მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლგ

წმინდა იოანე ოქროპირი

📋 სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ჰრქუა მას იესუ: გრწმენინ ჩემი, დედაკაცო, რამეთუ მოვალს ჟამი, რომელსა არცა მთასა ამას, არცა იერუსალჱმსა, არამედ თაყუანის-სცემდეთ მამასა. თქუენ თაყუანის-სცემთ, რომელი არა იცით, ხოლო ჩუენ თაყუანის-ვსცემთ, რომელი ვიცით, რამეთუ ცხორებაჲ ჰურიათაგან არს“ (4,21-22).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ყოველსა ადგილსა სარწმუნოებაჲ ჯერ-არს ჩუენდა, საყუარელნო, რამეთუ სარწმუნოებაჲ დედაჲ არს ყოველთა კეთილთაჲ და წამალი ცხოველსმყოფელი, რამეთუ თჳნიერ მისა ვერარას გულისხმაჰყოფთ მაღალთა მათ სიტყუათაგანსა, არამედ მსგავს იქმნებით კაცთა, რომელნი თჳნიერ ნავისა ჴელ-ჰყოფენ წიაღსლვად ზღუასა, რომელნიიგი მცირედსა ადგილსა შემძლებელ არიან ჴელთა მიერ და ფერჴთა წარვლად, და უკუეთუ შინარე შევიდენ, ადრე დაინთქმიან ღელვათაგან; ეგრეთვე რომელნი თჳსითა გულისსიტყჳთა ისწრაფდენ რაჲსმე პოვნად წერილისა, პირველ პოვნისა დაინთქმიან, ვითარცა პავლე იტყჳს, ვითარმედ: „რომელნი-იგი სარწმუნოებისაგან დაინთქნეს“.1 არამედ ჩუენ რაჲთა არა მასვე შთავცჳვეთ, ამისთჳს კეთილი იგი ზღუდჱ მოვიღოთ, რომლითა აწ სამარიტელი მოიზიდა ქრისტემან, რამეთუ თქუა რაჲ მან თჳთ: ვი-თარ თქუენ იტყჳთ: „იერუსალჱმს არს ადგილი, სადა ჯერ-არს თაყუანისცემაჲ“?2 ჰრქუა მას ქრისტემან: „გრწმენინ ჩემი, დედაკაცო, მოვალს ჟამი, რომელსა არცა მთასა ამას, არცა იერუსალჱმს, არამედ თაყუანისსცემდეთ მამასა“. ფრიად მაღალი სიტყუაჲ გამოუცხადა მას, რომელიესე არცა ნიკოდემოსს, არცა ნათანაელს ჰრქუა, რამეთუ იგი დედაკაცი ისწრაფდა, რაჲთამცა საქმენი სამარიტელთანი უაღრესად ჰურიათა გამოაჩინნა, და მამათა მოწამედ მოიყვანებდა. ხოლო ქრისტემან არა მისისა კითხვისაებრ მიუგო, რამეთუ არცა საჴმარ იყო მაშინ ჩუენებაჲ, თუ რაჲსათჳს მამანი მთასა მას და ჰურიანი იერუსალჱმს თაყუანის-სცემდეს. ამისთჳს ესე დაიდუმა და უაღრჱსი ორთაჲსავე მიუთხრა და უჩუენა, ვი-თარმედ არცა ჰურიათა, არცა მათ აქუს დიდი რაჲ საქმჱ მომავალისა მის თანა, რომელი მოცემად იყო; და რაჟამს ესე გულისხმა-უყო, მაშინღა უჩუენა განყოფილებაჲ ორთაჲ მათ და ჰურიანი უპატიოსნესად გამოა-ჩინნა, არა თუ ადგილსა მისცა პატივი, არამედ გონებისაგან გამოაჩინა უაღრჱსობაჲ, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: ადგილთათჳს არა ჯერ-არს ცილობაჲ, გარნა გონებითა ჰურიათა უმჯობჱსად აქუს სამარიტელთასა, „რამეთუ თქუენ თაყუანის-სცემთ, რომელი არა იცით, ხოლო ჩუენ თაყუანის-ვსცემთ, რომელი ვიცით“. ხოლო ვითარ არა იცოდეს სა-

1 შდრ. 1 ტიმ. 1,19. 2 იოან. 4,20.

