📋 სარჩევი
მოციქულისაჲ: ხოლო უკუეთუ ქრისტე იქადაგების, ვითარმედ მკუდრეთით აღდომილ არს (15,12).
თარგმანი: აწღა ცხად ჰყოფს, ვითარმედ ზემოჲთგანვე დაწყებითა სიტყჳსაჲთა დასამტკიცებელ გუამთა აღდგომისა ჰყოფს აღდგომასა ქრისტესსა, რამეთუ იგი არს თავი, და ჩუენ — გუამ მისსა. ვინაჲცა უეჭუელად შეუდგს აღდგომასა თავისასა მის თანავე აღდგომაჲ ასოთაცა გუამისათაჲ.
მოციქულისაჲ: ვითარ იტყჳან ვინმე თქუენ შორის, ვითარმედ: აღდგომაჲ მკუდართაჲ არა არს? (15,12).
თარგმანი: იხილე, ვითარ არა ყოველთა, არამედ ვიეთმე ზედა დასდებს ბრალსა ამას, რაჲთა არა სახელის-დებით მხილებითა უმეტეს ურცხჳნო ყვნეს იგინი.
მოციქულისაჲ: უკუეთუ აღდგომაჲ მკუდართაჲ არა არს, არცა ქრისტე აღდგომილ არს (15,13).
თარგმანი: ამას ამისთჳს ეტყჳს, რაჲთა არა თქუან, ვითარმედ: "ქრისტე აღდგომილ არს, ხოლო მკუდარნი არა აღდგებიან", ამისთჳს ორთავე ამათ ურთიერთას დამამტკიცებელ ჰყოფს: ქრისტეს აღდგომასა — მკუდართა აღდგომისა, და მკუდართა აღდგომასა — ქრისტესსა. ხოლო ერთისა ამათგანისა ურწმუნოებაჲ ზოგად ორისავე ურწმუნოება იქმნების.
მოციქულისაჲ: უკუეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ცუდად სამე არს ქადაგებაჲ ესე ჩუენი და ცუდად არს სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი (15,14).
თარგმანი: კუალად ამათცა ურთიერთას შეუდგენს, ვითარმედ: ცუდ იქმნების ზოგად ქადაგებაჲცა ჩუენი სარწმუნოებითურთ თქუენით, უკუეთუ ურწმუნო ვიპოვნეთ აღდგომასა ქრისტესსა და გუამთა ჩუენთასა.
მოციქულისაჲ: ვიპოვენით უკუე ცრუ მოწამეცა ღმრთისა, რამეთუ ვწამეთ ღმრთისათჳს, ვითარმედ აღადგინა ქრისტე, რომელი არა აღადგინა. უკუეთუ ნამდვლვე მკუდარნი არა აღდგებიან (15,15).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: დაიჴსნას რაჲ ქადაგებაჲ ძისაჲ, მის თანა დაიჴსნების მართლგამომეტყუელებაჲცა მამისაჲ, რომელი-ესე ჩუენ ვმეტყუელეთ მისთჳს, ვითარმედ ბუნებითა ღმრთეებისაჲთა აღადგინა მან გუამი იგი ჴორცთა ძისა თჳსისათაჲ.
მოციქულისაჲ: ხოლო უკუეთუ მკუდარნი არა აღდგებიან, არცა ქრისტე აღდგომილ არს; და უკუეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ამაო არს სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი (15,16-17).
თარგმანი: კუალად მათვე სიტყუათა იტყჳს, ვითარმედ: ამისთჳს აღდგა ქრისტე, რაჲთა საზოგადოჲ ყოველთა აღდგომაჲ იქმნას, და უკუეთუ ესე არა იქმნების, არცა სადმე იგი ქმნილ არს.
მოციქულისაჲ: ცოდვათავე სამეღა შინა თქუენთა ხართ აქამომდე (15,17).
თარგმანი: უკუეთუ ქრისტე სიკუდილისა მიერ დაპყრობილ იქმნა, ვითარ სხუანი ცხოველ ყვნეს? და უკუეთუ არცა თჳთ აღდგომილ არს, არცა სხუათა აღადგენს, რად საჴმარ იყო ჯუარცუმისა მიერ მოკლვაჲ ცოდვისაჲ? რამეთუ, უკუეთუ ცოდვაჲ მოუკლავს, ცხად არს, ვითარმედ — სიკუდილიცა; ხოლო უკუეთუ სიკუდილი ცხოველ არს, მასვე ცოდვათა თანამდებობასა შინა დაშთომილ არს ნათესავი კაცთაჲ.
მოციქულისაჲ: და შესუენებულნიცა იგი ქრისტეს მიერ წარ-ვე-სამე-წყმდენ (15,18).
თარგმანი: აქაცა დაძინებული უსაკუთრეს არს შესუენებულისა, რამეთუ ძილისა მიერ წინა-გზა-ჰყოფს აღდგომისათჳს. ხოლო ქრისტეს მიერ დაძინებულად მათ უწოდს, რომელნი-იგი სახელისათჳს ქრისტესისა ბევრეულთა ღუაწლთა მიერ იწამნეს. ვინაჲცა ცუდად სადმე წარუწყმედიეს ესოდენი იგი ღუაწლი მათი, უკუეთუ მკუდარნი არა აღდგებიან.
მოციქულისაჲ: უკუეთუ ამას ხოლო ცხორებასა ვართ მოსავ ქრისტესა, უსაწყალობელეს ყოველთა კაცთასა ვართ (15,19).
თარგმანი: არა ხოლო ამის ცხორებისა, არამედ თჳთ მის ქრისტეს მიმართ სასოებისათჳსცა საწყალობელ ვართ, უკუეთუ მკუდართა აღდგომისა არა მომლოდე ვართ, არამედ საწუთროჲსა ამის დაჴსნადობასა თანა დაჴსნილ ვჰყოფთ ცხორებასა ჩუენსა.
მოციქულისაჲ: ხოლო აწ ქრისტე აღდგა მკუდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესუენებულთა (15,20).
თარგმანი: ვინაჲთგან ჯეროვნად წარმოთქუნა სიტყუანი წინააღდგომითნი, აწ განჩინებით იტყჳს, ვითარმედ: უეჭუელ არს ვითარცა-იგი ქრისტეს აღდგომაჲ, ეგრეთვე მკუდართა აღდგომისაცა უცილობელობაჲ, რამეთუ, რაჲ-იგი ყოს დასაბამმან, იგივე ყოფად არს შემდგომთაცა მისთა ზედა.
მოციქულისაჲ: რამეთუ კაცისა მიერ იყო სიკუდილი და კაცისა მიერ აღდგომაჲ მკუდართაჲ (15,21).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ესე იყო მიზეზი ქრისტეს განჴორციელებისაჲ, რაჲთა კაცისა მიერ შემოსრული იგი სიკუდილი კაცისა მიერვე განჴადოს განკაცებითა თჳსითა და ძლეულივე იგი ყოს მძლე მძლისა თჳსისა.
მოციქულისაჲ: და ვითარცა-იგი ადამის გამო ყოველნი მოსწყდებიან, ეგრეცა ქრისტეს მიერ ყოველნი ცხოველ იქმნნენ (15,22).
თარგმანი: ამით თჳთვე თარგმნის ზემოსა მას სიტყუასა და ძუელსა მას ადამს ჰყოფს შემომყვანებელ სიკუდილისა, ხოლო ახალსა ადამს - უფალსა და მაცხოვარსა ჩუენსა — განმყვანებელ სიკუდილისა.
მოციქულისაჲ: ხოლო თითოეული თჳსითა წესითა (15,23).
თარგმანი: რაჲთა არავინ ჰგონოს, ვითარმედ ყოველთა განცხოველებასა თანა ცოდვილნიცა ცხონდებიან, ამისთჳს ყოველთა განცხოველებასა იტყჳს ყოველთა აღდგომისათჳს, და მერმე ზედა-დაჰრთავს, ვითარმედ: "თითოეული თჳსითა წესითა", ესე იგი არს, ვითარმედ ყოველნი აღდგებიან, ხოლო თითოეულსა მიეგების საქმეთაებრ თჳსთა.
მოციქულისაჲ: პირველად ქრისტე, და მერმე ქრისტესნი იგი მოსლვასა მას მისსა (15,23).
თარგმანი: ვითარ-იგი უსაკუთრეს არს: დასაბამ ქრისტე, მერმე ქრისტესნი. ესე იგი არს, ვითარმედ: დაღაცათუ მრავალნი აღდგეს თჳთ მის თავადისა ქრისტეს და წინაჲსწარმეტყუელთა და წმიდათა მისთა მიერ, არამედ კუალად მოკუდეს. ხოლო საუკუნოჲსა მის დაუსრულებელისა აღდგომისა პირმშო დასაბამ იქმნა ქრისტე, ვინაჲცა არა მყის, არამედ შემდგომად ჟამთაღა შეუდგებიან ესევითარითავე აღდგომითა მის მიერ აღდგინებულნი მეორედ მოსლვასა მას მისსა, რამეთუ ქრისტესდად უწოდს წმიდათა, უმეტესისათჳს საკუთრებისა მათისა მისდა მიმართ, რომელნი-იგი ჟამსა მას მეორედ მოსლვისა მისისასა უპირატეს ცოდვილთასა აღდგენ, რაჲთა უსწრონ მიგებებად უფლისა, აღტაცებულთა ღრუბლისა მიერ.
მოციქულისაჲ: მაშინღა აღსასრული (15,24).
თარგმანი: ვინაჲთგან ზემო თქუა, ვითარმედ ზეცით გამოჩინებასა მას მეორედ მოსლვისა უფლისასა, პირველად მორწმუნენი და მართალნი, და რომელნი მოელოდნეს მოსლვასა მისსა ჯეროვნითა წინა-განმზადებითა თავთა თჳსთაჲთა, ესენი წმიდათა თანა აღიტაცნენ მიგებებად უფლისა. ხოლო ცოდვილნი და დასაშჯელნი კრებულისა თანა უღმრთოთაჲსა ქუე დაშთენ, რამეთუ რად საჴმარ არს დასაშჯელთაჲ წინა-აღდგინებაჲ მოლოდებად მსაჯულისა. ამისთჳსცა აწ იტყჳს, ვითარმედ: "მაშინღა აღსასრული". ესე იგი არს, ვითარმედ შემდგომად მართალთა ღრუბლისა მიერ აღტაცებისა, მაშინღა იქმნას აღსასრული, ესე იგი არს, აღდგომაჲ ყოველთა კაცთაჲ. რამეთუ არა მსგავსად აწინდელისა ამის ქრისტეს აღდგომისა, შემდგომად ქონებულისა ამის ფლობისა, ჴელმწიფებაჲ აქუნდეს კაცად-კაცადსა ქმნად, რაჲცა ენებოს, არამედ მაშინ აღსასრული იქმნას ყოველთა კაცობრივთა მოქმედებათაჲ, და დაუსრულებელი დაწყებაჲ საქმეთაებრისა მის მისაგებელისაჲ. ვინაჲთგან ორივე ესე ძალი საკუთარ არს სიტყჳსა ამის, ვითარმედ: "მაშინღა აღსასრული", რამეთუ არა ვიეთიმე აღდგომაჲ იქმნების, არამედ ზოგად ყოველთა ადამისითგან მომკუდართაჲ, და ვითარმედ მაშინ დაესრულების ყოველივე მოქმედებაჲ კაცთა ნათესავისაჲ, რაჲთა მიიღოს თითოეულმან მისაგებელი საქმეთა თჳსთაჲ.
მოციქულისაჲ: რაჟამს მოსცეს სუფევაჲ ღმერთსა და მამასა (15,24).
