მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი ი̂ე. ჩუენებისათჳს პეტრესსა და კორნილიოჲსსა, და ნათლის-ღებისათჳს კორნილიოჲსსა

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

კაცი ვინმე იყო კესარიას შინა, სახელით კორნილიოს, ასისთავი, ტომისაგან, რომელსა ჰრქჳან იტალიკე, კეთილად-მსახური და მოშიში უფლისაჲ ყოვლითურთ სახლეულით თჳსით; იქმოდა ქველის-საქმესა მრავალსა ერსა მას შორის და ევედრებოდა ღმერთსა მარადის (10,1-2).

თარგმანი: კესარიასა იტყჳს პალესტინისასა, რომელი-იგი იყო პირველ გოდოლ სტრატონიკისა და ნაწილ ფილისტიმელთა, ხოლო უკუანაჲს კნელ აღეშენა ქალაქად ჰრომთა მიერ და სახელ-ედვა სეხნად კეისრისა კესარიაჲ.

ამას შინა იყო დასაბამი იგი წარმართთა სარწმუნოებისაჲ კორნილიოს; რამეთუ ორნივე ესე — საჭურისი და კორნილიე —მთავართაგანნი იყვნეს, და დასაბამ წარმართთა სარწმუნოებისა იქმნნეს, ხოლო არა პატივისათჳს მთავრობისა ღირს იქმნნეს საღმრთოსა მადლსა, არამედ ღმრთისმოშიშებისათჳს, რამეთუ მაშინ უსაკჳრველეს არს სათნოებაჲ, რაჟამს სოფლიოთა პატივთა და სიმდიდრეთაგანი ვერარაჲ იქმნეს დამაყენებელ მისსა. ესე ესმოდედ მთავართა და ნურა რას მიზეზ-ჰყოფენ სიბოროტისა. რამეთუ აჰა კორნილიოს სიმდიდრითა ღმრთისმოშიშებისაჲთა არა ხოლო თავი თჳსი, არამედ სახლეულად მისსა წოდებულნიცა იგი ასნი მჴედარნი, რომელთა მთავარ იყო, ზედა-დგომითა თჳსითა სათნო ღმრთისა ყვნა, რომელი-ესე ფრიად გუარცხუენს, რაჟამს მან მჴედარნი აცხოვნნა, ხოლო ჩუენ შვილთაცა ჩუენთა უგულებელს-ვჰყოფდეთ თჳნიერ ზრუნვისა და საღმრთოდ განკრძალებისა. ამის კორნილიოჲს ტომი იტალიელად აღწერითა გჳჩუენებს, ვითარმედ იტალიელთა ქუეყანისაჲ იყო დასი იგი მჴედრობისა მისისაჲ მის თანა, ზოგად შემკულნი მოწყალებითა გლახაკთაჲთა და სამარადისოდ ვედრებითა ღმრთისაჲთა, რომელი მიუძღუა მათ, რაჲთა არა მკუდარ იყვნენ კეთილნი საქმენი მათნი უღონოებითა მართლისა სარწმუნოებისაჲთა.

იხილა მან ჩუენებით განცხადებულად, ვითარ მეცხრესა ოდენ ჟამსა მის დღისასა, რამეთუ ანგელოზი უფლისაჲ მოვიდა მისსა და ჰრქუა მას: კორნილიე! და მან მიხედა მას და ზარი განჰჴდა. და ჰრქუა მას: რაჲ არს, უფალო? ხოლო მან ჰრქუა მას: ლოცვანი შენნი და ქველის საქმენი შენნი აღვიდეს საჴსენებელად შენდა წინაშე უფლისა. და აწ მიავლინენ შენ იოპედ კაცნი, და მოუწოდე სიმონს, რომელსა ჰრქჳან პეტრე. ამისი ვანი არს სიმონის ვისთანამე მეპრატაკისა, რომლისა ტაძარი ახს ზღუასა (10,3-6).

თარგმანი: ოდეს-იგი უმეტეს დაწყნარებით და მოცალებით ლმობიერ იყო ლოცვასა შინა ცხრა ჟამს, ეჩუენა ანგელოზი ხილვითა განცხადებულითა, და პირველად ზომიერითა შიშითა აღპყრობილ ყო გონებაჲ მისი, და ეგრეთღა მიუთხრა, რასა-იგი უბრძანებდა ქმნად. ხოლო პირველად ახარა, ვითარმედ მოწყალებითა ფრთოვან იქმნა ლოცვაჲ მისი აღსლვად წინაშე ღმრთისა, რომელმან მოიჴსენა აღვსებად სარწმუნოებითა სიმრავლე იგი კეთილთა საქმეთა მისთაჲ. ამისსა შემდგომად არა პეტრეს მიმართ მიავლენს, რაჲთა არა იგი ოდენ მარტოჲ ცხონდეს, არამედ პეტრეს მოწოდება სცემს, რაჲთა, ყოვლით სახლეულითურთ ცხოველ იქმნეს სარწმუნოებით ქრისტესითა, და ზედა-მიწევნით აუწყებს ადგილსა პეტრესსა და სახლსა შემწყნარებელისა მისისასა თანა ჴელოვნებითურთ, რაჲთა არა შეცთომილნი მიმოეძიებდენ მას, არამედ ზღჳს კიდესა იძიონ, რამეთუ მარადის ჩუეულებაჲ აქუნდა მოციქულთა ძიებად ადგილსა მყუდროსა, ვითარ-იგი ჰრქუა უფალმან: მივედით თქუენ თჳსაგან ადგილსა უდაბნოსა.

