მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი ი̂გ. პავლეს დაბრმობისა და კუალად ნათლისღების მიერ განათლებისათჳს.

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

ხოლო სავლე უფროჲს განრისხნებოდა და სავსე იყო გულისწყრომითა და კლვითა მოწაფეთა მათ ზედა უფლისათა. მოუჴდა მღდელთმოძღუარსა მას და ითხოვა მისგან წიგნები დამასკოდ სხუათა მიმართ კრებულთა, რაჲთა მივიდეს და თუ ვინმე პოვნეს ამის მოძღურებისა გზასა, მამები ანუ დედები, კრულნი მოიყვანნეს იერუსალემდ (9,1-2).

თარგმანი: ყოვლად მსგავს იყო სავლე ფიცარსა გარე-მორტყმულსა ქსელითა დედა-ზარდლისაჲთა, რომელი პოვა მეუფემან და განჰყარა ყოველი უშუერებაჲ აჩრდილთაჲ და ბრწყინვალედ გამოსახა მას ზედა ხატი საუფლოჲ, ფერ-შუენიერი წამალთა მიერ საღმრთოჲსა სულისათა, უწოდა მას პავლე და დადვა იგი თეატრონსა შინა ამის სოფლისასა, სახილველ ყოფად ანგელოზთა და კაცთა, რაჲთა იყოს ძუელი მაგალით მხედველთა, ღირსად კმა-ყოფილ მისაბაძვებელად, რაოდენიცა ვის უნდეს განბრწყინვებაჲ თავისა თჳსისაჲ, რამეთუ მის შორის დაუკლებელად იპოების ყოველი სახე უნაკლულოთა სათნოებათა ხატისაჲ. ესე იხილედ და ჰრცხუენოდენ მათ, რომელნი ბედსა და ვარსკულავთა მიაჩემებენ საქმეთა კაცობრივისა თჳთმფლობელობისათა, რამეთუ აჰა მდევარი ქადაგ დევნულისა იქმნების და კეთილითა შეცვალებითა შეიცვალების. ესე იხილედ ყოველთა შეცოდებულთა და ნუვინ წარიკუეთნ სასოებასა მოქცევისა და საღმრთოდ წარმართებისასა, რამეთუ ყოველივე ჩუენსა ნებასა შეუდგს. ვითარითაცა გუენებოს შეცვალებითა შეცვალებაჲ — კეთილისა გინა ბოროტისა მიმართ. ხოლო ესეცა ცხად არს, ვითარმედ არა სწორ იყო შური სავლესი და სხუათა ჰურიათაჲ, რამეთუ იგინი დიდებისათჳს კაცობრივისა, ხოლო ესე საღმრთოდ მოშურნე იყო, რაჲთა არა დაიჴსნნენ შჯულნი მამულნი. ამისთჳს შჯულიერად არა მთავართა, არამედ მღდელთმოძღუარსა მოუჴდა და წიგნებითა მისითა უპირატეს უკუე დამასკელ მირბიოდა, რამეთუ მოშიშ იყო, ნუ-უკუე სამეუფოჲ იგი ქალაქი დაიპყრას ქადაგებამან ქრისტესმან, რომლისათჳსცა განჩინებაჲ აქუნდა, რაჲთა, რომელნი პოვნეს მორწმუნენი, უმეტესისა ტანჯვისათჳს კრულნი წარიყვანნეს იერუსალემდ. და ესე ყოველი ზეგარდამო განეგო, რამეთუ არა პირველ ჯუარ-ცუმისა იწოდა სავლე, და შემდგომად მკუდრეთით აღდგომისა ერთ წელ დაიყოვნავე მდევარობასა შინა, რაჲთა ყოველთა შორის განითქუას საქმე იგი მდევრობისა მისისაჲ, და ამით გამოჩნდეს უეჭუელობაჲ, ქრისტეს მუკუდრეთით აღდგომისაჲ, ვითარმედ, არათუმცა უეჭუელ იყო აღდგომაჲ მისი, არამცა დაერწმუნა ესოდენ განთქუმულსა მას მდევარსა ღმრთად ქადაგებაჲ მის მიერ დევნულისაჲ, რომლისა მოძღურებისა გზასა მსრბოლთა იგი აბრკოლებდა და შეჰკრვიდა, რაჲთა არავინ მამათა და დედათაგანი შეუდგეს მას, რომელ-იგი არს გზაჲ და ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ.

