📋 სარჩევი
მოციქულისაჲ: დაემორჩილენით უკუე ყოველსავე კაცობრივსა დაბადებულსა უფლისათჳს; გინა თუ მეფესა, რამეთუ ყოველთა ზედა არს; გინა თუ მთავართა, ვითარცა მის მიერ მოვლინებულთა შურისმეძიებელად ბოროტის მოქმედთათჳს, ხოლო მაქებელად კეთილის მოქმედთათჳს. რამეთუ ესრეთ არს ნებაჲ ღმრთისაჲ კეთილის მოქმედთათჳს — დადუმებად უგუნურთა კაცთა უმეცრებასა (2,13-15).
თარგმანი: კაცობრივად დაბადებულად აწინდელსა ამას ადგილსა მეფეთაგან დადგინებულთა მთავართა იტყჳს, რომელთა მორჩილებაჲ თანა-გუაც ბრძანებითა უფლისაჲთა, რომელი-იგი გუეტყჳს მიცემად კეისრისაჲ კეისარსა. ხოლო მას ზედა ოდენ თანა-მდებ ვართ მორჩილებად მათდა ყოველსავე ბრძანებასა, რომელსა შინა არა იყოს სავნებელი სულისაჲ და წინა-აღდგომაჲ ღმრთისაჲ, რაჲთა არა დავაკლოთ მიცემად ღმრთისაჲ ღმერთსა. რამეთუ თჳთ მასვე განუგიეს, რაჲთა შიშითა მთავართა მიერისა პატიჟისაჲთა არა შეიჭამებოდინ კაცნი ურთიერთას მსგავსად თევზთაჲსა. და ესე არს ნებაჲ მისი შორის ქრისტეანეთა, რაჲთა უმეტეს ყოველთა კაცთასა მორჩილებითა მთავართაჲთა დაუყონ პირი უგუნურთა კაცთა ცილის-მწამებელობასა, რომელნი ზრახვენ, ვითარმედ: ვინაჲთგან ყოვლისავე სოფლისა საქმეთა შეურაცხებასა ბრძანებს შჯული ქრისტესი, მთავართაცა სამე ზარისა და შიშისა შეურაცხ-ყოფად აწუევს, რომლითა იქმნების უწესოჲ შერეულებაჲ და ბევრეულნი ბოროტნი.
მოციქულისაჲ: ვითარცა აზნაურნი და ნუ ვითარცა საფარველად გაქუს უკეთურებისა აზნაურებაჲ ეგე. არამედ ვითარცა მონანი ღმრთისანი, ყოველთა პატივ-სცემდით. ძმათა ჰყუარობდით, ღმრთისა გეშინოდენ, მეფესა პატივ-სცემდით (2,16-17).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ ნუ მიზეზ-იდგამთ უკეთურებისა თქუენისა აზნაურებასა მაგას ქრისტეს მიერსა; ვითარმცა ამისთჳს ურჩ და უშიშ იყვენით, რამეთუ ქრისტემან განგააზნაურნა. არამედ, ვითარცა ჭეშმარიტებით აზნაურ და თავისუფალ ქმნილნი სიბოროტისაგან, ამით უფროჲს მორჩილ იყვენით ყოველთა, რამეთუ ესე არს მცნებაჲ აზნაურ-მყოფელისა მის თქუენისა ქრისტესი, რაჲთა ყოველთა მიმართ მორჩილებით და სიყუარულით და მშჳდობით იქცეოდით მორწმუნენი მისნი, და არცა ერთსა რას ვის დააკლებდეთ შემსგავსებულსა შიშსა და პატივის-ცემასა.
მოციქულისაჲ: მონანი დაემორჩილენით ყოვლითა მოშიშებითა თჳსთა უფალთა, ნუ ხოლო სახიერთა და ტკბილთა, არამედ უსახურთაცა. რამეთუ ესე არს მადლი ღმრთისაგან, უკუეთუ გონებისაგან კეთილისა ღმრთისათჳს დაითმინნეს ვინმე მწუხარებანი, ევნებინ თუ სიცრუითა. რამეთუ რაჲ უმჯობეს არს, უკუეთუ სცოდვიდეთ და იქენჯნებოდით და მოითმენდეთ. არამედ უკუეთუ კეთილსა იქმოდით და გევნებოდის და მოითმენდეთ, ესე არს მადლი ღმრთისაგან, და იჩინენით-ცა მებრ ამისთჳსვე (2,18-21).
