📋 სარჩევი
1. იაკობის ანდერძი და სათნო სიკვდილის მნიშვნელობა (47:29-31)
დღეს იაკობის შესახებ თხრობას დავასრულებთ და ვნახოთ, რა განკარგულებას იძლევა იგი სიკვდილის მოახლოებისას. მაგრამ არავინ უნდა მოითხოვდეს იმდროინდელი მართალთაგან ისეთ სიბრძნისმოყვარეობას, როგორიც დღეს მორწმუნეთათვის დამახასიათებელია – საქმეებს დროის შესაბამისად უნდა ვმსჯელობდეთ. ამას წინასწარ განგებ შევნიშნავ, იაკობის მიერ იოსებისთვის ნათქვამ სიტყვებს რომ ვგულისხმობ. რა თქვა მან, მოვისმინოთ. „მოეახლნეს დღენი ისრაელისანი სიკუდილისა; მოუწოდა იოსებს, ძესა თჳსსა, და ჰრქუა: უკუეთუ ვპოვე მადლი წინაშე შენსა, დამდევ ჴელი შენი წყვილთა ჩემთა და პოოს ჩემ თანა მოწყალებაჲ და ჭეშმარიტებაჲ, რათა არა დამფლა მე ეგჳპტეს. არამედ დავეფლა მე მამათა ჩუენთა თანა და განმიღე მე ეგჳპტით და დამფალ საფლავსა მამათასა, ხოლო მან თქუა: ეგე ვყო. და ჰრქუა მას: მეფუცე მე! და ეფუცა იგი და თაყუანის-სცა ისრაილ წუერსა ზედა კუერთხისა მისისასა".
ბევრი სულმოკლე ადამიანი, როცა ვარწმუნებთ, რომ დაკრძალვაზე დიდი მზრუნველობა არ უნდა იქონიონ და მიცვალებულთა ნეშტის უცხო მხრიდან სამშობლოში გადმოტანას რაიმე განსაკუთრებული მზრუნველობის ღირსად არ უნდა მიიჩნევდნენ, ამ ამბავს გვიპირისპირებს და ამბობს, რომ მამამთავარსაც ეს საზრუნავი ჰქონდაო. მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნე, ჯერ ერთი, იმას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ მაშინ ისეთი სიბრძნისმოყვარეობა არ მოითხოვებოდა, როგორიც დღეს, ხოლო შემდეგ – იმასაც, რომ მართალს ეს უმიზნოდ კი არ სურდა, არამედ შვილებს კეთილ სასოებას შთაუგონებდა, რომ ისინი ოდესმე, თუმცა არა მალე, აღთქმის მიწაზე დაბრუნდებოდნენ. და, რომ სწორედ ამ მიზეზით იძლევა ასეთ განკარგულებას, ამაში უფრო ნათლად გვარწმუნებს მისი ძე, როცა თავადაც ამბობს: „მოხედვასა მას, ოდეს მოგხედოს თქუენ ღმერთმან, თანა-აღიხუენით თქუენ ძუალნი ჩემნი თქუენ თანა" (). და, რომ რწმენის თვალით წინასწარ ჭვრეტდნენ მომავალს, მოისმინე, როგორ უწოდებს სიკვდილს განსვენებას: „დავეფლა", – ამბობს, – „მამათა ჩუენთა თანა". ამიტომ პავლემაც თქვა: „სარწმუნობით მოსწყდეს ესე ყოველნი და არღა მოეღო მათ აღნათქუემი იგი, არამედ შორით იხილეს იგი და მოიკითხეს" (). რა სახით? რწმენის თვალით. ამრიგად, არავინ უნდა იფიქროს, რომ ეს განკარგულება სულმოკლეობის საქმე იყო, არამედ დროის გარემოებებითა და მათი მომავალი გამოსვლის წინასწარხედვით მართალი ყოველგვარი განკითხვისაგან გაათავისუფლოს. ახლა კი, როცა ქრისტეს მოსვლით სიბრძნისმოყვარეობა ამაღლდა, ყველა სამართლიანად დაგმობდა ასეთ საქმეებზე მზრუნველს.