და მი-ოდენ რაჲ-ვიდოდა იგი და მიეახლა დამასკესა, მეყსეულად იყო გარემო მისა ბრწყინვალება ზეცით გარდამო. და იგი დაეცა ქუეყანასა ზედა (9,3-4).

თარგმანი: ამისთჳს არა იერუსალემს, არცა დამასკოს, არამედ გზასა ზედა ეჩუენა ბრწყინვალებაჲ იგი, რაჲთა არა სხუამან სხუებრ თქუმითა საეჭუელ ყონ სასწაული იგი, არამედ თჳთ კმა იყოს მთხრობელად და უტყუელად მომთხრობელად აღრიპპაჲსსა, რაჲ-იგი მას გზასა ზედა შეემთხჳა.

და ესმა ჴმაჲ, რომელმან ჰრქუა მას: საულ, საულ, რაჲსა მდევნი მე? ფიცხელ არს შენდა წიხნაჲ დეზისაჲ. მან მიუგო და ჰრქუა: შენ ვინ ხარ, უფალო? ჰრქუა მას: მე ვარ იესუ, რომელსა შენ მდევნი. არამედ აღდეგ და შევედ ქალაქად, და მუნ გეთხრას შენ, რაჲ-იგი ღირდეს შენდა საქმედ (9.4-6).

თარგმანი: იხილე, ვითარ მოციქულთა და მოწაფეთა იგი დევნაჲ თჳსად შეურაცხიეს მას, რომელმან თქუა: რომელმან თქვენ შეურაცხ-გყვნეს, მან მე შეურაცხ-მყო. ამისთჳს ეტყჳს სავლეს: რაჲსა მდევნი? ხოლო იგი აღიარებს, ვითარმედ უმეცრებით სდევნის. ამისთჳს ჰკითხავს: შენ ვინ ხარ? და უფალ წოდებითა მონებასა თჳსსა აღიარებს. ხოლო უფალი არა ეტყჳს, ვითარმედ: "მე ვარ ძე ღმრთისაჲ"; რაჲთა არა თქუას მან, ვითარმედ: "მე ძესა ღმრთისასა არა ვსდევნი", არამედ — "მე ვარ იესუ", ესე იგი არს, ვითარმედ: "რომელსა-ეგე შენ იესუ ნაზარეველობით, ვითარცა ლიტონსა კაცსა მდევნი, მე ვარ უფალი შენი; არა სხუაჲ და სხუაჲ, არამედ ერთი და იგივე ღმერთი სრული და კაცი სრული, ერთი გუამი ორითა ბუნებითა სრულითა". ესე ჰრქუა, და ნეშტი სიტყჳსა თჳსისა შემდგომად ქალაქად შესლვისაღა აღუთქუა თხრობად, რაჲთა მიმყოვრებითა ჟამისაჲთა უმეტეს მოქენე იქმნეს კურნებისა და არა მყის განკურნებითა საოცარ ჰგონოს ხილვაჲ იგი და დაბრმობაჲ თუალთა თჳსთაჲ.

და კაცნი იგი, რომელნი იყვნეს მის თანა, დგეს დაკჳრვებულნი; სმენით ესმოდა ჴმაჲ იგი, ხოლო ხედვიდეს ვერარას (9,7).

