მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პგ

წმინდა იოანე ოქროპირი

📋 სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე : „მაშინ მოვიდა იესუ მათ თანა დაბასა, რომელსა ჰქჳან გეთსამანიაჲ, და ჰრქუა მათ: დასხედით მანდა, ვიდრემდე მივიდე იქი და ვილოცო. და წარიყვანნა პეტრე და ორნი ძენი ზებედესნი და იწყო მწუხარებად და ურვად. მაშინ ჰრქუა მათ იესუ: შეწუხებულ არს სული ჩემი ვიდრე სიკუდილდმდე“ (26,36-38).

დიდი სიყუარული აქუნდა სანატრელთა მათ მოწაფეთა ქრისტეს მიმართ და მარადის განუშორებელ იყვნეს მისგან და ყოვლადვე არა მოსწყდებოდეს, უფროჲსად მაშინ, ოდეს-იგი ესმოდა, ვითარმედ ეგულების მისლვაჲ ვნებად. ამისთჳს ეტყჳს: „დასხედით მანდა“, რამეთუ ჩუეულებაჲ აქუნდა მარტოებით ლოცვად. ხოლო ამისთჳს ესრეთ იქმოდა, რაჲთა ჩუენ გუასწაოს ჟამსა ლოცვისასა მყუდროებისა პოვნად და ფრიადისა უშფოთველობისა.

და წარიყვანნა სამნი იგი ნეტარნი და ჰრქუა მათ: „შეწუხებულ არს სული ჩემი ვიდრე სიკუდილდმდე“. რაჲსათჳს არა ყოველნი წარიყვანნა, არამედ იგი ხოლო სამნი? რამეთუ ეგულებოდა ამისცა კაცობრივისა ბუნებისა ჩუენებად, რომელ არს მწუხარებაჲ და ურვაჲ ჟამსა სიკუდილისასა. ამისთჳს ესენი წარიყვანნა, რომელთა ეხილვა თაბორს მისი იგი დიდებაჲ, რაოდენ შემძლებელ იყვნეს ხილვად, რაჲთა არა შეორგულდენ. ხოლო ეგულებოდა რაჲ ლოცვად, იგინიცა კიდე დაუტევნა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და წარვიდა მცირედ და დავარდა პირსა ზედა თჳსსა, ილოცვიდა და იტყოდა: მამაო, უკუეთუ შესაძლებელ არს, თანაწარმჴედინ ჩემგან სასუმელი ესე; ხოლო არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ. და მოვიდა მოწაფეთა და პოვნა იგინი მძინარენი და ჰრქუა პეტრეს: ესოდენ ვერ ძალ-გიც ჟამ ერთ მღჳძარებად ჩემ თანა? იღჳძებდით და ილოცევდით, რაჲთა არა შეხჳდეთ განსაცდელსა; სული გულსმოდგინე არს, ხოლო ჴორცი - უძლურ“ (26,39-41).

თ ა რ გ მ ა ნ ი: არა ცუდად ყო სიტყუაჲ თჳსი პეტრეს მიმართ, დაღაცათუ სხუათაცა დაეძინა, არამედ ამხილებს მას ზემოთქუმულისა მის მიზეზისათჳს, რამეთუ იტყოდა: „დაღაცათუ იყოს სიკუდილი ჩემი შენ თანა, არასადა უვარ-გყო შენ. და ეგრეთვე მსგავსად ყოველნი მოწაფენი იტყოდეს“.1 ამისთჳს პეტრეს მიმართ ყო სიტყუაჲ და ყოველთა პირი შემოიღო, რაჲთა ამხილოს უძლურებაჲ მათი, ვითარ რომელნი-იგი მის თანა სიკუდილად განმზადებულ იყვნეს, ვერცა თუ მწუხარებასა მას მის თანა მღჳძარებად შეუძლეს.

