მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი ა̂. მადლობაჲ შეწევნისათჳს ღმრთისა, რომლისათჳს იტყჳს მოსავ ყოფად, რაჲთა მისსა მიმართ დავდვათ სასოებაჲ

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

პავლე მოციქულისა წიგნი კორინთელთა მიმართ მეორე

პავლე, მოციქული იესუ ქრისტესი ნებითა ღმრთისაჲთა, და ტიმოთე ძმაჲ (1,1).

გუაკურთხენ, მამაო.

სახელისათჳს უკუე, ვითარცა ყოველსა ებისტოლესა, ეგრეთვე აქაცა ცხად არს, ვითარმედ შორიელთა მიმართ მისწერს. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: "პავლე", და ზედა-დაჰრთავს პატივსა მას მოციქულებისა თჳსისასა, არა ლიტონად და თავით თჳსით მოგებულად, არამედ ღმრთისა მიერ მისდა მონიჭებულად, რამეთუ, რაჲთა უცხო იყოს ყოვლისა ზუაობით სიქადულისაგან, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: "ნებითა ღმრთისაჲთა". ხოლო ვინაჲთგან პირველისა ებისტოლისა თანა წარევლინა მათდა ტიმოთე, ამისთჳს მეორესა ამას შინა კუალად მიერ მოსრულსა თავსავე თჳსსა თანა შეაერთებს მოჴსენებითა სახელისა მისისაჲთა. და იხილე სიმდიდრე სიყუარულისაჲ, ვითარ ოდესმე შვილად უწოდს, ვითარმედ: "ვითარცა მამასა შვილმან, ეგრეთ მმსახურა მე" (), და ოდესმე — თანამოქმედად, ვითარმედ "საქმესა უფლისასა იქმს, ვითარცა-ესე მე" (). ხოლო აწ ძმად სახელ-სდებს, რაჲთა ყოველსავე შინა სარწმუნო ყოფაჲ მისი ყოველთა განუცხადოს.

მოციქულისაჲ: ეკლესიათა ღმრთისათა, რომელნი არიან კორინთეს შინა (1,1).

თარგმანი: უსაკუთრეს არს, რაჲთა არა განმრავლებითად, არამედ ერთობითად ითქუმოდის, ვითარმედ: "ეკლესიასა ღმრთისასა, რომელი არს კორინთეს შინა", რამეთუ უმრავლესსა ადგილსა ყოვლისა სოფლისა ეკლესიათა ერთად ეკლესიად სახელ-სდებენ წმიდანი წერილნი ერთობისათჳს სარწმუნოებისა.

მოციქულისაჲ: ყოველთა თანა წმიდათა, რომელნი არიან ყოველსა აქაიასა (1,1).

თარგმანი: ყოველთა მოჴსენებითა პატივ-სცემს კორინთელთა, ვითარ საზოგადოდ ყოველნი მოიჴსენნა ებისტოლესა ამას შინა, ხოლო წმიდად სახელის-დებითა უჩუენებს, ვითარმედ ყოველსა, რომელსა უჴმდეს, რაჲთა თანაზიარ იყოს საეკლესიოჲსა შესაკრებელისა, პირველად ჯერ-არს მისსა, რაჲთა მოისპოს მისგან ყოველი მიწისა და ქუეყანისა საქმე, რომელი შორს განაგდებდეს მას წმიდათა კრებულისაგან. ხოლო შენ იხილე, ვითარ ყოველთა მიუწერს, არა ხოლო მოქალაქეთა კორინთისათა, არამედ მიმოგანთესულთა აქაიაჲსა სოფლებისათა, რომელთა დედაქალაქ იყო კორინთე. ცხად არს, ვითარმედ, ამისთჳს, რამეთუ ზოგად ყოველნი შერყეულ იყვნეს და განწვალებულ და მოქენე დამშჳდებისა და ერთობად მოყვანებისა.

მოციქულისაჲ: მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა (1,2).

