მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლზ

წმინდა იოანე ოქროპირი

📋 სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა ესენი წარვიდეს, იწყო იესუ სიტყუად ერსა მას იოვანესთჳს“ (11,7).

მოწაფეთა მიმართ იოვანესთა ყოველივე კეთილად განაგო განმგებელმან მან ყოველთამან, რამეთუ იხილეს მათ თუალითა თჳსითა საკჳრველებანი მისნი და წარვიდეს. ხოლო ჯერ-იყო ერისა მიმართცა სიტყუაჲ, რამეთუ ესმა რაჲ იოვანეს მიერ მოვლინებული იგი სიტყუაჲ, არა იცოდეს მათ გულისსიტყუაჲ მისი, თუ რომლისა პირისათჳს ესრეთ მოუმცნო, და თქუესმცა, ვითარმედ: რაჲ არს სიტყუაჲ ესე? რომელმან-იგი ესოდენი წამა ამისთჳს, აწ კუალადღა იჭუეულ არს და ჰკითხავს: „შენ ხარა მომავალი იგი, ანუ სხუასა მოველოდით?“1 ნუუკუე პირველნი იგი სიტყუანი ცუდ იყვნესა? ნუუკუე საპყრობილისაგან მოშიშ იქმნაა? ვინაჲთგან უკუე მეცნიერმან მან დაფარულთამან იცოდა, ვითარმედ ესევითარსა იგონებენ, ამისთჳს ვითარცა-იგი მოწაფეთა მიმართ იოვანესთა კეთილად ყო სიტყუაჲ, ეგრეთვე ერისა მიმართ ჯეროვანი ბრძანებაჲ განაჩინა.

და ვითარცა მოწაფენი იოვანესნი წარვიდეს, „იწყო იესუ სიტყუად ერსა მას იოვანესთჳს“.

რაჲსათჳს ვინაჲთგან იგინი წარვიდეს, მაშინ იწყო სიტყუად? ამისთჳს, რაჲთა არა შეჰრაცხონ ერთა მათ, თუ მომადლებისათჳს იოვანესისა იტყჳს, ვითარმცა მოწაფეთა მისთა მიუთხრეს მას. ხოლო არა უთხრა ერსა, თუ ამას ესევითარსა ჰზრახავთ გულთა შინა თქუენთა, არამედ იჭჳსა მის მათისა ხოლო განმარტებაჲ მიუთხრა, რაჲთა ესრეთ უმხილებელად ეუწყოს მათ, ვითარმედ არარაჲ დაეფარვის ზრახვათაგან გულისათა. ამისთჳს არა ჰრქუა, ვითარცა ოდესმე მწიგნობართა მათ ეტყოდა: „რაჲსათჳს თქუენ ბოროტსა ჰზრახავთ გულთა შინა თქუენთა?“2 რამეთუ დაღაცათუ მოიგონეს ამათ ესევითარი, არამედ უმეცრებისაგან სიტყუათა იოვანესთა, და არა თუ შურისა და უკეთურებისაგან, ვითარცა მაშინ მწიგნობართა მათ. ხოლო არა შერისხვით ჰრქუა ერსა მას, არამედ სახიერებით და სიბრძნით გულისჴმა-უყო იოვანესთჳს, ვითარმედ არა შეცვალებულ არს გონებაჲ მისი პირველისა მის წამებისაგან. რამეთუ არა არს იგი კაცი აღტაცებული და ღელვატეხილი და ადვილად შეცვალებადი, არამედ მტკიცე და შეურყეველი გონებითა. და პირველად კითხვისსახედ იწყო და ჰრქუა მათ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲსა გამოხუედით ხილვად? ლერწმისა, ქარისაგან შერყეულისა?“ (11,7).

1 მათ. 11,3. 2 მათ. 9,4.

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: რაჲსათჳს, ოდეს იგი უდაბნოჲთ მოვიდა იორდანედ, დაუტევენით ყოველთა ქალაქნი და სოფელნი და სახლნი და საქმენი, განხუედით ყოველნი ხილვად მისა? კაცისა ღელვააღტეხილისა გენებაა ხილვაჲ და ლერწამებრ ყოველთაგან ქართა შერყეულისა? რამეთუ რომელნი დაუდგრომელ არიან გონებითა და დღეს სხუასა გულისსიტყუასა ზედა იყვნიან და ხვალე სხუასა, იგინი არიან ლერწამ ყოვლისა ქარისაგან შერყეულ. აწ უკუე ესოდენნი ეგე ერნი და სიმრავლენი აურაცხელნი ესრეთ დაუდგრომელისა კაცისა ხილვად განხუედითა? ნუ იყოფინ! უკუეთუმცა არა გულსავსე იყვენით, ვითარმედ დიდ ვინმე არს და კლდისა უმტკიცესი კაცი, არამცა ყოველი ჰურიასტანი და იერუსალჱმი შეკრებულ იყო მისა აღსაარებად ცოდვათა თჳსთა და ნათლის-ღებად.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არამედ რაჲსა გამოხუედით ხილვად? კაცისა, ჩჩჳლი-თა სამოსლითა შემოსილისა? აჰა ესერა რომელნი ჩჩჳლითა სამოსლითა შემოსილ არიან, სახლთა შინა სამეუფოთა არიან“ (11,8).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესეცა სიტყუაჲ ამას მოასწავებს, ვითარმედ თავით თჳსით გონებადაუდგრომელ არა იყო. და ამას თქუენცა მეწამებით ესოდენითა მით მოსწრაფებით მისა მიმართ შეკრებითა თქუენითა. კუალად ვერცა ამას იტყჳთ, თუ: იყო იგი მტკიცე და შეურყეველ თავით თჳსით, ხოლო ვინაჲთგან მოქალაქობაჲ იგი საკჳრველი შეცვალა და შუებად იწყო, სიმტკიცეცა იგი გონებისა მისისაჲ შეცვალა; რამეთუ რომელნიმე კაცნი ბუნებით სუბუქ და გონებააღტეხილ არიან, სხუანი კუალად ფრიადისა შუებისა და ფუფუნებისაგან ესრეთ იქმნებიან, ხოლო იოვანე არცა ბუნებით ესევითარი იყო, რამეთუ არა თუ ლერწმისა ხილვად განხუედით ესოდენი იგი ერნი, არცა შუებასა მისცა თავი თჳსი და სათნოებაჲ იგი თჳსი წარწყმიდა. რამეთუ წამებს სამოსელი იგი მოღუაწებისა მისისაჲ შეუცვალებელი და მეუდაბნოებაჲ და აწ კუალად საპყრობილე, ვითარმედ არა მიერჩდა ყოვლადვე შუებასა და განსუენებასა; რამეთუ უკუეთუმცა სიმტკიცე გონებისა მისისაჲ არა შეუცვალებელ იყო, არამცა პირველად უდაბნოს დამკჳდრებულ იყო ცნობათა უაღრესითა მოღუაწებითა; არამცა აწ საპყრობილეს შევრდომილ იყო, უკუეთუმცა ენება ჩჩჳლითა სამოსლითა შემოსაჲ და შუებაჲ, არამედ სახლთამცა შინა სამეუფოთა იქცეოდა. რამეთუ უკუეთუმცა და-ხოლო-ედუმნეს, ბევრეულითამცა პატივითა პატივ-ეცა ჰეროდეს, რომელი-იგი შემდგომად მხილებისაცა და საპყრობილედ შეყენებისა ესოდენ სირცხჳლეულ იყო მისგან და ეშინოდა და პატივსცემდა; უკუეთუმცა დაედუმა მხილებისა მისგან, ვითარიმცა პატივი არა ეჩუენა მისდა.

