სულისაჲ, ვითარ მოქენე არს ლოცვასა მოწაფეთა თჳსთასა, და ეტყჳს, ვითარმედ: ილოცევდით, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, თანად ჩუენთჳსცა. ესე იგი არს, ვითარმედ: რაჟამს ილოცოთ თქუენთჳს, თანად ილოცეთ ჩემთჳსცა, რაჲთა განმეღოს კარად სახელდებული იგი შესავალი და გზაჲ ქადაგებისა ამის წარმართებისაჲ. ეჰა, მჴნესა მას და ახოვანსა გონებითა, ვითარ პყრობილებათა და კრულებათა შინა, არა განტევებასა, არამედ კუალადცა შემატებასა ქადაგებისასა, და მის ძლით —აღმატებასა თჳსთა ტანჯვათასა ითხოვდა ლოცვით.

მოციქულისაჲ: სიბრძნით იქცეოდეთ გარეშეთა მათ მიმართ, ჟამთა გამოიფრდიდით (4,5).

თარგმანი: ესე არს სიბრძნით ქცევაჲ გარეშეთა მიმართ, რაჲთა ვეკრძალებოდით მათ, რომელნი უცხო და გარეგან არიან სარწმუნოებისაგან ჩუენისა, რამეთუ არა ეგოდენ გუაბრალებენ მცირეთა რათმე ცთომათა გამოძიებითა და განკითხვითა, ძმანი ჩუენნი და ზიარნი სარწმუნოებისა ჩუენისანი, ვითარ უცხონი შჯულისა და წესისა ჩუენისაგან, რომელნი-იგი კნინოდენსა მიზეზსა ეძიებენ მცირისა ცთომისასა, რაჲთა მის ძლით მგმობარ ექმნნენ სარწმუნოებასა ჩუენსა. ხოლო ჟამთა გამოფრდაჲ ესე არს, რაჲთა გულისჴმა-ყოს კაცმან წარმავალობაჲ ამის საწუთროჲსაჲ, ვითარმედ არა ჩუენი არს, არამედ მდინარე და წარმავალი ჩუენგან; და მოიყიდოს მისგანი რაჲმე, მას შინა მოქმედებითა წარუვალთა და საუკუნოდ მის თანა დაშთომადთა საქმეთაგანისათა, რაჲთა ჴორციელითა მოიგნეს სულიერნი, და წარმავალითა და საწუთროჲთა — საუკუნენი და სამარადისონი.

მოციქულისაჲ: სიტყუაჲ თქუენი მარადის მადლითა, ვითარცა მარილითა, შეზავებულ იყავნ, რაჲთა უწყოდით, ვითარ-იგი შეჰგავს თქუენდა თითოეულისა სიტყჳსა მიგებად (4,6).

