მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი გ̂. საღმრთოჲსა სულისა წმიდისა მოსლვისათჳს, რომელი იქმნა მორწმუნეთა ზედა დღესა მეერგასესა

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

და აღსრულებასა მას დღისა მის მეერგასისასა იყვნეს ყოველნი ერთბამად ურთიერთას (2,1).

თარგმანი: ქრისტემან ღმერთმან, რომელმან ივნო ნებსით ჴორცითა, აღდგა მკუდრეთით და მის თანა აღმადგინნა ჩუენ, მომკუდარნი ცოდვითა, და დაჰჴსნა ძლიერებაჲ სატანაჲსი და ეშმაკთა მისთაჲ. ამისთჳსცა ჩუენ ვიდრე აღსრულებამდე მეერგასისა, ესე იგი არს, აღდგომითგან ვიდრე მოსლვადმდე სულისა წმიდისა, ერგასისთა მათ დღეთა ყოვლად არა მოვიდრეკთ მუჴლთა ლოცვასა შინა, არამედ მდგომარენი ვჴმობთ მტერთა მიმართ: "იგინი შებრკოლდეს და დაეცნეს, ხოლო ჩუენ აღვდეგით და აღვემართენით" (). ხოლო დღესა მას, რომელსა შინა ღმრთივ-შუენიერად ენანი ცეცხლისანი გამოგჳჩნდეს ჩუენ, მუჴლთა მოვიდრეკთ და ქუეყნად დავვარდებით, რამეთუ ხილვასა მას საღმრთოსა ვერ თავს-ვიდებთ, არამედ შევრდომითა მით ცხად ვჰყოფთ, ვითარმედ სულისა მიერ სრული თაყუანის-ცემაჲ სამებისაჲ ვისწავეთ, რამეთუ "სულ არს ღმერთი, და თაყუანის-მცემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა თანა-აც თაყუანის-ცემაჲ" (). და ამას ვჰყოფთ აღსრულებასა დღისა მის მეერგასისასა. ხოლო რაჲსათჳს მას დღესა იქმნა მოსლვაჲ სულისა წმიდისაჲ, ისმინე:

ჯერ-იყო ჟამსა ოდენ ყანათა სპეტაკობისასა მოვლინებაჲ მანგალსა სულისასა. ამისთჳსცა მან, რომელმან თქუა — "აღიხილენით თუალნი თქუენნი და იხილეთ ყანები, რამეთუ სპეტაკ არიან" () და "სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი — მცირედ" (), პირველად უკუე აღიყვანა დასაბამი თბისა ჩუენისაჲ და მიერ გარდამოავლინა აღლესული მანგალი სულისაჲ. ხოლო ჯერ-იყო ესე ქმნად დღესა დღესასწაულისასა, რაჲთა, რომელნი-იგი შეკრებულ იყვნეს ხილვად ჯუარ-ცუმასა უფლისასა, მათვე კუალად იხილონ სასწაული ესე ენათა განყოფისაჲ, რამეთუ დღისა მისთჳს მეერგასისა მრავალნი შეკრებულ იყვნეს მუნ, ვინაჲთგან დიდ იყო ჰურიათა შორის დღესასწაული ესე, ვინაჲთგან ამას მეერგასესა დღესა მოეცა ძუელი იგი შჯული მთასა ზედა. ამისთჳს მასვე დღესა მოჰფინა მადლი სულისაჲ, რაჲთა ცხად იქმნეს უფლებაჲ სულისა წმიდისაჲ და გამოთარგმანებულ — გამოჩინებაჲ ღმერთი, და იქადაგოს განუყოფელი ერთობაჲ სამ-გუამოვნისა ღმრთეებისაჲ, ვითარმედ ერთი და იგივე არს ძუელისა და ახლისა შჯულისა, მომცემელი. და განყოფილებასა შინა ჟამთასა —მისვე და ერთისა მოქმედი მაცხოვარებისაჲ, რამეთუ ვითარ-იგი ქრისტესა, ეგულებოდა რაჲ აღსრულებაჲ საცხორებელისა მის ვნებისაჲ, არა სხუასა ჟამსა ყო ვნებად განცემაჲ თავისა თჳსისაჲ, არამედ მასვე დღესა, რომელსა შინა ქმნილ იყო დაკლვაჲ კრავისაჲ. პასექსა მას შინა ძუელსა, რაჲთა სახესა მას შეაერთოს ჭეშმარიტებაჲ. ეგრეთვე სულისა წმიდისა მოსლვაჲ არა სხუასა ჟამსა, არამედ მასვე დღესა განაგო, რომელსა შინა მოცემულ იქმნა შჯული, რაჲთა საცნაურ იქმნეს, ვითარმედ იგივე და ერთი სული წმიდაჲ შჯულისმდებელ არს ზოგად ძუელსაცა შინა და ახალსაცა. რამეთუ მთოვარისა ათოთხმეტსა პირველისა თჳსასა გამოვიდეს ძენი ისრაელისანი ეგჳპტით და მას დღესა სრულ-ყვეს უცომოჲ და საიდუმლოჲ პასექისაჲ. ამას ზედა იწყე მიერითგან რიცხუვად და იპყარ ნეშტი პირველისა მის თჳსაჲ, რომელ არს ათჩჳდმეტი დღე, და მეორისა თჳსაჲ ოცდაათი დღე, რაჲთა მესამესა დღესა მესამისა თჳსასა განიწესოს დღესასწაული აღსრულებითგან პასექისაჲთ აღსრულებასა დღისა მის მეერგასისასა, ოდეს-იგი მოციქულნი ყოველნი ერთბამად იყვნეს ერთობითა საღმრთოჲსა სარწმუნოებისა და ლოცვასა შინა კრძალულებისაჲთა.

და იყო მეყსეულად ზეცით ოხრაჲ, ვითარცა მოწევნაჲ ქარისა სასტიკისაჲ (2,2).

თარგმანი: ამისთჳს მეყსეულად, რაჲთა მეყსა შინა მოულოდებელად მოსლვითა განაკჳრვნეს მხედველნი და მოუწოდოს ყოველთა მსწრაფლ შემოკრებად სასწაულსა მას ზედა საკჳრველსა, რომელი არა უცნაურად იქმნა, რაჲთა, რაჟამს ვიეთმე თქუან ტკბილთაგან სავსეობაჲ მოციქულთასჲ, იმხილნენ სხუათა მიერ, რომელნი-იგი ხედვიდეს ზეცით ქმნილსა მას ოხრისა ჴმასა, რომელი ამისთჳს ზეცით იყო, რაჲთა ცხად იქმნეს, ვითარმედ ზეცად ამაღლებულისა მიერ მოვლინებულ არს სული წმიდაჲ, და საღმრთოჲ საქმე არს ესე. რამეთუ, ვითარ-იგი პირველ ზღჳსა მის მეწამულისა განკუეთაჲ იქმნა სიმძაფრითა ქართაჲთა, ეგრეთვე აწ ზეცით ოხრითა იქმნა, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს — "ვითარცა მოწევნაჲ ქარისა მაიძულებელისაჲ", რაჲთა ცხად ყოს, ვითარმედ რომელნი შვილებისა მადლსა ღირს იქმნნენ სულისა მიერ წმიდისა, უჴმს, რაჲთა მაიძულებელ იყენენ ზეცათა სასუფეველისა. კეთილად უკუე თქუა —"ვითარცა ქარისაჲ", რაჲთა არა გრძნობადთაგანი რაჲმე ყოფად ჰგონი შენ სული წმიდაჲ, რომლისა სახედ ოდენ ითქუა აწ მსგავსებაჲ ქარისა მძაფრისაჲ, რამეთუ სხუებრ ვერ დაიტევს მიუწთომელისა მისთჳს სიტყუად რასმე და სმენად უძლურებაჲ კაცობრივი თჳნიერ ზრქელთავე ამათ სახეთა და იგავთა შემოღებისა, რაჲთა მათ მიერ ვიცნათ ჭეშმარიტებაჲ.

და აღივსო ყოველი იგი სახლი, სადა იყვნეს მსხდომარე (2,2).

თარგმანი: სახლსა მას სახე მოაქუნდა ყოვლისა სოფლისაჲ, ვითარმედ არა ზოგთა ვიეთმე, არამედ უშურველად ყოველსა სავსებასა ეკლესიისასა მიეფინების დაულევნელი იგი მადლი სულისაჲ. ამას თანა ემბაზისაცა სახე იყო სახლი იგი, და ვინაჲთგან აღთქუმულ იყო მოციქულთადა, რაჲთა ნათელ-ეცეს სულითა წმიდითა და ცეცხლითა, ამისთჳს ქარისა მიერ, ვითარცა წყლითა ემბაზი, ეგრეთ აღივსო ყოველი იგი სახლი, ხოლო ცეცხლითა არა ყოველი სახლი აღივსო, რაჲთა არა შიშისაგან მიმოდაიბნიოს ერი, და არღარა ვის დაშთეს მოწამე საკჳრველებისაჲ, არამედ მას ოდენ ადგილსა იხილვებოდა ცეცხლი, სადა-იგი მოციქულნი მსხდომარე იყვნეს.