ხოლო თავადი ილოცავს მუჴლ-მოდრეკით და ჴელაპყრობით, რაჲთა გუასწაოს, თუ ვითარ გჳჴმს შეწირვაჲ ლოცვათაჲ, და რაჲთა მწვალე-

1 მათ. 26,35.

ბელთაგანმან ვერვინ თქუას, თუ: იჩემებდა საქმესა მას ურვისა და მწუხარებისასა. ამისთჳს ოფლნი გარდამოდიოდეს პირისა მისისაგან, ვითარცა ნაწუეთნი სისხლისანი, და ანგელოზი გამოუჩნდა და განაძლიერებდა მას, და მრავალი სახე შიშისაჲ აჩუენა, რაჲთა ვერვინ თქუას მწვალებელთაგანმან, თუ: სიტყუანი იგი მოპოვნებულნი იყვნეს. ამის-თჳს ილოცავს.

და რომელ-იგი თქუა: „უკუეთუ შესაძლებელ არს, თანაწარმჴედინ ჩემგან სასუმელი ესე“, გამოაჩინა ბუნებაჲ კაცობრივი.

ხოლო რომელ თქუა: „არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ“, გუასწავა სათნოებაჲ და ახოვნებაჲ, რაჲთა დაღაცათუ ბუნებაჲ წინააღუდგებოდის, არამედ ნებაჲ სულისაჲ ნებასა ღმრთისასა შეუდგეს. და ვინაჲთგან არა კმა-ეყოფოდა უგუნურთა სახისა ოდენ ჩუენებაჲ ანუ სიტყუათა ხოლო თქუმაჲ, ამისთჳს ორსავე აღასრულებს: სიტყუათაცა იტყჳს გამომაჩინებელთა ბუნებასა მას კაცობრივსა და საქმეთაცა აჩუენებს დამამტკიცებელთა სიტყჳსათა, რაჲთა ჰრწმენეს სრულიად უგულისჴმოთაცა, ვითარმედ კაც იქმნა ჭეშმარიტად და სიკუდილი დაითმინა ბუნებითა მით კაცობრივითა.

ჰხედავა, რავდენითა სახითა სარწმუნო-ჰყოფს ჭეშმარიტებასა მას განკაცებისა მისისასა? სიტყჳთ და საქმით.

„და მოვიდა მოწაფეთა და პოვნა იგინი მძინარენი და ჰრქუა პეტრეს: ესოდენ ვერ ძალ-გიც ჟამ ერთ მღჳძარებად ჩემ თანა? იღჳძებდით და ილოცევდით, რაჲთა არა შეხჳდეთ განსაცდელსა“.

ჰხედავა, ვითარ ასწავებს, არა ამპარტავნებად, არამედ სიმდაბლედ და შემუსრვილებად და ღმრთისა მიგდებად ყოვლისავე საქმისა და ლოცვად, რაჲთა არა შევიდენ განსაცდელსა? რამეთუ ესე მარადის განგჳწესა. და კუალად იტყჳს:

„სული გულსმოდგინე არს, ხოლო ჴორცნი - უძლურ“.

ესე იგი არს, ვითარმედ: დაღაცათუ გინდეს უგულებელს-ყოფაჲ სიკუდილისაჲ, არამედ ვერ ჴელ-გეწიფების, უკეთუ არა ღმერთმან მოგცეს ძალი, რამეთუ უძლურებაჲ ჴორცთა ბუნებისაჲ მოიზიდავს გულსმოდგინებასა მას სულისასა. ამისთჳს ილოცევდით, რაჲთა მარადის ღმერთი იყოს შემწედ თქუენდა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „კუალად მეორედ წარვიდა და ილოცვიდა იესუ და თქუა: მამაო ჩემო, უკუეთუ ვერ შესაძლებელ არს სასუმელი ესე თანაწარსლვად ჩემდა, რაჲთამცა არა შევსუ იგი, იყავნ ნებაჲ შენი“ (26,42).

თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად გამოაჩინებს, ვითარმედ ყოვლით კერძო თანაეწამების ნებასა ღმრთისასა, რაჲთა გუასწაოს, ვითარმედ ყოველსავე ზედა ნებისა მისისა ჯერ-არს მიყოლად და ამისი ძიებაჲ, თუ რომელი არს სათნო ღმრთისა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მოვიდა კუალად და პოვნა იგინი მძინარენი, რამე-თუ იყვნეს თუალნი მათნი დამძიმებულ. და დაუტევნა იგინი“ (26,43-44).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჟამიცა ღამისაჲ ფრიად წარსრულ იყო, და მწუხარებითა დიდითა შეპყრობილ იყვნეს მოწაფენი და ურვითა, ამისთჳს დამ-ძიმებულ იყვნეს თუალნი მათნი ძილითა, რეცა მითვლემულ იყვნეს და დაჴსნილ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მერმე წარვიდა მესამედ და ილოცა და მასვე სიტყუასა იტყოდა“ (26,44).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲთა ყოვლით კერძო დაამტკიცოს, ვითარმედ ჭეშმარიტებით კაც იქმნა. რამეთუ ორგზისი და სამგზისი ჭეშმარიტებისა გამომაჩინებელი არს წერილთა შინა, ამისთჳს სამგზის იგივე სიტყუაჲ თქუა ლოცვასა შინა, რაჲთა სარწმუნო-ყოს განგებულებაჲ თჳსი.

რამეთუ უკუეთუ ამას ყოველსა ზედა არიან ვიეთნიმე ესოდენ უგულისჴმო, რომელ ურწმუნო არიან განკაცებასა მისსა და ბუნებასა მას, რომელი ჩუენგან მიიღო, უკუეთუმცა ესოდენნი საქმენი ცხადნი არა ეჩუენნეს, ოდესმცა ჰრწმენა?

ხოლო მო-რაჲ-ვიდა მეორედ და პოვნა იგინი მძინარედ, არღარა ამხილა, არამედ დაუტევნა და წარვიდა, რაჲთა არა მეორედითა მხილებითა უმეტესად მოწყლნეს წყლულნი იგი გულნი მათნი. არამედ წარვიდა მესამედ, ილოცა და მოვიდა და ჰრქუა მათ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „დაიძინეთ ამიერითგან და განისუენეთ. აჰა ესერა მოახლებულ არს ჟამი, და ძე კაცისაჲ მიეცემის ჴელთა ცოდვილთა. აღდეგით, წარვედით ამიერ. აჰა ესერა მოიწია მიმცემელი ჩემი“ (26,45-46).

თ ა რ გ მ ა ნ ი: აჩუენებს, ვითარმედ არა მათისა შეწევნისა და თანადგომისა მოქენე არს. ამისთჳს ეტყჳს: „დაიძინეთ ამიერითგან და განისუენეთ. აჰა ესერა მოახლებულ არს ჟამი“. უკუეთუმცა უჴმდა მათი შეწევნაჲ, უფროჲსად მაშინ იყო ჟამი მღჳძარებისაჲ, ხოლო იგი ეტყჳს: „დაიძინეთო და განისუენეთ“. და კუალად ამისთჳსცა, რამეთუ იცოდა, ვითარმედ ეგულებოდა ყოველთა სივლტოლაჲ და მისი დატეობაჲ.

და კუალადცა გულისჴმა-უყოფს, ვითარმედ განგებულებაჲ იყო მისი იგი ვნებაჲ. ამისთჳს თქუა: „ესერა მოახლებულ არს ჟამი, და ძე კაცისაჲ მიეცეს ჴელთა ცოდვილთასა“; რაჲთა ცნან მოწაფეთა, ვითარმედ არა თუ იგი თანამდებ ბრალისა რაჲსამე იყო, არამედ უკეთურებისაგან ჰურიათაჲსა იყო საქმე იგი.