მარიტელთა, რომელსა თაყუანის-სცემდეს? ამისთჳს, რამეთუ ადგილსა მას შემოწერილად იცოდეს ღმერთი და ესრეთ ჰმსახურებდეს; და ესრეთ მიუმცნეს სპარსთა მისთჳს, ვითარმედ: ადგილისა ამის ღმერთი მრისხავს ჩუენო; და ამისთჳს შეურაცხ იყო გულისსიტყუაჲ ესე და ბოროტ, რამეთუ ღმერთსაცა ჰმსახურებდეს და ეშმაკსაცა და შეუერთებელთა ამათ საქმე-თა შეაერთებდეს. ხოლო ჰურიანი ამის საქმისაგან წმიდა იყვნეს და ყოვლისა სოფლისა ღმრთად იცოდეს იგი, დაღაცათუ არა ყოველთა. ამისთჳს ჰრქუა, ვითარმედ: „თქუენ თაყუანის-სცემთ, რომელი არა იცით, ხოლო ჩუენ თაყუანის-ვსცემთ, რომელი ვიცით“.

ხოლო ნუ გიკჳრს ესე, რომელ ჰურიათა თანა აღჰრაცხავს თავსა თჳსსა, რამეთუ იჭჳსაებრ დედაკაცისა მის ეტყოდა მას, რომელი ჰგონებდა მას წინაჲსწარმეტყუელად ჰურიად. ამისთჳსცა ჰრქუა, ვითარმედ: თაყუანის-ვსცემთ, რომელი-იგი თაყუანისსაცემელ არს ყოველთა მიერ, რამეთუ „მისა მოდრკეს ყოველი მუჴლი“,1 გარნა აწ ვითარცა ჰურიაჲ ეტყოდა მას. ხოლო დაუმტკიცა სიტყუაჲ იგი, რაჲთა არა ჰგონებდეს, ვითარმედ სიყუარულითა თჳსისა ნათესავისაჲთა ეტყოდა სიტყუათა მათ. ამისთჳს ჰრქუა: „გრწმენინ ჩემი, დედაკაცო, მოვალს ჟამი, რაჟამს არცა მთასა ამას, არცა იერუსალჱმს თაყუანის-სცემდეთ“. და მერმეღა უჩუენა უაღრესობაჲ ჰურიათაჲ, და ვითარმედ „ცხორებაჲ ჰურიათაგან არსო“. ხოლო „ცხორებად“ გინა თუ ამას იტყჳს, ვითარმედ მეცნიერებაჲ ღმრთისაჲ და შეურაცხის-ყოფაჲ კერპთაჲ მათგან იწყო პირველად, და თქუენცაო დაღაცათუ არა კეთილად იცით ღმერთი, გარნა ეგე, რომელ იცით, მათ მიერ არს, ანუ თუ თჳსსა გამოჩინებასა იტყოდა „ცხორებად“, რომელნი-ესე ორნივე ჰურიათაგან არიან, ვითარცა პავლე იტყჳს, ვი-თარმედ: „რომელთაგან ქრისტე ჴორციელად, რომელი-იგი არს ყოველ-თა ზედა ღმერთი“.2 ჰხედავა თჳსებასა ძუელისასა ახლისა თანა? ხოლო ესე რაჲ სიტყუანი მიუთხრნა, კუალად ეტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არამედ მოვალს ჟამი, და აწვე არს, ოდეს ჭეშმარიტნი თაყუანისმცემელნი თაყუანის-სცემდენ მამასა სულითა და ჭეშმარიტებითა“ (4,23).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჟამს „ჭეშმარიტნი“ აჴსენნა, განყარნა ჰურიანიცა და სამარიტელნი, რამეთუ დაღაცათუ სამარიტელთასა უმჯობჱს არიან ჰურიანი, გარნა ყოფადთა მათ ესოდენ უდარჱს არიან, რაზომ აჩრდილი ჭეშმარიტებასა. ხოლო იტყჳს ეკლესიისათჳს, ვითარმედ ჭეშმარიტი და ჯეროვანი თაყუანის-ცემაჲ იგი არს, „რამეთუ მამაჲცა ესევითართა ეძიებს თაყუანისმცემელთა მისთა“ (4,23). და ვინაჲთგან ესევითარნი ჰნებვან, მათცა სამე არა ნებსით შეუნდო ესრეთ ყოფად, არამედ მათისა მის ფრიადისა უძლურებისათჳს, და რაჲთა ესრეთ მცირედ-მცირედ იგი-

1 შდრ. ესაია 45,23; რომ. 14,11; ფილიპ. 2,10. 2 რომ. 9,5.

