მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი ე̂. საღმრთოჲსა დიდებისათჳს და წმიდისა მოქალაქობისა, და ვითარმედ "წმიდათა მიერ იცნობები"

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

მოციქულისაჲ: ამისთსჳს მაქუს ჩუენ მსახურებაჲ ესე, ვითარცა შევიწყალენით და არა გუეწყინების (4,1).

თარგმანი: დაღაცათუ უპირატეს უკუე მოციქულთა შეეტყობოდეს სიტყუანი ესე, არამედ წესითა სიტყჳსაჲთა ყოველნი მორწმუნენი თანა-იზიარნა მოციქულმან სიმდიდრესა ნიჭთასა, ვითარცა თანამხილველნი დიდებისანი, მასვე ხატსა და ბრწყინვალებასა დიდებითი-დიდებადსა შეცვალებულნი. ამისთჳს აწ მსახურებასაცა იზიარებს და იტყჳს, ვითარმედ: "ამისთჳს..." რაჲსა ამისთჳს? — გარნა სიმდიდრისათჳს ზემო წარმოთქუმულთა ამათ ნიჭთაჲსა უწყინოდ გჳპყრიეს მსახურებაჲ ესე. არა ღირსებათა ჩუენთათჳს, არამედ ღმრთისა მიერთა წყალობათაგან ჩუენდა მოცემული; და არა მოწყინე ვიქმნებით ჭირთა და დევნულებათათჳს, რომელნი შეგუემთხუეოდინ მსახურებასა ამას შინა, რომელ არს კადნიერებით ქადაგებაჲ სახარებისაჲ.

მოციქულისაჲ: არამედ განვიშორენით დაფარულნი იგი სირცხჳლისანი (4,2).

თარგმანი: ესე არს დაფარული სირცხჳლისაჲ, რაჟამს კაცი ესევითარსა რასმე იქმოდის ფარულად, რომელი-იგი სირცხჳლსა მოატყუებდეს განცხადებულად, და სხუაჲ თქუას სიტყჳთ, ხოლო სხუაჲ ქმნას საქმით, რომელი-ესე წმიდათა წესისაგან სრულიად განგდებულ არს, რამეთუ არარას იქმან ეგევითარსა ფარულად, რომელიმცა სირცხჳლსა მოატყუებდა განცხადებულად, და არა ხოლო საქმითსა, არამედ გონებითსაცა იოტებენ ცოდვასა. და ესრეთ, ყოვლად სიწრფოებით ვლენ ოტებითა ყოვლისა სივერაგისა და გულარძნილებისაჲთა, რამეთუ ესე ცრუმოციქულთა და ცრუმომღუართა საქმე არს, რაჲთა დაფარულსა სიბოროტესა საქმეთა გინა გონებათა მათთასა გულარძნილებითა მით სიტყუათა და გონებათა მათთაჲთა ჰფარვიდენ, და სხუებრ მყოფნი სხუებრ ყოფასა აჩუენებდენ.

მოციქულისაჲ: და არა ვალთ ჩუენ ვერაგობით, არცა მზაკუავთ სიტყუასა ღმრთისასა (4,2).

თარგმანი: ესე არს ვერაგობით სლვაჲ, რაჟამს სავაჭრო ჰყოფდეს სიტყუასა მას ცხორებისასა, და რასაცა იქმოდის, ყოველსავე შესაძენელად და ღონედ საჴმართმოყუარებისა და დიდებისმოყუარებისა იქმოდის, ხოლო ზაკუვაჲ სიტყჳსა ღმრთისაჲ არს, რაჟამს ჟამთა და პირთა მიმართ სცვალებდეს სიტყვასა; ოდესმე — ამის, ხოლო ოდესმე იმის რაჲსმე ქადაგებითა, რომელი-ესე საქმე იყო ცრუმოციქულთა და ცრუმოძღუართაჲ.

