📋 სარჩევი
ხოლო სიმრავლისა მის მორწმუნეთაჲსა იყო გული და გონებაჲ ერთ და არცა ერთმან ვინ თქჳს მონაგები მისი თჳსად, არამედ იყო ყოველივე მათდა ზოგად (4,32).
თარგმანი: ყოველსავე ადგილსა ჰპოო ერთობაჲ აღმაშენებელ, ხოლო განწვალებაჲ დამარღუეველ ყოვლისა კეთილისა, ვითარ-ესე აწ ახალ-მორწმუნეთა ამათ, შეიწყნარეს რაჲ სახარებაჲ ქრისტესი, მყის დასთხინეს მონაგებნი და ყოველთა ძმათა სიყუარულით საზოგადოდ წინა-დაუსხნეს, რამეთუ ესე არს საზღვარი სიყუარულისაჲ, რაჲთა "ჩემი" განიჴადოს და ყოველი "ჩუენდად" იქმნას.
და ძალითა დიდითა ჰყოფდეს მოციქულნი წამებასა მას აღდგომისასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა და მადლი დიდი იყო მათ ყოველთა ზედა, და არავინ იყო ნაკლულევან მათ შორის, რამეთუ რომელნი-იგი პოვნიერ იყვნეს სახლებისა გინა დაბნებისა, განჰყიდდეს, და მოაქუნდა სასყიდელი განსყიდულთაჲ მათ და დასდებდეს ფერჴთა თანა მოციქულთასა, და მიეცემოდა კაცად-კაცადსა, რაჲცა ვის უჴმდა (4,33-35).
თარგმანი: სასწაულთა მიერ და კურნებათა ცხად ჰყოფდეს მოციქულნი წამებასა ქრისტეს აღდგომისასა, ხოლო მოწაფენი მოციქულთანი ამის მიერ მადლთა დიდთა ღირს იქმნებოდეს, რამეთუ არავინ იყო მათ შორის ნაკლულევან, არამედ მდიდართა აღავსეს ნაკლულევანებაჲ გლახაკთაჲ, და ურთიერთას სიყუარულითა ყოველთა შორის საცნაურ ყვეს მოწფობაჲ ქრისტესი, რამეთუ არცაღა ჴელთა მიცემად იკადრებდეს, არამედ ფერჴთა თანა მოციქულთასა დასდებდეს საფასესა თჳსთა სახლთა და აგარაკთასა, რაჲთა ვითარცა სულნი, ეგრეთვე ჴორცნი და სიმდიდრენი თჳსნი მათდა განსაგებელ ყვნენ და არა თჳთ განუყოფდეს, რაჲთა არა მათ ზუაობაჲ და უღონოთა განსაყოფელისათა სირცხჳლი შეემატოს, არამედ ვითარცა ზოგადსა საუნჯესა შინა შეჰკრებდეს, და მიერ ყოველნი სწორად მიიღებდეს, რაჲთა არღარა ჩნდეს მდიდარი და გლახაკი, არამედ ყოველნი სწორ, და რაჲთა ერთბამად სხუათა ჴელისაგან გამოიზარდებოდინ, ვითარცა ძმანი ქრისტეს მიერ.
ხოლო იოსებ, რომელსა ეწოდა ბარნაბა მოციქულთა მიერ, რომელი გამოითარგმანების ძე ნუგეშინის-ცემისაჲ, ლევიტელი, კჳპრელი ნათესავით, ამას აქუნდა დაბაჲ და განყიდა იგი და მოიღო ფასი და დადვა ფერჴთა თანა მოციქულთასა (4,36-37).
თარგმანი: ვითარ-იგი თავადმან ქრისტემან მოციქულთა, ეგრეთვე მოციქულნი მოწაფეთა შეუცვალებდეს სახელებსა, ვითარ-ესე იოსიოს ბარნაბა უწოდეს ებრაულად, რომელი გამოითარგმანების ძედ ნუგეშინის-ცემისა, რამეთუ იყო-ცა ღირს სახელისა ამის, ვითარცა შემძლებელი ნუგეშინისმცემელ ყოფად სულთა. ხოლო ვითარ ლევიტელი კჳპრიელ ქმნილ იყო? — ამისთჳს, რამეთუ დაჴსნილ იყო წესი შჯულისაჲ და მიმოდაბნეულ იყვნეს ლევიტელნი, მსახურნი საღმრთოჲსა ტაძრისანი. ხოლო დაბისა განსყიდასა ამისსა პირველად ამისთჳს მოიჴსენებს, ვითარმედ სხუაჲ არარაჲ აქუნდა, თჳნიერ ერთისა მის დაბისა, და იგიცა ღმრთისა შეწირა, და მეორედ ამისთჳს, ვითარმედ ამისსა ამას კეთილსა სახესა ებაძვა ანანია, არამედ ვერ კეთილად, ვერცა სრულებით.
