📋 სარჩევი
მოციქულისაჲ: ხოლო სულიერთა მათთჳს, ძმანო, არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი (12,1).
თარგმანი: ახლად ნათელ-იღიან რაჲ მორწმუნეთა მათ, სულიერთა მადლთა ღირს იქმნებოდიან: რომელიმე - ენათა მეტყუელებასა, და რომელიმე — წინაჲსწარმეტყუელებასა და სხუაჲ — სხუასა რასმე. რამეთუ, ვინაჲთგან ყოველი ნათელღებული უეჭუელად მიიღებს სულსა წმიდასა, ხოლო მადლი სულისა ყოვლადწმიდისაჲ უხილავ არს და გონებითა ოდენ დასარწმუნებელ. გარნა იგინი, ვითარცა უსწავლელნი ძუელთა წიგნთანი და ახალმოქცეულნი წარმართობისაგან, უხილავისა რაჲსმე განცდად ვერ შემძლებელ იყვნეს. ამისთჳს ღმერთი ხილულთა მიერ გულსავსე ჰყოფდა უხილავთათჳს ფრიადსა მას სიჩჩოებასა მათსა. გარნა იგინი ეგრეთცა მიზეზ განწვალებისა ჰყოფდეს სიმდიდრესა მას მადლთასა; რამეთუ უმეტესისა მადლისა მიმღებელი აღზუავნებინ უდარესისა მიმღებელსა ზედა, და უმცირესისა მიმღებელი ეშურებინ უდიდესისასა მას. ამას თანა იყვნეს მათ შორის მოგუნიცა და ცრუწინაჲსწარმეტყუელნი, რომელთაგან უცნაურ იყო მათდა, თუ ვინ საღმრთოჲთა ანუ ვინ საეშმაკოჲთა სულითა წინაჲსწარმეტყუელებს. ამის ყოვლისა უმეცრებასა მათსა სწორებით განჰმართებს მოციქული წინამდებარესა ამას თავსა შინა.
მოციქულისაჲ: უწყით, რამეთუ ვიდრე-იგი წარმართღა იყვენით კერპთა მათ მიმართ უჴმოთა, ვითარ-იგი შეუდეგით, მიმოყვანებულ იქმნენით (12,2).
თარგმანი: ესრეთ უსაკუთრეს არს, ვითარმედ: უწყით, რამეთუ წარმართ იყვენით კერპთა მიმართ უჴმოთა, ოდეს-იგი ჰყვებოდეთ, ვითარცა იყვანებოდეთ. ესე იგი არს, ვითარმცა გამოუჩინებდა მათ, თუ ვითარი განყოფილებაჲ აქუს საღმრთოჲსა სულისა ძალთა საეშმაკოჲსა სულისა ძალთაგან, ანუ ვითარ იცნობებიან წინამოსწავებანი, გრძნებითნი ანუ წინაჲსწარმეტყუელებითნი. რამეთუ საეშმაკოჲსა სულისა მიერ აღძრული იგი გრძნეული არღარა თავით თჳსით ვალს ცნობიერი, არამედ ვითარცა აღბორგებული და ცნობამიღებული ჰყვების მას, რომლისაგან იყვანების, და არცა ერთი რაჲ უწყის, რასა-იგი იტყჳს. ხოლო წინაჲსწარმეტყუელი არა ეგრეთ, არამედ ცნობიერითა და ფრთხილითა გონებითა დაწყნარებულად ვალს და გულისჴმისყოფით იტყჳს, რასა-იგი იტყჳს.
მოციქულისაჲ: ამისთჳს გაუწყებ თქუენ, რამეთუ არავინ სულითა ღმრთისაჲთა იტყოდის და თქუას შეჩუენებულ იესუ; და არავის ჴელ-ეწიფების თქუმად უფალი იესუ, გარნა სულითა წმიდითა (12,3).
თარგმანი: ვინაჲთგან ზემო თქუა სახჱ და საცნაურებაჲ მოგჳსა და გრძნეულისაჲ, ვითარმედ, ვითარცა განცჳბრებულნი, მძლავრ იყვანებიან საეშმაკოჲსა მის სულისა მიერ, ხოლო აწ იტყჳს წინაისწარმეტყუელისაცა საცნაურებასა, ვითარმედ: ყოველი რომელი აჴსენებდეს სახელსა უფლისა იესუჲსსა, არა შეჩუენებით, არამედ უფლად და ღმრთად ქადაგებით, ესევითარი-იგი სულითა წმიდითა წინაჲსწარმეტყუელებს, გონიერი და განბრძნობილი, და არა განცოფებული და განლიგებული.
იტყჳან მრავალგზის ეშმაკეულნიცა და თჳთ ეშმაკნი სახელსა იესუჲსსა, არა ნებსით, არამედ მძლავრ გუემით იძულებულნი, ვითარ-იგი: "გიცით შენ, ვინ ხარ, — ძე ღმრთისაჲ" (). და კუალად, პავლეს და მისთანათა ეტყოდეს: "ესე კაცნი მონანი არიან ღმრთისა მაღლისანი" (). ხოლო ნებსით არაოდეს იტყჳან და ვერცა იტყჳან. ხოლო კუალად არიან კათაკუმეველნი, რომელნი სახელ-სდებენ უფალსა იესუს, არამედ ჯერეთ არღა მიუღებიეს ნიჭი სულისა წმიდისაჲ ნათლისღებისა მიერ. გარნა აწინდელი ესე სიტყუაჲ მოციქულისაჲ არა ესევითართა მათთჳს არს, არამედ ურწმუნოთა და მორწმუნეთათჳს. რამეთუ ურწმუნოჲ იგი არს, რომელი ანუ ყოვლად არა აჴსენებდეს სახელსა უფლისა იესუჲსსა, ანუ დაღაცათუ აჴსენებდეს, - არა სადიდებელად, არამედ საგმობელად; რომლისა ნაცვალად აწ მოციქულმან თქუა, ვითარცა პირითა მისითა, — "შეჩუენებულ იესუ", რომელ-ესე გმობასა მოასწავებს. ესევითარი იგი დაღაცათუ რასმე წინაჲსწარმეტყუელებდეს, ცხად არს, ვითარმედ საეშმაკოჲთა სულითა წინაჲსწარმეტყუელებს. ამისთჳსცა არა წინაჲსწარმეტყუელ, არამედ ცრუწინაჲსწარმეტყუელ სახელ-ედების. ხოლო მორწმუნე იგი არს, რომელი ყოველსავე, რასაცა იტყოდის, სადიდებელად უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა იტყოდის. ესევითარი იგი სულითა წმიდითა მეტყუელებს გინა წინაჲსწარმეტყუელებს.
მოციქულისაჲ: ხოლო განყოფანი მადლთანი არიან, და იგივე სული არს. და განყოფანი მსახურებათანი არიან და იგივე თავადი უფალი არს. და განყოფანი შეწევნათანი არიან, და იგივე თავადი ღმერთი არს, რომელი შეიქმს ყოველსა ყოველთა შორის (12,4-6).
თარგმანი: ამიერითგან დაჰჴსნის შფოთებასა მათსა, რომელნი-იგი ეშურებოდეს ურთიერთას მიღებასა მას ზედა მადლთასა. და ვინაჲთგან განყოფაჲ თქუა, ამით მათ დაამდაბლებს, რომელნი აღზუავებულ იყვნეს უდიდესისა მადლისა მიღებითა უმცირესისა მადლისა მიმღებელთა მათ ზედა, ვითარმედ: არა თავით თჳსით აქუს, არამედ განმყოფელისა მისგან მიუღებიეს. და უკუეთუ მიუღებიეს, რაჲსაღა იქადიან? ხოლო კუალად, ვინაჲთგან ყოველსავე დიდსა და მცირესა ზოგად მადლად სახელ-სდვა ამით კუალად სიმცირესა მას ზედა მადლისასა შეწუხებულსა მას ნუგეშინის-სცემს, ვითარმედ, დაღაცათუ მცირე არს, არამედ მისვე მადლთა განმყოფელისაგან მოცემულ მადლ არს. ამისთჳსცა ნუ მცირე გიჩნს, ნუცა მის ძლით ეშურები უმეტესისა მადლისა მიმღებელსა მას, რამეთუ შენიცა ეგე - მადლივე არს. და კუალად, მისი იგი მას არა თავით თჳსით აქუს, არამედ მისგანვე მოუღებიეს, რომლისაგან შენ. ამისთჳს გულსავსე იყავ, ვითარმედ განმყოფელმან მან მადლთამან ჯეროვნად იცის თითოეულისა თჳსსა შემსგავსებულსა მიცემად. ამისთჳსცა ნუ ხოლო მადლად და ნიჭად, არამედ მსახურებადცა შეგერაცხენ, რამეთუ უმეტესობაჲ მადლისაჲ უმეტესობასაცა მოქენე არს მსახურებისასა. ამისთჳს მადლი იგი მსახურებაცა არს და მოქმედებაცა, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, რაჲთა "შეწევნათა" წილ "მოქმედებანი" ითქუმოდინ, ვითარმედ: განყოფანი მოქმედებათანი არიან. რამეთუ, დაღაცათუ სიტყჳთ განიყოფებიან მადლნი და მსახურებანი და მოქმედებანი, არამედ ძალითა ერთ არიან, ვინაჲთგან მომცემელნიცა იგი ამათ ნიჭთანი, დაღაცათუ მამად და ძედ და სულად წმიდად განიყოფებიან სამგუამოვნებისათჳს, არამედ ერთძალ და ერთარსება არიან ერთღმრთეებისათჳს.
ჳკუმენისი: ფრიად რაჲმე განშუენებულ არს ადგილი ესე და შემკულ შჯულთა მიერ ღმრთისმეტყუელებისათა, ვითარცა განუყოფელად აღმრიცხუველი და შეურწყმელად შემაერთებელი წმიდისა სამებისაჲ, რამეთუ იგივე და ერთი განიყოფების გუამითა და შეკრბების არსებითა, ვითარცა იტყჳს გრიგოლი, მოსახელე ღმრთისმეტყუელებისაჲ, ვითარმედ: "სამ არს გუამითა და ერთ არსებითა"; რომელსა ცხად ჰყოფენ აწინდელნი ესე სიტყუანი მოციქულისანი სამგზის თქუმითა განყოფათაჲთა გუამთა, და ყოველსავე მოქცევსა ზედა იგივეობითა ბუნებასა; რამეთუ იგივე თავადი ღმერთი არს, რომელი შეიქმს ყოველსა ყოველთა შორის. ესე იგი არს, ვითარმედ, რასა-იგი თჳსაგან თქუმითა განაცხადებს სიტყუაჲ, მოქმედებად მამისა გინა ძისა გინა სულისა წმიდისა, იგი ყოველი ზოგად შემოკრბების მოქმედებად ერთღმრთეებისა, ვითარმედ: ერთ არს ძალი და ჴელმწიფებაჲ სამთაჲვე მათ, ყოვლად ყოველთა შინა.
მოციქულისაჲ: ხოლო თითოეულსა ჩუენსა მიცემულ არს გამოცხადებაჲ იგი სულისაჲ უმჯობესისათჳს (12,7).
თარგმანი: გამოცხადებად სულისა — სასწაულთა უწესს, რომელთა მოქმედებითა განცხადნების უხილავი იგი მოსლვაჲ ნუგეშინისმცემელისაჲ. ხოლო უფროჲს-უმცირესობაჲ, ესე ვითარცა უმჯობეს იყოს თითოეულისათჳს, ეგრეთ იქმნების. ამისთჳს ნუ მწუხარე ვინმე არს უმცირესობისათჳს, ნუცა ვინ ზუაობს უდიდესობისათჳს, რამეთუ არა იგინი, არამედ მათ ზედა გარდამოსრული იგი სული უმჯობესად მოქმედებს თითოეულსა შორის, ვითარცა ჯერ-იყოს.
მოციქულისაჲ: რომელსამე სულისა მისგან მიცემულ არს სიტყუაჲ სიბრძნისაჲ (12,8).
თარგმანი: უსაკუთრეს არს, რამეთუ რომელსამე სულისა მიერ მიეცემის სიტყუაჲ სიბრძნისაჲ. სიტყუა სიბრძნისა არს ეგევითარი სიტყუაჲ, რომელი აქუნდა პავლეს, და ვითარი აქუნდა იოვანეს, ძესა ქუხილისასა, და სხუათა მსგავსთა მათთა.
მოციქულისაჲ: ხოლო სხუასა — სიტყუაჲ მეცნიერებისაჲ, მითვე სულითა (12,8).
თარგმანი: ამით განიყოფების სიტყუაჲ მეცნიერებისაჲ სიტყჳსაგან სიბრძნისა, რამეთუ მეცნიერებისა სიტყუაჲ იგი არს, ოდეს თავით თჳსით სცნობდეს რასმე და გულისჴმა-ჰყოფდეს, ხოლო სხუათა ვერ მიუთხრობდეს ცნობილსა მას, ხოლო ბრძენი სიტყჳთა არა ხოლო თჳთ გულისჴმა-ჰყოფს, არამედ სხუათაცა გულისჴმა-უყოფს. ამისთჳს იგი უდარესთაჲ, ხოლო ესე უმაღლესთაჲ არს.
მოციქულისაჲ: და სხუასა — სარწმუნოებაჲ მისვე სულისაგან (12,9).
თარგმანი: ამას ადგილსა სარწმუნოებად იტყჳს არა შჯულთა მართლმორწმუნეობასა, არამედ უზეშთაეს მისსა — სასწაულთა მოქმედებისა სარწმუნოებისა მიერ მიმღებლობასა, რომლისათჳს მოციქულნი ევედრებოდეს უფალსა: "შემძინე ჩუენ სარწმუნოებაჲ" (). და კუალად თავადი ეტყოდა, ვითარმედ: "გაქუნდა თუმცა სარწმუნოებაჲ, ვითარცა მარცუალი მდოგჳსაჲ, არქუთ-მცა მთასა ამას —"იცვალე ამიერ" — და იცვალა-მცა" ().
მოციქულისაჲ: რომელსამე — მადლი კურნებათაჲ მისგანვე სულისა, რომელსამე — შეწევნანი ძალთანი (12,9-10).
თარგმანი: არა ერთ არს მადლი კურნებათაჲ და, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, მოქმედებაჲ ძალთაჲ; რამეთუ პირველი იგი ჰკურნებს ოდენ სნეულთა და აღადგინებს მკუდართა, ხოლო მეორე ესე კურნებასა თანა და აღდგინებასა მოაკუდინებს-ცა და სტანჯავს; ვითარ-იგი პეტრე უყო ანანიას და საპფირას, და ვითარცა პავლე —ელჳმას მოგუსა.
მოციქულისაჲ: რომელსამე — წინაჲსწარმეტყუელებაჲ, რომელსამე - განკითხვაჲ სულთაჲ (12,10).
თარგმანი: კუალად ამათ შორისცა განყოფილებაჲ არს; ვითარ პირველი იგი თჳთ წინაჲსწარმეტყუელებს ყოფადთა, ხოლო მეორე უზეშთაეს მისსა განარჩევს და განიკითხავს და სცნობს, თუ რომელი საღმრთოჲთა ანუ რომელი საეშმაკოჲთა სულითა იტყჳს ყოფადთა, ვითარ-იგი იყვნეს ცრუწინაჲსწარმეტყუელნი — მისანნი და გრძნეულნი, რომელნი-იგი უმეტესადღა ჟამსა მას აღედგინნეს ეშმა კსა, რაჲთა ცრუთა მათ თანა შერევითა მართალნიცა იგი საეჭუელ იქმნნენ.