ვინაჲთგან უკუე საქმით გამოაჩინა სიმტკიცისა თჳსისა და შეურყეველისა გონებისა წამებაჲ, რამეთუ არცა მოღუაწებაჲ იგი უდაბნოჲსაჲ დაუტევა, არცა სიფიცხე სამოსლისა თჳსისაჲ შეცვალა, არცა შებორკილებასა და საპყრობილედ შეყენებასა ჰრიდა და დადუმნა მხილებისაგან მეფისა, ვითარ აწ იჭუეულ ხართ, თუ შეცვალებულ არს გონებაჲ მისი წამებისა თჳსისაგან, რაჲ-იგი წამა ჩემთჳს, ანუ იჭუეულ არს, რომელსა-იგი მაშინ არა იჭუეულ იყო?

ესევითარი რაჲ განწესებაჲ სათნოებისა მისისაჲ მიუთხრა, აწ კუალად აუწყებს საზომსა წინაჲსწარმეტყუელებისა მისისასა და იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არამედ რაჲსა გამოხუედით ხილვად? წინაჲსწარმეტყუელისა? ჰე, გეტყჳ თქუენ, და უმეტეს წინაჲსწარმეტყუელისა. რამეთუ ესე არს, რომლისათჳს წერილ არს: აჰა ესერა წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე შენსა, რომელმან განმზადნეს გზანი შენნი წინაშე პირსა შენსა“ (11,9-10).

თ ა რ გ მ ა ნ ი: პირველად თჳთ იგინივე, ჰურიათა ერნი მოიყვანნა მოწამედ სათნოებისა მის იოვანესა, რამეთუ სარწმუნო არს მტერთამიერი წამებაჲ; მეორედ, მისისა მის მოქალაქობისაგან გამოაჩინა მისი სიმაღლე; მერმე თავისა მიერ თჳსისა თქუა ქებაჲ მისი: „ჰე, გეტყჳ თქუენ, უმეტეს წინაჲსწარმეტყუელისა“; და აწ წინაჲსწარმეტყუელი შემოიყვანა მოწამედ თქუმულთა მათ, რაჲთა ყოვლითურთ აუწყოს საზომი სათნოებისა მისისაჲ. ხოლო თქუა რაჲ, ვითარმედ: „უმეტეს წინაჲსწარმეტყუელისა“, გამოაჩინა, თუ რომლითა სახითა არს უმეტეს წინაჲსწარმეტყუელთასა. რომლი-თა უკუე სახითა არს უმეტეს ყოველთა წინაჲსწარმეტყუელთა? - რამეთუ ღირს იქმნა მეუფისა თუალითა ხილვად. ამისთჳსცა იტყჳს: „წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე შენსა“. ესე იგი არს, მახლობელად შენსა. რამე-თუ ვითარცა სლვასა შინა მეუფისა დიდებულისასა, რომელი მახლობელად მისა ვიდოდის, სხუათა უპატიოსნეს არს, ეგრეთვე იოვანე მახლობელად მეუფისა მის მეუფეთაჲსა აღასრულა წინაჲსწარმეტყუელებაჲ თჳსი და ღირს იქმნა თუალით ხილვად მისა და ნათლის-ცემად, იხილა სული წმიდაჲ სახედ ტრედისა, ესმა ჴმაჲ მამისაჲ ზეგარდამო, და ესრეთ იქმნა სხუათა მათ წინაჲსწარმეტყუელთა ყოველთა უმეტეს. ამისთჳსცა რაჟამს ესე ყოველი წარმოუთხრა ერსა მას უფალმან, მერმე თჳსითა მით ბრძანებითა დაამტკიცა და განაჩინა საზომი იოვანესი და თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამენ გეტყჳ თქუენ: არა აღდგომილ არს ნაშობთაგანი დედათაჲ უფროჲს იოვანესა ნათლისმცემელისა“ (11,11).

თ ა რ გ მ ა ნ ი: კმა არს ამას ზედა წამებაჲ მეუფისაჲ, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: არა უშობიეს დედაკაცსა უმეტესი მისა კაცი დიდი და საკ-ჳრველი წინაშე ღმრთისა. ხოლო რომელსა ენებოს საქმეთაგანცა საზომი მისი ცნობად, გულისჴმა-ყავნ, ტაბლაჲ მისი ვითარი იყო, სამოსელი მისი, მოქალაქობაჲ, ზრდილობაჲ, და ცნას ჭეშმარიტებაჲ; რამეთუ ვითარცა ანგელოზი იქცეოდა ქუეყანასა ზედა და იძულებათა მათ ბუნებისათა უზეშთაეს იქმნა; უცხოჲ გზაჲ წარვლო სოფელსა ამას შინა; ყოველნი დღენი მისნი აღასრულნა ლოცვითა და ვედრებითა; არავის სადა კაც-თაგანსა ეზრახა, არამედ მარადის ღმერთსა ჰზრახვიდა; არცა ვის თანამონათაგანსა შეერთო; არცა ვინ მისა მივიდოდა; არა აღიზარდა სძითა დედისაჲთა; არა იჴმარა ცხედარი, არცა სართული, არცა ვაჭრობაჲ, არცა სხუაჲ რაჲ კაცობრივი. და ამას ყოველსა ზედა იყო კაცი სახიერიცა და ფიცხელიცა. იხილე, ვითარ სახიერებით ეტყოდა მოწაფეთა თჳსთა და მხილებით - ერსა ჰურიათასა და კადნიერებით - მეფესა. ამისთჳს იტყჳს: „არა აღდგომილ არს ნაშობთაგანი დედათაჲ უფროჲს იოვანესა ნათლისმცემელისა“.

