მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ვ

წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო იესუ ქრისტეს შობასა ბეთლემს ჰურიასტანისასა, დღეთა ჰეროდე მეფისათა, აჰა მოგუნი აღმოსავალით მოვიდეს იერუსალჱმდ და იტყოდეს: სადა არს, რომელი-იგი იშვა მეუფე ჰურიათაჲ? რამეთუ ვიხილეთ ვარსკულავი მისი აღმოსავალით და მოვედით თაყუანისცემად მისა“ (2,1-2).

ფრიადი მღჳძარებაჲ გჳღირს და ლოცვაჲ, რაჲთა ჯეროვნად გულის-ჴმა-ვყვნეთ სიტყუანი ესე და ვცნათ, თუ ვინ იყვნეს მოგუნი ესე და ვინაჲ მოვიდეს და ვითარ, ანუ ვინ ასწავა მათ, და რაჲ იყო ვარსკულავი იგი. ესე ყოველი საძიებელ არს ცნობად. ხოლო პირველად, უკუეთუ გნებავს, შემოვიღოთ შორის, რასა-იგი იტყჳან მტერნი ჭეშმარიტებისანი. რამეთუ ესოდენ ეუფლა მათ ეშმაკი, ვიდრე ამათცა სიტყუათა ზედა ჴელ-ჰყოფს აღჭურვად მათდა და ბრძოლად ჭეშმარიტებისა. და ისმინეთ, რასა იტყჳან ბირებითა ეშმაკისაჲთა: აჰა ესერა შობასა ქრისტესსაო ვარსკულავი გამოჩნდა, რომელ-ესე სასწაული არს სიმტკიცისა მის ვარსკულავთმრაცხელთაჲსა.

აწ ვჰკითხოთ ამაოთა მათ და ცუდისმეტყუელთა: უკუეთუ ქრისტე რჩულსა მას ზედა და წესსა ვარსკულავთმრაცხელობისასა იშვა, ვითარ დაჴსნა ვარსკულავთმრაცხელობაჲ და განაქარვა ბედთამეტყუელებაჲ და შობისა ჟამთა ძიებაჲ, დაუყო პირი ეშმაკთა, ესევითარისა მომპოვნებელ-თა, განიოტა საცთური და ყოველივე სახე გრძნებისაჲ განაქარვა? უკუეთუ ზრახვასა მას ვარსკულავთმრაცხელთასა დაამტკიცებდა, რაჲსათჳს ყოველთა წინაწარმეტყუელთა მიერ სიცრუედ და საცთურად სახელ-სდვა მას? ისმინეთ, რასა იტყჳს პირითა ესაია ჴმამაღლისაჲთა: „დადეგ აწ მისნობითა შენითა და მრავლითა გრძნებითა შენითა, რომელსა ისწავებდ სი-ჭაბუკითგან შენით, უკუეთუ შეუძლო სარგებელ-ყოფად თავისა შენისა. დადეგ აწ და გეჴსენედ ვარსკულავისმეტყუელთა ცისათა, რომელნი-იგი ხედვედ ვარსკულავთა, გითხრედღა, რაჲ-იგი მოწევნად არს შენ ზედა. აჰა ეგერა ყოველნი, ვითარცა ქარქუეტნი, ცეცხლითა დაიწუნენ და ვერ განირინნენ თავნი მათნი ალისა მისგან“.1 აჰა ესერა ზოგად აჴსენნა მისანნი და გრძნეულნი და ვარსკულავთმეტყუელნი და ყოველნივე დასაწუველად ცეცხლითა შეჰრაცხნა; და ჭეშმარიტად დიდი ცოდვაჲ არს და გარდამატებული ურჩულოებაჲ ვარსკულავთმრაცხელთა და ვარსკულავისმეტყუელთაჲ იგი ცუდადმეტყუელებაჲ, რამეთუ საქმეთა ამათ, რომელნი ჴელმწიფებასა შინა ჩუენსა არიან და თჳთმფლობელითა მით ნებითა ჩუენითა ვჰყოფთ კეთილსაცა და ბოროტსაცა, აჩემებენ იგინი მიზეზსა მათსა ვარ-

1 ესაია 47,12-14.

სკულავთა და არა გულისჴმა-ჰყოფენ, ვითარმედ ესევითარსა მას ზრახვასა შინა ფრიად არს უგუნურებაჲ და უმეტეს არს უსჯულოებაჲ.

უკუეთუ ვარსკულავნი ბუნებით მავნებელ არიან და ბოროტისმომატყუებელ, უკუეთუ ბოროტი იგი ნებითა მათითა არს, ცხოველ ვიდრემე არიან იგინი და აქუს მათ ნებაჲ და იძრვიან ჴელმწიფებითა თავისა თჳსისაჲთა. არამედ ესე ტყუილი უფროჲს არს ყოვლისა სიცრუისა, რამეთუ არა აქუს ვარსკულავთა ნებაჲ, არცა სულიერ არიან, არცა ჴელმწიფებითა თავისა თჳსისაჲთა იძრვიან, არამედ ვითარცა პირველითგან განაწესნა იგინი ღმერთმან მნათობად სამყაროსა შინა ცისასა. ხოლო ვინაჲთგან ესე ესრეთ არს და არა არს მათ შორის ნებაჲ, ანუ ჴელმწიფებაჲ, ანუ გონებაჲ, უკუეთუ ბუნებით აქუს მავნებელობაჲ და მიზეზ ბოროტის არიან, აჩემებენ ბოროტსა მას დამბადებელსა თჳსსა, რამეთუ უკუეთუ ბოროტი იგი მათი ბუნებით არს, ღმერთი ვიდრემე დამბადებელი არს ბოროტისაჲ. იხილეა, ვითარსა უფსკრულსა გმობისასა შთავარდებიან ესევითარისა მეტყუელნი? რამე-თუ უკუეთუ დაწყებაჲ კეთილისა და ბოროტისაჲ არა ჩუენგან არს, არამედ ვარსკულავთაგან, უნებლებით ვიდრემე ზედაგუაც საქმე იგი, რომელი განწესებულ არს ჩუენდა ვარსკულავთა მიერ; ნუუკუე ტყუა სადმე შჯულმან, რომელმან თქუა განჩინებით, ვითარმედ კეთილი და ბოროტი ჩუენგან არსო; და ცუდ არს მეფეთა მიერ და მსაჯულთა ქებაჲ კეთილისმოქმედთაჲ და ბრალობაჲ ბოროტისმოქმედთაჲ; და არა ვიდრემე ზედააც მეძავსა მას სიძვისათჳს პატიჟი და კაცისმკლველსა კაცის-კლვისათჳს, რამეთუ ვერ ეძლო დამჭირვად თავი თჳსი საქმისა მისგან, უკუეთუ უნებლიეთ იყო მის ზედა ცოდვაჲ იგი; და კუალად მუშაკნიცა ცუდად შურებიან, და ვაჭარნი ცუდად ვლენ ქუეყანითი ქუეყანად, არამედ მუშაკმან მან მოიცალენ ქუეყანისმოქმედებისაგან, და ვაჭარი განისუენებდინ სარეცელსა ზედა თჳსსა, ვინაჲთგან ბუნებით მომავალ არს მათ ზედა სიმდიდრე გინა სიგლახაკე. და სწავლაჲ იგი წიგნთაჲ და სასოებაჲ ქრისტეანეთაჲ ცუდ არს ვიდრემე, ვინაჲთგან სიმართლე და ცოდვაჲ არა ნებითა ჩუენითა იქმნებიან, არამედ უნებლებით. რამეთუ უკუეთუ იძულებითა ვარსკულავთაჲთა იქმნებოდეს საქმენი იგი, არა ვიდრემე სამართალ არს ღმრთისა, რაჲთამცა მიაგო ვის საქმეთაებრ. ჵ უგუნურებაჲ გონებაცთომილთაჲ მათ! ჵ უღმრთოებაჲ იგი მათი! უკუეთუ იძულებით არიან საქმენი ცოდვისა გინა სიმართლისანი, ვი-თარ არნ კაცი სიჭაბუკითგან უწესოებასა შინა და ცოდვასა და მერმე მიიქცის ნებითა თჳსითა და იქმნის ჭურ რჩეულ? და სხუამან ქმნის სათნოებაჲ მრავალ წელ, და კუალად მიდრკის ნებაჲ მისი ბოროტისა მიმართ. უკუე-თუ ამისა შობაჲ ბოროტსა ზედა იყო და მისი კეთილსა, ვითარ არა ეგნეს აღსასრულადმდე, რომელსაცა ზედა პირველითგან განეწესნეს? არამედ ზოგი იგი ცხორებისა მათისაჲ სხუაჲ იყო, და ზოგი იგი სხუად შეიცვალა. ვინ არა ეცინოდის უგუნურებასა ვარსკულავთმრაცხელთასა და უგულის-ჴმოებასა მათსა, რომელთა ჭეშმარიტ შეურაცხიეს სიტყუაჲ მათი, და უფროჲსღა ვინ არა სტიროდის მათ?! ვითარ ცოფითა მით მრავლისმეტყუელებითა მათითა ზრახვენ, ვითარმედ: მის ვისიმე შობაჲ ვერძსა შინა იყო, დიდ არს იგი სულითა და უხუ და მომგებელ, რამეთუ ვერძი მთავარი არს, და განიყარის მატყლი თჳსი და კუალად უშრომელად შეიკრიბის; და სხუაჲ ვინმე იშვა ჴარსა შინა, და არს იგი მშრომელ და მსახურ, რამეთუ ესრეთვე ცხოელი ესე არს; და იგი ვინმე - ღრიაკალსა შინა, და არს იგი მკბენარ; და სხუაჲ ვინმე - სასწორსა შინა, და არს იგი სიმართლის მოქმედ. და რაჲმცა იყო უცოფეს სიტყუათა მათთა?