და ნურავინ მიიჩნევს საბრალოდ უცხოეთში სიცოცხლე რომ დაასრულა, ამ სოფლიდან რომ გადაისახლა უდაბნოში. არა იგი არის საბრალო, არამედ ის, ვინც ცოდვებში კვდება, თუნდაც საკუთარ სარეცელზე დაესრულოს სიცოცხლე, საკუთარ სახლში, თუნდაც მეგობრების თანდასწრებით. და ნურავინ მეუბნება ამ ცარიელ, სასაცილო და უგუნურ სიტყვებს: ესა და ეს ძაღლზე უპატიოდ მოკვდაო – არცერთი ნაცნობი არ ყოფილა მასთან; არც შესაფერისი დაკრძალვა გაუკეთეს, არამედ სხვადასხვა პირთაგან შეკრებილი საშუალებებით მოაწყვეს, რაც დაკრძალვისთვის საჭირო იყო. არა, ადამიანო, ეს კი არაა ძაღლზე უპატიოდ სიკვდილი, რადგან რა ზიანი მიიღო ასეთმა ადამიანმა იქიდან? მხოლოდ ის არის ცუდი, თუ სათნოების სამოსელი არ ჰქონდა საფარველად. რომ სხვა არაფერი ზიანს არ აყენებს სათნო ადამიანს, ამაში დარწმუნდი იქიდან, რომ მართალთა უმეტესობა – ვგულისხმობ წინასწარმეტყველთა და მოციქულთ – მცირეს გარდა, უცნობია, სად არიან დაკრძალულნი: ზოგს თავი მოკვეთეს, ზოგი ქვებით ჩაქოლეს და ასე დაასრულეს სიცოცხლე, ზოგმა თავი თავად მისცა უთვალავ და მრავალფეროვან სასჯელს – ყველა ქრისტესთვის დაითმინა. მაგრამ ვერავინ გაბედავს თქმას, რომ მათი სიკვდილი უპატიო იყო, არამედ საღვთო წერილის კვალობაზე იტყვის: „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა" (). და როგორც წმიდათა სიკვდილს „პატიოსნად" უწოდებს, ისე მოისმინე, როგორ უწოდებს ცოდვილთა სიკვდილს „ბოროტს": „სიკუდილი", – ამბობს, – „ცოდვილთა ბოროტ არს" (). თუნდაც ვინმე საკუთარ სახლში გამოეყოს სიცოცხლეს, ცოლისა და შვილების თანდასწრებით, ნათესავთა და ნაცნობთა თანაკრებისას, მაგრამ თუ სათნოება არ ჰქონდა, „ბოროტ" არის მისი სიკვდილი. პირიქით, სათნოების მოხვეჭილს, თუნდაც უცხოეთში მოკვდეს, მიწაზე დავარდნილი – და კიდეც რას ვამბობ: უცხოეთში ან მიწაზე? – თუნდაც ავაზაკთა ხელში ჩავარდეს, თუნდაც მხეცთა ნადავლი გახდეს, „პატიოსანი" იქნება მისი სიკვდილი. მითხარი: ზაქარიას ძეს ხომ თავი მოკვეთეს? სტეფანე კი, პირველი, ვინც მოწამეობის გვირგვინით შეიმკო, ხომ ქვებით ჩაქოლვით აღესრულა?
პავლე და პეტრე ხომ ამ სოფლიდან გადაისახლნენ: პირველი – თავმოკვეთით, მეორემ კი – უფლისა საწინააღმდეგო წესით ჯვრის ტანჯვა მიიღო? და ხომ განსაკუთრებით ამის გამო იდიდებიან და იგალობებიან მთელ ქვეყნიერებაზე?
