მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ბ

წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი“ (1,1).

გაჴსოვსა, რაჲ-იგი გუშინ გამცენ თქუენ და გევედრე დუმილით და მყუდროებით სმენად სიტყუათა ამათ წმიდისა სახარებისათა? რამეთუ დღეს მეგულების შესლვად კარსა დიდებულისა მის ქალაქისასა, ამისთჳს მცნებაჲ იგი აღგიჴსენე; რამეთუ უკუეთუ ებრაელთა, ეგულებოდა რაჲ მიახლებად მთასა მას მკუმოლვარესა, ბნელსა მას და ნისლსა და არმურსა, და არცა მიახლებად, არამედ შორით დგომად და სმენად და ხედვად, ბრძანებაჲ მოიღეს სამ დღე დედაკაცისა არა შეხებად და სამოსელთა განრცხად, და იყვნეს შიშსა შინა და ძრწოლასა, და მათ თანა მოსეცა, რავდენ უფროჲსად ჩუენ, რომელთა ესევითართა ამათ სიტყუათა გუეგულების სმენად და არა შორით ხედვაჲ მთისა მის მკმოლვარისაჲ, არამედ ტაძარსა მას ზეცისასა შესლვად, რომელ არს წმიდაჲ სახარებაჲ, გჳღირს უმეტესი კრძალულებაჲ; არა სამოსელთა მათ გარეშეთა განრცხაჲ, არამედ სამოსელთა მათ სულიერთა განწმედაჲ და ნივთთა მათგან ცოდვისათა განშორებაჲ. რამეთუ არა ნისლი იხილოთ, არცა კუამლი, არცა არმური, არამედ მეუფე ქრისტე, მჯდომარე საყდართა ზედა მიუთხრობელისა მის დიდებისათა და ანგელოზნი მთავარანგელოზთა თანა წინაშე მდგომარენი და ბევრეულნი კრებულნი წმიდათანი გარემო მისა. მუნ იხილოთ ქალაქი იგი სამეუფოჲ, ზეცისა იერუსალჱმი, სადა არს კრებული იგი პირმშოთაჲ, სულნი მართალნი, განწყობილნი უჴორცოთანი; მუნ იხილოთ სისხლი იგი განმწმედელი ჩუენი, რომლისა მიერ განყოფილთა მათ იქმნა ერთობაჲ, და ცამან შეიწყნარნა ქუეყანისანი, და ქუეყანაჲ ღირს იქმნა შეწყნარებად ზეცისათა, და შემოვიდა შორის მშჳდობაჲ იგი, რომლისა ხილვად მრავლით ჟამითგან სურვიელ იყვნეს ანგელოზნი და ყოველნი წმიდანი. მუნ იხილოთ აღმართებული შუენიერი იგი და დიდებული საჭურველი ჯუარისაჲ, მუნ იხილოთ „ტყუე იგი, რომელი წარმოტყუენა ქრისტემან, აღჴდა რაჲ მაღალსა“,1 ვითარცა წერილ არს, დასაბამი ბუნებისა ჩუენისაჲ, რომელი გამოუღო ჴელთა მთავარსა მას ბნელისასა, სოფლისმპყრობელსა მას უკეთურებისასა.

ესე ყოველი წმიდისა მის სახარებისაგან ისწაოთ უცთომელად. უკუეთუ გულსმოდგინედ და წადიერებით გულისჴმა-ჰყოთ, უკუეთუ შემომიდგეთ უცონელად, ზედამიგაწინე ყოველსავე და გიჩუენო, სადა-იგი ძეს სიკუდილი ძარღუშეჭრილი და თავწარკუეთილი, სადა-იგი ჰკიდავს ცოდვაჲ ძელსა აბმული, სადა ძეს იავარი იგი და ნატყუენავი ესევითარისა მის ბრძოლისაჲ; გიჩუენო მძლავრი იგი ბოროტი, შეკრული და შებორკილე-

1 შდრ. ფსალმ. 67,19; ეფეს. 4,8.

ბული, ზღუდენი ქალაქისა მისისანი დარღუეულნი, სადა-იგი მეუფებდა, სადა-იგი შეეწყუდინეს სულნი წარმართთანი. იხილნეთ ჴურელნი იგი და ქუაბნი ავაზაკთმთავრისანი, შელეწილნი და გამოკრეხილნი. მუნცა მიიწია მეუფჱ და ყოველივე იავარ-ყო. არამედ ნუ შრომა გიჩნს და საწყინო თხრობაჲ ესე, რამეთუ უკუეთუმცა ვინ ჰამბავსა გითხრობდა ჴორციელისა ჰომისასა და განწყობისა და ძლევისა სოფლიოჲსა, წადიერებითმცა ისმინეთ. იხილეთ უკუე, რავდენ უმეტესად ესე საწადელ არიან და სასურველ, რომელთა გუეგულების თხრობად.

გულისჴმა-ყავთ, რაჲ უსაკჳრველეს არს ანუ უმჯობეს სმენად წინამდებარეთა ამათ საიდუმლოთა: ვითარ გარდამოჴდა ღმერთი ზეცით, ვითარ იშვა ქალწულისაგან და კაცთა შორის იქცეოდა, შთავიდა ჯოჯოხეთად, შებმა-უყო ეშმაკსა; ვითარ წინაგანეწყო ეშმაკი ღმერთსა, დაფარულსა ჴორცთა შინა კაცობრივთა, განეწყო კაცისა მიმართ და მიემთხჳა ძალსა ღმრთეებისასა, იძლია და დაეცა. მოითრია იგი მეუფემან, ვითარცა ვეშაპი სამჭედურითა, მოკლა, სიკუდილი სიკუდილითა განაქარვა, წყევაჲ - წყევითა, აღმოიყვანა ბუნებაჲ ჩუენი უფსკრულთაგან ჯოჯოხეთისათა, აღიყვანა ზეცას და დასუა საყდართა დიდებისათა. ამის ყოვლისა რაჲმცა იყო უსაკჳრველეს ანუ უსაწადელეს სმენად და ხილვად?! განაგდეთ უკუე ძილი და უდებებაჲ, რამეთუ აჰა ესერა ვხედავ ბჭეთა განღებულთა. შევიდეთ წესიერებით, სიწმიდით და შიშით, „შევიდეთ ბჭეთა მისთა აღსაარებითა და ეზოთა მისთა გალობითა“.1 ხოლო რაჲ არს შესავალსა ოდენ კარისასა?