მოციქულისაჲ: და სხუასა — თესლად-თესალადი ენათაჲ (12,10).
თარგმანი: ამას მრავალთა ენათა მეტყუელებასა უზეშთაეს ყოველთა მადლთასა ჰგონებდეს კორინთელნი. ამისთჳს, რამეთუ პირველად ესე მიეღო მოციქულთა, სიონს მათ ზედა გარდამოსრულისა სულისა მიერ.
მოციქულისაჲ: და სხუასა — თარგმანებაჲ ენათაჲ (12,10).
თარგმანი: კუალად ენათა მეტყუელიცა და ენათა მთარგმანებელი განყოფილ არიან, რამეთუ პირველმან მან თჳთ ოდენ უწყოდის და სხჳსა თარგმანებად ვერშემძლებელ იყვის სიტყუათა თჳსთა, ხოლო მეორე — თქუმასავე და თჳთ გულისჴმისყოფასა თანა სხუათაცა გამოუთარგმნინ ძალსა სიტყუათასა. ხოლო იყვის ოდესმე, რომელ ორივე ვისმე აქუნდის — თქუმაჲცა და თარგმანებაჲცა ენათაჲ, და ოდესმე — ერთი ოდენ ორთა ამათგანი; ანუ მეტყუელებაჲ, ანუ თარგმანებაჲ ოდენ ენათაჲ.
მოციქულისაჲ: ხოლო ამას ყოველსა შეეწევის ერთი და იგივე სული, განუყოფს თითოეულად კაცად-კაცადსა, ვითარცა ჰნებავს (12,11).
თარგმანი: კეთილად შეისწავე სამოციქულოჲ ესე სიტყუაჲ მბრძოლთათჳს სულისათა, რომელნი-იგი არაწმიდებით იტყჳან, ვითარმედ: ვერარას შემძლებელ არს სული წმიდაჲ თავით თჳსით მოქმედებად თჳნიერ მამისა. არამედ შენ ამიერ იცან, ვითარმედ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, — ამის ყოვლისა მაქმნეველ არს ერთი და იგივე სული და არა თჳთ მოქენე, რაჲთამცა სხუამან ვინმე აქმნია მას, ვითარცა მონასა. არამედ თჳთ სხუათა აქმნევს მეუფებრ და ღმრთეებრ და თჳთმფლობელობით, რამეთუ თჳთ თავადი ქრისტე იტყჳს, ვითარმედ: "სულსა ვიდრეცა უნებნ, ქრინ" ().
მოციქულისაჲ: ვითარცა-იგი გუამი ერთ არს და მრავალი ასოები აქუს (12,12).
თარგმანი: კუალად სახითა ამით გუამისაჲთა განსწავლის მათ, რაჲთა არა განიწვალებოდიან ურთიერთას თითოსახეობისათჳს მადლთაჲსა, რამეთუ ერთგუამთა არა უჴმს, რაჲთა განიყოფებოდინ განყოფილებისათჳს ასოთაჲსა.
მოციქულისაჲ: და ყოველი იგი ასოები ერთისა მის გუამისაჲ მრავალ ღათუ არს, ერთგუამვე არს (12,12).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ მრავალსახელობაჲ თითოეულისა ასოჲსაჲ არცა ერთსა განწვალებასა შემოიღებს ერთისა მის გუამისა შორის!
მოციქულისაჲ: ეგრეცა ქრისტე (12,12).
თარგმანი: ვითარ-იგი წეს იყო სიტყუათა შემდგომობისაჲ, თანა-ედვა თქუმად, ვითარმედ: "ეგრეცა ეკლესიაჲ". არამედ მოციქული უმაღლესად აღიყვანებს სიტყუასა თჳსსა — ქრისტეს მიმართ, რომელ არს თავი გუამისა მის ყოველთა ეკლესიათაჲსაჲ, რაჲთა უმეტესად განაცჳბრნეს მსმენელნი. რამეთუ გუამისაჲ იგი და ასოთაჲ სახე — სახედ ეკლესიისა სავსებისა შემოიღო, რომელსა, დაღაცათუ მრავალფერნი ასონი კაცთანი ჰქონან მის შორის, არამედ ყოველნივე ერთგუამ არიან მის შორის, და ზოგად მითურთ სწორებით დამოკიდებულ ქრისტესდა, თავისა მის ჩუენ ყოველთაჲსა.
მოციქულისაჲ: რამეთუ ერთითა სულითა ჩუენ ყოველთა ერთისა მიმართ გუამისა ნათელ-ვიღეთ, გინა თუ ჰურიათა, გინა წარმართთა, გინა თუ მონათა, გინა აზნაურთა (12,13).
თარგმანი: აჰა ესერა წარმოთქუა მიზეზი ერთგუამ ყოფისაჲ — მითვე სულითა მისვე ემბაზისაგან შობაჲ; რომლითა ზოგად დაჰჴსნის ურთიერთას შურსა და წუნობასა, რაჲთა ჩუენცა სწორებით ვჰყუარობდეთ ძმათა ჩუენთა სარწმუნოებისა მიერ, ჰურიათაგანნი თუ იყვნენ ანუ წარმართთაგანნი, მონათა ანუ აზნაურთაგანნი.
მოციქულისაჲ: და ყოველთავე ერთისა მიმართ სულისა გჳსუამს (12,13).
თარგმანი: უსაკუთრეს არს, ვითარმედ: ყოველნივე ერთისა მიერ სულისა მორწყულ ვართ; რომელი-ესე სახედ შემოიღო ნერგთაგან, რომელნი ერთისა და მისვე წყაროჲსაგან ირწყვებოდიან.
მოციქულისაჲ: და რამეთუ გუამი იგი არა არს ერთ ასო, არამედ მრავალ (12,14).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ნუ გიკჳრს ჩუენი, ვითარ ესოდენ მრავალნი ერთგუამ ვართ. რამეთუ კაცისაჲცა ესე გუამი მრავალთა ასოთაგან ერთ გუამად შენაწევრებულ არს.
მოციქულისაჲ: უკუეთუ თქუას ფერჴმან, — ვინაჲთგან არა ვარ ჴელ, არა ვარ მის გუამისაგანი, — ამისგან-მე არა არსა მის გუამისაგანი? (12,15).
თარგმანი: კაცთა მიმართ შესატყუებელნი სიტყუანი რეცა ვითარცა პირითა ასოთაჲთა წარმოთქუნა, რამეთუ ჩუენებად ჰნებავს, ვითარმედ, დაღაცათუ ვისმე უდარესი მადლი აქუნდეს, მის ძლით არა განჴდილ არს გუამისა სავსებისაგან, ვინაჲთგან კაცობრივსა ამასცა შინა შეზავებასა უმცირესი და უდიდესი ასოთაჲ ზოგად აღმავსებელ არიან ერთისა მის გუამისა.
მოციქულისაჲ: ანუ თქუას ყურმან, — რამეთუ არა ვარ თუალ, არა ვარ მის გუამისაგანი, — ნუ ამისთჳს არა არსა მის გუამისაგანი? (12,16).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ვითარ-იგი ესევითარისა ამის თქუმითა ვერ განვარდების ზოგადისაგან გუამისა სავსებისა, ეგრეთვე შენ სხუაობაჲ იგი გინა უდარესობაჲ მადლისაჲ ვერ უცხო-გყოფს ზოგადისაგან გუამისა ქრისტესისა.
მოციქულისაჲ: უკუეთუ ყოველი გუამი თუალ იყოს, სადა არს სასმენელი? უკუეთუ ყოველი სასმენელ იყოს, სადა არიან საყნოსელნი? (12,17).
თარგმანი: ვინაჲთგან თუალი და ფერჴნი მოიჴსენნა, რაჲთა არა მის ძლით შეაწუხნეს უმცირესისა მადლისა მიმღებელნი, ვითარცა იჭუნეულნი, ვითარმედ: ნუუკუე და ესრეთ უდარეს არიან სხუათა, ვითარცა ფერჴი თუალსა! — ამისთჳს აწ უეჭუელ ჰყოფს, ვითარმედ, ვითარ-იგი გუამსა ამისთჳს ეწოდების გუამ, რამეთუ მრავალ ასოებით ერთად შენაწევრებულ არს, ეგრეთვე გუამსა ამას ქრისტეჲსსა, ეკლესიასა, ესე გუამ ჰყოფს — თითოსახეობაჲ მის შორის მყოფთა მადლისა და მსახურებათაჲ.
მოციქულისაჲ: აწ ესერა ღმერთმან დასხნა ასონი იგი თითოეულად გუამსა მას შინა, ვითარცა ინება (12,18).
თარგმანი: ვინაჲთგან ნებად ღმრთისა გამოაჩინა საქმე ესე, ამიერითგან უჯერო არს წუხილი საქმისა მისთჳს, რომელი სთნავს ღმერთსა. ხოლო შენ იხილე, რამეთუ, რაჲ-იგი ზემო სულისა წმიდისათჳს თქუა, ვითარმედ: "ვითარცა ინება", მასვე აქა მამისათჳს იტყჳს, რაჲთა გასწავოს, ვითარმედ არა არს განყოფილებაჲ ნებისაჲ შორის მამისა და ძისა და სულისა წმიდისა.
მოციქულისაჲ: რამეთუ უკუეთუმცა იყო ყოველი ერთ ასო, სადამცა იყო გუამი იგი? (12,19).
თარგმანი: მასვე მიზეზსა, რომელ აქუნდა მათ ნივთად სულმოკლებისა, ესე იგი იყო განყოფილებაჲ მადლთაჲ, მასვე შემოართუამს მოციქული მიზეზად ერთობისა, ვითარმედ: არათუმცა გაქუნდა განყოფილებაჲ მადლთაჲ, არამცა იყვენით გუამ, და არა თუმცა იყო ერთგუამობაჲ, არამცა იქმნა სწორპატივობაჲ; რამეთუ სწორპატივობაჲ და ერთობაჲ ერთგუამობისაგან იქმნების.
მოციქულისაჲ: ხოლო აწ მრავალ არს ასოები და ერთ —გუამი (12,20).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ვინაჲთგან ბუნებაჲ საქმისაჲ ესრეთ არს, რაოდენცა ვინ იტყოდის არაერთობასა, ვერვე განვარდების ზოგადისა მის ყოველთა გუამისა სავსებისაგან.
მოციქულისაჲ: ხოლო ვერ ჴელ-ეწიფების თუალსა, ვითარმცა ჰრქუა ჴელსა: "არა მიჴმ შენ"; ანუ კუალად თავსა — ფერჴთაჲ, ვითარმედ: "არა მიჴმთ თქუენ" (12,21).
თარგმანი: ზემოთა მათ სიტყუათა მიერ უმცირესისა მადლისა მქონებელთა განსწავლიდა არა-მწუხარებად, არცა მოშურნე ყოფად უდიდესთა მათ, ხოლო აწ უმეტესისა მადლისა მიმღებელთა მათ სწავლის დამდაბლებად ზუაობისაგან, ვითარმედ: უდიდესობითა ოდენ მათითა ვერ სრულ-იქმნების გუამი ეკლესიისაჲ, არამედ ფერჴიღა თუ აკლდეს, რომელ არს უდარესთაგანი ვინმე, არა ხოლო უსრულობაჲ, არამედ კელობაჲცა შემთხუევად არს მისდა.
მოციქულისაჲ: არამედ უფროჲსღა უმეტეს, რომელი-იგი საგონებელ არს ასოჲ გუამისაჲ მის უუძლურესად, იგი უსაჴმარეს არს, და რომლისასა ვჰგონებთ უპატიო-ყოფად გუამისა მისგან, ამათ პატივსა უმეტესსა მივსცემთ (12,22-23).
თარგმანი: ამიერითგან აჩუენებს არა ხოლო საკმარებასა, არამედ ნუუკუე და უმეტეს დიდისა მის საჴმარ-ყოფასა უმცირესისა მისსა. ხოლო კეთილად დაჰრთო "საგონებელობაჲ", რამეთუ უმცირესობაჲ იგი მადლისაჲ საგონებელ ოდენ არს უმცირეს ყოფად, და არათუ არს-ცა. ამისთჳს ორგზის აქცევს "საგონებელ"-"ვჰგონებთ"-სა, რაჲთა ცხად ყოს, ვითარმედ სახელი ოდენ აქუს მცირედ საგონებლობისაჲ, არამედ ჭეშმარიტებით დიდ არს, რომელი თანა-ყოფითა სრულ, და განყოფითა უსრულ ჰყოფს ზოგადსა გუამსა ეკლესიისასა. ხოლო სიტყუაჲ ესე "უუძლურესობისაჲ" ვიეთმე თუალთათჳს თქუმულად გულისჴმა-ყვეს, რომელნი-იგი, დაღაცათუ უუძლურეს არიან სხუათა ასოთა, შემთხუევისათჳს და თავს-დებისა ძჳრთაჲსა, არამედ უპატიოსნეს არს საჴმარებაჲ მათი ასოთა შინა გუამისათა. ხოლო უპატივოებაჲ ვიეთმე ფერჴთათჳს თქუეს, რომელნი-იგი უქუემოეს არიან ყოველთა ასოთასა, არამედ მათ ზედა დამტკიცებულ არს ყოველი გუამი. გარნა კუალად ვიეთმე — ესრეთ, ვითარმედ: უპატიო უწოდს ასოთა მათ შვილიერებისა მოქმედთა, რომელნი-იგი, დაღაცათუ უშუერ არიან, არამედ ესოდენ კრძალულებით პატივ-იცემებიან, ვიდრეღა უადვილეს გჳჩნნ ერთბამად ყოველთა ასოთა განშიშულებაჲ, ვიდრე მისი მარტოჲსაჲ.
მოციქულისაჲ: და უშუერსა მას ჩუენსა შუენიერებაჲ უმეტესი აქუს, ხოლო შუენიერსა მას ჩუენსა არარაჲ უჴმს (12,24).
თარგმანი: რაჲ არს შუენიერებაჲ უმეტესი, თჳნიერ ვითარ ზემო ვთქუ, რამეთუ უმეტეს სხუათა ასოთა ვჰფარავთ შიშულოებასა მათსა. და არა თუ უმეტეს სხუათა მათ პატიოსანთა ასოთასა მას პატივ-ვსცემთ, არამედ მათ არარაჲ უჴმს აღკრძალვაჲ განშუენებითი, ვითარცა თჳთ შუენიერთა, ხოლო ამას ჩუენ კრძალულებით ფარვითა უმეტეს განვაშუენებთ, რაჲთა არარაჲ უშუერებაჲ იხილვებოდის ჩუენ შორის.
მოციქულისაჲ: არამედ ღმერთმან შეზავა გუამი იგი და ნაკლულსა მას უმეტესი მისცა პატივი (12,24).
თარგმანი: "შეზავებითა" ამით ცხად ჰყოფს, ვითარმედ არა ერთ ასოდ შექმნნა, არამედ მრავალნი ასონი ურთიერთას შეანაწევრნა, რაჲთა შეზავებითა მით ერთ გუამ იქმნნენ. ხოლო შენ იხილე აწინდელსა ამას ადგილსა ვითარ არა უპატიოდ, არცა უშუერად, არამედ ნაკლულად ოდენ სახელ-სდებს უდარესსა მას ასოსა, რაჲთა განგიცხადოს, ვითარმედ არცა ერთი არს ასოთაგანი გუამისათაჲ უშუერ ანუ უპატივო.