თარგმანი: ვითარ თუმცა გეკითხა მოციქულისადა, თუ ოდეს ყოფად არს ესე, პავლე მოგიგებს, ვითარმედ: მაშინ, რაჟამს მოსცეს სუფევაჲ ღმერთსა და მამასა. ესე იგი არს, ვითარმედ მაშინღა მიუთუალავს ძე მამასა ყოველთა მათ სისხლითა თჳსითა მოსყიდულთა. არა თუ ვითარმცა თჳთ არღარა აქუნდა ფლობაჲ მათ ზედა, ნუ იყოფინ, რამეთუ დაუსაბამოდ და დაუსრულებელად ერთ არს მეუფებაჲ და ფლობაჲ მათი, არამედ კაცობრივთა ჴორცთა მიერ წარმართებული ძისაჲ ყოველივე მაშინღა მიიღებს სრულებასა.
მოციქულისაჲ: რაჟამს განაქარვნეს ყოველნი მთავრობანი და ჴელმწიფებანი და ძალნი (15,24).
თარგმანი: ესე არს მიცემაჲ იგი და შორის-შემოყვანებაჲ ყოველთა საქმეთაჲ, რომელ ქმნნა ქრისტემან განჴორციელებითა, რამეთუ დაღაცათუ ჯუარსავე ზედა ქმნა განქიქებაჲ და დაშჯაჲ მთავრობათა და ჴელმწიფებათა და ძალთა ეშმაკისათაჲ. არამედ დაღაცათუ ვერღარავის ჰმძლავრობდეს შემდგომად ქრისტეს ვნებისა, გარნა ნებებით და რწმუნებით მოქმედებდეს-ვე ვიეთმე შორის საქმეთა ცოდვისათა. ხოლო მაშინ სრულიად განქარდების და უჩინო იქმნების ძალი მათი, რამეთუ ვერღარას მოქმედებდენ, არამედ ცეცხლსა შინა, მათთჳს განმზადებულსა, საუკუნოდ იტანჯებოდინ. ამას თანა, რომელნი-იგი მაშინ აღდგენ (ცხად არს, ვითარმედ — ყოველნი კაცნი), უშიშ არიან კუალად მეორისა სიკუდილისაგან, და ესრეთ, სიკუდილისაცა სრულიადი განქარვებაჲ იქმნების. და ესე არს მიცემაჲ იგი სუფევისაჲ (ანუ თუ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, მეუფებისაჲ) ღმერთსა და მამასა, რამეთუ არა ვითარცა მძლავრი, თჳთ მხოლოდ მიიხუეჭს ქრისტე მეუფებასა სისხლითა თჳსითა მოსყიდულთასა, არამედ ვითარცა ბუნებით ჭეშმარიტი მეუფე ერთფლობა არს მამისა თანა და სულისა წმიდისა, რომელთაჲ-იგი დაღაცათუ უჟამო და ყოვლად დაუწყებელ არს მეუფებაჲ, არამედ მაშინ უსაკუთრესად ფლობდენ ჩუენ კაცთა ზედა, რაჟამს არღარა განვიყოფებოდით ღმრთისად და სოფლისმპყრობელისად, არცა სათნოებათად და ვნებათად, არამედ ზოგად ყოველნი მეუფებასა ღმრთისასა დავემორჩილნეთ და მის მიერ მოვიღოთ მოსაგებელი საქმეთაებრი და უცვალებელი. ესრეთ უკუე ამით გულისჴმის-ყოფითა თქუმულ არს მოციქულისა მიერ — "რაჟამს მისცეს მეუფებაჲ ღმერთსა და მამასა". პირველად, რამეთუ პატივ-სცემს ძე მამასა, ვითარცა პირველსა მიზეზსა და მშობელსა, და თჳსითა განჴორციელებითა ქმნილსა განქარვებასა სიკუდილისა და ეშმაკისა და ცოდვისასა მაშინ შორის-შემოიღებს, რამეთუ მაშინღა ყოფად არს სრულიადი განქარვებაჲ ამათ ყოველთაჲ, და აღდგომითა თჳსითა მის თანა საუკუნოდ აღდგომილთა მათ, ერთმეუფება თჳსსა ჰყოფს მამისა თანა სულით წმიდითურთ, რომელთაჲ ერთ არს უფლებაჲ და ღმრთეებაჲ წმიდისა სამებისაჲ.
კჳრილესი: ესე არს მიცემაჲ მეუფებისაჲ ღმერთსა და მამასა, რაჟამს ტყუედ წარყვანებულნი იგი მძლავრისაგან, განთავისუფლებულნი მიიყვანნეს ძემან მამისა თჳსისა.
გრიგოლი ღმრთისმეტყუელისაჲ: ესე არს განქარვებაჲ მთავრობათა ეშმაკისათაჲ, რაჟამს სრულიად დასცხრეს ჩუენგან მოქმედებაჲ მათი, რამეთუ აწ ჯერეთ მოქმედებენ კაცთა შორის ბოროტნი იგი ძალნი განდგომილებისანი, ხოლო მაშინ ვერღარა მოქმედებდენ, ვითარცა მიცემულნი სატანჯველსა ულხინებელსა.
ჳკუმენისი: სამოციქულოსა ამას სიტყუასა მსგავს არს საწინაჲსწარმეტყუელოჲ იგი, ვითარმედ: "საფარველსა ფრთეთა შენთასა ვესავ" (), ვიდრემდის წარჴდეს უშჯულოებაჲ, რამეთუ მაშინ წარჴდების, რაჟამს მთავრობანი და ჴელმწიფებანი ეშმაკთანი უქმ და განქარვებულ იქმნნენ.
მოციქულისაჲ: რამეთუ ჯერ-არს მისსა სუფევაჲ, ვიდრემდის დაისხნეს ყოველნი მტერნი მისნი ქუეშე ფერჴთა მისთა (15,25).
თარგმანი: "ვიდრემდისი" ესე არა დასრულებასა მოასწავებს დაუსრულებელისა მის და დაუსაბამოჲსა ქრისტეს მეუფებისასა, არამედ შენსა სულმოკლებასა ნუგეშინის-სცემს, იტყოდი რაჲ, ვითარმედ: "დაღაცათუ მოაუძლურა ქრისტემან ძალი ეშმაკისაჲ ჯუარცუმითა თჳსითა, არამედ ჯერეთ ჰმძლავრობს ვიეთმე". ამისთჳს გეტყჳს მოციქული, ვითარმედ: შეისწავე ჟამი განჩინებული სრულიად უჩინო ყოფისა მათისაჲ, რამეთუ არა დააცადებს ყოვლისავე ყოფად და ესრეთ ფლობად სუფევითა თჳსითა და წმიდათა მისთაჲთა, ვიდრემდის სიმრავლითა ტყუეთა ეშმაკისაგან მოტაცებულთაჲთა აღავსნეს სიმრავლენი იგი მათ სავანეთანი, რომელ არიან მრავალ სახლსა შინა მამისა მისისასა. ამისთჳს ნუ სულმოკლე ხარ, რამეთუ არა აწვე საწუთროსა ამას სრულიად განქარდეს და პირველსა ამას მოსლვასა თანა ქრისტესსა ყოვლად მოაკლდეს არაწმიდანი იგი ძალნი; რამეთუ ესე არს ძალი სიტყჳსაჲ ამის, ვითარმედ: "ჯერ-არს მისსა სუფევაჲ", ესე იგი არს, ვითარმედ: მოქმედებაჲ ესე აწინდელისა ქრისტეს მოსლვისაჲ მაშინღა სრულ იქმნების, რაჟამს არა ხოლო ქრისტე, არამედ ქრისტესნიცა იგი იბრძოდნენ და მძლე ექმნნენ წინააღმდგომსა, და ეგრეთღა სრულიად განქარდეს და უჩინო იქმნეს, აწვე მოუძლურებული, ხოლო მაშინ სრულიად უჩინო ქმნული სივერაგე მოქმედებისა მისისაჲ. და აღდგომასა თანა ყოველთასა სრულ იქმნეს საქმე ქრისტეს განგებულებისაჲ, ხოლო მეუფებაჲ მისი იყოს, სიტყჳსაებრ დანიელისსა, მეუფება საუკუნო, რომელი არაოდეს წარჴდეს. რამეთუ სადა ესე იჭუნეულ არს გონებაჲ შენი არა სრულიად განქარვებისათჳს ბოროტთა მათ ძალთაჲსა, ამას თანა-წარგავლებს სიტყუაჲ ესე სამოციქულოჲ, ვითარმედ ჯერ-არს მისსა სუფევაჲ. ესე იგი არს, ვითარმედ სუფევაჲ ქრისტეს ჴორცთშესხმისაჲ, რომელ არს ძალი და მოქმედებაჲ მისი წმიდათა მისთა მიერ არა დაეცადების, არამედ ვიდრე მუნ ჟამამდე მტერთა განქარვებისა მარადის ჰბრძავს და სძლევს მათ. ხოლო უკუეთუ აწ სუფევს, ვიდრე-ესე ჰბრძვანან-ღა მტერნი, ოდეს ესენი სრულიად განქარდენ, მაშინდელისა უეჭუელობისათჳს დაუსრულებელისა სუფევისა მისისა, არცაღა თუ სიტყუაჲ საჴმარ არს. რამეთუ დაუსაბამოჲ იგი დაუსრულებელცა არს და ერთმეუფება მამისა თანა და სულისა წმიდისა.
მოციქულისაჲ: უკუანაჲსკნელ მტერი იგი განქარდეს სიკუდილი (15,26).
თარგმანი: ვითარცა უკუანაჲსკნელ შემოსრულ იყო შემდგომად საეშმაკოჲსა განზრახვისა და ურჩებისა, ეგრეთვე უკუანაჲსკნელ მათსა განქარდების სიკუდილი, რომლისა ძალი აწვე დაჴსნილ არს, ხოლო სრულიად განქარვება მისსა არს, რაჟამს მკუდრეთით აღდგომილთა მათ სიკუდილი არღარა იყოს.
მოციქულისაჲ: რამეთუ ყოველივე დაამორჩილა ქუეშე ფერჴთა მისთა. ხოლო რაჟამს თქუას, ვითარმედ: "ყოველივე დაამორჩილა," ცხად არს, რამეთუ თჳნიერ მისსა, რომელმან-იგი დაამორჩილა მას ყოველი (15,27).
თარგმანი: ვინაჲთგან დიდნი ესე და დიდებულნი საქმენი ძესა განუკუთნნა, რომელ არს ძლევაჲ მბრძოლთაჲ და ფერჴთა მისთა ქუეშე დასხმაჲ წინააღმდგომთაჲ, ამისთჳს შეეშინა: ნუუკუე უდიდებულეს მამისასა ვინმე შეჰრაცხოს ძე, რამეთუ ფილოსოფოსთა მიმართ იყო სიტყუაჲ მისი, რომელნი-იგი მრავალ იყვნეს კორინთეს შინა. ამისთჳს არა ხოლო თჳსსა სიტყუასა, არამედ დავითის მიერ წამებად შემოღებულსაცა ამისგან აქა განჰმართებს. ვითარმედ, ვთქუ რაჲ სიკუდილისა განქარვებაჲ და ყოვლისავე ძისა დამორჩილებაჲ, ნუვე შეგირაცხიეს იგი უშობელად, არამედ მისი ყოველი ერთად შეგერაცხენ მიზეზისა მისისად, რამეთუ ერთ არს მოქმედებაჲ მშობელისა მამისა და შობილისა ძისა და გამომავალისა სულისა წმიდისაჲ. და მამაჲ არს მიზეზ თანაარსთა და ერთარსთა მისთა მოქმედებისა, და სამთავე იგი მოქმედებაჲ ერთ არს. ამისთჳს იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი მამასა ყოვლისავე დამამორჩილებელად ფერჴთა ქუეშე ძისათა, რაჲთა არა უშობელად ჰგონო ძე. ხოლო კუალად აქა მოციქული თარგმნის, ვითარმედ: ყოველივე დაამორჩილა თჳნიერ თავისა თჳსისა, რაჲთა არა სთქუა, ვითარმედ: დაღაცათუ თჳთ მამაჲ არა დამორჩილებულ არს ძისა, არამედ არცა ეგრეთ დაყენებულ არს ძე უძლიერეს მამისა ყოფად, ვინაჲთგან სხუანი ყოველნი ჰქონან მორჩილებასა თჳსსა ქუეშე. ამისთჳს უმეტესსაცა დაჰრთავს წინამდებარესა ამას სიტყუასა შინა.