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი“ (1,1).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რასა იტყჳ, მახარებელო, მხოლოდშობილისა ძისა ღმრთისათჳს თხრობად ჴელ-ჰყავ და დავითს აჴსენება, კაცსა შემდგომად ბევრეულთა ნათესავთა შობილსა, და ამას სახელ-სდება მამად მისა და მშობელად? დრო მეც მცირედ, ნუ ყოველსავე ერთბამად ეძიებ ცნობად, რამეთუ ჯერეთ შესავალსა სდგა კარისასა; ჯერეთ გარეშჱ ესე ვერ გიცნობიეს, რად ისწრაფი უკუე უშინაგანესსა მას ხილვად? არა მის შობისათჳს გითხრობ, რამეთუ გამოუთარგმანებელ არს და მიუწთომელ, და ესე პირველ ჩემსა ესაია წინაწარმეტყუელმან გაუწყა, რამეთუ ქადაგებდა რაჲ წინაჲსწარ ვნებასა მისსა და დიდსა მას კაცთა მიმართ წყალობასა, განკჳრვებულ იყო, თუ რაბამისა დიდებისაგან რაბამსა სიმდაბლესა მოვიდა. ამისთჳს ღაღატ-ყო და თქუა: „თესლ-ტომი მისი ვინ-მე მიუთხრას?“2 აწ უკუე არა დაუსაბამოჲსა მის შობისათჳს არს სიტყუაჲ ჩუენი, არამედ მეორისა, რომელი იქმნა ქუეყანასა ზედა, რომლისა მრავალნი არიან მო-

1 ფსალმ. 99,4. 2 ესაია 53,8.

წამე, და მისთჳსცა ძალისაებრ ჩემისა მიგითხრა, რავდენ-იგი უძლე მო-ღებად მადლსა მას სულისა წმიდისასა, რომელმან მომცა სიტყუაჲ თქუმად, რაოდენ ეტევის ბუნებასა კაცობრივსა, რამეთუ ამის ქალწულისაგან შობისაცა განცხადებულად და განმარტებით თხრობაჲ შეუძლებელ არს, რამეთუ საკჳრველ არს ესეცა და მიუწთომელ. ნუუკუე მცირედ გიჩნს ამის შობისათჳს სმენად? არამედ გულისჴმა-ყავ და შეძრწუნდი, გესმას რაჲ, ვი-თარმედ ღმერთი მოვიდა ქუეყანად, რამეთუ ესოდენ განსაკჳრვებელ იყო და დიდებულ, რომელ ანგელოზთა განწყობილნი კაცთა წყალობისათჳს ერთბამად დიდებისმეტყუელებასა შესწირვიდეს, და წინაწარმეტყუელნი განკჳრვებულნი პირველვე იტყოდეს, ვითარმედ: „ქუეყანასა ზედა გამოჩნდა და კაცთა შორის იქცეოდა“;1 და ვინ არა განცჳბრდეს, ვინ არა შეძრწუნდეს, რაჲჟამს მოიგონოს, ვითარმედ ღმერთი, მოუგონებელთა მათ დიდებისა საყდართა მჯდომარე, გამოუთქუმელი და გარეშეუწერელი, სწორი და თანაარსი მამისაჲ, საშოსა დაემკჳდრა ქალწულისასა და შობაჲ დედაკაცისაგან თავს-იდვა და ძედ წოდებად დავითისა და აბრაჰამისა. ესე რაჲ გესმას, აღამაღლე ბუნებაჲ შენი და ნურარას მოიგონებ გულისსიტყუასა მდაბალსა და არაღირსსა, არამედ ამისთჳს უფროჲსად განკჳრდი, ვითარ მხოლოდშობილმან მან და დაუსაბამომან ძემან ღმრთისამან თავს-იდვა ძედ დავითისა წოდებად, რაჲთა გყოს შენ ძედ ღმრთისა; თავს-იდვა მონისაჲ მამად თჳსად წოდებად, რაჲთა ყოს ღმერთი მამა შენდა, მონისა მაგის. იხილეა დაწყებასა მებრ სახარებისასა, ვითართა კეთილთა გახარებს? ხოლო უკუეთუ იჭუეულ ხარ შენთჳს და იტყჳ, თუ: ვითარ შესაძლებელ არს ესე, რაჲთამცა შვილ ღმრთისა ვიქმენ მე? მისგან შენი ესე დაირწმუნე, რამეთუ ფრიად უძნელეს არს კაცობრივსა ზედა გულისსიტყუასა ღმრთისა განკაცებაჲ, ვიდრეღა კაცისა შვილ ღმრთისა ყოფაჲ მადლითა მისითა.

ამისთჳს გესმას რაჲ, ვითარმედ ძე ღმრთისაჲ ძე დავითის და აბრაჰამისა იწოდა, ნუ ურწმუნო ხარ, ვითარმედ შენცა, ძე ეგე ადამისი, ძე ღმრთისა იქმნა, რამეთუ არა ცუდად და ამაოდ დაიმდაბლა ესოდენ თავი თჳსი უფალმან, არამედ რაჲთა ჩუენ აღგუამაღლნეს; იშვა ჴორციელად, რაჲთა შენ იშვა სულიერად; იშვა დედაკაცისაგან, რაჲთა შენ არღარა დედაკაცისა შვილ გეწოდებოდის, არამედ შვილ ღმრთისა. ამისთჳს ორკერძოჲ იყო შობაჲ მისი: ერთითა მით კერძოჲთა მსგავსი ჩუენდა და მეორითა - უზეშთაესი ჩუენისა მის შობისა, რამეთუ შობაჲ იგი დედაკაცისაგან მსგავს არს ჩუენდა, ხოლო რომელი-იგი არა სისხლისაგან, არცა ნებითა ჴორცთაჲთა, არცა ნებითა მამაკაცისაჲთა, არამედ სულისაგან წმიდისა იქმნა ძალი და საქმე შობისა მისისაჲ, ესე უზეშთაეს იყო ჩუენსა და ყოფადსა მას შობასა მოასწავებდა, რომლისა ეგულებოდა მონიჭებად ჩუენდა სულისა მიერ წმიდისა, და სხუაჲცა ყოველივე მისი ეგევითარი იყო. ეგრეთ იყო ნათლის-

1 ბარუქ 3,38.