2. იაკობის კურთხევა ეფრემისა და მანასესი (48:1-12)
ამ ყოველივეს გავიაზრებთ რა, უცხოეთში მომკვდართ ნუ მივიჩნევთ საბრალოდ, არც საკუთარ სახლში სიცოცხლეს გამოთხოვებულთ ვანატრებდეთ, არამედ საღვთო წერილის სჯულს მივყვეთ: სათნოებაში მცხოვრებთა და ასე გარდაცვლილთ ვანატრებდეთ, ხოლო ცოდვებში მომკვდართ უბედურად ვცნობდეთ. როგორც სათნო ადამიანი უკეთეს სიცოცხლეში გადადის და თავისი შრომის საზღაურს იღებს, ისე სათნოების არმქონე, რომ კვდება, უკვე ტანჯვის საწყისს განიცდის და საქმეთა სიტყვას აგებს, აუტანელ ვნებას იტვირთავს.
ამის გაფიქრებისას სათნოებაზე უნდა ვზრუნავდეთ და ამ ცხოვრებაში, როგორც ასპარეზზე, ისე ვიღვწოდეთ, რომ სანახაობის დასრულების შემდეგ ნათელი გვირგვინით შევიმკოთ და ამაოდ არ ვინანებდეთ. ვიდრე ჯერ კიდევ ღვაწლის დრო გრძელდება, შეგვიძლია, თუ მოვინდომებთ, სიზარმაცე განვდოთ და სათნოებაში წარვიმატოთ, რათა წინამდებარე გვირგვინები მოვიპოვოთ. მაგრამ, თუ გნებავთ, თხრობის გაგრძელებას მივუბრუნდეთ. მას შემდეგ, რაც იაკობმა ძეს დაკრძალვის შესახებ მცნება დაუდო და იოსებმა უპასუხა: „ეგე ვყო", – იაკობმა თქვა: „მეფუცე მე! და ეფუცა იგი და თაყუანის-სცა ისრაილ წუერსა ზედა კუერთხისა მისისასა". შეხედე ამ მოხუცს, უკვე მოხუცებულ ადამიანს, პატრიარქს, თაყვანისცემით რომ გამოხატავს იოსებისადმი პატივისცემას და თავად საქმით ახლა აჩვენებს სიზმრის აღსრულებას. როცა იოსებმა თავისი სიზმარი მოუთხრო, მან თქვა, ამბობს წერილი: „მო-მე-ვიდეთა მოსლვით მე და დედაჲ შენი და ძმანი შენნი თაყუანის-ცემად შენდა ქუეყანასა ზედა?" (). მაგრამ, შესაძლოა, ვინმე იტყვის: როგორ აღსრულდა სიზმარი, როცა იოსების დედა ადრე გარდაიცვალა და ძეს არ თაყვანისცა? მაგრამ წერილი ჩვეულებისამებრ უმთავრესით მთელს აღნიშნავს. ვინაიდან „თავ დედაკაცისა ქმარი" არის () და, ამასთანავე, ნათქვამია: „და შეეყოს ცოლსა თვისსა" (), ეს ორი ერთ ხორცს შეადგენს; ამიტომ, რაკი თავი მოდრკა, ცხადია, მთელი სხეულიც თავს მიჰყვება. თუ მამამ ეს გააკეთა, მით უფრო გააკეთებდა ამას დედა, სიცოცხლეს რომ არ წარეტაცა სიკვდილს. „და თაყუანის-სცა წუერსა ზედა კუერთხისა მისისასა". ამიტომ პავლემაც თქვა: „სარწმუნოებით იაკობმან, მო-რაჲ-კუდებოდა, თჳთოეულად ძენი იოსებისნი აკურთხნა და თაყუანის-სცა წუერსა ზედა კუერთხისა მისისასა" (). ხედავ, რომ ეს თავადაც იაკობმა რწმენით გააკეთა, წინასწარ ჭვრეტდა რა, რომ მისი თესლისგან შობილი სამეფო მოდგმისა