📋 სარჩევი
ხოლო სტეფანე სავსე იყო მადლითა და ძალითა, იქმოდა ნიშებსა და სასწაულებსა დიდ-დიდსა ერსა შორის (6,8).
თარგმანი: იხილე, ვითარ შჳდთა დიაკონთაცა შორის ჯერ-იყო ყოფაჲ უპირატესისაჲ, ვითარ-ესე იყო სტეფანე, რომელი ვინაჲთგან ნათლისღებისა მიერ სავსე იყო სულითა წმიდითა და აქუნდა არა ლიტონი ოდენ, არამედ ძლიერი და მდიდარი სარწმუნოებაჲ, რამეთუ ორ-სახე არს სარწმუნოებაჲ: პირველი-იგი — ახალთაჲ, რაჲთა ჰრწმენეს და ნათელიღონ, ხოლო მეორე — სრულთაჲ, რაჲთა აქუნდეს სარწმუნოებაჲ სასწაულთა მოქმედებისაჲ, ვიდრე მთათა ცვალებამდეცა. ამით სრულთა სარწმუნოებითა აღსავსე იყო სტეფანე, ვითარცა ზემო-რე გესმა, ვითარმედ: გამოირჩიეს სტეფანე კაცი სავსე სარწმუნოებითა და სულითა წმიდითა, ესე იგი არს მდიდრად მიღებაჲ სულისაჲ სიმდიდრისაებრ სარწმუნოებისა. ამისთჳსცა, დაღაცათუ შჳდთავე დაესხნეს ჴელნი, არამედ სტეფანე უმდიდრეს აღივსო მადლითა და ძალითა სიმდიდრისაებრ სარწმუნოებისა, ხოლო რომელი-იგი პირველ გამორჩევისა იწამა სავსე-ყოფად სარწმუნოებითა და სულითა წმიდითა, ესე შემდგომად ჴელთდასხმისაღა მიიღებს ძალსა ნიშებისა და სასწაულებისასა, რაჲთა შენ ისწავო, ვითარმედ არა კმა არს მარტოდ მადლი ოდენ, არამედ ჴელთდასხმაჲცა საძიებელ არს უმეტეს გარდამატებისათჳს ძალთაჲსა.
აღ-ვინმე-დგეს კრებულისა მისგან, რომელსა ჰრქჳან ლიბირტიმელთა და კჳრინელთაჲ და ალექსანდრელთაჲ და კილიკიაჲთ და ასიაჲთ, და გამოეძიებდეს სტეფანეს თანა სიტყუასა და ვერ შეუძლებდეს წინა-დადგომად სიბრძნითა მით სულისა წმიდითა, რომლითა იტყოდა იგი (6,9-10).
თარგმანი: აღდგომაჲ ესე სიმძაფრესა მოასწავებს მეშფოთეთასა, რომელთა თავ იყვნეს ლიბირტიმელნი. ხოლო ლიბირტიმელ უწოდიან აზნაურთაგანთა ჰრომისათა, რომელთა ნუ-უკუე და ლიბიაჲსგან ეწოდებოდა სახელი ესე, რამეთუ ესე ლიბია მეუღლე იყო აგჳსტოსისი, სათნოებათა და წარჩინებულებისათჳს ფრიად პატივცემული მისგან, ვინაჲცა შემდგომად აგჳსტოსის სიკუდილისა საფლავსა მისსა ზედა იყოფებინ მარადის, მისაგებელად ქველის-მოქმედებათა მისთა. და ვითარცა უცხოჲ და მწირი, ეგრეთ გარდაიჴდინ დღეთა თჳსთა. ამის ლიბიაჲსგან ქმნულთა შესაკრებულთაგანნი იყვნეს ლუბიელნი, ხოლო სხუანი-იგი კჳრინით და ალექსანდრიაჲთ, კილიკიაჲთ, და ასიით, რამეთუ ყოველთაგან ნათესავთა მოსრულ იყვნეს ერნი და თჳსად-თჳსად შესაკრებელი აქუნდა იერუსალემს შინა, რაჲთა მუნ მყოფთა მიერ ადვილ იყოს პასექსა მუნ დახუდომაჲ და არღარა უნდეს შორით მოსლვაჲ, რამეთუ შეუძლებელ იყო შჯულიერისა მის პასექისაჲ გარეშე იერუსალემსა აღსრულებასაჲ ვისგანცა ჰურიისა. ესე ყოველნი ამისთჳს ჰყოფდეს მრავლად სიტყუასა სტეფანეს მიმართ, რაჲთა აიძულონ მას განცხადებულად თქუმად შჯულისა დაჴსნადობაჲ, რომელსა-იგი მიფარულად-რე წინაჲსწარმეტყუელებდა.
მაშინ აბირნეს ვინმე კაცნი, რომელნი იტყოდეს, ვითარმედ: გუესმეს მაგისგან სიტყუანი გმობისანი, რომელთა იტყოდა მოსესთჳს და ღმრთისა. და აღძრნეს ერი იგი და მოხუცებულნი და მწიგნობარნი და ზედა მიადგეს და აღიტაცეს იგი და მოიყვანეს წინაშე კრებულისა (6,11-12).
თარგმანი: რომელნი-იგი ეშურებოდეს მას სიბრძნისათჳს და ძალისა სიტყუათაჲსა და საქმისა სასწაულთაჲსა, მათ ყვეს ბირებაჲ ესე, აღძრვაჲ ერისაჲ, შეპყრობაჲ და სამშჯავროდ წარდგინებად მისი, რაჲთა მოკლან იგი.
და წარმოადგინნეს მოწამენი ცრუნი, რომელთა თქუეს: კაცი ესე არა დასცხრების სიტყუად სიტყუათა გმობისათა ადგილისა ამისთჳს წმიდისა და შჯულისა, რამეთუ გუესმა მაგისგან, იტყოდა რაჲ, ვითარმედ: იესუ ნაზარეველმან ამან დაარღჳოს ადგილი ესე და ცვალოს შჯული, რომელი მომცა ჩუენ მოსე (6,13-14).
თარგმანი: ამისთჳს სხუანი აბირნეს, რამეთუ კაცთაგან ჰრცხუენოდა, ხოლო ღმრთისა არა ეშინოდა. ამისთჳს, მსგავსად მჴნელისა და მოძღურისა, თავი მოწამეთაჲ მოციქული სამშჯავროდ წარადგინეს, რაჲთა ბჭობით მოკლვითა არა უბრალოდ წამებულად, არამედ თანა-მდებად სიკუდილისა საგონებელ-ყონ იგი, გარნა ცილის-მწამებელთა მათ კაიაფაჲს თანა წილ-ხუდა უნებლიეთ წინაჲსწარმეტუელებაჲ. რამეთუ მან, რომელსა-იგი ნაზარეველობით ეკიცხევდეს, ვითარცა ღმერთმან მოსესმან, ცვალა შჯული მოსესი უმჯობესად ქადაგებითა მოწაფეთა თჳსთაჲთა, ხოლო ადგილი დაჰჴსნა ზედამისლვითა ჰრომთა მჴედრობისაჲთა.
და მიჰხდეს მას ყოველთა, რომელნი სხდეს კრებულსა შინა და იხილეს პირი მისი, ვითარცა პირი ანგელოზისაჲ (6,15).
თარგმანი: ვინაჲთგან ეგულებოდა ღმერთსა, რაჲთა სტეფანეს მიერ სასმენელყვნეს სიტყუანი განსაკჳრვებელნი, ამისთჳს განაბრწყინვა პირი მისი უფროჲს მოსესსა, რაჲთა საზარელ იყოს წინა-აღმდგომთა, ხოლო საწადელ ყოველთა მორწმუნეთა კრებულისა. არამედ სული მისი ფრიად-რაჲმე უბრწყინვალეს იყო გარეშესა მას ჴორცთა ბრწყინვალებასა.