ღებაჲცა, აქუნდა ნაწილი ძუელისაგანცა და ახლისა, რამეთუ რომელ-იგი წინაწარმეტყუელისაგან ნათელ-იღო და მოუდრიკა თავი წინამორბედსა, ძუელსა მას გამოაჩინებდა, ხოლო სულისა წმიდისა გარდამოსლვაჲ ახალსა ამას მოასწავებდა. და ვითარცა-რაჲ შორის ორთა ვიეთმე ურთიერთას განშორებულთა დადგამცა ძლიერი ვინმე და განმარტნა მჴარნი და უპყრამცა ერთსა მას მარჯუენითა და მეორესა მარცხენითა და მოიზიდნა და ურთიერთას შეაერთნა, ეგრეთ ყო ქრისტემან: შეაერთა ძუელი იგი ახალსა, საღმრთოჲ ბუნებაჲ - კაცობრივსა, თჳსი იგი - ჩუენსა ამას. იხილეა ქალაქისა ამის ზემოჴსენებულისა ელვარებაჲ? ვითარ შესლვასა ოდენ კარისასა განგაბრწყინვა, ვითარ მეყსა შინა გიჩუენა მეუფე ჩუენითა ამით ხატითა, ვითარცა განწყობილსა შორის ქუეყანისაცა მეფე შევიდის რაჲ განწყობილსა ბრძოლად წინააღმდგომთა, არა ემოსის თჳსი იგი სამკაული, არამედ პორფირი და გჳრგჳნი თჳსი აღიძუარცის და სახე მჴედრისაჲ შეიმოსის, რაჲთა არა საცნაურ იყოს, და მის ზედა მივიდენ ყოველნი იგი მბრძოლნი. ხოლო აქა არა ესრეთ, არამედ დაფარა ქრისტემან თჳსი იგი დიდებაჲ ჩუენითა ამით სახითა, რაჲთა არა იცნას იგი მტერმან და ივლტოდის მისგან, არამედ ჰგონებდეს, თუ კაცი არს ლიტონი, და ბრძოლად მოუჴდეს, რაჲთა არა იხილონ კაცთა ღმრთეებაჲ და განილინენ, რამეთუ ცხორებად მოვიდა კაცთა, არა განკჳრვებად, ამისთჳსცა თავსავე ზედა ესე უწოდა მას სახელი სახარებამან, იესუ რაჲ სახელ-სდვა; რამეთუ იესუ არა ბერძულითა ენითა არს, არამედ ებრაულითა, რომელ-ესე მაცხოარ ითარგმანების; ხოლო მაცხოარ ეწოდა, რამეთუ აცხოვნა ერი თჳსი, და სახელი ესე საცნაურ იყო შორის ჰურიათა. რამეთუ ვინაჲთგან საქმეთა საკჳრველებისათა ეგულებოდა ქმნაჲ უფალსა, ამისთჳს სახენიცა საქმეთანი წინაჲსწარ მოესწავებოდეს, რამეთუ რომელმან-იგი შემდგომად მოსესა შეიყვანნა ისრაჱლნი ქუეყანასა მას აღთქუმისასა, იისუ ეწოდებოდა და იყო სახედ იესუ ქრისტესა. აწ იხილე სახე და იხილე ჭეშმარიტებაჲ: მან ქუეყანასა აღთქუმისასა შეიყვანა ერი იგი, და ამან ზეცას და ზეცისა სასუფეველსა შეიყვანა ერი თჳსი; მან - შემდგომად მოსეს აღსრულებისა, და ამან - შემდგომად დაცხრომისა ძუელისა მის რჩულისა; იგი ერისთავი იყო, და ესე - მეუფე და ღმერთი. არამედ რაჲთა არა მსგავსებითა მით სახელისაჲთა შესცთე, ამისთჳს შეს-ძინა: „იესუ ქრისტესი, ძისა დავითისი“, რამეთუ იგი არა დავითის ძე იყო, არამედ სხჳსა ტომისაგან.