ნიცა მოაქცინეს; რამეთუ „ჭეშმარიტნი თაყუანისმცემელნი“ იგინი არიან, რომელნი არა ადგილითა ჰმსახურებენ ღმერთსა, არამედ სულითა, ვი-თარცა მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „რომელსა ვჰმსახურებ სულითა ჩემითა სახარებითა ძისა მისისაჲთა“.1 ხოლო რაჟამს თქუას, თუ: „სულ არს ღმერთი“ (4,24), არა თუ სხუასა რას მოასწავებს, გარნა ამას, ვი-თარმედ უჴორცო არსო, და ჯერ-არს, რაჲთა უჴორცოჲსა მის მსახურებაჲ უჴორცოჲთავე იქმნებოდის ჩუენ მიერ, რომელ არს სული და სიწმიდჱ გონებისაჲ. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „თაყუანისმცემელთა მისთაჲ სულითა და ჭეშმარიტებითა ჯერ-არს თაყუანის-ცემაჲ“ (4,24). რამეთუ ვინაჲთგან სამარიტელნიცა და ჰურიანი სულისათჳს არას მოსწრაფებასა იქმოდეს და ჴორცთა განწმედისათჳს ფრიადსა მოსწრაფებასა აჩუენებდეს, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: არა ჴორცთა განბანითა, არამედ გონებისა სიწმიდითა იმსახურების ღმერთი. ნუ ცხოვართა და ზუარაკთა შესწირავ, არამედ თავი შენი შეწირე ყოვლითურთ ღმრთისა, და ესე არს ჭეშმარიტი თაყუანის-ცემაჲ, თუ არა, პირველნი ყოველნი აჩრდილნი იყვნეს: წინადაცუეთაჲ და მსხუერპლნი იგი, ხოლო აწ ყოველივე ჭეშმარიტება არს, და არა ჴორცთაჲ, არამედ ბოროტთა გულისსიტყუათაჲ ჯერ-არს განწმედაჲ და მოკუეთაჲ და ჯუარ-ცუმაჲ თავისა თჳსისაჲ და ბოროტთა გულისსიტყუათა დაკლვაჲ. ხოლო დედაკაცი იგი შეძრწუნდა და დაუკჳრდა ამათ სიტყუათათჳს, ამისთჳსცა ჰრქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვიცი, რამეთუ მესია მოვალს, რომელსა ჰრქჳან ქრისტე. ოდეს მოვიდეს იგი, მითხრას ჩუენ ყოველი. ჰრქუა მას იესუ: მე ვარ, რომელი გეტყჳ შენ“ (4,25-26).

თ ა რ გ მ ა ნ ი: და ვინაჲ აქუნდა სამარიტელთა ქრისტეს მოლოდებაჲ? გარნა მოსეს წიგნთაგან, რამეთუ ფრიად გამოაცხადებს იგი ძესა. რამეთუ „ვქმნეთ კაცი ხატად ჩუენდა“2 ძისა მიმართ თქუმულ არს, და აბრაჰამს კარავსა შინა ძჱ ჰზრახვიდა,3 და იაკობ მისთჳს თქუა, ვითარმედ: „არა მოაკლდეს მთავარი იუდაჲსგან, არცა წინამძღუარი წყვილთაგან მისთა, ვიდრემდის მოვიდეს, რომელი-იგი წინამდებარე არს, და არს იგი მოლოდებაჲ წარმართთაჲ“.4 და თჳთ მოსე თქუა, რამეთუ: „წინაჲსწარმეტყუელი აღგიდგინოს თქუენ უფალმან, ვითარცა მე; მისი ისმინეთ“.5 და გუელი რვალისაჲ და კუერთხი მოსესი და ისაკის დაკლვაჲ და სხუაჲ მრავალი ესევითარი მოსლვისა მისისა სახენი იყვნეს. ხოლო თუ ვინ თქუას, თუ: რაჲსათჳს არა მოართუა მას სახჱ წერილთაგან, ვითარ ნიკოდემოსს და ნათანაელს? გულისხმა-ყავთ, რამეთუ იგინი წერილთა მეცნიერნი იყვნეს, ხოლო ესე დედაკაცი იყო გლახაკი და უსწავლოჲ, და ამისთჳს წყლისა მის ცხოველისა ჴსენებითა მოიზიდა იგი, და ესრეთ მცირედ-მცირედ მოეჴსენა მას, ვითარ ასმიოდა სამე წერილი, და მერმეღა

1 რომ. 1,9. 2 დაბ. 1,26. 3 შდრ. დაბ. 18,1-15. 4 დაბ. 49,10. 5 2 სჯ. 18,15.