ხოლო კუალად, რაჲთა არა სიტყჳთა ამით იქმნას წინააღმდგომი ფრიადისა მისთჳს ქებისა და შეჰრაცხონ იგი ჰურიათა უმეტეს ქრისტესა, იხილე, ვითარ განკურნა ესეცა იჭჳ და თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო უმცირესი სასუფეველსა ცათასა უფროჲს მისა არს“ (11,11).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან ჰასაკითაცა ჴორციელითა უხუცეს იყო იოვანე და მღდელთმოძღურისა ძე და უდაბნოს აღზრდილი და ყოველ-თა მიერ სახელოანი (რამეთუ განვიდოდესო მისა ყოველი იერუსალჱმი და ჰურიასტანი და ნათელს-იღებდეს და აღიარებდეს ცოდვათა თჳსთა, და ჰყვა იგი ყოველსა ერსა, ვითარცა მოძღუარი; ხოლო ქრისტესთჳს იტყოდეს: „არა ესე არსა ძე იოსებისი?“1 და „აჰა კაცი მჭამელი და მსუმელი ღჳნისაო“;2 და შეურაცხად საგონებელ იყო უგუნურთა მათ მიერ), ამისთჳს მათისა სიტყჳსა და გულისსიტყჳსაებრ თქუა თავი თჳსი უმცირესად, ვითარმედ: რომელი-ესე თქუენ მიერ უმცირეს საგონებელ არს, უფროჲს მისსა არს სასუფეველსა ცათასა, რამეთუ მეუფე არს და დამბადებელი მისი და ყოველთაჲვე.

თქუას ვინმე, ვითარმედ: რაჲ არს ესე სიტყუაჲ? და შემსგავსებითა იოვანესითა ხოლო არსა სიდიდე მისი? ნუ იყოფინ! არცა იოვანე, იტყოდა რაჲ: „მოვალს უძლიერესი ჩემსა“,3 შემსგავსებასა იქმოდა მისსა თავისა თჳსისა თანა; არცა პავლე, ოდეს მოსესთჳს აჴსენა და თქუა: „უმრავლესსა დიდებასა ესე ღირს იყო, ვიდრე მოსე“,4 შემსგავსებასა მათსა ჰყოფს, არამედ ესე წეს არს წერილთა შინა და მრავალგზის გულისჴმისსაყოფელად უგულისჴმოთა იქმს შემსგავსებასა შეუმსგავსებელთასა, ვითარცა იტყჳს: „არავინ არს მსგავს შენდა ღმერთთა შორის, უფალო“;5 და კუალად: „არა არს ღმერთი, ვითარ ღმერთი ჩუენი“.6 არა თუ შემსგავსებასა იქმს კერპთასა ღმრთისა თანა, არამედ უგულისჴმოთათჳს თქუა ესრეთ. ეგრეთვე აქა, ვინაჲთგან დიდად შეერაცხა ყოველთა იოვანე, და მას ჟამსა კადნიერებით

1 იოან. 6,42. 2 მათ. 11,19. 3 მათ. 3,11. 4 ებრ. 3,3. 5 ფსალმ. 85,8. 6 ფსალმ. 76,14.

მხილებამანცა მეფისამან და შეყენებამან მისმან საპყრობილედ უმეტესად-ღა აღაორძინა სახელი მისი, და აწ უფალმანცა დიდი ესე ქებაჲ წარმოთქუა მისი, მერმე უძლურებისა მისთჳს მსმენელთაჲსა თქუა ესრეთ, ვითარმედ: უმცირესად შერაცხილი ესე თქუენ მიერ სასუფეველსა ცათასა უფროჲს მისა ვარ. და ვითარ ეგებოდა თქუმაჲ ერისა მიმართ უგულისჴმოჲსა და უმეცრისა? ხოლო რაჲ არს „სასუფეველსა ცათასა“? ესე იგი არს, ყოველსავე სულიერსა და საღმრთოსა საქმესა შინა.

მრავალნი ამის სიტყჳსათჳსცა ამაოდ ცუდადმეტყუელებენ. რომელნიმე იტყჳან: მოციქულთათჳს თქუაო; სხუანი იტყჳან: ანგელოზთათჳსო; რამეთუ ოდეს ერთგზის სამეუფოჲსა გზისაგან ვინ შესცთეს, მრავალთა უგზოთა ადგილთა შთავარდების. რამეთუ რომელი არს პირი ამის სიტყჳსაჲ, ანუ მოციქულთათჳს თქუმად, ანუ ანგელოზთათჳს? უკუეთუმცა მოციქულთათჳს იტყოდა, რაჲ დაყენება იყო განცხადებულად თქუმად? არამედ ცუდ არს სიტყუაჲ ესე და ამაო. თავისა თჳსისათჳს თქუა უმეტესობაჲ, რომელი ჭეშმარიტად შეუმსგავსებელ არს ყოველთა მიერ.

და ესეცა სიტყუაჲ, თუ: „ნაშობთაგანი დედათაჲ“, თავსა თჳსსა მოასწავებდა განყოფად იოვანესგან და უმეტესობისა ჩუენებად. რამეთუ დაღაცათუ იგიცა დედაკაცისაგან შობილ იყო, გარნა არა ესრეთ, ვითარ იოვანე და სხუანი კაცნი. რამეთუ არა კაცი ლიტონი იყო, არცა წესითა მით სხუა-თა კაცთა შობისაჲთა შობილი, არამედ უცხოჲ იყო შობაჲ მისი და საკჳრველი. უთესლოდ შევიდა საშოსა დედისასა და უხრწნელად იშვა და დედაჲ შემდგომად შობისა ქალწულადვე დაიცვა ჭეშმარიტად.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ დღითგან იოვანე ნათლისმცემელისაჲთ ვიდრე აქამომდე სასუფეველი ცათაჲ იიძულების; და რომელნი იიძულებდენ, მათ მოიტაცონ იგი. რამეთუ ყოველნი წინაჲსწარმეტყუელნი და შჯული ვიდრე იოვანესამდე წინაჲსწარმეტყუელებდეს“ (11,12).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ შეწყობილებაჲ აქუს ამას სიტყუასა ზემოსა მას თანა? ჰე, ჭეშმარიტად ფრიადი აქუს ერთობაჲ, რამეთუ ამათ სიტყუათა მიერ ეწამების იოვანეს მიერ თქუმულთა და მოიზიდავს მსმენელთა სარწმუნოებად თჳსად, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: ამით საცნაურ იყავნ თქუენდა, რამეთუ მე ვარ მომავალი იგი, რომელ ყოველნი წინაჲსწარმეტყუელნი წინაჲსწარმეტყუელებდეს იოვანესამდე. ხოლო მო-რაჲ-ვიდა ესე წინაშე პირსა ჩემსა მოვლინებული წინაჲსწარმეტყუელი, დადუმნეს ყოველნივე. ამისთჳს დადუმნეს შჯული და წინაჲსწარმეტყუელნი, რამე-თუ მოვედ მე, რომლისათჳს იყო წინაჲსწარმეტყუელთა ქადაგებაჲ. უკუე-თუმცა არა მოსრულ ვიყავ, არამცა დაყენებულ იყო წინაჲსწარმეტყუელებაჲ; ნურარას უკუე მოელით და ჰგონებთ სხუასა ქრისტესა მოსლვად ჩემსა გარეშე, არამედ დადუმებისაგან წინაჲსწარმეტყუელთაჲსა და დღი-თი-დღე მაიძულებელთა მათგან ბუნებისათა, რომელნი სარწმუნოებითა ჩემითა მიიტაცებენ სასუფეველსა, ცანთ, ვითარმედ მე ვარ ქრისტე; რამეთუ ვინაჲთგან ნათლისმცემელმან იოვანე იწყო ქადაგებად, მიერითგან სარწმუნოებაჲ ჩემი განცხადებულ არს, რომელსაცა სასუფეველად ჭეშმარიტად ეწოდების, რამეთუ მომატყუებელი არს სასუფეველისაჲ და ჴმამაღლად იქადაგების და მოუწოდს ყოველთავე; რომელნიცა უკუე არა ამაოებისა და წარმავალისა ამის განსუენებისა მოყუარენი არიან, არამედ მაიძულებელნი ბუნებისანი, იგინი შეიწყნარებენ სარწმუნოებასა ჩემსა და მიიტაცებენ სასუფეველსა ცათასა. რამეთუ მცნებათა მათთჳს მაღალთა და სულიერთა ქადაგებისა მისისაჲთა მაიძულებელად ბუნებისა სახელსდვა ქადაგებასა მას. ამისთჳსცა იტყჳს ლუკა: „სასუფეველი ღმრთისაჲ ეხარებისო“,1 რომელი ამან თქუა, თუ: „იძულების“.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და უკუეთუ გნებავს შეწყნარების, იგი არს ელია, რომელი მომავალ არს. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!“ (11,14-15).