„აღდეგით, წარვიდეთ ამიერ. აჰა ესერა მოიწია მიმცემელი ჩემი“. ამათ სიტყუათა მიერ ასწავებს მათ, ვითარმედ არა იძულებით არს საქმე იგი, არცა უძლურებისაგან, არამედ განგებულებაჲ არს გამოუთქუმელი. ამისთჳსცა უწყოდა ზედამოსლვაჲ მათი და უფროჲსღა მიეგებვოდა, არა თუ ივლტოდა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა იგი ამას იტყოდაღა, აჰა ესერა იუდა, ერ-თი იგი ათორმეტთაგანი, მოვიდა, და მის თანა ერი მრავალი მახჳლითა და წათებითა მღდელთმოძღუართაგან და მოხუცებულთა ერისათა. ხოლო მიმცემელსა მას მისსა მიეცა მცნებაჲ და ეთქუა: რომელსა მე ამბორს-უყო, იგი არს, შეიპყართ იგი. და მეყსეულად მოუჴდა იესუს და ჰრქუა: გიხაროდენ, მოძღუარ! და ამბორს-უყო მას. ხოლო იესუ ჰრქუა მას: მოყუასო, რომლისათჳსცა მოსრულ ხარ? მაშინ მოუჴდეს და დაასხნეს ჴელნი მათნი იესუს ზედა და შეიპყრეს იგი“ (26,47-50).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჵ რავდენიღა უკეთურებაჲ დაიტია სულმან იუდაჲსმან! რომლითა-მე თუალითა უძლო მიხედვად პირსა სახიერისა მის მოძღურისასა? რომლითა პირითა იკადრა ამბორის-ყოფად? ჵ გონებაჲ იგი ბილწი! რაჲღა განიზრახა, რომელსაღა საქმესა შეჰკადრა შესლვად? რომელიღა სასწაული მისცა შეპყრობისა მისისაჲ? „რომელსა მე ამბორს-უყო, იგი არს, შეიპყართო“. მინდობილ იყო ფრიადსა მას სახიერებასა მისსა, ვითარმედ არა გარემიაქციოს. ჵ უბადრუკსა მას! უფროჲსღა ამის საქმისაგან თანაედვა შეკდიმებაჲ, გარნა არა შეიკდიმა. ამისთჳსცა უმეტესად დაისაჯა, რომელ ესრეთ სახიერი და ტკბილი იგი უფალი მისცა.

და საკჳრველ არს, ვითარ კუალადცა იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „ერთი იგი ათორმეტთაგანი“, და არა უძნავს მისი ათორმეტთაგან წოდებად. ხოლო რაჲსათჳს მიეცა მცნებაჲ იგი, თუ: „რომელსა მე ამბორს-უყო, იგი არს, შეიპყართ“? რამეთუ მრავალგზის ჴელ-ყვეს შეპყრობად მისა და ვერ უძლეს, არამედ განვიდის ჴელთაგან მათთა, ვითარცა ღმრთისმეტყუელი იოვანე იტყჳს; ამისთჳს უბადრუკმან მან ესე მისცა სასწაულად, რაჲთა რომელსა მან ამბორს-უყოს, შეიპყრან, ვითარმცა ამით წესითა ვერ განერა. და არა იცოდა მედგარმან მან და უშჯულომან, ვითარმედ უკუეთუმცა მას არა ენება, ვერცამცა აწ ჴელ-ეწიფა შეპყრობად მისა. და რაჲთა ცნან, ვითარმედ ესე ესრეთ არს, ამისთჳს დაუბრმნა თუალნი მათნი. და ოდესიგი ჰრქუა მათ: „ვის ეძიებთ? და მათ ჰრქუეს: იესუს ნაზარეველსა. ჰრქუა მათ იესუ: მე ვარ. დგა იუდაცა, მიმცემელი მისი, მათ თანა. და ვითარცა ჰრქუა მათ, ვითარმედ: მე ვარ, უკუნიქცეს გარე და დაეცნეს ქუეყანასა“.1 და ლამპრები აქუნდა, და იუდა მათ თანა იყო, არამედ ვერ ხედვიდეს მას, ვიდრემდის მან თავადმან გამოუცხადა თავი თჳსი და ჰრქუა: „მე ვარ“. არა ერთგზის, არამედ ორგზისცა; რამეთუ ვინაჲთგან უჩუენა ძალი თჳსი და არა შეიგონეს, მერმე შეუნდო შეპყრობად თავისა თჳსისა და ჰრქუა იუდას სახიერებით და სიმშჳდით: „მოყუასო, რომლისათჳსცა მოსრულ ხარ?“

