📋 სარჩევი
მოციქულისაჲ: ხოლო ესე არს სიტყუაჲ იგი, რომელი გეხარა თქუენ: განიშორეთ უკუე ყოველი უკეთურებაჲ და ყოველი ზაკუვაჲ და ორგულებაჲ და შური და ყოველივე ძჳრის სიტყუაჲ, ვითარცა აწინდელ შობილთა ყრმათა, სიტყჳერისა მის უზაკუველისა სძისა გსუროდენ, რაჲთა მას შინა აღორძნდეთ საცხორებელად (1,25; 2,1-2).
თარგმანი: ვინაჲთგან ზემო წარმოთქუა ძალი ქადაგებისა და მეორედ შობისაჲ, ამისთჳს აწ იტყჳს თუ ვითარნი ჯერ-არიან შემწყნარებელნი მისნი, განშორებულნი ყოვლისა ბოროტისაგან და ძუელთა მათ ბილწთა საქმეთა ჩუეულებისა, და ესრეთ უზაკუველისა მის სძისა მივრბიოდით, რომელ არს თავად-თავადი მუჴლედობაჲ საუფლოთა მოძღურებათაჲ, რომელნი-იგი არიან სახარებასა შინა მოკლეობით და სრულებით, ვითარ-იგი არს: მიუტევეთ და მოგეტევნენ; ნუ განიკითხავთ და არა განიკითხნეთ. ესე და ესევითარნი უჴმან სასწავლოდ ქრისტეს მიერ ჩჩჳლსა, რაჲთა მარტივობითა და მუჴლედობითა ადვილ იყოს მისსა სასწავლელად; რამეთუ, დაღაცათუ სრულებაჲ ჩუენი ჰნებავს საღმრთოსა შჯულსა, არამედ მცირედ-მცირედ აღზრდითა და ძალითი-ძალად აღსლვითა.
მოციქულისაჲ: უკუეთუ გემოჲ გიხილავს, რამეთუ ტკბილ არს უფალი, რომელსა-იგი მოუჴედით ლოდსა ცხოველსა, რომელი-იგი კაცთაგან შეურაცხ-იქმნა, ხოლო ღმრთისაგან — რჩეულ და პატიოსან. და თქუენცა, ვითარცა ლოდნი ცხოველნი, აღეშენებოდეთ სახლად სულიერად, სამღდელოდ წმიდად, შესაწირავად მსხუერპლთა სულიერთა, სათნოთა ღმრთისათა იესუ ქრისტეს მიერ (2,3-5).
თარგმანი დიდისა ბასილისი: ყოველსავე ადგილსა შეგჳსწავებიეს, ვითარმედ გარეგანთა ამათ ასოთა ჩუენთა თანა-მოსახელედ სახელ-იდებიან შინაგანნიცა ძალნი სულისანი. ამისთჳსცა, ვინაჲთგან პურ ჭეშმარიტ არს უფალი ჩუენი და ჴორცი მისი არს საჭმელ ჭეშმარიტ, საჭირო არს, რაჲთა საცნაურითა გემოჲს-ხილვითა იქმნეს ჩუენ შორის ცნობილ საშუებელი იგი პურისა მის ზეცისაჲ. და გემოჲს ხილვაჲ ესე არარაჲთ სხჳთა იქმნების, ვითარ მრავალჟამეულითა წურთითა საღმრთოთა სიტყუათა და ჭეშმარიტებისა შჯულთაჲთა, რამეთუ ესე არს გემოჲს ხილვაჲ სიტკბოებასა უფლისასა, რომელი-იგი არს, სიტყჳსაებრ დავითისსა, ლოდ შეურაცხ ყოფილ ბოროტთა მათგან ხუროჲსმოძღუართა და მაშენებელთა — მწიგნობართა და ფარისეველთა, ხოლო ღმრთისა მიერ — რჩეულ და პატიოსან, შემკრველ და შემაერთებელ მიმოდაბნეულსა სავსებასა მორწმუნეთასა სახლად სალოცველად და ადგილად მსხუერპლთა წმიდათა და სულიერთა შეწირვისა, მღდელთმოძღურებითა თჳთ მის თავადისა ქრისტესითა.