მოციქულისაჲ: არამედ განცხადებულებითა ჭეშმარიტებისაჲთა წარუდგინებთ თავთა თჳსთა ყოვლისა მიმართ გონებისა კაცთაჲსა წინაშე ღმრთისა (4,2).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: არა რომელსამე ვფარავთ და რომელსამე ვიტყჳთ, რამეთუ არარაჲ არს ჩუენ თანა დაფარული ანუ ღირსი დაფარვისაჲ, არამედ, განცხადებისათჳს ჭეშმარიტებისა, ვითარნიცა-ესე ვართ, ეგევითარად წრფელად წინა-დაუდებთ თავთა ჩუენთა ყოველსავე სჳნიდისსა კაცთა ურწმუნოთა და მორწმუნეთასა, რამეთუ დაღაცათუ რაჲმე დაუფაროთ კაცთა, ყოველივე იგი ცხად არს წინაშე ღმრთისა, ყოვლისა მხედველისა.

მოციქულისაჲ: ხოლო უკუეთუ არს დაფარულ სახარებაჲ ესე ჩუენი, წარწყმედულთა მათ შორის არს დაფარულ (4,3).

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო თქუა ყოვლისა მიმართ გონებისა კაცთაჲსა განცხადებულ ყოფაჲ, რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ: "რაჲსა არა ყოველთა უწყიან? — ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: ყოველთავე წინა-უც, ხოლო რომელნი ვერ ხედვენ, ესენი ურწმუნოებითა დაბრმდებიან. ხოლო წარწყმედულად უწოდს მოციქული ყოველთა, რომელნი გარე განვარდებიან არვისაგან ქრისტესისა; გინა თუ ყოვლად პირველითგან ურწმუნო იყვნენ, ანუ თუ სარწმუნოებისაგან მიქცეულ იყვნენ. გარნა აწინდელი ესე სიტყუაჲ მისი დასაბამითგან ურწმუნოებასა შინა დაშთომილთათჳს არს.

მოციქულისაჲ: რომელთანი-იგი ღმერთმან ამის სოფლისათა დაუბრმნა გონებანი ურწმუნოთანი (4,4).

თარგმანი: ვინაჲთგან სიტყუაჲ ესე ესრეთ უსაკუთრეს არს, ვითარმედ: რომელთანი-იგი ღმერთმან სოფლისამან დაუბრმნა გონებანი ურწმუნოთანი, ამის მიზეზისათჳს მარკიანელთა ესე სიტყუაჲ ღმერთსა მიაჩემეს საქმედ, მართალსა ოდენ, და არა სახიერსაცა; რამეთუ იტყჳან იგინი ღმერთსა ვისმე მართალსა ოდენ, ხოლო არა სახიერსა; და კუალად, მანიქეველნი ვინაჲთგან ორთა იტყჳან დასაბამთა დაბადებისათა, ერთსა კეთილსა და მეორესა ბოროტსა, ამისთჳს ეშმაკსა მიაჩემეს სიტყუაჲ ესე, რომლისა დაბადებულად აზმნიან სოფელსა ამას, ფრიად უგუნურებით და ამაოდ. რამეთუ წმიდათა წერილთა ჩუეულებაჲ აქუს მრავლისა რაჲსმე ღმრთად წოდებად; არა თუ სიმრავლისათჳს ღმერთთაჲსა, რამეთუ ერთ არს ღმერთი სამგუამოვანი და ერთარსი, არამედ უძლურებისათჳს ესევითარისა მის დამორჩილებულთაჲსა, ვითარ-იგი უფალ უწოდიან მამონას და ღმერთ — მუცელსა; გარნა სახელითა ამით არცა მამონა უფალ არს, არცა მუცელი — ღმერთ. ვინაჲცა, უკუეთუ, სიტყჳსაებრ მათისა, ვინმე ამას სიტყუასა ეშმაკისათჳს თქუმულად გულისჴმა-ჰყოფდეს, ვითარმედ "ღმერთმან სოფლისამან", ესე იყავნ აღსაჴსნელ მისსა, ვითარმედ: ღმერთ ამის სოფლისა ურწმუნოთა თუ იწოდოს ეშმაკი, ესრეთ იწოდების, ვითარცა მამონა უფალ და მუცელი — ღმერთ; ეგრეთვე ეშმაკიცა — ღმერთ. ხოლო ჩუენ ამას ვიტყჳთ, ვითარმედ არა ეშმაკისათჳს თქმულ სიტყუაჲ ესე, არამედ ღმრთისა ჭეშმარიტისათჳს, და ესრეთ წარიკითხვის, ვითარმედ: ურწმუნოთა ამის სოფლისათანი ღმერთმან დაუბრმნა გონებანი, რამეთუ საწუთროსა ამას ოდენ სოფელსა იპოებიან ურწმუნონი, ხოლო მერმესა მას ყოველთა ჰრწმენეს და აღიარონ ღმრთეებაჲ მისი, და მისსა მოდრკეს ყოველი მუჴლი.