მოციქულისაჲ: ხოლო რაჟამს დაემორჩილოს მას ყოველი, მაშინ თავადიცა ძე დაემორჩილოს მას, რომელმან-იგი დაამორჩილა მას ყოველი. რაჲთა იყოს ღმერთი ყოვლად ყოველსა შინა (15,28).
თარგმანი: ესე თქუა მოციქულმან, რაჲთა ყოველივე საქმე ძისაჲ მამისად შეგერაცხოს, რომელი-იგი არს მიზეზ უჟამო და პირველ ყოველთა საუკუნეთა ესევითარისა მშობელ ძისა, რომელი ამას ყოველსა შემძლებელ იყოს. ხოლო შენ მორჩილებაჲ რაჲ გესმას, ნუ მონებად რადმე, არამედ ღმრთივშუენიერად გულისჴმა-ჰყოფდ ერთობად ნებისა და მოქმედებისა, რამეთუ პატივ-სცემს მას, ვითარცა მიზეზსა და მშობელსა თჳსსა. ხოლო ღმრთისაჲ ყოველთა შინა ყოფაჲ ვიეთმე ესრეთ გულისჴმა-ყვეს, ვითარმედ: რაჟამს ცოდვაჲ და ეშმაკი განქარდენ, მიერითგან ღმერთი იყოს ყოვლად ყოველსა შინა, რაჟამს ჩუენ კაცნი არღარა ღმრთად და მამონად განვიყოფვოდით, არამედ შეურყეველ ვიყვნეთ მონებისაგან მისისა. ხოლო ვიეთმე — ესრეთ, ვითარმედ: სიტყჳთა ამით ეგულების მოციქულსა ყოვლისავე ღმრთისა აღყვანებად, რაჲთა არა ორნი დასაბამნი გულისჴმა-ჰყვნე, რამეთუ, რაჟამს ყოველივე ფერჴთა ქუეშე ძისათა დამორჩილებულ იყოს და მით ყოვლითურთ ძე მამასა პატივ-სცემდეს ვითარცა დასაბამსა და მიზეზსა უჟამოსა. ცხად არს, ვითარმედ ერთ არს ღმრთეებაჲ და უფლებაჲ ღმრთისაჲ, ყოველთა შორის სამგუამოვნად და ერთღმრთეებად ქადაგებულისაჲ.
ჳკუმენისი: ესე არს ღმრთისა მამისა ყოვლად ყოველსა შინა ყოფაჲ, რამეთუ განისაკუთრებს, ვითარცა მიზეზი და მშობელი, ყოველსავე მისგან შობილისა ძისასა.
იოვანე დამასკელისაჲ: სამგუამოვნებასა შინა წმიდისა სამებისასა მორჩილებაჲ და ურჩებაჲ არა ითქუმის მათი ურთიერთას, რამეთუ არცაღა სხუაჲ ნებაჲ და მოქმედებაჲ იხილვების ერთარსთა მათ შორის და ერთბუნებათა. ხოლო შენ, გესმოდის რაჲ დამორჩილებაჲ ძისაჲ, უკუეთუ ღმრთეებისათჳს მისისა გულისჴმა ჰყოფდე, უწყოდე, ვითარმედ ამისთჳს ოდენ თქუმულ არს, რაჲთა არა უშობელად და უმიზეზოდ შეგერაცხოს ძე. არცა სხუად განყოფილად ღმრთეებად, არამედ ერთღმრთეება და ერთარსება არს მშობელისა მისისა თანა. გარნა უსაკუთრესად ჴორცთა ბუნებასა ძისასა ზედა ითქუმის დამორჩილებაჲ ესე.
მოციქულისაჲ: უკუეთუ არა, რაჲ-მე ყონ, რომელნი-იგი ნათელს-იღებენ მკუდართათჳს? უკუეთუ ყოვლად მკუდარნი არა აღდგებიან, რაჲსაღა ნათელს-იღებენ მკუდართათჳს? (15,29).
თარგმანი: კუალად მკუდართა აღდგომისათჳს სიტყუად იწყებს, ხოლო მკუდართათჳს ნათლისღებად ამას უწოდს, რამეთუ ჟამსა მას წმიდისა ნათლისღებისასა სხუათავე ყოველთა თანა წარმოთქუმათა და აღთქუმათა სარწმუნოებისათა ამასცა აღუთქუამთ ვითარმედ: "მოველი აღდგომასა მკუდართასა და ცხორებასა მერმისა საუკუნოჲსასა". და ამით სასოებითა ნათელღებულთა უჴმარ ექმნეს ნათლისღებაჲ იგი, ვითარ სასოებითა აღდგომისაჲთა განხრწნადსა გუამსა არწმუნეს განბანაჲ იგი.
მოციქულისაჲ: ანუ ჩუენ რაჲსამეღა ვიჭირვით? (15,30).
თარგმანი: დიდი დასამტკიცებელი იყო აღდგომისაჲ უწყალოდ განცემაჲ იგი თავთა თჳსთაჲ მოციქულთა მიერ, რაჲთა სასოებითა საუკუნოჲსა განსუენებისაჲთა საწუთრონი ესე ვიდრე სიკუდილადმდე ჭირნი - ყოვლად არად შეერაცხნენ.
მოციქულისაჲ: მარადღე მოვკუდები, ვფუცავ თქუენსა სიქადულსა, რომელ მაქუს ქრისტეს იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა (15,31).
თარგმანი: ამას მარტოდ თავისა თჳსისათჳს იტყჳს, ვითარმედ: ამით სასოებითა საუკუნოდ ცხორებისაჲთა მარადღე სიკუდიდ განვჰმზადებ თავსა თჳსსა. ხოლო სიქადულად მათდა იტყჳს წარმატებასა მათსა, რამეთუ დიდი სიქადული არს მოძღურისაჲ კეთილად წარმართებაჲ მოწაფეთაჲ. გარნა ვინაჲთგან დიდი რაჲმე თქუა თავისა თჳსისათჳს, მყის ღმრთისა აღიყვანა, ვითარ-იგი ესრეთ ჰყოფს ყოველსა ადგილსა, ვითარმედ: რაჲცა რაჲ ესე მაქუს, არა თავით თჳსით, არამედ უფლისა ჩუენისა მიერ იესუ ქრისტესა მომიღებიეს.
მოციქულისაჲ: უკუეთუ კაცობრივ მჴეცთა ბრძოლა ვყავ ეფესოს, რაჲ-მე სარგებელ არს ჩემდა? (15,32).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: რაოდენ დაუტევის კაცსა, მჴეცთა ბრძოლა ვჰყოფ მე, არამედ რასა მერგოს, უკუეთუ მკუდარნი არა აღდგებიან, რაჲთა მაშინ მოვიღო სასყიდელი აწინდელთა ამათ შრომათაჲ?
ჳკუმენისი: ესე არს კაცობრივ ქმნაჲ, რაჟამს საწუთროჲსა ამისთჳს და არა საუკუნოჲსა მოსაგებელისათჳს ჰყოფდეს ვინმე რასმე. ხოლო მჴეცთა ბრძოლად უწოდს ეფესელთა მათ ჰურიათა და დიმიტრი ვეცხლის მჭედელისა მიერ აღდგინებულსა მას შფოთსა, რომლისა აღმძრველნი არარაჲთ უმდოვრეს იყვნეს მჴეცთასა.
მოციქულისაჲ: უკუეთუ მკუდარნი არა აღდგებიან, ვჭამოთ და ვსუათ, რამეთუ ხვალე მოვსწყდებით (15,32).
თარგმანი: ესე სიტყუაჲ კიცხევაჲ არს მათი, რომელნი აზმნობდეს მკუდართა არა-აღდგომასა, რომელთა ეტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ ეგე ეგრეთ არს, ყოვლისავე შრომისათჳს არღარაჲ სადმე სხუაჲ დაგჳშთების სასყიდელი თჳნიერ აქაჲსა ამის ჭამისა და სუმისა.
მოციქულისაჲ: ნუ სცთებით; განხრწნიან წესთა კეთილთა ზრახვანი ბოროტნი (15,33).
თარგმანი: ლაკონიკელთაჲ არს და ძუელ იგავი ესე, მენანდროჲს მსოფლიოჲსა ცნობაჲ, რომელსა მოიჴსენებს ესაიაცა. ხოლო აწ მოციქული იგავითა ამით კორინთელთა ეტყჳს, ვითარმედ: "ნუ სცთებით!" ცხად არს, ვითარმედ სხუათა მიერ შეცთომილ იყვნეს. და წესად კეთილად აწინდელსა ამას ადგილსა რიდობით ძაგებითა სისუბუქესა და სიმარტივესა უწოდს ცნობისასა, რომელი ადვილად წარიტაცებინ ყოვლისა განმხრწნელისაგან.
მოციქულისაჲ: განიფრთხვეთ სიმართლით და ნუ სცოდავთ (15,34).
თარგმანი: ვინაჲთგან არს ბოროტსაცა ზედა განფრთხობაჲ შუებითა და მთრვალობითა, ამისთჳს უცოდველად და სიმართლით აწუევს განფრთხობად, ესე იგი არს, რაჲთა ბოროტისაგან ადრე შეიცვალებოდინ, ხოლო კეთილისაგან ეგნენ უცვალებელად.
მოციქულისაჲ: რამეთუ უმეცრებაჲ ღმრთისაჲ ვიეთმე აქუს (15,34).
თარგმანი: ამისგან აწუევს განფრთხობად მათ, რომელნი სიმრავლითა თჳსთა ცოდვათაჲთა მთრვალ არიან და არა ირწმუნებენ ყოფასა აღდგომისასა, შიშითა საუკუნოჲსა მის საქმეთაებრისა მისაგებელისაჲთა. ამისთჳს უმეცარ იქმნებიან ძლიერებათა ღმრთისათა, რომელსა-იგი ადვილად ძალ-უც დაჴსნაჲ და შეცვალებაჲ ყოვლისაჲ ხოლო არა ყოველთა, არამედ ვიეთმე მიერ იტყჳს ქონებასა ამის უმეცრებისასა, რაჲთა აღუსუბუქოს მათ სიმძიმე მხილებათაჲ.
მოციქულისაჲ: საკდემელად თქუენდა ვიტყჳ (15,34).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ სიტყუათა ამათ მძიმისა მხილებისათა არა ამისთჳს გეტყჳ, რაჲთა შეგაწუხნე და ბრალეულ გყვნე, არამედ რაჲთა შეგარცხჳნო და ესრეთ დატევებად გცე უწესოებაჲ მიზეზითა სირცხჳლისაჲთა.
მოციქულისაჲ: არამედ თქუას ვინმე, ვითარმედ: ვითარ-მე აღდგენ მკუდარნი, ანუ რომლითა-მე ჴორცითა მოვიდენ? (15,35).