ხოლო რაჲსათჳს „წიგნი შობისაჲ იესუ ქრისტესი“ უწოდა აღწერილსა ამას, რომელსა შინა არა შობისათჳს ოდენ წერილ არს, არამედ ყოვლისათჳს განგებულებისა კაცთა შორის ქცევისა მისისა? ვითარ უკუე წიგნად შობისა უწოდა? ამისთჳს, რამეთუ ესე იყო თავი ყოვლისა მის განგებულებისაჲ, დასაბამი და ძირი ყოველთა მათ კეთილთაჲ, და ვითარცა-იგი „წიგნი ცისა და ქუეყანისა“ თქუა მოსე, გარნა არა ცისა და ქუეყანისათჳს ოდენ აღწერა მას შინა, არამედ სხუაჲ ყოველივე, რავდენი-იგი უწყით აღწერილი „დაბადებასა“ შინა, ეგრეთვე ამან უაღრესისა მის და უდიდებულესისაგან და რომელი იყო საფუძველი ყოვლისაჲვე, მისგან უწოდა სახელი აღწერილსა მას, რამეთუ ესე იყო სავსე საკჳრველებითა, საქმე მოულოდებელი და მოუგონებელი, რაჲთამცა ღმერთი კაც იქმნა და დედაკაცისაგან იშვა. ხოლო ვინაჲთგან ესე იქმნა, სხუაჲ იგი ყოველივე სამართლად შეუდგა. ამისთჳს საკჳრველისა მის დიდებულისაგან ყო დაწყებაჲცა წიგნისა თჳსისაჲ მახარებელმან და სახელიცა და ღაღატ-ყო: „წიგნი შობისაჲ იესუ ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი“. რაჲსათჳს არა თქუა პირველად, ვითარმედ: „ძისა აბრაჰამისი“ და მერმეღა „ძისა დავითისი“? რამეთუ არა თუ უკუანაჲსკნელთაგან პირველთა მიმართ ენება აღსლვაჲ, ვითარ-იგი ლუკა ქმნა, არამედ პირველთაგან შემდგომთა მომართ ჰყოფს ესე თხრობასა თჳსსა. ვითარ უკუე დავით აჴსენა პირველად? ამისთჳს, რამეთუ დავით პირსა შინა ყოველთასა იყო დიდებულებისათჳს მისისა და რომელ არა ადრე აღსრულებულ იყო, ვითარ-იგი აბრაჰამ. და დაღაცათუ აღთქუმაჲ ღმრთისაჲ ორთავე მიმართ იქმნა, არამედ აბრაჰამისი იგი, ვითარცა ადრინდელი, მივიწყებულ იყო, ხოლო დავითისი, ვითარცა ახლად ყოფილი, ყოველთა მიერ იქადაგებოდა. ამისთჳს ისმინე, რასა იტყჳან ჰურიანი: „არა წინაწარმეტყუელი იტყჳსო, ვითარმედ თესლისაგანი დავითისა და ბეთლემით დაბით, სადა იყო დავით, მიერ ქრისტე მოვიდეს?“1 და არავინ იტყოდა ქრისტესა ძედ აბრაჰამისა, არამედ ძედ დავითისა იტყოდეს ყოველნივე, რამეთუ, ვითარცა ვთქუ, მახლობელობისათჳსცა ჟამისა და მეფობისათჳს უმეტესად იჴსენებოდა ყოველთა მიერ. ამისთჳსცა შემდგომთა მათ მისთა მეფეთა, რომელთაცა პატივ-სცემდეს, დავითისგან პატივ-სცემდეს, არა კაცნი ოდენ, არამედ ღმერთიცა. რამეთუ ეზეკიელ და სხუანი იგი წინაწარმეტყუელნი იტყოდეს მოსლვასა და აღდგომასა დავითისსა, არა თუ მიცვალებულსა მას და აღსრულებულსა იტყოდეს კუალად მოსლვად, არამედ მიმსგავსებულთათჳს სათნოებისა მისისათა. და ეზეკიას ჰრქუა ღმერთმან: „შევეწიო ქალაქსა ამას ჩემთჳს და დავითისთჳს, მონისა ჩემისა“.2 და სოლომონსა ჰრქუა, ვითარმედ: „დავითისთჳს არა განიყოს მეფობაჲ იგი დღეთა შენთა ზე“.3 და ესრეთ ყოვლით კერძო დიდ იყო სახელი დავითისი წინაშე ღმრთისა და კაცთა. ამისთჳს რომელი-იგი უსახელოვნეს და უმახლობელეს იყო, იგი აჴსენა პირველად და მერმე აბრაჰამ შემოიღო შორის, რამეთუ ებრაელთა მიმართ უზეშთაეს აბრაჰამისა ჴსენებაჲ არა ჯერ-იჩინა, რამეთუ ესენი იყვნეს სახელოვან უფროჲს ყოველთასა: ერთი იგი, ვი-თარცა წინაწარმეტყუელი და მეფე, და მეორე, ვითარცა მამათმთავარი და წინაწარმეტყუელი.

იტყჳან უკუე მრავალნი, ვითარმედ: ვინაჲ საცნაურ არს, თუ დავითის ტომისაგან იშვა ქრისტე, ვინაჲთგან არა თესლისაგან მამაკაცისა იშვა, არა-

1 იოან. 7,42. 2 4 მეფ. 19,34. 3 შდრ. 3 მეფ. 11,34.