და ეჩუენეს მათ განყოფანი ენათანი, ვითარცა ცეცხლისანი 2.3). თარგმანი: ვითარ-იგი იერემიას შეხებაჲ ჴელისაჲ და ეზეკიელს თავი წიგნისაჲ მიეცნეს დასაბამსა წინაჲსწარმეტყუელად განჩინებისა მათისასა, ეგრეთვე მოციქულთა ეჩუენნეს განყოფანი ენათანი, ვითარცა ცეცხლისანი, რაჲთა ხილულითა ნიშითა გულსავსე იქმნენ უხილავად აღმავსებელსა მათსა მადლსა სულისასა. და ვითარცა დასაბამსა შჯულის მოცემისასა ცეცხლისა მიერ ჯერ-იყო შეძრწუნებაჲ მსმენელთაჲ დაცვისათჳს მცნებათა მუნ მოცემულთაჲთსა, ხოლო შორის ცეცხლისა მის იყო გამოცხადებაჲ ღმრთისაჲ, ეგრეთვე აქა სასწაული ესე ცეცხლის-სახეთა ენათაჲ ურწმუნოთათჳს იყო, არა მორწმუნეთათჳს, რამეთუ: "სხჳთა ენებითა და სხუათა ბაგეთა მიერ ვეზრახო ერსა ამას და არცა ესრეთ ისმინონ ჩემი" (), —იტყჳს უფალი. ხოლო განყოფაჲ ენათაჲ ითქუა და არა განყოფაჲ სულისაჲ, რამეთუ სული წმიდაჲ განუყოფელ არს თჳსისა! ერთობისაგან, და განუყოფს მადლთა კაცად-კაცადსა მსგავსად შეძლებისა და დატევნისა. რაჲთა, ვითარ-ესე ჴორციელი მიწისა გუამი ჩვენ სიმრავლითა ასოთაჲთა ერთ-გუამ იქმნების, ეგრეთვე გუამი ეკლესიისა სავსებისაჲ თითო-სახეთა მადლთა მიერ სულისათა შეიერთებოდის, და კაცად-კაცადისა მიერ ერთ-გუამ იქმნებოდის. ხოლო შენ, გუსმეს რაჲ "ვითარცა ცეცხლისანი", გულისჴმა-ყავ, ვითარმედ არა ცეცხლისა არსება არს სული, არამედ მიუწდომელისა მისთჳს ბუნებისა მისისა სახედ ოდენ და იგავად ითქუმის ცეცხლი, რამეთუ ძუელსაცა შინა მოსე ჴმობს მამისათჳს, ვითარმედ: იყო ხილვაჲ ღმრთისა ისრაელისაჲ მთასა სინასა, ვითარცა ცეცხლი მგზებარე, და აქა მის თანა ერთ-ჴმა არს სულისათჳს თქუმული — "ვითარცა ცეცხლისანი", — რამეთუ ღმერთი ჩუენი ცეცხლ შემწუველ არს ეკალთა მათ გარდასლვისა მიერ დანერგულთა, და განმლეველ ყოვლისა ცოდვისა, მიერითგან აღმოცენებულისა. ამისთჳს აწ მოციქულთა განუყოფს, ენათა უკუე — მალიად მოძრაობისათჳს, ხოლო "ცეცხლისათა", —რაჲთა, ვითარ-იგი ცეცხლი სწუავს-ცა და ნათობს-ცა ეგრეთვე სიტყუანი მოციქულთანი ურწმუნოთა შესწუვიდენ, ხოლო მორწმუნეთა განანათლებდენ. და კუალად, ვითარ-იგი ცეცხლითა, ეგრეთვე ენათა განყოფითა ერთ-არსებაჲ გუესწავების წმიდისა სამებისაჲ და ვითარმედ თჳსებაჲ და ერთ-ღმრთეებაჲ აქუს სულსა სიტყჳსა მიმართ ღმრთისა, რამეთუ ენაჲ და სიტყუაჲ ერთბამად გამოაჩინებენ აღძრვათა გონებისათა, რაჲთა შენ ისწავო, ვითარმედ გონებისა მის დიდისაგან, რომელ არს მამაჲ იშვების ძე, რომელ არს სიტყუაჲ გუამოვანი, და გამოვალს სული, რომელი-იგი მამისაგან გამოვალს და ძისა მიერ მიეცემის კაცთა, რომელი აწ ენებითა ცეცხლისაჲთა მიეცა მოციქულთა, რამეთუ ვეცხლ გამოჴურვებულ არს ენაჲ მართლისაჲ. ამისთჳს ჴმობს: "უფალმან მცეს მე ენაჲ სწავლულებისაჲ, რაჟამს-იგი ჯერ-არნ თქუმაჲ სიტყჳსაჲ" ().

და დაადგრა თითოეულად კაცად-კაცადსა მათსა ზედა და აღივსნეს ყოველნი სულითა წმიდითა და იწყეს სიტყუად უცხოთა ენათა, ვითარცა სული იგი მისცემდა მათ სიტყუად (2,3-4).

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: "და დაჯდა თითოეულად კაცად-კაცადსა მათსა ზედა", რაჲთა აჩუენოს, ვითარმედ ყოველი კაცი, რომელი ერთგულებით ჰმონებდეს ღმერთსა, საყდარ მისსა არს ქერობინებრ, ვითარცა მის შორის განმსუენებელი ნებისა ღმრთისაჲ. ხოლო რაჲსათჳს არა პირსა მათსა შევიდა, რომელთა-იგი მისცემდა ენათა ცეცხლისათა, არამედ თავსა ზედა მათსა დაჯდა? — ამისთჳს, რაჲთა არა ჰგონონ, ვითარმედ თავით თჳსით იტყჳან, რასა-იგი იტყჳან, და ვითარცა წყალნი იგი ზეცით გარდამომავალნი უპირატეს უკუე თავსა ზედა მთათა მაღალთასა იწყებენ და მიერ ღელეთა და ჴევთა მიმართ მოიწევიან, ეგრეთვე სული იგი მთავრობისაჲ პირველად თავსა ზედა დაჯდა, რომელ არს სამთავროჲ გონებისაჲ, და მიერ, ვითარცა მთით მაღლით, განეზავა უშინაგანესსა თავისასა, და შთამოიწია პირად და გულად და ყოვლითურთ ყოველი გუამი აღავსო თავისა მიერ, რამეთუ მოძღურად ყოვლისა სოფლისა ჴელნი დაესხმოდეს მოციქულთა, ხოლო ჴელთდასხმაჲ თავსა ზედა ჯერ-არს. და დაღაცათუ პირველ ქრისტეს მიერ ჴელთდასხმულ იყვნეს მოციქულნი, არამედ ჰურიათა ოდენ ქადაგებად და არა წარმართთაცა. ამისთჳს სულმან წმიდამან ყუელისა სოფლისა ქადაგად ჴელთდასხმულ-ყვნა თავსა ზედა მათსა დაჯდომითა, რომელ არს სასწაული მკჳდრობისაჲ მათ ზედა სახელითა მით ჯდომისაჲთა. ამისთჳსცა მიერითგან წესი ესე იპყრობების. რამეთუ, ვინაჲთგან აწ უხილავად იქმნების მოსლვაჲ სულისა წმიდისაჲ, მოძღურებითა სულისა წმიდისაჲთა შჯულად დადებულ არს, რაჲთა, რომელსა ჴელნი დაესხმოდინ ეპისკოპოსად, თავსა მისსა ზედა დადებულ იქმნეს წმიდაჲ სახარებაჲ მიმცემელად მისსა ენასა ცეცხლისასა. ენასა უკუე — ქადაგებისათჳს, ხოლო "ცეცხლისასა" ჴმისა მისთჳს საუფლოჲსა: "ცეცხლისა მოვედ მიფენად ქუეყანასა ზედა, და რაჲ მნებავს, არამედ რაჲთა აწვე აღეგზნეს" ().

ესრეთ უკუე, თითოეულისა თავსა ზედა დაჯდომითა ცხად არს, ვითარმედ თავი პეტრესი საყდარი არს სულისა წმიდისაჲ, ეგრეთვე ანდრიაჲსი და ყოვლისა კაცად-კაცადისა მათგანისაჲ. და ესე ეყო მათ ჟამსა ერთსულობით ზოგად ლოცვასა შინა განკრძალვისასა, რაჲთა ჩუენ ვისწავოთ, ვითარმედ უკუეთუ არა ვეგნეთ ურთიერთას სიყუარულით და კრძალულებით ლოცვასა შინა, არა ღირს ვიქმნებით მოღებად მადლსა სულისასა.

და აღივსნეს ყოველნი სულითა წმიდითა, არა ხოლო ათორმეტნი, არამედ ყოველნი ზოგად სახლსა მას შინა მყოფნი პირველითგან, რომელთა რიცხჳ იყო ას ოც; წინაჲსწარმეტყუელებისა ძისებრ, ვითარმედ "მივჰფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ჴორციელსა" (). ხოლო არა, ვითარ-იგი ქრისტეს თანა-მკჳდრ იყო — არსებით და ბუნებით მარადის მოუკლებელი მისგან, ეგრეთვე მოციქულთა თანა ითქუმის არსებითი მკჳდრობაჲ, არამედ მდიდრად მოფენაჲ იგი მათ ზედა სულისაჲ და მიცემაჲ ძალისაჲ ყოველთა ენათა მეტყუელებად და ყოველთა სასწაულთა საქმედ. რომელთამე ადგილთა წერილისათა არსებითად სახელ-იდვა, რამეთუ არა თუ სული წმიდაჲ განიყოფემის უდიდესად და უმცირესად, არამედ მადლთა განუყოფს უდიდესთა და უმცირესთა, და მადლნი იგი სულისანი "სულად" აღირაცხვიან, სიტყჳსაებრ ესაიაჲსსა. ხოლო შენ, რაჟამს იხილო, ვითარ მოფენითა სულისაჲთა უდიდესნი მადლნი მიიხუნეს მოციქულთა, ნუ გგონიეს სული უფროჲს ძისა, რამეთუ ერთარსთა შორის ბუნებითა და არსებითა — არა არს უდიდესობაჲ და უმცირესობაჲ, არამედ ვითარცა-იგი მამამან რაჟამს უმეტესი ძესა მისცეს საქმედ, არა დააკნინებს თავსა თჳსსა; ეგრეთვე ძემან რაჟამს სულსა ადგილსცეს საქმედ უზეშთაესთა, არა უმცირეს მისსა ჰყოფს თავსა თჳსსა, რამეთუ ღმრთეებით ერთ არს ყოველივე ძალი და საქმე ერთღმრთეებისა წმიდისა სამებისაჲ, რომლისა ძალითა აღვსებულთა მოციქულთა იწყეს სიტყუად უცხოთა ენათა, არა ლიტონად, არცა განუგებელად, არამედ ვითარ-იგი გოდლის მაშენებელთა ენათა შერევნითა იქმნა მიმოგანთესვაჲ, ეგრეთვე მოციქულთა უცხოჲთა ენებითა ერთ-სარწმუნოება იქმნა სოფელი, რაჲთა არცა ერთი ნათესავთაგანი დაშთეს უსმენელად ჴმისა მათისა. და ვითარცა ჴელთდასხმათა შინა საეკლესიოთა თითოეული იცნობს თჳსსა პატივსა, რომელსაცა წესსა ზედა ჴელთდასხმულ იქმნეს, ეგრეთვე თითოეული მოციქულთაგანი ჟამსა მას შეემეცნნეს ადგილთა, სადაცა ქადაგებად წარივლინებოდეს, რაჲთა არა თავით თჳსით შფოთებდენ აღრჩევასა ადგილთასა, ამისთჳს განყოფასა მას შინა ცეცხლისა ენათასა, რომლითაცა ენითა იწყო პირველ სიტყუად თითოეულმან, იგიცა ნათესავი ერწმუნა მას სამოძღურებელად. აქუნდა უკუე თითოეულსა მათსა ყოველთავე ენათა მეტყუელებაჲ საჴმრად გზისა, და ყოველთავე, რომელთაცა დაემთხუეოდინ, დაუყენებლად თხრობად საღმრთოჲსა მოძღურებისა. ხოლო თითოეული რომლითაცა ენითა აღიტყუა პირველ, ჟამსა მას ენათა განყოფისასა, დასაბამისა იგი ენაჲ განჩინებულ იქმნა მისსა წილად მოციქულებისა, რაჲთა მათ ნათესავთა მიმართ წარვიდეს, რომელთა ენასა იწყო სიტყუად, რაჟამს-იგი ყოველთა იწყეს სიტყუად; არა შერევით, არამედ წესისაებრ, ვითარცა სული იგი მისცემდა მათ სიტყუად. ვინაჲცა თჳთ საქმე იგი და სასწაული სულისა წმიდისაჲ დუმილით უბრძანებდა, ვითარმედ: შენ, გალილეველო პეტრე, უკუეთუ ჰრომაულად მეტყუელებ, ენასა რომელი არა იცოდე და გესმა, წარვედ ჰრომედ, რამეთუ ესე სასწაული არს ჰრომთა მეფობისაჲ, უკუეთუ შენ, თავი მოწაფეთაჲ, განიჩინე ქადაგ ყოფად მათდა. და ეგრეთვე თითოეული თჳსისა ენისა დასაბამსა მიისწრაფდინ, რომლითაცა სიტყჳთა აღტყუებულ იქმნა. ხოლო სხუანი იგი სიმრავლენი ენათანი თანა-წარიტანენინ მას საგზლად გზისა, რაჲთა, რომელთაცა დაემთხუეოდის, დაუყენებელად ახარებდეს მათ სახარებასა სასუფეველისასა და სიტყუასა ჭეშმარიტისა ცხორებისასა.