კაცი ვინმე იყო ანანია სახელით, საპფირაჲს თანა ცოლისა მისისა. განყიდა დაბაჲ და გამოაჴუა სასყიდლისა მისგან. უწყოდა ესე ცოლმანცა მისმან, და მოიღო ზოგი რაოდენიმე და დადვა ფერჴთა თანა მოციქულთასა. (5,1-2).
თარგმანი: უკუეთუ ამან ზოგი გამოაჴუა და ესოდენ მწარედ დაისაჯა თჳსისა საფასისაგან რაჲსმე დაკლებისა და არა ყოვლისავე ფერჴთა თანა მოციქულთასა დადებისათჳს, რაჲ ყოფად უც მათ, რომელნი-იგი ეკლესიისა საჴმართაგან ნახევარსა ანუ კნინოდენსა ნაწილსა განიღებდენ? ანუ მათ, რომელნი თანა-სათნო-ეყოფოდინ მათ და არა ამხილებდენ! რამეთუ აჰა საპფირა ამისთჳს ეზიარა საშჯელსა ანანიაჲსსა, რამეთუ იცოდა ბრალი მისი და არა ამხილა მას. ამათ თანა რაჲ-მე ყონ მათცა, რომელნი სისხლითა საუფლოჲთა მოსყიდულთა თავთა თჳსთა განიპარვიდენ მონებისაგან ღმრთისა მონებად მამონაჲსსა, და გულისთქუმათა თჳსთა შეუდგენ?
ხოლო პეტრე ჰრქუა მას: ანანია, რაჲსათჳს აღავსო გული შენი ეშმაკმან ცრუებად სულისა წმიდისა და გამოჴუებად სასყიდელსა მის დაბისასა? ანუ არა, იყო რაჲ, შენი იყო და, გან-რაჲ-ჰყიდე, ჴელმწიფებასვე შენსა იყოა? და რაჲსათჳს დაიდევ საქმე ესე გულსა შენსა? არა ეცრუვე შენ კაცთა, არამედ ღმერთსა. ვითარცა ესმინეს სიტყუანი ესე ანანიას, დაეცა და სული წარჰჴდეს (5,3-5).
თარგმანი: ესე სასწაული მკელობელისა მის აღდგინებისასა უსაკჳრველეს არს, რამეთუ სამი სახე აქუს: პირველად — ცნობაჲ პარულისაჲ მის; მეორედ — განცხადებაჲ დაფარულთა გულის-სიტყუათაჲ; მესამედ — მეყსა შინა სიკუდილი მისი, რომლისათჳს ვიეთნიმე აბრალებენ მოციქულსა, ვითარმედ ვინაჲთგან ეშმაკისა მიერი იყო საქმე იგი, რაჲსათჳს მოაკუდინა ანანია. გარნა ეკრძალე, საყუარელო, ნუ-უკუე პეტრეს თანა სულისაცა წმიდისა მგმობარ და მაბრალობელ იქმნა, რამეთუ სული წმიდაჲ იყო მის შორის მცნობელ და მბრძანებელ საქმედ ყოვლისავე. არამედ ისწავე მიზეზი საქმისაჲ, რამეთუ დასაბამიღა იყო მაშინ თესლთა ღმრთისმსახურებისათა აღმოცენებისაჲ, და მყის იწყო ეშმაკმან თესვად ღუარძლისა, ხოლო მოციქულმან აღმოფხურად, რაჲთა არა ძირნი განიბნეს შორის იფქლსა ღმრთისმსახურებისასა, და ვითარცა გესლი სასიკუდინე, მოჰკუეთა, რაჲთა არა განეზავოს ყოველსა გუამსა ეკლესიისასა. ამას თანა