მედ დედისაგან ქალწულისა? ხოლო ქალწულისა მის ტომთა სახელი არა ჴსენებულ არს სახარებასა შინა; ვინაჲ ვისწაოთ, თუ დავითის ტომისაგან იყო ქალწული იგი? რამეთუ ორი ესე საძიებელ არს: რაჲსათჳს დედისა მის ქალწულისა, რომლისაგან იშვა ქრისტე, თესლ-ტომი არა აჴსენა? და რაჲსათჳს იოსებ, რომელსა არარაჲ აქუნდა მთავრებაჲ შობასა შინა ქრისტესსა, ესრეთ ჴშირად და გამოძიებით აჴსენა, თუ რომელთა ტომთა ანუ ნათესავ-თაგანი იყო? რამეთუ ერთი ესე ნამეტნავად ჩანს და ერთი იგი - ნაკლულევნად. აწ უკუე ვთქუათ ამის პირისათჳს მადლითა უფლისაჲთა. რომელნი იტყჳან, თუ: ვინაჲ ვისწაოთ, ვითარმედ ტომისაგან დავითისა იყო ქალწული იგი, ისმინონ ბრძანებაჲ ღმრთისაჲ გაბრიელის მიმართ მთავარანგელოზისა, ვითარცა იტყჳს მახარებელი: „და თუესა მეექუსესა მოივლინა გაბრიელ ანგელოზი ღმრთისა მიერ ქალაქად გალილეაჲსა, რომლისა სახელი ნაზარეთ, ქალწულისა, თხოვილისა ქმარსა, რომლისა სახელი იოსებ, სახლისაგან და ტომისა დავითისი“.1 სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „სახლისაგან და ტომისა დავითისი“, ქალწულისათჳს თქუმულ არს და არა იოსებისთჳს. აჰა ესერა გესმა განცხადებულად, ვითარმედ სახლისაგან და ტომისა დავითისი იყო ქალწული იგი. და იაკობცა მამათმთავარი იუდაჲს ტომისაგან მოასწავებდა გამოჩინებად სასოებასა მას წარმართთასა, ვითარმედ: „არა მოაკლდეს მთავარი იუდაჲსგან, ვიდრემდის მოვიდეს სასოებაჲ იგი წარმართთაჲ“.2 არამედ სიტყუაჲ იგი მამათმთავრისაჲ იუდაჲს ტომისაგან იტყჳს, ხოლო დავითისთჳს არას მოასწავებს, რამეთუ ტომსა შინა იუდაჲს სა არა დავითისი ოდენ იყო სახელი, არამედ სხუანიცა მრავალნი. ხოლო რაჲთა არა სთქუა, თუ: ვითარ გულისჴმა-ვყო, ვითარმედ დავითის ტომისაგან იყო მარიამ, ამისთჳს გაუწყა მახარებელმან, ვითარმედ: „სახლისაგან და ტომისა დავითისი, და სახელი ქალწულისაჲ მის მარიამ“. ამას ზედა სხუაჲცა მიგითხრა უწყებაჲ მის საქმისაჲ: რჩული იყო ებრაელთა შორის, რაჲთა არავის ჴელ-ეწიფებოდეს სხჳსა ტომისაგან სხუად ტომად განთხოებად ანუ ქორწინებად, არამედ ვითარცა იყვნეს ათორმეტნი ტომნი ძეთა ისრაჱლისათა, თითოეულისა ტომისა ერი ურთიერთას შეერთვოდეს და არა სხჳსა ტომისაგან ოდენ, არამედ არცა სხჳსა სახლისაგან, რომელ არს თჳსებაჲ, ჴელ-ეწიფებოდა ქორწინებად. საცნაურ არს უკუე, ვითარმედ არცა იოსებს ჴელ-ეწიფებოდა მოყვანებად ქალწული იგი სხჳსა ტომისაგან. აწ უკუე სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: „სახლისაგან და ტომისა დავითისა“, გინა თუ ქალწულისათჳს თქუმულად დავამტკიცოთ, მტკიცე არს სიტყუაჲ იგი; გინა თუ ვინ იოსებს მიაჩემოს, იგივე საქმე გამოჩნდების, რამეთუ უკუეთუ იოსებ სახლისაგან და ტომისა დავითისა იყო, არა ჴელ-ეწიფებოდა სხჳსა ტომისა დედაკაცსა მითხოებად მისდა, გარნა მისვე სახლისა და ტომისაგან. ვინაჲთგან ესე ესრეთ არს, ჩანს განცხადებულად, ვითარმედ ქალწუ-

1 ლუკ. 1,26-27. 2 დაბ. 49,10.

ლიცა იგი წმიდაჲ თესლისაგან იყო დავითისა. იტყჳან უკუე წინააღმდგომნი იგი, ვითარმედ: ჰე, ეგრეთ იყო წესი რჩულისაჲ, გარნა ვინ უწყის, თუ გარდაჰჴდა რჩულსა იოსებ და სხჳსაგან ტომისა მოიყვანა? არამედ სიტყუაჲ ესე ცოფთაჲ არს და უგუნურთაჲ. არა გესმისა, რასა წამებს მისთჳს სახარებაჲ, ვითარმედ იოსებ კაცი იყო მართალი, რაჲთა სცნა სათნოებაჲ მისი და არღარას ესევითარსა იგონებდე; რამეთუ რომელსა-იგი არავის ჴელ-ეწიფებოდა ქმნად, ვითარ ეგების, თუმცა მართალმან მან ქმნა? და ესეცა სიტყუაჲ ჩუენ შორის მტკიცე არს მამათა მიერ, ვითარმედ წამები-თა და განგებითა ზაქარია მღდელისაჲთა და სხუათა მათ მღდელთაჲთა მიეთხოა ქალწული იგი იოსებს. საცნაურ არს უკუე, ვითარმედ გარეგან რჩულისა ზაქარია არას იქმოდა. ამის ყოვლისაგან გამოჩინებულ არს, ვი-თარმედ ნათესავისაგან დავითისა იყო წმიდაჲ ქალწული მარიამ, გარნა არა სოლომონის ნაშობთაგან, არამედ ნათანისთა, ძისა დავითისა, რომლისა შობათა წარმოიტყჳს ლუკა მახარებელი. რამეთუ ამის ნათანისა, ძისა დავითისა შვილთაგან იყო ვინმე ლევი, რომელსა აჴსენებს ლუკა და იტყჳს: „იოსებისა, ელისა, მელქისა, მატთანისა, ლევისა“.1 ამან ლევი შვა მელქი და პანთერ, პანთერ შვა ვარპანთერ, ვარპანთერ შვა იოაკიმ, იოაკიმმან შვა წმიდაჲ ღმრთისმშობელი. აჰა ესერა გიჩუენე განცხადებულად, ვითარმედ ტომთაგან დავითისა იყო წმიდაჲ ქალწული მარიამ.

ხოლო მეორისა მისთჳს საძიებელისა, რომელსა იტყჳან, ვითარმედ: რაჲსათჳს წარმოიტყჳს იოსების მშობელთა და პაპისპაპთა, რაჲ საქმე აქუნდა იოსებს შობასა ქრისტესსა? ამას ვიტყჳთ: არა იყო რჩული ებრაელ-თა შორის დედაკაცისა თესლ-ტომსა აღწერად, და არცა სადა იპოების ესე ძუელთა შინა წიგნთა, ხოლო მახარებელსა ენება გამოჩინებაჲ, ვითარმედ დედაჲ ქრისტესი დავითის ტომისაგან იყო, და კეთილად. ვინაჲთგან ებრაელთა მიმართ იყო აღწერილი ესე სახარებაჲ, წესისაებრ რჩულისა უნდა აღწერისა ამის ქმნად, რაჲთა უმეტესად სათნო და შესაწყნარებელ იყოს და რაჲთა თავსავე ზედა არა დამჴსნელ რჩულისა იპოოს. ამისთჳს დაიდუმა ჟამისად მშობელთათჳს ღმრთისმშობელისათა თქუმად და იოსებისნი წარმოთქუნა. რამეთუ უკუეთუმცა ქალწულისანი წარმოეთქუნეს, წინააღუდგებოდა რჩულსა, და უკუეთუმცა იოსებისნიცა დაედუმნეს, ვითარმცა გუეცნა, თუ დავითის ტომისაგან იყო ქალწული? აწ უკუე რაჲთა ვცნათ, ვინაჲ იყო ქალწული მარიამ, და რაჲთა რჩულისა წესი შეურყეველად ეგოს, ქმრად წოდებულისა მის მშობელნი აჴსენნა და გამოაჩინნა, ვითარმედ სახლისაგან დავითისა იყო, რამეთუ იცოდა, ვითარმედ ესე რაჲ გამოჩნდეს, იგიცა განცხადებულ არს, ვითარმედ ქალწულიცა ტომისაგან დავითისა იყო, ვი-თარცა ზემო ვთქუ, ვითარმედ არავის ჴელ-ეწიფებოდა სხჳსა ტომისაგან სხუად ტომად განთხოებად. არს უკუე სხუაჲცა მიზეზი, რომლისათჳს არა