ხოლო იყვნეს იერუსალემს დამკჳდრებულ ჰურიანი, კაცნი ღმრთის მოშიშნი, ყოველთაგან თესლთა, რომელნი არიან ცასა ქუეშე (2,5).

თარგმანი: თჳთ მებრ იერუსალემს მკჳდრობაჲ მათი სასწაული იყო დიდისა ღმრთისმოშიშებისა მათისაჲ, ვითარ სიყუარულითა შჯულთა საღმრთოთა აღსრულებისაჲთა, თითოეულსა დაეტევა მამული სამკჳდრებელი თჳსი, რაჲთა ადვილ იყოს მათდა, წესისაებრ შჯულისა, წელიწადსა შინა სამ-გზის წარდგომაჲ წინაშე უფლისა, რამეთუ, ვითარ-ესე აწ ყოველთაგან თესლთა იპოებიან ქრისტეანენი, ეგრეთვე მაშინ იპოებოდეს ჰურიანი ყოვლისაგან ნათესავისა და დაღაცათუ იპოების ნათესავი, რომელსა შინა მაშინ არა იყო ჰურიაჲ, არცა აწ ქრისტეანე, არამედ ეგრეცა წერილი "ყოელად" უწოდს სიმრავლესა ნათესავთასა, ვითარ-იგი რაჟამს თქუას: "მივჰფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ჴორციელსა" () და "არავინ არს მართალ არცა ერთ" () და "ყოველნი თავთა თჳსთასა ეძიებენ და არა ქრისტესსა" (). აწ უკუე მრავალი იპოების უცხოჲ სულისაგან, და იპოების ვინმე მართალცა და მეძიებელ ქრისტესსა, არამედ წერილსა ჩუეულებაჲ აქუს, რაჲთა სიმრავლესა ვიეთსამე "ყოვლად" უწოდდეს.

და იყო რაჲ ჴმაჲ ესე, შეკრბა სიმრავლე ერისაჲ შეშფოთნეს (2,6).

თარგმანი: ვინაჲთგან სახლსა შინა იყო ჴმაჲ იგი ზეცით ოხრისაჲ, ამისთჳს გარე მყოფნი მუნ შეისწრაფდეს ხილვად, რამეთუ შეშფოთებულ იყვნეს და ჰგონებდეს, ვითარმედ აწვე მიეჴადების მათ პატიჟი ქრისტეს მკლველობისაჲ, რამეთუ მხილებითა სჳნიდისისაჲთა, ვითარცა წინაშე თუალთა, აქუნდა მოსისხლეობაჲ თჳსი.

რამეთუ ესმოდა თითოეულსა კაცად-კაცადმა მათსა თჳსი სიტყუაჲ მათი, იტყოდეს რაჲ იგინი (2,6).

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: რამეთუ ესმოდა თითოეულსა თჳსითა სიტყჳთა მათითა, იტყოდეს რაჲ იგინი. ესე იგი არს, ვითარმედ ესმოდა თითოეულსა ყოველთა მათ თესლთაგანსა, ვითარ-იგი თჳსითა სიტყჳთა ენისა მათისაჲთა იტყოდეს მოციქულნი ენასა მათსა. და ესე უწყოდეს მოციქულთა, ვითარმედ დიდებულებასა ღმრთისასა იტყჳან. ხოლო ესე მსმენელთაგან ეუწყებოდა, ვითარმედ: შენ პართებრ ჰზრახავ, ხოლო ისი ჰრომაელებრ, ესე მეგჳპტელებრ და ესე უჟიკებრ. ვინაჲცა უხაროდა მათ, რაჟამს სიმრავლე სხუათა ნათესავთაჲ აქუნდა მათ მოწამედ და მთხრობელად სასწაულისა მის. ხოლო იტყოდეს მაშინ მოციქულნი მადლისა მისთჳს, რომელ მიეღო მათ, ჯუარ-ცუმისათჳს და დაფლვისა, აღდგომისა და ამაღლებისა და წინაჲსწარმეტყუელებათა მათ, რომელ ითქუნეს წინაჲწარმეტყველთა მიერ ქრისტესთჳს, თანა-შეატყუებდეს აღსრულებასა თანა საქმეთასა.

ხოლო განჰკრთეს ყოველნი და დაუკჳრდა ერთსა ერთისა თანა და იტყოდეს: ანუ არა ესე ყოველნი არიანა, რომელნი იტყჳან, გალილეველ? (2,7).

თარგმანი: ყოველნივე იგი ყოველთა თესლთაგან შემოკრებულნი საკჳრველებით გამოეძიებდეს ერთი ერთისა თანა და იტყოდეს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს: ანუ არა ყოველნი ესე, რომელნი იტყჳან, გალილეველ არიანა? გალილეველობაჲ უკუე მოციქულთაჲ უწყოდეს მოწფობითაცა ქრისტესითა, და კუალად ენისაგანცა პირველისა, რომელთა ერთი იგი ხოლო ებრაული ენაჲ უწყოდეს, და მეყსა შინა ესოდენთა ენათა მეტყუელ იქმნნეს თჳნიერ სწავლისა.

და ვითარ ჩუენ გუესმის კაცად-კაცადსა თჳსი სიტყუაჲ ჩუენი მათგან, რომელნი ვართ პართნი და უჟიკნი და ელამიტელნი და მკჳდრნი შუამდინარისანი, ჰურიასტანისანი და კაბადუკიაჲსანი, პონტოჲსანი და ასიაჲსანი, ფრიგჳაჲსანი და პამფჳლიაჲსანი, ეგჳპტისანი და ადგილისა ლუბიაჲსანი, კჳრინით კერძონი და მოსრულნი ჰრომნი, ჰურიანი და მწირნი, კრიტელნი და არაბიელნი, გუესმის, იტყჳან რაჲ ჩუენით ენითა დიდებასა ღმრთისასა?! (2,8-11).

თარგმანი: ჰურია ეწოდებოდა ამათ ყოველთა, დაღაცათუ სხჳსა და სხჳსა ქუეყანისანი იყვნეს, რამეთუ ჰურიათა შჯულითა იყვნეს, ხოლო ენაჲ კაცად-კაცადმან მის ქუეყანისაჲ უწყოდეს, რომელსა შინა შობილ და აღზრდილ იყვნეს. გარნა თუ ვითარ მიმო-განთესულ იყვნეს, ცხად არს, ვითარმედ რომელნიმე ტყუეობისა მიერ და რომელნიმე ნებსით მიმოსლვითა ვიეთცა შორის დაშენებულ იყვნეს და მუნ შვილ ესხნეს. და ამისთჳს შჯულითა გინა თუ ნათესავით ჰურიათა — სახელი მის ქუეყანისაჲ ეწოდებოდა, სადა შობილ და აღზრდილ იყენეს, დაღაცათუ უკუანაჲსკნელ ღმრთისმოშიშებისათჳს იერუსალემს დაშენებულ იყვნეს, მახლობელად ტაძრისა და წესთა მამულთა, და ზოგად მეცნიერ იყვნეს თჳსსა ენასა, რომელი იყო შჯულისა ჰურიათაჲსაჲ და რომელი იყო ქუეყანისაჲ მის, სადა შობილ იყვნეს. ამისთჳს განკჳრვებით იტყოდეს ურთიერთას, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს: ვითარ ჩუენ გუესმის მათგან თითოეულსა თჳსითა ენითა ჩუენითა, რომელსა შინა შობილ ვართ? ცხად არს, ვითარმედ აწინდელისა ამის თჳსისა ქუეყანისა ენისა სმენაჲ ამისთჳს უკჳრს, რამეთუ პირველ შჯულისა მის ოდენ მათისაჲ ესმოდა მათგან ებრაული ენაჲ, და ვითარ აწ ქუეყანისაცა მათისა ენითა ზრახვენ, სადა-იგი შობილ არიან?

ხოლო იყვნეს ნათესავნი ესე ათხუთმეტ ენად განყოფილნი: პირველად პართნი, და მეორედ უჟიკნი, რომელ არიან მიდნი; მესამედ ელამიტელნი და მეოთხედ შუამდინარელნი; მეხუთედ ჰურიასტანისანი, მეექუსედ კაბადუკიელნი, მეშჳდედ პონტოელნი, მერვედ ასიელნი, მეცხრედ ფრიგჳელნი, მეათედ პამფჳლიელნი, მეათერთმეტედ მეგჳპტელნი, მეათორმეტედ ლუბიისა კჳრინით კერძოჲსანი, მეათცამეტედ კრიტელნი, მეათოთხმეტედ არაბიელნი მეათხუთმეტედ მწირნი. რამეთუ ამათ ყოველთა ჯერეთ მაშინ თჳსი მამული ენაჲ აქუნდა, დაღაცათუ აწ განქარვებულ არს, და უმრავლესნი ბერძულ-მეტყუელ არიან. აწ უკუე საცნაურ იყავნ, ვითარმედ დაღაცათუ ყოვლისავე ენისა მეტყუელებაჲ მიიღეს მოციქულთა სულისა მიერ, არამედ მაშინ რიცხჳსაებრ ამათ ნათესავთა მსმენელთაჲსა ერთბამად ათხუთმეტსა ენასა იწყეს სიტყუად, რაჲთა რიცხჳსა ამის მიერ ზოგად სამებისა ძლიერებაჲცა იქადაგოს და ათორმეტთა მოციქულთა რიცხჳ პატივ-იცეს, რომელნი-იგი რიცხჳსაებრ მსმენელთაჲსა თითოსახითა ენებითა იტყოდეს დიდებისმეტყუელებასა ღმრთისასა.