თარგმანი: არა ეტყჳს, ვითარმედ: "თქუენ იტყჳთ", არამედ სხუათა ვიეთმე პირსა აჩემებს თქუმულთა ამათ, რაჲთა დაუმძიმებელ ყოს მხილებაჲ იგი. ხოლო ესე არს ბრალი მეტყუელთაჲ მათ, რამეთუ ურწმუნო არიან ერთგზის დაჴსნილისა ამის გუამისა კუალად აღდგინებასა, და გამოეძიებენ, თუ: დაღაცათუ არს, სხჳთა-მე ჴორცითა ყოფად არს აღდგომაჲ იგი, ანუ თუ ამითვე, აწ განხრწნილითა.
მოციქულისაჲ: უგუნურო, შენ, რომელი დასთესი, არა ცხონდის, ვიდრემდე არა მოკუდის (15,36).
თარგმანი: სამართლად უგუნურ უწოდს მას, რომელი ესოდენ განცხადებულსა საქმესა უმეცარ იყოს, და ეტყჳს ვითარმედ: უკუეთუ შენ მოკუდავისა და განხრწნადისა თესლი ესრეთ ნაყოფიერ იქმნების, რასაღა იჭუნეულ ხარ ღმრთისათჳს, ყოვლისავე შემძლებელისა? ხოლო შენ იხილე, ვითარ თჳსნი საკუთარნი სიტყუანი დაუტევნნა მარცულისანი, რომელ არს დანედლებაჲ, აღმოჯეჯლებაჲ და აღმოცენებაჲ, და რაჲ-იგი კაცისა გუამსა თჳს-ეყვის, მით უწოდს სახესა მას მისთჳს შემოღებულსა. ესე ამისთჳს, რამეთუ იგინი ამას იჭუეულ იყვნეს, თუ: "ვითარღა განვცხოველდებით შემდგომად სიკუდილისა!" ხოლო მოციქული წინაუკუმო დაჰჴსნის საძიებელსა ამას, ვითარმედ: ყოვლად შეუძლებელ არს ცხოვნებაჲ თჳნიერ სიკუდილისა. და ესრეთ, სახესა მას მარცულისასა ჰყოფს პირველად დასამტკიცებელად მკუდართა აღდგომისა.
მოციქულისაჲ: და რომელი-იგი დასთესი, არა თუ იგი გუამი, რომელ ყოფად არნ, დასთესი, არამედ შიშუელი მარცუალი, გინა თუ იფქლისაჲ, ანუ სხუაჲ რომელიმე თესლი (15,37).
თარგმანი: კუალად ამას ადგილსა ორთა საძიებელთა განჰმარტებს, ვითარმედ: არა სხუაჲ არსებაჲ, არამედ იგივე განხრწნილი გუამი ჴორცთა არსებისაჲ აღდგების. ხოლო ვითარმედ უშუენიერეს აწინდელისა ამის არს მაშინდელი იგი, ამას მითვე სახითა მარცულისაჲთა დაამტკიცებს, რომელი-იგი შიშუელი დაეთესვის და არა ეგევითარი, ვითარ-იგი რაჟამს აღმოსცენდის, მოირთხის მუჴლი, განზარდის წუელი, დაისხის თავი ჴუვილისაჲ, რომელ არს მარცუალი, შემოსილი ბრითა და ფხითა. ამისთჳს, ვითარ-იგი მისთჳს ვერვინ იტყჳს სხუა-არსობასა, რამეთუ მისგანვე მარცულისა აღმოცენებულ არნ, დაღაცათუ უმრავალნაწილეს და უშუენიერეს მისსა არს. ეგრეთვე გუამთა ჩუენთაჲ უეჭუელ არს მისვე განხრწნილისა არსებისა კუალად აღდგომაჲ, და არა სხუა არს ყოფაჲ, დაღაცათუ უშუენიერეს აწინდელისა არს მაშინდელი იგი.
მოციქულისაჲ: ხოლო ღმერთმან მოსცის მას გუამი, ვითარცა უნებნ, და თითოეულსა თესლსა თჳსი გუამი (15,38).
თარგმანი: ვინაჲთგან ღმერთი არს მოქმედ, ვითარცა ჰნებავს, ნუღარა იჭუნეულ ხარ საქმისათჳს, ვითარმედ უეჭუელად მოსცემს განხრწნილისა მის გუამისა კუალად-გებასა. ხოლო ამით მწვალებელთა პირსა დაუყოფს, ვითარმედ: არა სხუაჲ, არამედ ესევე გუამი ჩუენი აღდგომად და განცხოველებად არს.
მოციქულისაჲ: არა ყოველი ჴორცი ერთ ჴორც არს, არამედ სხუაჲ არს კაცთაჲ და სხუაჲ ჴორცი არს პირუტყუთაჲ და სხუაჲ ჴორცი არს მფრინველთაჲ. და სხუაჲ ჴორცი არს თევზთაჲ (15,39).
თარგმანი: გესმა რაჲ სახედ შემოღებაჲ მარცულისაჲ, რაჲთა არა ჰგონო, ვითარმედ, ვითარ-იგი თავნი ჴუვილისანი ერთ არიან და მსგავს, ეგრეთვე გუამნი კაცთანი სწორ იყვნენ ზოგად ყოველთანი მერმესა მას აღდგომასა, ამისთჳს აწ კუალად სხჳთა სახითა პირველად უკუე ცოდვილთა ურთიერთას განყოფილებასა გიჩუენებს, ვითარმედ: ვითარ-ესე აქა კაცთა და პირუტყუთა გუამებისა განყოფილებაჲ არს, ეგრეთვე მუნ — ცოდვილთა სატანჯველისაჲ.
მოციქულისაჲ: და ჴორცნი იგი ზეცისათანი და ჴორცნი იგი ქუეყნისათანი (15,40).
თარგმანი: ჴორცად ზეცისად უწოდს მათ, რომელნი ქუეყანასა ზედა ზეცისასა ზრახვიდეს, ესე იგი არს გუამებსა წმიდათასა, რომელნი მდიდრად ბრწყინვიდეს მადლითა ნუგეშინისმცემელისაჲთა, ხოლო ჴორცად ქუეყანისა — ცოდვილთასა, რომელნი ქუეყანისა ვნებათა და საცთურთა მიდევნებულ იყვნეს.
მოციქულისაჲ: არამედ სხუაჲ არს ზეცისათა მათ დიდებაჲ და სხუაჲ არს ქუეყანისათაჲ (15,40).
თარგმანი: სხუაჲ ზეცისათა მათ დიდებაჲ — ესე არს მართალთაჲ, რამეთუ მათ შორისცა განყოფილებაჲ არს უდიდესობისა და უმცირესობისაჲ. და კუალად, ცოდვილთაჲ სხუაჲ არს, არღარა დიდებისა, არამედ საშჯელისა განყოფილებაჲ.
მოციქულისაჲ: სხუაჲ დიდებაჲ არს მზისაჲ და სხუაჲ დიდებაჲ არს მთოვარისაჲ და სხუაჲ დიდებაჲ არს ვარსკულავთაჲ, რამეთუ ვითარცა-იგი ვარსკულავი ვარსკულავსა ჰმატს დიდებითა, ეგრეცა აღდგომაჲ მკუდართაჲ (15,41).
თარგმანი: ვინაჲთგან პირველად წარმოთქუა განყოფილებისა ცოდვილთა სატანჯველისაჲსა სახედ თითოსახეობაჲ იგი ჴორცთა მფრინველთა და თევზთაჲსა, აწ ზეცისა მნათობთა განყოფილებასა შემოიღებს სახედ თითოსახისა მის დიდებულებისა წმიდათაჲსა, და ესრეთ, შემსგავსებულთა სახეთა მიერ ზედამიწევნით გუაუწყებს, ვითარმედ განყოფილებაჲ იქმნების პატივთაცა და პატიჟთაჲცა, მართალთა და ცოდვილთა კრებულისაჲ.
მოციქულისაჲ: დაეთესვის ხრწნილებით და აღდგების უხრწნელებით; დაეთესვის გინებით და აღდგების დიდებით (15,42-43).
თარგმანი: ვითარცა-იგი პირველ თესლისათჳს თქუა ცხოვნებაჲ, ეგრეთვე აწ კაცისათჳს იტყჳს დათესვასა, რაჲთა მიაჩემოს ცვალებაჲ სახელთაჲ მახლობელობასა სახეთასა. ხოლო დათესვად არა დედისა საშოსა შინა მუცლად-ღებასა, არამედ საფლავსა შინა განსახრწნელად დადებასა იტყჳს გუამთასა, რომლისა დაღაცათუ მიწად მიცემასა თესვა უწოდა, არამედ არღარა აღდგომასაცა - აღმოცენება, რაჲთა არა მიწისა ნაყოფ შეგერაცხოს დიდებულებაჲ უხრწნელებით აღდგომისაჲ. ხოლო "გინებით დათესვასა" ესე უსაკუთრეს არს, ვითარმედ: "დაეთესვის უპატიოებით". რამეთუ რაჲმცა იყო მკუდრისა განრღუეულისა უსაძაგელეს, არამედ კუალად აღდგების ცხორებად საუკუნოდ.
მოციქულისაჲ: დაეთესვის უძლურებით და აღდგების ძლიერებით (15,43).
თარგმანი: ესე არს უძლურებაჲ, რამეთუ არღა დაეყვნენ ხუთნი დღენი საფლავსა შინა, ოდეს ვერღარა უძლებს წინააღდგომად ხრწნილებისა, და ესევითარი იგი ესოდენ ძლიერებით აღდგების, რომელ ყოვლად არღარა ოდეს ეშინის განხრწნისაგან.
მოციქულისაჲ: დაეთესვის ჴორცი მშჳნვიერი და აღდგების ჴორცი სულიერი (15,44).
თარგმანი: მშჳნვიერად ჴორცად იტყჳს აწინდელთა ამათ ჴორცთა ჩუენთა, არა თუ ვითარმცა ყოვლად უნაწილო იყვნეს სულისაგან წმიდისა, რამეთუ მრავალთა შორის აწცა მოქმედებს მადლი მისი, არამედ არა სამარადისოდ, არამედ რაჟამს ცოდვად მიდრკეს კაცი, მაშინ იოტებს თავისა თჳსისაგან მოქმედებასა სულისა წმიდისასა. ხოლო მერმესა მას არა ეგრეთ, არამედ სამარადისოდ მკჳდრ იყოს იგი გუამთა შინა წმიდათა და მართალთასა, ვითარცა სრულიად განთავისუფლებულთა აქაჲსა ამის ნივთთა სიზრქისა და შემამრღუეველობისაგან. გინათუ ესრეთცა ვთქუათ, ვითარმედ ჴორცად მშჳნვიერად უწოდს აწინდელსა ამას გუამთა ჩუენთა სიზრქესა და სიმძიმესა, ხოლო ჴორცად სულიერად - მერმე აღდგომადსა მას გუამსა, ვითარცა უწულილესსა და უსუბუქესსა, რამეთუ დაღაცათუ ამითვე ჴორცითა აღვდგებით, არამედ არა ესევითარნივე ზრქელნი და მოკუდავნი და განხრწნადნი ყოფად არიან ასონი ჩუენნი.
მოციქულისაჲ: არს ჴორცი მშჳნვიერი და არს ჴორცი სულიერი (15,44).
თარგმანი: რაჲთა არა ურწმუნო იქმნე საქმესა ამას, ამისთჳს სახედ შემოგართუამს პირველისა მის გუამისა მშჳნვიერობასა და მეორისა ადამისა — უფლისა ჩუენისასა სულიერთა ჴორცთა ქონებასა, რომელი ცხად ყო სახითა ტრედისაჲთა გარდამოსრულმან მან მის ზედა, რამეთუ თჳსივე იგი მისი სული ბუნებითა ღმრთეებისაჲთა მის თანა განცხადებულად მოქმედებდა ბუნებასა შინა კაცებისასა.
