მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი დ̂. სულიერისა მის მსახურებისა მისისათჳს სულისა მიერ და დიდებისა, უმაღლესისა უფროჲს შჯულისა

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

მოციქულისაჲ: ხოლო სასოებაჲ ესევითარი გუაქუს ქრისტეს მიერ ღმრთისა მიმართ, არა თუ თავით თჳსით შემძლებელ ვართ შერაცხად რასმე რეცათუ ჩუენგან, არამედ შეძლებაჲ ჩუენი ღმრთისაგან არს, რომელმან-იგი შემძლებელ მყვნა ჩუენ მსახურებად ახლისა შჯულისა (3,4-6).

თარგმანი: ვინაჲთგან ფრიად უმაღლესობასა თანა ახლისასა უფროჲს ძუელისა მის, უეჭუელი უმაღლესობაჲ მიეცემოდა ქადაგთა ამისთა უფროჲს მოსესსა, ამისთჳს ყოველსავე ღმერთსა მიაჩემებს, ვითარმედ: ვითარ-იგი თჳთ უმაღლესობაჲ ესე ახლისა ამის შჯულისაჲ, ეგრეთვე უდიდებულესობაჲცა ქადაგთა მისთაჲ ღმრთისა მიერვე არს, და არა ხოლო სხუასა რასმე, არამედ ვერცაღა უმაღლესობასა ამისსა შემძლებელ ვართ ცნობად, არა თუ ღმერთმან ქრისტეს მიერ მასწაოს ჩუენ, მამამან ძისა მიერ, რომელი-იგი არს შუვამდგომელი ღმრთისა და კაცთაჲ და მომცემელი გულისჴმის-ყოფისა სიტყჳსა და ძალისაჲ ქადაგთა მათ ჭეშმარიტებისათა, რაჲთა კმა იყვნენ ღირსებით მითხრობად სახარებასა მისსა.

მოციქულისაჲ: არა წიგნისა, არამედ სულისა (3,6).

თარგმანი: შჯულსა უკუე წიგნი ოდენ მოაქუნდა, რომელ არს წერით სწავლაჲ რომლისამე ქმნისა და რომლისამე არა-ქმნისაჲ, ხოლო ქრისტეს ქადაგებასა მოაქუს მოცემაჲ სულისა წმიდისაჲ. იყო უკუე შჯულიცა სულიერ ოდენ, ესე იგი არს სულისა მიერ წმიდისა მოცემულ, ხოლო ვერ სხუათაცა მიმცემელ სულისა; ვინაჲცა მოციქულთა არა წიგნი ოდენ მოაქუნდა მსგავსად მოსესსა, არამედ მიცემაჲცა სულისა წმიდისაჲ, რამეთუ ჴელის დადებითა მოციქულთაჲთა მიეცემოდა სული წმიდაჲ.

მოციქულისაჲ: რამეთუ წიგნი მოაკუდინებს, ხოლო სული აცხოვნებს (3,6).

თარგმანი: ესე არს წიგნისა მიერი მოკუდინებაჲ —ტანჯვაჲ შეცოდებულთაჲ, რაჲთა რომელმან შეურაცხ-ყოს შჯული მოსესი, ორითა და სამითა მოწამითა მოკუდეს, ხოლო სულსა მოუჴდენ რაჲ მომკუდარნი ცოდვისა მიერ, ცხოველ ჰყოფს მათ ნათლისღებითა.

მოციქულისაჲ: ხოლო უკუეთუ მსახურებაჲ იგი სიკუდილისაჲ წიგნითა გამოსახული ფიცართა შინა, იქმნა დიდებით (3,7).

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: ხოლო უკუეთუ მსახურებაჲ სიკუდილისაჲ, წიგნითა გამოსახული ქვათა შინა, იქმნა დიდებით. ესე იგი არს, ვითარმედ: უკუეთუ წიგნი იგი შჯულისაჲ, არა ლიტონად მსახური ოდენ, რომელ არს მბრძანებელი სიკუდილისაჲ, არამედ წერითცა ფიცართა ზედა ქვისათა აღმომკოდელი ქვითა განტჳნვასა შჯულისა ურჩთასა, ესოდენ დიდებულ იყო, რომელ ხილულსა მას პირსა შჯულისმდებელისასა ვერ მისახედველ ჰყოფდა, რაოდენ უფროჲს დიდებულ იყოს პირი მათი, რომელთა ქადაგებასა და მოძღურებასა შეუდგს შენდობაჲ შეცოდებათაჲ და მინიჭებაჲ სულისა წმიდისაჲ!