თარგმანი: ვითარცა ყოველთა ებისტოლეთა, ეგრეთვე აქაცა დაჰრთავს ჩუეულებისაებრსა საბეჭდავსა ლოცვისასა, ესე იგი არს, ვითარმედ: ყოველივე კეთილი არა სასყიდელად საქმეთა, არამედ მადლით ნიჭად მოგუეცემის, და მშჳდობაჲ იგი მის მიერ მომადლებული მტკიცე არს ჩუენდა, მის მიერ, რომელმან-იგი მადლით მიშვილნა ჩუენ ბუნებითისა მის ძისა მისისა და ბუნებით უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს მიერ, რაჟამს ჩუენ ყოველთათჳს მისცა იგი.

მოციქულისაჲლ კურთხეულ არს ღმერთი, და მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი (1,3).

თარგმანი: აქა განუსუენებდ სიტყუასა, სთქუა რაჲ, ვითარმედ: "კურთხეულ არს ღმერთი", და ეგრეთღა თქუ: "და მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი"; რაჲთა ისწავო, ვითარმედ ჩუენი ღმერთი არს, ხოლო უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს — მამაჲ. რამეთუ წმიდასა სახარებასა შინა ამითვე გულისჴმის-ყოფითა თჳთ თავადი იტყჳს: "აღგიარებ შენ, მამაო, უფალო ცისა და ქუეყანისაო" (), რომლითა გუასწავებს, ვითარმედ მისი ბუნებით მამაჲ არს, ხოლო დაბადებულთაჲ — ბუნებით დამბადებელი.

მოციქულისაჲ: მამაჲ მოწყალებათაჲ და ღმერთი ყოვლისა ნუგეშინის-ცემისაჲ (1,3).

თარგმანი: ესე ყოველსა ადგილსა ჩუეულებად აქუს წმიდათა, რაჲთა ჟამსა მას მათ ზედა ქმნილისა ქველის-მოქმედებისაებრ სახელ-სდებდენ ღმერთსა, ვითარ-იგი დავით ჟამსა მბრძოლთა ძლევისასა თქუა: "შეგიყუარო შენ, უფალო, ძალო ჩემო" (), და რაჟამს გონებისა დამაბნელებელთა არმურთაგან იჴსნა, მაშინ თქუა: "უფალი ნათელ ჩემდა" (); ეგრეთვე — აწ მოციქული, გამოიჴსნა რაჲ განსაცდელთაგან, არარაჲსა სხჳსათჳს, არამედ რაჲთა უმეტეს განამრავლოს ქადაგებაჲ ქრისტესი. ხოლო იგი სიმდაბლითა გონებისაჲთა ამას მიზეზსა დაიდუმებს, და წყალობათა ოდენ ღმრთისათა მიაჩემებს მიზეზსა ჴსნისა თჳსისასა, ვითარმედ: არათუ ღირს რაჲმე ვიყავ და ამისთჳს ვიჴსენ, არამედ თჳნიერ ყოვლისა მიზეზისა, მოწყალებათა მისთათჳს მიჴსნა და ნუგეშინის-მცა.

მოციქულისაჲ: რომელი ნუგეშინის-მცემს ჩუენ ყოველთა შინა ჭირთა ჩუენთა (1,4).

თარგმანი: ვინაჲთგან პირველსა მას ებისტოლესა შინა აღეთქუა კორინთელთადა მისლვაჲ მათდა, ამისთჳს აწ მადლობისაგან ღმრთისა აუწყებს მათ მიზეზსა დაყოვნებისასა, ვითარმედ ჭირთა შინა იყო და აწღა გამოიჴსნა. ხოლო არა იტყჳს სრულიად გამოჴსნასა, რამეთუ უწყის სარგებელი ჭირთა შემთხუევისაჲ, და მარადის განმზადებულ არს თავს-დებად მათდა, არამედ ამისთჳს ოდენ ჰმადლობს, ვითარ ყოველსავე თანა განმრავლებასა ჭირთასა განამრავლებს ნუგეშინის-ცემასაცა, რაჲთა ადვილად და შეუწუხებელად თავსდებითა ჭირთაჲთა მოვიგოთ გჳრგჳნი მოთმინებისაჲ.

მოციქულისაჲ: რაჲთა შეუძლოთ ჩუენცა ნუგეშინის-ცემად ყოველთა მათ ჭირვეულთა ნუგეშინისცემითა მით, რომლითა ნუგეშინისცემულ ვართ ჩუენ ღმრთისა მიერ (1,4).