მოციქულისაჲ: ეგრეცა წერილ არს: იყო პირველი იგი კაცი ადამ სამშჳნველად ცხოველად, ხოლო უკუანაჲსკნელი ადამ — სულად განმაცხოველებელად (15,45).
თარგმანი: ესე წერილ არს დაბადებასა შინა, ვითარმედ: "იყო პირველი იგი კაცი ადამ სამშჳნველად ცხოველად" (), ხოლო შემდგომი ამისი თჳთ დაურთავს მოციქულსა, და საქმე აღსრულებული — სიტყუად წერილისა სახელ-უდებიეს, ვითარმედ: "უკუანაჲსკნელი ადამ — სულად განმაცხოველებელად", რამეთუ ესე ჩუეულებაჲ არს წერილთაჲ, და უფროჲსღა საწინაჲსწარმეტყუელოთა წიგნთა, ვითარ-იგი იერუსალემისათჳს იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: "ქალაქ სიმართლისა გეწოდოს" (), და არა ეწოდა. და კუალად უფლისათჳს, ვითარმედ: "სახელი მისი ემმანოელ" (), რომელი არა ეწოდა. გარნა ცხად არს, ვითარმედ წინაჲსწარმეტყუელმან საქმე აღსრულებული სახელის-დებად შეჰრაცხა. გარნა შენ იხილე, ვითარ პირველისა ადამისთჳს ცხოველობაჲ ოდენ თქუა სამშჳნველისაჲ, ხოლო მეორისა ადამისთჳს — სული; არღარა თჳთ ოდენ ცხოველი, არამედ სხუათაცა განმაცხოველებელი, რაჲთა უმაღლესობაჲ საზომისაჲ გიჩუენოს, ვითარ იგი — განხრწნადისა ამის და წარმავალისა ცხორებისა დასაბამ, ხოლო ესე — უხრწნელისა და საუკუნოდ წარუვალისა დამწყებელ იქმნა.
მოციქულისაჲ: არამედ არა პირველად სულიერი იგი, არამედ მშჳნვიერი, მაშინღა სულიერი (15,46).
თარგმანი: ამისთჳს გამოაჩინებს ძუელისა მის ადამის პირველობასა, რაჲთა ცხად ყოს, ვითარმედ მისი იგი მცნებისა გარდასლვაჲ იყო მიზეზ სიტყჳსა ჴორცთა შეერთებისა და ღმრთისა განკაცებისა.
მოციქულისაჲ: პირველი იგი კაცი ქუეყნისაგან მიწისაჲ, ხოლო მეორე იგი კაცი — უფალი ზეცით (15,47).
თარგმანი: ესე სიტყუაჲ სასწავლელად ყოველთა კაცთა უთქუამს, რაჲთა არავინ მიენდოს, ვითარმცა კმა-ეყოფოდა მას ხრწნილებისაგან მჴსნელად აღდგომაჲ იგი საუკუნოჲ, არამედ პირველად გუამითა ამით მიწისაჲთა მოღუაწებით ჯერ-არს განმზადებაჲ მერმისა მის აღდგომისათჳს, რაჲთა არა საშჯელად საუკუნოდ, არამედ ცხორებად საუკუნოდ აღდგომილ ვიქმნნეთ. ხოლო შენ შეისწავე, ვითარმედ არა ზეცით მოღებასა იტყჳს უფლისა ჴორცთასა, სიტყჳსაებრ უგუნურთა მწვალებელთაჲსა, არცა კუალად ორ გუამად განჰყოფს ერთსა მას უქცეველსა ძესა, არამედ ვინაჲთგან უძლურებაჲ ესე ქუეყანისა ჴორცთა სულისა და გონებისაჲ ზეცისასა მას თანა შეეერთნეს გუამსა სიტყჳსასა და ერთგუამ იქმნნეს მის თანა, ამისთჳს უაღრესისა მისგან სახელ-სდვა უდარესსა ამასცა.
მოციქულისაჲ: ვითარცა-იგი მიწისაგანი, ეგრეცა მიწისაგანნი, და ვითარცა-იგი ზეცისაჲ, ეგრეცა ზეცისაგანნი იგი (15,48).
თარგმანი: ესეცა სიტყუაჲ შესაძრწუნებელისა სწავლისაჲ არს, რამეთუ მერმესა მასცა აღდგომასა აწინდელთავე ამათ საქმეთა თანა-შეატყუებს, ვითარმედ: რომელნი ქუეყნისა ამის მიწისა ადამს მიემსგავსნენ საუფლოთა მცნებათა გარდამავალობითა, ესევითარნი-იგი შემდგომად ყოველთა აღდგომისა მკუდარვე არიან სიკუდილითა სულისაჲთა, რამეთუ საშჯელად და არა ცხორებად აღდგებიან, ხოლო რომელნი მეორესა ამას უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა პავლესებრ ებაძვებოდიან, იგინი მის თანავე იშუებდენ ცხორებითა საუკუნოჲთა.
მოციქულისაჲ: და ვითარცა-იგი შევიმოსეთ ხატი იგი მიწისაგანისაჲ, შევიმოსოთ ხატიცა იგი ზეცისაგანისაჲ (15,49).
თარგმანი: აქა ცხად ჰყოფს სიტყუასა მას სწავლისასა, სახედ შეყოღებულსა, ვითარმედ, ვითარ-იგი მსგავსებითა ადამის საქმეთაჲთა დავიმკჳდრეთ ხრწნილებისა იგი სახე მისი, ეგრეთვე ქრისტეს მსგავსებითა დაგუემკჳდრების ხატი იგი მისი წმიდაჲ და უხრწნელი.
მეთოდისი: ხატ მიწისაგანისა ადამისა იყო ესე, ვითარმედ: "მიწაჲ ხარ და მიწადცა მიიქცე" (), ხოლო ხატ ზეცისა ქრისტესა — უხრწნელებაჲ და აღდგომაჲ მკუდრეთით.
მოციქულისაჲ: ხოლო ამას ვიტყჳ, ძმანო, რამეთუ ჴორცთა და სისხლთა სასუფეველი ღმრთისაჲ დამკჳდრებად ვერ ძალ-უც (15,50).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ესე ყოველი ამისთჳს წარმოგითხარ, რაჲთა სცნათ, ვითარმედ ჴორცნი და სისხლნი, რომელ არიან ბოროტნი საქმენი ჩუენნი, სასუფეველსა ღმრთისასა ვერ დაგჳმკჳდრებენ. ესრეთ მოკლითა ამით სიტყჳთა გამოგჳთარგმანა ყოველი ზემო წარმოთქუმული პირი მეტყუელებისა თჳსისაჲ. ვითარ-იგი სხუასაცა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: რომელნი-იგი ჴორცთა შინა არიან, ღმრთისა სათნო-ყოფად ვერ ძალ-უც" (). ცხად არს, ვითარმედ ჴორცად სახელ-სდებს ბოროტთა საქმეთა ჩუენთა.
მოციქულისაჲ: არცა ხრწნილებამან უხრწნელებაჲ დაიმკჳდროს (15,50).
თარგმანი: ხრწნილებად უწოდს ცოდვასა და უკეთურებასა, რომელი განხრწნის აზნაურებასა და უხრწნელებასა სულისასა, რომლისაგან მოუქცეველნი ვერ სადა განისუენებდენ მერმე, საუკუნოდ ტანჯულნი და არაოდეს მოკლებულნი.
მეთოდისი: არა განხრწნილი იგი გუამი ეუფლების უხრწნელებასა, არამედ თჳთ ფლობილ იქმნების უხრწნელებისაგან, რამეთუ იგი უხრწნელ ჰყოფს კაცსა განჴდითა ხრწნილებისაჲთა, რაჲთა ღირს და შემძლებელ იყოს მკჳდრობად სასუფეველსა.
მოციქულისაჲ: აჰა ესერა საიდუმლოსა გითხრობ თქუენ (15,51).
თარგმანი: საიდუმლოჲსა თხრობითა ცხად ჰყოფს სიყუარულსა თჳსსა, რომელი აქუნდა მათდა მიმართ.
მოციქულისაჲ: ყოველთავე უკუე არა შევისუენოთ, ხოლო ყოველნივე განვახლდეთ (15,51).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ნუ ამისთჳს ურწმუნოებ აღდგომასა, რამეთუ მოვსწყდებით და განვიხრწნებით, არამედ ესე გულისჴმა-ყავ, ვითარმედ იპოებიან ვინმე ჟამსა მას მეორედ მოსლვისასა, რომელთა ჯერეთ არღა შეესუენოს, გარნა მერვე კმა იყოს მათდა უხრწნელებად ცოცხლივ დამთხუევაჲ იგი ჟამისაჲ მის, უკუეთუ არა შეიცვალნენ უხრწნელებისა მიმართ. რამეთუ ესრეთ უსაკუთრეს არს სიტყუაჲ იგი სამოციქულოჲ, ვითარმედ ყოველთავე არა დავიძინოთ, ხოლო ყოველნი შევიცვალნეთ. ესრეთ უკუე დაძინებისა სახელითა უეჭუელ ჰყოფს აღდგომასა (რამეთუ ვითარცა მძინარესა თანა-აც განღჳძებაჲ, ეგრეთვე მკუდარსა — აღდგომაჲ), ხოლო ყოველთა შეცვალებითა - ამას, ვითარმედ: თჳნიერ შეცვალებისა შეუძლებელ არს განახლებაჲ, რომლისათჳსცა ვითარ-იგი ცოცხლად დახუდომილთა მათ მაშინ არარას ერგების სიცოცხლე იგი, უკუეთუ არა შეიცვალნენ, ეგრეთვე ჩუენ, მომკუდართა, ვერარას დაგუაყენებს სიკუდილი და ხრწნილებაჲ მისლვად აღდგომისა მიმართ და უხრწნელებისა.
მოციქულისაჲ: მეყსა შინა წამსა თუალისასა (15,52).
თარგმანი: ესრეთ უსაკუთრეს არს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: განუკუეთელსა შინა წამსა თუალისასა; რამეთუ განუკუეთელ ეწოდების წულილსა მას მწულილსა მტუერისასა, რომელი ჩანნ შარავანდედსა მზისა, სახლსა შინა შთადგომილისასა, რომელი სიმცირისა და ყოვლად ვერ-შესაპყრობელობისა მისისათჳს განუკუეთელ სახელ-ედების. ვინაჲცა აწ მოციქულმან სახედ მოიხუნა განუკუეთელი და წამი თუალისაჲ, რომელსა შინა ყოფად არს უკუანაჲსკნელი იგი შეცვალებაჲ და განახლებაჲ კაცთაჲ.
მოციქულისაჲ: უკუანაჲსკნელითა მით საყჳრითა (15,52).
თარგმანი: ესე არს უსაზარელესი, რამეთუ ესოდენ დიდად განსაკჳრვებელი იგი საქმე განუკუეთელსა შინა წამსა თუალისასა იქმნეს უკუანაჲსკნელითა მით საყჳრითა.