ჯერ-იყო. რაჲთა სხუანიცა შეძრწუნდენ პატიჟისა მისგან არა ბაძვად ბრალსა მისსა, რამეთუ მრავალგზის აქავე ტანჯვითა ცოდვილთაჲთა ორთა კეთილთა ჰყოფს ღმერთი: რაჲთა ტანჯულთა მათ ულხინოს საუკუნოდ, გინა თუ სრულიად განათავისუფლნეს-ცა სატანჯველისაგან; და რაჲთა მხედველნი შეაძრწუნნეს და განაკრძალნეს ბრალისაგან. ამისვე პირისათჳს ქმნა პეტრე სიკუდილი ანანიაჲსი, ვინაჲთგან გარეშეთა მიმართ მშჳდ იყვნეს და არა აჩუენებდეს ძალსა მტანჯველობისასა, რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ იძულებით მიიყვანებენ კაცთა სარწმუნოებად, რამეთუ ღმერთსა ყოველივე ნებსითი უყუარს, და არავის აიძულებს მოსლვად სარწმუნოებად, ხოლო რომელნი ნებსით მორწმუნე იქმნებოდეს, მათ ზედა ოდესმე აჩუენებდიან შეცოდებისათჳს ძალსა მტანჯველობისასა, რაჲთა მორწმუნენი განაკრძალნენ და ურწმუნონი შეაძრწუნნენ. რამეთუ ვითარცა-იგი ღმერთმან პირველნი მამანი საჯნა მცნებისა გარდასლვისათჳს, და კუალად დასაბამსა შაბათთასა დამჴსნელი იგი შაბათისაჲ შეშის-კრებითა მით ქვითა განსატჳნველ-ყო მოსე, ეგრეთვე თავმან მოციქულთამან მოაკუდინა ანანია, რამეთუ უჴმს ყოველსავე დასაბამსა საქმისასა კრძალვაჲ ამისთჳს მოაკუდინებს მპარავსა, რამეთუ არა ჰნებავს ქრისტეანეთაჲ, რაჲთა მსგავსად პირველთა ჩუეულებათა იყვნენ, მტყუარ და მპარავ, ერთ-გზის ჯმნილნი მათგან და ღირს-ქმნილნი მადლსა სულისა წმიდისასა, რომელი ბოროტებითა საქმეთაჲთა იოტების ჩუენგან.
და დაეცა შიში დიდი ყოველთა, რომელთა ესმა ესე, და აღდგეს ჭაბუკნი და შემოსეს იგი და განიღეს და დაჰფლეს. და იყო ვითარ სამისა ოდენ ჟამისა დაყოვნება, და ცოლმან მისმან არა უწყოდა საქმე ესე, და შევიდა. ჰრქუა მას პეტრე: მითხარ მე, უკუეთუ ესოდენის განჰყიდეთ დაბაჲ იგი? ხოლო მან ჰქრუა მას: ჰე, ეგოდენის. ჰრქუა მას პეტრე: რაჲსათჳს ესრეთ შეითქუენით თქუენ განცდად სულსა უფლისასა, ანუ არა აჰა ესერა ფერჴნი დამფლველთა ქმრისა შენისათანი კართა ზედა დგანან და განგიღონ შენცა. და დაეცა მეყსეულად ფერჴთა თანა მისთა და სული წარჰჴდეს. შევიდეს ჭაბუკნი იგი და პოვეს იგი მომკუდარი და განიღეს და დაჰფლეს ქმრისა მისისა თანა. და იყო შიში დიდი ყოველსა მას ზედა კრებულსა და ყოველთა რომელთა ესმა ესე. (5,5-11).