თ ა რ გ მ ა ნ ი: წერილ არს: „მოგივლინო ელია თეზბიტელი, რომელმან მოაქცინეს გულნი მამათანი შვილთა მიმართ“.2

აწ „უკუეთუ გნებავსო შეწყნარების, იგი არს ელია“. ნეფსითსა ეძიებს შეწყნარებასა ქადაგებისასა, ამისთჳს იტყჳს: „უკუეთუ გნებავს“; ესე იგი არს, არავის ვაიძულებო, არამედ ნეფსითსა ვეძიებ მოქცევასა; არამედ ამას ხოლო გაუწყებ, ვითარმედ ამათ ორთავე ერთი მიუღებიეს მსახურებაჲ, და ორთადავე წინამორბედებაჲ მოცემულ არს: ერთი ესე წინამორბედ იქმნა აწინდელისა ამის მოსლვისა ჩემისა, და ერთი იგი მომავალ არს წინამორბედად მეორისა მის მოსლვისა. ამისთჳსცა არა თქუა, თუ: იგი არს ელია, არამედ: „უკუეთუ გნებავს შეწყნარების, იგი არს ელია, რომელი მომავალ არს“. უკუეთუ გნებავს გულისჴმის-ყოფაჲ და გულითა ლმობიერითა შეწყნარებაჲ თქუმულთაჲ ამათ, შეიწყნარეთ სიტყუაჲ მისი, ვითარცა ელიაჲსი, რამეთუ ძალითა მით და სულითა ელიაჲსითა მოსრულ არს.3 ვითარცა იგი ქადაგად და წინამორბედად ჭეშმარიტად მეორედ მოსლვისა მომავალ არს, ეგრეთვე ესე ჭეშმარიტი ქადაგი და წინამორბედი მოვიდა ამის მოსლვისაჲ. ესევითარნი რაჲ სიტყუანი გულისჴმის-ყოფისანი მიუთხრნა, მეყსეულად შესძინა: „რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!“ ესე თქუა, რაჲთამცა მოიყვანნა იგინი გულისჴმის-ყოფად და კითხვად მისა განმარტებად სიტყუათა ამათ. არამედ მათ უგულისჴმოებისაგან არცა ჰკითხეს, არცა ისწავეს, თუ ვითარ იძულების სასუფეველი ცათაჲ, ანუ ვითარ მიმსგავსებულ არს იოვანე ელიაჲსა; არა თუ ეშინოდა კითხვად, რამეთუ მრავალგზის საქმეთათჳს არად საჭიროთა ჰკითხიან, რომელი არს მცნებაჲ პირველიო, და კუალად ქორწინებისათჳს და განტევებისათჳს ცოლისა და სხუათა ცუდთა საქმეთა. არა უფროჲსად მის მიერ

1 ლუკ. 16,16. 2 მალ. 4,5-6. 3 შდრ. ლუკ. 1,17.

თქუმულთამცა განმარტებაჲ ჯერ-იყოა კითხვად, უკუეთუმცა სურვიელ იყვნეს სწავლად? ამისთჳსცა მიხედნა იესუ გონებათა მათთა და თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „აწ ვის ვამსგავსო ნათესავი ესე? მსგავს არს ყრმათა, რომელნი სხენედ უბანთა და მოუწესედ მოყუასთა თჳსთა და ეტყჳედ მათ: გისტჳნევდით თქუენ, და არა ჰროკევდით; გიგოდებდით, და არა იტყებდით“ (11,16-17).

თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად საგონებელ არს სიტყუაჲ ესე, თუ არა შეწყობილ არს პირველთქუმულთა მათ სიტყუათა ძალსა, გარნა ფრიადი აქუს ამასცა მათა მიმართ განუყოფელობაჲ, რამეთუ მასვე პირსა განჰმარტებს, ვითარმედ ყოველივე სიტყუაჲ და საქმე იოვანესი მისსა განგებულებასა ეწამებოდა, დაღაცათუ საგონებელ იყო წინააღმდგომად; რამეთუ მრავლით კერძო და მრავალსახედ ისწრაფა უგუნურთა მათ ჰურიათა სარგებელი, დაღაცათუ მათ არა ინებეს. ამისთჳს, ვითარცა-იგი იტყოდა წინაჲსწარმეტყუელისა მიერ, ვითარმედ: „რაჲღა ჯერ-იყო ქმნად სავენაჴისა მის, და არა ვქმენ?“1 ეგრეთვე აწ იტყჳს ჭეშმარიტითა მით პირითა თჳსითა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვის ვამსგავსო ნათესავი ესე? მსგავს არს ყრმათა, რომელნი სხენედ უბანთა და მოუწესედ მოყუასთა თჳსთა და ეტყჳედ მათ: გისტჳნევდით თქუენ, და არა ჰროკევდით; გიგოდებდით, და არა ეტყებდით. მოვიდა იოვანე, არცა ჭამდა, არცა სუმიდა, და იტყჳან, ვითარმედ: ეშმაკეული არს. მოვიდა ძე კაცისაჲ, ჭამს და სუამს, და იტყჳან: აჰა კაცი მჭამელი და ღჳნისმსუმელი, მეგობარი მეზუერეთა და ცოდვილთაჲ“ (11,16-19).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო განმარტებაჲ სიტყჳსაჲ ამის ესრეთ არს: განყოფილი გზაჲ და ურთიერთას წინააღმდგომი ვიპყართ მე და იოვანე, რაჲთამცა ანუ მით გზითა, ანუ ამით მოვინადირეთ ერი ესე განდგომილი; ვითარცა მონადირეთა ეგულებინ რაჲ ნადირისა ძნიად სანადიროჲსა ნადირებად და სადარნოჲსა მისისაგან გამოყვანებად, ერთმან ერთკერძოჲ გზაჲ იპყრის და ერთმან - ერთკერძოჲ, - რომელმანმე ძნელოვანისა კერძი და რომელმანმე სიადვილისაჲ, - რაჲთა ერთისა ვისმე მიერ შეპყრობილ იქმნას.