ჳკუმენისი: უკუანაჲსკნელი რაჲ საყჳრი გესმას, გულისჴმა-ყავ, ვითარმედ შჳდნი სხუანი ყოფად არიან პირველ ამისსა, რომელთა-იგი იტყჳს იოვანე ღმრთისმეტყუელი და მახარებელი გამოცხადებასა შინა თჳსსა. რამეთუ ყოველთა ღმერთი წყალობითა თჳსითა არა ერთბამად, არამედ მცირედ-მცირედ ჰყოფს მოსპოლვასა სოფლისასა, რაჲთა ტანჯვისაგან პირველ მოსპოლვილთაჲსა შემდგომად მათსა დაშთომილნი იგი განისწავლნენ და მოიქცენ სინანულად. ამისთჳს შჳდნი იგი პირველ დაცემულნი საყჳრნი მოკუდინებასა ჰყოფენ და არა აღდგინებასა, ხოლო მერვე იგი, უკუანაჲსკნელი, წამსა თუალისასა მკუდართა აღადგენს და ცოცხლად დახუდომილთა მათ შესცვალებს და განაახლებს; არა ხოლო კაცთა, არამედ თჳთ ამასცა დაბადებულსა, რაჟამს შეცვალოს ხრწნილებისაგან აზნაურებად დიდებისა შვილთა ღმრთისათა.
მოციქულისაჲ: რამეთუ საყჳრსა დაეცეს და მკუდარნი იგი აღდგენ უხრწნელნი (15,52).
თარგმანი ზედამიწევნით სარწმუნო ჰყოფს სიმტკიცესა და ვითარებასა საზარელთა მათ საქმეთასა, ვითარმედ ჴმაჲ იგი საყჳრისაჲ არს აღმადგინებელ და უხრწნელ მყოფელ საუკუნითგანთა მკუდართა.
მოციქულისაჲ: და ჩუენ განვახლდეთ (15,52).
თარგმანი: "ჩუენსა" ამას არა თავისა თჳსისათჳს იტყჳს, არამედ მათთჳს, რომელნი ცოცხლივ დაემთხჳნენ ჟამსა მას უკუანაჲსკნელისა მკუდართა აღდგომისასა, რომელთათჳს არა თქუა აღდგომაჲ, არამედ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, — შეცვალებაჲ ოდენ.
მოციქულისაჲ: რამეთუ ჯერ-არს ხრწნილისა ამის შემოსად უხრწნელებაჲ და მოკუდავისა ამის შემოსად უკუდავებაჲ (15,53).
თარგმანი: ზემოჲსა მის, არა განახლებისა, არამედ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, შეცვალებისა გამოსათარგმანებელად იტყჳს აწინდელთა ამათ სიტყუათა, ვითარმედ: ესე არს უკუანაჲსკნელ ყოფადი იგი შეცვალებაჲ: უკუდავ ყოფაჲ მოკუდავისაჲ და უხრწნელ ყოფაჲ განხრწნილისაჲ.
მოციქულისაჲ: ხოლო რაჟამს განხრწნადმან ამან შეიმოსოს უხრწნელებაჲ და მოკუდავმან ამან შეიმოსოს უკუდავებაჲ, მაშინ აღესრულოს სიტყუაჲ იგი წერილისაჲ (15,54).
თარგმანი: ვინაჲთგან დიდნი საიდუმლონი წარმოთქუნა, ამათდა დასამტკიცებელად შემოიღებს სიტყუასა ოსეს წინაჲსწარმეტყუელისასა.
მოციქულისაჲ: დაინთქა სიკუდილი ძლევითა (15,54).
თარგმანი: ესე არს ძლევით დანთქმაჲ — ოტებაჲ მოუქცეველად და დაცემაჲ აღუდგომელად.
მოციქულისაჲ: სადა არს, სიკუდილო, საწერტელი შენი? სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაჲ შენი? (15,55).
თარგმანი: ეჰა სიმჴნე და ახოვნებაჲ პავლეს სულისაჲ, ვითარმცა აწვე ქმნილ იყო ყოფადი იგი საუკუნოჲ აღდგომაჲ და უხრწნელ ყოფაჲ, ესრეთ მდებარეს დაჰყივის სიკუდილსა ღაღადებითა საძლეველითა, და ამისსა შემდგომად თჳთვე გამოგჳთარგმნის ძალსა გალობისა ამის საძლეველისასა.
მოციქულისაჲ: რამეთუ საწერტელ სიკუდილისა — ცოდვაჲ, ხოლო ძალ ცოდვისა — შჯული (15,56).
თარგმანი: ვითარცა ღრიაკალი თავით თჳსით უნდოჲ და უძლური ცხოველი არს, არამედ ძალად თჳსსა იჴმარებს გესლსა მას საწერტელისა თჳსისასა, ეგრეთვე სიკუდილი თავით თჳსით უძლურ იყო, არა თუმცა მიეღო მას ძალად გესლი იგი ცოდვათა ჩუენთაჲ. და კუალად, ეგრეთვე ცოდვათა დაღაცათუ იყო, არამედ ცოდვად არა შერაცხილ იყო, ვითარცა საქმე ბნელისაჲ, დაფარული და უჩინოჲ, ვიდრემდის შორის-შემოსლვამან შჯულისამან განაქიქა და განაცხადა სივერაგე მისი, ესრეთ უკუე უმეცრებითსა ცოდვასა უძლურ, ხოლო მეცნიერებითსა - ძლიერ ეწოდების წერილთა მიერ. გარნა ესე ნუვის დაუკჳრდების, თუ ვითარ ძალ ცოდვისა იქმნა შჯული, არა ბუნებით ესევითარობისაგან თჳსისა, არამედ ბოროტად მჴუმეველისაგან მისისა, რამეთუ, ვითარ-იგი მოსლვაჲ ქრისტესი უმეტეს დასაშჯელ ექმნა არა-შემწყნარებელთა მისთა, რაჲ საკჳრველ არს, უკუეთუ შჯულიცა, დამაცხრობელად და მამხილებელად მოცემული, არა შემწყნარებელთა მისთა ზედა უმეტესად დამამძიმებელ იქმნა ბრალთა მათ, მისგან მხილებულთა, და ესრეთ, ამით წესითა სიტყჳსაჲთა ძალ ცოდვისა სახელ-ედვა მას.
მოციქულისაჲ: ხოლო ღმერთსა მადლი, რომელმან მომცა ჩუენ ძლევაჲ ქრისტეს იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა (15,57).
თარგმანი: ჟამიერად ჰმადლობს ღმერთსა მამასა ბუნებით ესევითარისა ძისა მშობელსა, რომელმან ესოდენნი ბრძოლანი და ძლევანი ყოვლად ძლიერებით აღასრულნა — დაჴსნაჲ სიკუდილისაჲ და განქარვებაჲ ხრწნილებისაჲ.
მოციქულისაჲ: ამიერითგან, ძმანო ჩემნო საყუარელნო, მტკიცე იყვენით და შეურყეველ და ჰმატებდით საქმესა უფლისასა მარადის. უწყოდეთ, რამეთუ შრომაჲ ეგე თქუენი არა ცუდად იყოს უფლისა მიერ (15,58).
თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: ვინაჲთგან გისწავიეს უეჭუელობაჲ აღდგომისაჲ და მოლოდებაჲ საქმეთაებრისა მოსაგებელისაჲ, ამიერითგან მტკიცე და მიუდრეკელად მდგომარე იყვენით წინაშე კუეთებასა საეშმაკოთა ბრძოლათასა, და ნუ ხოლო უნაკლულო ჰყოფთ საქმესა უფლისასა და აღსრულებასა ოდენ მცნებათა მისთასა, არამედ გარდამატებულებასა და უმეტეს წარმატებულებასა მათ შინა, ძღუნად სათნოდ მისსა შესწირევდით. უწყოდეთ, რამეთუ არცა ერთი რაჲ შრომათაგანი სახელისა მისისათჳს თავ-სხმულთაჲ წარგიჴდეს უსასყიდლოდ.
მოციქულისაჲ: ხოლო შესაწირავისა მისთჳს წმიდათაჲსა (16,1).
თარგმანი: ვინაჲთგან დაასრულა სიტყუაჲ შჯულთა მითხრობისაჲ, და იწყებდა წესსა სწავლისასა, უპირატეს ყოველთა თავისა მისთჳს ყოველთა კეთილთაჲსა — მოწყალებისა ჰყოფს სიტყუასა, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს ესრეთ: ხოლო შესაკრებელისა მისთჳს წმიდათაჲსა. რამეთუ ვინაჲთგან ენება, რაჲთა სისუბუქითა მცნებისაჲთა უმეტეს გულსმოდგინე ყვნეს იგინი აღმასრულებელ ყოფად მცნებისა, ამისთჳს დაწყებასა მებრ სიტყჳსასა შესაკრებელი აჴსენა წმიდათაჲ. ესე იგი არს, ვითარმედ არა თჳსად-თჳსად მარტოებით ფრიადსა, არამედ მცირედ-მცირედსა თითოეულისაგან ერთად შეკრებად გეტყჳ საჴმარსა, მისაძღუანებელსა წმიდათასა, რაჲთა სიმცირითა თქუენთჳს ადვილ, ხოლო ერთად შეკრებითა მათთჳს დიდ იყოს მიძღუანებული იგი თქუენგან.
მოციქულისაჲ: ვითარცა-იგი უბრძანე ეკლესიათა გალატიისათა, ეგრეცა თქუენ ჰყოფდით (16,1).
თარგმანი: რაჲთა აჩუენოს საჭიროდ თანაწარუვალად საჴმარებაჲ საქმისაჲ ამის, ამისთჳს არა ეტყჳს, ვითარმედ: "განვაზრახე" ანუ "ვამცენ", არამედ — "უბრძანეო", რომლითა ცხად ჰყოფს, ვითარმედ, ვითარ-იგი მათდა, ეგრეთვე ამათდაცა საჭიროდ და თანაწარუვალად უბრძანებიეს აღსრულებაჲ საქმისაჲ ამის.
მოციქულისაჲ: ერთშაბათად-ერთშაბათად კაცად-კაცადი თქუენი თჳს თანა დაიკრებდინ და იუნჯებდინ, რაჲცა რაჲ განემარჯოს (16,2).
თარგმანი: ერთშაბათ კჳრიაკესა უწოდს. ესე იგი არს, ვითარმედ: კჳრიაკითი-კჳრიაკედ მოიჴსენებდით მადლსა მას, თქუენ ზედა ქმნილსა უფლისა მიერ, რომელმან აღდგომასა მისსა თანა აღგადგინნა და სამადლობელად მისსა მასვე დღესა ნაწილსა განიღებდით, მცნებისათჳს მისისა, საქმარად მოწყალებისა, და რაჲთა არა გრცხუენოდის, მცირე თუ რაჲმე იყოს ნაწილი იგი, შენგან მოწყალებისათჳს განჩინებული, ამისთჳს არა მყის მოღებასა, არამედ უნჯებასა და შეკრებასა გამცნებ, არა ძალისა უმეტესსა, არამედ, რაჲცა რაჲ ძალი მოგცეს ღმერთმან, და ესრეთ, შეკრებული იგი მოიღო.
მოციქულმან: რაჲთა არა, ოდეს მოვიდე, მაშინღა იქმნას შეკრებაჲ (16,2).
თარგმანი: ესრეთ, ვითარცა ნამდვლვე სახიერი მამაჲ შვილთა, წინა-ასწავებს და განუგებს, რაჲთა ჟამიერად მოცალებით ყონ შეკრებაჲ და არა ჟამსა მოღებისასა უცალო იყვნენ შეკრებისაგან.
მოციქულისაჲ: ხოლო რაჟამს მოვიდე, რომელნიცა-იგი გამოსცადნეთ, წიგნებითა ესენი წარვავლინნე მიღებად მადლისა მის თქუენისა იერუსალჱმდ (16,3).
