📋 სარჩევი
მოციქულისა: ქრისტემან რაჲ ივნო ჩუენთჳს ჴორცითა, და თქუენცა იგივე გონებაჲ შეიჭურეთ. რამეთუ რომელმან-იგი ივნო ჴორცითა, დაცხრომილ არს ცოდვისაგან, რაჲთა არღარა კაცთა გულისთქუმითა, არამედ ნებითა ღმრთისაჲთა ნეშტნი იგი ჟამნი ჴორცითა ცხორებად (4,1-2).
თარგმანი: იხილე, ვითარ არა განჰკუეთს ორ გუამებად, არცა კუალად ღმრთეებისა ბუნებასა აჩემებს ვნებასა, არამედ ქრისტესსა, რომელი-ესე სახელი არს ერთისა მის გუამისა ორთა მათ ბუნებათაჲსა. ჴორცთა ბუნებითა იტყჳს ვნებასა და ამას ჩუენ სახედ მოგუცემს, რაჲთა, ვითარცა მის თანა ჯუარცუმულნი ჴორცითა, უქმ ვიყვნეთ ყოვლისა მიმართ ვნებისა ჴორციელისა და შორს ყოველთაგან გულისთქუმათა ბოროტთა, რაჲთა მხოლოდ მცნებათა მიმართ საღმრთოჲთა გულისთქუმითა ვჴმობდეთ: ესერა გულმან მითქუა მცნებათა შენთა; სიმართლითა შენითა მაცხოვნე მე. და ესრეთ ნებისაებრ ღმრთისა მოგუემადლნენ ნეშტნი ესე ჟამნი ცხორებისა ჩუენისანი, რაჲთა ჴორცთა შინა უჴორცოთა მოქალაქობასა მოგებად ღირს ვიქმნნეთ.
მოციქულისაჲ: რამეთუ კმა არიან ჩუენდა წარსრულნიცა იგი ჟამნი ამის ცხორებისანი ნებისა მისებრ წარმართთაჲსა აღსრულებად, რომელნი-იგი ვლენან არაწმიდებითა გულისთქუმათჲთა, მთრვალობითა, სიმღერითა, შუებითა და უჯეროჲთა კერპთმსახურებითა, რომლისაგან უკჳრს არა სლვაჲ თქუენი მასვე არაწმიდებისა აღრევასა და გგმობენ, რომელთა სიტყუაჲ მიუგონ მას, რომელი-იგი განმზადებულ არს განშჯად ცხოველთა და მკუდართა (4,3-5).
თარგმანი: ფრიად სარგებელ არს გლოვაჲ გარდასრულთა მათ და უდებებით თანა-წარსრულთა დღეთა ჩუენთაჲ. ამას თანა და სასწავლელცა არს სიტყჳსა ამის მიერ, ვითარმედ: ესევითარი წარჴსნილი ცხორებაჲ პირუტყული არს და წარმართული, უცხოჲ მოქალაქობისაგან ქრისტიანეთაჲსა. ვინაჲცა ბოროტისა ჩუეულებისა მიდევნებულთა მათ უცხო უჩნს მოქცეული მისგან, და ამისთჳს უძჳრესად დაიშჯებიან, რამეთუ ნაცვალად ქებისა მგმობარნი არიან და მძაგებელნი სხუათა კეთილისანი. ხოლო შენ რაჟამს გესმეს შჯაჲ ცხოველთა და მკუდართაჲ, გულისჴმა-ჰყოფდ ზოგად, ვითარმედ სულთა და ჴორცთა შჯის გინა თუ მართალთა და ცოდვილთა, რამეთუ მართალთა ცხოველ უწოდს სათნოებისათჳს, ხოლო ცოდვილთა —მკუდარ, ცოდვასა შინა დაშთომისათჳს.
მოციქულისაჲ: რამეთუ ამისთჳს ეხარა მკუდართა, რაჲთა ისაჯნენ კაცობრივ ჴორცითა და ცხონდენ ღმრთისა მიერ სულითა (4,6).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ ამისთჳს ეხარა მკუდარ-ქმნულთა მათ შეცოდებითა წარმართთა, ვითარმედ: "შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ" (), და "ცული ძირთა თანა ხეთასა ძეს" (), რაჲთა შიშითა თქუმათა და აღთქუმათაჲთა მოიქცენ ბოროტისაგან, და თჳთ ჴორცთავე შინა მყოფთა აწვე დასაჯნენ თავნი მათნი, ნაცვალად პირველ ქმნულთა ბოროტთა სინანულითა, მარხვითა და ლოცვითა, ტირილითა და გლოვითა, და ყოვლითა საწუთროჲსა ამის ღუაწლითა და შრომითა, რაჲთა საუკუნოდ ცხონდენ სულითა, ვითარცა თჳთ-დამშჯელობითა თავთა თჳსთაჲთა სოფელსა ამას, განრომილნი მერმისა მისგან საუკუნოჲსა საშჯელისა და ღირსქმნულნი ცხორებასა საუკუნესა. რამეთუ ამით სახითა იქმნების განხრწნაჲ გარეშისა კაცისაჲ და განახლებაჲ შინაგანისაჲ, რაჟამს სიკუდილი იესუჲსი ჴორცთა შინა მოაქუნდეს მოღუაწეთა მათ. და ცხოველ იყვნენ არღარა სოფლისა ამის, არცა თავთა თჳსთა, არამედ ქრისტესსა, რომლისა თანა დაფარულ არს ცხორებაჲ მათი, რომელნი ჯუარს-ეცუნეს სოფლისა და სოფელი ჯუარს-აცუეს მათდა, რაჲთა ცხოველ იქმნენ ღმრთისა და სულითა მოაკუდინეს ზრახვაჲ ჴორცთაჲ. თქუმულ არს ვიეთგანმე, ვითარმედ ამისთჳს ეხარა მკუდართაცა ჯოჯოხეთისათა, რაჲთა, რომელნი არა ბოროტებით, არამედ უმეცრებით იყვნეს უღმრთოებასა შინა, ესევითართა მათ ესმეს და ჰრწმენეს. და რომელნი-იგი ჴორცთა შინა დაშჯილ იყვნეს უმეცრებითა ღმრთისაჲთა, ესენი ცხონდენ ქრისტეს მიერ სულითა, რაჟამს ჰრწმენეს მისი, და მის მიერ მოწყალებით აღმოყვანებულ იქმნნენ სიღრმეთაგან ჯოჯოხეთისათა.