იქნებოდა? შემდეგ, როცა იაკობმა ძეს თავისი სურვილი ამცნო, ცოტა ხნის შემდეგ, ამბობს წერილი, იოსებმა გაიგო, რომ მამამისი უძლურდება, საფლავის კართან დგას და უკვე სიცოცხლის აღსასრულის ჟამი უახლოვდება – „წარმოიყუანნა ორნი ძენი თჳსნი... და მოვიდა იაკობისა. უთხრეს იაკობს... ვითარმედ იოსებ, ძე შენი მოვალს შენდა. და განძლიერდა ისრაჱლ და აღჯდა ცხედარსა ზედა" (დაბ 48:1–2). შეხედე, როგორ აძლიერებდა მოხუცს ძისადმი სიყვარული და როგორ სძლევდა სულის ძალა სხეულის უძლურებას. ძის მოსვლის შესახებ რომ გაიგო, როგორც წერილი ამბობს, „აღჯდა ცხედარსა ზედა". როცა იგი იხილა, მამობრივ სიყვარულს უჩვენებს, და რაკი სიკვდილისთვის ემზადებოდა, თავისი კურთხევით ფარავს შვილებს და ამ უდიდეს მონაგარსა და სიმდიდრეს უტოვებს, რომელიც ვერასოდეს ამოიწურება. აი, როგორ იწყებს. ჯერ ღვთის კეთილგანწყობას მოუთხრობს თავისივე მიმართ და შემდეგ ანიჭებს შვილებს კურთხევას. „ღმერთი ჩემი", – ამბობს, – „მეჩუენა მე ლუზას, ქუეყანასა ქანანისასა, და მაკურთხა მე და მრქუა: აჰა, აღგაორძინო შენ და განგამრავლო და გყო შენ კრებულად და ნათესავად და მიგცე შენ ქუეყანა ესე და ნათესავსა შენსა შემდგომად შენსა სამკჳდრებელად საუკუნოდ" (დაბ 48:3–4). მიუწყა მე, ამბობს, ღმერთმა, ლუზაში რომ მეჩვენა, რომ ჩემს თესლს იმდენად გაამრავლებს, რომ მისგან ხალხთა კრებულები წარმოიშვებიან, და იმ მიწას აღმითქვა ჩემთვისა და ჩემი თესლისთვის. „ორნი ეგე ძენი შენნი, რომელ გესხნეს შენ ეგჳპტეს, პირველ მოსლვისა ჩემისა შენდა მომართ ეგჳპტეს, ჩემნი არიან, ეფრემ და მანასე, ვითარცა რუბენ და სჳმეონ იყვნეს ჩემდა" (). ეს შვილები შენი, ამბობს, რომელნიც ჩემს მოსვლამდე გყავდნენ, ჩემს შვილთა რიცხვში შევიყვან და ჩემგან შობილთა თანასწორად მიიღებენ ჩემს კურთხევას. „ხოლო შჳლნი, რომელ გესხნეს შენ შემდგომად შენდად, იყვნენ სახელითა ძმათა მათთათა იწოდნენ მათსა მას ნაწილსა". იცოდე, რომ შენი დედა რაქელიც, ბეთლემს რომ მივუახლოვდი, გარდაიცვალა, „და დავჰფალ გზასა ზედა ცხენისარბიელთასა... და ვითარცა იხილნა ისრაჱლ ძენი იოსებისნი, თქუა: ვინ არიან ესე? და ჰრქუა იოსებ: ძენი ჩემნი არიან... რომელნი მომცნა მე ღმერთმან. და თქუა იაკობ: მომგუარენით ეგენი აქა და ვაკურთხნე... და მოიყუანნა იგინი ახლოს მისსა და ამბორს-უყო მათ და შეიტკბნა" (დაბ 48:6–10). შეხედე ამ მოხუცს, როგორ ეჩქარება, ისწრაფვის იოსების შვილთა კურთხევას. იოსებმა ისინი მასთან მიიყვანა და