მოციქულისაჲ: ვიდრეღა ვერ შემძლებელ იყვნეს ძენი ისრაჱლისანი თუალთა შედგმად პირსა მოსესსა დიდებითა მით პირისა მისისაჲთა, რომელი განქარვებად იყო (3,7).

თარგმანი: იხილე, ვითარ ზემოჲთგანითა სიტყჳთა დაუყოფს პირსა მწვალებელთა, რაჲთა ამაო ყოს სიჩქური მათი, რომელნი სწამებენ, ვითარმედ ბოროტ იყო ძუელი იგი შჯული, ამისთჳს მოციქული თჳთ მებრ აწინდელსა ამას ადგილსა პირველად აღამაღლებს ძუელსა, რაჲთა მაღლისა უმაღლეს ყოს ახალი ესე, რამეთუ არა იტყჳს მას მომატყუებელად სიკუდილისა, არამედ მსახურად ოდენ, ვინაჲთგან მომატყუებელ სიკუდილისა ცოდვაჲ იყო, ხოლო შჯული განქიქებითა ცოდვისაჲთა და ბრძანებითა ცოდვასა შთავრდომილთა განპატიჟებისაჲთა, მსახურ სიკუდილისა იქმნებოდა, გარნა ყოველსავე ზედა ესე დასაქენჯნელი არს ჰურიათა უძლურებისაჲ, რომელ ხილულისა მისცა პირისა განქარვებადსა დიდებასა ვერ-შემძლებელ იყვნეს თუალთა შედგმად. ვინაჲცა მოციქული არცა ყოვლად სძაგებს შჯულსა, რომელი-იგი კეთილ იყო ჟამსა თჳსსა, არამედ ქებითა მისითა პირსა დაუყოფს მმაგებელთა მისთა; არცა კუალად უმეტეს ზომისა აქებს, რაჲთა არა მიზეზ-სცეს ვიეთმე ქრისტიანობასა შინა ძიებად ჰურიაობისა, რამეთუ არცა დიდებასა მას შჯულისად იტყჳს, არამედ შჯულისმდებელისად, რომლისა-იგი პირისა დიდებისა განქარვებადობაჲ შჯულისა მის მიერისა დაჴსნასა და განქარვებასა წინა-გჳქადაგებდა.

მოციქულისაჲ: რავდენ-მე არა უფროჲს მსახურებაჲ იგი სულისაჲ იყოს დიდებით? (3,8).

თარგმანი: ვითარ-იგი მსახურებად სიკუდილისა უწოდა შჯულსა, ეგრეთვე შემსგავსებულად მისსა მსახურებად ცხორებისა თანა-ედვა წოდებად მადლისა; არამედ იგი ამას დაიდუმებს და უზეშთაესითა სახელითა სახელ-სდებს, რომელ არს მსახურებაჲ სულისაჲ, რამეთუ სულსა წმიდასა აქუს ჴელმწიფებაჲ მინიჭებად ცხორებისა, ხოლო მსახურება სულისა ეწოდების ახალსა ამას შჯულსა, ვითარცა წინაგანმამზადებელსა და ღირს მყოფელსა სულისა წმიდისა მოფენისასა.

მოციქულისაჲ: ხოლო უკუეთუ მსახურებაჲ იგი დაშჯისაჲ —დიდება, რავდენ უფროჲს აღემატოს მსახურებაჲ იგი სიმართლისაჲ დიდებითა! (3,9).

თარგმანი: მითვე თანა-შესწორებითა და დიდებად სახელის-დებითა ძუელისაჲთა უმეტეს დიდებულ ჰყოფს ახალსა ამას, რამეთუ მას დიდება უწოდს საშინელებისათჳს, და მსახურება დაშჯისა — მტანჯველობისა მისთჳს ბრძანებათა მისთა გარდამავალთაჲსა, ხოლო ახლისა ამის დიდებისა აღმატებულებად იტყჳს არა ხოლო ცოდვათა განმაქარვებელობასა, არამედ სიმართლისაცა მიმნიჭებელობასა, რამეთუ წმიდა ჰყოფს და მართალ, შვილებად მიუწოდს და მერმეთა მათ კეთილთა დაუსრულებელობასა აღუთქუამს, ვინაჲცა სამართლად სახელ-სდებს მას მსახურებად სიმართლისა, რომელი-იგი განმამართლებელი არს უღმრთოთაჲ.