თარგმანი: ესრეთ უბრძანებს მორწმუნეთა მონათა, რაჲთა არა ჴორციელისა შიშისათჳს ერჩდენ მსგავსად სხუათა მონათა, არამედ უფროჲსღა ღმრთისმოშიშებისათჳს, და რაჲთა ყოველთავე უფალთა მიმართ უცვალებელად იპყრან წესი ერთგულებისაჲ; სახიერთა მიმართ, — რამეთუ ამას ეძიებს სჯული საქმისაჲ; ხოლო უსახურთა მიმართ, — რამეთუ უმეტესი მადლი აქუს ძჳრთა თავს-დებისაჲ მაშინ, რაჟამს არა ბრალისა რაჲსათჳსმე, არამედ ღმრთისა მიერისა მადლისა მიცემისათჳს თავს-იდებდეს უსამართლოდ შემთხუეულთა მწუხარებათა: რამეთუ თჳთ ესე არს გზაჲ ჩინებისაჲ და საქმე სარწმუნოებისა ჩუენისაჲ, რაჲთა გუევნებოდის და დავითმენდეთ საუკუნოჲსა სასყიდლის კუალად-გებისათჳს.
მოციქულისაჲ: რამეთუ ქრისტემანცა ივნო ჩუენთჳს და თქუენ დამიტევა ჴელით-წერილი, რაჲთა შეუდგეთ კუალთა მისთა, რომელმან-იგი ცოდვაჲ არა ქმნა, არცა იპოვა ზაკუვაჲ პირსა მისსა; რომელი იგინებოდა და იგი არავის აგინებდა; ევნებოდა და არავის უთქუმიდა; მიეცა მართალი იგი მსაჯულსა, რომელმან ცოდვანი ჩუენნი აღიხუნა ჴორცითა თჳსითა ჯუარსა ზედა, რაჲთა ცოდვათა განვეშორნეთ და სიმართლით ვცხონდებოდით, რომლისა-იგი წყლულებითა განვიკურნენით. რამეთუ იყვენით, ვითარცა ცხოვარნი შეცთომილნი, არამედ აწ მოიქეცით მწყემსისა მიმართ და მოღუაწისა სულთა თქუენთაჲსა (2,21-25).
თარგმანი: ვინაჲთგან დიდი საქმე უბრძანა მონათა, რაჲთა უმშჯავროდ ევნებოდის და თავს-იდებდენ, ამისთჳს დიდსაცა სახესა წინა-უყოფს ქრისტეს ვნებათასა, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს: რამეთუ ქრისტემანცა ივნო ჩუენთჳს და თქუენ დაგიტევა სახე, რაჲთა შეუდგეთ კუალთა მასთა. ნანდჳლვე დიდ არს სახე მისი და ზეშთა აღმატებულ თანა-შეტყუებისა ჩუენისა. რამეთუ რაოდენცა უსამართლოდ ვისგან გუევნებოდის, დაღაცათუ მისგან უბრალო ვიყვნეთ, რომლისათჳს-იგი გუტანჯვიდენ. არამედ სხჳთ ბევრეულთა ბოროტთაგან და ცოდვათა აღსავსე ვართ. რამეთუ ვერვინ იქადოს წმიდა-ყოფაჲ ბრალისაგან, დაღათუ ერთი დღე იყოს ცხორებაჲ მისი ქუეყანასა ზედა. ხოლო ქრისტესთჳს, ვითარცა ესაია იტყჳს არა-ქმნასა ცოდვისასა და ზაკუვისაგან თავისუფლებასა პირისა მისისასა, ვითარ არა საკჳრველ იყოს, ვითარ მართალსა ევნებოდა და არავის მიაგებდა ბოროტსა ბოროტისა წილ, და მსაჯული ყოველთაჲ საშჯელად წარდგებოდა და ჩუენთა ცოდვათათჳს ჯუარს-ეცუმოდა, რაჲთა მათგან თავისუფალნი სიწმიდით ვცხონდებოდით. ეჰა საკჳრველი და ახალი სახე კურნებისაჲ, რამეთუ ყურიმლის-ცემისა მის მიერ და ჴურთით ცემისა შოლტით და ლერწმით გუემისა და ლასურისა მიერ გუერდსა მოწყლვითა მკურნალისაჲთა წყლულნი ესე და გუემულნი ეშმაკისაგან მივემთხჳენით განკურნებასა და სიმრთელესა მწყემსისა მის მიერ და მომაქცეველისა შეცთომილთა ცხოვართაჲსა.