ჰრქუა მას მღდელთმოძღუარმან მან: უკუეთუ ესე ესრეთ არსა? (7,1).
თარგმანი: ამისთჳს სიფიცხით ჰკითხავს, რაჲთა უჩუენოს სიდიდე ბრალისაჲ მის, და უმეტეს შეაძრწუნოს იგი.
ხოლო მან თქუა: კაცნო, ძმანო და მამანო, ისმინეთ ჩემი (7,2).
თარგმანი: ძმად და მამად უწოდს, რაჲთა სიყუარული თჳსი უჩუენოს, ვითარმედ ვითარცა შვილი და ძმაჲ, არარას სიძულილით და უჯეროდ ეტჳს.
ღმერთი დიდებისაჲ ეჩუენა მამასა ჩუენსა აბრაჰამს, ვიდრე იყო-ღა იგი შუა მდინარეს პირველ დამკჳდრებისა მისისა ქარანს შინა, და ჰრქუა მას: გამოვედ ქუეყანისაგან შენისა და ნათესავისაგან შენისა და მოვედ ქუეყანად, რომელი მე გიჩუენო შენ (7,2-3).
თარგმანი: ღმერთი დიდებისაჲ ითქუმის, რამეთუ არავისგან მოქენე არს იგი კაცობრივსა დიდებასა, რამეთუ თჳთ იგი არს ძირი და წყაროჲ ყოვლისა დიდებისაჲ. ამისთჳს არა ჴელით ქმნულთა ტაძართა სათნო-იყოფს, არცა შჯულიერისა მსახურებისაგან იდიდების. ხოლო ამისთჳს ზემო აბრაჰამისითგან იწყებს წინამძღუარი მოწამეთაჲ, რაჲთა ცხად-ყოს, ვითარმედ პირველ სჯულისა, სარწმუნოებითა ოდენ სათნო-ეყო ღმერთსა, და ვითარმედ არა იყო მაშინ ტაძარი და მსხვერპლები შჯულისაჲ, რაჟამს ეჩუენა ღმერთი აბრაჰამს. ამისთჳს, ოდესცა სთნდეს, არარათ ნივთთა მოქენე არს, არამედ თჳნიერ ტაძრისა და მსხუერპლთა, უსისხლოჲთა მსხუერპლითა ქებისა და აღსაარებისაჲთა განაგებს წყალობასა ჩუენსა. გარნა ესე საძიებელ არს, თუ რაჲსათჳს წიგნი დაბადებისაჲ ქარანს შინა იტყჳს ჩუენებასა აბრაჰამისასა ღმრთისა მიერ და მუნით ბრძანებასა გამოსლვისასა, ხოლო სტეფანე — პირველ ქარანს დამკჳდრებისა, მუნვე შუამდინარეს, ქუეყანასა ქალდეველთასა? ცხად არს უკუე, ვითარმედ სტეფანე განგებულებითგან იწყებს, რამეთუ ესე წინაჲსწარი იყო განგებულებაჲ, ერთ-გზის ცვალებაჲ მათი სამკჳდრებელისაგან პირველისა. ხოლო წიგნი დაბადებისაჲ მას ჟამსა ოდენ იტყჳს, ოდეს ითქუნეს აბრაჰამის მიმართ სიტყუანი ესე მწოდებელნი გამოსლვად მიერ. რამეთუ პირველიცა იგი განგებულებითა ღმრთისაჲთა გამოსლვაჲ აბრაჰამისი ქუეყანით ქალდეველთაჲთ, ვითარცა სტეფანე იტყჳს, მის მიერვე დუმილით ბრძანებულ იყო, რომელმან-იგი უკუანაჲსკნელ სიტყჳთ ჰრქუა, სიტყჳსაებრ დაბადებისა, გამოსლვაჲ ქუეყანით.
მაშინ გამოვიდა ქუეყანისაგან ქალდეველთაჲსა და დაეშენა ქარანს შინა (7,4).
თარგმანი: დაღაცათუ თარაჲსთჳს წერილ არს გამოსლვაჲ ქუეყანით ქალდეველთაჲთ და დამკჳდრებაჲ ქარანს შინა, არამედ ვინაჲთგან აბრაჰამს მიეღო ბრძანებაჲ მიერ გამოსლვისაჲ და თარა ვერ წინ აღუდგა მას, არამედ თანა წარმოჰყვა, ამისთჳს თარაჲსთჳს თქუმულსა წარმოსლვასა წიგნისასა სტეფანე აბრაჰამისდად იტყჳს, რამეთუ იგი იყო მიზეზ თარაჲს გამოყვანებისა.
და მიერ შემდგომად სიკუდილისა მამისა მისისა, დაამკჳდრა იგი ქუეყანასა ამას, რომელსა-ესე აწ თქუენ დამკჳდრებულ ხართ. და არა სცა მას სამკჳდრებელი მას შინა, არცა ფერჴის წარსადგმელ, და აღუთქუა მიცემად მას იგი სამკჳდრებელად, და ნათესავსა მისსა შემდგომად მისსა. და არა ესუა მას შვილი (7,4-5).
თარგმანი: რომელნი-იგი იქადოდეს შვილებასა აბრაჰამისსა, მათ უტყჳს, ვითარმედ უცხო არიან მსგავსებისაგან საქმეთა მისთაჲსა, გარნა ხოლო ნაყოფსა შრომათა მისთასა ჭამენ ქუეყანასა მას აღთქუმისასა, რომელსა ზედა მკჳდრ არიან; რამეთუ მან შრომით და ჭირით მწირობასა შინა აღასრულნა დღენი თჳსნი და არაოდეს ურჩ და ურწმუნო იქმნა ბრძანებათა და აღთქუმათა ღმრთისათა, არამედ გულსავსე იყო დაპყრობად ქუეყანისა მის, რომელსა შინა არცაღა ფერჴის წარსადგმელი ადგილი აქუნდა, და ნათესავისა მისისა განმრავლებად, რომელსა მოხუცებულობასა შინა არცაღა ერთი შვილი ესუა. ამისთჳს შვილებასა ამისსა დაიმკვდრებენ წარმართთაგანნი მორწმუნენი, რომელთა შეუორგულებელითა სასოებითა საუკუნთოჲსა ცხორებისაჲთა აღასრულონ ბრძანებაჲ ქრისტესი, და იჯმნან სოფლისაგან და საქმეთა მისთა, აღებითა ჯვარისაჲთა და შედგომითა მისდა, და მსგავსად აბრაჰამისსა მწირ და წარმავალ ყოფითა სოფელსა შინა, ვითარცა ლტოლვილთა თჳსისა მამულისაგან.
ეტყოდა მას ღმერთი ესრეთ, ვითარმედ: მწირ იყოს ნათესავი შენი ქუეყანასა უცხოსა და დაიმონებდენ მათ და ძჳრსა უყოფდენ ოთხას წელ. და ნათესავი იგი, რომელსა ჰმონებდენ, ვსაჯო მე, თქუა უფალმან. და ამისა შემდგომად გამოვიდენ და მმსახურებდენ მე ქუეყანასა ამას (7,6-7).