ხოლო განჰკრთეს ყოველნი და გამოეძიებენ ერთი ერთისა თანა და იტყოდეს: რაჲ-მე ჰნებავს ამათ ყოფად? (2,12).

თარგმანი: რომელნი-იგი მართლითა გულის-სიტყჳთა იყვნეს, სამართლად უკჳრდა ხილვაჲ საქმისაჲ, რომელი არასადა ეხილვა; ამისთჳს იტყოდეს: "რაჲ-მე ჰნებავს ამათ ყოფად?" და ჭეშმარიტად საკჳრველცა იყო მეყსა შინა ნაცვალად ერთისა ენისა მეტყუელებაჲ ათხუთმეტთა ენათაჲ.

ხოლო სხუანი ეკიცხევდეს და იტყოდეს, ვითარმედ: ტკბილთაგან სავსე არიან (2,13).

თარგმანი: არა თუ არა ესმოდა, რასა-იგი იტყოდეს; რამეთუ, არათუმცა წყლისჴმა-ჰყოფდეს, თუ რასა იტყჳან, ვერვინ აბრალებდა მათ; რამეთუ უცნაურთა ჴმათა მრავალი ვინ ჰგმობნ, რაჟამს არა უწყოდის, რაჲ-იგი ესმოდის. ხოლო ამათ ესმოდა-ცა და გულისჴმა-ჰყოფდეს, არამედ დაბრმობილთა შურითა კიცხევითა მით ენება დაფარვაჲ სასწაულისაჲ. ამისთჳს საბრალობელ არიან და უგუნურებაჲ. მათი იმხილების ორ სახედ: ჟამისაგან დღისა მის, რამეთუ მესამე იყო; და კუალად ჟამისაგან წელიწადისა, რამეთუ გაზაფხული იყო. და სადა იპოების ტკბილი ახალ-დაწნეხილი დღეთა შინა ზატიკობისათა? გარნა რასა-იგი დასაჴსნელად იტყოდეს, განგებულებითა საღმრთოჲთა უმეტეს დამამტკიცებელ ჭეშმარიტებისა იქმნა საქმე იგი კიცხევისა მათისაჲ, რამეთუ მორწმუნენი პირველ შეკრებულ იყვნეს განკჳრვებად სასწაულსა მას ზედა, და ურწმუნოებითა გარე დაშთომილნი მოკიცხართა მათ მიერ კიცხევად და ბასრობად მიიწოდებოდეს, და ზოგად ყოველთა განეცხადებოდა უცილობელი იგი საღმრთოჲ ჭეშმარიტებაჲ. ამისთჳსცა კიცხევამან მან უმრავლესნი შემოკრიბნა, რამეთუ რომელთა-იგი შურითა არა უნდა ხილვაჲ მის საკჳრველებისაჲ, კიცხევისა ძლით შერბიოდეს და თუალით ხილულისა მისგან სასწაულისა იმხილებოდეს. ამას თანა კუალად ვითარ-იგი არა უწყოდეს მოკიცხართა მათ, დაძუელებულთა დღეთა ბოროტთასა, უნებლიეთ ჭეშმარიტსა იტყოდეს, რამეთუ სახარებისა ესე ქადაგებაჲ მოციქულთა-მიერი არა დაძუელებულითა წიგნითა იტყჳს, არამედ განახლებულითა სულითა, რამეთუ ჭეშმარიტად ღჳნო ახალ და ტკბილ იყო სრულებაჲ იგი სულისა წმიდისა მადლთაჲ, რომლითა აღივსნეს მოციქულნი, განწმედილნი ენებითა ცეცხლისაჲთა. ამისვე კიცხევისა მიერ მიეცა პეტრეს მიზეზი სიტყუად დაწყებისაჲ, რომლითა სამ ათასნი სულნი შეაწყუდინა ბადესა ღმრთისმსახურებისა ქადაგებისასა მის მიერ, რომელმან კაცთა მონადირე ყო იგი ნადირობისა წილ თევზთაჲსა.

ესრეთ ცხად იქმნა წინა-მოსწავებული იგი დავითისი, გამოუჩნდეს ელვანი შენნი, ღმერთო, სოფელსა. იხილა და შეიძრა ქუეყანაჲ". ელვაჲ უკუე არა შესძრავს ქუეყანასა, არამედ ძრვაჲ. არამედ, რაჟამს შევიდა პავლე მაკედონიად, მაშინ შეიძრა მრავალ-ღმრთეებისაჲ იგი საცთური ელენთაჲ. ამისთჳს ჴმობდეს: "რომელთა ყოველი სოფელი გარდაუქცევიეს, იგინი აქაცა მოსრულ არიან. ესევითარი ესე ყოველი სახე ჩუენდა იყავნ, რაჲთა არა რაჟამს გუესმეს ვისგანმე სიტყუაჲ გინებისაჲ, მყის შევწუხნებოდით, რამეთუ აჰა მნათობთა მათთჳს ყოვლისა სოფლისათა გესმის, ვითარ გარდამაქცეველ უწოდენ და მომთრვალედ, ტკბილთა მიერ აღსავსედ სახელ-სდებენ. არა დააკლდების შური წინააღმდგომ ყოფად სათნოებისა, ვიდრემდის თჳთ თავადისაცა უფლისა მიიწია, რაჟამს-იგი განასხმიდა ეშმაკთა. დაღაცათუ საქმესა მას ვერ სძაგებდეს, მოქმედისა მის აღიყვანეს ბრალობაჲ, და უწოდეს ბელზებულითა განმჴდელად ეშმაკთა. და კუალად სხუასა ჟამსა ჰრქუეს: "სამარიტელ ხარ და ეშმაკი არს შენ თანა" (). რაჲთა დაუტევო თქუმად ჟამსა მას ჯუარ-ცუმისასა ქმნული იგი მის ზედა ურიცხუებაჲ გინებათა და ბასრობათა, ტანჯვათა და ნერწყუვათა, ყურიმლის-ცემისა და ჴურთით ცემისაჲ. ამის ყოვლისა ჴსენებაჲ იყავნ ჩუენდა წამალ გინებათა თავს-დებისა, და მაგინებელთა მიმართ ურისხველობისა, რაჲთა ესრეთ მივემსგავსნეთ მეუფესა ჩუენსა და ქადაგთა სახარებისა მისისათა — წმიდათა მოციქულთა, რომელთაგანი პავლე ჴმობს: "მობაძავ ჩემდა იყვენით, ვითარცა მე ქრისტესა" (). მისსა დიდებაჲ აწ და ყოველთა საუკუნეთა უკუნისამდე, ამენ.

ხოლო პეტრე დადგა შორის ათერთმეტთა მათ და აღიმაღლა ჴმაჲ თჳსი და ეტყოდა მათ (2.14).

თარგმანი: რომელი პირველ ჯუარ-ცუმისა ვერცაღა თუ მჴევალსა ერთსა სიტყჳს-მგებელ ექმნა, აწ, შემდგომად სულისა წმიდისა მიღებისა, იხილე თუ რასა ჰყოფს. რამეთუ ათასეულთა მათ მიმართ მოკიცხართაჲსა, რომელნი იტყოდეს მათთჳს ტკბილთაგან სავსეობასა, კადნიერად წინა-განეწყობვის, ვითარ-ესე გესმის უსაკუთრესად: ხოლო პეტრე დადგა ათერთმეტთა თანა. ესე იგი არს, რამეთუ ზოგად ათორმეტნივე აღდგეს, რაჲთა ცხად ყონ, ვითარმედ ერთ-ჴმა არიან სიტყუათა მათ ზედა, რომელთა იტყჳს პეტრე, დაღაცათუ მას იჴუმევენ ყოველნი ენად და პირად, ვითარცა თავსა მოციქულთასა, რომლისაჲ საკჳრველ არს, ვითარ ჴმითა მაღლითა და ბრწყინვალითა იწყებს სიტყუად მეთევზური და უსწავლელი. რამეთუ, დაღაცათუმცა მორჩილთა მიმართ მოწაფეთა იტყოდა, ჯერეთ მაშინ საკჳრველ არს სოფლიოჲსა და უწიგნოჲსაგან; რაოდენ უფროჲს მოკიცხართა და მბასრობელთა სიმრავლესა ესოდენ განჴსნილითა ჴმითა ეზრახების.

კაცნო ჰურიანო, და ყოველნი რომელნი დამკჳდრებულ ხართ იერუსალემს! ესე თქუენდა ცხად იყავნ და ყურად-იხუენით სიტყუანი ჩემნი (2,14).

თარგმანი: კაცად და ძმად უწოდს მოკიცხართა, რაჲთა ჩუენ გუასწავოს სიმშჳდით სიტყუად ესევითართა მიმართ, და "მკჳდრ იერუსალემისა, რამეთუ დიდად შესხმად შეერაცხა მათ სახელის-დებაჲ მკჳდრად იერუსალემისა. ხოლო ყურად-ღებასა იტყჳს სიტყუათასა და არა სიტყჳსასა, რამეთუ სიტყუაჲ მრავალ გზის თავით თჳსითცა რასმე შემოიღებს ღონიერებასა, ხოლო სიტყუანი - ასონი არიან ზოგადისა ყოველთა გუამისანი და წინამდებარისა საქმისაგან შემომკრებელნი ჭეშმარიტებისანი, თჳნიერ ყოვლისა მოპოვნებისა. ამისთჳსცა "სიტყუანი ჩემნი ყურად-იხუენ, უფალო". ვითარ-იგი გესმის დავითისაგან. რამეთუ ყურად-ღებაჲ უფროჲს არს სმენისა. ამისთჳს აწ მოციქული ყურად-ღებასა ეტყჳს სიტყუათა თჳსთასა, რაჲთა არა გარეთ წარიჴადნენ, არამედ შინაგან შეიხუნენ იგინი, ვითარცა თესლი სიღრმესა მიწისასა ნაყოფიერებად მას შინა.

რამეთუ არა ვითარ თქუენ ჰგონებთ, ვითარმედ ამათ სთრავს, რამეთუ არს ჟამი დღისაჲ ამის მესამე (2,15).

