მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი ვ̂. რაჲთა არა ჰყვებოდინ კაცობრივსა სიბრძნესა მაცთურსა, რომელთა აქუნდეს ქრისტეს მიერი სიბრძნე

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

მოციქულისაჲ: რამეთუ მნებავს უწყებად თქუენდა, რაბამი ღუაწლი მაქუს თქვენთჳს და ლავდიკელთა მათ, და რავდენთა არა უხილავს პირი ჩემი ჴორციელად (2,1).

თარგმანი: რაჲთა არა თქუან, ვითარმედ უძლურებისა მათისათჳს მოშიშ არს მათთჳს, ამისთჳს ლავდიკელთაცა სახელსა ზედა დაჰრთავს, ვითარმედ: ზოგად თქუენთჳს და მთთჳს მოშიშ ვარ მე და ყოველთათჳს, რომელთა არა უხილავს პირი ჩემი ჴორციელად, და ესმას ჩემთა ამათთჳს ჭირთა და შრომათა, ნუუკუე შეირყინენ სარწმუნოებისაგან ქრისტესისა, ვითარ თუმცა დატევებით განსწირვიდა იგი ქადაგსა და მოციქულსა თჳსსა.

მოციქულისაჲ: რაჲთა ნუგეშინის-ცემულ იქმნენ გულნი მათნი, თანა-შეტყუებულნი სიყუარულით ყოვლისა მიმართ სიმდიდრისა გულსავსებისა გულისჴმის-ყოფისა (2,2).

თარგმანი: ესე არს ღუაწლი, რომელ არს შიში პავლესი, რაჲთამცა ვითა განამტკიცნა მოწაფენი თჳსნი შერყეულებისაგან, და რაჲთამცა ნუგეშინის-სცა გულთა მათთა თანა-შეტყუებითა, რომელ არს ერთნება ყოფაჲ სიყუარულისა მიერ, რამეთუ, დაღაცათუ ეგონოს ვისმე სხუებრ დგომაჲ, არამედ ესე არს ჭეშმარიტი დგომაჲ, რაჟამს კაცნი ერთნება იქმნენ და ზოგად შეთქუმულებითა შეიტყუნენ სიყუარულსა ზედა ღმრთისა და მოყუსისასა, ხოლო ამისი მომატყუებელი არს გულისჴმის-ყოფაჲ, მიმცემელი იგი სიმდიდრესა გულსავსებისასა, რაჲთა სიმტკიცითა სარწმუნოებისაჲთა გულსავსე იყოს კაცი ჯეროვნად გულისჴმის-ყოფასა ზედა საიდუმლოისასა.

მოციქულისაჲ: მეცნიერებად საიდუმლოსა მას ღმრთისასა და მამისასა და ქრისტესსა, რომელსა შინა არიან ყოველნი საუნჯენი სიბრძნისანი და მეცნიერებისანი დაფარულნი (2,2-3).

თარგმანი: რაჲ არს საიდუმლოჲ მამისა და ძისაჲ, რომელნი-იგი ერთღმრთეება არიან, გარნა თუ ესე, რამეთუ ძემან განჴორციელებითა თჳსითა მოიყვანნა კაცნი მამისა; და ესე ყო თჳსსა ჟამსა, ოდეს-იგი უწყოდა, ვითარმედ მაშინ უმჯობეს არს, რამეთუ მის შორის არიან, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ყოველნი საუნჯენი სიბრძნისანი და დაფარულნი მეცნიერებისანი, რომელნი-იგი არა ხოლო კაცთა, არამედ ანგელოზთაცა ბუნებასა ზეშთა-ექმნებიან. ამისთჳს ნუვინ ანგელოზთა მიერ ჰგონებს ცხორებასა ჩუენსა, არამედ ძისა მიერ, პირველ საუკუნეთა მამისაგან შობილისა, რომელ არს სიბრძნე და ძალი მისი.

მოციქულისაჲ: ხოლო ამას ვიტყჳ, რაჲთა ნუ ვინმე შეურაცხ-გყვნეს თქუენ სიტყჳთა მეტნობისაჲთა, რამეთუ დაღათუ ჴორცითა შორს ვარ, არამედ სულითა თქუენ თანა ვარ (2,4-5).