თარგმანი: არა წინა-აღუდგების პავლეს მიერ იერუსალემს თხრობილი იგი, ვითარმედ: "ჩემ თანა მყოფნი ნათელსა მას ხედვიდეს, ხოლო ჴმაჲ იგი არა ესმოდა" — აწინდელსა ამას სიტყუასა, ვითარმედ: "ჴმაჲ იგი ესმოდა, ხოლო ხედვიდეს ვერარას", რამეთუ პავლეს ჴმაჲ ესმოდა — "შენ ვინ ხარ, უფალო", ვითარ-ესე აწ იტყჳს, ვითარმედ "ჴმაჲ ესმოდა", ხოლო მეტყუელსა მას პავლეს მიმართ იესუს პავლე მხოლოჲ ხედვიდა, ხოლო იგინი ვერ ხედვიდეს. და კუალად, სიტყჳსაებრ პავლესსა ერისა მიმართ — ნათელსა მას ხედვიდეს, ხოლო ზეგარდამოჲ იგი ჴმაჲ პავლეს ხოლო ესმოდა და მეტყუელსა მას ხედვიდა, ხოლო მის-თანათა მათ პავლეს ხოლო ჴმაჲ ესმოდა და ნათელსა მას ხედვიდეს, ხოლო იესუს არა ხედვიდეს, არცაღა ჴმაჲ მისი ესმოდა. და ესე არს შეტყუებაჲ თქუმულთა ამათ ერთ-ჴმობისაჲ.

აღდგა სავლე ქუეყანით, თუალნი ეხილვნეს და ხედვიდა ვერარას. უპყრეს ჴელი მის-თანათა მათ და შეიყვანეს დამასკოდ (9,8).

თარგმანი: ცხად არს, ვითარმედ საზომი უჩნს თუალთა ხედვისაჲ, და ვითარ-იგი ზომიერითა ნათლითა — ხედვაჲ, ეგრეთვე უზომოჲთა და გარდმატებულითა — დაბრმობაჲ შეემთხუევის, ვითარ-იგი ყურთაცა ზეშთა ზომისა მაღალი ჴმაჲ დააყრუვებს, ამისთჳს პავლე დააბნელა პირველ განწმედისა თუალთაჲსა მიხედვამან საღმრთოჲსა ნათლისამან. ხოლო მის-თანანი იგი ამისთჳს არა დაბრმეს, რაჲთა არა ზოგადად შემთხუევად ვნებისა საგონებელ იქმნეს პავლეს ზედა ქმნილი იგი სასწაული და ამისთჳს არა მათცა ჰრწმენა, რაჲთა ურწმუნოებასა შინა მყოფთა მიერი წამებაჲ უსარწმუნოეს იყოს საკჳრველებისა მისთჳს, ვითარმედ არა თნებით, არამედ ჭეშმარიტებით იტყჳან ხილულსა მას.

და წარჴდეს სამნი დღენი და არარას ხედვიდა და არცა ჭამა, არცა სუა (9.9).

თარგმანი: დაბრმობაჲ იგი უნებლიეთ შეემთხჳა, ხოლო მარხვაჲ იგი ნებსით ყო, რამეთუ ეცნა ბრალი უმშჯავროდ დევნისაჲ და ვედრებით ითხოვდა წყალობასა მის მიერ დევნულისა მისგან, რომელი-იგი არა ანგელოზისა მიერ, არამედ თავით თჳსით ეჩუენა მდევარსა მას, ვითარცა ფიცხელსა და ძნიად მოსადრეკელსა.

ხოლო იყო ვინმე მოწაფე დამასკეს შინა, სახელით ანანია, და ჰრქუა მას უფალმან ჩუენებით: ანანია! და მან თქუა: აქა ვარ, უფალო! ჰრქუა მას უფალმან: აღდეგ შენ ადრე და მივედ უბანსა მას, რომელსა ჰრქჳან მართალი, და მოიძიე ტაძართა მათ იუდაჲსთა სავლე სახელით, ტარსელი, რამეთუ აჰა ეგერა ილოცავს მუნ. და იხილა მან ჩუენებით კაცი სახელით ანანია, რომელი შევიდა და დაასხნა მას ზედა ჴელნი, რაჲთა აღიხილნეს (9,10-12).