თარგმანი: არა ეტყჳს ვითარმედ "იკიცხევით", არამედ სიმშჳლით მიუგებს: "ვითარ თქუენ ჰგონებთო", რამეთუ არა წინა-განწყობაჲ ჰნებავს, არამედ რაჲთა სარწმუნოებად ღმრთისა მოიყვანნეს. ამისთჳს ჟამისაგან დღისა ამხილებს, ვითარმედ ვერ ეგების მესამესა ჟამსა დღისასა სიმთრვალე კაცთა ღმრთის მოშიშთაჲ, და რომელნი უცხოთა ენათა იტყჳან; რამეთუ სიმთრვალე ჯერეთ ერთსა მასცა ენასა შეუმრღუევს, რომელი სიყრმითგან უწყოდის, არათუმცა წმიდად მეტყუელ ყვნა ახალთა და უცხოთა ენათა, რომელნი არაოდეს უწყოდნეს. გარნა მოკიცხართა მათ სიტყუაჲ, მწამებელი სიმთრვალისაჲ, მათდა მიმართ იყო, რომელნი არა მეცნიერ იყვნეს ენათა მათ, რომელთა იტყოდეს მოციქულნი; რამეთუ მათ ვერ აცთუნებდეს, რომელთა იცოდნეს ენანი იგი და ხედვიდეს დაუბრკოლებლად მეტყუელსა მოციქულთასა.

არამედ ესე არს თქუმული იგი იოველ წინაჲსწარმეტყუელისა მიერ: და იყოს უკუანაჲსკნელთა დღეთა, — იტყჳს უფალი (2,16-17).

თარგმანი: იხილე, მორწმუნეო, და პეტრესგან, ვითარ სიტყჳთა უფლისაჲთა წინაჲსწარმეტყუელისა მიერ დაჰჴსნის წინააღმდგომსა. და შენცა, რაჟამს წინა-გიყოს მწვალებელმსნ სიტყუაჲ საძიებელი, ნუ სიტყუა-მეტნობითა და ენა-მჭევრობითა, არამედ წამებითა წმიდათა წერილთაგან შემოღებულითა წინა-აღუდგებოდე, რამეთუ მოპოვნებული ყოველი დაიჴსნების, ხოლო წერილისა დაჴსნად ვერვინ შემძლებელ არს, რამეთუ ჴმასა ღმრთისასა ვინ-მცა უძლო დაჴსნად! და კუალად ესეცა ისწავე, რაჲთა, რომელიცა უფროჲს შესაწყნარებელ უჩნდეს წინააღმდგომსა ძუელთა გინა ახალთაგანი, მიერცა შემოიღებდე სიტყუასა. ვითარ-ესე ხედავ; რამეთუ არა გესმის პეტრესგან, ვითარმედ: "ქრისტემან აღგჳთქუა მოვლინებაჲ სულისაჲ". და ესე თუმცა ეთქუა, მყის გარე-მიაქცევდეს მსმენელნი იგი სიტყუათა მათ მისთა. ამისთჳს მამისა მიერ შემოიღებს სიტყუასა წინაჲსწარმეტყუელებისაგან იოველისსა, რომლისა სახელი გამოითარგმანების "უფლისა ღმრთისად", და ძუელად თქუმულსა წინაჲსწარმეტყუელებით უკუანაჲსკნელთა დღეთათჳს — აწ საქმე აღსრულებულად უჩუენებს, რაჲთა სიტყუანი საქმით სარწმუნო ყვნეს.

მივჰფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ზედა ჴორციელსა და წინაჲსწარმეტყუელებენ ძენი თქუენნი და ასულნი თქუენნი (2,17).

თარგმანი: ამას ადგილსა "ჴორციელად" , რომელნი მორწმუნე და წადიერ იყვნენ უფლისა ყოველთა სულისაჲთა]. რამეთუ, არა რომელმან სიტყჳთ ჰრქუას — "უფალო, უფალო" — არამედ რომელმან ყოს ნებაჲ მისი, იგი შევალს სასუფეველსა. და მას ეწოდების ჭეშმარიტად კაც, რომელი განვსებულ იყოს ჴორცითა საღმრთოთა საქმეთა მიერ განპოხებისაჲთა. ხოლო შენ იხილე, ვითარ არა სულსა მიჰფენს, არამედ სულისაგან მიჰფენს; რამეთუ სული წმიდაჲ ერთ არს და განუყოფელ არსებითა თჳსითა. ხოლო განუყოფს მადლთა თჳსთა სიმრავლესა კაცად-კაცადსა, მსგავსად ღირსებისა, უშურველად და უხუებით, რომელთაცა ინებონ და ისწრაფონ მოგებად მისსა საქმეთა მიერ კეთილთა. ამით სიტყჳთა კეთილი სასოებაჲ მისცა მოციქულმან, თქუა რაჲ წინაჲსწარმეტყუელისა მიერი აღთქუმაჲ ღმრთისაჲ, ვითარმედ ყოველსა ჴორციელსა სწორებით უშურველად მიჰფენს სულისაგან თჳსისა ღმერთი, ვითარ-ესე აწ ცხად ყო, რამეთუ ძენი ჰურიათანი წმიდანი მოციქულნი ზოგად წინაჲსწარმეტყუელებდეს ასულთა თანა მათთა, ვითარ-იგი იყვნეს ასულნი ფილიპესნი და სხუანიცა.

და ჭაბუკნი თქუენნი ხილვასა იხილვიდენ და მოხუცებულთა თქუენთა ჩუენებით განვეცხადო (2,17).

თარგმანი: იხილე თითოსახეობაჲ მადლთა სულისათაჲ: უძლიერესნი წინაჲსწარმეტყუელებენ, რომელ არიან ძენი; ხოლო ჭაბუკნი ხილვასა იხილვენ, და მოხუცებულთა მოუძლურებულთა ჩუენებითა სიზმრისაჲთა განუცხადების. აწ უკუე შეისწავე განყოფაჲ ესე მადლთაჲცა და აჲცა: წინაჲსწარმეტყუელ არს, რომელი სწორებით სცნობდეს გარდასრულთა, მყოფთა და ყოფადთა. და ესე მადლი შინა-განგონებასა ეჩუენების, და, ვითარცა უსრულესი, ძეთა მიემადლების, რომელნი ძლიერ იყვნენ და სრულ გონებითა. და რასა-იგი სცნობდენ და იტყოდინ, — არა ვითარცა განცჳბრებულნი, არამედ ყოვლად სრულ-ქმნულნი და მრთელნი გონებითა. ხოლო ხილვა არს, ვითარ-იგი პეტრეს ეჩუენა ჭურჭელი ტილოჲსაჲ და კორნილიოსს — ხილვაჲ ანგელოზისაჲ, რომელი-ესე ჭაბუკთაჲ მათი არს, რომელნი ჟამსა ოდენ იყვნენ სულიერისა ჰასაკისა ძლიერებისასა, რომელთა მიუწერს ღმრთისმეტყუელი იოვანე: "მივსწერ თქუენდა, ჭაბუკნო, რამეთუ ძლიერ ხართ" () და ზოგად თუალითაცა ჴორციელითა იხილვების ესევითარი ხილვაჲ, თუალთა თანა გონებისათა. ხოლო მესამე არს ჩუენებით განცხადებაჲ ძილსა შინა უწყებითა სიზმრისაჲთა, ვითარ-იგი პავლეს ეჩუენა მაკედონელი იგი და ჰრქუა: "წიაღმოჴედ და შეგუეწიე ჩუენ"; და კუალად — ანანიას პავლესთჳს. ესევითარი ესე მადლი მიეცემის მათ, რომელნი სრულ-ქმნილ იყვნენ მჴცითა სათნოებათაჲთა, და დამაშურალ ბრძოლითა და ძლევითა მტერთაჲთა. ამისთჳს, ვითარცა მოქენენი განსუენებისანი, ძილსა შინა ჩუენებითა განსუენებით და უშრომელად ისწავებენ დაფარულთა საიდუმლოთა.

და მონათა ჩემთა ზედა და მჴევალთა ჩემთა ზედა მათ დღეთა შინა მივჰფინო სულისაგან ჩემისა და წინაჲსწარმეტყუელებდენ (2,18).

თარგმანი: არა იტყჳს ჟამსა განჩინებულად, რამეთუ თჳთ მიფენაჲ იგი სულისაჲ და საქმე სასწაულთაჲ კმა არს მაუწყებელად, თუ ოდეს იქმნა წინა-მოსწავებული ესე; ოდეს-ესე არს მამაკაცება, არცა დედაკაცება, მონება გინა აზნაურება, რჩევა მამაკაცისა გინა დედაკაცისა. არამედ რომელიცა ჭეშმარიტებით და ერთგულებით ჰმონებდეს უფალსა, მიენიჭების მადლი სულისა წმიდისაჲ, რაჲთა წინაჲსწარმეტყუელ იყოს; რაჟამს მარადის შურებოდის და არაოდეს დაშურებოდის სასოებითა საუკუნეთა კეთილთა მიმთხუევისაჲთა, რომელი-ესე არს თავ ყოველთა წინაჲსწარმეტყუელებათა.

და ვსცე ნიშებ ცათა შინა და სასწაულ ქუეყანასა ზედა, სისხლი და ცეცხლი და არმური კუამლისაჲ (2,19).

თარგმანი: რომელთა შეიმოსონ ხატი იგი ზეცისაგანისაჲ, იგინი ჴმობენ ნიშისათჳს ცხოველსმყოფელისა ჯუარისა: "გამოჩნდა ჩუენ ზედა ნათელი პირისა შენისაჲ, უფალო" () რამეთუ ჯუარ-ცუმითა მეუფისაჲთა იხილვა სასწაული ქუეყანასა ზედა. რაჟამს ყოველთა წარმართთა დაუტევნეს მამულნი ღმერთნი და წესნი და იცნეს ჭეშმარიტი ღმერთი და კაცი - უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, და განიბანნეს სისხლითა, გუერდით მისით გარდამოსრულითა, რომელი-იგი ჭეშმარიტად სასწაულ არს ქუეყანისა, რამეთუ არასადა იქმნების გუამით მკუდრისაჲთ გარდამოსლვაჲ სისხლისაჲ, რამეთუ შეყინებულ არს. ხოლო მაცხოვრისა ჩუენისა ქრისტესსა მო-რაჲ-ვიდეს მჴედარნი და იხილეს, რამეთუ მომკუდარ იყო, ლახურითა უგუმირეს გუერდსა მისსა, და მეყსეულად გარდამოჴდა სისხლი და წყალი, საცნაურ-ყოფად, ვითარმედ არა ლიტონი კაცი არს, არამედ ჭეშმარიტად ღმერთი და კაცი. ხოლო ცეცხლ არს ენებითა ცეცხლისაჲთა გარდამოსრული იგი მადლი მოციქულთა ზედა, რომელსა მიიღებენ მორწმუნენი. ხოლო ურწმუნოთა ზედა დაუშთების კუამლი, რაჲთა რომელთა ნათლისა მიმართ საღმრთოჲსა დაიყვნეს თუალნი, მათ არმური სიბნელისაჲ მიიღონ და კუამლი იგი საუკუნოდ დაწუვისაჲ. ხოლო გულისჴმა-იყეფების ესევე სიტყუაჲ სხუებრცა — განსაცდელისა მისთჳს ჰურიათაჲსა. სისხლი უკუე — სისხლთა მათ წილ იესუჲსთა, რომელ თავს-იდვეს მათ დათხევაჲ იგი სისხლთა მათთაჲ, რომელ დაითხინეს მკლველობისა მიერ ჰრომთაჲსა. ხოლო კუამლი და ცეცხლი - მოწუვისათჳს ქალაქისა და ქუეყანისა მათისა.