1 იოან. 18,4-6.

ხოლო ლუკა იტყჳს: „იუდა, ამბორის-ყოფით მისცემა ძესა კაცისასა?“1 არცა თუ სახისა ამისგან გრცხუენისა? ამას ყოველსა ზედა არავე შეიგონა. ამისთჳს მისცა უფალმან ნეფსით თავი თჳსი. „და დაასხნეს ჴელნი მას ზედა და შეიპყრეს იგი“ მას მებრ ღამესა, რომელსა პასექსა ჭამდეს, და დღესასწაულთა მათთა თავი იყო. ესრეთ დუღდეს და ბორგდეს შურითა და მტერობითა უღმრთონი იგი, გარნა უკუეთუმცა არა თავადსა ენება, ვერ ეძლო მათ შეპყრობად.

ხოლო არა თუ ესემცა ულხენდა რას იუდას ანუ ჰურიათა სატანჯველ-თა მათგან საუკუნეთა, არამედ უფროჲსად დასჯის მათ, რამეთუ იხილეს ძალი მისი და თჳსსავე უკეთურებასა ზედა ეგნეს, უფროჲსად - უკეთური იგი იუდა.

სწავლაჲ პგ ანგაჰრებისათჳს

ამისთჳს, ძმანო, ვივლტოდით ანგაჰრებისაგან, რამეთუ ამან ვნებამან წარწყმიდა იგი, ამან მჴეცთა უფიცხეს ყო საწყალობელი იგი და ბილწი. და ყოველთავე, რომელთა მძლე ექმნას, უკუანაჲსკნელსა ბოროტსა შთას-თხევს და უფსკრულად ჯოჯოხეთისა შთააგდებს. და კუალადცა ვიტყჳ: ვივლტოდით ანგაჰრებისაგან. და ამისა თქუმად არაოდეს დავსცხრე.

კაცო, რასა შეჰკრებ ოქროსა? რად მჴეცსა მას უმძჳნვარეს-ჰყოფ და სრულიად დაამონებ თავსა შენსა მძლავრსა მას უწყალოსა? თქუ, თუმცა შენი იყო ყოველი ოქროჲ პალატისაჲ და რომელიცა სიღრმეთა შინა ქუეყანისათა დამალულ არს, რაჲ სარგებელმცა გეყო, მო-რაჲ-იწიოს სიკუდილი და ცარიელი განხჳდე და იგი ყოველი სხუათა დაუტეო? და ვიდრეღა აქა იყო, სამზირებელ იყავმცა ავაზაკთა და მპარავთა, მტერთა და შემასმენელთა; რამეთუ მდიდრისა მრავალთა ძალ-უც ვნებად, ხოლო გლახაკსა რაჲ ვინ ავნოს ანუ რაჲ წარუღოს?

ამისთჳს თქუმულ არს, ვითარმედ: გლახაკსა და შიშუელსა ვერცა თუ ათასსა კაცსა ჴელ-ეწიფების დატყუევნად, ვერცა თუ მეფესა ძალ-უც ვნებად, რამეთუ აქუს დიდი შემწე - სიგლახაკე იგი.