თარგმანი: იხილე სიმდაბლისა მისისა გარდამატებულებაჲ; ვითარ იტყჳს, ვითარმედ: არათუ ჩემისა ღირსებისათჳს შევიწყალები და ნუგეშინისცემულ ვიქმნები, არამედ სხუათა სარგებელისათჳს, რაჲთა გამოცდილებისა მისგან ღმრთივმოცემულისა ჭირთა ჩემთა ნუგეშინის-ცემისა, შემძლებელ ვიყო ნუგეშინის-ცემად სხუათა, ჭირთა შინა მყოფთა, და რაჲთა თჳთ ჩემ ზედა ქმნილი ესე ნუგეშინის-ცემაჲ მათცა ნუგეშინისმცემელ ექმნეს, რომელთა ჩემ თანა ელმოდა ჭირი ჩემი.

მოციქულისაჲ: რამეთუ ვითარცა-იგი ჰმატან ვნებანი ქრისტესნი ჩუენდა მომართ, ეგრეცა ქრისტეს მიერ ჰმატან ნუგეშინის-ცემანიცა ჩუენნი (1,5).

თარგმანი: რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ ნუუკუე დაჰვიწყებიან ღმერთსა მოციქულნი, ამისთჳს მიუშუებს მათ ზედა ზედაჲსზედაობასა ჭირთასა; იხილე, თუ ვითარ აღამაღლებს საქმესა ამას, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: ჭირნი ესე, რომელ გუევნებიან, არა ჩუენნი არიან, არამედ უფროჲსღა ქრისტესნი, რომლისათჳს და რომლისა თანა ჩუენ გუევნების. და ესე არს ძალი სიტყჳსაჲ ამის, ვითარმედ: "ჰმატან ვნებანი ქრისტესნი ჩუენდა მომართ", რამეთუ არა იგი ოდენ გუევნების, რაჲ-იგი ევნო ქრისტესა, არამედ ფრიად უმრავლესი. ვინაჲცა ამასვე პირსა სხუასაცა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: "აღვასრულებ დაკლებულთა მათ ჭირთა ქრისტესთა ჴორცითა ამით ჩემითა" (), რამეთუ თჳთ მებრვე ესე კმა არს ნაცვალად სხჳსა ყოვლისა ნუგეშინის-ცემისა, რაჟამს უწყოდინ, ვითარმედ მისვე თავადისა ქრისტესნი არიან ვნებანი ესე, რომელნი ამათ შეემთხუევიან, ხოლო ესე კუალად უმეტესი საზომი არს ქველისმოქმედებისაჲ, რაჟამს აღმატებასა თანა ჭირთასა აღმატებაჲ იქმნებოდის ნუგეშინის-ცემათაჲცა, და არა შესწორებული ოდენ ჭირთაჲ, არამედ ფრიად უმეტესიცა ნუგეშინის-ცემაჲ იხილვებოდის.

მოციქულისაჲ: რამეთუ გინათუ ვიჭირვით თქუენისათჳს ნუგეშინის-ცემისა და ცხორებისა, რომელი შეიქმნების მოთმინებითა მათვე ვნებათაჲთა (1,6).

თარგმანი: პირველად ნუგეშინის-ცემად ჭირთა შინა მოთმინებისა იტყჳს ზიარებასა ქრისტეს ვნებათასა და მის მიერ განმრავლებასა ნუგეშინის-ცემათასა, ხოლო აწ მეორედ სარგებელსა მოწაფეთასა, რამეთუ უკუეთუმცა უჭირველად ყოფისათჳს და რიდობისა ბრძოლათა და დევნულებათაჲსა დაედუმა მოციქულთა ქადაგებაჲ სახარებისაჲ, ესე საქმე წარწყმედა იყო მოწაფეთა, უსმენელად დაშთომისა მიერ საღმრთოთა შჯულთაჲსა, ხოლო ვინაჲთგან იგინი არა შეშინდეს ჭირთა და დევნულებათაგან, არამედ კადნიერებით მოუწოდეს მათ ჭეშმარიტისა მიმართ სარწმუნოებისა, რომლითა იქმნა ნუგეშინის-ცემაჲ და ცხორებაჲ მათი მოქმედებითა სულისა წმიდისაჲთა, რომელი-იგი არა შეიქმს, არამედ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, მოქმედებს მათ შორის ძალთა და სასწაულთა, ხოლო ფრიადსა სათნოებასა წამებს კორინთელთასა, ვითარმედ, ვითარ-იგი თჳთ მათ ქადაგთა მათთა ქადაგებისათჳს, ეგრეთვე მოწაფეთაცა მათთა სწორივე ჭირი შეემთხუევის რწმუნებისათჳს ქადაგებისა მათისა.