მოციქულისაჲ: ეგრეთვე ცოლნი დაემორჩილენით თჳსთა ქმართა, რაჲთა დაღაცათუ ვინმე ურჩ არნ სიტყჳსა მის დედათა სლვისა მისგან თჳნიერად სიტყჳსა შეიძინნენ. ჰხედვიდენ რაჲ იგინი შიშით წმიდასა მას სლვასა თქუენსა, რომელი იყავნ არა გარეშითა მით განთხზვითა თმათაჲთა და შესხმითა ოქროჲსაჲთა, გინა შემოსითა სამოსლისაჲთა შემკობაჲ, არამედ დაფარული იგი გულისა კაცი უხრწნელითა მით მშჳდისა მის და მყუდროჲსა სულისა წესითა, რომელ არს წინაშე ღმრთისა ფრიად პატიოსან (3,1-4).
თარგმანი: ორსა ეძიებს დედათაგან: მორჩილებასა ქმართასა და განგდებასა სოფლიოჲსა მის მეტისა შემკობისასა. რამეთუ სამკაულ დედაკაცისა - მორჩილებაჲ ქმრისაჲ, რომელსა შეუდგს ყოველი კეთილი. იხილე, ვითარ ესოდენ დიდ ჰყოფს დედათა კრძალულებისა თანა-მდებობასა, რომელ კმა იყოს დუმილით ხოლო სახე ყოფად სარგებელისა, არა ხოლო მორწმუნეთა, არამედ ურწმუნოთაცა, რაჟამს არა გარეშითა ხოლო კაცითა, არამედ შინაგანითა გულისაჲთა მყუდრო და წესიერ იყვნენ.
მოციქულისაჲ: რამეთუ ესრეთვე ოდესმე წმიდანი იგი დედანი, რომელნი ესვიდეს ღმერთსა, შეიმკობდეს თავთა თჳსთა და დამორჩილებულ იყვნეს თჳსთა ქმართა, ვითარცა-იგი სარრა ერჩდა აბრაჰამს და უფლით ხადინ მას, რომლისა-იგი იქმნენით შვილ კეთილის-მოქმედ, და ნუ გეშინინ ნუცა ერთისა შიშისა (3,5-6).
თარგმანი: მრავალთა მოიჴსენებს, ხოლო ერთისა ოდენ სახელისდებასა კმა-იყოფს სარრაჲსსა, რომელი-იგი პავლეს მიერ სახედ ზეცისა იერუსალემისა ისახისმეტყუელების, ვინაჲცა პატიოსან არს შვილებაჲ ზეცათა იერუსალემისაჲ, რომლისა შვილებასა უკუეთუ ვინმე მიემთხჳოს, მყის უშიშ იქმნების ყოვლისაგან შიშისა, რამეთუ მუნ დამკჳდრებულსა არღარა უმზირის გუელი მცემარე გზასა ზედა.
მოციქულისაჲ: ქმარნი ეგრეთვე მსგავსად თანა-მკჳდრ იყვენით შენდობით, ვითარცა უუძლურესსა ჭურჭელსა. დედათა მისცემდით პატივსა, ვითარცა თანა-მკჳდრთა მადლისა ცხორებისათა, რაჲთა არა დაჰბრკოლდებოდინ ლოცვასა თქუენსა (3,7).
თარგმანი: პირველად ცოლთა ასწავა მორჩილებაჲ, ხოლო აწ ქმართა ამცნებს უმეტესსა კრძალულებასა ცოლთა პატივისათჳს, რამეთუ უძლურ და სულმოკლე არიან იგინი თავს-დებად რაჲსამე და, რომლითაცა სახითა აღშფოთნენ სახლსა შინა, მყის განეჴუებიან ყოველსავე ლოცვასა და ღმრთისმსახურებასა. ხოლო რაჟამს ტჳრთვით და შენდობით თავს-დებითა მკჳდრ იყვნენ მათ თანა ქმარნი მათნი, მაშინ ეზიარებიან მათსა ყოველსავე ლოცვასა და ღმრთისმსახურებასა, ვითარცა მიმცემელნი მათდა მყუდროებისა და უშფოთველობისანი.