მოციქულისაჲ: და რამეთუ არღა დიდებულ არს დიდებადი იგი ამით ჯერითა გარდარეულისა მისთჳს დიდებისა (3,10).

თარგმანი: ამას ძუელისა მისთჳს შჯულისა იტყჳს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს ესრეთ: და რამეთუ არა დიდებულ არს დიდებული იგი ამით კერძოჲთა ზეშთა-აღმატებულისათჳს დიდებისა; ესე იგი არს, ვითარმედ არათუ თავით ოჳსით უდიდებელ იყო ძუელი შჯული ჟამსა თჳსსა, ვითარცა-იგი ლამპარი, საჩინოდ მნათობი ღამესა შინა უკუნსა, ხოლო უკუეთუ ახლისა ამის დიდებასა თანა-შევატყუებდე დიდებასა დიდებულისა მისსა, ყოვლად არცაღათუ დიდებად შეირაცხოს დიდებაჲ მისი, ზეშთა-აღმატებულებისათჳს დიდებისა ამისისა, არამედ დაიფაროს და უჩინო იქმნას, ვითარცა ლამპრისა და მთოვარისა და ვარსკულავთა საჩინოებაჲ განზოგებასა დღისასა დაიფარნიან, არათუ უნდოებისაგან თჳსისა, არამედ ზეშთა-აღმატებულისა მისგან კრთომისა შარავანდედთა მზისათა, რამეთუ ამით კერძოჲთა რაჲ თქუა, ესე ცხად ყო, ვითარმედ ამის ოდენ კერძოჲსგან დაიფარვის და უჩინო იქმნების დიდებაჲ იგი ძუელისაჲ მის, რაჟამს თანა-შეატყუა ახალსა ამას; არათუ უნდოებისაგან თჳსისა, არამედ ზეშთა-აღმატებულებისაგან ამისისა.

მოციქულისაჲ: ხოლო უკუეთუ განქარვებადი იგი იყო დიდებით, რავდენ უფროჲს რომელი-იგი ჰგიეს დიდებით (3,11).

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო ორნი აღმატებულებანი თქუნა ახლისანი ძუელისა მის თანა შეტყუებისაგან, პირველად მისი ჴორციელობაჲ და ამისი სულიერობაჲ, ვითარ იგი ქვასა ზედა მელნითა, ხოლო ესე გულთა ზედა მწერალ არს სულითა, ხოლო მეორედ ვითარ უზეშთაესი დიდებაჲ აქუს ამას, ყოვლად შეუსწორებელად აღმატებული მისისა დიდებისაგან, ხოლო აწ მესამედ ზეშთა აღიყვანებს ქებასა ამისსა, მისითა განქარვებადობითა, ხოლო ამისითა განუქარვებელობითა.

მოციქულისაჲ: ვინაჲთგან უკუე გუაქუს ესევითარი სასოებაჲ, მრავალი განცხადებულებაჲ ვიჴუმიოთ (3,12).

თარგმანი: შეეშინა სიზრქესა მსმენელთასა, ნუუკუე ესმოდის რაჲ ახლისა ამის დიდებისა აღმატებულებაჲ, ნუ სადა ხილული ესე ოდენ ჰგონონ აწინდელი. ამისთჳს ყოფადისა მიმართ წარავლენს სასოებისა საუკუნეთა კეთილთაჲსა, და ეტყჳს, ვითარმედ: ვინაჲთგან ესევითარისა საუკუნოდ წარუვალისა დიდებისა სასოებითა აღსავსე ვართ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, მრავალი კადნიერებაჲ ვიჴუმიოთ. ესე იგი არს, ფრიადითა — კადნიერებითა ქადაგებაჲ სიტყუასა ამას ცხორებისასა.