1 შდრ. ლუკ. 3,23-24.

იჴსენნეს მშობელნი იგი ქალწულისანი, უღრმესირე. გარნა არა არს აწ ჟამი თქუმად, რამეთუ ფრიად განგრძელდების სიტყუაჲ ჩუენი.

რაჲთა არა საწყინო თქუენდა იქმნას, ამისთჳს სიტყუაჲ ესე ძიებისაჲ დღეს აქა აღვასრულოთ და თქუმულნი ესე დავისწავლნეთ, თუ ვითარ წიგნი შობისაჲ თქუა, ვითარ იესუ ქრისტე აჴსენა, რაჲსათჳს დავით შორის შემოიღო, ვითარ მსგავს ჩუენდა არს შობაჲ ქრისტესი და ვითარ უზეშთაეს ჩუენსა, რაჲსათჳს ღმრთისმშობლისა მშობელნი დაიდუმნა, ანუ რაჲსათჳს იოსებისნი წარმოთქუნა. ესე ყოველი და სხუაჲ, რავდენიცა მიგითხრა, უკუეთუ დაიმარხოთ გონებათა შინა, გულსმოდგინე ვიყო მომავალსაცა დღესა სხჳსა მრავლისა მითხრობად, უნდეს თუ ქრისტესა. უკუეთუ კულა პირველთქუმულთა არა ყურად-იღებდეთ, არცა გულთა შინა აღწერდეთ, უდებ ვიქმნეთ უმეტესისა თქუმად.

სწავლაჲ ბ გულსმოდგინედ წურთისათჳს წერილთაჲსა

რამეთუ დასთესის რაჲ მუშაკმან თესლი ყანასა თჳსსა და არა აღმოაცენის, და კუალად დასთესის და არავე ნაყოფიერ იქმნის, ძლითღა ჴელ-ყვის ყანისა მის თესვად. ამისთჳს გევედრები, იწურთიდით მარადის საღმრთოთა მათ სიტყუათა, რამეთუ დიდი სარგებელი არს სულისაჲ საქმე ესე და დიდთა კეთილთა მომატყუებელი. რამეთუ ვიწურთიდეთ თუ სიტყუათა ღმრთისათა, მარადის სათნო-ვეყვნეთ უფალსა, და სულისა წმიდისა მადლი მოვიდეს ჩუენდა და განანათლნეს თუალნი გონებისა ჩუენისანი, და ესრეთ საშინელ ვიყვნეთ ეშმაკისა. ანუ არა უწყითა, ვითარმედ ამისთჳს მომცა ჩუენ ღმერთმან თუალნი და ყურნი და პირი და სასმენელნი, რაჲთა ყოველნი ასონი ჩუენნი მას ჰმსახურებდენ, რაჲთა პირი ჩუენი სიტყუათა მისთა იწურთიდეს, მას უგალობდეს დაუცხრომელად, მისა შევსწირვიდეთ მადლობასა, რაჲთა სასმენელნი ჩუენნი მცნებათა მისთა ისმენდენ, თუალნი ჩუენნი საღმრთოთა წერილთა აღმოიკითხვიდენ, ჴელნი ჩუენნი იქმოდინ საქმეთა სათნოებისათა, და გონებაჲ ჩუენი განწმედილ იყოს ყოვლისაგანვე ნივთისა ვნებათაჲსა. რამეთუ ვითარცა ჴორცნი იყვნენ რაჲ ჰაერსა შინა კეთილსა, მრთელ არიან, ეგრეთვე სული ესევითარსა რაჲ წურთასა შინა იყოს, მარადის განწმედილ არს ყოვლისაგანვე ბოროტისა და განთავისუფლებულ სენთა მათგან ცოდვისათა. არა ჰხედავა თუალთა მათ ჴორციელ-თა, ოდეს კუამლსა შინა იყვნენ, ვითარ ცრემლოიან და მრღჳე არიან? ხოლო იყვნენ რაჲ ჰაერსა კეთილსა, სამოთხეთა შინა ყუავილოანთა და წყაროთა ზედა გრილთა, ვითარ მრთელ და კეთილადმხედველ არიან? ეგრეთ არიან თუალნიცა სულისანი: ოდეს სამოთხესა შინა საღმრთოთა სიტყუათასა ვიქცეოდით, ფრთხილ არიან და კეთილადმხედველ, ხოლო შევიდეთ რაჲ კუამლსა მას შინა, საქმეთა სოფლისათა, ცრემლი და ტირილი ხუდების მათ აქაცა და მერმესა მას, რამეთუ ნანდჳლვე კუამლისა მსგავს არიან კაცობრივნი საქმენი. ამისთჳსცა წინაწარმეტყუელი იტყჳს: „მოაკლდა, ვითარცა კუამლსა, დღეთა ჩემთა“;1 არამედ იგი მსწრაფლ წარმავალობასა მათსა მოასწავებდა, ხოლო მე არა ამისთჳს ოდენ, არამედ შფოთისა მისთჳსცა და დაუდგრომელობისა მათისათჳს ვიტყჳ მსგავსებად კუამლისა.