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: სიტყუაჲ თქუენი ყოვლადვე მადლთა მარილითა შეზავებულ იყავნ, მეცნიერებად, ვითარ ჯერ-არს თქუენდა მიგებაჲ თითოეულისაჲ. ესე იგი არს, რაჲთა მარადის ესევითარსა ვიჴუმევდეთ მეტყუელებასა, ვითარიცა მსმენელთა სარგებელ ეყოფვოდის, და რაჟამს შერისხვაჲ საჴმარ იყოს განმართებად რაჲსმე ცთომილებისა, კრძალულებაჲმცა გუაქუს, რაჲთა უზომოებითა არა ჴუებულ ვიქმნნეთ მადლისაგან, რამეთუ ყოველი საშუვალისაგან მიდრეკილი — მადლისაგან განვარდების. და კუალად, რაჟამს ქებაჲ ვიეთთჳსმე გუეჴმარებოდის, იგიცა ზომიერ და წესიერ იყავნ, რაჲთა არცა მხილებისა მეტნობითა განვაფიცხებდეთ, არცა ქებისა უზომოებითა განვალაღებდეთ, და კუალად, მეცნიერ ვიყვნეთ თითოეულისა მიმართ თჳსსა შემსგავსებულსა ზრახვად და მიგებად პასუხსა კითხვისასა, რამეთუ არა, რაჲ-იგი ერქუმის ძმასა, იგივე ერქუმის უცხოსა სარწმუნოებისაგან, არცა რაჲ-იგი შეეტყუების სწავლულსა, იგივე — უსწავლელსა. ამისთჳს, ესე არს მადლთა მარილი, რაჲთა ვითარ-იგი საჭმელი არა იჭამის თჳნიერ მარილისა, ეგრეთვე სიტყუაჲ, პირით ჩუენით გამომავალი, ნუმცა რაჲთ უნაწილო გუყოფს საღმრთოჲსაგან მადლისა, არამედ ყოველსავე შინა ვეძიებდეთ სარგებელსა; ნუმცა სიტყუა-დაუპყრობელ ვართ, რაჲთამცა დაუმჭირველობითა ენისაჲთა დაუფენდით მარგალიტსა წინაშე ღორთა, (1) ნუცა კუალად ესოდენ მოშურნე ვართ, რაჲთამცა დაუფარეთ რაჲმე მათ, რომელნი იკითხვიდენ სარგებელად.

მოციქულისაჲ: ჩემთჳს ყოველივე გაუწყოს თქუენ ტჳქიკოს, საყუარელმან ძმამან და სარწმუნომან მსახურმან და ჩუენ თანა მონამან უფლისა მიერ, რომელი მივავლინე თქუენდა მებრვე ამისთჳს, რაჲთა ცნას თქუენთჳს, და ნუგეშინის-სცეს გულთა თქუენთა, ონესიმეს თანა სარწმუნოჲსა და საყუარელისა ძმისა, რომელ-იგი არს თქუენგანი; ყოველივე აქაჲ გაუწყოს თქუენ (4,7-9).

თარგმანი: იყო მრავალი რაჲ, რომელსა არა ჯერ-იყო დაწერაჲ ებისტოლესა ამას შინა, სიმრავლესა ზედა ერისასა წარსაკითხავსა; ამისთჳს თჳსაგან ვიეთსამე საიდუმლოდ სათხრობელსა ტჳქიკოჲს მიერ ეტყჳს. მხოლოდ ამას ოდენ აუწყებს, ვითარმედ სარწმუნო არს, ვითარცა მეტყუელი ჭეშმარიტებისაჲ. ამისთჳსცა საყუარელად ძმად და სარწმუნოდ მონად უწოდს უფლისა, რამეთუ პავლეს თანაზიარ ქმნილ იყო ჭირთა პყრობილობისა მისისათა, გარნა ყოველსავე ზედა დიდი სიყუარული არს, მხოლოდ ამისთჳს ოდენ მივლინებაჲ კაცისა ესევითარისაჲ, რაჲთა ცნას ჰამბავი მათი და ნუგეშინის-სცეს გულთა მათთა მითხრობითა ამისითა, ვითარმედ კრულებათა შინა არს მოძღუარი, რაჲთა მათცა სმენითა პავლეს ღუაწლთაჲთა მოიგონ მოთმინებაჲ ჭირთა მათ შინა, რომელ იყვნეს. ხოლო შენ იხილე ონესიმესიცა, ვითარ მონასა ფილიმონისსა ძმად თჳსად უწოდს მოციქული, რაჲთა ვითარცა საყუარელსა მისსა პატივ-სცემდენ, და ვითარცა მათგანსავე არა ეშურებოდინ, არამედ შეიმკვებოდინ პატიოსნებითა მისითა, და ვითარცა სარწმუნოჲსაგან ჭეშმარიტებით თქუმულად მიითუალონ ყოველი, რაოდენი რაჲ მიუთხრას მათ მისთჳს.

მოციქულისაჲ: გიკითხავს თქუენ არისტარხოს, თანატყუე ჩემი (4,10).