ხოლო უკუეთუ ვინმე სხუებრ წარიკითხვიდეს სიტყუასა ამას, არცა ეგრეთ ეპოების ადგილი რაჲმე ძჳრისსიტყჳსაჲ მტერთა ჭეშმარიტებისათა, რაჟამს ესრეთ ითქუმოდის, ვითარმედ: "ღმერთმან ამის სოფლისამან", რამეთუ, ვითარ-იგი გესმოდის რაჲ "ღმერთი ცათაჲ", არა ხოლო ცათა, არამედ ცათა და ქუეყანისა და ყოველთა დაბადებულთა ღმრთად გიცნობიეს იგი. და კუალად, "ღმერთი აბრაჰამისი, ისაკისი და იაკობისი" () რაჲ ითქუას, ზოგად ყოველთა კაცთა ღმერთ არს და არა მათდა ოდენ. ეგრეთვე "ღმერთი ამის საუკუნოჲსაჲ" იგივე არს ღმერთ მერმისაცა საუკუნოჲსა. ხოლო დაბრმობაჲ რაჲ გესმას, გულისჴმა-ყავ, ვითარმედ მიშუებასა მისსა მისდა — საქმედ სახელ-ედების, ვითარ-იგი სხუასა ადგილსა თქუმულ არს: "მისცნა იგინი გამოუცდელსა გონებასა" (), რამეთუ ვინაჲთგან იძულებით არავის მოიყვანებს, არამედ ყოველთავე ნებსით ეძიებს, ამისთჳსცა, რომელთა არა უნდეს მოსლვაჲ გინა ხედვაჲ მისი, მათ მიუშუებს ქმნად თჳთმფლობელობით, და მიშუებასა მას და დატევებასა მისსა უნებლიეთ შეუდგს სიბრმე და წარწყმედაჲ, რამეთუ ყოველი ნათლისაგან დაკლებული ბნელ არს. ხოლო ვინაჲთგან უიძულებელ არიან მადლნი და ჩინებანი მისნი, ამისთჳს არა-მნებებელთა მათ მისთა და არა-მრწმუნებელთა მიშუებაჲ და დატევებაჲ მის მიერად დაბრმობად ითქუმის, დაკლებითა და განყოფითა მისგან.

მოციქულისაჲ: რაჲთა არა გამოუბრწყინდეს მათ ნათელი იგი სახარებისა დიდებისა ქრისტესი (4,4).