თარგმანი: არა წინა-აღუდგების ესე გამოსლვათა წიგნსა, რომელი-იგი შემდგომად ოთხას ოცდაათისა წლისა იტყჳს გამოსლვასა ძეთა ისრაელისათასა, რამეთუ ოთხას ოც და მეათესა გამოვიდეს. ხოლო სტეფანე ძჳრის ყოფისა საზღვრად იტყჳს მეოთხასესა წელიწადსა. ნუ-უკუე სხუანი-იგი ოცდაათნი პირველსა ჯერსა შთასლვასა მათსა თჳნიერ ძჳრის-ხილვისა დაყვნეს! და კუალად, არა იტყჳს, ვითარმედ: მეოთხასესა წელსა გამოვიდეს; არამედ — ამისა შემდგომადო, რომელი-ესე უსაზღვროდ თქუმითა ოც და ათთა მათცა წელთა ზედა-დაჰრთავს. რამეთუ სამეოც და ათხუთმეტით წლითგან აბრაჰამისით, ოდეს აღთქუმაჲ ესე ესმა, ვიდრე მეასედ წლადმდე აბრაჰამისა — წელიწადნი ოც და ხუთ, ისაკისნი — სამეოც იაკობისნი — ოთხმეოც და ათცხრამეტ, იოსებისნი — ას ორმეოც და ოთხ და იოსების სიკუდილითგან ვიდრე გამოსლვადმდე სრულ იქმნების რიცხჳ ოთხას ოც და ათისა წლისაჲ, რომელსა შინა ისრაელნი გამოვიდეს და მეგჳპტელნი ისაჯნეს.
და მოსცა მას შჯული წინა-დაცუეთისაჲ, და მან შვა ისაკი, და წინა-დასცჳთა მას მერვესა დღესა, და ისაკმან — იაკობსა და იაკობმან — ათორმეტსა მათ მამათმთავართა (7,8).
თარგმანი: ძუელთა მათ მისცა წინადაცუეთაჲ სახედ ახალთა ამათ ნათლისღებისა, ხოლო წინადაცუეთაჲ იგი ასოთა მათ შვილთ-მოქმედთაჲ ამას გუასწავებს, ვითარმედ პირველთა მათ მამათა ურჩებისა ბაძვაჲ მოკუეთილმცა არს ყოველთაგან საღმრთოდ მოქალაქეთა, რამეთუ თჳთ მას აბრაჰამს ამისთჳს ებრძანა წინადაცუეთად, რაჲთა მოიკუეთოს ბილწი იგი ქალდეველთა ჩუეულებაჲ ქორწინებისაჲ, რომელნი დედისა და დისა მიმართ ბილწებით შევლენ. აწ უკუე, ვითარ-იგი ისაკს რვა დღისასა წინა-დაეცჳთა, ეგრეთვე ჰურიანი მერვესა დღესა წინა-დაიცუეთენ და ვითარ-იგი ისმაელს ათცამეტისა წლისასა წინა-დაეცჳთა, ეგრეთვე არაბთათჳს იტყჳს იოსიპპოს, ვითარმედ მეათცამეტესა წელსა წინა-დაიცუეთენ; რამეთუ თითოეული თჳსსა მამასა ჰბაძავს, ჰურიანი — ისაკს, ხოლო არაბნი — ისმაელს, რაჲთა ამით საცნაურ იყვნენ შვილ მათდა.
და მამათმთავარნი იგი ეშურებოდეს იოსებს და განყიდეს იგი ეგჳპტეს და იყო ღმერთი მის თანა და განარინა იგი ყოველთაგან ჭირთა მისთა, და მოსცა მას მადლი და სიბრძნე წინაშე ფარაო მეფისა მეგჳპტელთაჲსა, და დაადგინა იგი მთავრად ეგჳპტესა ზედა და ყოველსა ზედა სახლსა მისსა (7,9-10).
თარგმანი: სახითა ამით იოსებისითა მოაჴსენებს ჰურიათა ბრალსა ღმრთისმკლველობისასა. რამეთუ ვითარ-იგი მათ გამოზრდად მათდა მისრული იოსებ უბრალოდ შურითა განყიდეს, ეგრეთვე უყვეს ჰურიათა ჭეშმარიტსა მას პურსა ცხორებისასა ქრისტესა ღმერთსა, გამოზრდად მათდა მოსრულსა ზეცით, რომელმან-იგი მოსცა ცხორებაჲ ყოველსა სოფელსა განკაცებითა თჳსითა ქალწულისაგან.
იყო სიყმილი ეგჳპტეს და ყოველსა ქუეყანასა ქანანისასა და ჭირი დიდი, და არა ჰპოებდეს საზრდელსა მამანი ჩუენნი. ხოლო ესმა იაკობს, ვითარმედ არს საზრდელი ეგჳპტეს, წარავლინნა მამანი ჩუენნი პირველად, და მეორესა ჯერსა გამოეცხადა იოსებ ძმათა თჳსთა და განეცხადა ფარაოს ნათესავი იოსებისი (7,11-13).
თარგმანი: რომელთაცა პური ცხორებისაჲ ქრისტე განიშორონ, მათ შეემთხუევის სიყმილი სიტყჳსა ღმრთისაჲ, ვიდრემდის კუალად მისსავე მიივლტოდიან, ვითარ-ესე მომყმარნი ძენი იაკობისნი მიივლტოდეს იოსებ მათ მიერ განსყიდულისა, რომლისა ნათესავისა განცხადებაჲ ამისთჳს სახარულევან უჩნდა ფარაოს, რამეთუ არა მონა და მონათა შვილ, არამედ აზნაურ აზნაურთაგან არს მის მიერ მეფე-ქმნილი იოსებ.
და მიავლინნა იოსებ და მოუწოდა მამასა თჳსსა იაკობს და ყოველსა ნათესავსა თჳსსა, სულსა სამეოც და ათხუთმეტსა. და შთავიდა იაკობ ეგჳპტედ და აღესრულა იგი და მამანი ჩუენნი. და მოიხუნეს იგინი სჳქემდ და დაისხნეს საფლავსა მას, რომელ მოიგო აბრაჰამ სასყიდლითა ვეცხლისაჲთა ძეთაგან ემორისთა სჳქემს (7,14-16).
თარგმანი: შეისწავე შემოკლებულად წარმოთქუმასა ამას შინა თხრობისასა, ვითარმედ არა ხოლო იოსებისნი, არამედ ზოგად ათორმეტთა მამათმთავართა ძუალები მოიღეს ქუეყანად პალესტინისა და დასხნეს იგინი სარრაჲს თანა და აბრაჰამისსა და ისაკისსა და იაკობისსა. ამას თანა იხილე, ვითარ ამასცა ამხილებს ჰურიათა, ვითარ აბრაჰამს საფლავიცა სყიდით აქუნდა, ხოლო მათ ვრცელი ქუეყანაჲ დაუმკჳდრებიეს ღმრთისა მიერ.
და ვითარცა მოეახლა ჟამი იგი აღთქუმისაჲ, რომლისათჳს ეფუცა ღმერთი აბრაჰამს, აღორძნდა ერი იგი და განმრავლდა ეგჳპტეს შინა; ვიდრემდის აღდგა სხუაჲ მეფე ეგჳპტესა ზედა, რომელმან არა იცოდა იოსები. ესე ჰმძლავრობდა ნათესავსა ჩუენსა და ბოროტსა უყოფდა მამათა ჩუენთა და გარე-განუთხევდა ყრმათა მათთა, რაჲთა არა ცხონდენ (7,17-19).
თარგმანი: იხილე სახიერებაჲ ღმრთისაჲ, რამეთუ არა ყოველთავე ოთხასისა წლისა ჟამთა, არამედ მახლობელად გამოყვანებისა ჟამსა ოდენ მიუშუა ძჳრის-ხილვად ერსა ისრაელისასა, ხოლო შენ ისწავე თუ ვითარ წერილ არს ფარაოჲსთჳს, რომელმან არა იცოდა იოსები, რამეთუ ესრეთ იტყჳს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ვითარმედ: ესე ჰბრძნობდა ნათესავსა ჩუენსა. ესე იგი არს ვერაგობით ზაკუვაჲ, რამეთუ გრძნეულთაცა მბრძნობელ უწოდიან, ვითარცა საცთურითა სიბრძნისაჲთა დამფარველთა ჭეშმარიტებისათა. ესევითარი იყო ღონის-ძიებაჲ ახლისა ფარაოჲსი (რამეთუ ყოველთა მეფეთა ეგჳპტისათა ფარაო უწოდდეს ნართაულად სახელისა მათისა): მოპოვნებაჲ თიჴისა და ალიზისაჲ, მოზღუდვაჲ ქალაქთაჲ და მდინარესა შთათხევაჲ ყრმათაჲ, ხოლო ცხოვნებაჲ ქალთაჲ, ვითარცა არარაჲს წინა-აღდგომისა ყოფად შემძლებელთაჲ.