ვერძი იგი, რომელსა მიაჩემებენ შობასა კაცისასა, ერთი არს ათორმეტთაგანი ნაწილთა ცისათა, რამეთუ ათორმეტნი ნაწილნი არიან ცისანი, რომელთა შინა ვალს მზე, და თითოეულსა ნაწილსა წარჰვლის თუესა შინა და კუალად სხუასა თუესა სხუად ნაწილად მიიცვალების, და მათ ნაწილთა წოდებულ არიან ესევითარნი ესე სახელნი: პირველსა - ვერძი და მეორესა - ჴარი, მესამესა - ლომი, მეოთხესა - სასწორი, მეხუთესა - ღრიაკალი, მეექუსესა - ქალწული, მეშჳდესა - თევზი, მერვესა - მარჩბივი, მეცხრესა - სარწყული, მეათესა - მემშჳლდე, მეათერთმეტესა - ვაცის რქა, მეათორმეტესა - კირჩხიბი. ესე სახელნი წოდებულ არიან ათორმეტთა მათ ნაწილთანი, რომელთა შინა ვალს მზე. არქუ უკუე ვარსკულავთმრაცხელსა მას და ქალდეველსა: ვითარ იტყჳ შენ, ვითარმედ დაწყებაჲ იგი მიზეზთა ცხორებისა შობილთაჲსა მუნით არს? და მერმე ამსგავსებ გონებათა მათ-თა ცხოველთა მათ, პირუტყუთა და მძოვართა, გინა ქუეწარმავალთა, და იტყჳ, ვითარმედ: შობილი იგი ვერძსა შინა უხუ არსო, და შობილი იგი ლომსა შინა - ძლიერ, და სხუაჲ ყოველივე მსგავსად; არა თუ რომელ ნაწილსა მას ზეცისასა ესევითარი ძალი აქუს, არამედ რომელ ცხოველი იგი ამას ბუნებასა ზედა არსო.

ჵ უგუნურო, აქამომდე იტყოდე, ვითარმედ ჭეშმარიტებაჲ ცნობისა მის საქმეთაჲსა ნაწილთა მათგან ცისათა არს, და აწ კუალად მოაქციე სიტყუაჲ შენი ოთხფერჴთა მომართ და ქუეწარმავალთა. უკუეთუ მეათორმეტესა მას ნაწილსა ცისასა, რომელსა შინა რაჟამს ვალნ მზე, არნ დაწყებაჲ ზაფხულისაჲ, ვერძი ეწოდების, რაჲ ზიარებაჲ აქუს მას ნაწილსა საცხოვარსა ამას თანა იძრვისსა ოთხფერჴსა, რომელ იტყჳ, ვითარმედ: უკუეთუ იშვას, ოდეს მზე მას შინა ვიდოდის, ბუნებასა ვერძისასა მიემსგავსების? ანუ იშვას თუ სლვასა მზისასა ღრიაკალსა შინა, ემსგავსების ბუნებასა გესლიანისა მის ქუეწარმავალისასა? ეჰა გარდამატებული ესე სიცოფე შენი, მეტყუელო სიცრუისაო! ესე ვინმე ამას წამსა შინა იშვაო, მძლე არს იგი ქალაქთა ზედა და მთავარ და მდიდარ; იგი ვინმე მეორესა წამსა შინა იშვა, გლახაკი არს და მთხოველი.

უკუეთუ ვინ დაისწავლნეს კაცად-კაცადისათჳს სიტყუაჲ შენი, იპოოს უმეტესი ტყუილ, და უფროჲსღა ყოველივე სიცრუე არს და ტყუილი-თა შეწმასნულ. ვინ იცის, უგუნურო, მომავალი, ანუ ვის აქუს ცნობაჲ იგი ყოფადთაჲ მათ? გარნა მხოლომან ღმერთმან. რამეთუ მისი ოდენ არს ესე საკუთრად, და უკუეთუ ვისმე მან მხოლომან მიანიჭოს, რაოდენ ენებოს და ოდეს-იგი ჯერ-იყოს. ხოლო შენ, მიწისაგანო და მიწად მიმავალო, ვინაჲ გაქუს მომავალთა საქმეთა ცნობაჲ, რომელმან-ეგე წინაშე თუალთა შენ-თა მყოფი არა იცი? რაჲ ხვალისა დღე შეგემთხუევის, არა უწყი, ყოფადთა მათ მეცნიერებაჲ ვინ მოგცა შენ? საქმეთა ჩუენთა, რომელნი-ესე გონიერ და პირმეტყუელ დაბადებულ ვართ ღმრთისა მიერ და სული მოგჳღებიეს თჳთმფლობელი და განკითხვაჲ კეთილისა და ბოროტისაჲ გუაქუს მხილებითა მით შინაგანისა გონებისაჲთა, ვარსკულავთა მიაჩემება? და ნაწილ-თაგან ცისათა განაწესებ, რომელთა არცა თავისა თჳსისაჲ იციან, თუ რაჲ ყოფად არიან, არცა უფალ გონებისა, არცა პატივცემულ პირმეტყუელებითა არიან. დიდ არს უგუნურებაჲ და ცოდვაჲ ცთომილებისა მის ვარსკულავთმრაცხელთაჲსა, არამედ იგინი კმა არიან თავით თჳსით თჳსთავე სიტყუათა დაჴსნად.

ხოლო დაღაცათუ მრავალი მაქუს თქუმად მათისა მის საცთურისათჳს, არამედ არად საჴმარ არს ცუდადმეტყუელებისა მათისათჳს ჩუენიცა მრავლისმეტყუელებაჲ. რამეთუ მრწამს, ვითარმედ მადლითა ღმრთისაჲთა არავინ თქუენგანი ცთომილ არს ესოდენ გონებითა, რაჲთამცა მათი იგი ამაოებაჲ ჰრწმენა. ამისთჳს კუალად მოვიქცეთ ნეშტსა მას სიტყუათა ჩუენთასა და მოგუნი იგი და ვარსკულავი, რომელი იხილეს, შორის შემოვი-ღოთ, რომელსა მოწამედ უგუნურებისა მათისა გონებაცთომილნი იგი მიიღებენ. რაჲ ისწავეს მოგუთა მათ ვარსკულავისა მისგან? შობაჲ მეუფისა ჰურიათაჲსა ისწავესა სიტყჳსაებრ თქუენისა? ჵ ვარსკულავთმრაცხელნო, აწ უკუე გულისჴმა-ყავთ, ვითარმედ უგულისჴმოებითა აღსავსე ხართ. რამეთუ არა ამის წარმავალისა მეფობისა მეუფე იყო იგი, ვითარცა ეტყჳს თავადი პილატეს, ვითარმედ: „მეუფებაჲ ჩემი არა არს ამის სოფლისაგან“.1 ამისთჳსცა არარაჲ ესევითარი აჩუენა, არცა მსახურნი მოიგნა მრავალნი, არცა მეჴრმლენი და ლახუროსანნი წინაუვიდოდეს; არა ჰყვეს სიმრავლენი ჰუნეთა და ცხენთა და ეტლებისანი, არცა სხუაჲ რაჲმე ესევითარი, არამედ მოქალაქობაჲ მოიგო ლიტონი და მდაბალი და სავსე გლახაკებითა და მოწაფედ შეიწყნარნა ათორმეტნი კაცნი გლახაკნი.

და უკუეთუ მეუფეცა ეუწყა მათ შობადი და მისთჳს მოვიდეს, არავე არს ესე საქმე ვარსკულავთმრაცხელობისაჲ, რაჲთამცა ვარსკულავთა ხილვითა ეუწყა საქმე შობადთაჲ მათ; არამედ ჟამისა მისგან შობისაჲსა იტყჳან საქმისათჳს შობილთაჲსა, ვითარ-ეგე თქუენვე იტყჳთ. ხოლო ესენი არცა შობასა მას თანა იყვნეს, არცა ჟამი შობისაჲ მის უწყოდეს, რაჲთამცა მისგან აღრაცხეს და პოეს, თუ ვითარ იყო წამსა მას შობისასა ქცევაჲ იგი ვარსკულავთაჲ, და განაწესესმცა საქმე იგი შობადისაჲ მის; არამედ პირველ

1 იოან. 18,36.

მრავლისა ჟამისა გამოუჩნდა მათ ვარსკულავი სოფელსა მათსა და მოვიდეს ხილვად შობილისა მის. და ესეცა საკჳრველ არს, თუ რომელმან სიტყუამან არწმუნა მათ, რომელთა კეთილთა სასოებამან აღძრნა მოსლვად ესოდენსა გზასა თაყუანის-ცემად მეუფისა. უკუეთუმცა სპარსთა მეუფესა ჰგონებდეს, ანუმცა მამაჲ მისი იცოდეს მეფობასა შინა სპარსეთისასა და მასმცა მოიმადლებდეს, იყომცა რაჲმე სიტყუაჲ. ხოლო აწ მეუფესა ეძიებენ ჰურიათასა ფრიად განშორებულად მათისა ქუეყანისაგან, ჩჩჳლსა უმამოსა ქუეყანასა ზედა. რაჲსათჳს უკუე შეიმთხჳეს ესოდენი შრომაჲ და ძღუენი მოართუეს და მეფე იგი ჰეროდე ერითურთ მისით აღაშფოთეს? რამეთუ არა უმეცარ იყვნეს, თუ ძიებასა მას შობილისა მეუფისასა აღშფოთებად იყო მეფე იგი მის ჟამისაჲ. და მი-რაჲ-ვიდეს და პოეს სახუეველთა შინა, თაყუანის-სცეს. რაჲ იხილეს მუნ სახე მეფობისაჲ? გარნა ქუაბი და ბაგაჲ და ყრმაჲ სახუევლითა და დედაჲ სიგლახაკესა შინა. რად თაყუანის-სცეს ანუ რად შეწირეს ძღუენი კაცთა უცხოთესლთა უცხოჲსა ქუეყანისათა? არა თუ რჩული იყო, რაჲთამცა ყოვლისა სოფლისა შობილთა მეფეთა თაყუანის-ცემაჲ და ძღუნისა მირთუმაჲ თანაედვა. ანუ რასა მოელოდეს მისგან, რომელსა დღეს სიგლახაკესა შინა ხედვენ? მომავალისა ჟამისათჳს, დაღაცათუ მეუფებდეს, რად მოელიან, თუ მოიჴსენოს მან და კეთილი უყოს მათ? ჰხედავა, რავდენი წინააღმდგომი იპოების, უკუეთუ კაცობრივთა გულისსტყუათა ზედა გულისჴმა-ჰყოფდეს ვინ საქმეთა მათ? არამედ მოედით აწ, გონიერად გამოვიძიოთ და სულიერად განვჰმარტოთ ძალი სიტყუათაჲ ამათ. ვყოთ უკუე დაწყებაჲ გულისჴმის-ყოფისაჲ ვარსკულავისა მისგან. რამეთუ უკუეთუ ვისწაოთ, თუ რაჲ იყო ვარსკულავი იგი, ადვილ იყოს ყოვლისავე გულისჴმის-ყოფაჲ, გინა თუ ვარსკულავი იყო ერთი ვარსკულავ-თაგანი, ანუ უცხოჲ იყო ამათ ვარსკულავთაგან, გინა თუ ვარსკულავი იყო ბუნებით, ანუ ხილვაჲ ხოლო აქუნდა ვარსკულავისაჲ.