გარნა თქუას ვინმე, ვითარმედ: ასოთა შორის ნუუკუე და ესრეთ, ხოლო კაცთა შორის ვითარ იყოს, რომელმცა უდარესნი და უუძლურესნი უმეტესსა მოღუაწებასა ღირს იქმნნეს? ხოლო ჩუენ მიუგებთ, ვითარმედ: ღმერთი უუძლურესთათჳს უფროჲს მწყალობელ არს. და იხილე ავაზაკი უწინარეს მოციქულთა შესრული სამოთხესა, და მეასე იგი ცხოვარი წარწყმედული — უფროჲს სხუათა მათ ძიებული, პოვნილი და მჴართა ზედა ტჳრთული, და მეათერთმეტისა ჟამისანი იგი — პირველით ჟამითგანთა მუშაკთა სწორად მიმღებელნი სასყიდლისანი. რამეთუ მარადის ესრეთ თანაშთამომავალ, ტკბილ და მოწყალე არს ღმერთი უუძლურესთათჳს, რომლისა მიერ მტკიცე არს თქუმული ესე მოციქულისაჲ, ვითარმედ: "ნაკლულსა მას უმეტესი მისცა პატივი", რაჲთა ამით ნუგეშინის-სცეს უდარესისა მადლისა მიმღებელთა.
მოციქულისაჲ: რაჲთა არა იყოს წვალება ჴორცთა ამათ შინა, არამედ მასვე ერთიერთისათჳს ზრუნვიდენ ასონი იგი (12,25).
თარგმანი: ვითარ-იგი უსაკუთრეს არს — რაჲთა არა იყოს განხეთქილება გუამსა შინა, რომელი-იგი დაჴსნილ და უგუამო ჰყოფს მას. რამეთუ ამით სიტყჳთა უმეტესისა მადლისა მიმღებელთა მათ შეაშინებს, ვითარმედ, უკუეთუ არა ფრიად ზრუნვიდენ, რაჲთა არცა ერთისა ვის განჭრაჲ იქმნას უმცირეს საგონებელთა მათ ასოთაგანისაჲ, იგინიცა დაიჴსნებიან ერთ გუამ ყოფისაგან ეკლესიისა და თავ ყოფისაგან ქრისტესსა, რამეთუ ერთობითა მოგუეცემის გუამ ყოფაჲ მისი.
მოციქულისაჲ: და თუ ევნებინ რაჲ ერთსა ასოსა, მის თანა ელმინ ყოველთა ასოთა; და თუ იდიდებინ ერთი ასოჲ, მის თანა იდიდებიედ ყოველნი ასონი (12,26).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ ნამდჳლვე ჭეშმარიტებით ერთ გუამ ხართ, უეჭუელად საზოგადო არს ვნებაჲცა და სიხარულიცა ერთისა ასოჲსაჲ, რაჲთა, რაჟამს ერთსა ელმოდის, მის თანა ყოველთა გელმოდის; ვითარ-იგი თუალთა ელმის, მოეკუეთებოდის რაჲ ფერჴი და კუალად, რაჲთა იდიდებოდის რაჲ ერთი ასოჲ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, მის თანა უხროდის ყოველთა ასოთა. რამეთუ თავიცა, გჳრგჳნოსან რაჲ იქმნებინ, ყოველთა ასოთაჲ იყვის დიდებაჲ და სიხარული იგი; რომელი-ესე უდარესთა მათ სწავლის, რაჲთა არა ეშურებოდინ პატივსა უწარჩინებულესთასა.
მოციქულისაჲ: თქუენ ხართ ჴორცნი ქრისტესნი და ასონი ასოთა მისთაგანნი (12,27).
თარგმანი: რაჲთა არა თქუან, ვითარმედ: ჩუენდა რაჲ არს ჴორციელისა ამის გუამისა სახისაგან! —ამისთჳს ეტყჳს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს: თქუენ ხართ გუამ ქრისტესა და ასო ზოგებით. და უკუეთუ ჴორცთასა ამას გუამსა არა უჴმს განყოფილებაჲ, რამეთუ განყოფილებაჲ დაჴსნისა მიზეზ არს, რაოდენ უფროჲს თქუენ თანა-გაც უშფოთველობაჲ, ვითარცა გუამ ქრისტესსა ქმნულთა, რომელ-იგი არს მშჳდობაჲ ჩუენი. ხოლო "ასო ზოგებით" ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: არა თქუენ, კორინთელნი ოდენ, ხართ ასონი ქრისტესნი სრულებითნი, არამედ ზოგებითნი ოდენ ნაწილნი ასოთა მისთანი; რომლითა ცხად ჰყოფს, ვითარმედ მაშინვე ყოველსა სოფელსა განფენილ იყო მოციქულთა მიერ სახარებაჲ ქრისტესი, და ზოგად ყოვლისა სოფლისა მორწმუნეთა მიერ აღივსებოდა გუამი იგი ეკლესიისაჲ თავისა მის ჩუენ ყოველთაჲსა ქრისტესი.
მოციქულისაჲ: და რომელნიმე დაადგინნა ღმერთმან ეკლესიათა (12,28).
თარგმანი: მიფარულ-რე არს სიღრმითა ძალი სიტყჳსაჲ ამის, რომლისა განცხადებაჲ ესე არს, ვითარმედ: ეძიებ თუ ღმრთივდადგინებულთა მოძღუართა ეკლესიისათა, პირველობასა და შემდგომობასა, ესე აწ მე წარმოგითხრა.
მოციქულისაჲ: პირველად მოციქულნი, მეორედ — წინაჲსწარმეტყუელნი, მესამედ — მოძღუარნი (12,28).
თარგმანი: არა ლიტონად იტყჳს პირველობასა და მეორეობასა, არამედ რაჲთა ცხად ყოს უპირატესობაჲ და შემდგომობაჲ პატივთა მათთაჲ. ვინაჲცა კეთილად თქუნა პირველად მოციქულნი, ვითარცა დასაბამნი და ძირნი ქრისტიანეთა სარწმუნოებისანი, ხოლო წინაჲსწარმეტყუელნი — მეორედ. არა თუ ძუელთა წინაჲსწარმეტყუელთა იტყჳს, რომელნი იყვნეს პირველ ქრისტეს მოსლვისა, არამედ მათ, რომელნი-იგი შემდგომად მოციქულთა იყვნეს ყოველთა ეკლესიათა. ამისთჳსცა პირველ მათსა ითქუნეს მოციქულნი, რამეთუ ყოველივე იგი საზომი მადლთა პირად-პირადისა განყოფისაჲ თავთა შორის მათთა აქუნდა უნაკლულოდ. ხოლო მეორედ თქუმულთა ამათ წინაჲსწარმეტყუელთა ერთი ოდენ აქუნდის მადლთა მათგანი — წინაჲსწარმეტყუელებაჲ; ვითარ-იგი იყო აგაბოს და ასულნი ფილიპესნი, და თჳთ მათ კორინთელთაცა შორის, რომელთა მიუწერს, ვითარმედ: "წინაჲსწარმეტყუელნი ორნი ანუ სამნი იტყოდედ". უფროჲსღა ყოველთა ეკლესიათა იყვნეს ეგევითარნი წინაჲსწარმეტყუელნი, უმრავლესნი რიცხჳთა უფროჲს ძუელთა მათსა, რამეთუ არა ათთა გინა ოცთა ანუ ასთა მიმართ დაადგრა სიმდიდრე იგი მადლისაჲ. ხოლო უკუეთუ გესმის ქრისტესი, ვითარმედ: "შჯული და წინაჲსწარმეტყუელნი ვიდრე იოვანესდამდე წინაჲსწარმეტყუელებდეს" (), გულისჴმა-ყავ, ვითარმედ ესე ძუელთა მათთჳს უთქუამს, წინამომასწავებელთა მოსლვისა მისისათა. ხოლო მესამედ მოძღუარნი ამისთჳს დაიწესნეს შემდგომად წინაჲსწარმეტყუელთა, რამეთუ წინაჲსწარმეტყუელი ყოველსავე სულისა მიერ წინაჲსწარმეტყუელებს, ხოლო მოძღუარი ოდესმე თჳსისაგანცა გონებისა გინა სწავლულებისა განავრცობს მოძღურებათა მითვე მადლითა სულისა წმიდისაჲთა. და კუალად, ამისთჳს მყის შემდგომად მოციქულთა და წინაჲსწარმეტყუელთასა მესამე დასი მიეცა მოძღუართა, რამეთუ ურიცხუთა სულთა მარგებელ ექმნნეს სიტყჳთა სწავლათა თჳსთაჲთა.
გრიგოლი ღმრთისმეტყუელისაჲ: პირველად სახელ-ედვა მოციქულთა, ჭეშმარიტებისა ქადაგებისათჳს; ხოლო მეორედ —წინაჲსწარმეტყუელთა, აჩრდილთა შინა მყოფობისათჳს; ხოლო მესამედ — მოძღუართა, საზომისათჳს სარგებელისა და გამობრწყინვებისათჳს მადლთაჲსა.
მოციქულისაჲ: მერმე ძალნი, მაშინღა მადლნი კურნებათანი (12,28).
თარგმანი: იხილე, ვითარ ზემოცა და აქაცა განჰყოფს ურთიერთას ძალთა და კურნებათა, და რომელი-იგი მაშინ პირველად დადვა, მას აწ შემდგომად დასდებს, რამეთუ მუნ არა წესისაებრ გამოაჩინებდა პირველსა და შემდგომსა, არამედ წინაუკუმო დაუწყობელად, სახელებსა ოდენ წარმოიტყოდა, ხოლო აქა უზეშთაესსა პირველ დასდებს, და უმცირესსა — შემდგომად, რამეთუ ამით უზეშთაეს არს ქონებაჲ ძალთაჲ, ვინაჲთგან წყლვაჲცა და კურნებაჲცა, კეთილისყოფაჲ და ბოროტისყოფაჲცა ჴელ-ეწიფების მქონებელსა მათსა. ხოლო რომელსა მადლი მიეღოს კურნებათაჲ, იგი ჰკურნებს ოდენ და ვერ სტანჯავს-ცა. გარნა, ეძიებდეს თუ ვინმე, თუ ვითარ ძალთა და კურნებათაჲსა უპირატეს დაუც წინაჲსწარმეტყუელებაჲ, ცხად არს, ვითარმედ, — ვითარცა ძუელითგან მიმღებელი პირველობისაჲ, ვითარ-იგი ესაია, განუცხადებდა რაჲ ჰურიათა დიდებულებასა ღმრთისა ძლიერებათასა და კერპთა და ეშმაკთა უნდოებასა, ესე ხოლო კმა-იყო თქუმად, ვითარმედ: წინაჲსწარ ცნობაჲ ყოფადთაჲ გჳჩუენებს ჭეშმარიტებასა ღერთეებისა მისისასა. და კუალად, უფალმან ჩუენმან ესოდენნი სასწაულნი ქმნნა და არცა ერთი მათგანი თქუა მოსასწავებელად ღმრთეებისა თჳსისა, არამედ სიტყუათა მიერ წინაჲსწარმეტყუელებისათა იტყჳს, ვითარმედ: ესე ვთქუ, რაჲთა, რაჟამს ესე იქმნას, მაშინ გრწმენეს, ვითარმედ მე ვარ.
მოციქულისაჲ: შეწევნანი, ღუწოლანი (12,28).
თარგმანი: შეწევნად უწოდს მსახურებასა უძლურთასა, რომელი-ესე დაღაცათუ ჩუენისა მოსწრაფებისა საქმე არს, არამედ ეგრეთცა ღმრთისა თანა-შეწევნისა მოქენე არს, რაჲთა მან მოგუცეს ძალი ესევითარისა მის ნიჭისა მოგებად, რომელ არს ტჳრთვითა უძლურთაჲთა მიმსგავსებაჲ ქრისტესი, უძლურებათა ჩუენთა მტჳრთველისაჲ. ხოლო "ღუწოლანი" მმართებელობად სახელ-იდებიან, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, და მმართებელობაჲ იგი მოღუაწებად და ზრუნვად ჴორცთა საჴმრისა გულისჴმა-იყოფების, რაჲთა, ვითარცა საჭეთმპყრობი ნავისაჲ, მმართებელ და მოურნე იყოს ძმათა საზრდელისა და სამოსლისა.
მოციქულისაჲ: თესლად-თესლადი ენათაჲ (12,28).
თარგმანი: ვინაჲთგან ამას მადლსა ზედა უმეტეს მზუაობარ იყვნეს კორინთელნი მეტყუელებისათჳს ენათაჲსა, ამისთჳს ყოველსა ადგილსა ქუემო კერძო ყოველთა მოაქცევს მას მოციქული, რაჲთა დაამდაბლოს ზუაობაჲ მათი.
მოციქულისაჲ: ნუ ყოველნი მოციქულ იყვნენა? ნუ ყოველნი წინაჲსწარმეტყუელ? ნუ ყოველნი მოძღუარ? ნუ ყოველნი ძალ? ნუ ყოველთა მადლი აქუნდეს კურნებათაჲ? ნუ ყოველნი ენათა იტყოდიან? ნუ ყოველნი გამოსთარგმანებდენ? (12,29-30).
თარგმანი: ვინაჲთგან შემდგომითი-შემდგომად განაწყვნა პირველობანი ესე და შემდგომობანი მადლთანი, რაჲთა არა მიზეზ-სცეს მათ ესე ურთიერთას ჴდომისა და შურობისა, ამისთჳს კუალად კითხვის სახედ წარმოიტყჳს მათ მასვე წესსა ზედა შემდგომობისასა. ვითარმცა ეტყოდა: უკუეთუმცა ყოველნი ერთ იყვენით, სადამცა იყო თითოსახეობაჲ ასოთაჲ? უკუეთუმცა ყოველნი წინაჲსწარმეტყუელ, სადამცა მოციქულნი? უკუეთუმცა ყოველნი მოციქულ, სადამცა მოძღუარნი? ვინაჲცა განწესებაჲ ესე თითოსახეობისაჲ უმარგებელეს არს, რაჲთა თითოეულისადა მოყუასი საჴმარ იყოს.
მოციქულისაჲ: ჰბაძევდით მადლთა მათ უფროჲსთა (12,31).
თარგმანი: მყუდროებით ამხილებს მათ, ვითარმედ: თქუენ ხართ მიზეზ უმეტესთა მადლთა არა-მიღებისა, უდებებისაგან თქუენისა და დაჴსნილობისა! — და ამით აღაბაძვებს მოსწრაფებად მოგებისათჳს მადლთა, არა უდიდესთა, არამედ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, უმარგებელესთა, რომელნი უფროჲს საჴმარ და სარგებელ იყვნენ ეკლესიისა.
მოციქულისაჲ: და მერმე აღმატებული გზაჲ გიჩუენო თქუენ (12,31).
თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ ყოვლად წადიერ ხართ ბაძვად უმეტესისა, მე გიჩუენო თქუენ გზაჲ, აღმყვანებელი აღმატებისა მიმართ. ხოლო გზად, წარმატებათა მიმართ მიმყვანებელად, სიყუარულსა იტყჳს, რომელი-იგი მომგებელსა მისსა ექმნების გზა აღმყვანებელ მადლთა მიმართ ყოველთადა უმაღლესთა.
მოციქულისაჲ: ენასაღა თუ კაცთასა და ანგელოზთასა ვიტყოდი (13,1).