თარგმანი: ამას ეტყჳს, რაჲთა არცა ერთი რაჲ სასოებაჲ აქუნდეს კაცობრივისა ენამჭევრობისა მიმართ, რამეთუ თჳნიერ ღმრთისა მიერისა გამოცხადებისა ვერ შესაძლებელ არს ცნობაჲ ესევითართა საიდუმლოთაჲ, ვინაჲცა მოციქული მიფარულად-რე ამხილებს, ვითარმედ: მეცნიერ ვარ მათ, რომელნი გაცთუნებენ თქუენ ესევითარითა მით სივერაგითა სოფლიოჲსა სწავლულებისაჲთა, და არარაჲ დამეფარვის მისგანი, შორიელობისათჳს ჴორცთაჲსა, რომელი-ესე არა გარე-შევიწერები სულითა. ხოლო მიფარულად მხილებისა მიზეზ არს, რომელი-იგი მრავალგზის გჳთქუამს, — რაჲთა არა უმეტესად ურცხჳნო ყვნეს იგინი. ამისთჳს აწ მხილებისა სიტყუაჲ სიყუარულისა და ქებისა პირსა ზედა წარმოთქუა.

მოციქულისაჲ: მიხარის და ვხედავ თქუენსა მაგას წესიერებასა და სიმტკიცესა მაგას ქრისტეს მიმართ სარწმუნოებისა თქუენისასა, ვითარცა-ეგე გისწავიეს ქრისტე უფალი იესუ, მას შინა ვიდოდეთ (2,5-6).

თარგმანი: აქაცა სიტყჳთა შესხმისაჲთა ასწავებს, ვითარმედ: თქუენ ხართ უფალ წესიერად პყრობისა თავთა თქუენთაჲსა, რაჲთა არცა ერთი რაჲ უწესოებაჲ შემოიღოთ თქუენ შორის მიმორყევითა და არამტკიცედ დგომითა თქუენითა სარწმუნოებასა ზედა ქრისტესსა. ამისთჳს ნუღარას უახლესსა, არამედ მასვე წესსა ზედა მეცნიერ იყვენით საიდუმლოსა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, ვითარმედ არა ანგელოზთა მიერ, არამედ მხოლოდშობილისა ძისა თჳსისა მიერ მოგიყვანნა თქუენ მამამან შორიელობისა წილ მახლობელ ყოფად.

მოციქულისაჲ: დაფუძნებულნი და აღშენებულნი მას ზედა და დამტკიცებულნი სარწმუნოებითა, ვითარცა-იგი ისწავეთ, აღემატებოდეთ მას შინა მადლობითა (2,7).

თარგმანი: ესე არს მას ზედა დაფუძნებაჲ, რაჲთა მარადის მას ზედა ვეგნეთ და არა ოდესმე ქრისტეს და ოდესმე ბელიარს, არამედ მარადის ქრისტესა ვჰმსახურებდეთ. ხოლო მას ზედა აღშენებაჲ — რაჲთა საფუძველსა ზედა და სიმტკიცესა სარწმუნოებისა მისისასა ვაშენებდეთ კეთილთა საქმეთა, და ყოველსავე შინა ვჰმადლობდეთ მას, რომელმან-იგი ესევითარისა მისგან შორიელობისა ესოდენ მახლობელ თჳსა მყვნა, რამეთუ სიმდაბლით მადლობითა გარდასრულთა ქველისმოქმედებათაჲთა მოგუენიჭების აღმატებაჲ წინამდებარისაცა მიმართ სიმაღლისა სრულებათაჲსა.

მოციქულისაჲ: ეკრძალენით, ნუ ვინმე იყოს წარმტყუენველ თქუენდა სიბრძნის მოყუარებითა და ცუდითა საცთურითა მოძღურებისა მისებრ კაცთაჲსა, წესთა მათებრ ამის სოფლისათა და არა ქრისტეს მიერ (2,8).

თარგმანი: კეთილად იწყებს მოძღურებასა, განმაკრძალებელსა მსმენელთასა, რაჲთა ეშინოდის, ნუუკუე სახელითა სიბრძნისმოყუარებისაჲთა შესტყუონ მათ ცუდი საცთური, განმაქარვებელი სარწმუნოებისაჲ წესითა მზაკუვარებისაჲთა, რომელ არს მოძღურებაჲ კაცობრივი და არა ქრისტეს მიერი, არამედ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ნივთთა მათებრ ამის სოფლისათა. რამეთუ სახელითა ნივთთაჲთა მყუდროებით ამხილებს მათ, რასა-იგი საწარმართოჲთა სიბრძნითა განლაღებულნი აცთუნებდეს მათ. ესე იგი იყო, რაჲთა ნივთთა რათმე ამის სოფლისათა იზმნიდენ, რომელ არს მოქცევი მზისა და მთოვარისაჲ, მოკლებითურთ და შემატებით მათით, და ესევითარისა მის ზმნითა ქრისტესგან განგდებულ ჰყოფდეს მათ, რომლისათჳს მოციქული იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ ყოველივე ესე სოფელი წარმავალ არს, რაჲსაღა თქუენ ნივთთა მისთა ჰმონებთ?