ამის ყოვლისათჳს ესრეთ გულისჴმა-ვჰყოფთ სიტყუათაგან წმიდისა სახარებისათა, ვითარმედ: არა იყო ვარსკულავი იგი ერთი მრავალთა ამათ ვარსკულავთაგანი. და უფროჲსად ეგრეთ ვიტყჳ, თუ ყოვლადვე არა ვარსკულავი იყო, არამედ ძალი რაჲმე უხილავი, ესევითარსა სახესა შეცვალებული, და ესე საცნაურ არს პირველად სლვისა მისისაგან. რამეთუ არცა ერთი არს ვარსკულავი ესევითარსა სლვასა მავალი, არამედ გინა თუ მზე სთქუა, გინა თუ მთოვარე, გინა თუ სხუანი იგი ვარსკულავნი, ყოველთა ვხედავთ აღმოსავალით დასავალად მავალთა, ხოლო იგი ჩრდილოჲთ სამხრად მივიდოდა, რამეთუ ესრეთ არს სპარსეთი პალესტინეს მიმართ; და ესე საქმე არა ვარსკულავთაჲ არს.

მეორედ, ჟამთა განსლვისა მისისათა საცნაურ არს ესე, რამეთუ არა ღამით გამოჩნდებოდა, არამედ დღისი, ბრწყინვალებასა შინა მზისასა, რომელ-ესე ვერ ჴელ-ეწიფების ვარსკულავთა ყოფად, არცა თუ მთოვარესა, რომელ ყოველთა ვარსკულავთა უბრწყინვალეს არს; არამედ იგიცა, აღ-

მობრწყინდის რაჲ მზე და შარავანდედი ნათლისა თჳსისაჲ მოჰფინის სოფელსა, მეყსეულად დაიფარის და ვერღარა უძლის ნათობად. ხოლო ამან ვარსკულავმან გარდამატებულებითა მით ბრწყინვალებისა თჳსისაჲთა მზისაცა ნათელსა სძლო და უბრწყინვალეს მისა ჩნდა.

მესამედ, ესე იყო საკჳრველი, რომელ ოდესმე ჩნდა და ოდესმე მიეფარვოდა. რამეთუ სპარსეთით პალესტინემდე ჩნდა და უძღოდა მათ, ხოლო შე-რაჲ-ვიდეს იერუსალჱმდ, დაეფარა მათგან. და კუალად, ეზრახნეს რაჲ ჰეროდეს და განვიდეს ქალაქით, ეჩუენა, რომელ-ესე არა ვარსკულავისა საქმე იყო, არამედ ძალისა რაჲსამე პირმეტყუელისა და გონიერისა, და არცა თჳსი აქუნდა სავალი, არამედ ოდეს-იგი ჯერ-არნ სლვაჲ მათი, ვალნ, და ოდეს ჯერ-არნ დგომაჲ, დადგის, ვითარცა პირველ სუეტი იგი ღრუბლისაჲ ისრაჱლთა უჩუენებდა, რაჟამს ჯერ-არნ სლვაჲ, და რაჟამს ჯერ-არნ დაბანაკებაჲ.

მეოთხედ, წესისაგანცა გამოჩინებისა მისისა საცნაურ არს საკჳრველებაჲ ვარსკულავისაჲ მის. რამეთუ არა თუ სამყაროსა შინა დგა და მიერ უჩუენებდა მოგუთა მათ ადგილსა ბეთლემისასა, არცა შესაძლებელ იყო, არამედ ქუეყანად მოვიდა და წინაუვიდოდა მათ. რამეთუ უწყით, ვითარმედ ადგილისა ესრეთ მცირისა, ქუაბისა და ტალავრისა და ყრმისა ჩჩჳლისა, ზეცით ჩუენებად ვარსკულავისა მიერ ძნელ იყო და შეუძლებელ, ვინაჲთგან სიმაღლე ცისაჲ დიდ არს და ქუეყანისაგან უზომოდ განშორებულ, ვითარმცა ისწავეს ზეცას გამოჩინებულისა ვარსკულავისაგან ესრეთ იწროჲ და მცირე ადგილი? არა ჰხედავთა მზესა და მთოვარესა, რომელნი მრავალწილად უზეშთაეს არიან ვარსკულავთასა? არამედ ყოვლისა სოფლისაგან სწორად ჩანან, და ვერვინ სცნობს, თუ რომელსა ქუეყანასა ზედა, ანუ რომელსა სოფელსა ხედვენ, არამედ ყოველთა ესრეთ ჰგონიეს, თუ დამართებით კაცად-კაცადისა აღმობრწყინდებიან. ვითარმცა უკუე ცნეს მოგუთა ზეცას ხილულისა ვარსკულავისა მიერ მცირე იგი ქუაბი, არა თუმცა ქუეყანად მოსრულ იყო და წინაშე მათსა ვიდოდა და ზედამიადგინნა იგინი შობილისა მის ყრმისა, ყოველთა დამბადებელისა? და ამას მოასწავებს მახარებელი და იტყჳს: „და აჰა ვარსკულავი იგი, რომელი იხილეს აღმოსავალით, წინაუძღოდა მათ, ვიდრემდე მოვიდა და დადგა ზედა, სადაცა იყო ყრმაჲ იგი“.1

ჰხედავა, რავდენითა სახითა გამოჩნდების, ვითარმედ არა იყო ვარსკულავი იგი ბუნებითა სხუათა მათ ვარსკულავთაჲთა? ჰრცხუენოდენ უკუე და კდემებოდენ, რომელნი ცუდადმეტყუელებენ და შემწედ ვარსკულავთმეტყუელებისა შემოიღებენ გამოჩინებასა მის ვარსკულავისასა და თავთა თჳსთა აცთუნებენ. ხოლო ვიეთნიმე ეძიებენ, ვითარმედ: რაჲსათჳს ყოვლადვე უჩუენა ღმერთმან ვარსკულავი იგი ესევითარი მოგუ-

1 მათ. 2,9.

თა მათ და მოიყვანა იგინი ბეთლემად? ესე ამისთჳს, საყუარელო, რაჲ-თა უმეტესად ამხილოს უგულისხმოებაჲ ჰურიათაჲ და, უკუეთუ უმადლო იქმნან და ურწმუნო, ვითარცა იქმნესცა, ყოველივე სიტყუაჲ და მიზეზი მიეღოს მათ. რამეთუ ვინაჲთგან ცხორებისათჳს ჩუენისა გარდამოჴდა ზეცით უფალი და იშვა ქალწულისა მისგან წმიდისა და ეგულებოდა ძუელისა მის რჩულისა დაცხრომაჲ და მოწოდებაჲ სოფლისაჲ თაყუანის-ცემად მისა, რაჲთა ზღუასა შინა და ჴმელსა იდიდებოდეს სახელი მისი, ამისთჳს შობასავე თჳსსა მეყსეულად კარი განუღო წარმართთა და მოუწოდა მოგუთა, რომელნი-იგი უმეტეს ყოველთა წარმართთა ურჩულო იყვნეს და უცხო აღთქუმათაგან ღმრთისათა, მისნობასა და გრძნებასა და მსახრვალობასა შექცეულნი, რაჲთა სარწმუნო-ყოს წოდებაჲ იგი წარმართთაჲ და რაჲთა უცხოთესლთა მათ მიერ ამხილოს ჰურიათა, რომელნი-იგი ერად მისა წოდებულ იყვნეს, რომელთა ესმოდა ქადაგებაჲ წინაწარმეტყუელთაჲ მარადღე მოსლვისათჳს მისისა და არა გულისჴმა-ჰყოფდეს. ამისთჳს მოიყვანნა მოგუნი სპარსეთით, რომელნი-იგი მოვიდეს შორით ქუეყანით და ჰურიასტანს შობილსა მას მეუფესა ეძიებდეს, და ჴმითა სპარსთაჲთა ესმა ჰურიათა, რომელ-იგი ჴმითა წინაწარმეტყუელთაჲთა არა ინებეს სმენად, რაჲთა უკუეთუ ჰრწმენეს, აქუნდეს საქმე იგი დიდად მიზეზად და ძალად სარწმუნოებისა. უკუეთუ კულა მაცილობელ და მგმობარ იპოვნენ, მიზეზი ცოდვისა და ურწმუნოებისაჲ ყოვლადვე არა აქუნდეს, არამედ სრულიად დაეყოს პირი მათი.

რამეთუ რაჲ-მე თქუან მიზეზი, რომლისათჳს არა შეიწყნარეს ქრისტე ესოდენთა ქადაგებათა ზედა წინაწარმეტყუელთაჲსა, ოდეს იხილნეს მოგუნი ერთისა ვარსკულავისა ხილვითა მოსრულნი სარწმუნოებით თაყუანის-ცემად მისა? რამეთუ ვითარცა-იგი ნინეველთა ზე იქმნა და კუალად სამარიტელისა მის და ქანანელისა, ესევე მოგუთათჳს გულისჴმა-ყავ. ამისთჳს ეტყოდა უფალი ჰურიათა: „კაცნი იგი ნინევისანი აღდგენ სასჯელსა მას ნათესავისა ამის თანა და დასჯიდენ მას, რამეთუ შეინანეს ქადაგებასა მას იონაჲსსა. და აჰა ესერა უდიდეს იონაჲსსა არს აქა. დედოფალი იგი სამხრისაჲ აღდგეს სასჯელსა მას ნათესავისა ამის თანა და დასაჯოს იგი“.1 ამისთჳს დასაჯონო ნინეველთაცა და დედოფალმან მან სამხრისამან, რამეთუ ფრიად უდარესთაჲ ჰრწმენა მათ, ხოლო ესენი დიდსა ამას საიდუმლოსა და დიდებულსა ურწმუნო ექმნნეს.