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: რაჲთა არა აღმოუცისკრდეს მათ ნათელი სახარებისა დიდებისა ქრისტესი; რამეთუ სარკითა ხედვასა ამას და ზოგებით მცირედ ცნობასა ცისკარ ეწოდების, დღესა მას თანა მერმისა მის საუკუნოჲსა კეთილთა და გულისჴმის-ყოფათა უსრულესობისასა. ხოლო შენ იხილე, ვითარ პირველი დაბრმობაჲ ურწმუნოებითა დაბრმობილთაჲ მათ საქმე იყო, რომლისაჲ უიძულებელობაჲ და მიშუებაჲ რეცა თუ ღმრთისად სახელ-იდვა. ხოლო იგინი რაჲ დაბრმეს, მიერითგან ღმერთმან მიშუებასავე თანა არღარა აღმოუცისკრა ჩუენებად მათდა ნათელი სახარებისა დიდებისა ქრისტესი, სიტყჳსაებრ მისგან ჩუენდა ბრძანებულისა არა-დაფენად მარგალიტსა ჩუენსა წინაშე ღორთა; არამედ ჩუენდა ოდენ მორწმუნეთა ჯერარს აწ ხედვაჲ ცისკრისა და სარკისაჲ, და ყნოსად სული ოდენ მეცნიერებისაჲ, ვიდრემდის მივიწინეთ მერმისა მის საუკუნოჲსა დღესა და პირსა პირისპირ, და უმახლობელესად განვიცადოთ წყაროჲ იგი, აღმომაცენებელი მიჰრონთაჲ. ხოლო დიდებად ქრისტესა სახარებასა უწოდს, რამეთუ იდიდების ქრისტე მრავლით კერძო: დამბადებელობისაგან და მპყრობელობისა დაბადებულთაჲსა და ცხოველსმყოფელობისაგან ყოველთაჲსა, ხოლო უფროჲსღა — ჯუარისა მიერ, რომლისა ქადაგ არს სახარებაჲ.

მოციქულისაჲ: რომელი-იგი არს ხატი ღმრთისა უხილავისაჲ (4,4).

თარგმანი: უჩუენებს, ვითარმედ ურწმუნონი არა ხოლო ქრისტეს დიდებასა უმეცარ არიან, არამედ მამისასაცა; რამეთუ, ვითარ-იგი რომელმან ესე იხილოს, მამაჲ უხილავს, ეგრეთვე ამისისა ხედვისაგან განჴუებული მამისაცა ხედვისაგან განჴუებულ არს. რამეთუ ყოველსავე ადგილსა ჩუეულებაჲ აქუს მოციქულსა ხატად მამისა წოდებად ძისა, ვითარ-იგი იტყჳს, ვითარმედ: "შჯულსა აჩრდილი ოდენ აქუნდა ყოფადთა მათ კეთილთაჲ" (). არა თჳთ იგი ხატი საქმეთაჲ. ამას თანა ამასცა ცხად-ჰყოფს ურწმუნოთა მიმართ, ვითარ რომელსა-ესე თქუენ შეურაცხ-ჰყოფთ ვითარცა ჯუარცუმულსა, ესე თჳთ იგი არს ხატი ღმრთისა უხილავისაჲ, რომლისა შორის იხილვების მამაჲ; ვითარ თჳთ თავადი იტყჳს, ვითარმედ: "რომელმან მიხილა მე, იხილა მამაჲ" ().

მოციქულისაჲ: რამეთუ არა თუ თავთა თჳსთა ვქადაგებთ, არამედ ქრისტესა იესუს, უფალსა (4,5).

თარგმანი: ესე არს ზემო თქუმული ზაკუვაჲ სიტყჳსა ღმრთისაჲ, რაჲთა თავსა თჳსსა დიდებასა მოუყიდდეს სახარებითა ქრისტესითა. ამისთჳს აწ იტყჳს, რაჲთა არცა ვინ თავსა თჳსსა იკადრებდეს ქადაგებად, რაჲთამცა მათგან სახელ-იდებოდეს მოწაფენი ქრისტესნი, ვითარ-იგი პირველსა ებისტოლესა შინა ამხილებს მათ, რომელნი იტყოდეს, ვითარმედ: "მე პავლესი ვარ, მე — აპოლლოჲსი, მე — კეფაჲსი" (), რომლითა განაქიქებს ცრუმოძღუართა მათ და ცრუმოციქულთა, რომელნი-იგი თჳსითა სახელითა სახელ-სდებდეს მოწაფეთა მათ. და კუალად, ამასვე სიტყუასა საშიშ ჰყოფს, ვითარ-იგი მოძღუართათჳს, რაჲთა არავის უწოდდენ თჳსად, არამედ ქრისტე იესუჲსდად, რომელსა იგინი ქადაგებენ; ეგრეთვე მოწაფეთათჳს, რაჲთა არავის შეურაცხ-ჰყოფდენ ჭეშმარიტთა მოძღუართაგანსა, რამეთუ ვითარ-იგი პატივი, ეგრეთვე შეურაცხებაჲცა მათი ქრისტესდად მიიწევის, რომლისაცა იგინი ქადაგ არიან.