მზე გარდაიქცეს ბნელად და მთოვარე — სისხლად, პირველ მოწევნადმდე დღისა მის უფლისა, დიდისა და განჩინებულისა (2,20).

თარგმანი: წინა-უსწრო მეორედ მოსლვისასა მას ყოფად განჩინებულსა დამოცჳვნებასა მნათობთასა, ჯუარ-ცუმასა უფლისასა ქმნილმან მზისა დაბნელებამან, ხოლო მთოვარისა სისხლად გარდაქცევაჲ, დაღაცათუ მახარებელთა მიერ არა აღწერილ არს, არამედ სარწმუნო არს ესაიაჲს წინაჲსწარმეტყუელებისაგან, ვითარმედ: "შევჰმოსო ცასა ბნელი და დავდვა ვითარცა ძაძაჲ შესამოსელი მისი" (). ვინაჲცა ცხად არს, ვითარმედ უკუეთუ ცაჲ დაბნელდა, ნუ-უკუე და მთოვარეცა აჩუენებდა ნიშსა რასმე ვნებისასა გარეგან წესთა თჳსთა, რაჲთა ყოველთა დაბადებულთა თანა ევნებოდის ვნებასა მას ზედა ყოველთა დამბადებელისასა.

და კუალად ესევე მზისა გარდაქცევაჲ ბნელად და მთოვარისაჲ - სისხლად, ჟამთა მათცა იქმნა ჰურიათა ჰრომთა მიერ წარტყუენვისათა, ვითარ-იგი მრავალსა რას ესევითარსა მოგჳთხრობს მათთჳს იოსიპპოს, რაჟამს-იგი ზეცით და ქუეყანით იმხილებოდეს ნიშებითა და სასწაულებითა და სიმრავლისაგან განსაცდელთა მათთაჲსა ვერცაღა მნათობთა განიცდიდეს, არამედ ყოველივე ბნელ იყო მათთჳს: ღამე — უკუნ, და დღე — უწყუდიადეს ბნელისასა. და ესე იყო ცოცხალთათჳს,რამეთუ მკუდართა ყოველთათჳსვე ცხად არს, ვითარმედ არცა მზისა, არცა მთოვარისა, გინა ვარსკულავთა ნათელი ჰნათობს მათ. ესე ყოველი ეყო ჰურიათა უწინარეს საუკუნოჲსა მის საშჯელისა, რომელსა უწოდს დღედ უფლისა; დიდად ამისთჳს, რამეთუ პირველი ესე მოსლვაჲ მისი სიმცირით და სიგლახაკით იყო, ხოლო, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, საჩინოდ — ამისთჳს. რაჲთა არღარა ვისსა უცნაურ იყოს მაშინდელი იგი მეორედ მოსლვაჲ მისი, არამედ დიდ და საჩინო წინაშე ყოველთაჲსა.

და იყოს ყოველმან რომელმან ხადოს სახელსა უფლისასა, ცხოვნდეს (2,21).

თარგმანი: ყოველი რომელი ითხოვდეს, მიიღოს, გარნა — იგი ყოველი, რომელი კეთილად და სათნოდ ღმრთისა ითხოვდეს. და ამისსავე მსგავსად, ყოველმან რომელმან ხადოს სახელსა უფლისასა, ცხონდეს, არამედ — მან ყოველმან, რომელიცა ჰყოფდეს ნებასა მამისა მის ზეცათაჲსასა. და არა ტყუვილით ხადოს მას "უფალ", არამედ, ვითარცა ერთგულმან მონამან, ყოს ყოველივე ნებაჲ მისი.

კაცნო ისრაიტელნო, ისმინენით სიტყუანი ესე: იესუ ნაზარეველი, კაცი განჩნებული ღმრთისა მიერ თქუენდა მიმართ, ძალითა და ნიშებითა და სასწაულებითა, რომელნი-იგი ქმნნა ღმერთმან მის მიერ შორის თქუენსა, ვითარცა-იგი თქუენცა უწყით (2,22).

თარგმანი: ვითარცა ბრძენი ხუროთმოძღუარი, საფუძველად სიტყჳსა ამას დასდებს, ვითარმედ არა ლიტონი კაცი იყო უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, არამედ ძე პირველ საუკუნეთა მამისაჲ და ნებითა მისითა მოვლინებული ცხორებად კაცთა, და უფროჲსღა ისრაიტელთა, რომელნი გონებითა ღმრთისმხილველ იქმნენ მსგავსად იაკობისსა, რომლისა მოშურნე ჰყოფს მოციქული აწ მსმენელთა ჰურიათა, რაჲთა საქმით ღმრთისმხილველ-ყოფითა ემსგავსნენ იაკობს, და ჭეშმარიტ ისრაიტელ სრულ კაც იქმნენ ჭეშმარიტებით გულისჴმის-ყოფითა ძალსა ქრისტეს მიერ ქმნილთა სასწაულთასა, რომელსა აწ მოციქული ღმრთისა მამისა მიერ ქმნილად იტყჳს, და კაცად ღმრთივ-განჩინებულად უწოდს უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, რაჲთა მცირედ-მცირედ კაცობრივისა სახისაგან აღამაღლნეს მსმენელნი, და ეგრეთღა მიუთხრას მათ ძალი ღმრთეებისა მისისაჲ.

ესე განჩინებულითა ზრახვითა და წინაჲსწარ ცნობითა ღმრთისაჲთა, განცემითა ჴელთა უშჯულოთაჲთა მიიყვანეთ და ჯუარსა შეჰმშჭუალეთ და მოჰკალთ (2,23).

თარგმანი: აქა ცხად ჰყოფს, ვითარმედ ნებითა მამისაჲთა წინა საუკუნეთა განგებულ იყო სიკუდიდ მიცემაჲ მხოლოდშობილისა ძისა ღმრთისა ჩუენთჳს განკაცებულისაჲ, რომელი აღსასრულსა ჟამთასა საქმით იქმნა, რაჟამს პილატეს მიცემული მიიყვანეს იგი მჴედართა, რამეთუ დაღაცათუ მათ ჯუარს-აცუეს, არამედ ჰურიანივე იყვნეს მკლველ, რომელთა მისცეს იგი პილატეს სიკუდიდ. ამისთჳს ზოგად უშჯულო იყვნეს ჴელნი იუდაჲსი, რომელმან ჰურიათა განსცა და ჰურიათაჲ. რომელთა პილატეს მისცეს შემშჭუალვად ჯუარსა.

რომელი-იგი ღმერთმან აღადგინა და დაჰჴსნნა სალმობანი სიკუდილისანი (2,24).

თარგმანი: ნუმცა გიკჳრს მამისა მიერ აღდგინებაჲ, რამეთუ ღმერთი მამაჲ თჳსითა ძალითა აღადგენს ჴორცთა მათ, რომელ ჩუენგან შეისხნა სიტყუამან ღმრთისამან, ხოლო ძალ ღმრთისა მამისა არს ძე მხოლოდშობილი, უფალი და ღმერთი ჩუენი იესუ ქრისტე, რომლისა ჴორცნი შთანთქნა რაჲ სიკუდილმან, განეწონა სამჭედური ღმრთეებისაჲ, ვიდრემდის ვითარცა მუცელ-ქუმულსა ელმოდა, ვიდრე დაჴსნადმდე სალმობათა მისთა, რაჟამს აღდგომისა მიერ იქმნა პირმშო მკუდრეთით მჴსნელი ჩუენი.

რამეთუ ვერ შესაძლებელ იყო დაყენებაჲ მისი მის მიერ (2,24).

თარგმანი: აქა ცხად ჰყოფს, ვითარმედ ძლიერებითა ღმრთეებისაჲთა ვერ შესაძლებელ იყო სიკუდილისაგან მის შორის პყრობაჲ. ჴორცთაჲ მათ, რომელნი-იგი ჩუენგან შეისხნა სიტყუამან ღმრთისა მამისამან.

რამეთუ დავით იტყჳს მისთჳს: წინაჲსწარ ვხედევდ უფალსა წინაშე ჩემსა მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რაჲთა არა შევიძრა. ამისთჳს განიხარა გულმან ჩემმან და გალობდა ენაჲ ჩემი. უფროჲს ჴორცთაცა ჩემთა დაიმკჳდრონ სასოებით. რამეთუ არა დაუტეო სული ჩემი ჯოჯოხეთს და არცა სცე წმიდასა შენსა ხილვად განსახრნელსა. მაუწყენ მე, უფალო, გზანი ცხორებისანი და აღმავსო მე სიხარულითა პირისა შენისაჲთა (2,25-28).

თარგმანი: აჰა ესერა შემოიღებს წამებასა მეათხუთმეტისა ფსალმუნისაგან და დავითს წინა-უყოფს ვითარცა პირითა ქრისტესითა მეტყუელად: "წინაჲსწარ ვხედევდ უფალსა", ესე იგი არს, ვითარმედ ბუნებითა ღმრთეებისაჲთა მარადის განუშორებელ ვარ მამისაგან, რომელი-იგი აქა მარჯულ ჩემსა ყოფად ითქუმის (იქვე), ვითარ-იგი მე სხუასა ადგილსა — მარჯულ მისსა მჯდომარედ; რაჲთა სცნა, ვითარმედ გარე-შეუწერელისა ბუნებისა მარჯუენე და მარცხენე არა არს, არამედ სახისმეტყუელებით განუყოფელობისათჳს და ერთ-პატივობისა მამისა და ძისა ითქუმის. ამისთჳს, რაჟამს უქცეველად ღმრთეებისაგან განვკაცენ შეზავებითა ბუნებასა ღმრთეებისასა, შეუძრველად დავიცევ ბუნებაჲ ჴორცთა კაცობრივთაჲ. ამისთჳს განიხარა გულმან საუფლოთა ამათ ჴორცთამან და გალობდა ენაჲ და ჴორცთა დაიმკჳდრეს სასოებით; რამეთუ ზოგად განუშორებელ იყო მათგან, ერთ-გზის შეერთებული მათდა ღმრთეებაჲ, და სათნო-ყოფითა მამისაჲთა არა უტევებდა სულსა შეპყრობად სიკუდილისაგან და ჯოჯოხეთისა, არცა ჴორცთა ხრწნილებად საფლავსა შინა. ამისთჳს ვჴმობ ბუნებითა კაცობრივითა მისსა მიმართ, რომლისა თანა ერთ-არს ვარ ბუნებითა ღმრთეებისაჲთა: მაუწყენ მე, უფალო. გზანი ცხორებისანი, რომელ არს საუკუნოდ ცხორებად აღყვანებაჲ კაცთა ბუნებისაჲ, და აღმავსო სიხარულითა პირისა შენისაჲთა", რომელ არს მერმისა მის საუკუნოჲსა იგი დაუსრულებელი ხედვაჲ ღმრთისაჲ, შემდგომად დაჴსნისა სარკეთაჲსა, რომელი-ესე მოგუენიჭა ჩუენთჳს ჴორცთშესხმითა მისითა, რომელი-იგი ვითარცა პირითა კაცთა ბუნებისაჲთა ჴმობდა მამისა მიმართ ზემო თქუმულთა ამათ სიტყუათა.