თარგმანი: ამისთჳს სამეოცდაათთა მოწაფეთაგანსა ანანიას და არა ათორმეტთაგანსა ვისმე უბრძანა ღმერთმან, რამეთუ არა ჴორცთა და სისხლთაგან ენება სწავლაჲ პავლესი, არამედ მხოლოდ ნათლის-ცემისა ოდენ მოქენე ჰყოფდა ანანიაჲსგან და ამისსა შემდგომად თჳთ ქრისტე უხილავად მის შორის დამკჳდრებითა ღმრთივსწავლულ ჰყოფდა მას. ხოლო შეუსწავებელობაჲ ანანიაჲსი ცხად არს სიტყუათა მათგან მოშიშებისა მიერ აღსავსეთა.

მიუგო ანანია და ჰრქუა: უფალო, მასმიეს მრავალთაგან მის კაცისათჳს, რაოდენი ძჳრი შეაჩუენა წმიდათა შენთა იერუსალემს შინა, და აქაცა მოუღებიეს ჴელმწიფებაჲ მღდელთმოძღუართაგან შეკრვად ყოველთა, რომელნი ხადიან სახელსა შენსა. (9,13-14).

თარგმანი: ამიერ ცხად არს, ვითარმედ ჯერეთ ჩჩჳლ იყო ანანია მადლთა ჰასაკისაგან, რამეთუ ფილიპე ანგელოზისაჲ ირწმუნა წარსლვად გზასა, ხოლო ამას თჳთ უფლისაცა ჩუენებაჲ ძილსა შინა ვერ კმა-ეყო შეუორგულებელად ქმნად ბრძანებისა, რომელმან-იგი უმეტესისა გულსავსებისთჳს პავლეს მლოცველობაჲ და ჩუენებით ხილვაჲცა მის მიერ განკურნებისაჲ აუწყა. გარნა ანანია ესოდენ ძრწოდა და იმალვოდა, რომელ წინაჲთვე გამოეკითხა, რაჲ-იგი ქმნა სავლე იერუსალემს, და ვითარ განჩინებაჲ მიეღო მუნცა შეკრვისაჲ და ტანჯვად წარყვანებისა მორწმუნეთაჲსა იერუსალემს.

ჰრქუა მას უფალმან: მივედ შენ, რამეთუ მე ჭური რჩეული მიპოვნიეს იგი, რაჲთა ზე-აქუნდეს სახელი ჩემი წინაშე ყოველთა წარმართთა და მეფეთა და მთავართა ძეთა ისრაელისათა. და მე უჩუენო მას, რაოდენი ღირდეს მისსა ვნებად სახელისათჳს ჩემისა. (9.15-16).

თარგმანი: ვინაჲთგან პავლე ბრმა იყო, ამისთჳს ძილსა შინა ეჩუენა მისლვაჲ ანანიაჲსი, რომლისა შიშსა აწ უფალი განუქარვებს, და საშოჲთგან განწმედილობასა პავლესსა ჭურ რჩეულ უწოდს, და ვითარმედ უმეცრებით მდევარი აწ ესოდენ მეცნიერებით შეეწევის დევნულთა, რომელ, რაოდენ პირველ — ქრისტეს მოწაფეთა, ეგოდენ აწ — მეფეთა და მთავართა და ძეთა ისრაელისათა საზარელ ყოფად არს, და კადნიერებითა ქადაგებისაჲთა ზე-მქონებელ და არა ჴჳმირსა ქუეშე მფარველ არს ლამპარსა მას ქრისტეს სახელისასა, რაჲთა იყოს ნათელ გზათა მისთა და მასწავლელ მობაძავ-ყოფად ვნებათა მისთა, და მის თანა ჯუარ-ცუმად სოფლისაგან.