მიციქულისაჲ: ხოლო დასასრულსა ყოველნი ერთ-ზრახვა იყვენით, მოწყალე, ძმათ-მოვუარეთ, შემწყნარებელ, მდაბალ ნუ მიაგებთ ბოროტსა ბოროტისა წილ, ნუცა გინებასა გინებისა წილ, არამედ წინა-აღმდგომს აკურთხევდით, და უწყოდეთ, რამეთუ ამისთჳს მებრ იჩინენით, რაჲთა კურთხევაჲ დაიმკჳდროთ (3,8-9).
თარგმანი: არღარა ცოლთა ოდენ და ქმართა, არამედ ზოგად ყოველსა ჰასაკსა ყოველთა კაცთასა ჰლოცავს სიყუარულით ერთ-ნება ყოფისათჳს, რომელ არს ძირი ყოველთა კეთილთაჲ, რამეთუ ამისგან აღმოეცენებიან მოწყალებაჲ გლახაკთაჲ და სიყუარული ძმათაჲ, შეწყნარებაჲ უცხოთაჲ და სიმდაბლე ყოველთა მიმართ. ამათ შეუდგს აღსრულებაჲ მცნებათა ქრისტესთაჲ: არა მიგებაჲ ბოროტისა, არცა გინებისაჲ, არამედ წინაუკუმო — კურთხევაჲ მწყევართაჲ და მაგინებელთაჲ; რომლითა დავიმკჳდრებთ კურთხევასა მცნებისა აღმასრულებელთასა.
მოციქულისაჲ: რამეთუ რომელსა ჰნებავს სიყუარული ცხორებისაჲ და ხილვად დღენი კეთილნი, დააცხრვენ ენაჲ თჳსი ბოროტისაგან და ბაგენი მისნი ნუ იტყჳედ2 ზაკუვასა. მოიქეცინ ბოროტისაგან და ქმენინ კეთილი. მოიძიენ მშჳდობაჲ და მისდევდინ მას. რამეთუ თუალნი უფლისანი მართალთა ზედა და ყურნი მისნი ლოცვასა მათსა ზედა. ხოლო პირი უფლისაჲ მოქმედთა ზედა ძჳრისათა (3,10-12).
თარგმანი: ვინაჲთგან იგი ოდენ არს ჭეშმარიტი ცხორებაჲ, რომელი პგიეს საუკუნოდ, და დღენი კეთილნი — იგი ოდენ, რომელთა შინა ყოვლად მოისპობვის კუალი სიბოროტისაჲ, ამისთჳს ძიებით იძიებვის ეგევითრი კაცი და ძნიად საპოვნელ არს, რომელსა შეურაცხ-ეყოს საწუთროჲ საუკუნოჲსა მისთჳს და აღჳრ-ასხმიდეს ენასა, ვითარცა მალე მიმდრეკელსა ბოროტისა მიმართ, და ბაგენი მისნი არა იტყოდინ ზაკუვასა, რომელ არს ტყუილი, საყუარელი ტყუილისა მამისა ეშმაკისაჲ. ხოლო მოქცევაჲ რაჲ ბოროტისაგან გესმას, გულისჴმა-ყავ, ვითარმედ ესე არა ჩუენსა ჴელმწიფებასა შინა არს, რაჲთამცა ვითარ დავაყენეთ სრულიად ჟამად-ჟამადი ბრძოლაჲ ბოროტისაჲ, არამედ ჩუენდა საჴმარ არს მარადის — მოქცევაჲ ბოროტისაგან და ქმნაჲ კეთილისაჲ, რაჲთა პირველად განვიყაროთ მტერისა მიერ დათესული ჩუენ შორის ღუარძლი, და ესრეთღა ვმუშაკობდეთ თესლსა საღმრთოჲსა სწავლისასა ნაყოფიერებად ჩუენ შორის, რომლითა მოიძიების ჭეშმარიტი იგი მშჳდობაჲ, რომლისა მიერ ორივე ერთ იქმნა და იქმნების მიდევნაჲ მისი მკჳრცხლმორბედებითა გზასა მცნებათა მისთა მოქმედებისასა, რომლისა მოხედვასა განწმედილნი ხოლო ღირს იქმნებიან, რამეთუ მახლობელ არს თუალით ხედვად ქველის-საქმეთა მათთა, და ყურით სმენად ლოცვასა მათსა. ხოლო პირი უფლისაჲ მოქმედთა ზედა ბოროტისათა, რაჲთა ანუ მოქცეულნი შეიწყნარნეს, ანუ მოუქცეველნი ტანჯნეს. ესრეთ უკუე კეთილ არს სწავლაჲ ესე ოც და მეათცამეტისა ფსალმუნისა სიტყუათაჲ.