კუალად ესეცა შემოვალს ვიეთგანმე საძიებელად, თუ რაჲსათჳს ხილვითა ვარსკულავისაჲთა მოუწოდა მოგუთა და არა სხჳთა სახითა. არამედ რაჲმცა იყო სახე იგი? უკუეთუმცა წინაწარმეტყუელი მიუვლინა, არამცა რწმენა მათ, რამეთუ მოგუნი წინაწარმეტყუელთა არა შეიწყნარებდეს; უკუეთუმცა ზეცით ჴმა-სცა, არაჲვემცა შეჰრაცხეს; უკუეთუმცა ანგელო-

1 მათ. 12,41-42.

ზი ეტყოდა, განცჳბრდესმცა. ამისთჳს ესე ყოველი დაუტევა ღმერთმან და უძლურებისაებრ მათისა ყო წოდებაჲ იგი საქმითა მით, რომელსა ჩუეულ იყვნეს იგინი ძიებად ჴელოვნებითა მით თჳსითა, და უჩუენა სახე ვარსკულავისა მის საკჳრველისაჲ; და იხილეს რაჲ, რომელ არასადა ეხილვა, ეუწყა გონებათა მათთა მადლითა ღმრთისაჲთა საიდუმლოჲ ქრისტეს შობისაჲ და ცნეს, ვითარმედ მისთჳს ეჩუენა ვარსკულავი იგი, და წარემართნეს თაყუანის-ცემად მისა, და ხედვიდეს რაჲ სიდიდესაცა და ბრწყინვალებასა მისსა და უცხოსა მას სახესა სლვისა მისისასა, უმეტესსა სარწმუნოებასა მოვიდოდეს. ეგრეთვე პავლეცა მოციქულმან ქმნა, ეტყოდა რაჲ ათინელ-თა: დაწყებაჲ სიტყჳსა თჳსისაჲ წესისა მისგან ყო, რომელსა იგინი ჩუეულ იყვნეს, და ბომონი სამსახურებელთა მათთაჲ აჴსენა და სიტყუანი მათთა მათ სიტყჳსმოქმედთანი აჴსენნა წამებად თჳსისა მის ქადაგებისა. ეგრეთვე კუალად წინადაცუეთაჲ ტიმოთესი თავს-იდვა, რაჲთა შეწყნარებულ იყოს სწავლაჲ მისი ჰურიათა მიერ, და გულსავსე-ყოფისათჳს რჩულსა ქუეშე მყოფთაჲსა თავს-იდვა შესაწირავისა აღსრულებად, რაჲთა შეუძლოს დაწყებად სწავლისა მათა მიმართ. რამეთუ ვინაჲთგან კაცად-კაცადისა საყუარელ არს ჩუეულებაჲ და წესი თჳსი, ამისთჳს ღმერთიცა და მის მიერ მოვლინებულნი მოციქულნი ცხორებისათჳს სოფლისა ამით სახითა განაწესებენ ქადაგებისა დაწყებასა.

ამისთჳს უკუე ნუ უღირსად გიჩნს ესე, რომელ ვარსკულავისა მიერ უწოდა მათ. უკუეთუ არა, ამით სახითა ყოველივე იგი ძუელისა რჩულისაჲ შეურაცხ-ჰყო: შესაწირავნი იგი და მსხუერპლნი საკუერთხებითურთ, განწმედანი იგი და თუეთა თავნი და კიდობანიცა იგი და ტაძარი; რამეთუ ვინაჲთგან ჩუეულებაჲ ქმნილ იყო შესაწირავთა და მსხუერპლთაჲ, რომელ-თა შესწირვიდეს კაცნი ეშმაკთა მიმართ, ენება ღმერთსა მოწყუედაჲ მათი ეშმაკთა მონებისაგან; და სიზრქისათჳს და უგულისჴმოებისა ჰურიათაჲსა არა ჰრქუა სრულიად აკრებაჲ მსხუერპლისაჲ, არამედ ესე უბრძანა, რაჲთა მისა შესწირვიდენ, რაჲთა ეშმაკთა მონებისაგან მონებად ღმრთისა მოიქცენ და შესწირვიდენ მისა შესაწირავსა და საკუერთხსა ვერძთასა, ზუარაკთასა და ბევრეულსა კრავთა მართებულთასა, ვითარცა დანიელ იტყჳს. არა თუ საჴმარ იყვნეს მისა შესაწირავნი იგი ზუარაკთა და ვაცთანი, ვი-თარცა იტყჳს პირითა დავითისითა, ვითარმედ: „არა ვჭამ მე ჴორცსა ზუარაკთა შენთასა, არცა სისხლსა ვაცთა შენთასა ვსუამ მე“.1 ესე იგი არს, ვითარმედ: არა თუ შესაწირავნი ეგე მიჴმან მე, „რამეთუ ჩემი არს ყოველი მჴეცი მაღნარისაჲ, ნადირი მთათაჲ და ყოველი პირუტყჳ; ვიცნი მე მფრინველნი ცისანი, და შუენიერებაჲ ველთაჲ ჩემ თანა არს“.2

არა საჴმარ იყვნეს უკუე, ვითარცა ვთქუ, შესაწირავნი იგი და მსხუერპლნი ღმრთისადა, არამედ სიზრქესა გონებისა მათისასა და ჩუეულებისა

1 შდრ. ფსალმ. 49,12. 2 შდრ. ფსალმ. 49,9-11.

მათისა წესსა მიჰყვა, რაჲთამცა წუთერთ შესწირვიდეს მისა მსხუერპლებსა მას და მოიქცესმცა ეშმაკთა ზორვისაგან, და ამისა შემდგომად მსხუერპლთაცა და მრგულიადდასაწუველთამცა წესი აღიღო და უსისხლოჲსა მის მსხუერპლისა შეწირვაჲ გუასწავა, რომელ-ესე იქმნა მოსლვითა მით მხოლოდშობილისა ძისა ღმრთისაჲთა. ამის ესევითარისა სახისათჳს მოგუთაცა ვარსკულავისა ხილვითა მოუწოდა, რამეთუ ესრეთ იყო წესი ჩუეულებისა მათისაჲ. ხოლო მო-რაჲ-იყვანნა ბეთლემდ და წარმოადგინნა ბაგასა ზედა და იხილეს მეუფჱ იგი მეუფეთაჲ და უფალი უფლებათაჲ შეხუეული სახუეველითა, ყრმაჲ ახალი, პირველ საუკუნეთა ღმერთი, იხილეს და ჰრწმენა და თაყუანის-სცეს და შეწირეს ძღუენი რჩეული. მერმე არღარა სახითა ვარსკულავისაჲთა ეტყოდა, არამედ ანგელოზი მოუვლინა მათ, რომელი უძღოდა გზასა ჯეროანსა, რამეთუ მცირე-მცირედ აღსრულ იყვნეს გულისჴმის-ყოფისა კიბესა.

ესრესახედ ასკალონელთაცა ზედა და გაზელთა ქმნა ღმერთმან. რამე-თუ მი-რაჲ-ვიდა კიდობანი ხუთთა მათ ქალაქთა, და მოწყლნა იგინი წყლულებითა ბოროტითა და გუემითა ფიცხლითა, და კურნებაჲ ბოროტისაჲ მის ვერარაჲთ პოეს, მაშინ ყვეს კრებაჲ დიდი განზრახვად საქმისა მისთჳს და მოუწოდეს ქურუმთა და მისანთა და ჰკითხვიდეს, თუ რაჲ ყოფად-უც ამის ჯერისათჳს. ხოლო მისანთა მათ ჰრქუეს: „ქმენით ურემი ახალი და შეაბენით ორნი დიაკეულნი პირმშონი უმწყნი და ჴბონი მათნი დაიყენენით და კიდობანი იგი შჯულისა ღმრთისაჲ დადგით ურემსა მას ზედა და წარავლინეთ. უკუეთუ წარვიდეს საზღვართა მისთა ბეთსამით კერძო, და არცა უმეცრებისათჳს გზისა მის მიდრკენ დიაკეულნი იგი მარჯულ გინა მარცხლ, არცა ჴმასა მას ჴბოთა მათთასა მართლუკუნიქცენ, ვცნათ, ვი-თარმედ ჴელმან უფლისამან ტანჯნა ქალაქნი ესე. უკუეთუ არა წარვიდენ მართლიად, არამედ გინა თუ უმწყთა მათ დიაკეულთა უღელი შემუსრონ, ანუ უმეცრებისათჳს გზისა სხუად წარვიდენ, ანუ სურვილითა ჴბოთა მათ-თაჲთა მართლუკუნიქცენ, საცნაურ იყოს, ვითარმედ არა მან ავნო ქალაქთა ამათ, არამედ შემთხუევით რაჲმე შეემთხჳა სენი ესე“.1 ვინაჲთგან ესრეთ თქუეს მისანთა მათ და ქმნეს მთავართა სიტყჳსაებრ მათისა, დაამტკიცა ღმერთმან სიტყუაჲ იგი მისანთაჲ და აღასრულა, რომელი მათ სასწაულად დაედვა. არა თუ სიტყუაჲ მისანთა და ქურუმთაჲ სათნო იყო ღმრთისა, არამედ გონებასა მას უგულისჴმოებისა და სიზრქისა მათისასა მიაყვანა საქმე იგი და არა უღირს-იჩინა სიტყუასა მას მისანთასა დამტკიცებად საქმით და ჩუენებად ერისა, ვითარმედ რაჲ-იგი მათ თქუეს, საქმით აღესრულა; არამედ იხილა რაჲ, ვითარმედ სარგებელ არს საქმე იგი მრავალთადა, რაჟამს წინამძღუარნი წინააღმდგომთანი მოწამე იყვნენ ჭეშმარიტებისა მის და ძლიერებისა ღმრთისა, საქმით განაგო სიტყჳსა მათისა დამტკიცებაჲ.

1 შდრ. 1 მეფ. 6,7-9.

ეგრეთვე კუალად საქმე იგი ულუკისაჲ მის მუცლითმეზღაპრისა, რომელი იქმნა საულის ზე, ამისვე განგებულებისა წესსა მსგავს არს, და სხუაჲ ესევითარი მრავალი იპოების, რომელი ქმნა ღმერთმან განგებულებით უძლურებისათჳს კაცთაჲსა, თანამიყოლად ჩუეულებისა მათისა, რაჟამს იხილოს საქმისა მისგან სარგებელი სულთაჲ მათ, რომელთა მიმართ იყოს საქმე იგი. ამისთჳს მოგუთა მათცა წესისა მისებრ ჩუეულებისა მათისა ვარსკულავისა მიერ უწოდა, უცხოჲსა და საკჳრველისა. ხოლო იხილეს რაჲ უფალი და ჰრწმენა, მერმე პირითა ანგელოზისაჲთა ეტყოდა.