თარგმანი: ამიერ ცხად არს, ვითარმედ, ვითარცა ტყუენი მიმოიყვანებოდეს პყრობილობასა მას შინა, მოციქული თანა მოწფებითურთ მისით.

მოციქულისაჲ: და მარკოზ, მამის ძმისწული ბარნაბაჲსი, რომლისათჳს მიიღეთ მცნებაჲ (უკუეთუ მოვიდეს თქუენდა, შეიწყნარეთ იგი), და ისუ, რომელსა ერქუა იოსტოს, რომელნი-იგი იყვნეს წინადაცუეთილებისაგანნი; ესენი ხოლო შემწე არიან ჩემდა სასუფეველისათჳს ღმრთისა, რომელნი მექმნნეს მე ნუგეშინისმცემელ (4,10-11).

თარგმანი: ზემო კმა იყო არისტარხოჲს პატივად თანატყუეობაჲ, რამეთუ პავლეს თანა კრული წარყვანებულ იყო ჰრომით. ხოლო აწ მარკოზისთჳს ქებად კმა-იყოფს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ძმისწულობასა ბარნაბაჲსსა, ვითარცა დიდსა რასმე პატივსა მთავრობისასა, რამეთუ დიდ იყო სახელი ბარნაბაჲსი გუნდსა შორის მოწაფეთასა, რამეთუ მოციქულსა მიეცა კოლასელთადა მცნებად, რაჲთა არა შეიწყნარონ მარკოზ, მგზავრ დატევებისა მისთჳს მისისა და ბარნაბაჲსისა, რაჟამს სულმოკლემან ჭირთათჳს და დევნულებათა დაუტევა მსახურებაჲ მათი, რომლისათჳს არა ხოლო კოლასელთა, არამედ ყოველთა ეკლესიათადა ემცნო არა-შეწყნარებაჲ მისი. ხოლო ვინაჲთგან უკუანაჲსკნელ შეინანა და ჯეროვნად ჰმსახურა საღმრთოსა ქადაგებასა, ამისთჳს აწ ამცნებს პატივით პყრობად მისსა, ოდესცა მივიდეს მათდა, რამეთუ ჯერეთ ეგულებოდა ოდენ, არამედ არა წარსრულ იყო. ხოლო ესე დიდი ყუედრებაჲ იყო ჰურიათაჲ, რამეთუ მათისა მის ესოდენისა სიმრავლისაგან ორნი ხოლო ესე — მარკოზ და იოსტოს იყვნეს თანამოქმედ მოციქულისა, ქადაგებასა შინა სასუფეველისასა, და ნუგეშინისმცემელ ჭირთა მათ, მისდა შემთხუეულთა ქრისტესთჳს.

მოციქულისაჲ: გიკითხავს თქუენ ეპაფრა თქუენგანი, მონაჲ ქრისტესი, მარადის იღუწის თქუენთჳს ლოცვათა შინა მისთა, რაჲთა მტკიცედ სდგეთ, სრულნი და აღვსებულნი ყოვლითა ნებითა ღმრთისაჲთა, რამეთუ ვეწამები მას, ვითარმედ აქუს შური ფრიადი თქუენთჳს და ლავდიკელთა მათთჳს და იერაპოლელთა (4,12-13).

თარგმანი: ამას ეპაფრას მოიჴსენებს პირველ დაწყებასავე თანა ებისტოლისასა, რომელი კოლასელთაგანი იყო და მათ მიერ წარვლინებულ მოციქულისა და მთხრობელ ყოველსავე ჰამბავსა მათსა; ამისთჳს აწ მოიკითხავს მის მიერ, და უჩუენებს, ვითარმედ არა ლიტონად, არამედ ფრიადითა შრომითა იღუწის მათთჳს ლოცვათა შინა მისთა. ხოლო სიტყუანი ესე ლოცვისანი — თანად მხილებისანიცა არიან, ვითარმედ ჯერეთ უსრულ და დაუმტკიცებელ არიან საფუძველსა ზედა ქრისტეს სარწმუნოებისასა, რომელსა ზედა ოდენ დამტკიცებაჲ არს სრულებაჲ ნებისა ღმრთისაჲ, რომელ-ესე შეეტყუების თხოვად კაცსა, საღმრთოჲთა შურითა აღსავსესა, არა ხოლო ერთისა ქალაქისათჳს, არამედ ყოველთა მათ გარემოთა მახლობელთა ქალაქთა; ესე იგი არიან ლაოდიკიაჲ და იერაპოლი, რომელნი მეზობელ იყვნეს კოლასელთა.