რომელსა ჟამსა იშვა მოსე, და იყო იგი მკჳრცხლ წინაშე უფლისა. და იზარდებოდა სამ თუე სახლსა შინა მამისა თჳსისასა, და ვითარცა განაგდეს იგი გარე, აღიქუა იგი ასულმან ფარაოჲსმან, და განზარდა იგი თავისა თჳსისა შვილად. და განისწავლა მოსე ყოვლითა სიბრძნითა მეგჳპტელთაჲთა, და იყო იგი ძლიერ სიტყჳთა და საქმითა მისითა (7,20-22).
თარგმანი: ეჰა საკჳრველებაჲ ღმრთისაჲ! ჟამსა ოდენ ჭირისასა იშვა მჴსნელი იგი ჭირისაგან, რომელი მკჳრცხლ იყო წინაშე უფლისა, რამეთუ მკჳრცხლ ეწოდების უბიწოსა ანუ მოქალაქესა, ანუ სახარულევანსა, ანუ სათნოსა, ანუ მოცინარსა, ანუ შუენიერსა. ესევითარისა მის საწადელისა შვილისა სიცოცხლესა ღონე-ჰყოფდეს მმობელნი. ამისთჳს სამ თუე იპყრეს, და ამისსა შემდგომად იმძლავრნეს და განაგდეს, რამეთუ არა განცხადებულად კლვითა, არამედ ფარულად მდინარესა შთაგდებითა ღონე-ჰყოფდეს მეგჳპტელნი შემცირებად მათდა. გარნა მშობელთა მოსესთა წყალობითა ბუნებითთა ნაწლევთაჲთა ძლეულთა მოიჴსენეს ნოვესი კიდობნითა განრომაჲ წყლით-რღუნისაგან, შექმნეს კიდობანი და მას შინა შთასუმულისა მის მოსესთჳს ხადოდეს ღმერთსა ნოვესსა, რომელმან უბრძანა ასულსა ფარაოჲსსა შთასლვაჲ მდინარესა მას ბანად. და მან იხილა მუნ შთაგდებული იგი ყრმაჲ, და ესრეთ კიდობნითურთ აღმოიღეს იგი წყლისაგან, სახედ ზოგადისა ყოველთა საეკლესიოჲსა ცხორებისა, რამეთუ კიდობანი იგი ძელისაჲ იყო, ხოლო ძელი წყალთაგან აღმოიღეს, რომელ-ესე არს ჯუარისა მიერ და ნათლისღებისა ცხორებაჲ მორწმუნეთაჲ. ამისთჳსცა მიერ წყლით აღმოღებულსა მას მოსეს კაც ღმრთისა სახელ-ედვა, რამეთუ მშობელთა განაგდეს და მეგჳპტელთაგან არა-ვე აქუნდა შობაჲ. და დაღათუ დედაჲ ზრდიდა, არამედ სასყიდლით დადგინებული იყო უცხოჲსაჲ. ამისთჳს ყოველთავე კაცთაგან უცხო ქმნილსა მას სამართლად კაცად ღმრთისა სახელ-ედვა, და ესრეთ სახლსა შინა სამეუფოსა იზარდებოდა დამჴსნელი იგი მეფობისა მისისაჲ. და ორმეოც წელ განისწავლებოდა ყოვლითა სიბრძნითა მეგჳპტელთაჲთა, რაჲთა ძლიერ იყოს სიტყჳთ და საქმით წინა-აღდგომად მტერისა. ესრეთ უკუე უწყის განგებულებამან ღმრთისამან საეკლესიო საჴმარ ყოფაჲ სწავლულებისა მის გარეშეთაჲსაჲ, ვითარ-იგი იყო მოსესი და დანიელისი და სამთა ყრმათაჲ.
და ვითარცა აღესრულნეს ორმეოცნი წელნი ჟამთა მისთანი, მოუჴდა გულსა მისსა მიხედვად ძმათა მისთა ძეთა ისრაელისათა. და იხილა ვინმე დაწუნებული, ერეოდა, და ყო შურისგებაჲ დაწუნებულისა მისთჳს და მოკლა მეგჳპტელი იგი. ჰგონებდა, ვითარმედ გულისჴმა-ყონ ძმათა მისთა, რამეთუ ჴელითა მისითა მოსცეს მათ ღმერთმან ცხორებაჲ, ხოლო მათ არა გულისჴმა-ყვეს. (7,23-25).
თარგმანი: საჴმარ იყო, რაჲთა ორმეოც წელ მათ თანა დაყოვნებითა კეთილად ეუწყნენ მას სივერაგენი მეგჳპტელთანი, რაჲთა ღონიერ და მეცნიერ იქმნეს ბრძოლად მათდა. ამისსა შემდგომად იცნა ბუნებამან თჳსებაჲ მათი, რომელთა შეწევნისათჳს მოკლა მეგჳპტელი იგი, ვითარ ვიეთგანმე თქუმულ არს, არა ჴელის-მიყოფითა და ცემითა, არამედ სიტყჳთ ოდენ და ბრძანებით, ვითარცა თავმან მოციქულთამან უყო ანანიას, და დაღაცათუ ჴელითა მოკლა, ესეცა არა მკლველობა არს, არამედ ფინეზისებრ და ელიაჲსებრ სიმდიდრე შურისა საღმრთოჲსაჲ, რომელ აქუნდა მოსეს გამოჴსნად თჳსთა ნათესავთა მიმძლავრებულებისა, რომელთა-იგი არა გულისჴმა-ყვეს ჴელითა მისითა ქმნაჲ ცხორებისა მათისაჲ.
კუალად მეორესა დღესა იხილნა ვინმე მოლალენი, და დააგებდა მათ მშჳდობად და ჰრქუა: კაცნო, თქუენ ძმანი ხართ, რაჲსათჳს ავნებთ ურთიერთას! ხოლო რომელი-იგი ავნებდა მოყუასსა, აჭენა მას და ჰრქუა: ვინ დაგადგინა შენ მთავრად და მსაჯულად ჩუენ ზედა? ანუ ჩემიცა მოკლვაჲ გნებავს, ვითარ-იგი გუშინ მოჰკალ მეგჳპტელი იგი? და ივლტოდა მოსე სიტყჳთა ამით, და მწირობდა იგი ქუეყანასა მას მადიამისასა, სადა-იგი ესხნეს ორ ძე (7,26-29).
თარგმანი: რომელთა-იგი მოკლვითა მით მეგჳპტელისაჲთა და განრინებითა ისრაელისაჲთა უჴმდა ცნობად მოსესთჳს, ვითარმედ ესე არს მომსრველი მეგჳპტელთაჲ და მაცხოვნებელი ისრაელთაჲ, ესენი დაღაცათუ არა საქმით, არამედ სიტყჳთ შესმენითა მოჰკლვენ მოსეს, რამეთუ უკუეთუმცა არა ლტოლვილ იყო, მოიკლვოდა ფარაოჲსგან, ვინაჲთგან განცხადნა მკლველობაჲ მისი. ამის ყოვლისა მოსეს სახისა შემოღებითა ქრისტესთჳს მოაჴსენებს მათ სტეფანე, ვითარ-იგი ეტყოდეს ჰურიანი: რომლითა ჴელმწიფებითა მაგას იქმ, ანუ ვინ მოგცა შენ ჴელმწიფებაჲ ეგე? რამეთუ ამითვე სახითა, ვითარ-იგი მოსე მადიამს, ეგრეთვე ქრისტე გალილეას ივლტოდის ჰურიათაგან, რაჲთა ჟამ ერთ ადგილ-სცეს რისხვასა მათსა, ვითარ-იგი შურითა განიპებოდიან მკლველნი იგი მისნი. ხოლო მოსეს მწირობასა ამით განადიდებს, ვითარმედ: არა მცირედი ჟამი დაყო, არამედ ესხნეს მას მუნ ორ ძე, რომელი-ესე სასწაული არს მიმყოვრებულად განგრძობისა მისისაჲ სოფელსა მას უცხოთასა.