აწ უკუე ვარსკულავისა მისთჳს ესოდენ არს ჩემ მიერ თქუმული, ხოლო თქუენ მიერ უმეტესისაცა შესაძლებელ არს გულისჴმის-ყოფად, რამე-თუ წერილ არს: „ეც მიზეზი ბრძენსა, და უბრძნეს იყოს“.1

ხოლო აწ სიტყუაჲვე სახარებისაჲ ვაჴსენოთ, რომელი-ესე აწ აღმოვიკითხეთ, რამეთუ იტყჳს: „ხოლო იესუ ქრისტეს შობასა ბეთლემს ჰურიასტანისასა, დღეთა ჰეროდე მეფისათა, აჰა მოგუნი აღმოსავალით მოვიდეს იერუსალჱმდ“. რაჲსათჳს აჴსენებს ჟამსა მას და სახელსა ადგილისასა: „ბეთლემს ჰურიასტანისასაო“ და „დღეთა ჰეროდე მეფისათა“? ამისთჳს აჴსენა მეფობაჲ, რამეთუ სხუაჲცა იყო ჰეროდე, რომელმან მოკლა იოვანე ნათლისმცემელი, არამედ იგი მთავარი იყო ოთხთა სამთავროთაჲ და არა მეფე.

ხოლო ადგილსა და ჟამსა ამისთჳს იტყჳს, რაჲთა აღგჳჴსენოს წინაწარმეტყუელებაჲ იგი მიქეაჲსი, რომელსა იტყჳს: „და შენ, ბეთლემ, ქუეყანაჲ ეგე იუდაჲსი, არასადმე უმრწემეს ხარ მთავართა შორის იუდაჲსთა, რამე-თუ შენგან გამოვიდეს მთავარი, რომელმან დამწყსოს ერი ჩემი ისრაჱლი“;2 და კუალად წინაწარმეტყუელებაჲ იგი იაკობ მამათმთავრისაჲ, ვითარმედ: „არა მოაკლდეს მთავარი იუდაჲსგან, არცა წინამძღუარი წყვილთაგან მის-თა, ვიდრემდის მოვიდეს, რომლისა-იგი განმზადებულ არს, და არს იგი სასოებაჲ წარმართთაჲ“.3 რამეთუ სიტყუათა ამათ მიერ კეთილად გამოგ-ჳსახა მამათმთავარმან ჟამი იგი კურთხეული ქრისტეს მოსლვისაჲ და წარმართთა შეწყნარებისაჲ.

ხოლო ესეცა ღირს არს ძიებისა, ვითარმედ იხილეს რაჲ მოგუთა ვარსკულავი იგი, სიტყუაჲ მისგან არა ესმა. რაჲ ცნეს, თუ მეუფისა მის ჰურიასტანს შობილისათჳს იქმნა გამოჩინებაჲ მისი? არამედ ესრეთ გულისჴმაყავთ, ვითარმედ ღმერთმან, რომელმან-იგი ვარსკულავი წინამძღურად მისცა, მან შინაგან გულთა მათთა გულისჴმა-უყო საქმე იგი შობისა თჳსისაჲ და აღძრნა სულნი მათნი სურვილად ხილვისა მისისა. ვითარცა-იგი პირველ გულსა კჳროს მეფისასა დაარწმუნა უხილავად განტევებაჲ ტყუეობისაგან ერი ჰურიათაჲ, ეგრეთვე აქა გულსა ამათსა შთაუთესა გულისჴმის-ყოფაჲ თჳსისა შობისაჲ. ხოლო მათ შეიწყნარეს და შეუდგეს ვარსკულავსა მას,

1 იგავ. 9,9. 2 მათ. 2,6; შდრ. მიქ. 5,2. 3 დაბ. 49,10.

რაჲთა მისისაცა მადლისა საკჳრველებაჲ გამოჩნდეს და მათისაცა სულისა მორჩილებაჲ, რამეთუ არა თუ სიტყუაჲ ესე წესსა მას თჳთმფლობელობისასა დაჰჴსნის, არამედ ღმრთისა მიერცა მივლინებულსა მადლსა გამოა-ჩინებს და მათსაცა კეთილსა ნებასა, ვითარცა-იგი პავლეს უწოდა რაჲ ზეცით, თჳსიცა მადლი და მისიცა მორჩილებაჲ გამოაჩინა. და ამასცა იტყჳნ ვინმე, ვითარმედ: რად არა ყოველსა მას ქუეყანასა სპარსეთისასა გამოუცხადა საქმე იგი დიდებული? ესე ამისთჳს, რამეთუ იცოდა, ვითარმედ არა ჰრწმენეს სხუათა მათ, არამედ რომელნი-იგი წინაჲსწარ იცნა, ვითარმედ ეგულების შეწყნარებაჲ სიტყჳსაჲ მის, მათცა უწოდა, რამეთუ უაღრეს და უკეთეს ყოველთასა იყვნეს. ვითარცა-იგი პირველ, არა თუ სხუანი ქალაქნი და ნათესავნი არა იყვნეს ცოდვასა შინა და წარწყმედასა, და მრავალნი დაიქცეს ურჩულოებათა მათთათჳს, არამედ ნინეველთა ხოლო მოუვლინა წინაწარმეტყუელი, რამეთუ იცოდა, ვითარმედ ეგულებოდა მათ მოქცევაჲ; და ორნი ავაზაკნი იყვნეს ჯუარსა ზედა, არამედ ერთი ხოლო ცხონდა. რამეთუ ღმერთსა კაცნი თჳთმფლობელად დაუბადებიან: რომელთა თანა იხილოს გონებაჲ კეთილი, მოუვლენს მადლსა თჳსსა შეწევნად და მოქცევად საცთურისაგან, ხოლო რომელთაჲ იცოდის, ვითარმედ არა მოქცევად არიან, არამედ უკურნებელ არს სენი მათი, მრავალგზის დაუტეობს, რაჲთა არა უმეტესი სასჯელი შეემთხჳოს, ვითარცა-იგი ჰურიათა შეხუდა. აწ იხილეთ მოგუთა მათ სიკეთე, არა მოსლვისათჳს ოდენ ესოდენსა მას გზასა, არამედ კადნიერებისათჳსცა, რომელ აჩუენეს ჰეროდეს და ერსა მას ჰურიათასა, ვითარ ჴმამაღლად აღიარეს საქმე იგი და იტყოდეს: „სადა არს შობილი იგი მეუფჱ? რამეთუ ვიხილეთ ვარსკულავი მისი აღმოსავალით და მოვედით თაყუანის-ცემად მისა“.

ხოლო ესენი წარ-რაჲ-ვიდეს ქუეყანად თჳსად, მოძღუარ იქმნეს ერისა მის თჳსისა და მიუთხრეს შობაჲ მეუფისა ქრისტესი და საკჳრველი იგი, რომელ იხილეს. რამეთუ რომელთა-იგი არცა გულისწყრომასა ჰეროდესსა, არცა შფოთსა ჰურიათასა ჰრიდეს პირველვე ქრისტეს თაყუანის-ცემისა, არამედ ჴმამაღლად ჭეშმარიტი ქადაგეს, ვინაჲთგან იხილეს უფალი და განმტკიცნეს სარწმუნოებითა და ბრძანებაჲ მოიღეს ანგელოზისაგან და წინაწარმეტყუელისა წამებაჲ ესმა, ოდესღამცა დაიდუმეს მითხრობად დიდებულებასა მას ქრისტესსა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა ესმა ჰეროდე მეფესა, შეძრწუნდა, და ყოველი იერუსალჱმი მის თანა“ (2,3).

თ ა რ გ მ ა ნ ი: შეშფოთნა ჰეროდე და შეძრწუნდა, რამეთუ მეფობისა თჳსისა და შვილთა თჳსთათჳს ეშინოდა, ნუუკუე წინააღმდგომ ექმნას და დამჴსნელ შობილი იგი მეუფჱ. ხოლო იერუსალჱმი რაჲსათჳს შეძრწუნდა, ანუ რად აღშფოთნეს ჰურიანი? ვინაჲთგან ესმოდა მარადღე წინაწარმეტყუელთა მიერ, რომელნი მიუთხრობდეს მაცხოვრისა და ქველისმოქმედისა განმათავისუფლებელისა მოსლვასა, რაჲსათჳს უკუე შეშფოთნეს, რომლისა მიზეზისათჳს? გარნა მითვე გონებითა, რომლითა პირველ ქველისმოქმედებათა მათგან ღმრთისათა გარემიიქცეოდეს და დიდთა მათ სასწაულ-თა შინა და ფრიადსა მას აზნაურებასა იჴსენებდეს ჴორცსა მას ეგჳპტისასა და ხახუსა და სხუასა მას შეურაცხსა ქცევასა მათსა1 და იტყოდეს: უმჯობეს იყო ჩუენდა მონებაჲ იგიო და თიჴისა და ალიზისა საქმჱ, ვიდრე უდაბნოჲსა ესე თავისუფლებით სლვაჲ და მანანაჲსა ჭამაჲ.