ვინაჲთგან უკუე ყოველნივე კაცნი სათნო არიან მოქალაქობასა ზედა მოღუაწებისასა და მარხვისა იგი ფრიადი სიმაღლე საკჳრველად უჩნს სიფიცხისა და სიძნელისა მისისათჳს, ამისთჳს განგებულებით იქმნა პირველითგანვე ჰასაკით იოვანესით მარხვასა შინა ფრიადსა და მოღუაწებასა წარმართებაჲ მისი, რაჲთა სარწმუნო იყვნენ სიტყუანი მისნი. თქუას ვინმე, ვითარმედ: რად არა თავადმანცა იესუ ესევე იპყრა გზაჲ? არამედ უწყოდენ, ვითარმედ თავადმანცა ესევითარივე იპყრა გზაჲ, ამისთჳსცა ორმე-

1 ესაია 5,4.

ოცი დღე იმარხა, და კუალად მიმოვიდოდა და არა აქუნდა ადგილი, სადა თავი მიიდრიკოს, და ყოველნი დღენი ქუეყანასა ზედა მოქალაქობისა მისისანი ესრეთ იწროებით და მოღუაწებით აღასრულნა; გარნა ოდეს ჯერარნ და სამართალ, სარგებლისათჳს სხუათაჲსა და მოქცევისათჳს წარწყმედულთაჲსა, ჭამადისაცა მიღებაჲ არა უღირს-იჩინის და სახლად მრავალთა შევიდის, ვითარცა ზაქესთჳს წერილ არს და მათესთჳს და სიმონისთჳს და სხუათა მრავალთა, რამეთუ ეძიებდა წარწყმედულთა პოვნად და ამისთჳს ყოველთა ადგილთა მივიდოდა, ყოველსავე იქმოდა ცხორებისა მათისათჳს.

ხოლო იოვანე ყოვლითურთ მარხვისა და მოღუაწებისა გზაჲ შეიკრძალა, რაჲთა ესრეთ წამებაჲ და ქადაგებაჲ მისი სარწმუნო იყოს. და კუალად მან არარაჲ ქმნა სხუაჲ, გარნა მოქალაქობაჲ ხოლო მოღუაწებისა ფიცხლისაჲ, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „იოვანე სასწაული არაჲ ქმნა“;1 ხოლო უფალსა სასწაულთა მათგან საკჳრველებათა დიდი აქუნდა წამებაჲ, და ბრწყინვიდა სახელი მისი ყოველსა ქუეყანასა საქმეთა მათთჳს ცნობისა უაღრესთა. რამეთუ განაწესა იოვანესი მარხვითა და მოღუაწებითა ფრიადითა სახელოვნობაჲ, ხოლო თავადი კუალად სასწაულთა მიერცა განთქუმულ იყო და, სადა-იგი ჯერ-არნ, მეზუერეთაცა და ცოდვილთა თანა ჭამნ და სუამნ ცხორებისა მათისათჳს.

ხოლო უგუნურთა მათ ჰურიათა უკუეთუ მარხვაჲ და მოღუაწებაჲ სთნდა და საკჳრველად აქუნდა, უჴმდა სმენაჲ იოვანესი და შეწყნარებაჲ ქადაგებისა მისისაჲ, რომელი-იგი ქრისტეს შეაწყნარებდა მათ. კუალად, უკუეთუ მისი იგი მოღუაწებაჲ მძიმე უჩნდა, უჴმდა შეწყნარებაჲ ქრისტეს სიტყუათაჲ და სარწმუნოებად მისა მოსლვაჲ, რომელი სამეუფოსა და სა-შოალსა გზასა ვიდოდა მათისა ცხორებისათჳს. გარნა იგინი მიემსგავსნენ მჴეცსა ველურსა, ორკერძოვე შემფრთხალსა. ამისთჳსცა ორსავე წინა აღუდგებოდეს, რაჲთა არა მიიღონ ყოვლადვე კურნებაჲ, და აღესრულოს მათ ზედა სიტყუაჲ იგი წინაჲსწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „ვჰკურნებდით ბაბილონსა, და არა განიკურნა“;2 რომლისათჳსცა იტყჳს უფალი: „მსგავს არს ნათესავი ესე ყრმათა, რომელნი სხენედ უბან-თა და მოუწესდ მოყუასთა თჳსთა და ეტყჳედ მათ: გისტჳნევდით თქუენ, და არა ჰროკევდით; გიგოდებდით, და არა ეტყებდით“. ესე უკუე სიტყუაჲ ამას ნათესავსა ზედა აღესრულების.

„გისტჳნევდით, და არა ჰროკევდით“. ესე იგი არს, წინაგიყავ თქუენ მოქალაქობაჲ ნუგეშინის-ცემისაჲ, რაჲთამცა სიხარულით შემომიდეგით, და არა გრწმენა. „გიგოდებდით, და არა ეტყებდით“. ესე იგი არს, ვი-თარმედ: იოვანე გიჩუენა ცხორებაჲ ფიცხელი და მოღუაწებაჲ უნუგეშინისცემოჲ, და არავე მიხედენით, არცა გრწმენა. ხოლო არა თქუა, თუ: მე ესე გიჩუენე და მან - იგი, არამედ ვინაჲთგან ორთავე საქმე ერთი იყო,

1 იოან. 10,41. 2 იერ. 51,9.

დაღაცათუ სახე წინააღმდგომ იყო, ამისთჳს ერთად და ვითარცა ზოგად ქმნილსა იტყჳს, რამეთუ ორივე ესე წესი საქმეთაჲ მათისა სარგებელისათჳს ქმნეს, რაჲთა არღარაჲ აქუნდეს მიზეზი. ამისთჳსცა შესძინა და თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და განმართლდა სიბრძნე შვილთაგან თჳსთა“ (11,19).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, დაღაცათუ თქუენ არა გრწმენაო, არამედ მე, რაჲცა ჯერ-იყო ქმნად, ვქმენ, რაჲთა არცა ერთი რაჲ გაქუნდეს მიზეზი, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი: „რაჲთა განჰმართლდე სიტყჳთა შენითა და სძლო სჯასა შენსა“.1 ესე იგი არს, ოდეს წარმოვდგეო წინაშე შენსა სჯად და გამოაცხადო, ვითარმედ ყოვლით კერძო შეცოდებულ ვარ და უსიტყუელ, მაშინ იპოოს შენისა მის სახიერებისა ძლევაჲ ფრიადი, და მე გამოვჩნდე შეცოდებულად. ეგრეთვე აწ იტყჳს, ვითარმედ: საქმეთაგან ამათ სიბრძნე ჩემი განმართლდა, რამეთუ არარაჲ დაუტევე, რომელი არა ვაჩუენე ცხორებისა მისთჳს უმადლოთაჲსა. ხოლო უკუეთუ იგავნი ესე უცხო არიან, ნუ გიკჳრს, რამეთუ მრავალი ესევითარი უცხოსახე იგავი წერილთა შინა თქმულ არს უგულისჴმოთა მათ მიმართ.