აღდგა ანანია და წარვიდა და შევიდა ტაძართა მათ და დაასხნა მის ზედა ჴელნი მისნი და ჰრქუა: საულ, ძმაო, უფალმან მომავლინა მე იესუ, რომელი გეჩუენა შენ გზასა მას, რომელსა მოხჳდოდე, რაჲთა აღიხილნე თუალნი შენნი და აღივსო სულითა წმიდითა. და მყის გარდამოვარდეს თუალთაგან მისთა ვითარცა ნაქურცენნი და მეყსეულად აღიხილნა და აღდგა და ნათელ-იღო, და მოიღო საზრდელი და განძლიერდა (9,17-19).

თარგმანი: არარას ეტყჳს საყუედრელ-თაგანსა, არცა მდევარ უწოდს, გინა დაბრმობილ, არამედ კრძალულებით ძმად უწოდს, და რაჲ-იგი გზასა ზედა ასმიოდა — "მე ვარ იესუ" —მასვე მოაჴსენებს, და აღუხილავს თუალთა, რომელნი-იგი პირველცა ეხილვნეს, ხოლო ხედვიდა ვერარას, რაჲთა ცხად იქმნეს, ვითარმედ შჯულსა შინა მყოფი დაღათუ იტყოდის ხედვასა, არამედ ბრმავე არს, ვიდრემდის მოუჴდეს ქრისტესა და მის მიერ მოეძარცოს საბურველი იგი ძუელი, რომლისა სახე იყო პავლესგან გარდამოვრდომაჲ ნაქურცენის სახეთა კამშთაჲ, რაჲთა არა საოცარ ჰგონოს დაბრმობაჲ იგი და აღხილვაჲ. ესრეთ აღივსო იგი სულითა წმიდითა. გარნა ჯერეთ არა იწყო სასწაულთაცა საქმედ, არამედ ღმრთად ჭეშმარიტად ქადაგებად ქრისტესსა. ხოლო საზრდელი მიიღო და განძლიერდა, რამეთუ მოუძლურებულ იყო სამ დღე მარხვითა და ლოცვითა და დაშრომითაცა მგზავრობისაჲთა. გარნა შენ იხილე სიმდაბლე ანანიაჲსი. არა ჰრქუა, ვითარმედ: "მე აღვიხილნე", არამედ — "რაჲთა აღიხილნე", რაჲთა ცხადად უქადაგოს, ვითარმედ არა თჳთ მიიჩემებს, არამედ საღმრთოსა მადლსა განუკუთნავს სასწაულსა მას თუალთა მისთა ახილვისასა.

და იყო მუნ მოწაფეთა თანა დამასკოს დღე რავდენმე (9,19).

თარგმანი: დამასკოჲ გამოითარგმანების სისხლად ძაძისა, ხოლო არს იგი ქალაქი ფინიკიისაჲ დამასკო ეწოდა ელიაზარსცა. ძესა მასეკისსა, სახლისწულსა აბრაჰამისსა, რამეთუ მას დამასკოცა ეწოდებოდა, ვითარ-იგი აბრაჰამ ეტყჳს ღმერთსა, ვითარმედ: "ძემან მასეკისმან, სახლისწულმან ჩემმან, ამან დამასკო-ელიაზარ დამიმკჳდროს მე თესლი" (). ცხად არს, ვითარმედ მასვე და ერთსა ძესა მასეკისსა ორივე ესე სახელი ეწოდებოდა: ელიაზარ და დამასკო.