კაცნო ძმანო, ჯერ-არს თქუმად განცხადებულად თქუენდა მიმართ მამათმთავრისა დავითისთჳს, რამეთუ აღესრულა და დაეფლა და სადლავი მისი არს ჩუენ შორის ვიდრე მოდღენდელად დღდმდე (2,29).

თარგმანი: აჰა ესრეთ განცხადებულად ეტყჳს, ვითარმედ ზემო თქუმულნი ესე სიტყუანი არა თავისა თჳსისათჳს თქუნა დავით, არამედ ქრისტესთჳს. გარნა პირველად კაცად და ძმად უწოდს მათ, და პატივით მამათმთავარ სახელ-სდებს დავითს. და ეგრეთღა მათ შორის მყოფად საფლავად დავითისსა მიუწოდს, რაჲთა, რაჟამს მას შინა განხრწნილად იხილნენ ჴორცნი მისნი და შიშულად — ძუალნი, გულისჴმა-ყონ, ვითარმედ ქრისტესთჳს თქუა მან არა-ხილვაჲ განსახრწნელისაჲ.

წინაჲსწარმეტყუელი უკუე იყო და იცოდა, რამეთუ ფიცით ეფუცა მას ღმერთი ნაყოფისაგან მუცლისა მისისა ჴორციელად აღდგინებად ქრისტე და დაჯდომად საყდართა მისთა. წინაჲსწარ იცოდა და იტყოდა აღდგომისათჳს ქრისტესისა, რამეთუ არა დაშთა სული მისი ჯოჯოხეთს, არცა ჴორცთა მისთა იხილეს განსახრწნელი (2,30-31).

თარგმანი: ზოგად შობისათჳს და აღდგომისა დავითის თესლისაგან ყოფისა და ყოველთა ზედა მეუფებისა ქრისტესისა წამებაჲ შემოართუა მათ, რამეთუ საყდარი და მის ზედა დაჯდომაჲ მეუფებისა სასწაული არს. ესრეთ უკუე შესხმითა დავითისითა სარწმუნო ყო წინაჲსწარმეტყუელებაჲ მისი, და საფლავისა მისისა წინა დადებითა ცხად ყო მისი განხრწნადობაჲ. და მისთავე სიტყუათაგან წინა-მოსწავებულ ყო აღდგომაჲ ქრისტესი, რომლისაჲ-იგი ახალსა საფლავსა დადებაჲ წამებს, ვითარმედ უეჭუელად მოკუდა ბუნებითა ჴორცთაჲთა. ხოლო ამისსა შემდგომად ცარიელ ყოფაჲ საფლავისაჲ განაცხადებს მესამისა დღისა დიდებით აღდგომასა მისსა, რამეთუ ბუნებითა ღმრთეებისაჲთა იქმნა აღმადგინებელ ბუნებისა მის ჴორცთა მოკუდავთაჲსა.

ესე იესუ აღადგინა ღმერთმან, რომლისა ვართ ჩუენ ყოველნი მოწამე (2,32).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ ვთქუ რაჲ არახილავად ჴორცთა მისთა განსახრწნელი. ნუ გგონიეს, ვითარმედ სხუად ვიტყჳ ძესა ღმრთისასა და სხუად — ძესა ქალწულისასა, არამედ მასვე და ერთსა გუამითა მრჩობლ ბუნებად ვქადაგებ, რომელი-იგი ბუნებითა ჴორცთაჲთა მომკუდარი აღადგინა ღმერთმან მამამან, რომლისათჳს ჩუენ მოციქულნი ამას ვწამებთ, ვითარმედ, ვინაჲთგან მამაჲ რასაცა იქმოდის, ძალითა თჳსითა იქმს, ცხად არს, ვითარმედ ძალ მამისა არს ქრისტე, ღმრთისა ძალი და ღმრთისა სიბრძნე, და ესრეთ, ვითარცა მამაჲ, ეგრეთვე ძე ბუნებითა ღმრთეებისაჲთა ზოგად არიან აღმადგინებელ ბუნებისა ჴორცთაჲსა, რომელნი ჩუენგან შეისხნა მხოლოდშობილმან ძემან. ამისთჳს ყოველივე ესე სიტყუაჲ მოციქულისაჲ, დაღაცათუ ხილულად სიმდაბლისა სიტყუათა აზმნობს უძლურებისათჳს მსმენელთაჲსა, არამედ, რაჟამს სიღრმე ძალისა მათისაჲ გულისჴმა-ჰყო, ერთბამად ქადაგებს ღმრთეებასა და კაცებასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, რომელი-იგი არს ღმერთი სრული და კაცი სრული.

მარჯუენითა უკუე მისითა ამაღლდა და აღთქუმაჲ სულისა წმიდისაჲ მოიღო მამისაგან და მოჰფინა, რომელსა-ესე აწ თქუენ ხედავთ და გესმის (2,33).

თარგმანი: მარჯუენითა მამისაჲთა ამაღლდა ბუნებაჲ ჴორცთა საუფლოთაჲ. ხოლო მარჯუენე მამისა არს მხოლოდშობილი ძე, რომელმან ბუნებითა ჴორცთაჲთა მოიღო მამისაგან პირველ აღთქუმული სული წმიდაჲ და მოჰფინა კაცთა, ვითარცა შუამდგომელმან ღმრთისა და კაცთამან. ხოლო აღთქუმაჲ ესე მამამან ყო ძისათჳს პირითა იოვანესითა, ვითარმედ: "მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა" (). და კუალად, პირველ ვნებისა ჴმა-ყო ზეცით: "და ვადიდე და კუალადცა ვადიდო" (). რამეთუ ვნებაჲ იგი ჯუარისაჲ არა დამაკნინებელ, არამედ უფროჲსღა მადიდებელ ექმნა ძლიერებით აღდგომითა და ამაღლებითა და მიერ სულისა წმიდისა მოფენითა, რომელი-იგი მამისაგან გამოვალს და ძისა მიერ მომცემის კაცთა. ხოლო შენ იხილე, ვითარ მცირედ განაცხადებს მოციქული საიდუმლოსა მას ქრისტეს ღმრთეებისასა, რაჟამს ამაღლებაჲ მისი თქუა და ცხად-ყო, ვითარმედ მის მიერ იქმნა მოფენაჲ სულისა წმიდისაჲ, სახილველად და სასმენელად ყოველთა წარმართთა ქმნილი ენებითა ცეცხლისაჲთა. გარნა კუალად მამისაგან მოღებაჲ თქუა, რაჲთა არა სრულიად განაცხადოს ძალი ღმრთეებისა ქრისტესისაჲ ჯერეთ ჩჩჳლთა მათ წინაშე და სძისა მოქენეთა მსმენელთა.

რამეთუ არა დავით ამაღლდა ზეცად, ვითარცა იტყჳს იგივე: ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა (2.34-35).

თარგმანი: მცირედ-მცირედ დავითისსაცა ზეშთა ყო დავითის თესლისაგან აღმოცენებული იგი, წინა დადებითა ზეცად ამაღლებისა მისისაჲთა, და უფლად დავითისდა ქადაგა და თანა-სწორად მამისა, რამეთუ არა უფალი მონასა, არამედ უფალი მამაჲ უფალსა ძესა ეტყჳს ბუნებისა მისთჳს ჴორცთაჲსა, ვითარმედ: "დაჯედ მარჯუენით ჩემსა", რამეთუ ბუნებითა ღმრთეებისაჲთა პირველ საუკუნითგან აქუნდა საყდარი სუფევისაჲ მარჯუენე. არა ვითარმცა გარე-შეიწერებოდა მამაჲ, არამედ ვითარმედ იგივე და ერთ არს არსებაჲ და ბუნებაჲ, პატივი და მეუფებაჲ მათი, დაუსაბამოდ და დაუსრულებელად. ხოლო აწ მიწად მიქცეულსა ბუნებასა ესმის "დაჯედ". საყდარი უკუე მეუფებისა სასწაულ არს, ხოლო ჯდომაჲ - სიმტკიცისა კეთილთა შინა და სუფევისა, ხოლო მარჯუენე არს იგივე დიდებაჲ მამული, აღსავსე და სრული ყოვლითა მარჯუენითა და სახიერებითა, რომელსა შინა დასუა ქრისტემან ბუნებაჲ ჩუენი, რაჲთა ერთ გუამად თაყუანის-იცემებოდის ჴორცთა მათ თანა ჩუენგან მიღებულთა. ხოლო მტერ ზოგად მამისა და ძისა არიან ეშმაკნი და მწვალებელნი, რომელთა ჟამ დასხმისა და სრულიად მოსპოლვისა არს დღე იგი მეორედ მოსლვისაჲ, რომელსა შინა ზოგად ერთითა მოქმედებითა დაისხმენ ფერჴთა ქუეშე, მტერთა მათ ხილულთა და უხილავთა მამაჲ და ძე, რომელი-ესე დავით სულითა წმიდითა წინა-მოასწავა ას და მეცხრესა ფსალმუნსა შინა.

განცხადებულად უკუე უწყოდენ ყოველმან სახლმან ისრაჱლი-სამან, რამეთუ უფალ და ცხებულ ყო იგი ღმერთმან, ესე იესუ, რომელი თქუენ ჯუარს-აცჳთ (2,36).

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო მაღალნი სიტყუანი თქუნა, აწ კუალად მდაბლად მეტყუელებს მისთჳს, და უფალ და ცხებულ ყოფასა იესუჲსსა, მათ მიერ ჯუარცუმულისასა, მამისა მიერ ქმნილად უქადაგებს ჰურიათა, რაჲთა მდაბალთა ამათ მიერ განწუართოს გონებაჲ მათი დამტევნელ ყოფად მაღალთა ქადაგებათა ღმრთეებისა მისისათა. გარნა ეგრეცა არა ბუნებასა მისსა იტყჳს დაბადებულად, არამედ პატივსა მთავრობისასა მამისა მიერ მიცემულად ქადაგებს, რამეთუ "უფალი" და "ცხებული" არა ბუნებისა საქმენი არიან, არამედ პატივისანი, რომელი მისცა მამამან ჴორცთა მათ, რომელ ჩუენგან შეისხნა ძემან მისმან.