მოციქულისაჲ: და ვინ-მე არს ბოროტის-მყოფელ თქუენდა, უკუეთუ თქუენ კეთილისა მობაძავ იქმნნეთ? (3,13).
თარგმანი: დაუმტკიცებს, ვითარმედ ვერცა ერთი ჭირთა გინა განსაცდელთა შემთხუევაჲ დააბრკოლებს კეთილისაგან სულსა მჴნესა და ღმრთის მოყუარესა. უფროჲსღა ნივთ უმეტესთა სასყიდელთა ღმრთისა მიერთა ექმნების შემთხუევაჲ ვისგანმე ძჳრთა და მწუხარებათაჲ, რამეთუ რომელი თჳთ არა ივნოს კაცმან სულსა თჳსსა შინა-განცემითა გულის-სიტყჳსაჲთა, ვერვინ გარეშეთაგანი შეუძლებს ვნებად მისსა.
მოციქულისაჲ: და დაღაცათუ გევნებოდის სიმართლისათჳს, ნეტარ ხართ. ხოლო შიშისა მათისაგან ნუ გეშინინ, ნუცა შესძრწუნდებით. არამედ უფალი ღმერთი წმიდა ყავთ გულთა შინა თქუენთა (3,14-15).
თარგმანი: ორივე ესე დიდად კმა არს მიზეზ-ყოფად მოთმინებისა, რაჟამს ნეტარებაჲ დავიმკჳდროთ ჭირთა მიერ. ხოლო მაჭირვებელთა შიშისაგან არა გუეშინოდის ესაიაჲს მიერითა ბრძანებითა, რამეთუ სიტყჳსაებრ მაცხოვრისა ჴორცთა ხოლო მოკლვად და არა სულისაცა რასმე ვნებად ჴელ-ეწიფების, არამედ შენ წმიდა-ყოფაჲ რაჲ უფლისა ღმრთისაჲ გესმეს, ნუ ჰგონებ, ვითარმედ იგი რასმე მიიღებს შემატებასა, რომელი უნაკლულო არს და სრულ ყოველსა შინა. ამისთჳს არცა განდიდნების, რაჟამს განვადიდებდეთ მას, არამედ განდიდებაჲცა და წმიდა-ყოფაჲ მისი გულთა შინა ჩუენთა იქმნების. ესე იგი არს, ვითარმედ ჩუენდავე მოიქცევის, რამეთუ ჩუენ წმიდა და დიდებულ ვიქმნებით მისგან მეტყუელებითა სიწმიდეთა და დიდებულებათა მისთაჲთა.
მოციქულისაჲ: განმზადებულ იყვენით მარადის სიტყჳს მიგებად ყოვლისა, რომელი ეძიებდეს თქუენგან სიტყუასა თქუენ შორის სასოებისა მისთჳს, სიმშჳდით და შიშით. გონებაჲ გაქუნდინ კეთილი, რაჲთა, რომელნი-იგი ძჳრსა იტყოდიან თქუენთჳს, ვითარცა ძჳრისმოქმედთათჳს, ჰრცხუენოდის, რომელნი-იგი ჰმძლავრობდენ თქუენსა მას კეთილსა ქრისტეს მიერ სლვასა (3,15-16).