და ვითარცა აღსრულნეს ორმეოცნი წელნი, ეჩეუნა მას უდაბნოსა მთისა სინისასა ანგელოზი უფლისაჲ, ალითა ცეცხლისაჲთა მაყულოვანით. ხოლო მოსე იხილა რაჲ, დაუკჳრდა ხილვაჲ იგი, და ვითარ მივიდოდა განცდად, იყო მისა მიმართ ჴმაჲ უფლისაჲ: მე ვარ ღმერთი მამათა შენთაჲ, ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი (7,30-32).
თარგმანი: რაჲთა შენ ისწავო უდაბნოჲს მოყუარებაჲ, ამისთჳს ყოველი საღმრთოჲ ჩუენებაჲ წმიდათა უდაბნოს განშორებულთა და სიმაღლედ აღსრულთა გამოუჩნდების. ხოლო რომელსა-ესე აწ ანგელოზად უწოდს, ესე იგი არს ძე ღმრთისაჲ, ანგელოზი დიდისა მის ზრახვისაჲ, რომელ არს ქადაგი მამისა ღმრთეებისაჲ. "ცეცხლ" უკუე ამისთჳს, რამეთუ ღმერთი ჩუენი ცეცხლ შემწუველ არს, ხოლო "მაყულოვანით გამო" რაჲთა მოასწავოს, ვითარმედ ჩუენდა გარდამოვალს და ჴორცთა უძლურებასა, მაყულის სახესა, არა შესწუავს ცეცხლითა ღმრთეებისაჲთა, და უდაბნოსა შინა იხილვების, რომელ არს ეკლესიაჲ წარმართთაჲ. მითვე ჴმითა ესაიაჲსითა - "იხარებდ უდაბნოჲ წყურიელი, იშუებდ და ყუაოდე ვითარცა შროშანი" () ესრეთ უკუე ანგელოზ წოდებულმან პირველ საუკუნეთა ძემან ჴმა-უყო მოსეს, ვითარმედ იგი არს ღმერთი აბრაჰამ, ისაკ და იაკობისი.
შეძრწუნდა მოსე და ვერ ეძლო განცდად. ჰრქუა მას უფალმან: წარიჴადენ სანდალნი ფერჴთაგან შენთა, რამეთუ ადგილი ეგე, რომელსა ზედა სდგა, ქუეყანაჲ წმიდა არს. ხილვით ვიხილე ჭირი ერისა ჩემისაჲ, რომელ არს ეგჳპტეს, და სულ-თქუმანი მათნი მესმნეს, და გარდამოვჴედ განრინებად მათდა. და აწ მოვედ მიგავლინო შენ ეგჳპტედ (7,32-34).
თარგმანი: ყოველსავე მხილველსა საღმრთოთა ხილვათასა შეემთხუევის შეძრწუნებით გარე-მიქცევაჲ პირისაჲ, უკუეთუ არა წარიჴადნეს ყოველნი ზრუნვანი ჴორცთა ხრწნილებისა და მოკუდავებისანი, და ქუე დაუტევნეს ბილწნი გემოვნებანი სოფლისანი, რამეთუ სანდალი მკუდრისა ცხოვრის ტყავისაჲ არს. ხოლო ამას ყუედრებით ეტყჳს სტეფანე ჰურიათა, ვითარმედ მაშინ ჯერეთ არა იყო ტაძარი და მსხუერპლნი, ოდეს სახესა ეკლესიისასა — უდაბნოსა — ადგილ წმიდა ეწოდა, რამეთუ, სადაცა ღმერთი იყოს, ყოველივე წმიდა არს — შენი და უშენი, და თჳთ უმეტესღა ახალსა ამას შინა, სადა-ესე იქმნა გარდამოსლვაჲ სიტყჳსა ღმრთისაჲ ჴორცთა შესხმად ჴსნისათჳს ყოველთა მიმძლავრებულთა.
ესე მოსე, რომელი უარ-ყვეს და თქუეს, — ვინ დაგადგინა შენ მთავრად და მსაჯულად ჩუენ ზედა, — ესე ღმერთმან მთავრად და მჴსნელად მოუვლინა ჴელითა მის ანგელოზისაჲთა, რომელი ეჩუენა მაყულოვანსა მას შინა (7.35).
თარგმანი: ამას ქრისტეს სახედ შემოიღებს, ვითარმედ: ვითარ-იგი მაშინ უარყოფილი მოსე ღმრთივ დადგინებულ მთავარ და მჴსნელ ექმნა ისრაელთა, ეგრეთვე აწ ჯუარის-მცუმელთა მიერ თქუმული — "არა გჳვის ჩუენ მეუფე" () — ღმერთმან მამამან ღმერთი ძე მეუფედ და მჴსნელად ყოველთა მორწმუნეთა სოფლად მოავლინა, რამეთუ ესე თჳთ იგი არს, — პირველ საუკუნეთა ჴელი მარჯუენე და მკლავი მამისაჲ, ანგელოზი ქადაგი დიდისა მის ზრახვისაჲ, ღმერთი აბრაჰამისი და მისგანთაჲ, რომელი ეჩუენა მოსეს მაყულოვანით და ეგჳპტედ წარავლინა იგი.
ამან გამოიყვანნა იგინი და ქმნა ნიშები და სასწაულები ქუეყანასა მას ეგჳპტისასა და ზღუასა მას მეწამულსა და უდაბნოსა ზედა ორმეოც წელ. ესე არს მოსე, რომელმან-იგი ჰრქუა ძეთა ისრაელისათა, ვითარმედ: წინაჲსწარმეტყუელი აღგიდგინოს თქუენ უფალმან ღმერთმან თქუენმან ძმათაგან თქუენთა, ვითარცა-ესე მე, მისი ისმინეთ (7,36-37).
თარგმანი: შემდგომად მოსეს შესხმისა ჟამიერად შემოაქუს წამებაჲ მისი წიგნისაგან მეორისა შჯულისა, ვითარმედ: უეჭუელად ჯერ-არს აღსრულებად წინაჲსწარმეტყუელებასა შჯულის-მდებელისასა, რამეთუ აჰა წინაჲსწარმეტყუელი იგი, მსგავსი მისი თჳსთაგან დაწუნებულობითა, და ვითარ-იგი მადიამს ფარაოჲსგან, ეგრეთვე ესე ჰეროდესგან ეგჳპტეს სივლტოლითა, და ვითარ იგი ძუელისა, ეგრეთვე ესე — ახლისა შჯულის-მდებელრითა, რამეთუ ძუელ-სადმე — წინაჲსწარმეტყუელთა, ხოლო უკუანაჲსკნელ ძისა მიერ თჳსისა გუეტყოდა ჩუენ ღმერთი მამაჲ, რომელი დაადგინა უფალმან შჯულის-მდებელად ჩუენ წარმართთა ზედა.