იხილეთ უკუე მათი იგი განდრეკილი გონებაჲ: იოვანე ფრიად მმარხველი იყო და იტყოდეს, ეშმაკეული არსო; იესუ არა ესრეთ ფიცხელ იყო, არამედ სახიერ და ტკბილ და ნუგეშინისმცემელ, და ჰგმობდესვე. ესრეთ ყოვლით კერძო წინააღმდგომ იყვნეს ჭეშმარიტებისა. ამისთჳს ლუკაჲს თავსა შინა იტყჳს უმეტესსა შესმენასა მათსა, ვითარმედ: „მეზუერეთა განამართლეს ღმერთი და ნათელ-იღეს ნათლის-ცემითა იოვანესითა; ხოლო ფარისეველთა და შჯულისაგანთა ზრახვაჲ ღმრთისაჲ შეურაცხ-ყვეს“.2

ვინაჲთგან უკუე გამოაჩინა ესე ყოველი, და განმართლდა ჭეშმარიტად სიბრძნე მისი, და იპოვნეს უმადლონი იგი და უგულისჴმონი დასჯილ, ამიერითგან იწყო ყუედრებად მათდა, რომელთა არა ინებეს არცა მოძღურებისა მის სიტყუათაჲსა შეწყნარებად, არცა ბრწყინვალებისა მის სასწაულთაჲსა ხილვად, ვითარცა იტყჳს მახარებელი:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ იწყო იესუ ყუედრებად ქალაქებისა მის, სადაიგი იქმნეს უმრავლესნი ძალნი მისნი, რამეთუ არა შეინანეს: ვაჲ შენდა, ქორაზინ, და ვაჲ შენდა, ბეთსაიდა! რამეთუ ტჳროსს თუმცა და სიდონს იქმნნეს ძალნი, რომელნი იქმნნეს თქუენ შორის, მაშინვე სამემცა ძაძი-თა ნაცარსა ზედა მსხდომარეთა შეინანეს. ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ ტჳროსი და სიდონი უმოლხინეს იყოს დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე თქუენ. ხოლო შენ, კაპერნაუმ, ნუ ცადმდე აჰმაღლდები, არამედ ჯოჯოხეთამდე შთაჰჴდე, ვითარმედ სოდომას თუმცა იქმნეს ძალნი, რომელნი იქმნეს შენ შორის, ჰგიანმცა დღენდელად დღედმდე. ხოლო გეტყჳ თქუენ: ქუეყანაჲ იგი სოდომისა და გომორისაჲ უმოლხინეს იყოს დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე შენ“ (11,20-24).

1 ფსალმ. 50,6. 2 ლუკ. 7,29-30.

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲთა სცნა, ვითარმედ ნებანი იყვნეს მათნი ბოროტნი და არა ბუნებანი, ამისთჳს სახელებიცა თქუა ქალაქთაჲ მათ, რომელთა შორის იყო ბეთსაიდაცა, რომლისაგან ხუთნი მოციქულნი გამოვიდეს, რამეთუ პეტრე და ანდრეა, იაკობ და იოვანე და ფილიპე მის ქალაქისანი იყვნეს. რაჲ იყო უკუე დამაყენებელ მათცა ეგრეთვე რწმუნებად ქრისტესა, ვითარცა ამათ ჰრწმენა? არარაჲ სხუაჲ, გარნა ნებაჲ. ამათ თანა იყო გონებაჲ და ნებაჲ კეთილი, და შეიყუარეს ქრისტე. იგინი უკე-თურ იყვნეს გონებითა და ნებანი აქუნდეს ბოროტნი, ამისთჳსცა დაადგრეს ურწმუნოებასა შინა და მიემსგავსნეს, უფროჲსღა უძჳრეს იქმნეს სოდომელთაჲსა, რამეთუ თუალითა ხედვიდეს სასწაულთა უფლისათა და ყურითა ესმოდეს სწავლანი მისნი და არავე ჰრწმენა. ხოლო უფალი წამებს, ვითარმედ სოდომელთა თუმცა ეხილვა დიდებულებაჲ მისი, მომცა-ქცეულ იყვნეს, და ტჳრელთამცა და სიდონელთა შეენანა; ხოლო ქალაქთა ამათ უკეთურთა არა შეინანეს. ამას ეზეკიელცა წინაჲსწარ აყუედრებდა იერუსალჱმსა და ეტყოდა, ვითარმედ: „განამართლენ ურ-ჩულოებითა შენითა დანი შენნი, სოდომაჲ და გომორაჲ“.1 ხოლო ესევი-თარისა ამის უკეთურებისა მოქმედთა ეტყჳს უფალი, ვითარმედ: უძჳრესი სოდომელთასა შეემთხჳოს დღესა მას სასჯელისასა და უბოროტეს ტჳრელთასა იტანჯნენ.

სწავლაჲ ლზ რაჲთა გუეშინოდის საუკუნოჲსა სასჯელისაგან

ესე ყოველი ჩუენცა ყურად-ვიღოთ, მორწმუნენო, რამეთუ არა ურწმუნოთათჳს ხოლო, არამედ ჩუენთჳს უძჳრესი სოდომელთაჲსა განწესებულ არს სატანჯველი, უკუეთუ არა შევიწყნარებდეთ უცხოთა, უკუეთუ არა მივეგებვოდით მოციქულთა, ჩუენდა შემომავალთა, რომლისათჳსცა უბრძანებიეს მათდა განყრად მტუერსა ფერჴთა მათთასა ესევითარისა მოქმედთა ზედა.

თქუას ვინმე, ვითარმედ: ოდეს მოვიდა ჩემდა მოციქული და არა შევიწყნარე? არამედ უკუეთუ გულისჴმა-ვყოთ, ვპოვნეთ თავნი ჩუენნი ესევითარისა ამის საქმისა მოქმედად. რამეთუ რომელ-ესე დაუჴშავთ უცხო-თა და გლახაკთა კარსა, არა ქრისტესა მიიწევისა, რომელ-იგი უმეტეს არს

1 შდრ. ეზეკ. 16,51.