მოციქულისაჲ: და არა ვითარ-იგი მოსე საფარველი დაიბურის პირსა თჳსსა, რაჲთა არა ხედვიდენ ძენი ისრაჱლისანი დასასრულსა მას განქარვებისასა (3,13).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ვინაჲთგან დიდებულებაჲ ესე და ბრწყინვალებაჲ ახლისაჲ ამის არა მომწყლველი არს სახედველთაჲ, ვითარ-იგი მოსეს პირისა ხილვაჲ ისრაიტელთაჲ, არცა რას ავნებს თუალთა ჴორციელთა ანუ გონებისათა, რამეთუ რაოდენ ქადაგებაჲ ესე უმაღლეს არს ძუელისა მის, ეგოდენ მოწაფენი და მსმენელნი ამის ქადაგებისანი უაღრეს არიან მსმენელთა მათ და მოწაფეთა ძუელისა მის შჯულისათა. ხოლო შენ დასასრული რაჲ განქარვებისაჲ გესმეს, გულისჴმა-ყავ, ვითარმედ წუთ-ჟამობასა იტყჳს ძუელისა მის შჯულისასა, რომლისაჲ-იგი სიმრავლე წელთაჲ დაუსრულებელობასა თანა ახლისა ამის მადლისასა დაწყებასავე თანა მყის დასასრულად განქარვებისა იწოდების.

მოციქულისაჲ: არამედ-დაბრმეს გონებანი მათნი, რამეთუ ვიდრე დღენდელად დღედმდე იგივე საჭურველი საკითხავსა მას ზედა ძუელისა შჯულისასა ჰგიეს აღუძრცუელად, რამეთუ ქრისტეს მიერ განქარდების (3,14).

თარგმანი: ესე იყო სიბრმე გონებისა მათისაჲ, რამეთუ არა ხოლო მაშინ დიდებასა მოსეს პირისასა ვერ შეუძლებდეს განცდად, არამედ ვერცაღა აწ ძალსა შჯულსა შინა წერილთა მათ სიტყუათასა ვერ შემძლებელ არიან გულისჴმის-ყოფად, რომელ-ესე არს საბურველისა აღუძრცუელად ზედა-მდებარეობაჲ, რაჟამს მას შინა წერილსა მას ძალსა ვერ გულისჴმა-ჰყოფდენ, ვითარ-იგი იტყჳს მოციქული უსაკუთრესად ესრეთ, ვითარმედ: იგივე საბურველი საკითხავსა მას ზედა ძუელისა შჯულისასა ჰგიეს არა-აღპყრობილად, ვითარმედ ქრისტეს მიერ განქარდების. ესე იგი არს, ვითარმედ მას შინა წერილი იგი სიტყუაჲ ვითარცა საბურველითა დაფარული არა აღპყრობილ არს მოჴდითა საბურველისაჲთა, რაჲთამცა ესე განეცხადა მათ თჳთ მისვე შჯულისაგან, ვითარმედ: შჯული იგი ძუელი ქრისტეს მიერ განქარდების. ხოლო სიტყუაჲ იგი, ამის პირისათჳს შჯულსა შინა დაწერილი მოსეს მიერ, ესე არს, ვითარმედ წინაჲსწარმეტყუელი აღგიდგინოს უფალმან ღმერთმან ძმათაგან თქუენთა, ვითარ-ესე მე; მისი ისმინეთ, ყოვლისა მისებრ, რომელი გამცნოს თქუენ. ესე იგი არს, ვითარმედ, დაღაცათუ წინააღმდგომი რაჲმე იყოს ჩემისა ამის შჯულის-დებისაჲ, ყოველივე მისი ისმინეთ; ვითარ-იგი იყო დაჴსნაჲ შაბათთაჲ სენთა კურნებითა მათ შინა, და ესრეთ სიტყუაჲ, ვითარმედ: "ითქუა პირველთა მათ მიმართ ესე რაჲმე" (). ხოლო მე გეტყჳ თქუენ ამას რასმე, სიძულილისათჳს არა-განტევებასა ცოლთასა, და არა ხოლო ერთსა ტაძარსა შინა შემოწერად მსხუერპლთა შეწირვისა, არამედ ყოვლისა სოფლისა წმიდათა ეკლესიათა, და უფროჲსღა ყოველსა ადგილსა შეწირვად, არა საცხოვართა პირუტყუთა, არამედ სიტყჳერსა მსხუერპლსა ქებისა და აღსაარებისასა. ესე არს ქრისტეს მიერი განქარვებაჲ შჯულისა მის ძუელისაჲ, რომელი-იგი უმეტეს ამით საქებელ არს, რამეთუ თჳთ მასვე შინა წერილ იყო დაჴსნადობაჲ მისი, რომლითა ცხად არს, ვითარმედ არა ხოლო ხილულთა საქმეთა შინა დაშთებოდა და მაშინ ქმნილთა, არამედ უხილავთა და ყოფადთაცა მომასწავებელ იყო.