ჭეშმარიტად არარაჲ არს ესრეთ აღმამრღუეველ თუალთა სულისათა და დამაბნელებელ, ვითარ საწუთროჲსა ზრუნვანი და გულისთქუმათა არმური. ესე არიან ნივთ საჴუმილისა მის და აღმტეობელ კუამლისა მის; და ვითარცა ცეცხლსა დაერთოს რაჲ შეშაჲ ნედლი და სუელი, ფრიადი აღუტევის კუამლი, ეგრეთვე გულისთქუმამან ბოროტმან რაჟამს პოის სული აღვსებული მწჳრითა მით დაჴსნილობისაჲთა, კუამლი ჴშირი განამრავლის ვნებათაჲ. ამისთჳს საჴმარ არს ჩუენდა ცუარი იგი და ნიავი სულისა წმიდისაჲ, რაჲთა საჴუმილი იგი დაშრიტოს და კუამლი განაქარვოს და გონებაჲ ჩუენი განანათლოს, რამეთუ ვიდრემდის ესევითარითა მით კუამლი-თა დაბნელებულ ვიყვნეთ და ვნებათა სიმძიმითა დამძიმებულ, ვერ ჴელგუეწიფების ზეცად აღსლვად. რამეთუ ფრიადი სიფრთხილე თუალთა მიერ სულიერთაჲ და განწმედაჲ ცოდვათაგან გჳღირს, რაჲთა მოვიდეს ჩუენ ზედა მადლი სულისა წმიდისაჲ და წარმიძღუეს გზასა მას ზეცისასა. რამე-თუ არა თუ იგი მოვიდეს ჩუენ ზედა, შეუძლებელ არს გზისა მის პოვნად. ხოლო იგი, უკუეთუ არა წმიდა-ვყვნეთ თავნი ჩუენნი ყოვლისაგან ბოროტისა, არა დაიმკჳდრებს ჩუენ შორის. ამისთჳს, ძმანო, ვისწრაფოთ განდევნად ყოველთავე ვნებათა ჩუენგან, ვისწრაფოთ განწმედად თავთა ჩუენთა წურთითა საღმრთოთა სიტყუათაჲთა, განვეშორნეთ ზრახვათა სოფლიო-თა და ცუდთა, რომელთა შინა არარაჲ არს კეთილი, არამედ ყოველივე მავნებელ. რამეთუ რომელი-იგი სულისა სარგებელ იყოს, ღმრთისაცა საყუარელ არს, ხოლო რომელი-იგი მავნებელ იყოს სულისა, შემაწუხებელ არს უფლისა და სათნო ეშმაკისა. ანუ არა ესრეთ არსა, ოდეს ვიწყოთ ზრახვათა ამაოთა, ოდესმე ვიცინოდით, ოდესმე ვიკიცხეოდით, ძჳრსა ვზრახვიდით, ვტყუოდით, ვფუცვიდით, ზღაპართა ვიტყოდით, რაჲ-იგი ჩუენდა არა საურავ არნ, მას ვზრუნვიდით, ხოლო ფსალმუნებასა შინა და ლოცვასა და წიგნის-კითხვასა დამძიმებულ და დაჴსნილ ვიყვნით, ვერ ძალ-გუედვის საღმრთოთა სიტყუათა მცირედთაცა დასწავლად, ხოლო საეშმაკოთა შინა უმჴურვალეს ცეცხლისა ვიპოვნით. მრავალნი არიან აქა მდგომარენი, რომელნი უკუეთუ ვინ განიკითხეს და ჰკითხნეს, სიმღერანი და საეშმაკონი ჴმანი და სატრფიალონი სიტყუანი მრავალნი და მრავალსახენი წარმოთქუნენ და საღმრთოთა სიტყუათაგანი არცა თუ ერთი რაჲ იცოდინ. არამედ რასა მომიგებენ ესევითარისა მოქმედნი იგი? არა თუ ჩუენ მონაზონნი

1 ფსალმ. 101,4.

ვართო, არამედ სოფელსა შინა ვიქცევით და სოფლისა საქმეთა ვზრუნავთ, ხოლო ეგევითარი ეგე მონაზონთა საქმჱ არს, რაჲთა ფსალმუნთა და ლოცვათა წურთიდენ და წიგნთა იკითხვიდენ, ხოლო ჩუენ ჩუეულ ვართ მღერასა და განფრთხობასა.

ჵ სიტყუანი ბოროტნი! ჵ გულისსიტყუანი წარმწყმედელნი! ამათ ყვეს ყოველივე უკეთურებით, რომელ ეგრე გგონიეს, თუ მონაზონთათჳს დაწესებულ არს წიგნთა კითხვაჲ, და არა უწყით, ვითარმედ თქუენდა უმეტესად საჴმარ არს ესე წამალი, რომელნი-ეგე მარადღე მოიწყლვით ეშმაკისა მიერ. აწ უკუე არაკითხვისა ფრიად ესე უძჳრეს არს, რომელ ეგრეთცა გაქუს, თუ არა საჴმარ არს თქუენდა, არცა თანანადებ კითხვაჲ და წურთაჲ საღმრთოთა სიტყუათაჲ. არა გესმისა, რასა იტყჳს მოციქული პავლე, ვი-თარმედ: „ესე ყოველი სწავლად ჩუენდა დაიწერა“.1 ნუუკუე მონაზონ-თათჳს თქუა ესე? არა ყოველთა მორწმუნეთათჳს იტყჳსა? ანუ უფალმან მცნებანი თჳსნი არა ყოველთა მორწმუნეთა მისცნაა? ისმინეთ, რასა ეტყჳს მოციქულთა: „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნა-თელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲ-თა და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რავდენი გამცენ თქუენ“.2 ვი-თარ უკუე იტყჳთ, თუ მონაზონთა ხოლო უჴმს კითხვაჲ და სმენაჲ წერილ-თაჲ? თქუენ არა გიჴმსა?