თარგმანი: ენად ანგელოზთა არა თუ ჴორციელსა ამას ორღანოსა იტყჳს ენისასა უჴორცოთა მათთჳს, არამედ ჩუენ მიერითა ამით ჩუეულებითითა სახელითა ურთიერთას ზრახვასა მათსა განაცხადებს, რომელი-იგი იქმნების თჳნიერ ჴმოვანისა სიტყჳსა; ვითარ-იგი სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: "მისსა მოდრკეს ყოველი მუჴლი ზეცისათაჲ და ქუეყანისათაჲ" ().
მოციქულისაჲ: ხოლო სიყუარული არა მაქუნდეს, ვიქმენ მე ვითარცა რვალი, რომელი ოხრინ, გინა წინწილაჲ, რომელი ჴმობედ (13,1).
თარგმანი: აჰა გზაჲ იგი, რომელსა უქადებდა ჩუენებად. ესე იგი არს სიყუარული, რომლისა თჳნიერ ყოველნივე მადლნი უსარგებლო იქმნებიან. ხოლო კეთილად პირველ ყოველთა თჳთ მათ მიერ დიდ შერაცხილისა მის ენათა მეტყუელებისაგან იწყო აღმატებად სიყუარულისა, ვითარმედ: თჳნიერ მისსა მეტყუელებაჲ ენათაჲ უსულოჲსა ჴმად შერაცხილ არს, რომელთა-იგი ჴმაჲ - ძგერაჲ ოდენ არს, უტყუ და საწყინო სასმენელთა.
მოციქულისაჲ: მაქუნდეს-ღა თუ წინაჲსწარმეტყუელებაჲ და უწყოდი ყოველი საიდუმლოჲ და ყოველი მეცნიერებაჲ (13,2).
თარგმანი: კუალად მადლთა აღამაღლებს ქებითა, და ეგრეთ, მაღალთა უმაღლეს ჰყოფს სიყუარულსა, მათ თანა შეტყუებითა, რამეთუ, ვითარ-იგი ზემო ენათა მეტყუელებაჲ არა ხოლო კაცთა, არამედ ანგელოზთაცა შორის-შემოყვანებითა განადიდა, ეგრეთვე აწ არღარა კნინოდენსა რასმე წინაჲსწარმეტყუელებასა, არამედ ყოვლისავე საიდუმლოჲსა ცნობასა შორის-შემოიღებს.
მოციქულისაჲ: და მაქუნდეს-ღა თუ ყოველივე სარწმუნოებაჲ ვიდრე მთათა ცვალებამდე, და სიყუარული თუ არა მაქუნდეს, არა-ვე-რაჲ ვარ (13,2).
თარგმანი: არა მართლმადიდებლობისა, არამედ სასწაულთა მოქმედებისა სარწმუნოებასა იტყჳს, ვითარ-იგი უფლისა მიერ ითქუა სახარებასა შინა: "გაქუნდეს თუ სარწმუნოებაჲ. ვითარცა მარცუალი მდოგჳსაჲ, ჰრქუათ მთასა ამას, — იცვალე ამიერ იქი, — და იცვალოს" (). ესოდენ მაღალსა მასცა სარწმუნოებასა უსარგებლო ჰყოფს თჳნიერ სიყუარულისა. რამეთუ არა თქუა, ვითარმედ: "მცირე ვარ ანუ უნდო", არამედ — "თჳნიერ მისსა არარაჲ ვარო".
მოციქულისაჲ: და შე-ღათუ-ვაჭამო ყოველი მონაგები ჩემი და მივსცნე ჴორცნი ჩემნი დასაწუველად, და სიყუარული არა მაქუნდეს, არარაჲვე სარგებელ არს ჩემდა (13,3).
თარგმანი: ვითარ ეგების შეჭმაჲ მონაგებისაჲ თჳნიერ სიყუარულისა, ანუ წამებაჲ ესოდენ სასტიკითა სიკუდილითა, რომელ ჴორცნი დაიწუნენ, თჳნიერ ქრისტეს სურვილისა? ანუ თუ ცხად არს, ვითარმედ იქმნების მიცემაჲ ანუ ჭამებაჲ გლახაკთაჲ ოდესმე არა სიყუარულით და წყალობით, არამედ ანუ მაჩუენებლობით ანუ გარეწარად, თჳნიერ თანალმობისა. ამისთჳს ასწავებს მათ, რაჲთა არა ხოლო ლიტონად მისცემდენ, არამედ აჭამებდენ-ცა თანალმობით და წყალობით, რომელ არს მიცემასავე თანა ჴელითმსახურებაჲცა. და კუალად, წამებისა ღუაწლთა ვითარ უჴმარ ჰყოფს, გარნა თუ თანამოწამებითა საუფლოჲსა მის სიტყჳსაჲთა, რომელმან ძეთა ზებედესთა წამებითა აღსასრული არა სხჳსა რაჲსათჳსმე უღირსად გამოუჩინა მარჯულ და მარცხლ ჯდომისა, არამედ ამისთჳს, ვითარმედ არა სასოებითა ოდენ მოსაგებელთაჲთა ჯერ-არს თავს-დებაჲ ღუაწლთაჲ, არამედ სიყუარულითა მეუფისაჲთა დადებად სული თჳსი მისთჳს, რომელმან-იგი სული თჳსი დადვა ჩუენთჳს, ვითარ-იგი ამისსა შემდგომად უჩუენებდა მათ საძიებელსა მათგან, ვითარმედ: "რომელსა უნდეს თქუენ შორის პირველ-ყოფაჲ, იყავნ ყოველთა მსახურ, ვითარცა ძე კაცისაჲ არა მოვიდა, რაჲთა იმსახუროს, არამედ მსახურებად და მიცემად სული თჳსი საჴსრად მრავალთათჳს" (). აჰა ესერა, დაღაცათუ წამებაჲ ესე არა უეჭუელ, არამედ სიმდაბლე და სიყუარული უეჭუელ ყვნა მომატყუებელად პირველობისა; სიმდაბლე უკუე - მსახურებითა, ხოლო სიყუარული — სულისა დადებითა. ამითვე წესითა პავლე სიყუარულსა დასდებს სრულმყოფელად უპოარებისა და წამებისა; ესე იგი არს, ვითარმედ: სიყუარულითა ღმრთისა და მოყუსისაჲთა იქმნებოდენ ორივე ესე.
მოციქულისაჲ: სიყუარული სულგრძელ არს და ტკბილ (13,4).
თარგმანი: ვინაჲთგან ზემო კერძო უფროჲს ყოველთა სათნოებათა აღამაღლა სიყუარული, აწ წარმოიტყჳს ნიშთა და საცნაურებათა მისთა, ვითარმედ არა ხოლო აღმოცენებულთა სიბოროტისა ნერგთა აღმომფხურელ არს, არამედ არცაღა თუ ყოვლად შეუნდობს აღმოცენებად მათდა სულგრძელებისა მიერ. გარნა ვინაჲთგან სულგრძელებნ ვინმე არა სიმშჳდისათჳს, არამედ რაჲთა უმეტეს განძჳნებულ და განხეთქილ ყვნეს წინააღმდგომნი, ამისთჳს სახისმეტყუელებით სწავლის მათ, რაჲთა არა განძჳნებისათჳს, არამედ უფროჲსღა დატკბობისათჳს მოყუასთაჲსა სულგრძელებდენ.
მოციქულისაჲ: სიყუარულსა არა შურნ (13,4).
თარგმანი: ესე უზეშთაეს არს მადლთა შორის სიყუარულისათა, რომელ არა ეშურების წარმატებულსა.
მოციქულისაჲ: სიყუარული არა მაღლოინ (13,4).
თარგმანი: ესე შემდგომი არს, რაჲთა, რაჟამს სხუასა არა ეშურებოდის წარმატებისათჳს, არცაღა თჳსსა წარმატებასა ზედა მაღლოოდის. ხოლო ესევე სიტყუაჲ არა ხოლო ესრეთ, არამედ ესრეთცა უსაკუთრესად ითქუმის, ვითარმედ: სიყუარული არა ცუნდრუკებს. ესე იგი არს, ვითარმედ არარას იქმს აღტაცებით და სისუბუქით, არამედ მძიმედ და დაწყნარებულად.
მოციქულისაჲ: არა განლაღნის (13,4).
თარგმანი: განლაღებისა წილ განსივებაჲ უსაკუთრეს არს, რომელი-იგი მრავალგზის უთქუამს მოციქულსა ზუაობისა წილ; რამეთუ, ვითარცა-იგი მსივანი არა ჴორცითა მსუქან, არამედ ქარისა მიერ ტყავგანბერილ არს, ეგრეთვე მზუაობარი არა სათნოებათა, არამედ საეშმაკოთა ქართა მიერ განდიდნების, რამეთუ სათნოებაჲ დამამდაბლებელ არს კაცისა, ვითარცა ნაყოფი — ხეთა ქუე დამდრეკელ, ხოლო უნაყოფოებაჲ მათცა და ამათცა აღამაღლებს ცუდად.
მოციქულისაჲ: არა სარცხჳნელ იქმნის (13,5).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ სიყუარულისათჳს მოყუსისა არცაღა უნდოთა და შეურაცხთა რათმე საქმეთა სირცხჳლ-იჩინებს თავს-დებად მისთჳს.
მოციქულისაჲ: არა ეძიებნ თავისასა (13,5).
თარგმანი: თჳთვე თარგმნის, თუ ვითარ არა სარცხჳნელ იქმნის, რაჟამს ესე ხოლო შეურაცხის მას სირცხჳლად, უკუეთუ არა მოყუასი გამოიჴსნას სირცხჳლისაგან.
მოციქულისაჲ: არა განრისხნის, არად შეჰრაცხის ბოროტი (13,5).
თარგმანი: კუალად ამასცა თჳთვე თარგმნის, ვითარმედ: ესრეთ იქმნების არა-განრისხებაჲ, რაჟამს არა შეურაცხოს მოყუასსა ბრალი მისი.
მოციქულისაჲ: არა უხარინ სიცრუვესა ზედა, არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა ზედა (13,6).
თარგმანი: ესე არს სიცრუვე, რაჟამს უხაროდის ვის ძჳრი მოყუსისაჲ, და ესე — ჭეშმარიტება, რაჟამს უხაროდის კეთილთა მისთა ზედა.
მოციქულისაჲ: ყოველსა თავს-იდებნ (13,7).
თარგმანი: ესე სულგრძელებისა მიერ იქმნების, რაჲთა კაცი ყოველსავე თავს-იდებდეს, სამართლად გინა უსამართლოდ შემთხუეულსა მისდა.
მოციქულისაჲ: ყოველი ჰრწამნ (13,7).
თარგმანი: რაჲ "ყოველი"? - ანუ თუ რაჲცა რაჲ თქუას საყუარელმან მისმან; რამეთუ სიყუარული არცა რას თჳთ იტყჳნ ტყუილით და მზაკუვარებით, არცა რას მოყუსისაგან მოელინ თქუმად ეგევითარსა.
მოციქულისაჲ: ყოველსა ესავნ (13,7).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ არა განსწირავნ საყუარელსა მას თჳსსა, არამედ ესავნ უმჯობესად შეცვალებასა მისსა.
მოციქულისაჲ: ყოველსა მოითმენნ (13,7).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ, დაღაცათუ ჴუებულ იქმნის სასოებისაგან მოუქცეველად დაშთომითა საყუარელისაჲთა, არამედ იგი უზეშთაესობითა საზომისაჲთა მასცა სიმჴნით მოითმენნ და არავე დააკლდებინ სიყუარულისაგან მისისა.
მოციქულისაჲ: სიყუარული არასადა დავარდების (13,8).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: არა საწუთროსა ამას თანა დაიჴსნების, არამედ მერმესა მას საუკუნესა თანა დაუჴსნელ და დაუსრულებელ არს. გინა თუ ესრეთ, ვითარმედ: თჳთ აქავე არაოდეს დაიჴსნების, ვინაჲთგან ყოვლისავე თავს-დებად განმზადებულ არს.
მოციქულისაჲ: გინა თუ წინაჲსწარმეტყუელებანი განქარდენ, ანუ თუ ენანი და-ვე-სცხრენ (13,8).
თარგმანი: წინაჲსწარმეტყუელებანი წინამოსწავებისათჳს იყვნეს ქრისტესსა, და ზოგად წინაჲსწარმეტყუელებანი და ენანი განფენისათჳს იყვნეს სარწმუნოებისა. ხოლო ესე რაჲ ყოველთა შორის განითქუნეს და იქადაგნეს მიერითგან ნამეტნავ არიან და დასცხრებიან ორნივე იგი. არამედ ურთიერთას სიყუარული უფროჲს და უფროჲს აღემატებიან არა ხოლო აწინდელსა ამას, არამედ მერმესა მასცა შინა ცხორებასა დაუსრულებელსა.
მოციქულისაჲ: გინა თუ მეცნიერებანი განქარდენ (13,8).
თარგმანი: არა თუ მერმესა მას საუკუნესა ყოვლად უცნობელ ვართ და უგრძნობელ, არამედ, ვინაჲთგან აქაჲ ესე მეცნიერებაჲ ზოგებითი არს და არა სრულებითი, ამისთჳს ესე განქარდების და იგი მოგუეცემის.
მოციქულისაჲ: რამეთუ მცირედ-რაჲმე ვიცით და მცირედ-რაჲმე ვწინაჲსწარმეტყუელებთ. ხოლო რაჟამს მოიწიოს სრული იგი, მაშინ მცირედიცა იგი გან-ვე-ქარდეს (13,9-10).
თარგმანი: აჰა ესერა ზოგად იტყჳს წინაჲსწარმეტყუელებათათჳს და მეცნიერებათა, ვითარმედ: არა ყოვლად წარჴდებიან, არამედ უსრულესისა მოცემითა განიჴადების უსრული ესე.
მოციქულისაჲ: ოდეს-იგი ვიყავ ყრმა, ვიტყოდე ვითარცა ყრმაჲ, შერაცხილ ვიყავ ვითარცა ყრმაჲ; ხოლო ოდეს ვიქმენ მამაკაც, დაუტევე სიყრმისაჲ იგი (13,11).
თარგმანი: ამას ზემოთა მათ თქუმულთა დასამტკიცებელად შემოიღებს და სიყრმისა ჟამად უწოდს საწუთროსა ამას განქარვებადსა, ხოლო მამაკაცებისად - საუკუნოსა მას განუქარვებელსა.
მოციქულისაჲ: რამეთუ ვხედავთ აწ, ვითარცა სარკითა და სახითა, ხოლო მაშინ — პირსა პირისპირ (13,12).
თარგმანი: ვინაჲთგან ზემო სიტყუად ყრმისა უწოდა აქათა ამათ წინაჲსწარმეტყუელებათა, და, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ცნობად ყრმისა - აქათა ამათ მეცნიერებათა, რომლისათჳს თქუა, ვითარმედ: "ვსცნობდ, ვითარცა ყრმაჲ". ამისთჳს აწ სახედ შემოიღო სარკე. გარნა ვინაჲთგან სარკე რეცა ხატსა აჩუენებს შთამხედველისასა, ამისთჳს ზედა-დაჰრთო "სახე", რაჲთა ცხად ყოს, ვითარმედ მერმესა მას გულისჴმის-ყოფასა თანა აქაჲ ესე სარკისასა უწულილესი არს და კნინოდენი სახე პირისა პირისპირისაჲ.
მოციქულისაჲ: აწ ვიცი მცირედ, ხოლო მერმე ვიცნა, ვითარცა შევემეცნე (13,12).