თარგმანი: საძიებელ არს, ვითარ უფალი ბრძანებს: ნუ ჰზრუნავთ, რაჲ მიუგოთ; ხოლო მოციქული იტყჳს: მზა იყვენით მარადის სიტყჳს-გებად. არამედ ცხად არს, ვითარმედ უფალი წამებად წარდგინებულთა უბრძანებს, რაჲთა, რაჟამს გონებაჲ მჴნე და ახოვან იყოს ღუაწლთა მიმართ, სიტყუათა უსწავლელობისათჳს არა დაეყენნენ მოსწრაფედ შეკადრებად, რამეთუ სული წმიდაჲ მისცემს მათ ჟამიერსა სიტყუასა აღსაარებისასა. ხოლო რომელნი ეკლესიათა შინა იყვნენ მორწმუნენი, მათ ყოველსავე ჟამსა უჴმს მზა ყოფაჲ კეთილად სწავლულებითა საღმრთოთა სიტყუათაჲთა, რაჲთა კმა იყვნენ წურთილებისაგან წმიდათა წერილთაჲსა მიცემად სიტყჳსა მკითხველთა მათ მიმართ ძალსა და სასოებასა ჩუენ შორის მყოფისა ამის სარწმუნოებისასა, რომლითა მოველით აღდგომასა და საუკუნოდ ცხორებასა. ხოლო სიტყჳს-გებაჲ იგი ნუმცა არს ჴდომით და შფოთით, არამედ სიმშჳდით და შიშით, ვითარმცა წინაშე ღმრთისა იტყოდა საღმრთოთა მათ სიტყუათა, ქონებითა გონებისა კეთილისაჲთა, რაჲთა არცხჳნოს ძჳრის მზრახვალთა და ბოროტის მნებებელთა თჳსთა წადიერად სურვილით ძიებითა მოქცევისა და ცხორებისა მათისაჲთა.
მოციქულისაჲ: რამეთუ უმჯობეს არს კეთილსა თუ იქმოდით, ეგრეთ თუ ჯერ-უჩნდეს ნებასა ღმრთისასა ვნებაჲ თქუენი, ვიდრე არა ბოროტსა თუ იქმოდით (3,17).
თარგმანი: ამით სიტყჳთა გჳჩუენებს, ვითარმედ არა არს კაცსა ზედა მიშუებაჲ განსაცდელისაჲ თჳნიერ ანუ განგებითა ანუ მიშუებითა ღმრთისაჲთა უმჯობესისათჳს. ამისთჳს ნუმცა დავჰჴსნდებით, რაჟამს კეთილსა რაჲ ვიქმოდით და მყის აღგჳდგენ განსაცდელნი.
მოციქულისაჲ: რამეთუ ქრისტემანცა ერთ გზის ცოდვათა ჩუენთათჳს ივნო, მართალმან მან ცრუთათჳს, რაჲთა ჩუენ წარგუადგინნეს ღმრთისა (3,18).
თარგმანი: ესე კმა ეყოფის ყოველთა, რომელთა უმშჯავროდ ევნებოდის, რაჲთა გულს-იდგინონ მიბაძვებაჲ ცხოველსმყოფელსა მას ვნებასა ქრისტესსა, რომელი-იგი მართალ იყო, არამედ ჩუენთა ცოდვათათჳს ევნებოდა, რაჲთა განმამართლნეს და ეგრეთ წარმადგინნეს ღმრთისა.
მოციქულისაჲ: მოკუდა ჴორცითა და ცხოველ იქმნა სულითა (3,18).
თარგმანი: იხილე, ვითარ მოკლედ გჳქადაგებს ძალსა საიდუმლოჲსასა, რამეთუ ჴორცითა სიკუდილი თქუა განხრწნადისა მისთჳს ბუნებისა ჴორცთა მათ ჩუენგან მიღებულთაჲსა, ხოლო აღდგომაჲ სულითა — ბუნებისათჳს ღმრთეებისა, რამეთუ "სულ არს ღმერთი" (), სიტყჳსაებრ სახარებისა. და ესრეთ ცხად ყო, ვითარმედ არა განიკუეთების ერთი გუამი სიტყჳსა ღმრთისაჲ ორობისათჳს ბუნებათა მისთაჲსა, შემდგომად ჴორცთშესხმისაცა.
მოციქულისაჲ: რომლითაცა საპყრობილესა მას სულთასა მივიდა და ქადაგა, რომელნი-იგი ურჩ ოდესმე იყვნეს (3,19-20).