ესე არს, რომელი იყო კრებულსა მას თანა უდაბნოსა ზედა, ანგელოზისა მის თანა, რომელი ეტყოდა მას მთასა სინასა და მამათა ჩუენთა, რომელმან შეიწყნარა სიტყუანი იგი ცხორებისანი მოცემად ჩუენდა, რომელთაჲ არა ინებეს დამორჩილებად მამათა მათ ჩუენთა, არამედ განიშორნეს და მიიქცეს გულითა მათითა ეგჳპტედ (7,38-39).
თარგმანი: მოსე იყო ისრაელთა კრებულსა თანა უდაბნოსა ზედა, თანა-მავალობითა მით დიდისა მის ზრახვისა ანგელოზისაჲთა, რომელი მიერ მთით სინით ეტყოდა მას მოცემად სიტყუათა შჯულისათა, რამეთუ იგი არს მომცემელი ძუელისა და ახლისა შჯულისაჲ და კუალად წინაჲსწარმეტყუელებათაჲცა, რომელთა "სიტყუად ცხორებისა" ამისთჳს უწოდს, რამეთუ სიტყუანი საქმით აღესრულებიან, რამეთუ აჰა გამოჩნდა წინაჲსწარმეტყუელი იგი მოსეს მოსწავებული, რომელი არა შეიწყნარა ნათესავმან ჰურიათამან. ხოლო შენ იხილე, ვითარ რომელთაცა საქმესა ჰბაძვიდეს კაცი, დაღაცათუ ჴორცითა შორს იყოს, გულითა და გონებითა მათდა მიქცეულ არს, ვითარ-ესე აწ ისრაელთათჳს იტყჳს, რაჟამს იწყეს უდაბნოსა ზედა ძრად ჩუეულებათა მეგჳპტურთა, ვითარმედ: მიიქცეს გულითა მათითა ეგჳპტედ. რამეთუ ყოველი ურჩი ღმრთისაჲ მორჩილ მეგჳპტელთა ქმნულ არს, რომელ არიან ეშმაკნი და ვნებანი.
ეტყოდეს აჰრონს: მიქმნენ ჩუენ ღმერთნი, რომელნი წინა-მიძღოდიან ჩუენ, რამეთუ მოსე ესე, რომელმან გამომიყვანნა ჩუენ ქუეყანით ეგჳპტით, არა ვიცით, თუ რაჲ შეემთხჳა მას. და ქმნეს ჴბოჲ მათ დღეთა შინა და შეწირეს მსხუერპლი კერპისა მის და იხარებდეს ქმნულსა ჴელთა მათთასა (7,40-41).
თარგმანი: ესოდენ ბრმა არს უკეთურებაჲ; რამეთუ ვითარ ეგების ქმნაჲ ღმრთისაჲ, ანუ ვითარ ღმერთ არს შექმნული იგი? გარნა იტყჳან აჰრონისთჳს, ვითარმედ: არა თუ გონებითა განდრკა ღმრთისაგან, არამედ ღონისძიებით დროებდა მოლოდებისათჳს მოსესსა. და რაჟამს უღონო იქმნა, საძნაური საქმე ითხოვა მათგან; ნუუკუე ვერ შეუძლონ მოღებად სამკაულსა ცოლთა მათთასა, გარნა ეშმაკმან მსწრაფლ შეკრებად სცა და აჰრონ ამას გულისჴმა-ჰყოფდა, ვითარმედ: ვინაჲთგან უსმ არიან, სამართალ არს, რაჲთა მოეძარცოს ნიში იგი მორჩილებისაჲ — საყური — ყურთა მათთა. და რაჟამს იქმნა ჴბოჲ იგი, მაშინცა კიცხევით ჰრქუა: ესე არიან ღმერთნი შენნი, რომელთა გამოგიყვანეს შენ ქუეყანით ეგჳპტით, რაჲთამცა ჴსენებად მოიყვანნა იგინი სასწაულსა მას ზღჳსა განპებისასა, არამედ ეგრეთცა განრისხნა-ვე ღმერთი აჰრონისთჳს, რამეთუ არა კადნიერებით წინა-განეწყო სიბორგილესა ერისასა, და არა შეუნდობდა მას, ვიდრემდის არა მოსე ევედრა მისთჳს.
მიაქცინა და მისცნა იგინი ღმერთმან მსახურებად ძალთა ცისათა (7,42).
თარგმანი: ყოველსავე ადგილსა წმიდათა წერილთასა, სადაცა მიქცევაჲ და მიცემაჲ გესმას, მიშუებად ღმრთისა გულისჴმა-ყავ, რამეთუ რაჟამს ბილწებისათჳს საქმეთა ჩუენთაჲსა განგუაშოროს ღმერთმან შეწევნაჲ მისი, მიერითგან მზა ვართ წარსატაცებელად ჴელისაგან ეშმაკთაჲსა, რომელთა განზრახვაჲ ესე არს, რაჲთა ნაცვალად დამბადებელისა დაბადებულთა ჰმონებდენ კაცნი. ხოლო აწინდელი ესე მსახურებაჲ ძალთა ცისათაჲ არა ანგელოზთათჳს თქუმულ არს, არამედ მნათობთათჳს ცისათა, რამეთუ ჴბოსა მას სახე აქუნდა მთიებისაჲ და ვიეთნიმე მთოვარესაცა უგებდეს, ვითარცა დედუფალსა ცისასა.
ვითარცა წერილ არს წიგნსა წინაჲსწარმეტუელთასა: საკლველებსა ნუ და მსხუერპლებსა შესწირევდით ჩემდა უდაბნოსა ზედა ორმეოც წელ, სახლო ისრაელისაო. და აღიღეთ კარავი იგი მოლოქისი და ვარსკულავი ღმრთისა თქუენისა რემფაჲსი კერპნი იგი, რომელ ჰქმნენით თაყუანის-საცემელად, და მიგჴადნე თქუენ მიერ კერძო ბაბილოვნსა (7,42-43).
თარგმანი: წინაჲსწარმეტყუელებისაგან ამოსისსა არს სიტყუაჲ ესე, რომლისა მარტივი ძალი ესრეთ თქუმულ არს, ვითარმცა ეტყოდა ღმერთი უკუანაჲსკნელ მზორველთა მათ სამარიაჲსათა, ვითარმედ: ნუ გგონიეს თუ ახალ რაჲმე არს აწინდელი ეგე კერპთმსახურებაჲ თქუენი, არამედ მუნვე უდაბნოსა ზედა რაჲ იყვენით ორმეოც წელ, სადა-იგი გიჴმდა უფროჲსი შიში ჩემი, არა ჩემდა ოდენ შესწირევდით საკლველებსა და მსხუერპლებსა, არამედ პირველ ჩემსა აღიღეთ კარავი მოლოქისი, და შემდგომი სიტყუათაჲ ამათ. ხოლო ძალი თხრობისაჲ საქმეთაჲ მათ ესე არს, რამეთუ რაჟამს გა(29რბ)მოადნვეს ჴბოჲ იგი უდაბნოს, არა ხოლო მას თაყუანის-სცემდეს, არამედ კაცად-კაცადმან ყოველივე სახე კერპთმსახურებისაჲ სრულ ყო, რაოდენსა ჩუეულ იყვნეს ეგჳპტეს. და ესე არს აღებაჲ მოლოქის კარვისაჲ, რამეთუ კარავთა შინა თჳსთა აღჰმართეს კერპი სახელით მოლოქ, მსგავსად მოაბელთა ჩუეულებისა, რამეთუ მათი კერპი იყო მოლოქ, რომელსა ზედა მოსხმულ იყო თუალები ქვათა პატიოსანთაჲ და უპატიოსნესი მათი იყო წუერსა შუბლისა მისისასა, რომელსა სახე აქუნდა მთიებისაჲ. გამოითარგმანების უკუე სახელი მოლოქისი მეფედ მათდა, ხოლო რემფაჲსი — სიბნელედ, და თარგმანებისაებრ ამათ სახელთაჲსა ზრახავს ღმერთი, ვითარმედ: დაღაცათუ ვარსკულავის სახე აქუს და მთიებ ჰგონებთ მეფედ თქუენდა წოდებულსა მაგას მოლოქს, არამედ გეყოს თქუენ ეგე რემფა, რომელ არს სიბნელე. და ნაცვალად განათლებისა, დამაბნელებელ სულთა თქუენთა, ხოლო ჴორცნი თქუენნი ისაჯნენ, რაჟამს მიგჴადნე მიერ კერძო ბაბილოვნს. საძიებელ არს უკუე თუ ვითარ, რომელი საწინაჲსწარმეტყუელოსა შინა "მიერ კერძო დამასკისა" წერილ არს, მას სტეფანე "მიერ კერძო ბაბილოვნისა" იტყჳს. ცხად არს, ვითარმედ სამეოცდაათთა ბაბილოვნისა წილ დამასკოჲ თარგმნეს, რამეთუ საზღვარი არს ასურეთისა და ბაბილოვნისა სამთავროჲსაჲ. ხოლო სტეფანე ბაბილოვნი თქუა მსგავსად ებრაულთა წიგნთა ჩუეულებისა, ვითარცა კეთილად მეცნიერმან წიგნთა მათთამან.