თარგმანი: სასოებითა მისლვისა თჳსისაჲთა უმეტეს განკრძალულ ჰყოფს მათ, დაუნჯებად მოწყალებისა, ვითარმედ წინაშე პირსა მისსა ყოფად არს შეკრებაჲ და განხილვაჲ, არა ხოლო საჴმრისაჲ, არამედ გონებისა მისცა მიმღებელთაჲსაჲ. ხოლო კეთილად ეტყჳს, ვითარმედ: რომელნიცა თქუენ გამოცდილ და სათნო გიჩნდენ, ესენი წარვავლინნე წიგნებითა ჩემითა, რაჲთა უეჭუელ იყვნენ ამას, ვითარმედ: თჳთ რასმე იჴუმევს მოციქული შეკრებულისა მისგან მათისა; ამისთჳს მათთავე გამორჩეულთა წარავლენს წიგნებითა თჳსითა, არა მირთუმად, არამედ უფროჲსღა მოღებად მადლისა წმიდათაჲსა, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ კნინ და უნდო არს მოწყალებად წარგზავნილი იგი მათგან, სიმდიდრესა თანა ლოცვათა და მადლისასა, რომელნი-იგი ნაცვალად მისსა მომცემიან მათ წმიდათა მათგან, მკჳდრთა იერუსალჱმისათა.
მოციქულისაჲ: და უკუეთუ ღირდეს ჩემიცა წარსლვაჲ, ჩემ თანა მოვიდენ (16,4).
თარგმანი: ამასცა უხუებისათჳს ეტყჳს საჴმართა მათ შეკრებულთაჲსა, ვითარმედ: უკუეთუ ესოდენნი რაჲმე იყვნენ, რომელ ღირდენ ჩემსაცა წარსლვასა, გულსმოდგინედ წარვიდე, ხოლო არა მე წარვიღო, არამედ თქუენთავე მათ გამორჩეულთა ჩემ თანა წარმოიღონ, რაჲთა თქუენვე მაქუნდეთ მოწამედ, ვითარმედ არარას ვიჴუმევ თქუენთაგანსა.
მოციქულისაჲ: ხოლო მოვიდე თქუენდა, რაჟამს მაკედონიაჲ განვვლო, რამეთუ მაკედონიასა განვჰვლი, და ვინ უწყის, თქუენ თანა დავადგრე, გინათუ და-ცა-ვიზამთრო, რაჲთა თქუენ წარმგზავნოთ მე, ვიდრეცა ვიდოდი (16,5-6).
თარგმანი: არა თქუა, ვითარმედ: "მოვლო", არამედ ვითარმედ: "განვლო", რაჲთა ნუგეშინის-სცეს მათ, ვითარმედ არასადა დაიყოვნებს, და კუალად, ზედა-დაჰრთავს, ვითარმედ: "მაკედონიასა განვჰლი, და ვინ უწყის, თქუენ თანა დავადგრე", რომელი-ესე უმეტესი პატივი იყო კორინთელთაჲ, ვითარ სხუათა მგზავრ განჰვლიდა, ხოლო მათ თანა არა ხოლო დადგრომად, არამედ დაზამთრებადცა ინებებდა ოდენ, და არა იტყოდა ქმნად; რამეთუ "ვინ უწყისი" ამისი მომასწავებელი არს, ვითარმედ: ესე ესრეთ მნებავს ქმნად, ხოლო ვქმნა მაშინ, უკუეთუ ესრეთ მიბრძანოს სულმან წმიდამან. არამედ ესე იყო მიზეზ თუალუხუავად უფროჲს პატივისცემისა კორინთელთაჲსაჲ, რამეთუ მათ შორის უმრავლეს იყვნეს მორწმუნენი, ხოლო მათ მიერ წარგზავნითა უმეტესობასა აჩუენებდა მათდა მიმართისა სიყუარულისასა.
მოციქულისაჲ: რამეთუ არა მნებავს აწ მგზავრ ხილვაჲ თქუენი, ხოლო ვესავ რაოდენისამე ჟამისა დაყოფასა თქუენ თანა, უფალმან თუ გჳბრძანოს (16,7).
თარგმანი: კუალად თჳსისა მისლვისა მიმლოდეობითა უმეტეს განკრძალულ ჰყოფს მათ, და ნებებითა გულისაჲთა სიყუარულსა თჳსსა განუცხადებს, ხოლო განჩინებასა ქმნისა და არაქმნისასა — უფლისა ბრძანებასა განუკუთნებს.
მოციქულისაჲ: ხოლო დავადგრე ეფესოს შინა ვიდრე მარტჳლიადმდე (16,8).
თარგმანი: ზედამიწევნით საძიებელ იყო მოსურნეთა მიერ, თუ ვიდრემდის დაიყოვნებს. ამისთჳს საზღვრად დაუდებს მეერგასესა. ხოლო მიზეზსაცა ეტყჳს დაყოვნებისასა შემდგომთა სიტყუათა მიერ.
მოციქულისაჲ: რამეთუ კარი განმეღო მე დიდი და შემწე (16,9).
თარგმანი: უსაკუთრეს არს, ვითარმედ: კარი განმეღო მე დიდი და მოქმედებითი. ესე იგი იყო მრავალთა განმზადებულ ყოფაჲ სარწმუნოებად მოსლვად, რომელთა განმზადებაჲ დიდ მაშინ იქმნებოდა, რაჟამს საქმით სრულ იქმნეს წადიერებაჲ მათი. ესრეთ, სიტყუათა ამათ მიერ ნუგეშინის-სცემს კორინთელთა, ვითარმედ ყოველთა კიდეთა განფენილ არს სახარებაჲ ქრისტესი.
მოციქულისაჲ: და მჴდომნი მრავალ არიან (16,9).
თარგმანი: ამით სიტყჳთა ყოველთა მორწმუნეთა ნუგეშინის-სცემს, ვითარმედ: რაოდენცა ჩუენსა წარმართებასა და თჳსსა განშიშულებასა ხედვიდეს ეშმაკი, ეგოდენცა უმრავლესთა მჴდომთა და წინააღმდგომთა აღგჳდგენს.
მოციქულისაჲ: და უკუეთუ მოვიდეს ტიმოთე (16,10).
თარგმანი: ესრეთ უსაკუთრეს არს: ხოლო უკუეთუ მოვიდეს ტიმოთე; რამეთუ თავი არს სიტყჳსაჲ.
მოციქულისაჲ: იხილეთ, რაჲთა უშიშად იყოს თქუენ თანა, რამეთუ საქმესა უფლისასა იქმს, ვითარცა-ესე მე (16,10).
თარგმანი: ვინაჲთგან მხილებად და შერისხვად ცთომილთა მათ მიავლენდა, ამისთჳს წინა-გზა-უყოფს სიტყჳთა ამით, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს: იხილეთ, რაჲთა უშიშად იყოს თქუენდა მიმართ. რამეთუ არა წარმართობასა შინა მყოფთა მეკერპეთა მიმართ, არამედ თქუენდა მიმართ მორწმუნეთა ოდენ მიჴმს უშიშოებაჲ მისი, რაჲთა კადნიერებით ქადაგოს სახარებაჲ ქრისტესი; რამეთუ ტიმოთე მზა იყო ყოვლისავე ძჳრთა შემთხუევისა თავს-დებად, არამედ რაჲთა არა ძჳრის-მოქმედთა მათ სავნებელ ეყოს, ამისთჳს წინა-განაკრძალებს მოციქული, და უფლისა საქმის მოქმედებითა ქრისტეს ქადაგ ყოფასა მისსა მოასწავებს, ხოლო თავსა თჳსსა თანა შესწორებითა პატიოსნებასა მისსა აღამაღლებს.
მოციქულისაჲ: ნუუკუე ვინმე შეურაცხ-ყოს იგი (16,11).
თარგმანი: მიზეზ შეურაცხ-ყოფისა მისისა იქვნითა უმეტესობასა აჩუენებდა მათდა მიმავ]მნებოდეს სიჭაბუკე და სიმარტოე, და თუ ვითარ ესოდენ მრავლისა ერისა ზრუნვაჲ ერწმუნა მას.
მოციქულისაჲ: და წარმოგზავნეთ იგი მშჳდობით, რაჲთა მოვიდეს ჩემდა, რამეთუ ველი მას ძმათა თანა (16,11).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: "ნურარას შეამთხუევთ მას შფოთსა, არამედ მშჳდობით წარმოგზავნეთ ჩემდა". რამეთუ მისლვითა მით მისსა უმეტეს შეაშინებდა მათ, რაჲთა განეკრძალნენ პატივსა მისსა, ვითარცა კუალად მუნვე მიქცევადისა და მოციქულისა მიმთხრობელისასა, ყოველსავე ვითარითა რაჲ სახითა შეეწყნაროს იგი. ამას ზედა-დაჰრთავს, ვითარმედ: "ველი მას ძმათა თანა", რაჲთა უმეტეს აჩუენოს ღირსებით სარწმუნო-ყოფაჲ მისი, ვითარმედ არს რაჲმე საქმე ეგევითარი, რომელი მრავალთა მიერ ძმათა ვერ ეგების საქმედ, თჳნიერ თანა-ყოფისა მისისა.
მოციქულისაჲ: ხოლო აპოლლოჲსთჳს ძმისა ფრიად ვჰლოცევდი მას, რაჲთამცა მოვიდა თქუენდა ძმათა თანა, და არა სამე იყო ნებაჲ, რაჲთამცა აწ მოვიდა. ხოლო მოვიდეს, ოდეს მოიცალოს (16,12).
თარგმანი: აკლს საშუვალ სრულებად სიტყჳსა ამის, ვითარმედ: უკუეთუ აპოლლოჲსთჳს ძმისა იკითხავთ, თუ რად არა იგი მოვავლინე, ვითარცა სიტყჳერებითა და დღითა უხუცესი ტიმოთესსა, არა თუ ტიმოთეს პატივ-ვეც უფროჲს მისსა, არამედ უპირატეს უკუე მას ვჰლოცევდ მოსლვად თქუენდა, გარნა ამისთჳს არა ინება, რამეთუ ნუუკუე და არა იყო ნებაჲ ღმრთისაჲ, არამედ მაშინ მოვიდეს, ოდეს მოიცალოს; ესე იგი არს, ოდესცა ინებოს ღმერთმან.
მოციქულისაჲ: მღჳძარე იყვენით, მტკიცედ დეგით სარწმუნოებასა ზედა, მჴნე იყვენით და განძლიერდით (16,13).
თარგმანი: დაღაცათუ ვისმე სწავლისად ეგონნენ, არამედ უფროჲსღა მხილებისანი არიან სიტყუანი ესე, რამეთუ "მღჳძარებითა" — მოძილობასა, ხოლო "სიმტკიცითა" — დაუმტკიცებელობასა, "სიმჴნითა" - უმჴნოობასა, ხოლო "განძლიერებითა" უძლურებასა მათსა განაქიქებს; ორნი იგი თქუნა შემაცთუნებელთა მიმართ, ვითარცა მთრვალთა და შერყეულთა, ხოლო ორთა ამათ, წინააღმდგომთა მათთა მიმართ იტყჳს, ვითარცა მოშიშებით და ორგულებით მბრძოლთა.
მოციქულისაჲ: ყოველივე თქუენი სიყუარულით იყავნ (16,14).
თარგმანი: ესე სიტყუაჲ პირად-პირადად განწვალებულთა მათ მიმართ არს, ვითარმცა ძირად ყოველთა კეთილთა ამას დაჰნერგვიდა მათ შორის, ვითარმედ: ასწავებთ თუ გინა ისწავებთ, ჰმსთავრობთ ანუ სამთავრო ხართ, მოძღუარ ანუ მოწაფე ხართ, — ყოველივე ესე თქუენ მიერ სიყუარულით იქმნებოდენ.
მოციქულისაჲ: ხოლო გლოცავ თქუენ, ძმანო, რამეთუ იცით სახლი იგი სტეფანაჲსი, ვითარმედ არს პირველი აქაიაჲსაჲ, და მსახურად წმიდათა დააწესნეს თავნი თჳსნი (16,15).