ესმა რაჲ ესე, შეინანეს გულითა და ჰრქუეს პეტრეს და სხუათა მათ მოციქულთა: რაჲ-მე ვყოთ, კაცნო ძმანო? (2,37).

თარგმანი: წინა დაუდვა რაჲ, ჰურიათა ბრალი ღმრთისმკლველობისაჲ, ესოდენ უძლო მყუდროებით მხილებამან სიტყუათა მისთამან, ვიდრეღა თჳნიერ განმწარებისა და ჩემებისა ლმობიერითა გულითა შეინანეს და მათისავე სიტყჳსა მსგავსებითა სიყუარულით ძმად უწოდდეს მოციქულთა და ჰკითხვიდეს თუ რაჲ უღირს ყოფად, რომლითა აღიძარცონ ბრალი იგი.

ხოლო პეტრე ჰრქუა მათ: შეინანეთ და ნათელ-იღეთ კაცად-კაცადმან თქუენმან სახელითა უფლისა იესუ ქრისტესითა მისატევებელად ცოდვათა (2,38).

თარგმანი: კუალად ყოველთა რაჲ ჰკითხვიდეს, ვითარცა წინამძღუარი ყოველთაჲ, პეტრე მიუგებს, რაჲთა გულითადისა სინანულისა და სარწმუნოებისა საფუძველად დადვან მისითავე სახელითა ნათლის-ღებაჲ, რომელი-იგი ჯუარს-აცუეს და ესრეთ მიეტევნენ ცოდვანი ჯუარის-მცუმელობისანი. ხოლო ნუმცა ვინ განდრეკილად გულისჴმა-ჰყოფს სიტყუასა ამას, რომელ აწუევს სახელითა იესუ ქრისტესითა ნათლისღებად. ვითარმცა წინააღუდგებოდა საღმრთოსა ბრძანებასა, რომელი ეტყჳს ნათლისცემად სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმადისაჲთა, რამეთუ ჩუენ სიტყჳსაებრ თავისა ამის მოციქულთაჲსა სახელითა იესუ ქრისტესითა ვიტყოდით რაჲ ნათლისღებასა, სიტყჳსაებრ პავლესსა, სიკუდილისა მიმართ ქრისტესისა ნათელს-ვიღებთ. და სადაცა ერთი სამებისაგანი მოვიჴსენოთ, სამნივე იგი მოგჳჴსენებიან, რამეთუ ერთღმრთეება არს წმიდაჲ სამებაჲ. ხოლო რაჟამს ნათელ-ვსცემდეთ ბრძანებისაებრ უფლისა, უნაკლულო ვჰყოფთ სიტყუასა: სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა.

და მიიღოთ ნიჭი სულისა წმიდისაჲ, რამეთუ თქუენი არს აღთქუმაჲ და შვილთა თქუენთაჲ და ყოველთა შორიელთაჲ, რავდენთა მოუწოდის უფალმან ღმერთმან ჩეუნმან (2,38-39).

თარგმანი: მიტევებაჲ უკუე ცოდვათაჲ ყოველთავე სწორად მიეცემის ნათლისღებისა მიერ, ხოლო ნიჭი სულისა წმიდისაჲ — სიმდიდრისაებრ სარწმუნოებისა და შემსგავსებულად წინა-განწმედისა. ხოლო შენ იხილე, ვითარ ზემო თქუმულისა მის მიერ იოველის წინაჲსწარმეტყუელებისა ყოველთავე სწორად განუკუთნებს აღთქუმასა სულისა წმიდისა მიფენისასა ზოგად მამათა და შვილთა, რომელ-ესე არს უმეტესი სიმდიდრე მადლისაჲ. და ამისსა შემდგომად წარმართთა შორიელობისა მოწოდებასა აუწყებს, რომელი-ესე ჟამიერად ყო, რამეთუ ვინაჲთგან ეძჳნებოდა ჰურიათა მოწოდებაჲ წარმართთაჲ, ესევითარსა ჟამსა მიუთხრა მათ იგი, ოდეს არღარა სცალდა მათ შურობად. რამეთუ სულსა მონანულსა და დამსჯელსა და მაბრალობელსა თავისა თჳსისასა არღარა ვისდა შურობად მოეცალების.

და სხჳთაცა მრავლითა სიტყჳთა უწამებდა, ჰლოცვიდა მათ და ეტყოდა: ცხონდით ნათესავისა ამის დრკუჲსაგან (2,40).

თარგმანი: მარადის ესევითარი ღონე უჴმს მოძღუართა, რაჲთა სიტყუათა მხილებისათა სიტკბოებითა რაჲთმე მოქენეობისაჲთა განჰზავებდენ, ვითარ-ესე აწ ჰყოფს პეტრე ერისა მიმართ ჰურიათაჲსა. და ვითარ-იგი პირველ წინამორბედი "ნაშობ იქედნისა" ეგრეთვე ესე "ნათესავ დრკუ" უწოდს.

და რომელთა-იგი სიხარულით შეიწყნარეს სიტყუაჲ მისი, ნათელ-იღეს, და შეეძინნეს მას დღესა შინა სულნი ვითარ სამ ათასნი ოდენ (2,41).

თარგმანი: იხილე, ვითარ ერთითა წარმოთქუმითა არწმუნა ესოდენთა სულთა მხიარულებით აღრჩევაჲ ნათლის-ღებისაჲ, რაჲთა სრულ იქმნეს წინაჲსწარმეტყუელებაჲ ესაიაჲსი, ვითარმედ: "უკუეთუ ელმოდა ერთ დღე დედაკაცსა მუცელ-ქუმულსა და უკუეთუ იშვა ყოველი ნათესავი ერთბამად" (). ხოლო სამობაჲ ესე ათასეულთა ამათ ერთ-გზის ნათელღებულთაჲ გამომსახველ იყო ძალსა წმიდისა სამებისა ერთარსებისა და სამგუამოვნებისასა.

და იყვნეს განკრძალულ მოძღურებასა მას მოციქულთასა და ზიარებასა და განტეხასა პურისასა და ლოცვასა (2,42).

თარგმანი: ესევითარი უჴმს შეცვალებაჲ ცხორებისაჲ ახალ ნათელღებულთა, რაჲთა კრძალულებით ისმენდენ ჴმასა მოძღუართა მათთასა, და, ვითარცა სიწმიდით მყოფნი, სიწმიდით ეზიარებოდინ საიდუმლოთა, და ლიტონისა საზრდელისა მიმღებელ იყვნენ და სამარადისოდ ილოცვიდენ, რაჲთა კეთილად დაიმჳდროს და ყოვლად განისუენოს მათ შორის მადლმან სულისამან.

და იყო ყოველსა ზედა სულსა შიში, და მრავალნი ნიშები და სასწაულები მოციქულთა მიერ იქმნებოდა (2,43).

თარგმანი: შიში იგი იყო სასწაულთა მათთჳს და საკჳრველებათა, რომელნი მოციქულთა მიერ იქმნებოდეს.

ყოველნივე მორწმუნენი იყვნეს ერთბამად, და აქუნდა ყოველივე ზოგად. და დაბნებსა და მონაგებსა განჰყიდდეს და განუყოფდეს მას ყოველთა, ვითარცა ვის რაჲ უჴმდა (2,44-45).

თარგმანი: არა ეგოდენ ადგილითა, რაოდენ გონებითა ერთ-ქმნილ იყვნეს, და მონაგებიცა თითოეულისაჲ საზოგადოდ საჴმარად ყოველთა წარეგებოდა. რამეთუ არა ლიტონად დაუტევებდეს, არამედ კეთილად განსყიდითა საჴმარ ძმათა კრებულისა ჰყოფდეს მას.

დღითი-დღედ განკრძალულ იყვნეს ტაძარსა მას შინა (2,46).

თარგმანი: ჯერეთ არა აყენებდეს მათ ჩუეულებისაებრ მისლვად ტაძარსა ჰურიათასა, არამედ თჳთ სამ ათასთა თანა მოციქულნიცა მოსწრაფედ აღვიდოდეს, რამეთუ სოფლიოთაგან მოეცალა ზრუნვად საღმრთოთა და სულიერთა კეთილად მსახურებათა.

აკურთხევდეს სახლ-მდაბრ პურსა (2,46).

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: განიტეხდეს სახლ-მდაბრ პურსა, რამეთუ არა აქუნდა მათ ტაბლები და საინაჴები, არამედ ვითარცა გარეწარსა რასმე ჴელთა ზედა განიყოფდეს და ეგრეთ იზარდებოდეს.

მიიღებდეს საზრდელსა მხიარულითა და განმარტებულითა გულითა, აქებდეს ღმერთსა, (2,46-47).

თარგმანი: არა იშუებდეს-ცა, არამედ იზარდებოდეს ოდენ, და ლიტონსა მას ზედა საზრდელსა ესოდენ მხიარულებით და, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, სიწრფოებითა გულისაჲთა აქებდეს და ჰმადლობდეს ღმერთსა, რომელ ვერვინ სხუაჲ თითო-ფერთა სანოაგეთა და საშუებელთა ზედა ეგოდენ მხიარულებით ჰმადლობს.

და აქუნდა მადლი ყოვლისა მიმართ ერისა, ხოლო უფალი შესძინებდა დღითი-დღე ცხოვნებულთა ეკლესიასა (2,47).

თარგმანი: ნუ ამას ხედავ, რომელ მღდელთმოძღუარნი და მწიგნობარნი ეშურებოდეს და ზედა-დაესხმოდეს, არამედ ლიტონი იგი ერი ყოველნი ჰყუარობდეს მათ საღმრთოჲსა მისთჳს მოქალაქობისა, ვითარ ყოველივე მონაგები მათი საზოგადო ყვეს გლახაკთათჳს და მდიდართა. ამისთჳს ყოველნივე უფლისა მიერ მოწოდებითა დღითი-დღე შეემატებოდეს რიცხუსა მორწმუნეთასა და სავსებასა ეკლესიისასა.

ნაშრომები > კომენტარები საქმეებზე და კათოლიკე ეპისტოლეებზე, წმ.იოანე ოქროპირი, წმ. ეფრემ მცირე > თარგმანებაჲ საქმისა მოციქულთაჲსა > თავი გ̂. საღმრთოჲსა სულისა წმიდისა მოსლვისათჳს, რომელი იქმნა მორწმუნეთა ზედა დღესა მეერგასესა