მოციქულისაჲ: რომლითა-ესე ჩუენცა გუევნების და სასოებაჲ ჩუენი მტკიცე არს თქუენთჳს (1,6-7).

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: "გულპყრობილ ვარ, რამეთუ ვერარამან შეგარყინეს თქუენ; ვერცა თჳთ თქუენდა, ვერცაღა ჩუენდა შემთხუეულთა ვნებათა და ჭირთაგანმან.

მოციქულისაჲ: გინათუ ნუგეშინის-ცემულ ვართ, თქუენისათჳს ნუგეშინის-ცემისა და ცხორებისა; უწყით, რამეთუ ვითარცა-იგი ზიარ ხართ ვნებათა მათ ჩუენთა, ეგრეცა ნუგეშინის-ცემასა (1,7).

თარგმანი: რაჲთა არა სამძიმარ უჩნდეს მათ, ესმოდის რაჲ მათთჳს თავს-დებაჲ ჭირთაჲ, ამისთჳს ნუგეშინის-ცემასაცა თჳსსა მათვე მიაჩემებს; და კუალად, რაჲთა არა ყოველივე მიზეზი ცხორებისა თჳსისაჲ მოძღუართა ზედა ოდენ დასდვან, და თჳთ უქმ და უზრუნველ იყვნენ, ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: არა ყოველივე ცხორებაჲ და ნუგეშინის-ცემაჲ თქუენი ჩუენი ოდენ საქმე არს, არამედ ზოგად თქუენიცა რაჲთა თანაზიარებითა ვნებათაჲთა ზიარ იქმნნეთ ნუგეშინის-ცემისაცა ჩუენისა.

მოციქულისაჲ: ხოლო არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, ჭირისა ამისათჳს ჩუენისა, რომელი-იგი შეგუემთხჳა ჩუენ ასიას შინა (1,8).

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო შემთხუევაჲ ოდენ თქუა ჭირისაჲ, და არა ადგილიცა, ამისთჳს აწ ადგილსაცა იტყჳს, და მიზეზად არა-მისლვისა სიყუარულით ამას წინა-უყოფს, ვითარმედ: ამისთჳს დამეყოვნა, რომლისათჳს პირველსაცა ებისტოლესა შინა მიეწერა მათდა, ვითარმედ: "კარი განმეღო მე და მჴდომნი მრავალ არიან" ().

მოციქულისაჲ: რამეთუ გარდარეულად დაგჳმძიმდა ჩუენ უფროსის ძალისა ჩუენისა (1,8).

თარგმანი: არს განსაცდელი დიდიცა, არამედ ძალისაებრი და არა დაუთმენელი; ხოლო აწ მოციქული სიდიდესა თანა ძალისა უზეშთაესობასაცა იტყჳს აწ შემთხუეულისა მისდა ჭირისასა.

მოციქულისაჲ: ვიდრე წარწირვადმდე ჩუენდა ცხორებისაცა (1,8).

თარგმანი: ესევითარსა ამას შიშსა სიკუდილისა მოლოდებისასა დავით ბჭედ უწოდს ჯოჯოხეთისა, სალმობად და აჩრდილად სიკუდილისა.

მოციქულისაჲ: არამედ თჳთ თავით თჳსით განჩინებაჲ იგი სიკუდილისაჲ მოგუეღო, რაჲთა არა ვესვიდეთ თავთა ჩუენთა, არამედ ღმერთსა (1,9).