კჳრილესი: ქრისტე არს განმაქარვებელ საბურველსა აჩრდილთა და სახეთასა, რამეთუ იგი არს ჭეშმარიტებაჲ და აღსრულებაჲ სახეთა და წინამოსწავებათაჲ.

მოციქულისაჲ: არამედ დღენდელად დღედმდე, რაჟამს აღმოიკითხვის მოსესთჳს, საბურველი გულსა მათსა მეს (3,15).

თარგმანი: ამათ სიტყუათა მიერ ცხად ჰყოფს, ვითარმედ არა დაფარულებაჲ და სიღრმე სიტყუათა შჯულისათაჲ ექმნებოდა მიზეზ. ვერ გულისჴმის-ყოფისა, არამედ სიბრმე გონებათა მათთაჲ; ამისთჳს, რაჟამს ვთქუ საკითხავსა ზედა დებაჲ საბურველისაჲ, არა მას მივაჩემე სიღრმე და უცნაურებაჲ, არამედ გულთა მკითხველთა და მსმენელთა მისთასა, რამეთუ საბურველიცა იგი, რომელი დაიბურის მოსე, არა ამისთჳს იყო, რამეთუ იგი მათდა ხედვად ვერ შემძლებელ იყო, არამედ რამეთუ ერი იგი მისდა ხედვად ვერ შემძლებელ იყვნეს. ამით ესევითარითა გულისჴმის-ყოფითა ჯერ-არს არა შჯულისაჲ, არამედ მსმენელთა და მკითხველთა მისთა სიბრმისა და უგულისჴმოებისათჳს ბრალობაჲ. ხოლო მოსედ აწინდელსა ამას ადგილსა მოციქული წიგნსა მას უწოდს მეორისა შჯულისასა, აღწერილსა მოსეს მიერ.

მოციქულისაჲ: ხოლო რაჟამს მოიქცეს უფლისა, მოეძარცუვის საბურველი იგი (3,16).

თარგმანი: ვინაჲთგან მოქცევად უფლისა უწოდს განყენებასა შჯულისაგან, ამისთჳს ვიდრე აღსასრულადმდე ჯერ-არს მიდევნებაჲ თხრობისა წესთა შემდგომობისაჲ. ესე იგი არს, რამეთუ რაჟამს ჰურიათა ეზრახებოდის მოსე, მაშინ უჴმნ დაბურვაჲ პირისაჲ, ხოლო რაჟამს ღმერთსა ჰზრახავნ, მოიძარცჳს საბურველი იგი და ესევითარითა სახითა ჰურიათა სახე იყო მოსე, რამეთუ ჰურიანიცა ვიდრემდის შჯულსა შედგომილ იყვნენ, ზედა-აც მათ საბურველ არა შემნდობელი გულისჴმის-ყოფით განცდად ძალსა სიტყუათა მისთასა. ხოლო რაჟამს-იგი დაუტეონ და მოიქცენ უფლისა, მოეძარცუების მათ საბურველი იგი უგულისჴმოებისაჲ, და მიეცემის ძალი ხედვად მისსა, რომელი-იგი უბრძანებს თჳსსა დატევებასა და ქრისტეს შედგომასა.

მოციქულისაჲ: ხოლო უფალი სულ არს (3,17).

თარგმანი: რაჲთა არავის უგუნურთა მსმენელთაგანსა საგონებელ უჩნდეს, ვითარმედ: ვინაჲთგან მოსე უფლისა მიმართ მოგუაქცევდა, ხოლო პავლე — სულისა, ნუუკუე და ესე უდარეს მისსა არს? — ამას იჭუსა განაქარვებს და ეტყჳს, ვითარმედ: ნუ გეშინინ უდარესობისათჳს მისისა, რომელსა მოუჴდები და რომლისა მიერ ნათლისღებასა მიემთხუევი; უფროჲსღა ნათლისღებისა მიერ საკუთარ მისსა და მიმღებელ იქმნები, ესე იგი არს სული წმიდაჲ, რომელი უფალ არს და თანაარს მამისა და ძისა, თანამოსაყდრე და მათ თანა თაყუანის-საცემელ, უფროჲსღა ერთ, თაყუანისცემითა და მეუფებითა.