თარგმანი: ესოდენ მოშიშ იყო ერი იგი, რომელ შემდგომად დაფლვისა ანანიაჲსსა სამი ჟამი გარდაჴდა შორის და ვერცა ერთმან ვინ იკადრა თხრობად ცოლისა მისისა სიკუდილი მისი. ხოლო მოციქულსა ძალ-ედვა მოწოდებაჲ მისი, არამედ დრო სცა, ნუ-უკუე მიმყოვრებასა ჟამისასა გულისჴმა-ყოს ბრალი იგი პარვისაჲ და შე-რაჲ-ვიდა კითხვითა მით ადგილ-სცა აღსაარებად და სინანულად, ხოლო მან უგულისჴმოებითა დაიმკჳდრა სასჯელი ქმრისა თჳსისაჲ, რამეთუ ფერჴთა თანა პეტრესთა დაცემითა ესე გუეუწყების, ვითარმედ თჳსაგან განიყვანა იგი მოციქულმან, რაჲთა არა ჰრცხუენოდის ერისაგან აღსაარებად ბრალისა, არამედ იგი შეთქუმულებითა ბოროტსა თანა ვერ მოვიდა გულისჴმის-ყოფად კეთილისა, და სიკუდილი მისი ყოველთა სწავლის, ვითარმედ: არა განსცადო უფალი ღმერთი შენი, რომელ არს პეტრეს შორის მყოფი მადლი ყოვლად-წმიდისა სულისაჲ, რომელსა არარაჲ დაეფარვის. ხოლო შესლვითა მით ჭაბუკთაჲთა ცხად არს, ვითარმედ მაშინვე დაეჴსნა მოციქულთა წესი იგი ძუელისა შჯულისაჲ, რომელი ბრძანებს ვიდრე მწუხრამდე არა შესლვად შინა მკუდრის დამფლველთა. აჰა იგივე ანანიაჲს დამფლველნი შევიდეს დაფლვად განღებად საპფირაჲსსაცა. გარნა შენ იხილე, ვითარ მყის დაჰნერგა საღმრთოჲ შიში საკჳრველებამან ამან ყოველთა შორის, რომელნი ხედვიდეს და ესმა, რაჲთა არარაჲთ ვინ შეაწუხოს მადლი სულისა ყოვლად-წმიდისაჲ.
ხოლო ჴელითა მოციქულთაჲთა იქმნებოდა სასწაულები და ნიშები მრავალი ერსა შორის, და იყვნეს ყოველნი ერთბამად სტოვასა მას სოლომონისსა, ხოლო სხუათა მათ ვერვის ძალ-ედვა შეხებად მათდა, რამეთუ ადიდებდა მათ ერი იგი (5,12-13).
თარგმანი: რაჲთა არა დაგიკჳრდეს, ვითარმედ: ვითარ უტევნეს მოციქულნი ჰურიათა დატევებად სახლთა მათთა და მოწფებითურთ ერთბამად ყოფად სახელ-განთქუმულსა მას სტოვასა, რომელი-იგი მხოლოჲ დაშთომილ იყო სოლომონის შენებულისაგანი დიდისა მისგან ტაძრისა. ამისთჳს პირველვე იტყჳს, ვითარმედ: შემდგომად ყოველთა შეძრწუნებისა უმრავლესთა სასწაულთა ჰყოფდეს მოციქულნი და მათ ძლით კუალად უმეტეს ადიდებდა მათ ერი იგი, ვიდრეღა ვერვის სხუასა ძალ-ედვა აღრევად მათ თანა.
უფროჲს-ღა შეეძინებოდეს მორწმუნენი უფალსა — სიმრავლე მამათაჲ და დედათაჲ, ვითარმედ უბანთაცა ზედა გამოაქუნდეს უძლურნი და დასდგმიდეს ცხედრებითა და საკაცებითა, რაჲთა მოსლვასა მას პეტრესსა აჩრდილი ოდენ ვისმე მისი შეადგეს მათგანსა. და შეკრბებოდა სიმრავლე გარემო ქალაქებისაჲ იერუსალემს და მოაქუნდეს უძლურნი და შეპყრობილნი სულთაგან არაწმიდათა და განიკურნებოდეს ყოველნი (5,14-16).
თარგმანი: ესეცა წინა-მოასწავა მჴსნელმან, ვითარმედ: რომელსა ვჰრწმენე მე საქმეთა, რომელთა მე ვიქმ, მანცა ქმნნეს და უფროჲს ამათსა ქმნნეს, რამეთუ აჰა აჩრდილი პეტრესი ჰკურნებს, რომელი-ესე არასადა წერილ არს უფლისათჳს, დაღაცათუ ესეცა სახელითა მისითა იქმოდა. ხოლო არა სასწაულთა ოდენ საქმე, არამედ ცხორებისაცა მოციქულთაჲსა სიმაღლე და მოღუაწებისა მათისა ჴორცთა შინა უჴორცოებაჲ, ამას თანა გონებისაცა მათისა სიმდაბლე, ვითარ არარას სასწაულთაგანსა მიიჩემებდეს თჳსად, არამედ ყოველსავე ღმერთსა და მოძღუარსა მათსა ქრისტესა განუკუთნებდეს, ფრიადსა ერსა მორწმუნეთასა შესძინებდა უფალსა, არა ხოლო ქალაქით, არამედ გარემოჲსაცა სოფლებისაგან.