მოციქულისაჲ: რამეთუ წერილ არს წიგნსა შინა: აჰა ესერა დავსდებ სიონს შინა ლოდსა საკიდურსა, რჩეულსა პატიოსანსა, და რომელსა ჰრწმენეს მისსა მიმართ, არასადა ჰრცხუენეს. თქუენდა უკუე არს პატივი მორწმუნეთა მაგათ, ხოლო ურჩთათჳს ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა. ესე იქმნა თავ საკიდურთა და ლოდ შებრკოლების და კლდე საცთურების, რომელნი შეჰბრკოლდებიან სიტყუასა მას ურჩებითა, რომელსაცა ზედა დაესხნეს (2,6-8).
თარგმანი: ვითარცა-იგი ნათელ ჭეშმარიტ არს უფალი ჩუენი, არამედ შჯის სოფელსა და განანათლებს წარმართთა სიბრმესა მორწმუნეობისათჳს, ხოლო დააბრმობს ჰურიათა მხედველობასა ურწმუნოებისათჳს. ეგრეთვე, სიტყჳსაებრ ესაიაჲსსა, ლოდ საკიდურ რჩეულ და პატიოსან ექმნების მათ, რომელთა განეკუთნვის პატივი მისსა მიმართ სარწმუნოებისათჳს, და არა არცხუენს, რომელთა ჰრწმენეს მისი; ხოლო, სიტყჳსაებრ დავითისსა, ურჩთა და ურწმუნოთა, ვითარცა კლდე საცთურებისაჲ, შეაცთუნებს, და ვითარცა ლოდი დაკუეთებისაჲ, დააკუეთებს და შეჰმუსრავს, რომელნი-იგი ეკუეთებოდინ მას ურწმუნოებითა საღმრთოთა სიტყუათაჲთა, და ვერ გულისჴმა-ჰყოფდენ, ვითარმედ იგი არს შემაერთებელი ორთა კიდეთა შორიელთა - ძუელისა და ახლისა შჯულისათაჲ.
მოციქულისაჲ: ხოლო თქუენ — ნათესავი რჩეული, სამეუფოჲ სამღდელოჲ, თესლი წმიდაჲ, ერი მოგებული, რაჲთა სათნოებათა მიუთხრობდეთ, რომელმან-იგი ბნელისაგან გიწოდა თქუენ საკჳრველსა მას ნათელსა მისსა, რომელნი-ეგე ოდესმე არა ერ, ხოლო აწ ერი ღმრთისაჲ; რომელნი-ეგე ოდესმე არა შეწყალებულ, ხოლო აწ შეიწყალენით (2,9 -10).
თარგმანი: წიგნისაგან გამოსლვათაჲსა შეამკობს შესხმით მორწმუნეთა ქრისტესთა, რომელნი უფროჲს ძუელისა მის ერისა ისრაელთაჲსა რჩეულ იქმნნეს, რამეთუ მუნ სხუაჲ იყო ნათესავი სამეუფოჲ და სხუა — სამღდელოჲ; ხოლო აქა — ორივე ერთსა ამას მიემადლა ნათესავსა ქრისტეს მიერ, რომელი-იგი ზოგად სამეუფოჲთ და სამღდელოჲთ ტომით აღმოეცენა, და ორივე ესე პატივი შეერთებულად და განუყოფელად აქუნდა, ვითარცა მეუფესა და ღმერთსა პირველ საუკუნეთასა, და ვითარცა აღსასრულსა ჟამთასა მღდელ და მემსხუერპლე ქმნულსა, საჴსრად ყოვლისა სოფლისა შეწირვითა თავისა თჳსისაჲთა. ამან სახიერმან მრავალ-თესლობისაგან ერთ ნათესავ წმიდა ყვნა ყოველნი წარმართნი, ერად თჳსსა რაჲ მოიგნა სხურებითა სისხლთა თჳსთაჲთა, და ყოველივე მიანიჭა მათ, რომელნი შეიერთნა ერთ-გუამ ყოფად მის თანა, და მადლით სამეუფო და სამღდელო ყოფად; და მებრვე ამისთჳს იჩინნა, რაჲთა სათნოებათა მიუთხრობდენ, რომელ არს ქადაგებაჲ ქველის-მოქმედებათა მისთაჲ, რომელმან-იგი ბნელისაგან ნათლად ღმრთისმეცნიერებისა მოუძღუა მათ, რაჲთა, სიტყჳსაებრ ოსესსა, არა-ერნი ერ იქმნნენ, და შეიწყალნენ არა-შეწყალებულნი.