მოციქულისაჲ: ხოლო სადა სული უფლისაჲ, მუნ აზნაურებაჲ არს (3,17).

თარგმანი: აზნაურებაჲ თქუა თანა-შეტყუებითა შჯულისაჲთა, რამეთუ მუნ უღელი იყო მონებისაჲ, ხოლო სარწმუნოებასა შინა ქრისტესსა სულისა მიერ წმიდისა მიმადლებული თავისუფლებაჲ და აზნაურებაჲ.

მოციქულისაჲ: რამეთუ ჩუენ ყოველნი განცხადებულითა პირითა დიდებასა უფლისასა განვიცდით (3,18).

თარგმანი: უსაკუთრეს "განცხადებულისა" არს განღებულითა პირითა. ესე იგი არს, ვითარმედ: მორწმუნეთა ქრისტესთა არცა ერთი რაჲ საბურველი უჴმს, არამედ განღებულითა და არა მსგავსად ისრაიტელთა დაბურვილითა პირითა განვიცდით დიდებასა ღმრთისასა.

მოციქულისაჲ: მასვე ხატსა მივიცვალებით დიდებითი-დიდებად, ვითარცა-იგი უფლისაგან სულად (3,18).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ესოდენ განგუწმედს სულისა მიერ საბანელი იგი, ვიდრემდის, ვიხილოთ რაჲ დიდებაჲ უფლისაჲ, მყის მსგავს ვიქმნებით სპეტაკობასა ვეცხლისასა, რომელსა-იგი, რაჟამს ზედა-დაადგრეს შარავანდედი მზისაჲ, არა ხოლო თჳთ განბრწყინდების, არამედ სხუათა მიმართცა განუტევებს შარავანდედთა, მსგავსად მზისა. ხოლო ესე სიტყუაჲ, დაღაცათუ მოციქულთა და ყოველთა მსგავსად მათსა განწმედილთა თჳს-ეყვის, არამედ აწ ყოველთა იზიარებს, ვითარმედ ჩუენ ყოველნი მასვე ხატსა მივიცვალებით, ესე იგი არს, ვითარმედ, რომელთაცა გუენებოს და რომელნი მოსწრაფე ვიქმნნეთ ღირსებით განწმედად თავთა თჳსთა, დიდებითი-დიდებად, ცხად არს ვითარმედ, დიდებულებისა მისგან სულისა წმიდისა, რომელი მოვიღოთ დიდებად გუამთა ჩუენთა ხატებად მისსა შეცვალებულთა, რაჲთა, ვითარ-იგი არს ბრწყინვალებაჲ მისი, მისდავე სახედ ბრწყინვალე იქმნეს გუამი ჩუენი. რამეთუ ესე დიდება არს, რაჟამს თჳთ ბრწყინვალე იქმნეს, ხოლო რაჟამს სხუათა მიმართცა განჰფენდეს შარავანდედთა ბრწყინვალებისათა, ესე დიდებითი-დიდებად შეცვალებაჲ და ჭეშმარიტად ნიჭთა ნუგეშინისმცემელისა მის სულისათა შემსგავსებული, ვითარ-იგი უსაკუთრესად ითქუმის, ვითარმედ: ვითარცა უფლისაგან სულისა. ესე იგი არს, ვითარმედ: ესოდენ მდიდარ იყოს მის მიერი იგი შეცვალებაჲ ჩუენი, რაოდენ შეეტყუეების ბუნებით უფალსა სულსა, და სხუათა განთავისუფლებასა თანა მონებისაგან, ფლობისაცა მიმნიჭებელსა, რაჲთა იყვნენ იგინი მადლით მეუფე და მფლობელ ვნებათა და ეშმაკთა, რომელთადა-იგი პირველ დამონებულ იყვნეს ესრეთ უკუე უფალ წოდებითა სულისაჲთა, პირი დაუყო მწვალებელთა, რომელნი-იგი დააკნინებენ მას, ამისთჳს მოციქულმან ბუნებითი იგი დაუმდაბლებელი დიდებაჲ მისი ქადაგა, ვითარ-იგი არა ხოლო თჳთ უფალ და მეუფე არს ბუნებით, არამედ რომელნი მოუჴდენ მას, მათცა თავისუფალ ჰყოფს მონებისაგან, და მადლით ღმერთ და მეუფე მათდა, რომელნი-იგი პირველ ჰმძლავრობდეს მათ.