მოციქულისაჲ: ხოლო ყოველთაჲ აღსასრული მოახლებულ არს. განწმიდენით უკუე და განიფრთხვეთ ლოცვად, ყოვლისა წინა ურთიერთას სიყუარული განმარტებული გაქუნდინ, რამეთუ სიყუარულმან დაფარის სიმრავლე ცოდვათაჲ. სტუმართმოყუარე იყვენით ურთიერთას თჳნიერ დრტჳნვისა (4,7-9).
თარგმანი: ზემო განშჯითა ცხოველთა და მკუდართაჲთა შეაშინნა მსმენელნი. ხოლო აწ, რაჲთა არავინ შორიელ მგონებელი დღისა მის მეორედ მოსლვისაჲ დროებდეს მოქცევად და სინანულად, ამისთჳს კაცად-კაცადისა აღსასრულისა მახლობელობითა განკრძალულ გუყოფს ლოცვით ვედრებად ღმრთისა და სინანულად. ამას თანა სიყუარულისა განმარტებულისა ქონებასა იტყჳს დამფარველად ცოდვათა, რამეთუ უკუეთუ ჭეშმარიტებით გჳყუარდეს მოყუასი, არაოდეს თავს-ვიდებთ, რაჲთამცა ვავნეთ მას ვნებითა რაჲთმე სულისა ანუ ჴორცთაჲთა. ხოლო უდრტჳნველსა სტუმრისმოყუარებასა ესრეთ გუაწუევს, რაჲთა, დაღაცათუ მსგავსად აბრაჰამისსა სამას ათრვამეტ იყვნენ სახლეულნი ჩუენნი, ეგრეცა ჩუენ თავით თჳსით მივრბიოდით, არა ხოლო სტუმრობად უცხოთა, არამედ თჳსთა მიერ ჴელთა მსახურებადცა მათდა.
მოციქულისაჲ: კაცად-კაცადმან, ვითარცა მიიღო მადლი, ეგრეთვე ურთიერთას ამსახურებდით მას, ვითარცა კეთილნი მნენი მრავალფერისა მის ნიჭისა ღმრთისანი, რომელი იტყოდის ვითარცა სიტყუათა ღმრთისათა, რომელი ჰმსახურებდეს ვითარცა ძალისაგან, რომელსა მოსცემს ღმერთი, რაჲთა ყოველსა შინა იდიდებოდის ღმერთი იესუ ქრისტეს მიერ, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე უკუნითი უკუნისამდე ამინ (4,10-11).
თარგმანი: არა ხოლო საჴმართა ქველისსაქმედ არა წარგებისათჳს, არამედ ბუნებითთაცა ტალანტთა ანუ მეცნიერებათაგანისა არა საზოგადოდ ყოველთა სარგებელად ჴმარებისათჳს, ტალანტისა დამფლველთა თანა დავისაჯებით, რამეთუ რაჲთაცა ვჰმატებდეთ მოყუასთა, — საჴმრითა გინა სწავლულებითა ანუ სათნოებითა, — თანა-მდებ ვართ აღმოვსებად ნაკლულევანებასა და უღონოებასა მოყუასთასა, ვითარმცა არა თავთა ჩუენთათჳს მარტოდ, არამედ საზოგადოდ სამნოდ და განსაგებელად მოგუეღო იგი მეუფისაგან. ამისთჳს, რაჟამს სიტყჳთ ვის შევეწეოდით, ნუ ვითარცა ჩუენთა, არამედ ვითარცა ღმრთისა სიტყუათა, უშურველად წინა-უყოფდეთ. და კუალად, საქმითსა მსახურებასა, ვითარცა ძალისაგან ღმრთივ მოცემულისა ვამსახურებდეთ ყოველთა, სადიდებულად ღმრთისა ქრისტეს მიერ, რომელი-იგი არს მაცხოვარი ჩუენი და მომნიჭებელი ყოველთა კეთილთა და ნიჭთა სრულთაჲ საქებელად მისსა.