თარგმანი: ვითარ-იგი ზემო არა თუ პირისა ქონებასა იტყოდა ღმრთისათჳს სიტყჳთა მით "პირისპირისაჲთა", არამედ უცხადესობასა ცნობისა მისისასა გუაუწყებდა, ეგრეთვე აწ, არა მცირედ ცნობასა, არამედ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ზოგებით და კერძოდ ცნობასა აწინდელად იტყჳს, ხოლო სრულებითსა მერმისა მის დაუტევებს, რაჟამს თქუას: "აწ უწყი კერძოდ, ხოლო მაშინ ვიცნა, ვითარცა ცნობილ ვიქმენ". რამეთუ აქა ორსახედ დაამჴობს ზუაობასა მეცნიერთასა, ვითარმედ: მეცნიერებაჲ ესე, რომელ აწ უწყი, კერძოჲ ოდენ არს მეცნიერებისაჲ. და არცა ესე თავით თჳსით მაქუს, რამეთუ არა მე ვიცან იგი, არამედ ცნობილ ვიქმენ მის მიერ. ესე იგი არს, ვითარმედ ამას სოფელსა არა ჩუენ ვაცანთ იგი, არამედ მან თავადმან გჳცნნა და მიგჳზიდნა თავისა თჳსისა მიმართ. ხოლო მერმესა მას საუკუნესა ჩუენ ვიცნათ იგი და ნებსით მივრბიოდით მისსა, მაშინ, რაჟამს უცხადესად გამოგჳბრწყინდეს ჩუენ სიტკბოებაჲ მისი. რამეთუ ბნელსა შინა მჯდომარე, ვიდრემდის ვერ იხილვოს ბრწყინვალებაჲ მზისაჲ, არა იგი მისდევნ სიკეთესა შარავანდედთა მზისათასა, არამედ მზე მოჰფენნ მას შარავანდედთა თჳსთა. ხოლო რაჟამს ერთგზის შეემეცნის მას, მიერითგან თჳთცა მისდევნ ნათელსა მისსა. ეგრეთვე, ვითარ-ესე ამას სოფელსა სიბნელე ჩუენი ღმერთმან განანათლა, მიგჳზიდნა რაჲ ნათელსა მისსა, ეგრეთვე მერმესა მას საუკუნესა, ვითარცა მიმღებელნი უსრულესისა მეცნიერებისა მისისანი, ჩუენ მივრბიოდით მისსა მიმართ. დაღაცათუ ვერ ეგოდენ სრულებით, ვითარ-ესე აწ ჩუენ ცნობილ ვართ მის მიერ, არამედ ეგრეთცა უსრულესითავე მეცნიერებითა უფროჲს აწინდელისა ამის, რომელ გუაქუს. ხოლო ესე ყოველთა მიერ აღსაარებულ არს, ვითარმედ აწინდელიცა ესე მცირე, და მერმეცა იგი დიდი — ზოგად მის მიერ მოგუეცემიან.
მოციქულისაჲ: ხოლო აწ ესერა ჰგიეს სარწმუნოებაჲ, სასოებაჲ და სიყუარული — სამი ესე; ხოლო უფროჲს ამათსა სიყუარული არს (13,13).
თარგმანი: სამნივე ესე უფროჲს სამთასა მას მდგმო არიან, სარწმუნოებაჲ — ენათასა, და სასოებაჲ —წინაჲსწარმეტყუელებათასა, და სიყუარული — მეცნიერებათასა; არამედ თჳთ სამთა ამათ შინა სიყუარული უფროჲს დაუსრულებელ არს, რამეთუ სარწმუნოებაჲ და სასოებაჲ საუკუნოჲსა მისთჳს ცხორებისა გუქონან, ხოლო რაჟამს მას მივემთხჳნეთ, ესენი არღარად საჴმარ არიან ჩუენთჳს; არამედ სიყუარული თჳთ მერმესა მას შინა ცხორებასა უმეტეს შეგუემატების და ჩუენ თანა ჰგიეს დაუსრულებელთა მათ საუკუნეთა.
მოციქულისაჲ: შეუდეგით სიყუარულსა (14,1).
თარგმანი: უსაკუთრეს არს, ვითარმედ: მისდევდით სიყუარულსა, რამეთუ, ვინაჲთგან წარმოთქუნა ყოვლით კერძო აღმატებულებანი მისნი, აწ გუამცნებს, არა რაჲთა შეუდგეთ, ანუ რაჲთა ლიტონად გუეპყრას ოდენ, არამედ რაჲთა მივსდევდეთ-ცა მას და უწყოდით მალიადობაჲ და მკჳრცხლ თანა-წარმავალობაჲ მისი, უკუეთუ არა ჩუენ ყოვლითა ძალითა მივსდევდეთ მას.
მოციქულისაჲ: და ჰბაძევდით სულიერსა მას (14,1).
თარგმანი: განმრავლებითად უსაკუთრეს არს, ვითარმედ: ჰბაძევდით სულიერთა მათ. ესე იგი არს, ვითარმედ: არა ამისთჳს წარმოგითხრენ აღმატებულებანი სიყუარულისანი, რაჲთა სრულიად განგაყენნე ძიებისაგან სულისა მიერთა მათ მადლთაჲსა, არამედ ესრეთ მნებავს, რაჲთა სიყუარულით ჰყოფდეთ მას, რამეთუ სიყუარულით ძიებაჲ მადლთა სულიერთაჲ ღირს გყოფს მიმთხუევისა მათისა, რაჟამს არა შურით, არამედ ბაძვით იქმნებოდის ძიებაჲ მათი.
მოციქულისაჲ: უფროჲსღა, რაჲთა სწინაჲსწარმეტყუელებდეთ (14,1).
თარგმანი: თჳთ მადლთაცა მათ შორის თანა-შეტყუებით უმჯობესსა გამოურჩევს. ესე იგი არს, ვითარმედ: უმარგებელეს არს წინაჲსწარმეტყუელებაჲ უფროჲს ენათა მეტყუელებისასა, რომელსა ზედა იგინი უფროჲს აღზუავებულ იყვნეს.
მოციქულისაჲ: რამეთუ რომელი-იგი იტყჳნ ენითა, არა კაცთა ეტყჳნ, არამედ ღმერთსა, რამეთუ არავის ესმის, რამეთუ სულითა იტყჳს საიდუმლოთა (14,2).
თარგმანი: რომელნი-იგი ენათა იტყოდიან, თჳნიერ თარგმანებისა არავინ უწყინ ჴმაჲ მათი, რაჟამს სხჳთა ენითა იტყოდიან, და არა მით, რომლითა ჩუეულ იყვნიან მკჳდრნი მის ქუეყანისანი. ამისთჳს დაღაცათუ წინაჲსწარმეტყუელებისასა უდარეს არს, რომელი-იგი მითვე ენითა მათითა სასმენელად ყოველთა წინაჲსწარმეტყუელებნ, არამედ არცა ეგრეთ უნდო და განსაგდებელ არს, რამეთუ ღმერთსა ეტყჳნ, ესე იგი არს, ვითარმედ საღმრთოდ იტყჳნ, და რამეთუ სულითა წმიდითა არა ლიტონად მომზრახ, არამედ საიდუმლოთა მეტყუელ არნ.
მოციქულისაჲ: რამეთუ რომელი წინაჲსწარმეტყუელებნ, კაცთა ეტყჳს აღშენებასა, ვედრებასა და ნუგეშინის-ცემასა (14,3).
თარგმანი: აჰა ზოგადნი ყოველთა სარგებელნი წინაჲსწარმეტყუელებანი, ვითარ აღაშენებს კაცთა, განამტკიცნეს რაჲ იგინი სარწმუნოებასა შინა, და ვედრებით ეზრახოს მათ მოქცევად უფლისა და ნუგეშინის-სცეს მათ ზედა მომავალთა განსაცდელთათჳს.
მოციქულისაჲ: რომელი იტყჳნ ენითა, თავსა თჳსსა აღაშენებნ (14,4).
თარგმანი: ესე მათთჳს უთქუამს, რომელნი თჳთ ოდენ გულისჴმა-ჰყოფდიან, რასა-იგი იტყოდიან, ხოლო სხუათა გამოთარგმანებად მისსა ვერ შემძლებელ იყვნიან.
მოციქულისაჲ: რამეთუ რომელი წინაჲსწარმეტყუელებდეს, კრებულსა აღაშენებს (14,4).
თარგმანი: რაოდენ უმეტეს არს ყოველთა მარგებელი ერთისასა, ეგოდენ უფროჲს არს წინაჲსწარმეტყუელი ენათა მეტყუელისასა.
მოციქულისაჲ: მნებავს თქუენ ყოველთა ენათა სიტყუაჲ, უფროჲსღა, რაჲთა სწინაჲსწარმეტყუელებდეთ, რამეთუ უფროჲს არს, რომელი წინაჲსწარმეტყუელებდეს, ვიდრეღა რომელი იტყოდის ენათა (14,5).
თარგმანი: ვინაჲთგან კორინთელთა შორის უმრავლეს იყვნეს მეტყუელნი ენათანი, რაჲთა არა ჰგონონ, ვითარმედ ეშურების მათ მოციქული, ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: არა ხოლო სხჳსა ვისმე ერთისა და ორისა, არამედ ზოგად თქუენ ყოველთათჳს სწორებით არა საშურველ მიჩნს მეტყუელებაჲ ენათაჲ, გარნა ეგრეთცა გიწამებ-ვე და გეტყჳ უზეშთაესობასა წინაჲსწარმეტყუელებისა მადლთასა, რომელი-იგი უმეტეს არს ენათა მეტყუელებისა, ვითარცა უმარგებელესი მრავალთაჲ.
მოციქულისაჲ: გარნა თუ რაჲთა გამოსთარგმანებდეს, რაჲთა კრებული აღეშენოს (14,5).
თარგმანი: მას ოდენ ენათა მეტყუელებასა შესწორებულად წინაჲსწარმეტყუელებათა შეჰრაცხს, რომელი სხუათა აუწყებდეს ძალსა სიტყუათა თჳსთასა, რამეთუ ყოველივე ზოგადისა კრებულისა აღსაშენებელად საჴმარ არს.
მოციქულისაჲ: ხოლო აწ, ძმანო, მო-თუ-ვიდე თქუენდა და ენათა ვიტყოდი, რაჲ-მე გარგო თქუენ, არა თუ გეტყოდი თქუენ გამოცხადებითა ანუ მეცნიერებითა ანუ წინაჲსწარმეტყუელებითა ანუ მოძღურებითა? (14,6).
თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: არა თქუენთჳს, არამედ ჩემთჳს ვთქუა, ვითარ თუმცა მოსრულ ვარ თქუენდა და ვიტყჳ ენათა, ვერარას გარგებ, უკუეთუ არა განცხადებულ იყვნენ თქუენდა სიტყუანი ჩემნი, და უკუეთუ არა მეცნიერებითა აღსავსე იყვნენ, უკუეთუ არარას გიწინაჲსწარმეტყუელებდენ, ანუ არა სწავლასა მოძღურებითსა განმარტებით წინა-დაგიდებდენ.
მოციქულისაჲ: ეგრეთვე უსულოთა მათ ჴმაჲ გამოსციან — ანუ თუ ნესტუმან ანუ ებანმან; უკუეთუ გამოცხადებაჲ ჴმათაჲ მათ ვერ გამოსცენ, ვითარ-მე საცნაურ იქმნეს სტჳნვაჲ იგი ანუ ებნაჲ? (14,7).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: რად ვიტყჳ ჩუენთჳს, რომელნი გულისჴმის-ყოფითა ვირგებთ და არა გულისჴმის-ყოფითა ვივნებთ? არამედ თჳთ უსულოთაცა ამათ და უგრძნობელთა ნივთთა ჴმანი მაშინღა საჰამებელ არიან, რაჟამს არა უწესოდ და შერევნით, არამედ თჳს-თჳს და შეწყობით სასმენელ იქმნებოდიან.
მოციქულისაჲ: და უკუეთუ საყჳრმან უჩინოდ ჴმაჲ გამოსცეს, ვინ-მე განემზადოს ბრძოლად? (14,8).
თარგმანი: და ესეცა სახედ შემოუღია საცნაურ ყოფად სარგებელსა თარმანებით განცხადებისასა, ვითარმედ: უკუეთუ არა თანა-შეჰრთონ ჴმასა საყჳრისასა ქადაგისა მიერ მიმოდადებაჲ ჟამსა და ადგილსა ბრძოლისასა, ვერვინ ჯეროვნად განემზადოს ბრძოლად, რამეთუ უმეცარ არნ, თუ რაჲსათჳს არს ცემაჲ იგი საყჳრსა.
მოციქულისაჲ: ეგრეცა თქუენ ენისა მიერ უკუეთუ არა გამოცხადებულად სიტყუაჲ იგი გამოსცეთ, ვითარ საცნაურ იქმნეს თქუმული იგი? (14,9).
თარგმანი: რაჲთა არა თქუან, ვითარმედ: ეგრეცა არიან ჩუენდა სახენი ესე? — ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: ეგრეცა თქუენ ვერაჲ ვის არგოთ ენათა მიერ თჳნიერ გამოთარგმანებისა. არამედ თქუას ვინმე, ვითარმედ: რაჲსათჳს მოეცა მადლი იგი ენათაჲ, უკუეთუ ყოვლად უჴმარ არს? — გარნა უწყოდენ, ვითარმედ არარაჲ უჴმრად მოეცემოდის მადლთაგან სულისათა, არამედ აწ მოციქული უდიდესობასა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელებისასა, და დაღაცათუ უმცირესობასა, არამედ არავე სრულიად უჴმარობასა —ენათა მეტყუელებისასა, რამეთუ მისდა სარგებლად მოცემულ იყვს, რომელი თჳთ იტყჳნ და თჳთვე გულისჴმა-ჰყოფნ სიტყუათა თჳსთა, ლოცვისანი თუ იყვნიან ანუ თუ სწავლისანი. ხოლო ესე უმდიდრესისა მადლისა მოქენე არნ, რაჲთა თჳთცა გულისჴმა-ჰყოფდეს და სხუათაცა გამოუთარგმანებდეს სიტყუათა თჳსთა. რამეთუ შემსგავსებულად სარწმუნოებისა სიმდიდრისა და განწმედისა თავთა თჳსთაჲსა მიიღებდეს მადლთაცა.
მოციქულისაჲ: რამეთუ იყვნეთ ვითარცა ჰაერსა მეტყუელნი (14,9).
თარგმანი: ესე არს ჰაერსა მეტყუელებაჲ, რაჟამს არა ყურთა მიმრთ მსმენელთაჲსა მიიწეოდინ, არამედ ჰაერად განიბნეოდინ სიტყუანი იგი.
მოციქულისაჲ: ესოდენნი სახენი თესლადნი ჴმათანი არიან სოფელსა შინა, და არცა ერთი მათგანი არს უჴმო (14,10).
თარგმანი: მრავალსახეობასა იტყჳს ჴმათასა ესოდენობითა, რამეთუ მრავალნათესავობაჲ ჴმათაჲ იხილვების სოფელსა შინა, და არცა ერთი ვინ არს უჴმო სულიერთა გინა უსულოთა პირმეტყუელთა ანუ პირუტყუთა შორის.
მოციქულისაჲ: უკუეთუ არა ვიცოდი ძალი იგი ჴმისაჲ მის, ვიყო მე მეტყუელისა მის ჩემისა, ვითარცა სხუაჲ ენაჲ და რომელი-იგი მეტყოდის მე ვითარცა სხუაჲ ენაჲ (14,11).