გამოუცხადა თავი თჳსი, ხოლო პირველითგან ვერ იტჳრთვიდა იგი, რაჲ-თამცა წერილისა სიტყუათაჲ ჰრწმენა. და ჰურიანი იტყოდეს, ვითარმედ: „ვიდრემდის სულთა ჩუენთა წარგუჴდი? უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, გჳთხარ ჩუენ“,1 და არარაჲ ჰრქუა, ხოლო ამას თჳნიერ გამოძიებისა გამოუცხადა თავი თჳსი, რამეთუ იცოდა, ვითარმედ მისი გონებაჲ წრფელი იყო, ვიდრე ჰურიათაჲ; რამეთუ იგინი კიცხევისათჳს ჰკითხვიდეს, თუ არა, უკუეთუმცა უნდა ცნობის, კმა იყვნეს სასწაულნი და სწავლანი და წერილთა სიტყუანი გამოჩინებად მისა, ხოლო ესე წრფელითა გონებითა ეტყოდა, და ამისთჳს ადრე ჰრწმენა, ესმა რაჲ, და სხუანიცა მოიზიდნა მისა მიმართ. და ყოველთაგან დიდ არს სარწმუნოებაჲ დედაკაცისაჲ მის.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ამას ოდენ სიტყუასა მოვიდეს მოწაფენი მისნი და დაუკჳრდა, რამეთუ დედაკაცისა თანა იტყოდა. და არავინ ჰრქუა მას: რასა ეძიებ, ანუ რასა იტყჳ მის თანა?“ (4,27).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ფრიად თჳსსა ჟამსა მოვიდეს, აღ-რაჲ-სრულებულ იყო სწავლაჲ დედაკაცისა მის მიმართ. ხოლო დაუკჳრდა მათ მისი იგი სიმდაბლჱ მიუწდომელი, რამეთუ ესევითარი დიდებული თავს-იდებდა გლახაკსა და სამარიტელსა დედაკაცსა ესრეთ სიმდაბლით ზრახვად, არამედ დაღაცათუ დაუკჳრდა, არავე ჰკითხესო მიზეზი. ესრეთ განსწავლულ იყვნეს წესსა ზედა მოწფობისასა, ესრეთ ეშინოდა და ერიდებოდეს მას, რამეთუ დაღაცათუ მისთჳს ჯეროვანი გულისხმის-ყოფაჲ არა აქუნდა, გარნა ვითარცა საკჳრველსა ვისმე, ესრეთ ჰხედვიდეს მას და ერიდებოდეს; დაღაცათუ სადამე კადნიერ იქმნიან, ვითარ იოვანე, მკერდსა რაჲ მიეყრდნა,2 და რაჟამს ეტყოდეს, თუ: „ვინ უზეშთაეს არს?“3 და სხუაჲ მრავალი ესევითარი, გარნა რამეთუ მათ იქმოდეს, რომელი თავთა თჳს-თათჳს რაჲმე საჭირო არნ საკითხავად, ხოლო აქა სხჳსათჳს იყო საქმჱ, და ამისთჳს არა ჰკითხეს; და იოვანე რაჟამს მკერდსა მიეყრდნა, უკუანაჲსკნელ რაჲ უმეტესი კადნიერებაჲ მიეცა, რომელი-იგი იყო მოწაფჱ, რომელი უყუარდა უფალსა.4

სწავლაჲ ლგ სიმდაბლისათჳს და სიმშჳდისა

ვითარმედ ესენი აქუნდეს მახარებელსა იოვანეს, ამისთჳს უყუარდა იგი უფალსა. რამეთუ რაჲმცა იყო ამის ნეტარებისა უზეშთაესი? გარნა ნუმცა ვჰნატრით ოდენ მოციქულსა მას, საყუარელნო ძმანო,

1 იოან. 10,24. 2 შდრ. იოან. 13,23,25; 21,20. 3 შდრ. მათ. 18,1; მარკ. 9,34; ლუკ. 9,46. 4 შდრ. იოან. 13,23; 21,20.