თარგმანი: ესე ყოველთა შორის ცხად არს, ვითარმედ შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ. ამისთჳს მომლოდეობაჲ იგი პავლეს გონებითა განჩინებულისა სიკუდილისაჲ ღმერთმან თანა-წარჰჴადა. ხოლო ამას ნუვინ ჰგონებს, ვითარმედ ამისღა სახისა მიერ განისწავლა მარადის სასოებით მოთმინებად განმზადებული მოციქული, არა მინდობად თავისა, არამედ ღმრთისა. ესე მისთჳს ნუ იყოფინ! არამედ სახე ესე მის ზედა ქმნილისა ჭირთაგან ჴსნისაჲ სხუათა კაცთა მასწავლელ არს ღმრთისა მიმართ დადებად სასოებისა, დაღაცათუ უზეშთაესი ამათ მოსწავლეობათაჲ, და ყოველთა მასწავლელი თავი თჳსი მოციქულმან მოსწავლეთა თანა ესევითარისათა შეჰრთო, ყოვლად სიმდაბლითა გონებისაჲთა.

მოციქულისაჲ: რომელმან-იგი აღადგინნის მკუდარნი (1,9).

თარგმანი: თანად სიმძიმესა მისდა შემთხუეულისა ჭირისასა საანჯმნო ჰყოფს, ვითარმედ სწორ სიკუდილისა იყო, და თანად მკუდართა აღდგომისათჳსცა მოაჴსენებს მათ, რომელთა მიმართ ამის პირისათჳს ფრიად განეგრძო სიტყუაჲ პირველსა მას შინა ებისტოლესა.

მოციქულისაჲ: რომელმან ესევითარისა მის სიკუდილისაგან მიჴსნნა ჩუენ და მიჴსნის (1,10).

თარგმანი: არა უწოდს ჭირად, არამედ სიკუდილად, რაჲთა გამოაჩინოს სიმძიმე მისი; და კუალად, აღდგომასა გუამთასა დაუმტკიცებს, ვითარმედ: რაჲსა ურწმუნო არიან ვიეთნიმე მკუდართა აღდგომისათჳს, რამეთუ აჰა მისცა ღმერთმან სახედ ჩუენი ყოვლით კერძო მომკუდართაჲ, მხოლოდ მის მიერ განცხოველებაჲ.

მოციქულისაჲ: რომელსა-იგი ვესავთ, ვითარმედ მერმეცა მიჴსნნეს თანა-შეწევნითა ლოცვათა თქუენთაჲთა ჩუენთჳს (1,10-11).

თარგმანი: იხილე, ვითარ ყოველი ცხორებაჲ პავლესი განმზადებაჲ იყო ჭირთა და განსაცდელთა შემთხუევისა და მოლოდებისათჳს, რომელთაგან ჴსნასა გულპყრობილ არს. ამას თანა —სიმდაბლეცა გონებისა მისისაჲ; ვითარ კორინთელთა ლოცვისა თანაშემწეობასა ითხოვს, ერთბამად ორთა განმსწავლელად: მოძღუართა, ვითარმედ: უჴმს ლოცვაჲ მოწაფეთაჲ; და მოწაფეთა — ვითარმედ: თანამდებ არიან ლოცვად მოძღუართათჳს.

მოციქულისაჲ: რაჲთა მრავლითა პირითა ჩუენდა მომართი იგი მადლი მრავალთა მიერ სამადლობელ იქმნეს თქუენთჳს (1,11).

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: ვინაჲთგან თქუენდა საცხორებელად თქუენსავე ლოცვასა მიჰმადლა უფალმან განრინებაჲ ჩემი, ამისთჳს არა ხოლო თქუენნი, არამედ თქუენ ძლით სხუათანიცა პირნი მმადლობელ მისსა იქმნნენ, და ესრეთ თქუენ განისწავლნეთ სხუათათჳსცა ლოცვისა ყოფად და სხუათა კეთილსა ზედა მადლობად ღმრთისა, ვითარ-იგი სხუანი ჰმადლობენ თქუენთჳს, რამეთუ კეთილი გეყო ცხოვნებითა ჩემითა, და კეთილი იგი თქუენი არა უცხოჲსა, არამედ თქუენთავე ლოცვათა ნიჭ იქმნა.

მოციქულისაჲ: რამეთუ სიქადული ჩუენი ესე არს, წამებაჲ გონებისა ჩუენისაჲ, რამეთუ სიწრფოებითა და ჭეშმარიტებითა ღმრთისაჲთა, და არა სიბრძნითა ჴორციელითა, არამედ მადლითა ღმრთისაჲთა ვიქცეოდეთ სოფელსა შინა. ხოლო უმეტესადღა თქუენდა მიმართ (1,12).