ეგრეთვე ესენი იშიშვოდეს, ნუუკუე მოვიდეს მეუფე იგი სახიერი და დააყენნეს იგინი გზათა მათგან ურჩულოებისა მათისათა, რამეთუ ესმოდა წინაწარმეტყუელთა მიერ, ვითარმედ: მოძულე არს იგი ბოროტისაჲ და მოყუარე კეთილისაჲ, ვითარცა იტყჳს დავით: „შეიყუარე სიმართლე და მოიძულე ურჩულოებაჲ“;2 და ესაია ღაღადებს: „შჯიდეს სიმართლისა სასჯელითა და ამხილებდეს დიდებულთა ქუეყანისათა; და მოსრას ქუეყანაჲ სიტყჳთა პირისა მისისაჲთა და სულითა ბაგეთა მისთაჲთა აღჴოცოს უღმრთოჲ. და იყვნეს სიმართლითა მორტყმულ წელნი მისნი და ჭეშმარიტებითა მომტკიცებულ გუერდნი მისნი“.3 ამის სახისათჳს შეშფოთნეს ჰურიანი იგი ბოროტისმოყუარენი. ხოლო განიხილე წინაწარმეტყუელთა ჭეშმარიტებაჲ და ყოვლისავე წინაწარმეცნიერებაჲ სულისა მიერ წმიდისა, რამეთუ ესეცა უკეთური გულისსიტყუაჲ ჰურიათაჲ და შფოთი გულისა მათისაჲ შობისათჳს ქრისტესისა, და ვითარ ძნელად აღუჩნდა მათ, პირველითგანვე ცნო სულითა ესაია, ამისთჳსცა იტყოდა: „ინებონ, უკუეთუმცა იყვნეს ცეცხლით შემწუარ, რამეთუ ყრმაჲ იშვა ჩუენდა, და ძე მოგუეცა ჩუენ“.4

ჯერ-იყო უბადრუკთა მათდა სიხარული ფრიადი, რამეთუ იშვა მათ შორის მეუფე იგი სახიერი და სპარსნი მოიყვანნა თაყუანის-ცემად მისა. და მისგან გულისჴმა-ყვესმცა და თქუეს, ვითარმედ: ყოველნი დამორჩილებად არიან ჩუენისა ამის მეუფისა, და არღარა მაქუნდეს შიში ტყუეობისაჲ, არამედ ჩუენ ვიყვნეთ უფალ სხუათა წარმართთა; რამეთუ უკუეთუ აწ ოდენ შობილისა ამისგან ესრეთ ძრწიან, უკუეთუ აღიზარდოს, მაშინ უმეტესად ძრწოდინ ყოველნი მისგან, და ვიქმნეთ ჩუენ უბრწყინვალეს ყოველთა ნა-თესავთა. არამედ არარაჲ ესევითარი გულისჴმა-ყვეს, არცა განიფრთხვეს უკეთურებისაგან თჳსისა, რამეთუ დიდ იყო დაჴსნილობაჲ მათი და შური, რომლისათჳსცა არა ენება ყოვლადვე შობაჲ იგი ქრისტესი უმადლოთა მათ და უგულისჴმოთა.

1 შდრ. რიცხ. 11,4-5. 2 ფსალმ. 44,8. 3 ესაია 11,4-5. 4 ესაია 9,5-6.

სწავლაჲ ვ: ვითარმედ კეთილ არს საღმრთოჲ იგი გლოაჲ და ბოროტ არს სიცილი, და ვითარმედ ფრიად მავნებელ არს ხედვაჲ თეატრონთა და სახიობათაჲ

ხოლო ჩუენ, საყუარელნო, ორივე ესე ვნებაჲ დაჴსნილებისა და შურისაჲ სრულიად განვიოტოთ გონებათაგან ჩუენთა. და რად ვიტყჳ ორ-თა ამათ ხოლო ვნებათა? ყოველი მიზეზი ცოდვისაჲ და ყოველი ნაყოფი ღუარძლისაჲ მის, მტერისა მიერ დათესულისაჲ, ვიღუაწოთ აღმოფხურად გულთაგან ჩუენთა, რამეთუ გჳღირს, რაჲთა ცეცხლებრ შემწუველ ვიყვნეთ ნივთსა მას ცოდვისასა. ამისთჳს იტყოდა უფალი: „ცეცხლისა მოვედ მოფენად ქუეყანასა და რაჲ მნებავს, რაჲთა აწვე აღეგზნას!“1 და სული წმიდაჲ მო-რაჲ-ვიდა მოციქულთა ზედა, ამისთჳს ეჩუენნეს მათ ენანი ცეცხლისანი, რაჲთა ვისწაოთ, ვითარმედ უჴმს მორწმუნეთა ცეცხლისა უმჴურვალეს ყოფაჲ ბრძოლასა მას ეშმაკისასა. და ვითარცა ცეცხლმან მსწრაფლ დაწჳს თივაჲ, ეგრეთ ვიყვნეთ შემწუველ ძალსა მას ცოდვისასა, ვითარცა-იგი იყო მოციქული პავლე, უმძაფრეს ალისა ცეცხლისა, დამწუველ ეშმაკთა და განმაქარვებელ ყოვლისავე ძალისა მათისა და დამჴსნელ მრავალღონეთა მათ ბრძოლათა მათთა. ამისთჳს მსწრაფლ წარჴდა ქუეყანისათა და ზეცისათაცა არსთა და არაარსთა და წარმოუდგა ქრისტესა მეუფესა სიყუარულითა მით მიუთხრობელითა.

ხოლო ჩუენ თოვლისა უგრილეს ვართ და მტუერისა უუძლურეს კე-თილთა საქმეთა შინა. და უკუეთუ სახე იგი პავლესი და მიმსგავსებაჲ მისი დიდად გიჩნს, ესრეთცა ცუდ არს სიტყუაჲ ესე. რამეთუ პავლეცა კაცი იყო ჴორციელი, ვითარცა ჩუენ, და არა შეუძლებელ არს ბაძვაჲ სათნოებათა მისთაჲ; არამედ რაჲთა არა ცილობასა ვიქმოდით, თანაწარვჴდეთ პავლეს და სხუათა მათ მოციქულთა და შემდგომნი მათნი გულისჴმა-ვყვნეთ, რომელთა დაუტევეს ყოველივე და შეუდგეს მოძღურებასა მოციქულთასა, განეშორნეს ყოველთაგანვე ზრუნვათა და უცალოებათა და სწავლასა ოდენ მოციქულთასა შეექცეს, რამეთუ შევიდა ცეცხლი იგი საღმრთოჲ გულად მათა და არარაჲ დაუტევა გულისთქუმაჲ სოფლისაჲ, არამედ ყოველივე დაწუა. ეგრეთვე შემდგომითი შემდგომად ყოველთა წმიდათა შეიწყნარეს ცეცხლი იგი გულთა თჳსთა, რომლისა მოფენად მოვიდა უფალი, და ფრთოან იქმნეს სულიერითა მით ტრფიალებითა და შეურაცხ-ყვეს ყოველი შუებაჲ, ყოველი დიდებაჲ და სიმდიდრე სოფლისაჲ. და რად ვიტყჳ შუებასა და დიდებასა? სულნიცა თჳსნი მისცნეს სიყუარულისათჳს ქრისტესისა: რომელთამე წამებითა დასთხინეს სისხლნი, და სხუათა მოღუაწებითა უარ-ყვნეს თავნი და ჴორცნი მოაკუდინნეს.

1 ლუკ. 12,49.

რამეთუ ცეცხლისა მის დიდებულისა მჴურვალებაჲ შევიდეს რაჲ სულსა კაცისასა, ყოველსა დაჴსნილებასა იოტებს და ფრთოან-ჰყოფს სულსა მას ღმრთისა მიმართ და შობს მის შორის ლმობიერებასა სულიერსა და აღმოაცენებს წყაროსა ცრემლთასა, რომელთაგან იქმნების სიტკბოებაჲ ფრიადი. რამეთუ არარაჲ ესრეთ შეაერთებს და მიაახლებს სულსა ღმრთისასა, ვითარცა ცრემლნი იგი ესევითარნი. რომელსა აქუნდეს ესე ცრემლნი, დაღაცათუ ქალაქსა შინა იყოს, ვითარცა უდაბნოჲსა მყოფი და ქუაბთა შინა დამკჳდრებული არს, რომელი-იგი არცა ვის ხედავნ, არცა ვის განიკითხავნ, არცა სოფლისა საქმეთაგანი რაჲმე სწადინ, არამედ ზინ სენაკსა თჳსსა, და განძღომაჲ გოდებისაჲ მის არა არნ - გინა თუ თჳსთა ცოდვათათჳს, გინა თუ მოყუსისათა.

ამისთჳსცა უპირატეს ყოველთასა ამათ ჰნატრის უფალი და იტყჳს: „ნეტარ იყვნენ მგლოარენი, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იქმნენ“.1 არამედ მომიგებენ ვიეთნიმე, ვითარმედ: უკუეთუ ესე ესრეთ არს, რად იტყჳს პავლე მოციქული: „გიხაროდენ მარადის უფლისა მიერ“?2 უწყოდეთ უკუე, ვითარმედ ესევითართა ამათ ცრემლთა მიერ მომავალსა მას სიტკბოებასა სიხარულად სახელ-სდვა მოციქულმან. რამეთუ ვითარცა სიხარულსა მას სოფლისასა თანაშეერთებულად აქუს მწუხარებაჲ, და არა არს სოფელსა ამას შინა სიხარული, რომელსამცა არა შეერთვოდა მწუხარებაჲ, ეგრეთვე საღმრთოსა მას გლოვასა და ცრემლთა აქუს მადლი სიხარულისა მის სულიერისაჲ, რამეთუ აქავე მხიარულ-ჰყოფენ და ნუგეშინის-სცემენ სულსა და მერმესა მას საუკუნესა მოატყუებენ უოხჭნოსა მას და სამარადისოსა სიხარულსა.

ესე ცეცხლი აღეგზნა გულსა შინა მის მეძვისასა და ყო იგი უწმიდეს ქალწულთასა. რამეთუ განჴურდა რაჲ სინანულითა და აღეტყინა მის შორის სურვილი ქრისტესი, მირბიოდა მისა და დაალტვნა წმიდანი იგი ფერ-ჴნი მისნი ცრემლითა და თმითა თავისა მისისაჲთა წარჰჴოცნა, ამბორსუყოფდა ფერჴთა მისთა და სცხებდა ნელსაცხებელსა; და ამას იქმოდა გარეშითა კაცითა, ხოლო შინაგან ფრიად უმჴურვალეს იყო ლმობიერებაჲ მისი და გლოვაჲ, რომელსა-იგი მხოლოჲ ღმერთი ხედვიდა. ამისთჳსცა ყოველთავე ცოდვათა მისთა მეყსა შინა პოა შენდობაჲ, და ესე არა საკჳრველ არს წყალობისაგან ღმრთისა; რამეთუ ჩუენ უკეთურნი ესე და უსახურნი სმენითა ოდენ ლმობიერებისა მისისაჲთა ღირსად შენდობისა შეგჳრაცხიეს იგი, რავდენ უმეტესად ღმერთსა, სახიერსა მას და ტკბილსა, შეეწყალამცა იგი? და ჭეშმარიტად შეიწყალა და ყოველნივე ბრალნი აღუჴოცნა და ბევრეული კეთილი მიანიჭა.