თარგმანი: სხუა-ენაობისასა ესე უსაკუთრეს არს, ვითარმედ: ვიყო მე მზრახვალისა მის ჩემისა ბარბაროზ, და რომელი-იგი იტყოდის, — ჩემდა მომართ ბარბაროზ. რამეთუ სხუაენაობაჲ არავის დააყენებს სმენად მეცნიერსა მრავალთა ენათასა. ხოლო ურთიერთას ბარბაროზ ყოფაჲ ესე არს, რაჟამს ორნივე სწორად უმეცარ იყვნენ ენასა ერთიერთისასა. რამეთუ ბარბაროზობაჲ არა სიბოროტისაგან იქმნების ენისა, არამედ ორკერძოვე უმეცრებისაგან ენისა. რამეთუ, რაჟამს არცა ერთსა ესმოდის ენაჲ მეორისაჲ, ბარბაროზ არიან ორნივე ურთიერთას.
მოციქულისაჲ: ეგრეთცა თქუენ, ვინაჲთგან მოშურნე ხართ სულითა (14,12).
თარგმანი: ესეცა ესრეთ უსაკუთრეს არს, ვითარმედ: ეგრეთცა თქუენ, ვინაჲთგან მოშურნე ხართ სულთა, ესე იგი არს მადლთა სულიერთა.
მოციქულისაჲ: აღსაშენებელად ეკლესიისა ეძიებდით, რაჲთა აღემატებოდით (14,12).
თარგმანი: ამიერითგან დასცხრა შემოღებად სახეთა და განცხადებულად ეტყჳს მათ, ვითარმედ: უკუეთუ მოშურნე ხართ სულთა (რომელ არიან სულისა მიერ განყოფანი მადლთანი), ესევითართათჳს გული-გითქუემდინ, რომლითა უმრავლესთა ძმათა სარგებელ ექმნებოდით, რომელი-ესე არა ხოლო წარმატება, არამედ უფროჲსად აღმატებაცა არს.
მოციქულისაჲ: ამისთჳსცა, რომელი იტყოდის ენითა, ილოცევდინ, რაჲთა გამო-ცა-თარგმანოს (14,13).
თარგმანი: ამას ადგილსა მყუდროებით ამხილებს, ვითარმედ მადლისა მიმღებელნი იგი თჳთ ექმნებიან თავთა თჳსთა უდებებისა მიერ მიზეზ უმეტესთა მადლთა არა-მიღებისა, რამეთუ ლოცვაჲ და ვედრებაჲ ღმრთისაჲ საჴმარ არს, რაჲთა მან მოგუანიჭოს სრულებაჲ მადლთაჲ.
მოციქულისაჲ: რამეთუ უკუეთუ ვილოცვიდე ენითა, სული ჩემი ილოცავს, ხოლო გონებაჲ ჩემი უნაყოფო არს (14,14).
თარგმანი: ახალნათელღებულთა მათ შორის, ვითარცა სხუანი თითოსახეობანი მადლთანი, ეგრეთვე ლოცვისაცა მადლი მიეცემოდა ვიეთმე, რომელთაგანნი ვიეთნიმე არა თჳსითა ენითა, რომელ უწყოდიან, არამედ ოდესმე ჰრომაულითა ანუ სპარსულითა ანუ სხჳთა რაჲთმე მათდა უცნაურითა ენითა იტყოდიან სიტყუათა მათ ლოცვისათა, ხოლო გონებაჲ მათი უნაყოფო არნ უმეცრებისათჳს ძალსა მათ სიტყუათასა, რომლისა მიერ არა ხოლო სხუათა, არამედ თავთა თჳსთაცა ბარბაროზ იყვნიან. ხოლო სული იგი მადლისა მის მათდა მიცემულისაჲ ძრავნ ენასა მათსა ლოცვად, ხოლო გონებაჲ უნაყოფო არნ უმეცრებისაგან ძალსა მათ სიტყუათასა. და ერთნი ესევითარნი იყვნეს, რომელთა არცა თჳთ უწყოდიან ძალი სიტყუათაჲ მათ, რომელთა იტყოდიან სულისა მიერ, და ესრეთ გონებაჲ მათი უნაყოფო არნ, რაჟამს ვერ გულისჴმა-ჰყოფნ სიტყუათა ენისათა. იყვნეს კუალად სხუანი, რომელნი თჳთ გულისჴმა-ჰყოფდიან, რასა-იგი იტყოდიან. ხოლო ვინაჲთგან სხუათა გამოთარგმანებად ვერ შემძლებელ იყვნიან, ეგრეთცა უნაყოფოვე არნ გონებაჲ მათი, რაჟამს თჳსისა გულისჴმის-ყოფისა ძალსა ვერ მიაწევნ სხუათა მიმართ, რამეთუ ესე არს უმდიდრესი ნაყოფი გონებისაჲ, რაჲთა სხუათანიცა გონებანი თანაიზიარნეს ნაყოფსა გულისჴმის-ყოფისა თჳსისასა.
მოციქულისაჲ: აწ უკუე რაჲ არს, ვილოცვიდე თუ სულითა, ვილოცვიდე გონებითაცა. ვგალობდე თუ სულითა, ვგალობდე გონებითაცა (14,15).
თარგმანი: სულითა ლოცვად მას უწოდს, რომელი თჳსისა სულისამდე ოდენ მიაწევდეს და თჳთ ოდენ გულისჴმა-ჰყოფდეს სიტყუათა მათ ლოცვისათა. ხოლო გონებისა ლოცვაჲ ესე არს, რაჟამს ნაყოფი იგი გულისჴმის-ყოფისაჲ სხუათა მიმართ მიიწეოდის. ხოლო გალობისა წილ ესე უსაკუთრეს არს: ვფსალმუნებდე თუ სულითა, ვფსალმუნებ გონებითაცა. და ესეცა ესრეთ გულისჴმა-იყოფების, ვითარ-იგი ლოცვისაჲ. და ზოგად ძალი ამათ სიტყუათაჲ ესე არს, ვითარმედ: უჴმს ყოველსა, რომელსა მიეღოს მადლი ენათაჲ, თქუმად სიტყუათა ლოცვისა ანუ სწავლისათა, რაჲთა ანუ ლოცვით ითხოვოს ღმრთისაგან მიცემად მისსა მადლიცა თარგმანებისაჲ სარგებელ ყოფად სხუათა, ანუ რაჲთა სხუაჲ ვინმე შემძლებელი თარგმნობისაჲ მიიყვანოს თანაშემწედ სარგებელისათჳს ძმათაჲსა.
მოციქულისაჲ: რამეთუ უკუეთუ აკურთხევდე სულითა, რომელი-იგი აღასრულებდეს ადგილსა მას უცბისასა, ვითარ-მე თქუას ამინი შენსა მას ზედა მადლობასა, ვინაჲთგან რასა-იგი იტყჳ, არა იცის (14,16).
თარგმანი: ესე არს კურთხევაჲ სულითა, რაჟამს თჳთ ოდენ მეჯერ იყოს, ხოლო სხუათა ვერ გამოუთარგმანებდეს ძალსა მათ სიტყუათასა, რომელთა იტყოდის სულისა მიერ. ვინაჲცა უცნაური იგი და გამოუთარგმანებელი სიტყუაჲ, დაღაცათუ კურთხევაჲ იყოს ღმრთისაჲ, ვერცა ეგრეთ სრულ იქმნების ამინითა, რაჟამს უცებ წოდებულმან მან მსოფლელმან ვერ გულისჴმა-ყვის ძალი სიტყჳსაჲ მის. ხოლო აღმასრულებელად ადგილსა მას უცბისა მსოფლელისასა ერისკაცთა იტყჳს, რამეთუ გარეშენი ესრეთ ჩუეულ არიან წოდებად მჴედართა.
მოციქულისაჲ: რამეთუ შენ სამე კეთილად ჰმადლობ, არამედ მოყუასი შენი არა აღეშენების (14,17).
თარგმანი: კეთილად მადლობითა პატივსა დაიცავს და ღირს ქებისა ჰყოფს მადლსა მას ენათა მეტყუელებისასა, ხოლო მოყუსისა არა აღშენებითა საძიებელ ჰყოფს საჴმარებასა მთარგმანებელისასა, რაჲთა უმრავლესნი აღეშენნენ.
მოციქულისაჲ: ვჰმადლობ ღმერთსა ჩემსა, რამეთუ უფროჲს თქუენ ყოველთასა ენათა ვიტყჳ (14,18).
თარგმანი: რაჲთა არა თქუან, ვითარმედ: ამისთჳს დააკნინებს ენათა მეტყუელებასა, რამეთუ თჳთ მას არა აქუს იგი, — ამისთჳს მადლობით ცხად ჰყოფს, ვითარმედ უფროჲს მათ ყოველთასა იყო ენათა მეტყუელებაჲ მოციქულისაჲ.
მოციქულისაჲ: არამედ ეკლესიასა შინა მნებავს ხუთ სიტყუა გონებითა ჩემითა სიტყუად, რაჲთა სხუათაცა უმოძღურო, ვიდრე ბევრთა სიტყუათა ენითა (14,19).
თარგმანი: ესე არს გონებითა სიტყუაჲ, რაჲთა არა ხოლო თჳთ გულისჴმა-ჰყოფდეს, არამედ სხუათაცა გამოუთარგმანებდეს და გულისჴმა-უყოფდეს. ხოლო ესე ენითა სიტყუაჲ არს, რაჲთა თჳნიერ თავისა თჳსისა ვერცა ერთსა ვის გამოუთარგმნიდეს.
მოციქულისაჲ: ძმანო, ნუ ყრმა იქმნებით გონებითა, არამედ ბოროტისათჳს ყრმა იყვენით, ხოლო გონებითა სრულ იყვენით (14,20).
თარგმანი: შემდგომად ჯეროვნად წარმოჩინებისა, ვითარმედ წინაჲსწარმეტყუელებაჲ უფროჲს არს მეტყუელებასა ენათასა, ძლიერად ამხილებს, ვითარმედ ესე არს ყრმა ყოფაჲ გონებითა, რაჟამს მცირეთათჳს დაუკჳრდებოდის, რომელ არიან ენანი, და უდიდესთა შეურაცხ-ჰყოფდენ, რომელ არიან წინაჲსწარმეტყუელებანი! არამედ მაშინ ჯერ-არს ჩჩჳლ ყოფაჲ, რაჟამს წინა-ედვას ვის საქმედ ცოდვაჲ რაჲმე ანუ უსამართლოებაჲ. ხოლო ესე არს სიჩჩოჲ, ვითარმცა არა უწყოდა ცოდვისა ანუ ბოროტისა ყოფაჲ. და კუალად, ესე არს გონებითა სრულ ყოფაჲ, რაჲთა სიბოროტესა ევლტოდის და სათნოებასა მიდევნებად მოსწრაფე იყოს და დიდთა და უმარგებელესთა მადლთათჳს არარას ორგულებდეს.
მოციქულისაჲ: რამეთუ შჯულსა წერილ არს, ვითარმედ: უცხოჲთა ენითა და ბაგითა უცხოჲთა ვეტყოდი ერსა ამას, და არცაღა ესრეთ ისმინონ ჩემი, იტყჳს უფალი (14,21).
თარგმანი: ვითარ-იგი მარადის ჩუეულებაჲ აქუს მოციქულსა, რაჲთა ყოველსავე ძუელსა თხრობათა და წინაჲსწარმეტყუელებათა შჯულად უწოდდეს, ეგრეთვე აწ სიტყუასა ამას ესაიაჲსსა შჯულისად უწოდს. გარნა ესე საძიებელ არს, თუ რაჲსათჳსღა ეტყჳს, ვინაჲთგან არა ისმენენ მისსა. ცხად არს, ვითარმედ, — ამისთჳს, რაჲთა მან თჳს-იყოს და ყოვლით კერძო აჩუენოს სიმდიდრე წყალობათაჲ ჩუენ ზედა და სძლოს მას, რომელი უშჯოდის მას; ვითარ-ესე აწ წინა-მოასწავა წინაჲსწარმეტყუელისა მიერ განყოფაჲ იგი ენათაჲ სასწაულ ყოფად ურწმუნოთა, რაჲთა უმეტეს დაუკჳრდეს და ჰრწმენეს ღმრთისაჲ.
მოციქულისაჲ: ამისთჳსცა ენანი სასწაულად არიან არა მორწმუნეთათჳს, არამედ ურწმუნოთათჳს (14,22).
თარგმანი: იხილე, ვითარ დაამდაბლებს ენათა და ზეშთა მათსა ჰყოფს წინაჲსწარმეტყუელებათა, რამეთუ თჳთ სახელი ესე სასწაულთაჲ არა მარადის კეთილსა ზედა მოიღებვის, ვითარ-იგი უფალი ითქუმის სასწაულად სიტყჳსსაგებელად; ვინაჲთგან არს მრავალგზის, რომელ არა ხოლო ურგებ, არამედ მავნებელცა ექმნებიან სასწაულნი ურწმუნოთა და განდრეკილთა. ამისთჳს წინაჲსწარმეტყუელი ვედრებით ითხოვს: "ყავ ჩუენ თანა სასწაულ კეთილ" (); ვითარ-ესე აწ თჳთ მოციქული იტყჳს ურწმუნოთა მიერ თქუმად სასწაულსა მას ზედა ენათასა, ვითარმედ: "ჰბორგთ". ხოლო მორწმუნეთა არარად ეჴმარებიან სასწაულნი, რამეთუ თჳთ მადლითა ღმრთისაჲთა მორწმუნე არიან, არამედ ურწმუნოთათჳს იქმნებიან იგინი, რაჲთა სარწმუნოებად მომყვანებელ ექმნნენ მათ.
მოციქულისაჲ: ხოლო წინაჲსწარმეტყუელებაჲ არა ურწმუნოთათჳს, არამედ მორწმუნეთათჳს (14,22).
თარგმანი: ამას ადგილსა ურწმუნოდ უკურნებელად სნეულთა მათ იტყჳს, რომელთა არარად სარგებელ ეყოფვის წინაჲსწარმეტყუელებაჲ, თჳნიერ მორწმუნეთა ოდენ. ხოლო ქუემო-რე ურწმუნოთაცა სარგებელ, ყოფასა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელებისასა, რაჟამს ემხილოს და განიკითხოს ყოველთა მიერ. ესე ურწმუნოჲ არა უკურნებელად სნეული არს, არამედ სარწმუნოებად მომავალი. და ამისთჳს ფრიად საჴმარ არს ხილვაჲ სასწაულთაჲცა და წინაჲსწარმეტყუელებათაჲ. ხოლო უკურნებელად სნეულისა მისთჳს ზოგად ყოველივე უჴმარ არს.
მოციქულისაჲ: აწ უკუეთუ შეკრბეს ყოველი კრებული ერთბამად და ყოველნი ენათა იტყოდიან, და შევიდენ ვინმე ურწმუნონი გინა უცებნი, არა-მე თქუანა, ვითარმედ: "სცთებით" გინა "ჰბორგთ"? (14,23).
თარგმანი: მყუდროებით ამხილებს, ვითარმედ არა ხოლო სარგებელისაგან ნაკლულევან არს სიმრავლე ენათა მეტყუელებისაჲ, არამედ სავნებელისაცა მიზეზ ექმნების ურწმუნოთა და უცებთა, რომელნი-იგი თჳსისა უგუნურებისა მიერ შეიმთხუევენ სავნებელსა, და არა თუ უჯეროებისაგან მადლისა მის, რომელი-იგი ჭეშმარიტად საღმრთო არს და ნიჭ სულისა წმიდისა.
