📋 სარჩევი
პეტრე მოციქულისა პირველი წიგნი კათოლიკე
პეტრე, მოციქული იესუ ქრისტესი, რჩეულთა მწირთა, განთესულთა პონტოჲსა და გალატიისა, კაბადუკიისა, ასიისა და ბითჳნიისათა. წინაჲსწარ ცნობითა ღმრთისა მამისაჲთა და სიწმიდითა სულისაჲთა (1,1-2).
თარგმანი: და ამასცა თავსა მოციქულთასა ვინაჲთგან წინადაცუეთილებისაგანთა მიმართ ერწმუნა სახარებაჲ, ამისთჳსცა ყოველთა ადგილთა მიმოგანთესულთა მიმართ მისწერს ჰურიათაგანთა მორწმუნეთა, რაჲთა არა ხოლო ჰურიასტანისა, არამედ ადგილ-ალბილ მიმოგანთესულად მყოფისაცა ქადაგ იქმნეს ყოვლისა ნათესავისა ჰურიათაჲსა, ხოლო მოციქულებასა თჳსსა ქრისტესთჳს "წინაჲსწარ ცნობითა" იტყჳს ღმრთისა მამისაჲთა, და სახესა თჳსისა მოციქულებისასა სიწმიდითა სულისაჲთა განგებულად წარმოაჩინებს, რაჲთა განუცხადოს, ვითარმედ სათნო-ყოფითა და წინა-საუკუნეთა განსაზღვრებითა მამისა და სულისაჲთა იქმნა საცხორებელად ყოვლისა სოფლისა ქმნილი ჴორცთა შესხმაჲ სიტყჳსა ღმრთისაჲ.
მოციქულისაჲ: დასამორჩილებელად და საპკურებელად სისხლისა იესუ ქრისტესისა (1,2).
თარგმანი: ამით ცხად არს, ვითარმედ ღმერთი არს განჴორციელებული ესე, რომელი მორჩილთა ქადაგებისა მისისათა წმიდა ჰყოფს სულითა სიწმიდისა თჳსისაჲთა და სისხლითა თჳსითა, რომელ ჩუენთჳს დასთხია და რომლისა პკურებითა განვწმდებით მორწმუნენი მისნი.
მოციქულისაჲ: მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ განმრავლდინ (1,2).
თარგმანი: მადლით მოტევებითა პირველთა ბრალთაჲთა განმრავლდა მშჳდობაჲ, დაიჴსნა რაჲ შუა-კედელი მტერობისაჲ შორის ანგელოზთა და კაცთა.
მოციქულისაჲ კურთხეულ არს ღმერთი და მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, რომელმან-იგი მრავლითა მით წყალობითა თჳსითა კუალად გუშვნა ჩუენ სასოებად ცხოველად აღდგომითა იესუ ქრისტესითა მკუდრეთით, სამკჳდრებელად უხრწნელად და შეუგინებელად და დაუჭნობელად დამარხული ცათა შინა თქუენდა მიმართ (1,3-4).
თარგმანი: ვინაჲთგან უხრწნელებასა და ცხოველსა სასოებასა, რომელ არს სასოებაჲ მკუდრეთით აღდგომისა და საუკუნოდ ცხოველ-ყოფისაჲ, და კეთილთა ზეცისათა დამარხვასა უქადაგებს მათ, რომელნი-ესე უზეშთაეს არიან საზომსა კაცობრივისა ღირსებისასა, ამისთჳს მადლობით კურთხევითა ღმრთისა მამისაჲთა მრავალსა მას წყალობასა მისსა შორის-შემოიღებს, რაჲთა სარწმუნო ყოს სიმაღლე აღთქუმათაჲ ამათ; რამეთუ, სადა ღმერთი იყოს მიმცემელ, მუნ ზეშთა-ბუნებისაობაჲცა ნიჭთაჲ ადვილად შესაწყნარებელ იქმნების. ამას თანა ძუელისაცა მის შჯულისა აღთქუმათა თანა-შეატყუებს ახალსა ამას, ვითარ მათ წარმავალი ოდენ აღეთქუმოდა ქუეყანისა იერუსალემი, ხოლო ახლისათა ამათ — ყოველივე ზეცისაჲ საუკუნოდ დაუსრულებელი.