მან ამბორი უყო და მოეხვია, და უთხრა იოსებს: „პირისა შენისაგან არა ჴუებულ ვიქმენ და მიჩუენა მე ღმერთმან თესლი-ცა შენი" (). ბევრი, ამბობს, მომანიჭა ღვთის წყალობამ და იმაზე მეტიც, ვიდრე მოველოდი, უკეთ რომ ვთქვათ – რასაც სრულიადაც არ მოველოდი. არა მხოლოდ შენი ხილვა არ დამაკლდა, არამედ შენგან შობილი შვილებიც ვიხილე. „და გამოიყვანნა იგინი იოსებ მუჴლთაგან იაკობისთა და თაყვანის-სცეს მას თავითა ქუეყანასა ზედა" (). შეხედე, როგორ ასწავლიდა შვილებსაც უპირველეს ყოვლისა მოხუცისთვის შესაფერისი პატივის მიგებას. იოსებმა, ნათქვამია, ისინი მიიყვანა, პირმშოობის უპირატესობის მიხედვით, ჯერ მანასე, ხოლო შემდეგ ეფრემი.
3. პატრიარქის თავმდაბლობა და წინასწარმეტყველური სული (48:10-20)
აქ შენიშნე, რომ მართალს, რომელსაც სიბერისგან ხორციელი მხედველობა მოსუსტებოდა („თუალნი ისრაჱლისნი დამძიმებულ იყვნეს სიბერითა და ვერ ეძლო ხილვად" ()), სულიერი თვალები ჯერ კიდევ ძლიერი ჰქონდა და რწმენით მომავალსაც წინასწარ ჭვრეტდა. იოსების მითითებას არ მიჰყვა, არამედ კურთხევის დროს ხელები გადაინაცვლა, უმცროს ძეს უპირატესობა მიანიჭა და მანასეს ეფრემი ამჯობინა. და თქვა: „ღმერთმან, რომელსა სათნო ეყვნეს მამანი ჩუენნი წინაშე მისა" (). შეხედე, რა თავმდაბლობა ჰქონდა პატრიარქს, რა ღვთისმოსავი სული! ვერ გაბედა ეთქვა: ღმერთი, რომელმაც მე სათნო ვეყავი, არამედ რა თქვა? რომელსაც სათნო ეყვნეს „მამანი ჩუენნი". ხედავ მადლიერ სულს? თუმცა ცოტა ხნის წინ თხრობისასისას ამბობდა: ლუზაში მეჩვენა ღმერთი და აღმითქვა მთელი ის მიწა ჩემთვისა და ჩემი თესლისთვის, და ხალხთა სიმრავლედ ქმნას ჩემი თესლისა, – და ამგვარად ღვთის მისდამი კეთილგანწყობის აშკარა მოწმობა ჰქონდა, მაინც თავმდაბლურ სულს ინარჩუნებდა – და ამბობს: „ღმერთმან, რომელსა სათნო ეყვნეს მამანი ჩუენნი წინაშე მისა, აბრაჰამ და ისაკ". შემდეგ: „ღმერთმან, რომელმან გამომზარდა მე სიყრმით ჩემითგან". კვლავ ამაშიც შენიშნე მისი დიდი მადლიერება. არ ამბობს თავის სათნოებაზე, არამედ ღვთისგან მისთვის მოვლინებულზე მიუთითებს და ამბობს: „რომელმან გამომზარდა მე სიყრმით ჩემითგან ვიდრე დღეინდელად დღედმდე". სწორედ ის არის, ვინც ჩემი ცხოვრება თავიდანვე დღევანდელ დრომდე მოაწყო. ასე ადრეც თქვა: „ამით კუერთხითა წიაღმოვჰჴედ იორდანესა ამას და, აწ ესერა, ვიქმენ ორად ბანაკად" (). ახლაც იმავეს ამბობს, მხოლოდ სხვა სიტყვებით: „რომელმან გამომზარდა მე სიყრმით ჩემითგან ვიდრე