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო მადლსა ღმრთისასა მიაჩემა მიზეზი თჳსისა შეწყალებისაჲ, რაჲთა არა ამით უდებ ყვნეს მსმენელნი და მხოლოდ მინდობილ მადლისა მიერსა შეწყალებასა, ამისთჳს აწ მიზეზსაცა იტყჳს, რომლისა მიერ მოიზიდა მან წყალობაჲ ღმრთისაჲ უმანკოებითა და სიწრფოებითა გონებისა თჳსისაჲთა, რომლისა თანამოწამედ აქუს თუალუხუავი იგი მხილებაჲ სჳნიდისისაჲ, რომელი-იგი თანაგანმხილველად გამოითარგმანების, და თუალუხუაგად ამხილებს ყოველთა ნათელღებულთა, ხოლო უფროჲსღა წმიდათა, რომელთა არა ხოლო შეუმრღუეველად დაცვაჲ, არამედ დღითი-დღე უმეტესი განწმედაჲ მიჰმადლონ მას, ყოველსავე ზედა კრძალულებით პყრობითა ცხორებისა თჳსისაჲთა, რომელი-ესე ეწამებოდა მოციქულსა სიწრფოებით და უმანკოდ ცხორებისათჳს, რომლითა არა ხოლო ნუგეშინის-ცემისა, არამედ სიქადულისაცა მომატყუებელ მისსა იქმნებოდა. ესე იგი იყო, რაჲთა არა ზაკუვით და სივერაგით რასმე ჰყოფდა, არცა მოქცევითა სიტყუათაჲთა დაჰფარვიდა ტყუვილსა და იჩემებდა ჭეშმარიტებასა, ვითარ-იგი ჰყოფდეს ცრუმოციქულნი და ცრუმოძღუარნი კორინთელთანი, აღზუავებულნი სიბრძნითა გარეშითა და მრავალმოქცევობითა სიტყუათაჲთა, რომელნი-ესე არა ხოლო უჴმარ შეერაცხნეს მოციქულსა, არამედ სდევნიდა-ცა და იოტებდა მათ, ვითარცა ყოვლითურთ შედგომილი მადლისა ღმრთისაჲ მოქმედებითა ნიშთა და სასწაულთაჲთა, და წარუგებლად ქადაგებითა სახარებისაჲთა, ვითარ არარას წარაგებდა სასყიდელსა საუკუნესა, აქავე მიღებითა რასმე მოწაფეთაგან, არამედ მოსაგებელსა ქადაგებისასა საუკუნოდ დაიუნჯებდა, ხოლო საჴმრად თჳსსა და მის-თანათა — ჴელთა თჳსთა კმა-იყოფდა, და ესრეთ განკრძალული იგი ქცევაჲ თჳსი სოფელსა შინა, არა თავისა თჳსისად, არამედ მადლისა მიერ ღმრთისა ქმნილად შეერაცხა. ხოლო უფროჲსღა კორინთელთა მიმართ ჰყოფდა ლიტონობასა და უმანკოჲთა სიტყჳთა უსასყიდლოდ ჭეშმარიტებისა ქადაგებასა, რაჲთა არცხჳნოს მათ, რომელნი სოფლიოჲთა სიბრძნითა სასყიდლით და სიცრუით მოძღურებდეს მათ შორის.

მოციქულისაჲ რამეთუ არათუ სხუასა რასმე მივსწერ თქუენდა, არამედ რომელსაცა-იგი იკითხავთ და რომელიცა-იგი გიცნობიეს (1,13).

თარგმანი: ვინაჲთგან დიდ-დიდნი რაჲმე თქუნა თავისა თჳსისათჳს, რაჲთა არა უცხო უჩნდეს მათ, ამისთჳს პირველ მიწერილისა ებისტოლისა სიტყუათა მოაჴსენებს, რამეთუ პირველსა ებისტოლესა შინა ფრიად ეთქუა მათდა სიმტკიცე და შეუცვალებლობაჲ ნებისა თჳსისაჲ, მათგან წარუგებელად ჴუმევასა შინა ქადაგებისასა, ამისთჳს ნუ გგონიან სიტყუანი ესე ჩემნი ცუდ და დაქურივებულ საქმეთაგან, არამედ სიტყუასა ამას თანამეუღლედ ჰქონან საქმენი.