ყოველთა, ვითარცა მეუფე და დამბადებელი? და არა ხოლო თუ კართა დაუჴშავთ, არამედ სასმენელთაცა; და არა ხოლო თუ გლახაკთა და უცხოთა ჴმასა არა ვისმენთ, არამედ არცა თუ მოციქულთასა. ამისთჳსცა, ვინაჲთგან მოციქულთასა არა ვისმენთ, არცა გლახაკთა მიუპყრობთ ყურსა. რამეთუ ოდეს იკითხებოდინ სიტყუანი პავლესნი და ყურსა არა მიუპყრობდე, ოდეს ქადაგებდეს იოვანე და შენ არად შეგერაცხოს, არა დაგიყოფიანა ყურნი სმენად ჴმასა მოციქულთასა? ვინაჲთგან უკუე მოციქულთა ჴმასა ესრეთ შეურაცხ-ჰყოფ, შენ გლახაკთა ჴმაჲ ოდეს გესმეს?

არამედ გევედრები, საყუარელნო, განვახუნეთ ყურნი ჩუენნი სმენად ჴმასა მოციქულთასა და კარნი ჩუენნი შეწყნარებად უცხოთა, რამე-თუ ამისგან ვიეთმე რეცა არა უწყოდესო და ანგელოზნი ისტუმრნეს; შევიკრძალნეთ მცნებანი ქრისტესნი, რაჲთა არა უძჳრესი სოდომელთასა შეგუემთხჳოს, ვითარცა ზემო ვთქუ, რამეთუ მათ დაღაცათუ ურჩულოებაჲ დიდი ქმნეს, არამედ პირველ შჯულისა და პირველ სახარებისა იყვნეს; ხოლო ჩუენ ესოდენსა ამას მეცნიერებასა ზედა და შემდგომად ესოდენისა სწავლათა სმენისა უკუეთუ ცოდვასა შინაღა ვიპოვნეთ, რაჲ-მე სიტყუაჲ მიუგოთ, რომელი-მე მიზეზი დავდვათ? რამეთუ უკუეთუ რომელნი-იგი პირველ ქრისტეს მოსლვისა იყვნეს და სახელიცა საუკუნოთა სატანჯველ-თაჲ არა ასმიოდა და აქავე იტანჯნეს, უკუეთუ იგინი მუნ იტანჯვიანვე, ვი-თარცა მოასწავა ტანჯვაჲ მათი სიტყჳთა მით, ვითარმედ: უმოლხინეს იყოს ქუეყანაჲ სოდომისაჲ და გომორისაჲ მას დღესა, ვიდრეღა ქალაქთა მათ, რომელთა არა ჰრწმენა მისი;1 ვინაჲთგან უკუე პირველ ქრისტეს მოსლვისა შეცოდებულნი ესრეთ ტანჯვად არიან მას საუკუნესა, უფროჲსღა აქავე ტანჯულნი, რავდენ უფროჲს ჩუენ ტანჯვად ვართ, ესოდენსა მოძღურებასა და მეცნიერებასა შინა აღზრდილნი?

ამათ სიტყუათა ზედა შევლენ ვიეთნიმე ძიებასა და იტყჳან, ვითარმედ: რაჲ არს სამართალი ესე ამის საქმისაჲ, რომელ პირველ ქრისტეს მოსლვისა იყვნეს და სახელიცა არა ასმიოდა გეჰენიისაჲ, რაჲთამცა გეჰენიასა შთაც-ჳვეს? არა აქუსა სიტყუაჲ თქუმად, ვითარმედ: უკუეთუმცა გუასმიოდა, არამცა შთავრდომილ ვიყვენით? არამედ ისმინეთ ამის ჯერისათჳს: ესე უწყით და გურწამს, ვითარმედ არა არს ღმრთისა თანა უსამართლოებაჲ, არამედ ყოველსავე წესითა მიუთხრობელისა მის სიმართლისაჲთა იქმს. დაღაცათუ გულისჴმის-ყოფაჲ მისისა სიმართლისაჲ ჩუენგან დაფარულ იყოს, არა ჯერ-არს დაფარულთა მათ ძიებაჲ, არამედ სარწმუნოებით შეწყნარებაჲ.

ხოლო წინამდებარე ესე საქმე არცა ფრიადისა ძიებისა ღირს არს, რამეთუ პირველ ქრისტეს მოსლვისა, ვინაჲთგან არღა განთავისუფლებულ იყვნეს კაცნი მძლავრებისაგან ცოდვისა, არცა ესოდენი ასმიოდა სწავლაჲ,

1 შდრ. მათ. 11,24.

ამისთჳს არცა იძიებოდა მათგან ესოდენი სათნოებისა სრულებაჲ, არამედ ესე ხოლო, რაჲთა კერპთმსახურებისაგან მოიქცენ და იცნან მხოლოჲ ღმერთი და მას ჰმსახურებდენ, და რაჲთა დიდთა მათ და გარდარეულთა ერიდნენ ცოდვათა, რომელთა თჳთ ბუნებაჲცა და შინაგანი გონებაჲ მარადის მამხილებელ იყო. რამეთუ არაოდეს დაუტევნა ღმერთმან კაცნი შეუწევნელად, არამედ მისცა მხილებაჲ გონებისაჲ მამხილებელად ბოროტთა. კმა იყო უკუე მათდა ესე, რაჲთა კერპთაგან მოიქცენ და ღმერთსა ჰმსახურებდენ და გარდარეულთა უშჯულოებათა ერიდნენ. ხოლო რომელთა საქმენიცა კეთილნი მოიგნეს ღმრთისმსახურებისა თანა, იგინი დიდად წარემატნეს.

ხოლო მოქმედთა ბოროტისათა დაღაცათუ სიტყუაჲ ესე საუკუნეთა სატანჯველთაჲ არა იცოდეს, გარნა ჴელისჴელნი სატანჯველნი მოიწეოდეს მაშინ, ვითარცა წყლითრღუნაჲ, ვითარცა სოდომელთა და გომორელთა ტანჯვაჲ, ვითარცა ბაბილოვნელთა და მეგჳბტელთაჲ და სხუანი მრავალნი, რომელნი წიგნთა შინა წერილ არიან. უგუნურთა უკუე და ზრქელთა და პირუტყუებრივთა წინამდებარენი ჴელისჴელ სატანჯველნი უფროჲსად ერგებიან, ვიდრე შემდგომად ჟამთა მრავალთა მოლოდებადნი; ხოლო რომელნი თუალთა წინაშე მყოფთაგან არა შეშინდებოდეს, მათ დაღაცათუმცა ექადაგა მომავალი იგი სასჯელი, არავემცა შეშინდეს. აწ უკუე არარაჲ შეემთხჳა ყოვლადვე უსამართლოჲ მათ, დაღაცათუ ცუდად იტყჳან ვიეთნიმე, თუ: ჩუენ მრავალნი მოგუეცნეს სწავლანი, და შიში სატანჯველთაჲ მათ წინადადებულ არს, და ამით ჯერითა ევნო პირველთა მათ, რამეთუ არაჲ ესევითარი ისწავლეს. არამედ ამაო არს სიტყუაჲ ესე; ერთად, ზემოთქუმულითა მით მიზეზითა, და მერმე, რომელ არა ერთი მოქალაქობაჲ თანანადებ არს ჩუენდა და მათდა, არამედ ჩუენ ფრიად უმეტესი თანაგუაც. ხოლო რომელთა ზედა უმეტესი მოღუაწებაჲ განეწესა, უმეტესისაცა შეწევნისა ღირს ვიყვენით მოღებად. ესე არს უკუე შეწევნაჲ ჩუენი: განმრავლებაჲ ესე ღმრთისმეცნიერებისაჲ და შიში მომავალისა სასჯელისაჲ.