დღეინდელად დღედმდე, ანგელოზმან, რომელმან მიჴსნა მე ყოვლისაგან ბოროტისა" (დაბ 48:15–16). მადლიერი სულის, ღვთისმოსავი გულის სიტყვები, რომელიც ახალ ხსოვნაში ინახავს ღვთის ქველმოქმედებას! ის, ამბობს, რომელსაც სათნო ეყვნეს მამანი ჩემნი, რომელიც სიყრმიდან დღემდე მზრდიდა, რომელიც თავიდანვე მიხსნიდა ყოველი ბოროტისგან და ამოდენა მზრუნველობას იჩენდა ჩემს მიმართ, – „აკურთხენინ ყრმანი ესე! და ეწოდოს სახელი ჩემი ამათ ზედა და სახელი მამათა ჩემთა აბრაჰამისი და ისაკისი და განმრავლდედ სიმრავლედ დიდად ქუეყანასა ზედა!" (). ხედავ გონიერებასაცა და თავმდაბლობასაც? – გონიერებას იმაში, რომ რწმენის თვალით შორს ჭვრეტდა და მანასეს ეფრემი ამჯობინა; – თავმდაბლობას კი იმაში, რომ თავისი სათნოება საერთოდ არ ახსენა, არამედ ლოცვა აღავლინა და კურთხევა მამათა ღვთისთვის სათნოებისა და მისთვის ღვთისგან მოვლინებული ქველმოქმედების ძალით უბოძა? მაგრამ, სანამ იაკობი მომავალს წინასწარ ჭვრეტდა და ასეთ კურთხევას ანიჭებდა, იოსებმა, ხილა რა, რომ უმცროსი პირმშოს ამჯობინეს, და ეს უსამართლოდ მიაჩნდა, „რქუა", – ნათქვამია, – „ესე არს პირმშო; დადევ მარჯუენე შენი თავსა ზედა ამისსა. და არა ინება, არამედ თქუა: ვიცი, შვილო, ვიცი, ესეცა იყოს ერად და ესეცა ამაღლდეს. არამედ ძმაჲ მაგისი უმრწემესი უფროჲს მაგისა იყოს და ნათესავი მაგისი იყოს მრავალთესლებად" (დაბ 48:18–19). ნუ იფიქრებ, ამბობს, რომ ეს უბრალოდ ან შემთხვევით, ან უმეცრებით გავაკეთე; ვიცი და მომავალს რომ წინასწარ ვხედავ, ამიტომ ასე ვაკურთხე. თუმცა მანასეს ბუნებითი უპირატესობა აქვს, უმცროსი უფროსი იქნება მასზე და უმცროსის შთამომავლობა ხალხთა სიმრავლედ იქცევა. ყოველივე ეს იმიტომ იყო, რომ აქ მეუფება წინასწარ იხატებოდა. ამიტომ უკვე თავად კურთხევის მინიჭებისას იაკობი მომავალს წინასწარმეტყველებდა. „და აკურთხნა იგინი მას დღესა შინა და თქუა: თქუენ შორის იკურთხეოდის ისრაჱლი და გყავნ შვნ ღმერთმან, ვითარცა ეფრემ და ვითარცა მანასე! და დაადგინა ეფრემ წინაშე მანასესა კურთხევასა შინა" (). ამგვარად, ორივე სახელოვანი იქნება, ამბობს, ისე, რომ ყველა ილოცებს, მათ დიდებას მიწვდესო, მაგრამ ეფრემი მანასეს წინ იქნება. ხედავ, როგორ მიუთითებდა ღვთის მადლი მომავალზე და როგორ აკურთხებდა წინასწარმეტყველური სულით აღძრული იოსების შვილებს, ამდენი ხნის შემდეგ მომხდარს ისე ჭვრეტდა, თითქოს აწმყო იყოს და ძმებისთვის ხილული? ასეთია წინასწარმეტყველება.