რამეთუ ვითარცა წჳმამან მძაფრმან განაქარვის მტუერი, ფრიადისა სიჴმელისაგან აღძრული ქუეყანასა ზედა, ეგრეთვე მდინარე ცრემლთაჲ

1 მათ. 5,4. 2 ფილიპ. 4,4.

წარჰრღუნის და განაქარვებს არმურსა მას და ნისლსა ცოდვათასა. და ვი-თარცა-იგი წყლისა მიერ და სულისა განვწმიდენით პირველთა ცოდვათაგან, ეგრეთვე კაცთმოყუარებისათჳს ღმრთისა და მრავლისა მის სახიერებისა, ცრემლთა მიერ და აღსაარებისა კუალად განვწმდებით შემდგომად პირველისა მის განწმედისა ქმნულთა ცოდვათაგან, უკუეთუ ოდენ არა იყვნენ ცრემლნი იგი მაჩუენებლობით და ზუაობით. რამეთუ რომელი ესრეთ ცრემლოოდის, გინა კაცთმოთნებით ანუ ზუაობით, არარაჲ ყოვლადვე აქუნდეს სარგებელი ცრემლთა მათგან, არამედ უფროჲსღა ბრალი. რამე-თუ მათ ცრემლთა ვეძიებდე, რომელნი ლმობიერებითა მით სიმდაბლისაჲ-თა დიოდიან სახილველად უფლისა და არა კაცთა, რომელნი-იგი აღმოეცენებოდიან ფარულად საუნჯეთა შინა უხილავთა, რომელთა არცა ვინ ხედვიდეს, არცა ესმოდის, გარნა მხოლოსა ღმერთსა, რომელნი სიღრმე-თაგან გულისათა მწუხარებისა მისგან საღმრთოჲსა და სიხარულისა მომატყუებელისა აღმოცენდენ, რომელთა მიზეზი სხუაჲ არარაჲ იყოს, გარნა შიში ღმრთისაჲ ანუ სიყუარული.

ესრეთ ცრემლოოდა დავით, რომელი იტყჳს: „დავშუერი მე სულ-თქუმითა ჩემითა, დავბანე მარადღე ცხედარი ჩემი, ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტვე“;1 „და მექმნეს მე ცრემლნი ჩემნი საჭმლად ჩემდა დღე და ღამე“;2 „და სასუმელი ჩემი ცრემლითა ჩემითა გავზავე“.3 ესრეთ ცრემლოოდა ანნა, რომლისათჳს წერილ არს, ვითარმედ: „ილოცვიდა ღმრთისა მიმართ ტირილით, ბაგენი მისნი იძრვოდეს, და ჴმაჲ მისი არა ისმოდა“,4 არამედ ცრემლნი იგი უმაღლეს ნესტჳსა ჴმობდეს ღმრთისა მიმართ; ამისთჳსცა მეყსეულად ესმა მისი უფალსა და მისცა თხოვაჲ მისი.

უკუეთუ შენცა ესრეთ სტიროდი, ძმაო, მიემსგავსო არა წმიდათა ოდენ, არამედ თავადსაცა მეუფესა. რამეთუ იგიცა ცრემლოოდა ბუნებითა მით კაცობრივითა ლაზარეს ზედა და ქალაქსა მას ზედა და იუდაჲსთჳს. და ესე მრავალგზის ქმნა, ვითარცა ვპოებთ წმიდასა სახარებასა შინა. ხოლო განცინებაჲ მისი არასადა გჳპოვნია, არცა თუ ღიმილი უთქუამს მისთჳს მახარებელთაგანსა ვის. ეგრეთვე პავლე ფრიად ცრემლოოდა, ვითარცა წამებენ ყოველნი მისთჳს; და იგი თავადი იტყჳს, ვითარმედ: „ვჰმონებ უფალსა ყოვლითა სიმდაბლითა და ცრემლითა და განსაცდელითა“.5 ხოლო სიცილი არცა მან თქუა თავისა თჳსისათჳს, არცა სხუამან ვინ თქუა მისთჳს გინა სხჳსა ვისთჳსმე წმიდათაგანისა; არამედ სარრაჲსათჳს ხოლო თქუმულ არს ესე, რომლისათჳსცა ემხილა მას ბრალობით. და კუალად ძისა მისთჳსცა ნოესა თქუმულ არს სიცილი, რომლისათჳს წარწყმიდა აზნაურებაჲ თჳსი და მონა იქმნა. და ამას ვიტყჳ, არა თუ რჩულსა დაგიდებ, რაჲთა ყოვლადვე არა იცინოდით, რამეთუ ჟამსა თჳსსა განცინებაჲცა წესიერი შესანდობელ

1 ფსალმ. 6,7. 2 ფსალმ. 41,4. 3 ფსალმ. 101,10. 4 შდრ. 1 მეფ. 1,12-13. 5 საქმე 20,19.

არს. თჳნიერ განცხრომისა უწესოჲსაგან გაყენებ, რამეთუ მავნებელ არს ესე ფრიად და მრავალთა ბოროტთა მიზეზ.

რაჲსათჳს უკუე განსცხრები და იმღერი, კაცო, რომელსა ესოდენ-თა თანანადებთა გარდაჴდაჲ თანაგაც და საშინელსა მას სამსჯავროსა გეგულების წარდგომად და სიტყჳს-მიცემაჲ თითოეულად ყოველთათჳს საქმეთა შენთა? რამეთუ მუნ ყოველთავე ცოდვათათჳს ნეფსითთა და უნებლიეთთა სიტყჳს-მიცემაჲ თანაგუაც, და ნუ ურწმუნო ხარ ამას, თუ უნებლიეთთა ცოდვათათჳს სიტყჳს-მიცემაჲ გჳჴმს. ისმინე, რასა იტყჳს უფალი: „რომელმან უარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უარ-ვყო იგი წინაშე მამისა ჩემისა“.1 და უწყით, ვითარმედ უნებლიეთ არს ცოდვაჲ ესე სატანჯველთა მიერ კერპთმსახურთაჲსა, რომელთა თავს-დებად ვიეთმე ვერ უძლეს და შთავარდეს უარის-ყოფასა; არამედ იხილეთ, ვითარისა სატანჯველისა თანამდებ იქმნებიან, უკუეთუ არა სინანულითა მჴურვალითა ღირს იქმნენ შენდობასა. არარაჲ არს უკუე ცოდვაჲ, რომლისათჳს არა პატიჟისა თანამდებ ვართ, გინა თუ ნეფსითი იყოს, გინა თუ უნებლებით, ცებნით, გინა თუ უცებნელნი; ვითარცა იტყჳს მოციქული, ვითარმედ: „არარაჲ თავსა ჩემსა შემიცნობიეს, არამედ არა თუ ამით რასმე განვმარ-თლდები“;2 გინა თუ მეცნიერებით ვცოდოთ, გინა თუ უგულისჴმოებით და ცთომით, ვითარცა იგივე მოციქული კორინთელთა მიუწერს, ვითარმედ: „მეშინის, ნუუკუე ვითარცა-იგი გუელმან აცთუნა ევა ზაკულებითა თჳსი-თა, ეგრეთვე განრყუნეს გონებანი თქუენნი სიწრფოებისაგან ქრისტეს მიმართ“.3

აწ უკუე ვინაჲთგან ამის ყოვლისათჳს სიტყჳს-მიცემაჲ თანანადებ არს ყოველთა კაცთა მიერ, ვითარ შენ უზრუნველად ჰზი და ურიდად იცინი, განსცხრები, იმღერი, ჰლაღობ და მოკიცხართა მსგავს ხარ? და უკუეთუ არა ვიცინოდი და ვლაღობდე, არამედ ვიგლოვდე, რაჲ სარგებელ მეყოსო? - იტყჳს ვინმე დაჴსნილთა და შუებისმოყუარეთაგანი. ამას იკითხავა, საყუარელო, თუ რაჲ სარგებელ არს გლოაჲ?

დიდ არს სარგებელი გლოისაჲ და მიუთხრობელ, რამეთუ სიტყუაჲ სარგებელსა გლოჲსასა გამოჩინებად ვერ მისწუთების. არა არს სასჯელი ღმრთისაჲ მსგავს სასჯელსა კაცთასა; რამეთუ კაცობრივსა სამსჯავრობასა ვინაჲთგან ბრძანებაჲ რისხვისაჲ გამოვიდეს, რავდენცა ცრემლოოდის შეცოდებული იგი, არას ერგების, ხოლო ღმრთისაჲ არა ესრეთ არს, არამედ ვინაჲთგან სცოდო და განარისხო იგი, უკუეთუ კუალად შეინანო, ლმობიერ იქმნა, სულთ-ითქუნე და იგლოვო, დაჰჴსნი რისხვასა მას და დაატკბობ ღმერთსა შენ ზედა და შეგენდობვის საქმე იგი, ღირსი სატანჯველისაჲ. ამისთჳს მარადის უფალი ჰნატრის მგლოვარეთა და აბრალებს შუებასა შინა და განცხრომასა მყოფთა.

1 მათ. 10,33. 2 1 კორ. 4,4. 3 2 კორ. 11,3.