მოციქულისაჲ: რომელნი-ეგე ძალითა ღმრთისაჲთა მოცვულ ხართ სარწმუნოებითა ცხორებასა მას განმზადებულსა გამოჩინებად ჟამსა მას უკუანაჲსკნელსა (1,5).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ ქადაგებაჲ ესე ცხორებისა საუკუნოჲსაჲ თქუენდა მიმართ ბრძანებულ არს ჩუენდა, რომელნი-ეგე ვითარცა ზღუდითა მტკიცითა გარემოცვულ ხართ ძალისა მიერ ღმრთისა, მონიჭებითა თქუენდა შეუორგულებელისა სარწმუნოებისაჲთა, რომლისა მიერ უწყით, ვითარმედ არა აქა არს ჭირთაგან განსუენებაჲ თქუენი, არამედ მერმესა მას განმზადებულ არს, და აწ დაფარული იგი ქრისტეს თანა — მის თანავე გამოცხადნების დიდებით მეორედ მოსლვასა ` მისსა, დღესა მას უკუანაჲსკნელსა და ყოველთა მიერ ზარის-საჴდელსა.
მოციქულისაჲ: რომლითა გიხარის აწ მცირედ, უკუეთუ ჯერარს, რომელნი-ეგე შეწუხებულ იყვენით მრავალფერთა შინა განსაცდელთა, რაჲთა გამოცდილებაჲ იგი სარწმუნოებისა თქუენისაჲ უპატიოსნეს უფროჲს ოქროჲსა მის წარწყმედადისა, ცეცხლისა მიერ გამოცდილისა იპოოს, საქებელად და დიდებად და პატივად გამოჩინებასა იესუ ქრისტესსა (1,6-7).
თარგმანი: უხარის მართალთა ჭირი ესე აქა მცირედ ჟამისაჲ, რაჲთა საუკუნოდ გჳრგჳნოსან იქმნნენ. ხოლო ცოდვილთა აქა შუებითა საუკუნოჲ ენივთების სიმძიმე ტანჯვისაჲ. რამეთუ არცა ცოდვილთა ყოველივე აქა მიეგებვის, რაჲთა არა აღდგომისა მიმართ ვინმე ურწმუნო იქმნნენ, არცა ყოველივე მართალნი აქა ძჳრ-ხილულ არიან, რაჲთა არა სათნოებაჲ საძაგელ და სიბოროტე საქებელ იქმნეს, არამედ მცირედნი ვინმე ცოდეილთაგანნიცა იტანჯებიან აქა, ანუ შესანანებელად ბრალთა, ანუ წინდად მერმისა მის სატანჯველისა; და კუალად, მცირედთა ვიეთმე სათნოებისათჳს აქავე მიეცემის პატივი და დიდებაჲ, წინა-მომასწავებელად საუკუნოჲსა დიდებისა და პატივისა. ხოლო არცა ყოველნი ცოდვილნი, არცა ყოველნი მართალნი მიიღებენ აქა საქმეთაებრსა მისაგებელსა, რაჲთა ჩუენ ვისწავოთ, ვითარმედ უკუანაჲსკნელისა მის და მერმისა სამშჯავროჲსათჳს დამარხულ არს დღე საქმეთაებრისა მისაგებელისაჲ.
მოციქულისაჲ რომელი არა იცოდეთ და გიყუარს, რომელსა-იგი აწ არა ჰხედავთ და გრწამს. იხარებდით სიხარულითა გამოუთქუმელითა და დიდებულითა, და მოიღოთ აღსასრულსა მას სარწმუნოებისა თქუენისასა ცხორებაჲ სულთაჲ (1,8-9).
თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ არა ხოლო კეთილნი იგი საუკუნენი, არამედ თჳთ თავიცა და აღმთქუმელი მათი ჩუენდა, ქრისტე უხილავ არს ჩუენ მიერ, მორწმუნეთა მისთა. და მათ განუმზადებს უმეტესსა ნეტარებასა, არა რომელთა თუალითა იხილეს და ჴელითა
განიხილეს, არამედ — რომელთა არა ეხილვოს იგი და ჰრწმენეს. ამისთჳს გჳბრძანებს მოციქული სიხარულად, რამეთუ, რაჟამს დაიჴსნნენ სარკენი და სახენი, მაშინ ვიხილოთ იგი, რაოდენ აქა სურვილით და სიხარულით განვიწმედდეთ თავთა დღისა მისთჳს, რომელსა შინა ყოფად არს საქმით აღსასრული სარწმუნოებისა ჩუენისაჲ — საუკუნოდ ცხორებაჲ სულთა ჩუენთაჲ, მიახლებითა ჩუენ ყოველთა მაცხოვრისაჲთა.
მოციქულისაჲ: რომლისა ცხორებისათჳს გამოიძიეს და გამოიკულიეს წინაჲსწარმეტყუელთა, რომელნი თქუენ მადლსა მას გიწინაჲსწარმეტყუელებდეს. გამოეძიებდეს, ოდეს ანუ რომელსა ჟამსა ეუწყებოდა მათ შორის სული ქრისტესი. წინაჲსწარ უწამებდა მათ ქრისტესთა მათ ვნებათა და მისსა შემდგომად დიდებათა მისთა, რომელთა იგი გამოეცხადა, რამეთუ არა თავთა თჳსთა, არამედ თქუენ გმსახურებდეს მას, რომელ-ესე აწ მიგეთხრა თქუენ მახარებელთა მათ თქუენთა მიერ სულითა წმიდითა, მოვლინებულითა ზეცით, რომლისათჳს გული უთქუამს ანგელოზთა ხილვად (1,10-12).
თარგმანი: საუკუნოჲსა ცხორებისათჳს წინა-გამოძიებით წინაჲსწარმეტყუელეს წინაჲსწარმეტყუელთა და ყოფადისა ამის ქრისტეს მიერ მადლით გამოჴსნისათჳს, რომლისათჳს ესაია იტყჳს: ვითარცა ცხოვარი, კლვად მიიგუარა; ხოლო იერემია — მოვედით, შეურიოთ ძელი პურსა მისსა; და უპირატეს მათსა მოსე: ხედვიდეთ ცხორებასა თქუენსა წინაშე თუალთა თქუენთა დამოკიდებულსა ძელსა ზედაა. ესე ყოველი ეუწყებოდა მათ არა ლიტონის კაცისა, არამედ ღმრთისა განკაცებულისა ქრისტეს სულითა, რომელი-იგი ვითარცა მამისაჲ არს, ეგრეთვე ძისაჲ, და წინა-მაუწყებელ წინაჲსწარმეტყუელთა, არა ხოლო ჴორცთ-შესხმასა, არამედ ვნებათა და აღდგომასა მხოლოდშობილისა ძისასა. ესრეთ უკუე წინაჲსწარმეტყუელებასა თანა წინაჲსწარმეტყუელთასა ერთ არს ქადაგებაჲ წმიდათა მოციქულთაჲ, და ორნივე ზოგად მსახურნი არიან კაცთა ცხორებისანი, მადლისა ამისთჳს ქრისტეს მიერისა, რომლისა არა ხოლო წინაჲსწარმეტყუელთა და მართალთა, არამედ ანგელოზთაცა სუროდა საქმით აღსრულებაჲ წინაჲსწარ მოსწავებულისაჲ სიონს გარდამოსლვისა და განყოფისაჲ მადლთა სულისათაჲ, და ვითარ ჴორცითა და სისხლითა საუფლოჲთა გამოიზარდნეს ძენი კაცთანი, და ესრეთ თანა-ზიარ იქმნნეს ჴორცთა ქრისტესთა და ერთ-გუამ მის თანა.