და მეყსეულად შესაკრებელთა შინა ქადაგებდა ქრისტესა, ვითარმედ: ესე არს ძე ღმრთისაჲ. და დაუკჳრდებოდა ყოველთა, რომელთა ესმოდა და იტყოდეს: არა ესე არსა, რომელი ტყუენვიდა იერუსალემს შინა, რომელნი ჰხადოდეს სახელსა იესუჲსსა, და აქაცა მისთჳს მოსრულ იყო, რაჲთა კრულნი აღიყვანნეს იგინი მღდელთმოძღუართა თანა? ხოლო სავლე უფროჲს განძლიერდებოდა და შეჰკრებდა ჰურიათა, რომელნი მყოფ იყვნეს დამასკეს შინა, და გულისჴმა-უყოფდა, ვითარმედ ესე არს ქრისტე. (9,20-22).

თარგმანი: უმაღლეს ყოველთა მოციქულთასა და უკადნიერეს იწყო განცხადებად, ვითარმედ ქრისტე მე არს ღმრთისაჲ. ვინაჲცა საკჳრველ იყო, ვითარ რომლისა-იგი პირველ კაცებისაცა სახელსა ვერ თავს-იდებდა სმენად, აწ მისთჳს წიგნთაგან მოსესთა და წინაჲსწარმეტყუელთასა გულისჴმა-უყოფს პურიათა, ვითარმედ: ქრისტე ჭეშმარიტად ღმერთი არს და კაცი სრული. და არა ჰრცხვენის მყის შეცვალებისაგან თჳსისა, რამეთუ, იხილა რაჲ გზასა ზედა იესუ, მყის ზეშთა იქმნა ყოვლისა კაცთმოთნებისა, ვითარცა ჭეშმარიტებით შედგომილი ქრისტეს მონებისაჲ.

ვითარცა აღესრულნეს დღენი მრავალნი, განიზრახეს ჰურიათა მათ მოკლვაჲ მისი, და ეუწყა სავლეს ძჳრის-ზრახვაჲ მათი, რამეთუ სცვიდეს ბჭეთა დღე და ღამე, რაჲთამცა ვითარ მოკლეს იგი. და მოიყვანეს იგი მოწაფეთა ღამე და ზღუდით გარდაუტევეს იგი სფჳრიდითა (9,23-25).

თარგმანი: რომელთა-იგი ესევითართა ქადაგებათათჳს მოკლეს სტეფანე მიემთხჳნეს იგინი პავლეს, უძლიერესსა სიტყჳთა უფროჲს მისსა. ამისთჳსცა თჳნიერ ცილისმწამებელთა და სამშჯავროდ წარდგინებისა მზირ უყვეს მოკლვად მისსა, რამეთუ უფროჲს სამ ათასთა და ხუთასთა მოქცევისა უძნდა მათ განცხადებულად ღმრთად ქადაგებაჲ ქრისტესი, ხოლო პავლე არა სასწაულითა, არამედ კაცობრივითა ღონითა განერა მათგან, რაჲთა სცნა, ვითარმედ თჳნიერ სასწაულთაცა. მხოლოდ სიტყუათა ოდენ მისთა და ქადაგებისა ძლიერებაჲ საშურველ და საზარელ მტერთა და საყუარელ და საწადელ თჳსთა ჰყოფდა მას. და კუალად, რაჲთა ისწავო, ვითარმედ არცა კაცობრივი ღონე უჴმარ არს, რაჲთა ევლტოდის კაცი განსაცდელსა.

ხოლო ესე იგი წარსლვაჲ არს პავლესი, რომლისათჳს თჳთცა დასწერს, ვითარმედ: დამასკოს შინა მთავარსა არეტა მეფისასა , შეპყრობაჲ ჩემი უნდა. ცხად არს, ვითარმედ ბირებითა ჰურიათაჲთა კაცნი იგი მთავრისანი სცვიდეს ბჭეთა, რაჲთამცა ვითარ მოკლეს პავლე. ხოლო მას, რამეთუ მჴურვალებითა ღმრთისმსახურებისაჲთა მაშინვე მოწაფე ესხნეს, რომელთა სარკუმლით ზღუდესა ქალაქისასა სარღნითა (რომელ არს ფინიკითა ქსოვილი სფჳრიდი დიდი) განარინეს იგი სი კუდილისაგან.