მოციქულისაჲ: გიკითხავს თქუენ ლუკა, მკურნალი საყუარელი და დიმა (4,14).

თარგმანი: ესე არს ლუკა, აღმწერელი არა ხოლო სახარებისაჲ, არამედ — თანამოღუაწებით შემთხუეულთა მათცა მათდა ჭირთა ჰრომს წარყვანებისათა "საქმესა" შინა მოციქულთასა; ხოლო დიმა, — რომელმან უკუანაჲსკნელ დაუტევა პავლე და შეიყუარა სოფელი ესე, რამეთუ თესალონიკეს კერპთა მღდელ იქმნა.

მოციქულისაჲ: კითხვაჲ არქუთ ლავდიკელთა მათ ძმათა და ნჳმფას და სახლად-სახლად სახლისა მათისა კრებულთა (4,15).

თარგმანი: ესე იგივე ლავდიკელნი არიან, რომელთა მიმართ ქუემორე წარცემასა იტყჳს ებისტოლისასა, რომელთა შორის იყო ნჳმფა, რომელმან სახლი თჳსი შექმნა ეკლესიად, ფრიადითა მჴურვალებითა სარწმუნოებისაჲთა, ვითარ-იგი უსაკუთრესად იტყჳს: და ნჳმფას და სახლეულსა მისსა ეკლესიასა. ცხად არს, რამეთუ მამაკაცი იყო ახოვანი სულითა, რომელმან შესაკრებელ მორწმუნეთა ყო სახლი თჳსი.

მოციქულისაჲ: და რაჟამს აღმოიკითხოთ წიგნი ესე, ეგრეთ ყავთ, რაჲთა ლავდიკელთაცა ეკლესიასა აღმოიკითხოს, და ლავდიკიაჲთ კუალად, რაჲთა თქუენვე აღმოიკითხოთ (4,16).

თარგმანი: ესე ცხად ჰყოფს ურთიერთას მახლობელობასა კოლასელთა და ლავდიკიელთასა, რამეთუ ერთსა ამას ებისტოლესა მათცა და მათცა სწორად განუკუთნებს მოძღურად და მასწავლელად სარგებელისა.

მოციქულისაჲ: და არქუთ არქიპოსს: ეკრძალე მსახურებასა მას, რომელი მიიღე უფლისა მიერ, რაჲთა იგი აღასრულო. (4,17).

თარგმანი: უკუეთუ ნამდჳლვე დიდი რაჲმე ცთომაჲ იყო, მოქენე განმართვისაჲ, რად არა თჳთ არქიპოსისსა მისწერს, ვიდრეღა მოწაფეთა მისთა პირითა ამხილებს (რომელი-ესე უჯერო არს ოდესცა, რაჲთამცა მოწაფენი მოძღუარსა ამხილებდეს)? გარნა არა ესრეთ, არა; არამედ მცირე რაჲმე იყო, და იგიცა მოსაჴსენებელი ოდენ, რამეთუ ესე არქიპოს მოძღურად კოლასელთა განჩინებულ იყო მოციქულისა მიერ. ამისთჳს მათითავე პირითა განაკრძალებს მას მსახურებასა მას შინა საღმრთოჲსა ქადაგებისასა, რაჲთა, რაჟამს უჴმდეს რასმე ზედა მხილებაჲ და შერისხვაჲ მათი, არა განმწარდებოდინ მისა მიმართ, ვითარცა მეცნიერნი, ვითარმედ მოციქულისა მიერ ბრძანებულ არს იგი კრძალულებით სრულ-ყოფად ყოველსავე ნაკლულევანებასა მათსა.