და როგორც ხორციელი თვალები ხილულის გარდა ვერაფერს ჭვრეტენ, ისე რწმენის თვალები არა ხილულს, არამედ მრავალი თაობის შემდეგ მომხდარს ხედავენ. ამას კიდევ უფრო ნათლად დაინახავთ იმ კურთხევებიდან, რომლებსაც იგი საკუთარ შვილებს უბოძებს. მაგრამ, რათა ჩვენი სიტყვა ზედმეტად გრძელი არ გახდეს და თქვენ მეტი შრომა არ გაგიჩნდეთ, აქამდე ნათქვამით დავკმაყოფილდეთ, ხოლო შვილთა კურთხევას მომდევნო საუბარზე გადავდოთ. საყვარელნო, მხოლოდ იმას გარწმუნებთ: ამ მართალს მიბაძეთ და თქვენს შვილებს ისეთივე მემკვიდრეობა დაუტოვეთ, რომელიც ვერასოდეს ვერაფრისგან ვერ დაზარალდება. სიმდიდრისგან შემდგარი მემკვიდრეობა ხშირად მიმღებთათვის წარწყმედის, მრავალი ცილისწამებისა და მრავალი საფრთხის მიზეზი ხდება. აქ კი მსგავსი არაფრის შიში არ არის. ეს საუნჯეა, რომელიც ვერ ამოიწურება, საუნჯე, რომელიც არ იღუპება, ვერ შემცირდება არც ადამიანთა ბოროტი განზრახვით, არც ავაზაკთა თავდასხმით, არც მონათა ვერაგობითა და არც სხვა რაიმე მსგავსით; იგი მუდმივად ინახება. ეს სულიერია და ადამიანური ბოროტი განზრახვის ძალას არ ემორჩილება. ხოლო თუ მიმღებნი ფხიზლად იქნებიან მის მიმართ, მომავალ ცხოვრებაშიც თან მიჰყვება და საუკუნო სავანეს წინასწარ უმზადებს.
4. სათნოება, როგორც ჭეშმარიტი მემკვიდრეობა
ამრიგად, ნუ ვზრუნავთ სიმდიდრის შეკრებასა და შვილებისთვის დატოვებაზე, არამედ სათნოებას ვასწავლოთ და ღვთის კურთხევა ვითხოვოთ მათთვის; აი, ეს, სწორედ ეს არის – უდიდესი საუნჯე, გამოუთქმელი, მიუწურავი სიმდიდრე, რომელსაც ყოველდღე სულ უფრო მეტი სიმდიდრე მოაქვს. სათნოების ტოლი არაფერია, მასზე ძლიერი არაფერია. თუნდაც მეუფებაზე და გვირგვინოსანზე მითითებდე, მაგრამ თუ სათნოება არ ჰქონია, ყველაზე ღარიბ ძონძებში გახვეულზეც უბედურესი იქნება. რა სარგებელს მოუტანს გვირგვინი და პორფირი, როცა საკუთარი უზრუნველობა ღუპავს? განა უფალი გარეგნული ღირსებების სხვაობას ჰხედავს? ან განა პირთა დიდებულობის წინაშე თავს იხრის? ერთადერთი, რაც აქ მოითხოვება, – სათნოების ღვაწლით გავაღოთ კადნიერების კარი მის წინაშე, ისე, რომ ამ გზით კადნიერება ვინც ვერ მოიხვეჭა, განდევნილთა შორის და ყოველგვარი სასოებისგან მოკლებულთა შორის დარჩება.