ხოლო ვეცხლისმოყუარესა ყოველთავე ძალ-უც ვნებად, არა კაცთა ოდენ, არამედ გრკილთაცა და მატლთა, და სიგრძეცა ჟამისაჲ დიდად ავნებს, ხოლო დღენი მისნი ზრუნვათა და შიშთა და ურვათა და იჭუთა შინა განილევიან, და განძღომად სიმდიდრითა მით ვერ ძალ-უც, დაღაცათუ აქუს.

ამისთჳს იტყჳს ბრძენი ვინმე: „ვითარცა საჭურისი, მისრული დედაკაცისა ქალწულისა, სურვიელ არნ აღსრულებად გულისთქუმისა თჳსისა, და

1 ლუკ. 22,48.

ვერ ეძლის და სულთ-ითქუამნ“,1 ესრეთ არიან ყოველნი მდიდარნი, აქუს სიმდიდრე და განძღომად ვერ ძალ-უც, არამედ დღითი-დღე უმეტესისა სურინ. უძნავნ ცაჲ, რომელ არა წჳმნ ოქროსა, უმძიმნ მზე, რომელ არა გამოსცემს ოქროსა, და არარაჲ არს მის თანა განსუენებაჲ ანუ შუებაჲ, არამედ მონებაჲ ვნებათა ბოროტთაჲ.

ხოლო იგი ოდენ არს უფალ საფასეთა, რომელი წარაგებდეს ჯეროვნად; ხოლო სხუანი იგი ანგაჰრნი მონანი არიან და ტყუენი ვნებათა და ცოდვათანი, რამეთუ სიმდიდრემან პოვნეს თუ უგუნურნი, უუგუნურესჰყოფს, პოვნეს თუ ბილწნი, უბილწესად გამოაჩინებს; ხოლო სიგლახაკე დასაბამი არს სიბრძნისაჲ; უკუეთუ ენებოს, ფრიად უადვილესად მოიგებს შიშსა ღმრთისასა და ყოველსავე კეთილსა.

არამედ ჵ უგულისჴმოებაჲ ვიეთმე კაცთაჲ! სწყევენცა გლახაკთა და იტყჳან, ვითარმედ: იგინი არიან საყუედრელნი სოფლისანი; რამეთუ ნანდჳლვე არა უწყის ბრმამან სარგებელი ნათლისაჲ, არცა ბნელსა შინა მყოფსა ძალ-უც ცნობად ოქროჲსა ანუ მარგალიტისა, გინა პორფირისა სამეუფოჲსა.

ეგრეთვე ვეცხლისმოყუარემან არა უწყის, თუ რაჲ არს კეთილ და შუენიერ. მოიძუარცე, კაცო, ნისლი ეგე ვნებათაჲ და მაშინ იხილო ბუნებაჲ საქმეთაჲ.

რად საყუედრელ არს გლახაკი? რომელ არა აქუს ოქროჲ და ვეცხლი და ცხედარნი პილოჲსძუალისანი, ვეცხლითა შეჭედილნი, და სხუაჲ იგი უცნებაჲ სოფლისაჲ? და რაჲ კეთილი არს ამისგან? არცა ერთი. ნუ იყოფინ! რომელი სახლი მსგავს არს თეატრონსა და საროკველსა, მდიდართაჲ ანუ გლახაკთაჲ? ჰე, მდიდართაჲ.

რომელი მსგავს არს სახლსა პავლესსა გინა აბრაჰამისსა, მდიდართაჲ ანუ გლახაკთაჲ? ჭეშმარიტად გლახაკთაჲ. აწ უკუე საცნაურ არს, ვითარმედ იგი არს პატიოსან და წმიდა.