და მი-რაჲ-ვიდა სავლე იერუსალემდ, აზმნობდა შედგომად მოწაფეთა მათ, და ყოველთა ეშინოდა მისგან, რამეთუ არა ჰრწმენა, ვითარმედ არს იგი მოწაფე (9,26).

თარგმანი: საძიებელ არს თუ ვითარ გალატელთა მიმართ ესრეთ მისწერს მოციქული, ვითარმედ: "არა აღვედ იერუსალემდ, არამედ წარვედ არაბიად და მიერ კუალად მოვიქეც დამასკოდ. და შემდგომად სამისა წლისა აღვედ იერუსალემდ, ხოლო აქა დამასკოჲთ იერუსალემდ იტყჳს აღსლვასა. ცხად არს, ვითარმედ ანუ ამისთჳს, რამეთუ აღვიდა იერუსალემდ, არამედ არა თუ რაჲთამცა ისწავა რაჲმე ჴორცთა და სისხლთაგან, და ამისთჳს მუნ იტყჳს, ვითარმედ: არა ამისთჳს აღვედ, რაჲთამცა ვისწავე ვისგან რაჲმე, არამედ თჳთ ლიტონად აღვედ, რაჲთა ქალაქსა მას ღმრთის მკლველთასა კადნიერებით ვქადაგო სახელი ქრისტესი. ანუ ამისთჳს, რამეთუ ნუ-უკუე და შემდგომად არაბიაჲთ კუალად დამასკოდ მოქცევისა და მოქცევითგან მისით შემდგომად სამთა წელიწადთა გარდასლვისა მაშინღა იქმნა ჰურიათა მიერ მზირი მოკლვისა მისისაჲ, და მაშინღა ზღუდით გარდასუმული აღვიდა იერუსალემდ. და რაჟამს აღვიდა, არა მოციქულთა თანა მივიდა, ვითარცა მოსწავლე, არამედ ვითარცა მოძღუარი მოწაფეთა მიმართ მივიდა, და, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ღონე-ჰყოფთა შერთვად მოწაფეთა, არა ურცხჳნოებით, არცა სილაღით წარმოთხრობითა ჩუენებისა მისგან ხილულისაჲთა, არამედ სიმდაბლით და მორცხუედ გულსავსე ჰყოფდა მოშიშებასა მათსა, და არცაღა მოციქულთა მიმართ მივიდოდა, რამეთუ მოციქულნი ვერ ირწმუნებდეს მოქცევასა მისსა, ხოლო მოწაფეთა ეშინოდა მისგან, ვითარცა მჴეცისაგან. გინა თუ ესრეთცა ვთქუათ, ვითარმედ ერთი ესე აწ თქუმული იერუსალემდ აღსლვაჲ დაიდუმა გალატელთა მიმართ, შემოკლებისთჳს თხრობისა.

ხოლო ბარნაბა წარმოიყვანა იგი და მოჰგუარა მოციქულთა და უთხრა მათ, ვითარ-იგი გზასა ზედა იხილა უფალი და რამეთუ ეტყოდა მას, და ვითარ-იგი დამასკეს შინა განეცხადა სახელითა იესუჲსითა (9,27).

თარგმანი: ვითარ-ესე ცხად არს სიტყუათა ამათგან, წინაჲთვე მეგობარ იყო ბარნაბა პავლესსა. ამისთჳს წინაჲთვე გამოეკითხა მისთჳს დამასკოს ქმნილი იგი მოქცევაჲ მისი, და მი-რაჲ-ვიდა იერუსალემდ, დაღაცათუ თჳთ პავლე მოწაფეთა თანა ოდენ აღჰრაცხდა თავსა სიმდაბლითა გონებისაჲთა, არამედ ბარნაბა თავთა მოციქულთა მიჰგუარა იგი — პეტრეს და იოვანეს, ვითარცა ღირსი მათ თანა აღრიცხუვისაჲ მჴურვა-ლებისათჳს საღმრთოდ მოშურნეობისა მისისა.