ყველამ ეს გვახსოვდეს და ისე ვამოძღვროთ ჩვენი შვილები, რომ სათნოებას ყველაფერს ამჯობინებდნენ, ხოლო სიმდიდრის სიუხვეს არად მიიჩნევდნენ. ეს, სწორედ ეს ხშირად აბრკოლებს სათნოებას, როცა ახალგაზრდა სიმდიდრით სათანადოდ სარგებლობას ვერ ისწავლის. როგორც პატარა ბავშვები, როცა დანას ან მახვილს ხელში აიღებენ, ხშირად, სათანადოდ გამოყენების უცოდინრობის გამო, თავადვე აშკარა საფრთხეში ჩავარდებიან, რის გამოც დედები არ აძლევენ ნებას, უშიშრად ეხებოდნენ – ისევე ახალგაზრდები, როცა დიდ სიმდიდრეს მიიღებენ, იმის გამო, რომ არ სურთ სათანადოდ ისარგებლონ, თავადვე აშკარა საფრთხეში ჩავარდებიან და ამ სიმდიდრის გზით ცოდვათა ტვირთს იკრებენ. აქედან იბადება ფუფუნება, უადგილო სიამოვნებანი და ბოროტებათა უთვალავი სიმრავლე. არ ვამბობ, რომ ეს უშუალოდ სიმდიდრისგან მომდინარეობს, არამედ მისი მიმღებების უნარისგან, სათანადოდ რომ ვერ იყენებენ. ამიტომაც თქვა ბრძენმა: „კეთილ არს სიმდიდრე, რომელსა თანა ცოდვა არა არს" (). <!— ეს მუხლი ძველ ქართულ თარგმანში ვერ მოიძებნა; ტექსტი პირდაპირ არის თარგმნილი —> თუმცა აბრაამი მდიდარი იყო და იობიც მდიდარი იყო, მათ არა მხოლოდ არავითარი ზიანი არ მიიღეს თავიანთი სიმდიდრისგან, არამედ კიდევ უფრო განდიდდნენ. რისთვის და რატომ? იმიტომ, რომ არა მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის იყენებდნენ სიმდიდრეს, არამედ სხვათა ნუგეშისცემისთვის, გაჭირვებულთ ეხმარებოდნენ მათ საჭიროებებში და თავიანთ სახლს ყველა უცხოელისთვის აღებდნენ. მოისმინე, რას ამბობს ერთ-ერთი მათგანი: „ანუ თუ უძლური განუტევე განსლვად წიაღითა ცალიერითა?" (). და „უძლურთა, ოდეს სადა რაჲ უჴმდა, არარაჲ დააკლდა" (). და არა მხოლოდ ქონებიდან ეხმარებოდნენ გაჭირვებულთ, არამედ თავიანთი მფარველობითაც ზრუნავდნენ მათზე. „თუალი ვიყავ ბრმათაჲ", – ამბობს, – „და ფერჴი მკელობელთაჲ... და შორის კბილთა მათთა ნატაცები გამოუღე" (იობ 29:15, 17). ხედავ, რომ შევიწროებულთაც ზრუნავდა და ყველას ნაკლულებელი სხეულის ნაწილების ნაცვლად ემსახურებოდა? ამ მართალს ყველა უნდა მიბაძავდეს – მართალს, რომელმაც რჯულამდე და მადლამდე ასეთი დიდი სიბრძნისმოყვარეობა გამოიჩინა, და, ამასთანავე, არც მოძღვარი ჰყოლია, არც სათნო წინაპრები, არამედ საკუთარი მცდელობითა და საღი აზრით მივიდა ასეთ კეთილ ცხოვრებამდე. თითოეულ ჩვენგანს ბუნებაში ჩადებული აქვს სათნოების შემეცნება; და თუ ვინმეს არ სურს დაუდევრობით თავისი ბუნების კეთილშობილება დაღუპოს, ამას ვერასოდეს ვერ მოაკლდება. ღმერთმა ქმნას, რომ ჩვენ ყველამ სათნოება ავირჩიოთ და მასში მოშურნეობით ვიღვაწოთ, რათა ღვთისმოყვარეთათვის აღთქმული სიკეთეების ღირსნი გავხდეთ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.