კარავი იგი საწამებელი იყო მამათა ჩუენთა თანა უდაბნოსა ზედა, ვითარცა-იგი უბრძანა, რომელი ეტყოდა მოსეს საქმედ მისა, მსგავსად ხატისა მის, რომელი-იგი ეხილვა მას, რომელცა-იგი შემოიღეს მამათა ჩუენთა შემდგომითი-შემდგომად ისოჲს თანა, დამკჳდრებასა მას წარმართთასა, რომელნი-იგი მოსრნა ღმერთმან პირისაგან მამათა ჩუენთაჲსა ვიდრე დღეთამდე დავითისთა, რომელმან პოვა მადლი წინაშე ღმრთისა, და ითხოვა პოვნად საყოფელი ღმრთისა იაკობისი (7,44-46).
თარგმანი: კარავ საწამებელ ეწოდა კარავსა მას მოსეს ხილულსა და ბესელიელის ქმნულსა, რამეთუ მას შინა ჰრქუა ღმერთმან მოსეს: უწამე ერსა მაგას, რაჲ-ღა სხუაჲ? თჳნიერ, ვითარმედ: უკუეთუ გარდაჰჴდეთ მცნებათა შჯულისათა, უბრალომცა ვარ მე სისხლისაგან სულთა თქუენთა წარწყმედისა. ხოლო ესე ცხად არს, ვითარმედ ზოგად ყოვლისა აგებულებისა სახე მოაქუნდა კარავსა მას ზეცათა და ქუეყანისაჲ. სულისა და ჴორცთაჲ, ხილულთა და უხილავთაჲ. გარნა აწ ამისთჳს მოიჴსენებს სტეფანე კარავსა მას საწამებელსა, ვითარმცა ეტყოდა ჰურიათა, ვითარმედ: რაჲსა მაყუედრებთ. უკუეთუ ვთქუ დაცადებაჲ შჯულისა მსხუერპლთაჲ! აჰა უდაბნოსა ზედა არა იყო ტაძარი, არამედ კარავსა შინა ჰყოფდა ღმერთი ჩუენებათა და მიერ უწამებდა ერსა, რაჲ-იგი ჯერ-იყო ქმნად გინა არა-ქმნად, და მიერ მოსესითგან დავითისამდე იგივე კარავი მიმოიღებოდა, ვიდრემდის დავით ითხოა ოდენ, და წინაგანმზადა ნივთი საშენებელი ტაძრისაჲ, არამედ დაყენებულ იქმნა შენებად წინაჲსწარმეტყუელისა მიერ.
ხოლო სოლომონცა უშენა მას სახლი, არამედ არა თუ მაღალი იგი ჴელით ქმნულთა ტაძართა შინა დამკჳდრებულ არს, ვითარცა წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს: ცანი — საყდარნი ჩემნი, და ქუეყანაჲ —კუარცხლბერკი ფერჴთა ჩემთაჲ. ვითარი სახლი მიშენოთ მე, თქუა ღმერთმან, ანუ რაჲ-მე ადგილი იყოს განსასუენებელისა ჩემისაჲ? ანუ არა ჴელმან ჩემმან შექმნაა ესე ყოველი? (7,47-50).
თარგმანი: ვინაჲთგან ჰურიანი ზრქელად გულისჴმა-ჰყოფენ ღმრთისათჳს, ამისთჳს სტეფანე ესაიაჲს მიერ ამხილებს, ვითარმედ: ნუ გგონიეს მისი გარე-შემოწერაჲ კნინსა ამას შინა ტაძარსა სოლომონისასა, რომელი-იგი ცათა და ქუეყანასა აღავსებს, და არცა ერთისა რაჲსაგანმე გარე-შეიწერების შემოქმედი იგი და დამბადებელი ყოველთა ხილულთა და უხილავთაჲ.
ქედ-ფიცხელნო და წინა-დაუცუეთელნო გულითა და სასმენელითა (7,51).
თარგმანი: ვინაჲთგან სიმშჳდით ზრახვითა განუცხადა მათ ყოველივე, აწ, ვითარცა სიკუდიდ განმზადებული, კადნიერად ამხილებს მათ სიტყჳთა წინაჲსწარმეტყუელისა იერემიაჲსითა, ვითარ-იგი გარდამავალ იყვნეს ბრძანებათა უფლისათა, რომელ ჰრქუა მის მიერ, ვითარმედ: წინა-დაიცჳთეთ წინა-დაუცუეთელობაჲ გულთა თქუენთაჲ. ამის მიერ ცხად არს, ვითარმედ არს სულიერი წინა-დაცუეთაჲ — მოკუეთაჲ ნამეტნავსა გულფიცხელობისა და ქედფიცხელობისასა, რაჲთა მოეძარცოს ყურთა საბურველი ღმრთისა მცნებათა ურჩებისაჲ, რომელი-ესე უსაჴმარეს არს.
თქუენ მარადის სულსა წმიდასა ანტაკრად წინა-აღუდგებით, ვითარცა მამანი თქუენნი, ეგრეცა თქუენ. რომელნი-მე წინაჲსწარმეტყუელთაგანნი არა დევნნეს მამათა მათ თქუენთა? და მოსწყჳდნეს, რომელნი წინაჲსწარ უთხრობდეს მოსლვასა მას მართლისასა, რომელსა-იგი თქუენ აწ შინა-განმცემელ და მკლველ იქმნენით (7,51-52).
თარგმანი: ამას უქადაგებს, ვითარმედ: სულისა წმიდისა წინააღმდგომი მამისა და ძისა წინა-აღმდგომ არს. და ვინაჲთგან მამათა მათთა შვილებისათჳს მოქადულ იყვნეს ჰურიანი, ამისთჳს მამათა მათთა წინაჲსწარმეტყუელთა მდევნელ და მკლველ, ხოლო ამათ უბრალოდ განმცემელ და მკლველ უწოდს მართლისა მის უფლისა და ყოველთა განმამართლებელისა მეუფისა და მაცხოვრისა ჩუენისა.
რომელთა მიიღეთ შჯული ბრძანებისაებრ ანგელოზთაჲსა და არა დაიმარხეთ (7,53).
თარგმანი: ორ-სახე არს სიტყუაჲ ესე —"ბრძანებისაებრ ანგელოზთაჲსა". პირველად, რამეთუ ანგელოზნი შუამდგომელ და მსახურ იქმნეს ღმრთისა მიერ მოსეს მიმართ მოცემასა შჯულისასა; და მეორედ, რამეთუ ანგელოზებრი ცხორებაჲ უჴმს ქონებად ქუეყანასა ზედა მათ, რომელთა ეგულებოდის დაცვაჲ შჯულთა და ბრძანებათა ღმრთისათაჲ.