აწ უკუე ჩუენცა, საყუარელნო, ვიგლოვდეთ და ვტიროდით, რამეთუ არა არს ესე ჟამი სიხარულისაჲ და განცხრომისაჲ, არამედ გლოისა და ტირილისაჲ. სხუაჲ არს ჟამი იგი სიხარულისაჲ - საუკუნესა მას შინა ცხორებასა. უკუეთუ აქა ვიგლოვდეთ და ვტიროდით, მუნ ღირს ვიქმნეთ სასუფეველსა ცათასა დამკჳდრებად და სიხარულსა მას მიმთხუევად, სადა არა არს სალმობაჲ, არცა მწუხარებაჲ და სულ-თქუმაჲ. არამედ ჩუენ შეგ-ჳცვალებიეს წესი ესე და ამას საწუთროსა ვიშუებთ და ვიხარებთ, ვიცინით, განვსცხრებით, ვლაღობთ და ვიმღერით; ამისთჳს მეშინის, თუ მუნ მწუხარებაჲ და ტირილი მოგუეცეს ნაწილად. არა უწყითა, ვითარ მდგომარენი წინაშე მეფისა მის მოკუდავისა შიშით და ძრწოლით დგანან და ვერ იკადრებენ განცხრომად და მღერად, არამედ კრძალულებით ჰმონებენ; ხოლო ჩუენ, რომელნი მეუფისა მის უკუდავისა და ყოველთა დამბადებელისა ღმრთისა წინაშე მდგომარე ვართ, და უფროჲსღა ჩუენ შორის მკჳდრ არს იგი, არა შიშით და ძრწოლით ვიქცევით მცირეთა ამათ დღეთა მწირობისა ჩუენისათა, არამედ სიცილითა და განცხრომითა განვარისხებთ მას და ჩუენგან ვიოტებთ მრავალთა მათთჳს ბოროტთა, რომელნი განცხრომისაგან იშვებიან ჩუენ შორის. რამეთუ ვითარცა კუამლი იოტებს ფუტკართა, ეგრეთვე სიმყრალე იგი ვნებათაჲ და მწჳრე ცოდვისაჲ განიოტებს ჩუენგან სულსა წმიდასა, და ჩუენ ესოდენ გულფიცხელ ვართ, რომელ ცოდვანი ესე მრავალნი ზურგსა გუკიდვან და არად შეგჳრაცხიეს, არამედ შუებით და განცხრომით ვიქცევით, რაჲთა უმეტესად მოვიწიოთ ჩუენ ზედა რისხვაჲ, რომელ არცა თუ შემდგომად ცოდვისა მოვედით სინანულად.

და ამას ყოველსა ზედა არიან ვიეთნიმე თქუენ შორის ესოდენ უგულისჴმო და ულმობელ, ვიდრეღა იტყჳან, ვითარმედ: ნუ იყოფინ ჩემდა ტირილი და გლოაჲ, არამედ მომეცინ ღმერთმან მარადის შუებაჲ და განცხრომაჲ. და რაჲმცა იყო ამის სიტყჳსა უცოფესი სიტყუაჲ? გულისჴმა-ყავ, უბადრუკო, ვითარმედ განცხრომაჲ და მღერაჲ არა ღმრთისა მიერ მოგეცემის, არამედ ეშმაკისა მიერ. ისმინე, რასა იტყჳს წერილი: „და ჯდა ერი იგი ჭამად და სუმად და აღდგეს სიმღერად“,1 და მეყსეულად შეუდგა სიმ-ღერასა მას კერპთმსახურებაჲ. აწ ნაყოფისაგან იცან ხე იგი, რაჲ იყო, და თესლისაგან იცან მთესვარი იგი, თუ ვინ იყო.

ესრეთ იყვნეს მკჳდრნიცა სოდომისანი შუებასა შინა და განცხრომასა. მიხედენ უკუე ნაყოფსა მას განცხრომისა მათისასა, თუ ვითარი იპოვა. ეგრეთ იყვნეს ნოეს ზე, მოიწია რაჲ წყლითრღუნაჲ იგი სასტიკი; ხედვიდეს იგინი მრავალ წელ აღშენებასა მას კიდობნისასა და მომავალი იგი რისხვაჲ ესმოდა და უზრუნველად და ულმობელად იშუებდეს და განსცხრებოდეს, ვიდრემდე მოიწია წყლითრღუნაჲ და ყოველნივე აჴოცნა. აწ უკუე ვითარ იტყჳ შენ, ჵ უგუნურო, თუ: მომეცინ ღმერთმან შუებაჲ

1 გამ. 32,6.

და განცხრომაჲ? რომელსა ეშმაკი მოგცემს, მას ვითარ იკადრებ თხოვად ღმრთისაგან? გნებავსა სწავლაჲ, თუ რომელნი არიან ღმრთისა მიერ მოცემულნი ნიჭნი? - გული წმიდაჲ და სული მდაბალი, გონებაჲ შემუსრვილი და ფრთხილი წინააღმდგომად ბრძოლათა მტერისათა, აღვსებული ლმობიერებითა და მჴურვალედ მონანული ცოდვათა თჳსთა. ესე არიან ნიჭნი საღმრთონი, რამეთუ ესე არიან საჴმარ ჩუენდა და ფრიად საძიებელ. რამეთუ ბრძოლაჲ ძლიერი წინამდებარე არს ჩუენდა, და ბრძოლაჲ იგი ძალთა მათ მიმართ უხილავთა არს, მთავრობათა მიმართ და ჴელმწიფებათა სოფლისმპყრობელთა მათ ბნელისათა, სულთა მათ მიმართ უკე-თურთა;1 და საყუარელ არს, უკუეთუ ფრთხილ ვიყვნეთ და მღჳძარე, აღ-ჭურვილ და განმზადებულ, და ეგრეთცა შეუძლოთ კეთილად წინაგანწყობად ესევითართა მათ მბრძოლთა.

უკუეთუ კულა განვსცხრებოდით და ვიმღერდეთ, ვიშუებდეთ და გუეძინოს პირველ ბრძოლად განწყობისაცა და მბრძოლთა მოსლვისა, ჩუენისა მის უდებებისა და ვერაგობისაგან ძლეულ და მეოტ ვიპოვნეთ. არა უწყითა, ვითარმედ არა ჩუენი საქმე არს განცხრომასა და სიცილსა და სახიობასა შინა ყოფაჲ და მარადღე შუებასა ჴორცთასა? არამედ საქმე არს ესე მემღერეთაჲ და მეძავთა და მოკიცხართაჲ. არა არს ესე საქმე ზეცისა იერუსალჱმსა აღწერილთაჲ, არა არს ესე საგზალი სასუფეველად ცათა წოდებულთაჲ, არა არს ესე საჭურველი სულიერსა მას საგრობასა განწესებულთაჲ, არამედ საქმე არს ესე მსახურთა ეშმაკისათაჲ. იგი არს მომპოვნებელი ამათ ჴელოვნებათაჲ, რაჲთამცა დაჰჴსნნა მჴედარნი ქრისტესნი და შეუჭრნა მათ ძარღუნი ახოვნებისა მათისანი. ამისთჳსცა თეატრონნი აღაშენნა ქალაქთა შინა და სახიობანი შემზადნა საფრჴედ სულთა მათთჳს ქრისტეანეთასა. ხოლო პავლე გჳბრძანებს სივლტოლასა ამის ესევითარისაგან და იტყჳს, ვითარმედ: „სიძვაჲ და არაწმიდებაჲ ყოველი გინა ანგაჰრებაჲ ნუცა სახელ-ედებინ თქუენ შორის, ვითარცა-იგი შეჰგავს წმიდათა, და საძაგელებაჲ და სიტყუაჲ სიცოფისაჲ და ლაღობაჲ, რომელი არა ჯერარს“.2

ხედავა, ვითარ სიძვაჲ და არაწმიდებაჲ და სიტყუანი სიცოფისა და განცხრომისანი ერთბამად აჴსენნა? რამეთუ იცოდა, ვითარმედ მშობელნი და ნაშობნი ერთმანერთისანი არიან ესე. ანუ არა ყოველი სიტყუაჲ საძაგელებისაჲ და ლაღობანი სიძვისანი ითქუმიანა სახიობათა და განცხრომათა შინა? და უძჳრესი ესე არს, რომელ ოდეს ესევითარი რაჲ თქუან გონებაცთომილთა მათ, მრავალთა განიცინიან და სიხარულის მიზეზ ქმნიან, რომლისათჳს ქვისა დაკრებაჲ ჯერ-იყო ესევითარისა მეტყუელთა მათ ზედა, ხოლო იგინი აქებენ და უფროჲსად გულსმოდგინე-ჰყოფენ მოკიცხართა მათ. ამისთჳსცა უმეტესისა სასჯელისა ღირს არიან, რამეთუ უკუეთუმცა

1 შდრ. ეფეს. 6,12. 2 ეფეს. 5,3-4.

არავინ მივიდოდა შესაკრებელსა მას ბოროტსა, არცამცა უბადრუკნი იგი ისწავლიდეს ჴელოვნებასა მას სულთა წარმწყმედელსა. ხოლო აწ გხედვიდენ რაჲ ყოველთა მოსწრაფებით მუნ მიმავალად, იგინიცა უმეტეს მოხარკე იქმნებიან განმრავლებად ბოროტისა მის ჴელოვნებისა; და გაქუს თქუენ ბრალი თქუენთაცა სულთა ვნებისაჲ და მათისაცა წარწყმედისაჲ, რამეთუ დიდი ვნებაჲ არს და წარწყმედაჲ მისლვაჲ თეატრონად და ხედვაჲ საქმეთა საძაგელთაჲ: დედათა მროკველთაჲ, აღრეულთაჲ მამათა თანა, რომელთა განაგდიან ბუნებითი იგი სირცხჳლი და შიშუელნი იმღერდიან. რაჲმცა იყო უძჳრეს მუნ მისლვისა? უმჯობეს არს მწჳრითა დასურაჲ პირისაჲ, ვიდრე-ღა ესევითარისა ურჩულოებისა ხედვაჲ, რამეთუ არა ავნებს მწჳრე ესრეთ თუალთა, ვითარ ავნებს ესევითარისა ბოროტისა ხედვაჲ.

ხოლო აწ უკუეთუ გელმის სმენაჲ ესე ამათ სიტყუათაჲ, მადლიერ ვარ თქუენდა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „ვინ-მე არს იგი, რომელმან მახაროს მე, არა თუ იგი, რომელი შეწუხებულ იყოს ჩემ მიერ?“1 და უმეტესად გევედრები, რაჲთა არა დასცხრეთ მწუხარებისა ამისგან, ვიდრემდე გარდაჰკუეთოთ სრულიად ბოროტი იგი საქმე და მოსპოთ სიმყრალე იგი საძაგელებისაჲ სულთაგან თქუენთა, ვითარცა-ესე მრავალგზის მითქუამს ამის ჯერისათჳს, რაჲთა სულიერი იგი სიმრთელე გამოჩნდეს თქუენ შორის, და ნათელი ღმრთისაჲ მიგეფინოს თქუენ, და მიემთხჳნეთ კეთილთა მათ ზეცისათა საქმეთა მიერ კეთილთა მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომელსა შუენის დიდებაჲ, პატივი და თაყუანის-ცემაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

1 2 კორ. 2,2.