მოციქულისაჲ: ხოლო თავთა ჩუენთა — მონად თქუენდა იესუჲსთჳს (4,5).

თარგმანი: მონებასავე თანა მიზეზსაცა იტყჳს, ვითარმედ: ამისთჳს ვიტყჳთ თავთა ჩუენთა მონად თქუენდა, რამეთუ ესოდენ შეყუარებულ ხართ ყოველთა მეუფისაგან და მაცხოვრისა იესუჲსსა, ვიდრემდის მანვე პირველ აღმომაბრწყინვებელმან მსოფლიოჲსა ამის ნათლისამან განგანათლნა თქუენ.

მოციქულისაჲ: ხოლო ღმერთმან, რომელმან თქუა ბნელისაგან ნათელი გამობრწყინვებად (4,6).

თარგმანი: სადა თქუა? — არამედ დასაბამსა სოფლის დაბადებისასა, რაჟამს ბნელ იყო უფსკრულთა ზედა, და თქუა ღმერთმან: "იყავნ ნათელი" (), და იყო ნათელი.

მოციქულისაჲ: რომელმან გამოაბრწყინვა გულთა შინა ჩუენთა განსანათლებელად მეცნიერებისა დიდებისა ღმრთისა წინაშე პირსა იესუ ქრისტესსა (4,6).

თარგმანი: მაშინ თქუა, და იქმნა ნათელი. ხოლო აწ არღარა სიტყჳთ, არამედ თჳთ თავით თჳსით აღმოგჳბრწყინდა; არა ნათლად ხილულთა ოდენ გარეშეთა გუამთა, არამედ უხილავთა გულთა განმაბრწყინვებელად რაჲთა შემძლებელ იყვნენ ცნობად უცნაურთა საიდუმლოთა, რომელ არს დიდებაჲ ღმრთისა მამისაჲ ქრისტე, რომლისა პირი განგუეცხადა ჩუენ განჴორციელებითა და თჳთ თავადი პირითა თჳსითა გუეზრახა ჩუენ, და მის მიერ ვისწავეთ ჭეშმარიტი მეცნიერებაჲ მამისაჲ, რამეთუ, რაჟამს ვიხილეთ ძე, უეჭუელად დაგიმტკიცეთ, ვითარმედ არს მამაჲ, და რამეთუ არა კუმოლვითა და სისხლითა, არამედ სულითა და ჭეშმარიტებითა ეძიებს თაყუანის-ცემასა და რამეთუ სამგუამოვნებით და ერთარსებით ერთ ძალად იმსახურების ღმერთი. იხილე, თუ ვითარ ამათ პირთათჳს სახელ-ედების ძესა დიდისა ზრახვისა ანგელოზ, და თუ ვითარ შეუცვალებელობასა სამგუამოვნებისა შეურევნელობისასა და ერთარსებასა და განუყოფელობასა ღმრთეებისასა განგჳცხადებს პავლე, რამეთუ ნათელ და ნათელ და ნათელ უწოდს წმიდასა სამებასა. ზემო იტყოდა რაჲ სულისათჳს, თქუა: "დიდებასა, ესე იგი არს ნათელსა უფლისასა განვიცდით, მასვე ხატსა მივიცვალებით". კუალად ძისათჳს იტყჳს: "რაჲთა არა გამოუბრწყინდეს მათ ნათელი იგი სახარებისა დიდებისა ქრისტესი", ხოლო აწ მამისათჳს თქუა: "განსანათლებელად მეცნიერებისა დიდებისა ღმრთისა, წინაშე პირსა იესუ ქრისტესსა". ესე იგი არს პირითა მისითა, რომელი-იგი არს დიდისა ზრახვისა ქადაგ.