იხილენ კაცად-კაცადმან თავი თჳსი, თუ ვითარ არს გონებაჲ მისი, ოდეს ლოცვაჲ ესმოდის, ანუ ვითარ არს, ოდეს სიმღერაჲ ესმოდის, ვითარ არს, ეკლესიასა შინა რაჲ იყოს, და ვითარ არს თეატრონსა შინა. და ცნას ცვალებაჲ იგი სულისაჲ, თუ ვითარ ერთი იგი სული აქა სხუად შეიცვალების და მუნ - სხუად. ამისთჳს იტყჳს მოციქული: „განრყუნიან წესნი კეთილნი ზრახვათა ბოროტთა“.3 ამისთჳს გჳღირს ზედაჲსზედა სმენად სიტყუათა საღმრთოთა, რაჲთა ჩუენნი იგი ბოროტნი წესნი კეთილად მოიქცენ. არა უწყითა, რამეთუ ამით ოდენ უაღრეს ვართ პირუტყუთასა, რომელ პირმეტყუელ ვართ? ხოლო სხჳთა უმრავლესითა უდარეს ვართ მათსა: ძალი-თა და სიმალითა და სხჳთა ესევითარითა. აწ უკუეთუ პირმეტყუელებაჲცა ჩუენი უძჳრეს მათისა მის პირუტყუებისა იყოს, არა დიდად დასასჯელ ჩუენდა იქმნასა?

საზრდელ სულთა ჩუენთა სიტყუანი ღმრთისანი არიან, და ნაკლულევანებაჲ მათი სიყმილად წოდებულ არს. რამეთუ იტყჳს უფალი წინაწარმეტყუელისა მიერ: „მივსცე მათ არა სიყმილი პურისაჲ ანუ წყურილი წყლისაჲ, არამედ სიყმილი სმენად სიტყუათა უფლისათა“.4 რაჲ უკუე უძჳრეს არს ამისა ოდენ? რომელ-იგი უფალმან სატანჯველად რისხვისა თქუა, შენ ნეფსით თჳსით მოაწიო სულსა ზედა შენსა - სიყმილი იგი ბოროტი. არა ჰხედავა, ვითარმედ სული სიტყუათაგან თითოსახედ იცვალების?

1 შდრ. 1 კორ. 10,11. 2 მათ. 28,19-20. 3 შდრ. 1 კორ. 15,33. 4 ამოს 8,11.

სიტყუამან აღძრას იგი რისხვად, სიტყუამან დაამშჳდის კუალად, სიტყუამან ბილწმან აღაზრზინის გულისთქუმად, სიტყუამან სიწმიდისამან შეაყუარის სიწმიდე. ვინაჲთგან უკუე სიტყუათა ლიტონთა ესოდენი ძალი აქუს, ვითარ წმიდათა წერილთა შეურაცხ-ჰყოფ, რომელთა შინა ძალი სულისა წმიდისაჲ არს და ამისთჳს ძალ-უც სულთა მათ განფიცხებულთა სწავლითა მოლბობად უმეტეს ცეცხლისა, უკუეთუ სარწმუნოებით მოუჴდენ. ეგრეთ კორინთელნი იგი გულფიცხელნი მოალბნა პავლე სწავლითა თჳსითა, ვი-თარცა ცჳლი ცეცხლმან, ვითარცა-იგი თავადი წამებს, რამეთუ ისმინეთ, რასა მიუწერს: „რამეთუ აჰა ესერა მანვე ღმრთისა მიერ მწუხარებამან მაგან თქუენმან რავდენი შექმნა თქუენ შორის სწრაფაჲ, რავდენი მომადლებაჲ, ანუ რავდენი ლხინი, რავდენი შიში, რავდენი სურვილი, რავდენი შური, ანუ რავდენი შურის-გებაჲ“.1 ესე ყოველი სწავლამან მოციქულისამან ქმნა მათ შორის. ესრეთ ძალ-უც სიტყუათა საღმრთოთა, ესრეთ მცირეთა და დიდთა სარგებელ არიან.

იხილეთ დავით, ოდეს იგი დიდსა მას ცოდვასა შთავარდა, ესმნეს რაჲ სიტყუანი კეთილნი, მოვიდა სინანულსა მას დიდებულსა.2 იხილენ მოციქულნიცა, არა სიტყუათა მათ უფლისათა სმენითა მოვიდეს საზომსა მას და ყოველი სოფელი მოიმოწაფეს? და რაჲ სარგებელ არს, იტყჳნ ვინმე, უკუეთუ ვისმენდეთ სიტყუათა საღმრთოთა და არა ვიქმოდით? არს ესრეთცა დიდი სარგებელი: აბრალოს თავსა თჳსსა, სულთ-ითქუნეს, რომელსა ესმოდინ სიტყუანი საღმრთონი, ცრემლოოდის, და უკუეთუ შეეჴშიროს სმენასა მას, გინა დღეს, გინა ხვალე, მოსლვად არს საქმედცა. ხოლო რომელი ყოვლადვე არა ისმენდეს, ვინაჲ ცნას თითოეულისა ცოდვისა ბრალი, ვითარ აბრალოს თავსა თჳსსა, ოდეს მოიწყჳდოს ცოდვაჲ, ოდეს იწყოს სინანულად? ამისთჳს გევედრები, ნუ გარეწარად გაქუს სმენაჲ და წურთაჲ წერილთა მათ საღმრთოთაჲ, რამეთუ ეშმაკსა მძიმედ უჩნს ესე და არა ჰნებავს. ამისთჳს იგი გუაყენებს, რაჲთამცა არა ვიხილეთ სიმდიდრე იგი სულიერი, არცამცა მოვიგეთ იგი; ამისთჳს გუეტყჳს არა სმენად, რაჲთა არა საქმესაცა კეთილსა ჴელ-ვყოთ. ხოლო ჩუენ გულისჴმა-ვყოთ ბოროტი იგი ღონე მისი და ყოვლით კერძო შევიზღუდნეთ თავნი ჩუენნი, რაჲთა ჩუენცა მოუწყლველ ვიყვნეთ და მისი იგი ბოროტი თავი შევმუსროთ და ესრეთ ბრწყინვალე იგი ძლევისა გჳრგჳნი მოვიღოთ და საუკუნეთა მათ კეთილ-თა მივემთხჳნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

1 2 კორ. 7,11. 2 შდრ. 2 მეფ. 12,13.