მოციქულისაჲ: რამეთუ მას შინა დამკჳდრებულ არს ყოველივე სავსებაჲ ღმრთეებისაჲ ჴორციელად, და ხართ თქუენ მას შინა აღსავსე, რომელი-იგი არს თავი ყოვლისა მთავრობისა და ჴელმწიფებისაჲ (2,9-10).

თარგმანი: იკითხვიდეს თუ ვინმე, თუ ვითარ არსებით დაემკჳდრა სიტყუაჲ ღმრთისაჲ ჴორცთა შინა და გუამოვნებით შეეერთო მათ, აღმავსებელი იგი ცათა და ქუეყანისაჲ, ესე სახედ შემოღებითა ხილულისა ამის ნათლისაჲთა გულისჴმა-ვყოთ, დაღაცათუ უზეშთაესისა მის მიმართ ყოველთა ნათელთაჲსა მოუძლურდებიან ყოველნი სახენი და მსგავსებანი ქუეყანისანი. რამეთუ რაჲმცა ხილულთაგანი ამსგავსა გონებამან უხილავსა მას და ყოვლად მოუგონებელსა, გარნა ეგრეთცა ვიტყოდით-ვე, რამეთუ, ვითარცა პირველ შობილი იგი ნათელი დასაბამსა უგუამო იყო და უნივთო, და უკუანაჲსკნელ, შეეზავა რაჲ გუამსა მზისასა, არა შერეულ არს მის თანა, არცა შემთხუეულ მისდა ქცეულებაჲ რაიმე, რამეთუ მასვე და ერთსა გუამსაცა შინა არს მზისასა ყოვლითურთ, და კუალად ყოვლითურთ ყოველთა მიმართ განეფინების და ყოველთა კიდეთა განაბრწყინვებს, ეგრეთვე პირველ საუკუნეთა შობილი იგი სიტყუაჲ უჟამოჲ, უკუანაჲსკნელთა რაჲ ჟამთა ჴორციელ იქმნა, არა დაყენებულ არს ყოვლითურთ სრულებით ყოფად ჴორცთა მათ თანა, რომელ ჩუენგან მიიხუნა, და კუალად არავე გარე-შეიწერების მათ შინა ყოველთა აღმავსებელი იგი ძალი მისი, არამედ ზოგად ყოველთა აღავსებს, ვინაჲცა ამისვე სახისა და მსგავსებისათჳს უწოდს უფალი თავსა თჳსსა ნათლად, და კუალად მალაქიაჲსგან მზედ იწოდების, ხოლო დავით მისგან უცხო-ქმნულთათჳს იტყჳს, ვითარმედ: დაეცა მათ ზედა ცეცხლი და არა იხილონ მზჱ. ესრეთ უკუე დაიმკჳდრა ჴორცთა შინა, ჩუენგან მიღებულთა, ყოველმანვე სავსებამან ღმრთეებისამან ჴორციელად; რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ: მცირე რაჲმე ნაწილი ღმრთეებისაჲ შეეზავა ჴორცთა, ვითარ-იგი მიეფინის მადლი მისი წინაჲსწარმეტყუელთა და კაცთა წმიდათა, არამედ ესე — არა მადლით, გარნა თჳთ არსებით და გუამოვნებით. ხოლო შენ ნუ გგონიეს, ვითარმცა გარე-შეიწერა მათ შინა, რომელი-იგი მამისა თანა არს ყოვლითურთ, და ჴორცთა შინა ყოვლითურთ. გარე-შეწერილ არს ჴორცითა, და გარე-შეუწერელ —ღმრთეებითა. ამისთჳს თქუა მოციქულმან, ვითარმედ: "მას შინა (ესე იგი არს — ჴორცთა საუფლოთა) დამკჳდრებულ არს ყოველივე სავსებაჲ ღმრთეებისაჲ ჴორციელად". ესე იგი არს, არათუ ჟამერთ შეეყო და კუალად განეყო ჴორცთა, არამედ სამარადისოდ მათ შინა მყოფ არს, ვითარცა სული ჴორცთა შინა, რომელი არცა შეირევის მათ თანა, არცა კუალად განეყოფვის, არამედ მათ თანა არს შეზავებითა შეურევნელითა. ეგრეთვე ყოველი სავსებაჲ ღმრთეებისაჲ ყოვლითურთ შეურევნელად და სამარადისოდ განუყოფელად არსებით მკჳდრ იქმნა, სრულებით მიღებულსა მას თანა ჩუენგან ბუნებასა კაცობრივსა, რომელ არიან ჴორცნი და სული გონიერი სულითურთ საცნაურით და თჳთმფლობელით. და არა ეგრეთ არს, ვითარ-ესე სული ჩუენი განეშორების ჴორცთა შემდგომად სიკუდილისა, არამედ ღმრთეებაჲ მიერითგან, ვინაჲთგან ერთგზის არსებით დაემკჳდრა ჴორცთა შინა, მიერითგან არღარა განყოფილ არს მათგან, არამედ მათ თანა ჰგიეს უკუნისამდე.