მოციქულისაჲ ხოლო უკუეთუ ყოველნი წინაჲსწარმეტყუელებდენ და შე-ვინმე-ვიდეს ურწმუნოაჲ გინა უცები, ემხილოს ყოველთა მიერ, განიკითხოს ყოველთა მიერ და ესრეთ დაფარულნი გულისა მისისანი განცხადნენ და ესრეთ დავარდეს პირსა ზედა თჳსსა და თაყუანის-სცეს ღმერთსა და აღიაროს, ვითარმედ: ნამდჳლვე ღმერთი თქუენ შორის არს (14,24-25).
თარგმანი: ესრეთ ძუელსა შინა ნაბუქოდონოსორ თაყუანისმცემელ ღმრთისა ყო წინაჲსწარმცნობელობამან მან დანიელისმან. და კუალად, ახალსა შინა ანანიაჲს და საპფირაჲს ზედა ქმნილმან დაფარულთა ცნობამან პეტრესმან ყოველი იგი ერი შეშინებულ და ზარგანჴდილ ყო განკრძალულებით მოქალაქობად, რომლისათჳს უმეტეს შემძლებელ არს ყოვლისა, შეძრწუნებად კაცთა, რაჲთა შიშით და ძრწოლით ჰმონებდენ უფალსა, რაჟამს დაფარულნი გულისა მათისანი ცხადად იმხილნენ წინაჲსწარმეტყუელისა მიერ.
მოციქულისაჲ: რაჲ-მე უკუე არს, ძმანო, რაჟამს შეჰკრბეთ ერთბამად (14,26).
თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: აჰა, გისწავიეს საზომი მადლთა განყოფისაჲ. ამიერითგან გასწავო იგიცა, თუ ვითარ გიჴმს ჴუმევაჲ თითოეულისა მათგანისაჲ ერთად შეკრებასა მას თქუენსა შინა.
მოციქულისაჲ: კაცად-კაცადსა თქუენსა ფსალმუნი აქუს (14,26).
თარგმანი: ახლად მინიჭებულისა მის მიერ მადლთა განყოფისა ვიეთნიმე მათგანნი ფსალმუნთაცა შეიქმოდეს.
მოციქულისაჲ: მოძღურებაჲ აქუს (14,26).
თარგმანი: და რომელთამე მადლი აქუნდა მოძღურებისაჲ განცხადებულად სწავლად ერისა.
მოციქულისაჲ: გამოცხადებაჲ აქუს (14,26).
თარგმანი: ესე იგი არს სხჳსა სიტყუათა სიღრმისა ძალსა თარგმანებაჲ.
მოციქულისაჲ: თარგმანებაჲ აქუს, ენათა მეტყუელებაჲ აქუს (14,26).
თარგმანი: ესე თარგმანებაჲ ენათაჲ არს. რამეთუ სხუაჲ იტყჳნ ენათა და სხუაჲ გამოსთარგმნინ.
მოციქულისაჲ: ყოველივე ესე აღსაშენებელად იქმნებოდენ (14,26).
თარგმანი: შემდგომად ყოველთა მათ მადლთა წარმოთქუმისა და მათ თანავე, რაჲთა არა მძაგებელ ენათა ჰგონონ, ამისთჳს ენათაცა აღრიცხუვისა ყოველთავე მათ საჴმარებასა შემოკლებულად გამოუთარგმნის, ვითარმედ: ნუმცა რად სხუად იქმნებიან, თჳნიერ აღსაშენებელად მოყუასთა და ძმათა.
მოციქულისაჲ: უკუეთუ ენითა ვინმე იტყოდის, ორნი გინა თუ უმრავლეს სამნი, და ერთი გამოსთარგმანებდინ (14,27).
თარგმანი: უსაკუთრესობასავე თანა ესრეთ უსრულეს არს: უკუეთუ ენითა ვინმე იტყოდის, ორნი ანუ უმრავლეს სამნი, და თჳსად-თჳსად, და ერთი გამოსთარგმანებდინ. ესე იგი არს, ვითარმედ: ნუ უზომოდ მრავალნი, ნუცა უწესოდ და აღრეულად, არამედ ორნი ანუ თუ სამნი, და იგინიცა ნუ ერთბამად, არამედ თჳს-თჳს, რაჲთა არა შერევნაჲ და შფოთი იქმნას.
მოციქულისაჲ: ხოლო უკუეთუ არა იყოს თარგმანი, დუმენინ ეკლესიასა შინა; თავსა თჳსსა ეტყოდენ და ღმერთსა (14,28).
თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: ოდეს არა იყოს თარგმანი, უკუეთუ ოდენ ძალ-უც, დუმენინ ყოვლად ენათა მეტყუელი იგი, ხოლო უკუეთუ ვერ იპყრობს თავსა თჳსსა, არა ვაყენებ; იტყოდენ; გარნა ნუ ჴმამაღლად, არამედ მყუდროდ, რაჲთა თჳთ ოდენ ესმოდის და ღმერთსა. იხილე, ვითარ წუევად საგონებელითაცა ამით სიტყჳთა უკუ-აწუევს.
მოციქულისაჲ: ხოლო წინაჲსწარმეტყუელნი ორნი გინა სამნი იტყოდენ, და სხუანი იგი სცნობედ (14,29).
თარგმანი: თანა-შეჰყვებოდეს წინაჲსწარმეტყუელთა ფარულად ცრუ წინაჲსწარმეტყუელნიცა და მოგუნი. ამისთჳს მცირედთა უბრძანებს წინაჲსწარმეტყუელებად, რაჲთა არა სიმრავლესა თანა წმიდათასა დაიფარნენ არაწმიდანიცა. ხოლო სხუათა მათ უბრძანებს განკითხვად და ცნობად წინაჲსწარმეტყუელებასა მას ორთა და სამთასა, ნუსადა თანა-შეეტყუოს მათ მოგჳ ანუ ცრუ წინაჲსწარმეტყუელი.
მოციქულისაჲ: უკუეთუ სხუასა გამოეცხადოს მუნ მჯდომარეთაგანსა, პირველი იგი დუმენინ (14,30).
თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: ვიდრეღა-იგი შენ სწინაჲსწარმეტყუელებდე, უკუეთუ სხუაჲ აღძრას სულმან წმიდამან წინაჲსწარმეტყუელებად, შენ დუმენ, რაჲთა არა ორთავე ერთად თქუმასა შინა იქმნას შერევნაჲ სიტყუათაჲ. რამეთუ ნუუკუე და სხუაჲ რაჲმე უახლესი სხჳსა მიერ ჰნებავს უწყებად შენდა სულსა წმიდასა.
მოციქულისაჲ: რამეთუ შემძლებელ ხართ ესრეთ თითოეულად ყოველნი წინაჲსწარმეტყუელებად, რაჲთა ყოველნი ისწავებდენ და ყოველნი ნუგეშინისცემულ იყვნენ (14,31).
თარგმანი: ვინაჲთგან პირველსა მას დუმილი ამცნო, აწ ნუგეშინის-სცემს, რაჲთა არა განმწარდეს დაყენებისათჳს წინაჲსწარმეტყუელებისაგან, ვითარმედ: ნუ სულმოკლე ხარ, რამეთუ შენცა მოგხუდების ჟამი მარტოებით სიტყუად, თჳსაგან თითოეულისა და ზოგად ყოველთა მიმართ, სწავლად და ნუგეშინისცემად ძმათა.
მოციქულისაჲ: და სულები წინაჲსწარმეტყუელთაჲ წინაჲსწარმეტყუელთა დაემორჩილენ (14,32).
თარგმანი: აწინდელსა ამას ადგილსა სულ ად წინაჲსწარმეტყუელთა მადლსა მას იტყჳს წინაჲსწარმეტყუელებასასა, ვითარმედ: იგივე მადლი, რომლისა მიერ შენ სწინაჲსწარმეტყუელებ, იგივე აიძულებს მას წინაჲსწარმეტყუელებად; არა თუ შენ წარგიღებს და მას მისცემს წინაჲსწარმეტყუელებასა, არამედ შენცა და მასცა ზოგად განგამდიდრებს; ოდენ ჰმორჩილობდით. ესე იგი არს — ადგილ სცემდით ურთიერთას, რაჲთა არა იქმნეს შფოთი და შერევნაჲ.
მოციქულისაჲ: რამეთუ არა არს ღმერთი შფოთისაჲ, არამედ მშჳდობისაჲ, ვითარცა-იგი ყოველთა ეკლესიათა წმიდათასა (14,33).
თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: ესევე წესი წესიერებისაჲ ესრეთვე განუწესებიეს ღმერთსა, არა ხოლო თქუენ შორის, არამედ ყოვლისა სოფლისა ეკლესიათა შინა, რომელ არიან შესაკრებელნი წმიდათა მისთანი. ესე იგი არიან მორწმუნენი მისნი. რამეთუ ვინაჲთგან იყვნეს შესაკრებელნი წარმართთაცა მეკერპეთანი. ამისთჳს ეკლესიად წმიდათა უწოდს შესაკრებელსა მორწმუნეთასა.
მოციქულისაჲ: დედანი თქუენნი ეკლესიასა შინა დუმნედ (14,34).
თარგმანი: ვინაჲთგან ზემო წარმოთქუმულთა მათ სიტყუათა მიერ კეთილდ დააწყნარა და განაწესა შფოთებაჲ და უწესოებაჲ ეკლესიათაჲ, აღმოვიდა უწესოებასა თანა დედათა მომზრახობისასა და ყოვლად დუმილსა ამცნებს.
მოციქულისაჲ: რამეთუ არა ბრძანებულ არს მათდა სიტყუად, არამედ დამორჩილებად, ვითარცა შჯულიცა იტყჳს (14,34).
თარგმანი: არა თუ ოდენ დუმილსა ამცნებს, არამედ — მორჩილებითცა; ესე იგი არს — შიშით და კრძალვით, რომელი-ესე უმძიმეს არს დუმილისა, რამეთუ დუმნ ვინმე და არას იტყჳნ, არა შიშით, არამედ ზუაობით, შეურაცხყოფითა მოყუსისაჲთა; ხოლო ესე აწ შიშით და კრძალვით ამცნებს დედათა, ქმნად მდუმარეობისა, სახითა მჴევლებრივითა. გარნა რომელი არს სიტყუაჲ იგი შჯულისაჲ, მბრძანებელი მორჩილებად? — ცხად არს, ვითარმედ, ვითარცა მრავალგზის გჳთქუამს, ყოველთავე ძუელთა წიგნთა შჯულად უწოდს მოციქული. ხოლო აწ სიტყუასა ამას იტყჳს დაბადებისასა, ვითარმედ: ქმრისავე შენისა მიმართ იყოს მიქცევაჲ შენი, და იგი უფლებდეს შენ ზედა; ვინაჲცა, უკუეთუ მარტოდ ქმრისა ოდენ სამთავრო არს, რაოდენ უფროჲს ყოვლისა საეკლესიოჲსა სავსებისა!
მოციქულისაჲ: ხოლო უკუეთუ სწავლის რაჲმე უნდეს, სახლსა შინა თჳსთა ქმართა ჰკითხედ მათ, რამეთუ საძაგელ არს დედათა ეკლესიასა შინა ზრახვად (14,35).
თარგმანი: სიტყჳთა ამით ქმართა კითხვისაჲთა ერთბამად მამანი უგანკრძალულეს ყვნა, რაჲთა არა ხოლო ლიტონად ისმენდენ, არამედ —გულისჴმის-ყოფით, და ისწავებდენ-ცა ეკლესიასა შინა თქუმულთა მათ, ვითარცა თანამდებნი სხუათა მიმთხრობელ და გამომთარგმნელობისანი. და დედათა ასწავა თანად ღონეცა, თუ ვითარ უძლონ გამოცნობაჲ სიღრმისა სიტყუათაჲსაჲ, და თანად განუჩინა ზოგად საჭიროჲსა და არასაჭიროჲსა ზრახვისათჳს, ვითარმედ: საძაგელ არს დედათათჳს ყოვლად რაჲსაცა ზრახვაჲ ეკლესიასა შინა.
მოციქულისაჲ: ანუ თქუენ მიერ სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ გამოვიდა ანუ თქუენდამდე ხოლო მიიწია (14,36).
თარგმანი: ამათ სიტყუათაჲ კითხვის სახედ ჯერ-არს წარკითხვაჲ, რამეთუ ვითარცა წინა-აღსადგომელად უთქუამს მათთჳს, ვითარ თუმცა იყვნეს ვინმე არა-შემწყნარებელნი განწესებისა ამის, დედათა დუმილად მბრძანებელისანი, რომელთა ესრეთ ეტყჳს: ნუუკუე თქუენ მხოლოდ ოდენ ხართა მორწმუნე სოფელსა შინა? რამეთუ არცა მხოლონი ხართ, არცა უპირატესნი ყოველთა მორწმუნეთანი; ამისთჳს გიჴმს საზოგადოსა მსოფლიოსა წესსა თქუენცა მორჩილ-ყოფაჲ.
მოციქულისაჲ: უკუეთუ ვისმე ეგონოს თავი თჳსი წინაჲსწარმეტყუელ გინა სულიერ, უწყოდენ, რომელსა-ესე მივსწერ თქუენდა, რამეთუ უფლისანი არიან მცნებანი (14,37).
თარგმანი: თჳთ მათვე წინაჲსწარმეტყუელებისა ანუ სხჳსა რაჲსმე მადლთა განყოფისა მიმღებელთა ეტყჳს, ვითარმედ: რასა-ესე ვიტყჳ, აჰა წინა-დამიც გულისჴმის-საყოფელად, ვითარმედ არა თავით თჳსით, არამედ უფლისა მიერ გეტყჳ.
მოციქულისაჲ: ხოლო უკუეთუ ვინმე უმეცარ არს, უმეცარ იყავნ (14,38).
თარგმანი: ესე სიტყუაჲ ესევითარისა კაცისაჲ არს, რომელსა არა ყოვლადვე თჳსსა ნებასა და სიტყუასა ენების დამტკიცებაჲ არამედ მაშინ ოდენ, ოდეს მძიმისა რაჲსმე ბრალისათჳს წინააღუდგებოდის დაუმტკიცებს და ეტყჳს, ვითარმედ: "ნუ სცთებით; არცა მეძავთა, არცა ჩუკენთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრონ". ხოლო აწ, ვინაჲთგან არა ფრიად საჭირო უჩნდა ყოველთა მიერ ცნობაჲ, ვითარმედ უფლისანი არიან მცნებანი, შეუნდობს რომელთამე უმეცრებად, ვითარ-იგი სხუასაცა ადგილსა ესევითარითავე სიტყჳთა მიუშუებს მაცილობელსა, ვითარმედ "უკუეთუ ვისმე ცილობის უნდეს, ჩუენ ესევითარი ჩუეულებაჲ არა გუაქუს". ამით ყოვლითა ცხად ჰყოფს, ვითარმედ, არა თჳსსა, არამედ მათსა უმჯობესსა ეძიებს. ამისთჳსცა წულილთა მათ ზედა ზოგს-რე მიუშუებს, რაჲთა არა დაუმძიმოს. ხოლო დიდ-დიდთა ზედა მტკიცედ მიუშუებელ არს, რაჲთა არა ბრალსა და ცოდვასა შთავარდენ.
მოციქულისაჲ: ვინაჲცა, ძმანო ჩემნო, გშურდინ წინაისწარმეტყუელებად და სიტყუად ენათა ნუ დაეყენებით. ყოველივე შუენიერად და წესიერად იქმნებოდენ (14,39-40).