შევედ, კაცო, სახლსა ზაქესსა, და იხილე, ოდეს შევიდოდა მუნ ქრისტე, ვითარ შეამკო მან. არა მოჰმზადნა საჯდომნი ძოწეულნი და ბისონნი, არცა საყდარნი და ცხედარნი ოქროქანდაკებულნი, არცა გამოიღო საუნჯე-თაგან საბურავები სახითქმნული და ბიალონები იქცევისი, არამედ შეამკო სამკაულითა, რომელი სათნო იყო უფლისა, რამეთუ ჰრქუა უფალსა: „აჰა, უფალო, ზოგი ნაყოფთა ჩემთაჲ მივსცე გლახაკთა; და უკუეთუ ვისმე ცილი დავსდევ, მივაგო ოთხი წილი“.2

აწ უკუე ჩუენცა ესრეთსახედ შევამკობდეთ სახლთა ჩუენთა, რაჲთა შემოვიდეს ჩუენდა ქრისტე. ესევითარი ტაბლაჲ დაუგოთ, ესევითარნი საჯდომნი დაუსხნეთ, რაჲთა განისუენოს ჩუენ შორის, რაჲთა სავანე-ყოს ჩუენ თანა თანა მამით და სულით წმიდითურთ. ეგრეთვე მათე მეზუერემან

1 შდრ. ზირ. 30,21. 2 ლუკ. 19,8.

ქმნა, გულსმოდგინებითა შეამკო სახლი თჳსი და დატევებითა ყოვლისაჲთა და შედგომითა ქრისტესითა. კორნელიოს კუალად შეამკო ქველისსაქმითა და ლოცვითა.

რამეთუ სამკაულ სახლისა არს სათნოებაჲ. და უნდოებაჲ სახლისა არა ესე არს: ცხედარი საგლახაკოჲ და ჭურჭელი კეცისაჲ და კედელნი მტუერდადებულნი, არამედ ცოდვანი მას შინა მყოფთანი.

და ამას ქრისტე გამოაჩინებს, რამეთუ სათნოებისა მოქმედთა შორის განისუენებს, ხოლო ოქროლესულთა მათ და ცოდვითა სავსეთა არცა თუ მიეახლების. აწ უკუე სადა ყოველთა მეუფე მკჳდრ არს, ჭეშმარიტად ყოვლისავე სამეუფოჲსა პალატისა იგი სახლი უბრწყინვალეს არს; ხოლო სადა ჭურჭელნი ეშმაკისანი არიან, იგი დაღაცათუ ოქროჲთა მოლესულ იყოს და მარმარილოჲთა შუენიერითა ბრწყინვიდეს, უხენეშეს არს სასკორეთა და სამწჳრეთა ადგილთასა.

ამას არა მათთჳს ვიტყჳ, რომელნი სიმდიდრესა თჳსსა გლახაკთა ზედა წარაგებენ, არამედ ვეცხლისმოყუარეთა და ანგაჰრთათჳს, რაჲთა ცნან, ვი-თარმედ სახლთა მათთა ქრისტე არა შევალს. და ნანდჳლვე არა ვჰპოებთ, თუ შევიდა იგი ბრწყინვალეთა ტაძართა, არამედ მეზეუერისათა და მე-თევზურთასა, არა სამეუფოთა და ფუფუნეულთა თანა.

და შენცა უკუეთუ გნებავს შეწყნარებაჲ ქრისტესი, შეამკვე სახლი შენი მოწყალებითა, ლოცვითა, მღჳძარებითა, მარხვითა, სიყუარულითა, სიმდაბლითა. უკუეთუ ესენი გაქუნდენ, რაოდენცა გლახაკი იყო და სახლი უნდოჲ გაქუნდეს, ნუ სირცხჳლ-გიჩნს.

და რომელი მდიდარ არს და დიდებულ, ნუ სიმდიდრისათჳს ზუაობს, არამედ უფროჲსად ჰრცხუენოდენ და ისწრაფდინ ზემოთქუმულისა მის სიმდიდრისა სათნოებათაჲსა მოგებად, რაჲთა ღირს იქმნას ქრისტეს შეწყნარებად და საუკუნეთა მათ კეთილთა მიემთხჳოს მადლითა და კაცთ მოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა დაუსაბამოჲთ მამით და ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოელსმყოფელით სულითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.