ხოლო მათ ვითარცა ესმოდა ესე, განიხერხებოდეს გულითა მათითა და იღრჭენდეს მის ზედა კბილთა მათთა. ხოლო იგი სავსე იყო სულითა წმიდითა, აღხედნა ცად და იხილა დიდებაჲ ღმრთისაჲ და იესუ, მდგომარე მარჯუენით ღმრთისა და თქუა: აჰა ესერა ვხედავ ცათა განხუმულთა და ძესა კაცისასა მარჯუენით ღმრთისა მდგომარესა, ხოლო მათ ჴმითა მაღლითა ღაღად-ყვეს და ჴელნი ყურთა შეისხნეს და მიჰმართეს ერთბამად მის ზედა და განიყვანეს გარეშე ქალაქსა და ქვასა დაჰკრებდეს (7,54-58).
თარგმანი: წინაჲთვე განიგუმირნეს მხილებათაგან მისთა და გულს-ედვა მოკლვაჲ მისი, არამედ დიდებისათჳს კაცთაჲსა, რაჲთა არავინ განგმნეს, ვითარმედ მრისხანებით მოკლეს მხილებისათჳს მათისა, ამისთჳს ეძიებდეს მიზეზსა და რაჟამს თქუა სტეფანე, რაჲ-იგი იხილა, მყის ვითარცა მგმობარსა ზედა მიეტევნეს, და დაყოფითა ყურთაჲთა აჩუენეს, ვითარმცა ბოროტი რაჲმე ეთქუა მას ღმრთისათჳს, და იწყეს ქვისა დაკრებად მისსა. ხოლო შენ ხილვაჲ ესე სტეფანესი დგომად ძისა სახისმეტყუელებით გულისჴმა-ყავ, რამეთუ შემწედ სტეფანესსა დგა, რაჲთა განამჴნოს იგი ღუაწლსა მას წამებისასა, ვინაჲთგან წინაჲწარმეტყუელიცა ეტყჳს: აღდეგ ღმერთო. შემეწიენ ჩუენ, რამეთუ აღდგომად უწოდთ შეწევნასა და ჯდომად —მიმყოვრებასა შეწევნისასა. და კუალად, დგომაჲ რაჲ გესმოდის (ოდესმე მამისაჲ მარჯულ ძისა, ვითარმედ: წინაშე ჩემსა არს და მარჯულ ჩემსა, და კუალად ძისაჲ — მარჯულ მამისა) გულისჴმა-ყავ, ვითარმედ სახისმეტყუელებით ითქუმის ესე, რამეთუ გარე-შეუწერელთა მათ მარცხენე და მარჯუენე არა არს, არცა რომელი ადგილი დაიტევს მათ ჯდომად, არამედ ჯდომაჲ და დგომაჲ ითქუმის სამარადისოდ მყოფობისათჳს მათისა და სიმტკიცისა; ხოლო მარჯუენეობაჲ, რამეთუ საღმრთოსა მას შინა ბუნებასა არარაჲ არს მარცხენე და ბოროტ, არამედ ყოველივე მარჯუენე და კეთილ. ამას თანა, ვინაჲთგან სიკუდილისათჳს იესუჲსსა ეთქუა, აწინდელი ესე დგომაჲ თქუა აღდგომისათჳს და ზეცად ამაღლებისა მისისა, რაჲთა სრულ-იყოს ქადაგებაჲ მისი; ამას თანა, უძლურებისათჳს მსმენელთაჲსა, რამეთუ ვერ დაიტევდეს თანა-სწორებასა ძისასა მამისა თანა, ამისთჳს მდაბალთა სიტყუათა თანა შეჰრთავს მაღალთა და ძედ კაცისა უწოდს ბუნებისათჳს ჴორცთაჲსა, რომელნი-იგი ჩუენგან მიიხუნა, რამეთუ ღონე-ჰყოფდა, რაჲთა მიუძღუეს მათ სარწმუნოებად, ხოლო მათ შურისაგან აღბორგებულთა ღაღადებით განიყვანეს იგი გარეშე ქალაქსა, რაჲთა, მსგავსად ქრისტესსა, სტეფანეცა გარეშე ბჭეთა ივნოს, და ლოდებითა ქვათა მიერ ცემისაჲთა უშენებდეს მას გოდოლსა ცად აღმყვანებელსა.
და მკლველნი იგი დასდებდეს სამოსელსა მათსა ფერჴთა თანა ჭაბუკისა ვისთამე, რომელსა სახელი ერქუა სავლე, და ქვასა დაჰკრებდეს სტეფანეს (7.58-59).
თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: და მოწამენი იგი დასდებდეს სამოსელსა. ესე იგი არს, ვითარმედ: ცრუ მოწამენი იგი, შემასმენელნი სტეფანესნი, უმეტეს მოსწრაფე იყვნეს ქოლვად მისსა, რაჲთა დაიფაროს ტყუვილი იგი შესმენისა მათისაჲ. ხოლო სავლე დაღაცათუ არა თჳსთა ჴელთა (ვე) მიერ, არამედ ჴელებითა ეგოდენ მრავალთაჲთა ჰქოლვიდა სტეფანეს, რაოდენთასა ჰმარხვიდა სამოსლებსა.
ხოლო იგი ილოცვიდა და იტყოდა: უფალო იესუ ქრისტე, შეივედრე სული ჩემი. დაიდგინა მუჴლნი და ჴმითა დიდითა თქუა: უფალო, ნუ შეურაცხ ამათ ცოდვასა ამას. და ესე ვითარცა თქუა, დაიძინა. ხოლო სავლე იყო თანა-ჯერმჩინებელ მოკლვასა მისსა (7,59-60; 8,1).
თარგმანი: ვითარცა უპირატესმან მოწამეთამან ლოცვათა მიერ თჳსთა პირველად ესე ცხად ყო, ვითარმედ არღარა მსგავსად ძუელისა მის ჯოჯოხეთად წარვლენ სულნი წმიდათა და მართალთანი, არამედ ჴელთა ღმრთისათა მივლენ, რამეთუ წინაგზა-უყო სულთა მართალთასა მან, რომელმან თქუა: "მამაო, ჴელთა შენთა შევჰვედრებ სულსა ჩემსა" () და მეორედ, სამეუფოჲ მცნებაჲ აღასრულა, და, ვითარცა მოწაფე კუალთა მოძღურისათა შეუდგა, რაითა, ვითარიგი ჯუარის-მცუმელთათჳს, ეგრეთვე ესე მქოლველთათჳს მუჴლთ-დადგმით და არა გარეწარად ევედრებოდის, რამეთუ არა უტევა მას სიკუდიდ მადლმან საღმრთომან, ვიდრემდის სამ-გზის სანატრელსა ამას ჴმასა ჴმა-ჰყოფდა: "უფალო, ნუ შეურაცხ ამათ ცოდვასა ამას" და ესრეთ დაიძინა ძილი იგი მართალთაჲ. ხოლო შენ იხილე თუ ვითარ ისმინა მისი ღმერთმან, და სრულებით შეუნდო, რომელნი ოდენ მოიქცეს სინანულად მკლველთა ამათგან სტეფანესთა; ვიდრეღა არა ხოლო სხუასა ვისმე, არამედ თჳთ ამასცა სავლეს ზედა, ორ-გზის შესმენილსა — მცველად მკლველთა სამოსლებისა და თანა-ჯერმჩინებელად სტეფანეს მოკლვისა —ზეშთა გარდაჰმატა წყალობაჲ უფროჲს მიტევებისა, რამეთუ მოძღუარ ყო იგი ეკლესიისა, პირველ მის მიერ ფრიად დევნულისა.