თარგმანი: კუალად პირველთავე სიტყუათა მიერ უჩუენებს, ვითარმედ წინაჲსწარმეტყუელებაჲ უფროჲს ენათასა საძიებელ და საბაძველ არს. და სიტყუად ენათა არავე აყენებს. თჳნიერ ამას ხოლო ეძიებს შუენიერებად და წესიერებად, რაჲთა დედანი მათნი ყოვლად დუმდენ ეკლესიასა შინა, ხოლო მამანი, რაჟამს ორნი ანუ სამნი იტყოდიან ენათა, რაჲთა ერთი გამოსთარგმანებდეს.
მოციქულისაჲ: ხოლო გაუწყებ თქუენ, ძმანო, სახარებასა მას, რომელი გახარე თქუენ (15,1).
თარგმანი: ეგულებოდა რაჲ სიტყჳს-ყოფაჲ მკუდართა აღდგომისათჳს, ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: არა ახალსა რასმე, არამედ მასვე პირველ ქადაგებულსა სახარებასა გაუწყებ, ესე იგი არს: დავიწყებულსა მოგაჴსენებ.
მოციქულისაჲ: რომელცა-იგი მიგიღებიეს, რომელსაცა ზედა სდგათ, რომლითაცა სცხონდებით (15,1-2).
თარგმანი: ზემო დაწყებასა შინა სიტყჳსასა ძმად წოდებითა ერთბამად მამშჳდებელცა ექმნების, და მომაჴსენებელცა ნიჭისა მის ქრისტესისა, რომლისა განჴორციელებითა ყოველნი ერთ ძმა ვიქმნენით. ხოლო აწ ზემოსა მას ხარებასა ზედა დაჰრთავს მიღებასა, ვითარმედ: არა ხოლო სიტყჳთ გასმიეს ქადაგებაჲ აღდგომისაჲ, არამედ ნიშთა და ძალთა მიმღებელობითა დაგიმტკიცებიეს. გარნა შენ იხილე სიბრძნე პავლესი, ვითარ შერყეულთა მათ ეტყჳს, ვითარმედ: "სდგათ", რაჲთა ჩემებითა უმეცრებისაჲთა არა ურცხჳნო ყვნეს იგინი. ამისსა შემდგომად წინა-დაუდებს სარგებელსაცა დგომისასა და ეტყჳს: "რომლითაცა სცხონდებით". ესე იგი არს, ვითარმედ: ესე არს სიცოცხლე თქუენდა, რაჲთა მტკიცედ სდგეთ სარწმუნოებასა ზედა გუამთა აღდგომისასა.
მოციქულისაჲ: რომელი სიტყუაჲ გახარე თქუენ, უკუეთუ გაჴსოვს, გარნა თუ ცუდად რაჲმე გრწმენა (15,2).
თარგმანი: ამისთჳს ესრეთ ეტყჳს, რამეთუ არა თუ ორგულებდეს აღდგომისათჳს, გარნა მხოლოდ განცხადებულსა სიტყუასა ეძიებდეს მოციქულისაგან. ესე იგი იყო, ვითარმედ: "მითვე სიტყჳთა გეტყჳ აწცა, რომელი პირველ გახარე თქუენ, რაჲთა არა უდებ იყვნეთ მოლოდებისათჳს მისისა". და კუალად ზედა-დაჰრთავს "უკუეთუ გაჴსოვსსა", ვითარმცა ესრეთ ეტყოდა, ვითარმედ: უკუეთუ დაგვიწყებიეს მოჴსენებაჲ აღდგომისაჲ, ცუდ იქმნების სარწმუნოებაჲ თქუენი, ვინაჲთგან არა თავ ადგს, რამეთუ თავ სარწმუნოებისა არს ჴსენებაჲ აღდგომისა გუამთაჲსაჲ.
მოციქულისაჲ: რამეთუ მიგეც თქუენ პირველად რომელცა-იგი მოვიღე (15,3).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: ესოდენ დიდ არს საიდუმლოჲ მკუდართა აღდგომისაჲ, ვიდრეღა არა თავით ჩემით მოგებული, არამედ უფლისა მიერ სწავლული მიქადაგებიეს თქუენდა.
მოციქულისაჲ: რამეთუ ქრისტე მოკუდა ცოდვათა ჩუენთათჳს, ვითარცა წერილ არს, და რამეთუ დაეფლა და რამეთუ აღდგა მესამესა დღესა, ვითარცა წერილ არს (15,3-4).
თარგმანი: არა მეყსეულად აღდგომისაგან იწყებს, არამედ ქრისტეს სიკუდილსა წინა-დასდებს და მიზეზად სიკუდილისა მისისა ჩუენთა ცოდვათა თანანადებისა გარდაჴდასა იტყჳს, რაჲთა სიკუდილითა მისითა გამომიჴსნნეს მომწყდარნი ესე ცოდვითა. ხოლო რაჲთა არა დაგიკჳრდეს, სიკუდილი რაჲ გესმას, ამისთჳს ზედა-დაჰრთავს: "ვითარცა წერილ არს", ვითარმედ არა უცხოჲ რაჲმე ქმნილ არს, არამედ წინამოსწავებული წიგნებითა წინაჲსწარმეტყუელთა და მამათმთავართაჲთა. და კუალად, ვინაჲთგან მრავალთა მწვალებელთა მიერ საოცრად შერაცხილ იქმნა სიკუდილი უფლისაჲ, ამისდა ჭეშმარიტ მყოფელად ზედა-დაჰრთავს დაფლვასა, რამეთუ დაფლვაჲ დამამტკიცებელი არს სიკუდილისაჲ. ხოლო ეძიებდე თუ, ვითარმედ: სადა წერილ არს სიკუდილი და დაფლვაჲ და აღდგომაჲ უფლისაჲ, — სახეთაცა და სიტყუათაცა მიმართ წარგავლენს მოციქული; სახეთა მიმართ უკუე - იონაჲსსა, შთანთქმითურთ ვეშაპისა მიერ და უვნებელად გამოსლვითურთ მიერ, და მაყულისა მიმართ, რომელი-იგი იწუებოდა რაჲ და არა დაიწუებოდა, წინა-მოასწავებდა, ვითარ უფალი დაიფლვოდა და არა განიხრწნებოდა; და ვითარ-იგი საჭმელი, დანიელის მიერ მიცემული, იქმნა განმხეთქელ ვეშაპისა, ეგრეთვე უფალმან განხეთქა შთამნთქმელი მისი ჯოჯოხეთი. ხოლო უკუეთუ სიტყჳთ გნებავს, გესმოდენ ესაიაჲსი, ვითარმედ: "აღებულ არს ქუეყანით ცხორებაჲ მისი" (), და უფალსა ჰნებავს განწმედაჲ მისი წყლულებათაგან და ჩუენებად მისსა ნათელი; და დავითისგან — "არა დაუტეო სული ჩემი ჯოჯოხეთს, არცა სცე წმიდასა შენსა ხილვად განსახრწნელი" (). ესრეთ უკუე მოციქული ზოგად ორთა წვალებათა წინა-აღუდგების სიკუდილითა უკუე და დაფლვითა — საოცარ მყოფელთა განგებულებისათა, და აღდგომითა — ურწმუნო-ქმნილთა გუამთა აღდგომისათა, რამეთუ აღდგომაჲ უფლისაჲ პირმშოჲ და დამამტკიცებელი არს ყოფადისა მის გუამთა აღდგომისაჲ, და ორივე ესე დაუმტკიცებიეს წამებითა წმიდათა წერილთაჲთა.
მოციქულისაჲ: და რამეთუ ეჩუენა კეფას (15,5).
თარგმანი: დაღაცათუ სახარებაჲ მარიამის ჩუენებასა იტყჳს პირველ, არამედ სიტყუაჲ ესე მოციქულისაჲ მამათათჳს არს, რომელთაგანსა პირველად პეტრეს ეჩუენა, ვითარცა თავსა მოწაფეთა კრებულისასა.
მოციქულისაჲ: და მერმე ათორმეტთა მათ (15,5).
თარგმანი: საძიებელ არს, თუ ვითარ ათორმეტ უწოდს მათ, რომელთა თანა ჯერეთ მაშინ არღა აღრიცხულ იყო მატათია.
ჳკუმენისი: ვიტყჳთ უკუე საძიებელისა ამისთჳს, ვითარმედ: ანუ წინაჲსწარმცნობელითა თუალითა მხედველმან ათორმეტთა თანა აღრიცხუვისა მისისამან თჳსაგან მატათიასცა უჩუენა თავი თჳსი, რაჲთა არცა ამით რაჲმე დაკლებულ იყოს ათორმეტთაგან, ანუ თჳთ ჩუეულებისაებრ ათორმეტთა რიცხჳსა ათორმეტ უწოდს მოციქული ათერთმეტთა მათ, ვითარ-იგი ღმრთისმეტყუელი იოვანე შემდგომად იუდაჲს განვრდომისა იტყჳს. "ხოლო თომა იყო ერთი ათორმეტთაგანი" ().
მოციქულისაჲ: და მერმე ეჩუენა უმრავლეს ხუთასისა ძმათა ერთგზის (15,6).
თარგმანი: ვინაჲთგან სიტყუაჲ ესე ესრეთ უსაკუთრეს არს — და მერმე ეჩუენა ზეშთა ხუთასისა ძმათა ერთგზის — ამისთჳსცა ვიეთმე ესრეთ გულისჴმა-ყვეს ვითარმედ არა ქუეყანასა ზედა სლვით, არამედ ზედა კერძო თავთა მათთა ჰაერსა შინა ეჩუენა მათ უფალი, რაჲთა არა ხოლო აღდგომაჲ დაუმტკიცოს, არამედ ამაღლებაჲცა წინა-მოასწავოს; ხოლო ვიეთმე — ესრეთ, ვითარმედ: ერთბამად შეკრებულთაჲ მათ რიცხჳ ზეშთა აღვიდოდა ხუთასისა. და ერთგზის ჩუენებითა ამას ცხად ჰყოფს, ვითარმედ არღარა თჳს-თჳს, არამედ ერთად შეკრებულთა ზოგად ეჩუენა ხუთასთა მათ.
მოციქულისაჲ: რომელთაგანნი უმრავლესნი ცოცხალ არიან აქამომდე (15,6).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ არა წარსრულნი და მიცვალებულნი, არამედ ჯერეთ ცოცხალნი და ჴორცთა შინა მყოფნი მქონან მოწამედ უცილობელისა ამისთჳს ქრისტეს აღდგომისა.
მოციქულისაჲ: და რომელთამე შეისუენეს (15,6).
თარგმანი: ამას ადგილსა დაძინებაჲ უსაკუთრეს არს შესუენებისასა. რამეთუ დაძინებაჲ თქუა მოციქულმან წინა-მომასწავებელად აღდგომისა, რაჲთა ცხად ყოს, ვითარმედ, ვითარცა-იგი მძინარისა განღჳძებაჲ, ეგრეთვე მკუდართა აღდგომაჲ ყოვლად უეჭუელ არს.
მოციქულისაჲ: მერმე ეჩუენა იაკობს (15,7).
თარგმანი: ვითარცა პირველსა ეპისკოპოსსა იერუსალჱმისასა და ძმასა თჳსსა.
მოციქულისაჲ: და მერმე მოციქულთა ყოველთა (15,7).
თარგმანი: ცხად არს, ვითარმედ იყვნეს სამეოცდაათთა შორისცა მოწაფეთა შესწორებულნი ათორმეტთანი, ვითარ-იგი ბარნაბა და სხუანი.
მოციქულისაჲ: უკუანაჲსკნელ ყოველთასა, ვითარცა ნარჩევსა, მეჩუენა მეცა (15,8).
თარგმანი: დაღაცათუ თჳთ დაიმდაბლებს თავსა თჳსსა, არამედ არა უნარჩევესობაჲ არს უკუანაჲსკნელ ჩუენებაჲ, რამეთუ არცაღა იაკობ უდარეს იყო ხუთასთა მათ, რომელთა შემდგომად ეჩუენა მას უფალი. გარნა ამას იქმს მოციქული, რაჲთა შენ წინა-განემზადო მდაბლისა ამის მიერ არა ურწმუნო ყოფად მაღალსა მას, იტყოდის რაჲ, ვითარმედ: "უფროჲს მათ ყოველთასა დავშუერ".
მოციქულისაჲ: რამეთუ მე ვარ ნარჩევი მოციქულთაჲ, რომელი არა ვარ ღირს წოდებად მოციქულად, რამეთუ ვსდევნიდ ეკლესიათა ღმრთისათა (15,9).
თარგმანი: იხილე სიმდაბლე მისი, ვითარ არა ხოლო ათორმეტთა, არამედ ყოველთა მოციქულთასა უდარეს დააწესა თავი თჳსი, ვიდრეღა თჳთ სახელისაცა უღირს ყო. არამედ ზედა-დაჰრთავს მიზეზსა, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, რამეთუ: ვსდევნიდ ეკლესიასა ღმრთისასა.
მოციქულისაჲ: ხოლო მადლითა ღმრთისაჲთა ვარ, რაჲ-იგი ვარ (15,10).
თარგმანი: იხილე წესიერებაჲ გონებისა მისისაჲ, ვითარ შეცოდებათა თავსა თჳსსა დაიკრებს, ხოლო სათნოებათა ღმერთსა მიაჩემებს.
მოციქულისაჲ: და მადლი იგი მისი, რომელი ჩემდა მომართ იყო, არა ცუდად რაჲ იყო, არამედ უმეტეს მათ ყოველთასა დავშუერ (15,10).
თარგმანი: იხილე, ვითარ ამასცა კრძალვით იტყჳს, ვითარმედ: არა თუ მიქმნიეს რაჲმე, ღირსებით შემსგავსებული მადლისა მის ჩემდა მოცემულისაჲ, არამედ ეგრეთცა არავე ცუდ ქმნილ არს იგი. და თჳთ საქებელსაცა ამას თავისა თჳსისა სიტყუასა რიდობითვე იტყჳს, იძულებული ამის მიზეზისაგან, რამეთუ საჴმარ არს მოწაფეთადა, რაჲთა სარწმუნოდ შეერაცხოს მოძღუარი მათი. ამას თანა არა იტყჳს, ვითარმედ: "უფროჲს ყოველთასა მიღუწიეს ანუ მიქადაგებიეს ანუ ჭირნი შემმთხუევიან"; არამედ: უფროჲს მათ ყოველთასა დავშუერ", რომელი-ესე უმცირეს არს ზემო თქუმულთა ამათ სიტყუათასა.
მოციქულისაჲ: არა მე, არამედ მადლი იგი ღმრთისაჲ, რომელი იყო ჩემ თანა (15,10).
თარგმანი: კუალად უმეტეს დამაშურალობასა მასცა თჳსსა ღმერთსა მიაჩემებს, რაჲთა არა მისდად ვისმე შეერაცხოს წარმატებათაგანი რაჲმე.
მოციქულისაჲ: აწ უკუე, გინა თუ მე, გინა თუ იგინი, ესრეთ ვქადაგებთ და ესრეთ გრწმენა თქუენ (15,11).
თარგმანი: ვინაჲთგან ზემო სხუანი იგი აღამაღლნა და თავი თჳსი დაიმდაბლა, აწ აჩუენებს ქადაგებისა ერთობასა, ვითარმედ: დაღაცათუ საზომითა განვიყოფებით, არამედ მითვეობითა ქადაგებისაჲთა ერთ ვართ ყოველნი, ერთისა უფლისა და ერთისა სარწმუნოებისა ქადაგებითა.