მოციქულისაჲ: ხოლო ვესავ, ვითარმედ, სადაცა გულისჴმა-ჰყოთ, ვითარცა-იგი მიცნენით ჩუენ ჟამად-ჟამად (1,13-14).

თარგმანი: იხილე, ვითარ ყოველსავე წარმატებასა თჳსსა ღმრთისა სასოებისა მიმართ დასდებს, და მისდა მინდობილი აღსთქუამს, ვითარ-იგი უსაკუთრესად წარმოვთქუნეთ ზემოჲთგან სიტყუანი მისნი: რამეთუ არა სხუასა მივსწერთ თქუენდა, არამედ რასა-ეგე ანუ იკითხავთ გინა აღმოიკითხავთ. ვინაჲთგან კითხვა არს მოჴსენებაჲ დავიწყებულისაჲ, ხოლო აღმოკითხვა — ზედამიწევნით გამოწულილვაჲ ძალსა მისვე პირველ კეთილად დასწავებულისასა. ამისთჳს მოციქული არა ახალსა, არამედ მასვე პირველ მიწერილსა მათდა სიტყუასა უსასყიდლოდ ქადაგებისასა მისწერს, რომელი-ესე ანუ წარკითხვა იყოს მათდა და მოსაჴსენებელ პირველ წარკითხულისა დავიწყებულისა, ანუ აღმოკითხვა ოდენ, ესე იგი არს უმტკიცეს ცნობა მისვე მარადის მოჴსენებულისა და მათგან არაოდეს დავიწყებულისა, რომლისათჳს აწ კუალად ეტყჳს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს ზემოჲთგანვე დაწყებითა, ვითარმედ: არა სხუასა მივსწერ თქუენდა, არამედ რასა-ეგე ანუ იკითხავთ გინა აღმოიკითხავთ, ხოლო ვესავ, ვითარმედ ვიდრე აღსასრულადმდე აღმოიკითხოთ, ვითარცა ზოგს-რე შემემეცნენით ჩუენ. ხოლო ძალი სიტყუათაჲ ამათ ესე არს, ვითარმედ: არა ახლის მეტყუელ ვარ, არამედ კუალადცა მიმიწერიეს თქუენდა უსასყიდლოდ ქადაგებისათჳს სახარებისა. და ამისთჳს ვესავ უფალსა, ვითარმედ, ვითარცა წიგნებითა, ეგრეთვე პირისპირ იხილოთ ესე ჩემ თანა, შეუცვალებელად ვიდრე აღსასრულადმდე ეგრეთვე დაცვული, ვითარცა აწ დამიცავს კერძოთა ამათ დღეთა ცხორებისა ჩემისათა, რამეთუ ზოგს-რე შემეცნებაჲ პირველ გარდასრულთა ჟამთათჳს თქუა.

მოციქულისაჲ: რამეთუ სიქადულ თქუენდა ვართ, ვითარცა თქუენ ჩუენდა დღესა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა (1,14).

თარგმანი: რაჲთა არა საშურველ უჩნდეს მათ ესოდენი იგი სიმაღლე მოციქულისა წარმატებათაჲ, ამისთჳს საზოგადო მათდა ჰყოფს კეთილთა თჳსთა, რომლისა მუშაკობისა სასყიდელსა მერმისა მის მიმართ ხედავს და იტყჳს, ვითარმედ: არა ჯერ-არს აქათა ამათ ჭირთა და ვნებათა ჩუენთათჳს განცდილებაჲ და შეორგულებაჲ, არამედ მერმესა მას თუ სამშჯავროსა ესევითარნი ვიპოვნეთ, ვითარ-ესე აღგითქუ, მაშინ სიქადულ თქუენდა ვიყვნეთ ჩუენ მოციქულნი, რამეთუ ესევითართა მოძღუართა მოწფობაჲ წილ-გხუდა, რომელთა არარაჲ ჴორციელი და კაცობრივი გასწავეს. და კუალად, თქუენ სიქადულ ჩუენდა იყვნეთ, რომელთა ესევითარნი წილ-გუხუდეს მოწაფენი, რომელნი არცა ერთსა რას ზედა შეირყეოდეს ანუ შეორგულდებოდეს ძჳრისხილვასა და ჭირსა, რომელი შეემთხუეოდა მოძღუართა მათთა.