მოციქულისაჲ: კითხვაჲ ჴელითა ჩემითა პავლესითა მოიჴსენენით კრულებანი ჩემნი. მადლი თქუენ თანა. ამენ (4,18).

თარგმანი: ესე არს საზღვარ სრულისა სიყუარულისა, რაჲთა წერილი რაჲ წმიდათა მათ ჴელთა მისთაჲ იხილვებოდის, სრულებითი იგი მოწყალე თანალმობაჲ მისი ყოველთა შორის იქადაგებოდის. ეჰა, რაოდენღა დიდ არს ნუგეშინისცემაჲ ესე: მოძღუარი კრულებათა შინა მყოფ არს, და ესოდენ შეუწუხებელითა გონებითა ივნებს ქრისტესთჳს, რომელ, ვითარცა სამეუფოთა სასუენებელთა შინა მყოფი, არღარა სიტყჳთ, არამედ ჴელით წერითცა მოიკითხავს მოწაფეთა და საჴსენებელ მათდა ჰყოფს კრულებათა თჳსთა, მათ თანა მყოფებითა მადლისა საღმრთოჲსაჲთა, რამეთუ არათუ საღმრთოჲსა მადლისა მეცნიერებაჲ ვინმე თანაშემწე-იყოს, ვერ შეუძლებს ჯეროვნად გულისჴმისყოფად ესრეთ, ვითარმედ: დაღაცათუ შეკრულ არს, არამედ ზეგარდამოჲ მადლი განჰჴსნის მას, რამეთუ მისითავე განგებულებითა ქმნილ არს შეკრვაჲ მისი. ამისთჳს მხიარულ არს ჭირთა და ტანჯვათა შინა, ვითარ-იგი გესმის ლუკაჲსგან, ვითარმედ: "მოიქცეს მოციქულნი პირისაგან შესაკრებელისა და უხაროდა, რამეთუ ღირს იქმნნეს სახელისათჳს მისისა ვნებად" (). ამითვე პირითა შეაერთა მოციქულმან მოჴსენებასა თანა კრულებათასა მოფენაჲ მადლისაჲ, რამეთუ არა ხოლო თავს-დებაჲ ქრისტესთჳს ჭირთაჲ, არამედ თჳთ ჴსენებაჲცა ოდენ სახელისა მისისათჳს თავს-დებულთა კრულებათაჲ ფრიადსა მადლსა მის მიერსა მოჰფენს სულთა ჩუენთა, ვიჴსენებდეთ რაჲ, ვითარ-ესე სახე მან თავადმან მომცა ჩუენ, რაჲთა ერთი მრავალთათჳს დავსდებდეთ სულთა ჩუენთა ქადაგებისათჳს ღმრთისა და სარგებელისათჳს მოწაფეთაჲსა შეკრვად, და ვიდრე სიკუდილადმდე გუემად, რამეთუ — "მადლი ჩემიო, — პავლეს ესმის ქრისტესგან, - უძლურებათა შინა, ჭირთა და პყრობილებათა სრულ-იქმნების" (), ვითარ-ესე მოჴსენებითა პავლეს კრულებათაჲთა მადლი ჩუენ თანა დაიმკჳდრებს, ზედა-დამტკიცებითა "ამინისაჲთა", რომელ არს "იყავნ", რომელ-ესე არს სიტყუაჲ აღსაბეჭდველი ებისტოლეთაჲ, რომლისა მიმთხუევაჲ მეყავნ ჩუენ, რაჲთა სამარადისოდ ჩუენ თანა იყოს მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი-უკუნისამდე, ამინ.