მოციქულისაჲ: საყუარელნო, გლოცავ თქუენ, ვითარცა მწირთა და წარმავალთა. განეშორენით გულისთქუმათაგან ჴორციელთა, რომელნი ეწყვებიან სულსა. სლვაჲ თქუენი წარმართთა შორის გაქუნდინ კეთილი, რაჲთა რომლითა-იგი ძჳრსა იტყოდიან თქუენთჳს, ვითარცა ძჳრისმოქმედთასა, კეთილთაგან საქმეთა შეიკდიმონ და ადიდებდენ ღმერთსა დღესა მას მოხედვისასა (1,11-12).
თარგმანი: დაღაცათუ ჴორციელნიცა ტრფიალნი საყუარელ უწოდენ ურთიერთას, არამედ იგინი ხოლო არიან ჭეშმარიტებით საყუარელნი, რომელნი ყოველსავე კეთილსა სწავლასა რწმუნებად მორჩილ იყვნენ მჴურვალებითა ღმრთისმსახურებისაჲთა. ამისთჳსცა თავი მოციქულთაჲ მორჩილთა სახარებისათა, ვითარცა ჭეშმარიტად საყუარელთა, ჰლოცავს, რაჲთა დაუვიწყებელად ჴსენებითა მწირობისა და წარმავალობისაჲთა მარადის განშორებულ იყვნენ გულისთქუმათაგან ჴორციელთა, რომელნი დაუცადებელად ჰბრძვანან სულსა, ვინაჲთგან სხუაჲ არს არსებაჲ ჴორცთაჲ და სხუაჲ არს სულსაჲ და ესენი ურთიერთას წინა-აღმდგომ არიან. ხოლო ჩუენდა ჯერ-არს, რაჲთა დავამონოთ უდარესი უაღრესსა; ჴორცნი ესე მიწისანი და განხრწნადნი - სულსა ზეცისასა და უხრწნელსა. და ესე რაჲ იხილონ წარმართთა, უმეტესად დაუკჳრდეს, და ნაცვალად ძჳრის-ზრახვისა, რომელი შეეტყუების მათ ჩუენთჳს, ვითარცა შჯულითა განყოფილთა მათგან, ადიდებდენ იგინი ღმერთსა დღესა მას შინა, რაჟამს მოხედვითა და ძალითა მისითა, ვითარცა მწირთა და წარმავალთა, შეურაცხ-ვყოთ სოფელი და სოფლისაჲ ყოველი, და ვზრუნვიდეთ ცხორებასა სულთა ჩუენთასა. ესრეთ უკუე მოციქული ყოველსა ადგილსა, შემდგომად შჯულთა საღმრთოთა და ქველის-მოქმედებათა ღმრთისათა წარმოთქუმისა გუამცნებს, რაჲთა სათნოდ შჯულისა საღმრთოჲსა და ღირსად ქველის-მოქმედებათა მისთა ვმოქალაქობდეთ.