არამედ ვისწრაფოთ, რაჲთა მახლობელ სანატრელისა მის ვიქმნნეთ და მივემსგავსნეთ ყოვლითა ღონითა მახარებელსა მას. და ვიხილოთ, თუ რომლისა საქმისათჳს უფროჲს ყოველთასა უყუარდა იგი უფალსა. რამეთუ დაუტევა მამაჲ თჳსი და შეუდგა უფალსა, და ამას საქმესა ძმაჲცა მისი ზიარ იყო და პეტრეცა და ანდრია. ხოლო ესე რაჲსათჳს უყუარდა უფროჲს ყოველთასა? რამეთუ თჳთ არა თქუა სიმდაბლისათჳს მიზეზი იგი სიყუარულისაჲ, არამედ მე ამას გულისხმა-ვჰყოფ: ამისთჳს, რამეთუ ფრიად აქუნდა მას სიმშჳდჱ და სიმდაბლჱ და სიწრფოებაჲ; ამისთჳსცა არასადა აჩუენებს სახარებაჲ, თუმცა კადნიერქმნილ იყო კითხვად რაჲსათჳსმე, ვითარ პეტრე და ფილიპე და იუდა და თომა, გარნა მაშინ ოდენ, რაჟამს აიძულა პეტრე კითხვად, რამეთუ მათ ორთა ფრიად აქუნდა ურთიერთას სიყუარული, და სხუაჲ არასადა კადნიერ იქმნა, არამედ ფრიადსა აჩუენებდა სიმშჳდესა და სიმდაბლესა.

ხოლო ესევითარი სათნოებაჲ მოსეს მიერცა საცნაურ არს, რამეთუ იგი დიდსა მას საზომსა ამან მიაწია. და არარაჲ არს სწორ სიმშჳდისა და სიმდაბლისა, ამისთჳს ნეტარებათა ამისგან იწყო ქრისტემან, რამეთუ ვითარცა საფუძველი სათნოებათაჲ ესე აჴსენა პირველად, ვითარმედ: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა“.1 და შეუძლებელ არს თჳნიერ ამისა ცხორებაჲ, არამედ გინა თუ იმარხვიდეს ვინ, ანუ თუ ილოცვიდეს, ანუ რასაცა იქმოდის ზუაობით, საძაგელ არს წინაშე ღმრთისა, არამედ უკუეთუ სიმდაბლით იყოს, მაშინ ყოველივე საქმჱ მისი პატივოსან არს.

მოვიგოთ უკუე სიმდაბლჱ, საყუარელნო, რამეთუ უკუეთუ გჳნდეს, ფრიად ადვილ არს ესე სათნოებაჲ. ანუ რაჲ არს, რომლისათჳს ჰზუაობ, კაცო? არა ჰხედავა ბუნებისა შენისა უნდოებასა და გონებისა ცთომილებასა? მოიჴსენენ ცოდვანი შენნი. უკუეთუ კულა სათნოებანი გქონან და მათთჳს ჰზუაობ, ამით წარსწყმედ ყოველსავე, რამეთუ უკუეთუ გლახაკთა მისცემ, არა შენსა მისცემ, არამედ ღმრთისასა; და უფროჲსად სიმდაბლჱ გიღირს, რაჟამს გლახაკთა ხედვითა გულისხმა-ჰყოფდე ბუნებისა შენისა უნდოებასა, რამეთუ უკუეთუ დღეს მდიდარ ვართ, შიშუელნივე განსლვად ვართ. ანუ რაჲ არს სიმდიდრჱ? აჩრდილი უნდოჲ, კუამლი განქარვებადი, ყუავილი თივისაჲ და ყუავილსა უუძლურჱსი. რასა უკუე ჰზუაობ თივასა ზედა? ანუ არა მეძავნიცა და ავაზაკნი მოიგებენ სიმდიდრესა? უკუეთუ კულა პატივი და დიდებაჲ გიყუარს, ღმრთისამიერი მოიძიე, რომელი-იგი არაოდეს განქარდების, სიმდაბლჱ მოიგე და სხუანი სათნოებანი, რაჲთა მას დიდებასა ღირს იქმნე მადლითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

1 მათ. 5,3; ლუკ. 6,20.