თარგმანი: ესე სტეფანა დედაკაცი იყო, გინა თუ ღმრთისმოშიშებითა უპირატესი ანუ თუ პირველად მიმთუალველი სიტყუასა სარწმუნოებისასა ყოველთა შორის მკჳდრთა ელადისათა, ვინაჲ-იგი იყვნეს აქაიელნი. რომლისათჳს კრძალულებისა ჩუენებად ჰლოცავს მათ, ვითარცა ღირსისა, რომელმან არა ხოლო თავისა თჳსისად, არამედ სახლეულთაცა თჳსთათჳს აღირჩია უფროჲს ყოველთა საშუებელთა სოფლისათა, რაჲთა მსახურად წმიდათა დააწესნენ თავნი თჳსნი.
მოციქულისაჲ: რათა თქუენცა დაემორჩილნეთ ეგევითართა მათ (16,16).
თარგმანი: ზემოჲ იგი "გლოცავსი" ამას სიტყუასა თანა შეაერთე, ვითარმედ: ამას გლოცავ, რაჲთა თქუენცა დაემორჩილნეთ ეგევითართა მათ. ხოლო მორჩილებაჲ არს შემწე ყოფაჲ მათი მინიჭებითა საჴმართა წარსაგებელთაჲთა და მსახურებითა ჴორციელითა.
მოციქულისაჲ: და ყოველსავე თანაშემწესა და მშრომელსა (16,16).
თარგმანი: რაჲთა არა თქუან, ვითარმედ სტეფანას რასმე მიჰმადლებს სიტყუათა ამათ, ამისთჳს ზედა-დაჰრთავს, ვითარმედ: არა ხოლო მისსა გეტყჳ მორჩილებად, არამედ ყოვლისავე საღმრთოჲსა მუშაკისა და მისა თანაშემწისა.
მოციქულისაჲ: ხოლო მიხარის მოსლვასა მას ზედა სტეფანაჲსსა და ფურტუნატესსა და აქაიკესსა, რამეთუ თქუენი იგი დაკლებული ამათ აღავსეს (16,17).
თარგმანი: ვინაჲთგან ესენი იყვნეს კორინთით მისრულნი მოციქულისა, რომელთა მიეთხრა მისდა ყოველივე ცთომაჲ კორინთელთაჲ, რომელთათჳს ამხილა მათ მოციქულმან სიტყუათა შინა ამის ებისტოლისათა, ამისთჳს დასასრულსა წიგნისასა, ვითარცა მოშიში, რაჲთა არა განურისხნენ მათ იგინი შესმენისათჳს, მისწერს მათდა და აუწყებს სიხარულსა თჳსსა, ვითარ არა სავნებელ, არამედ სარგებელ მათდა ყვეს მათ განქიქებაჲ ბრალთა მათთაჲ. ვინაჲცა უწოდს მათ აღმავსებელად ყოველთა ნაკლულევანებისა. ვითარმედ მათთჳს თავს-ედვა მათ ესოდენი ჭირი მგზავრობისაჲ, და ნაცვალად მათ ყოველთაჲსა დამაშურალ იყვნეს ზოგადისათჳს სარგებელისა ყოველთაჲსა.
მოციქულისაჲ: რამეთუ განუსუენეს ჩემსაცა სულსა და თქუენსაცა (16,18).
თარგმანი: ესრეთ უჩუენებს, ვითარმედ მათისა სარგებელისა განმრავლებაჲ განსუენება იყო პავლეს სულისა, და განსუენებაჲ პავლეს სულისაჲ — განსუენება მათისაცა სულისა.
მოციქულისაჲ: იცნით-მცა უკუე ეგევითარნი-იგი (16,18).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ ყოვლისავე პატივისა და განსუენებისა ღირსად შეგერაცხნედ.
მოციქულისაჲ: გიკითხვენ თქუენ ეკლესიანი ასიაჲსანი (16,19).
თარგმანი: შორიელთა ასოთა ქრისტეს გუამისათა ურთიერთას შეაერთებს, არა კითხვითა ოდენ, არამედ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, მოკითხვითაცა.
მოციქულისაჲ: გიკითხვენ თქუენ ფრიად უფლისა მიერ აკჳლა და პრისკილა თანამკჳდრითურთ მათით კრებულით (16,19).
თარგმანი: ესენი იყვნეს ჴელოვნებით მეპრატაკენი, რომელთა თანა დაივანა მოციქულმან, ვითარცა თანაზიარმან ჴელოვნებისა მათისამან, რომელთათჳს ესოდენსა სათნოებასა წამებს, ვიდრეღა სახლნი მათნი ყვნეს ეკლესია, ვითარ-იგი უსაკუთრესად ითქუმის ესრეთ: მოგიკითხვენ თქუენ ფრიად უფლისა მიერ აკჳლა და პრისკილლა სახლეულითურთ მათით ეკლესიით.
მოციქულისაჲ: გიკითხვენ თქუენ ძმანი ყოველნი (16,20).
თარგმანი: ამით გამოაჩინებს თავისა თჳსისათჳს, ვითარმედ საკრველი იყო ერთობისაჲ, ვითარ შორიელთა და მახლობელთა ურთიერთას შეაერთებს სიტყჳთა მოკითხვისა თჳსისასჲთა.
მოციქულისაჲ: მოიკითხევდით ურთიერთას ამბორის-ყოფითა წმიდითა (16,20).
თარგმანი: ვინაჲთგან ასმიოდა მოციქულსა განწვალებაჲ იგი, რომელი აქუნდა კორინთელთა, იტყოდეს რაჲ "მე პავლესი ვარ, მე — აპოლლოჲსი, მე — კიფაჲსი", ამისთჳს დააგებს მათ ურთიერთას, ვითარცა არს ჩუეულებაჲ შემდგომად დამშჳდებისა მოკითხვად ურთიერთას ამბორის-ყოფითა წმიდითა. რამეთუ ესე სიტყუაჲ აქა ოდენ უთქუამს, რაჲთა გუასწაოს შემდგომად დაგებისა მოკითხვაჲ ურთიერთას ამბორის-ყოფითა წმიდითა. ესე იგი არს წმიდაჲ ამბორის-ყოფაჲ, რაჲთა არცა ერთიღა დაგჳშთეს ურთიერთას გულძჳრობაჲ და მანკიერებაჲ.
მოციქულისაჲ: კითხვაჲ ჴელითა ჩემითა პავლესითა (16,21).
თარგმანი: ყოველი ესე ებისტოლე სხჳსა ჴელითა, ხოლო აწინდელი ესე სიტყუაჲ კითხვისაჲ — თჳსითა ჴელითა დაწერა მოციქულმან, საცნაურ-მყოფელად უმეტესისა სიყუარულისა.
მოციქულისაჲ: რომელსა არა უყუარდეს უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, იყავნ შეჩუენებულ (16,22).
თარგმანი: ერთითა ამით სიტყჳთა ზოგად ყოველთა შეაშინებს, რომელნი კაცთაგან სახელ-იდებიან და რომელნი ისიძვენ, რომელნი ძმათა დააბრკოლებენ ჭამითა ნაზორევისაჲთა. და რომელნი ურწმუნო არიან აღდგომასა გუამთასა, და სხუანი, რომელნი რაჲთაცა სახითა ცოდვენ; რამეთუ საზღვარ სიყუარულისა ღმრთისა არს მოქცევაჲ ბოროტისაგან და ქმნაჲ კეთილისაჲ და დამარხვაჲ მცნებათა მისთაჲ.
მოციქულისაჲ: მარანათა (16,22).
თარგმანი: ვიეთმე მიერ ესრეთ ითქუმის, ვითარმედ: ებრაულისა ენისაჲ არს სიტყუაჲ ესე; და ვიეთმე მიერ — ვითარმედ: ასურებრისაჲ; რამეთუ ორნივე ესე ენანი მახლობელ არიან ურთიერთას. ხოლო თარგმანებაჲ ამისი ესე არს, ვითარმედ: "უფალი მოვიდა", რომელი-ესე თქუა მოციქულმან, თანად, რაჲთა სარწმუნო ყოს საიდუმლოჲ ჴორცთშესხმისაჲ, და თანად, რაჲთა შეკდიმებულ ყვნეს ამით, ვითარმედ: მეუფე ჩუენთჳს მოკუდა. ხოლო თქუენ არცა თუ მცირე რიდობაჲ გაქუს შეწუხებისათჳს მისისა და ურთიერთას. ამას თანა უწყოდა-ცა, რამეთუ ყოვლისა ბოროტისა მიზეზ მათ შორის ზუაობაჲ არს, და ზუაობაჲ იგი უფროჲსღა ფილოსოფოსობასა ზედა იყო და ენამჭევრობასა; ამისთჳს თჳთ მოციქულმან ესოდენ მაღალი სიტყუაჲ არა სირცხჳლ იჩინა სოფლიოჲთა და სხჳთა ენითა თქუმად, რაჲთა დააკუეთოს სიმაღლე იგი მათი სიტყუა-მეტნობათა ზედა.
მოციქულისაჲ: მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ თანა (16,23).
თარგმანი: ესეცა თჳს და საკუთარ არს მოძღურისა, რაჲთა არა ხოლო ასწავებდეს, არამედ რაჲთა ულოცვიდეს-ცა მოწაფეთა, რაჲთა დაუმტკიცოს, ვითარმედ ყოველივე იგი სიტყუაჲ სწავლისაჲ არარაჲთ სხჳთა წარემართების, თჳნიერ მადლითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა.
მოციქულისაჲ: სიყუარული ჩემი თქუენ ყოველთა თანა ქრისტეს იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა, ამენ (16,24).
თარგმანი: ვინაჲთგან ფრიად რაჲმე მხილებით ეზრახა მათ სიტყუათა შინა ამის ებისტოლისათა, ამისთჳს აწ, დასასრულსა სიტყჳსასა, ნუგეშინის-სცემს მათ სიტყჳთა ამით, ვითარმედ: "სიყუარული ჩემი თქუენ ყოველთა თანა"; ესე იგი არს, ვითარმედ: "არარაჲ გამხილე თქუენ სიძულილით და რისხვით, არამედ სიყუარულით და მყუდროებით; არა რაჲთა მოგწყლნე, არამედ რაჲთა განგკურნნე". ესე რაჲ თქუა სიყუარულისათჳს, შეეშინა, ნუუკუე ვინმე შეჰრაცხოს იგი ჴორციელად რადმე ანუ სოფლიოთა სიყუარულთაგანად, მყის ზედა-დაჰრთავს, ვითარმედ: "ქრისტეს იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა". ესე იგი არს, ვითარმედ: არარაჲ მაქუს ლიტონად და ამაოდ, არამედ ყოველივე ჩემი ქრისტე იესუჲს მიერ არს, უფლისა ჩუენისა. ამისთჳს ნუცა მხილებაჲ იგი შეგირაცხიეს სიძულილისად, ნუცა სიყუარული ესე ჴორცთა ტრფიალებისად, არამედ ყოველივე, ჩემიცა და თქუენიცა, საქმეთა და სიტყუათაგანი, ესრეთ განვაგოთ, რაჲთა ქრისტეს იესუჲს მიერ იყოს, რომლისა მონებად თანამდებ ვართ, ვითარცა ბუნებითითა დამბადებელობითა და მადლისა მიერითა განმაახლებელობითა უფლისა ჩუენისა. და ესე მტკიცე იყავნ ჩუენ ზედა ამენითა, რომელ არს: "იყავნ". და არს-მცა ჩუენ ზედა ნებაჲ მისი მადლითავე და წყალობითა მისითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ თანადაუსაბამოჲთ მამით და ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე, ამენ.