და ვითარცა ჩუენდა განსაკრძალველად განწესებულ არს მეცნიერებაჲ ესე მის საუკუნისაჲ, ეგრეთვე მათ აქუნდა, უკუეთუმცა ენება, მაშინვე მომავალნი ბოროტისმოქმედთა ზედა სატანჯველნი, ამასვე ცხორებასა, ვითარცა ზემო ვაჴსენეთ, სოდომელთაჲ და მსგავსთა მათთაჲ.

ხოლო ამას ყოველსა ზედა სხუასაცა სიტყუასა იტყჳან მრავალნი, ვი-თარმედ: სადა არს სამართალი ღმრთისაჲ ამას ზედა, ოდეს ვინმე ცოდოს აქა, და იტანჯოს აქაცა და მას საუკუნესაცა? აწ უკუე ამას პირსა ზედა თქუენ მიერვე თქუმულნი სიტყუანი მოგაჴსენნე, რაჲთა არღარა შრომაჲ შემემთხუეოდის განმარტებად ამის საძიებელისა.

უწინარეს ამათ დღეთა მესმა ვიეთგანვე, ვითარმედ ავაზაკი ვინმე ძჳრისმოქმედი შეიპყრეს და სამშჯავროსა შინა თავი წარჰკუეთეს; და თქუეს ვიეთმე თქუენთაგანთა: ეჰა საკჳრველი! უმრავლეს ასისა კაცისა მოეკლა უშჯულოსა მას, და აწ ერთი ხოლო სიკუდილი შეემთხჳა მას; ვითარი არს ესე სამართალი? აწ უკუე თქუენვე სწამებთ, ვითარმედ მრავალთა უშჯულოებათა მისაგებელად ერთი ხოლო სიკუდილი არა კმა არს. ვითარ უკუე აწ ვერ გულისჴმა-ჰყოფთ? არამედ სხუათათჳს თუალუხუავნი ვართ მსაჯულნი იგი და თავთა თჳსთათჳს რაჲ გუენებოს განკითხვისა ყოფად, თუალ-ღებით ვბჭობთ.

ხოლო უკუეთუ ჩუენთჳსცა თუალუხუავი ვყოთ სასჯელი, ვიპოვნეთ თავნი ჩუენნი არა ერთისა ხოლო და ორისა, არამედ ბევრეულთა სიკუდილთა ღირსნი და ბევრეულთა სატანჯველთა, აქაცა და მერმესაცა საუკუნესა.

და რაჲთა სხუათა მათ საქმეთა ჩუენთა თანაწარვჰჴდე, მოვიჴსენოთ, რომელნი-ესე უღირსებით ვეზიარებით წმიდათა მათ ქრისტეს საიდუმლო-თა. არა გჳსწავიესა, ვითარმედ რომელნი უღირსად ეზიარებოდინ, თანამდებ არიან ჴორცსა და სისხლსა ქრისტესსა?1 აწ უკუე, კაცო, ოდეს კაცისმკლველსა განიკითხვიდე, თავიცა შენი განიკითხე. მან კაცი მოკლა, ხოლო შენ უღირსად თუ ეზიარებოდი, სისხლსა თანამდებ ხარ მეუფისა. იგი უმეცარი იყო და უსწავლელი, ხოლო შენ სწავლულ ხარ და მეცნიერ.

ეგრეთვე კუალად რომელნი დღითი-დღე ჴორცსა ძმათა თჳსთასა ჭამენ და გესლსა უკეთურებისასა მიჰფენენ მათ ზედა, ვითარისა სასჯელისა ღირს არიან? რომელნი სძურციან გლახაკთა და ჰჴუთვენ დავრდომილთა, რავდენთა ავაზაკთა უძჳრეს არიან?

აწ უკუე, მორწმუნენო, ესეცა გულისჴმა-ვყოთ, ვითარმედ პირველ ქრისტეს მოსლვისაცა ყოფილნი უშჯულონი ტანჯვად არიან საშჯელითა სიმართლისაჲთა, თჳნიერ უმოლხინეს აწინდელთა უშჯულოთასა, რამე-თუ არა არს ყოვლადვე საშჯელსა მას შინა ღმრთისასა უსამართლოებაჲ. ამისთჳს განვეკრძალნეთ, რაჲთა არა ვიპოვნეთ ჩუენ გარდამავალ მცნება-თა ქრისტესთა, არცა ვიქმნეთ მოქმედ უშჯულოებისა, რაჲთა არა ჩუენცა მივეცნეთ საშჯელსა სოდომელთასა, რაჲთა არა შეგუემთხჳოს წარწყმედაჲ გომორელთაჲ, რაჲთა არა მოიწინენ ჩუენ ზედაცა ბოროტნი იგი ტჳრელთა და სიდონელთანი. უფროჲს ყოვლისა ესე ვთქუა, რაჲთა არა განვარისხოთ ქრისტე, რომელ-ესე ყოვლისა უმძიმეს არს და უსაშინელეს. რამეთუ და-ღაცათუ მრავალთა გეჰენიაჲ იგი ცეცხლისაჲ საშინელად ჰგონიეს, არამედ მე არა დავსცხრე მარადის ამას ღაღადებად, ვითარმედ: ესე არს გეჰენიისა და ყოვლისავე სატანჯველისა უფიცხეს და უსაშინელეს - განრისხებაჲ ქრისტესი და განვრდომაჲ პირისა მისისაგან.

ამისგან შეძრწუნებულ ვარ მე, ამისგან ზარგანჴდილ ვარ. და თქუენცა ეგრეთვე გევედრები, რაჲთა ამის განსაცდელისაგან გეშინოდის, რაჲთა ში-

1 შდრ. 1 კორ. 11,27.

შითა ამით შევიკრძალნეთ თავნი ჩუენნი და გეჰენიისაგანცა განვერნეთ და დიდებასა ქრისტესსა ღირს ვიქმნეთ ხილვად და საუკუნეთა მათ კეთილთა მკჳდრ-ყოფად, რომელთა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდება და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.