და იყო მათ თანა და შევიდოდა იერუსალემს და განეცხადებოდა სახელითა უფლისა იესუჲსითა. ეტყოდა და გამოეძიებდა ბერძლ მეტყუელთა მათ თანა. ხოლო იგინი განიზრახვიდეს მოკლვასა მისსა. და ვითარცა აგრძნეს ესე ძმათა, წარიყვანეს კესარიად და წარგზავნეს იგი ტარსუნდ (9,28-30).

თარგმანი: მოციქულთა თანა რაჲ იყო, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, შევიდოდა და განვიდოდა იერუსალემდ. ესე იგი არს, კადნიერებით და სიყუარულით უშიშად ქადაგებდა სახარებასა, ხოლო იტყოდა და გამოეძიებდა მათ თანა ოდენ ჰურიათაგანთა, რომელთა ბერძლ მეტყუელებაჲ იცოდეს, რამეთუ ებრაელობასა ოდენ მზრახვალნი იგი ძუელნი ჰურიანი არცაღა მიხედვად მისსა თავს-იდებდეს. გარნა ბერძლ მეტყუელნიცა იგი ეშურვნეს-ვე მას, რამეთუ კადნიერებით ქადაგებდა ღმრთეებასა ქრისტესსა. ამისთჳს განიზრახეს მოკლვაჲ მისი. ხოლო მორწმუნეთა ძმათა შეეშინა, ნუ-უკუე სტეფანესებრ განტჳნონ იგი. ამისთჳს შთაიყვანეს კესარიად და მიერ ნავითა წარგზავნეს მამულად მისსა ტარსუნდ, რაჲთა მუნ თჳსთა მათ მისთა მოქალაქეთა კადნიერად უქადაგოს ღმრთეებაჲ ქრისტესი. გარნა შენ იხილე, ვითარ არა ყოველსავე მადლი იქმს, რაჲთა არა ზეშთა კაცობრივისა ბუნებისა ჰგონნე მოციქულნი, არამედ მათცა უძლურებაჲ თანა-ედვა და ღონის-ძიებაჲ უჴმდა, ეშინოდა და ივლტოდეს, რაჲთა სცნა, ვითარმედ მსგავსად ჩუენსა მოკუდავითა ჴორცითა მოიღუაწეს მათ ღუაწლი იგი კეთილი.

ხოლო ეკლესიანი ყოველთა მათ ადგილთა ჰურიასტანისათა და გალილეაჲსათა და სამარიაჲსათა ეგნეს მშჳდობით, შენნი და წარმართებულნი შიშსა უფლისასა, და ნუგეშინის-ცემითა სულისა წმიდისაჲთა განმრავლდებოდეს (9,31).

თარგმანი: ვინაჲთგან ეგულების თქუმაჲ პეტრეს ლუდიად შთასლვისაჲ, ამისთჳს იტყჳს დაწყნარებასა და წარმართებასა ეკლესიათასა, რაჲთა ცხად ყოს, ვითარმედ დაღაცათუ მოწაფენი განიბნინეს შიშისაგან სტეფანეს მოკლვისა, არამედ ათორმეტთა მოწაფეთა არა დაუტევეს იერუსალემი, ვიდრემდის იქმნა მშჳდობაჲ და წარმართებაჲ ეკლესიათაჲ, რამეთუ ზეშთა ქმნილ იყვნეს საზომსა სხუათა მათ მოშიშებისასა, ვითარცა სრულ ქმნულნი საღმრთოჲსა სიყუარულისა მიერ და აღმავსებელნი ყოვლისა ჰურიასტანისანი ღმრთისმოშიშებითა და სასწაულთმოქმებისა მიერითა ნუგეშინისცემითა სულისა წმიდისაჲთა.