ესე ყოველი სახედ შემოართუა მოციქულმან და ეტყჳს კოლასელთა, ვითარმედ: ვითარცა ღმერთი ყოვლითურთ არსებით შეერთო კაცობრივსა ბუნებასა, და იქმნა თავ და აღსავსება ყოველთა შეერთებისა, ეგრეთვე თქუენ გიჴმს, რაჲთა მას შინა აღსავსე იყვნეთ და განუყოფელ მისისა სარწმუნოებისაგან. და ესე მაშინ იქმნების, რაჟამს არა განიჭრნეთ ზმნათა მიმართ დღეთა და თუეთაჲსა, არცა ჰგონებდეთ ანგელოზთა ღმერთ ყოფად, რამეთუ იგი მხოლოჲ არს თავი, მიზეზი და დამბადებელი ყოვლისა მთავრობისა და ჴელმწიფებისა მათისაჲ, რომელმან შექმნნა ანგელოზნი მისნი სულად, სათნო-ყოფითა მამისაჲთა და სრულ-ყოფითა სულისა ნუგეშინისმცემელისაჲთა.

კჳრილესი: გრწმენინ, ვითარმედ სიტყუაჲ ჴორციელ იქმნა არა შეცვალებითა რაჲთამე ქცეულებისაჲთა, არამედ ყოვლითურთ შეურევნელად და უქცეველად დამკჳდრებითა ჩუენ თანა, რაჟამს მიიხუნა ჩუენგან ჴორცნი და სული სიტყჳერი, რომლისათჳს დიდი მოციქული პავლე ცხად ჰყოფს, ვითარმედ: არა მადლით, არცა მინიჭებით, არამედ ყოვლით სავსებით, რომელ არს არსებით და გუამოვნებით, არა ჟამ რაოდენმე, არამედ სამარადისოდ ყოვლად განუშორებელად დაემკჳდრა ჩუენ შორის; და ამით სიტყჳთა გამოგჳთარგმანა ჩუენ მოციქულმან სახელი ემმანოელისი, რომელ არს "ჩუენ თანა ღმერთი" (); ვითარმედ არა ზოგს-რაჲმე, არამედ ყოვლად გუამოვნებით შეერთო სიტუაჲ ღმრთისაჲ ბუნებასა ამას მოკუდავსა. ხოლო არა გარე-შეიწერებოდა მარტივი იგი და შეურევნელი და აღურიცხუველი ბუნებაჲ ღმრთეებისაჲ, არამედ ყოვლად მამისა თანა იყო და ყოვლად საშოსა შინა დედისასა იყო; ყოვლითურთ სავსებაჲ ღმრთეებისაჲ ჴორცთა შინა მკჳდრ იყო, და ყოვლითურთ ცისა და ქუეყანისა აღმავსებელ იყო. ხოლო უკუეთუ ვისმე უცხო უჩნდეს, ამისი სახე ისწავენ ესრეთ, რამეთუ უკუეთუ ჴორცთა ამათ შინა ჩუენთა მოკუდავთა მყოფისა ამის სულისა გონებაჲ არა შეიწერების მათ შინა, არამედ ოდესმე ზეცად აღიწევის, და ვითარცა სარკითა განიცდის მუნ მყოფთა მათ შუენიერებათა, და კუალად, სიღრმედ ჯოჯოხეთისა შთაიწევის და იხილავს მისთა მათ საზარელებათა, რაოდენ უფროჲს საღმრთოჲ იგი გარე-შეუწერელი ბუნებაჲ სწორებით აღმავსებელ იყოს ყოვლისა, და იგივე ყოვლით სავსებით მკჳდრ ჴორცთა ამათ შინა, რომელ ჩუენგან მიიხუნა. აწ უკუე, დაღაცათუ ქუე დაშთების ყოველი სახე, სრულებით მსგავსებისაგან მისისა, არამედ შენ ესე ოდენ იპყარ, ვითარმედ დამბადებელი გონებისაჲ ვითარმცა უდარეს იყო დაბადებულსა თჳსსა გარეშეუწერელობითა, დაღაცათუ ამით ზეშთა ექმნების მას, რამეთუ გონებაჲ დაღაცათუ მალიად ვალს, არამედ რაჟამს ზეცას იყოს, მასვე წამსა ქუესკნელსცა ვერ არს, ხოლო იგი ყოვლადვე ყოველსა ჟამსა ყოველთა შინა არს და ყოველივე აღუვსიეს.