თარგმანი: რომელმან-იგი კაცთა ცხორებისათჳს არა სირცხჳლ-იჩინა განკაცებაჲ, მან სახიერმან მეუფემან არცა ერთი დაბადებულთა თჳსთაგანი დაუტევა უკურნებელად, არამედ ვითარცა-იგი მკჳდრთა ქუეყანისათა მიერ დასატევნელ იქმნა ჴორცთშესხმითა, და ქადაგ იქმნა მათ შორის დიდისა მის ზრახვისა — მამისა — ღმრთეებასა, ეგრეთვე მყოფთა ჯოჯოხეთისათა მიმართცა მიიწია სიკუდილითა და სულთა მათ შორის შეყენებულთა ქადაგა სულითა მით კაცობრივითა, რომელი ჯუარსა ზედა შეჰვედრა მამასა, რაჲთა არა ხოლო მათ, რომელნი მეცნიერ იყვნეს მისსა, არამედ მათცა, რომელნი-იგი ოდესმე ურჩ და უმეცარ იყვნეს, სწორებით ეუწყოს ქადაგებაჲ ცხორებისაჲ. რამეთუ არა ხოლო ცოდვილთა, არამედ მართალთაჲცა იგივე იყო სავანე —ქუესკნელი ჯოჯოხეთისაჲ, ვინაჲთგან სამოთხე დაჴშულ იყო გარდასლვითგან ადამისით. ხოლო სასუფეველი ცათაჲ არღა სავალ-ქმნილ იყო კაცთა, რამეთუ მიელოდა ქრისტეს მიერ წინა-განღებასა დასაბამითა თბისა ჩუენისაჲთა. ამისთჳსცა ჯოჯოხეთს მკჳდრთა —მართალთა და ცოდვილთა — ყოველთა სწორებით ექადაგა, და რომელთაცა ჰრწმენა, იგინიცა აღდგეს ქრისტეს თანა და აღმოიყვანნეს ჯოჯოხეთით.
მოციქულისაჲ: რაჟამს-იგი ერთ-გზის თავს-ედვა სულგრძელებასა ღმრთისასა დღეთა მათ ნოვესთა შემზადებასა მას კიდობნისასა, რომელსა შინა მცირედნი, ესე იგი არს, რვანი სულნი განერნეს წყლისაგან, რომლისა სახედ აწ თქუენცა გაცხოვნებს ნათლისღებაჲ, არა ჴორცთაგან განშორებაჲ მწინკულისაჲ, არამედ გონებისა კეთილისა ტრფიალებაჲ ღმრთისა მიმართ (3,20-21).
თარგმანი: ესე სიტყუაჲ ზოგად სახედ მიღებულ არს მათთჳსცა, რომელნი-იგი ჯოჯოხეთით არა ყოველნი გამოვიდეს, არამედ მორწმუნენი ოდენ, და ამათთჳსცა, რომელ არა ყოველნი, არამედ ვიეთნიმე ცხონდებიან ნათლისღებითა. არამედ ნუ გიკჳრს, რამეთუ მაშინცა რვანი ოდენ სულნი განერნეს წყლით რღუნისაგან, რომლისა სახე არს წყალი ესე ნათლისღებისაჲ, რამეთუ ეშმაკთა და ვნებათა მოაშთობს, ხოლო მორწმუნეთა აცხოვნებს. გარნა ესე საძიებელ არს მორწუნეთა მათთჳს ნათელღებულთა, რაჲთა არა ჴორცთა განბანისა ნივთად იჴუმიონ წყალი იგი ნათლისღებისაჲ, არამედ გონებისა კეთილისა შემატებითა უფროჲს აღმაორძინებელ ყონ იგი სურვილსა და ტრფიალებასა თჳსსა ღმრთისა მიმართ.
მოციქულისაჲ: აღდგომითა იესუ ქრისტესითა, რომელი არს მარჯუენით ღმრთისა, რომელი ამაღლდა ზეცად და დაემორჩილნეს მას ანგელოზნი, ჴელმწიფებანი და ძალნი (3,21-22).
თარგმანი: ვინაჲთგან ზემო თქუა სიკუდილი, რაჲთა არა ჰგონო ხრწნილებასა შინა დაშთომაჲ მისი, ამისთჳს აწ იტყჳს აღდგომასა. ხოლო მარჯუენით დაჯდომასა იტყჳს, ვითარმედ არა დააკლდა მასვე დიდებასა მამულსა, რაჟამს აღიყვანა ზეცად დასაბამი ბუნებისა ჩუენისაჲ და რომელსა-იგი ღმრთეებით მარადის ჰმორჩილობდეს ანგელოზთა ძალნი, ვითარცა დამბადებელსა მათსა, აწ ჴორცთა მათ თანა, ჩუენგან მიღებულთა, ითქუმის უახლესი მორჩილებაჲ მათი, საკჳრველებისა ამისთჳს ზეშთა აღმატებულისა; ვითარ ჴორცნი ესე სიგლახაკისა ჩუენისანი განღმრთობილ და თაყუანის-საცემელ იქმნნეს ყოველთავე ზეცისა ძალთაგან.