და ვითარცა წარვიდა ანგელოზი იგი, რომელი ეტყოდა მას, მოუწოდა ორთა მონათა მისთა და ერისკაცსა, კეთილად მსახურსა, წინაშე მდგომელსა მისსა და უთხრა მათ ესე ყოველი და წარავლინნა იგინი იოპედ (10,7-8).

თარგმანი: არა ლიტონნი კაცნი, არამედ კეთილად მსახურნი, წინაშე მდგომელი მონებითურთ მიავლინნა პეტრესსა, რამეთუ წმიდისა თანა წმიდა და რჩეულისა თანა რჩეულ იყვნეს ყოველნი მსახურნი და მახლობელნი მისნი, რომელთა არა სილაღით უბრძანებს მოწოდებად პეტრესსა, არამედ ყოველსა მას წარმოუთხრობს ჩუენებასა და სიტყუასა ანგელოზისასა მისსა მიმართ.

და ხვალისაგან, მი-რაჲ-ვიდოდეს იგინი გზასა ზედა, ქალაქსა მიეახლნეს, აღჴდა პეტრე ერდოსა ზედა ლოცვად ჟამსა მეექუსესა, რამეთუ შეემშია და უნდა პირისა ჴსნაჲ. და ვიდრე იგინი განუმზადებდეს მას, იყო მის ზედა განკჳრვებაჲ და ჰხედვიდა ცათა განხუმულთა და გარდამომავალსა ჭურჭელსა რასმე, ვითარცა ტილოსა დიდსა, ოთხთაგან კიდეთა დამოკიდებულსა ზეცით ქუეყანად, რომელსა შინა იყო ყოველი ოთხ-ფერჴი და ქუეწარმავალი და მჴეცი ქუეყანისაჲ და მფრინველნი ცისანი (10,9-12).

თარგმანი: იხილე მადლი სულისა წმიდისაჲ, ვითარ ერთად შემოჰკრებს ჟამთა, რამეთუ კორნილიოსს პირველსა დღესა ეჩუენა, რაჲთა წარავლინნეს კაცნი. ხოლო პეტრეს - მეორესა დღესა, ვიდრეღა მიახლებულ იყვნეს მწოდებელნი მისნი. ხოლო — თჳსაგან და ლოცვასა შინა, რაჲთა შენ ისწავო, ვითარმედ მყუდროებით მმარხველსა და მლოცველსა მიემადლების ხილვაჲ საღმრთოთა ჩუენებათაჲ, რომელსა შიოდის და სწყუროდის სიმართლისათჳს, გარნა შენ განკჳრვებაჲ რაჲ გესმას, ნუ ცნობისაგან განსლვად ჰგონებ, ვითარ-იგი შეემთხუევის ფრჳგიელთა და მზორველთა ეშმაკისათა, რომელთა არა უწყიან თუ რასა ხედვენ გინა ზრახვენ, არამედ გულისჴმა-ყავ, ვითარმედ პეტრესი და ყოველთა წინაჲსწარმეტყუელთა განკჳრვებაჲ ჩუენებათა შინა სულისა ამაღლებაჲ არს ჴორცთაგან და ჴორციელთა საღმრთოთა ხედვათა მიმართ. ამისთჳს, რომელსა ხედვენ, გულისჴმა-ჰყოფენ და ჩუენებასა მას წერით მიუთხრობენ, ვითარ-ესე აწ პეტრეს ეჩუენა განხუმაჲ ცათაჲ, რომელნი-იგი ქრისტემან სავალ ყვნა კაცთა; და ხედვიდა ჭურჭელსა ტილოჲს სახესა სახედ ყოვლისა სოფლისა, ოთხთა კიდეთაგან დამოკიდებულსა, რამეთუ ყოველივე ესე სოფელი ოთხთა ნივთთაგან შექმნულ არს.

და კუალად, ტილოსა მას სახე მოაქუნდა წარმართთა ეკლესიისაჲ, რომელი ოთხთა სახარებათა მიერ დამოკიდებულ არს სიმაღლესა ცათასა, და მას შინა არიან ყოველნი წარმართნი სახედ ყოველთა მჴეცთა და ოთხფერჴთა და ქუეწარმავალთა, რომელთამე უმშჳდესთა და რომელთამე — უფიცხესთა, რომელთამე — ზრქელთა და ქუემეთრევთა, და რომელთამე — მფრინველებრ ზეცისასა მზრახვალთა.

და იყო ჴმაჲ მისსა მიმართ: აღდეგ, პეტრე, დაკალ და ჭამე. მიუგო პეტრე და თქუა: ნუ იყოფინ, უფალო, რამეთუ არასადა შეგინებული და არაწმიდაჲ შესრულ არს პირსა ჩემსა. და მერმე კუალად მეორედ ჴმაჲ იყო მისსა მიმართ და თქუა: რომელი-იგი ღმერთმან წმიდა ყო, შენ ნუ შეგინებულ გიჩნს (10,13-15).

თარგმანი: პირუტყუებრსა და მჴეცებრსა კაცთა სახესა დაკლვაჲ ებრძანების პეტრეს, რაჲთა მოსწრაფებით აღდგეს მათ ზედა და მოაკუდინნეს იგინი სოფლიოთა ზრახვათაგან, და შეწირნეს იგინი ღმრთისა მსხუერპლად წმიდად და ცხოველად. ხოლო იგი, ჩუეულებისაებრ ჰურიათაჲსა, არა ყოველსა ჴორცსა, არამედ შჯულისაგან განგდებულთა ოდენ პირუტყუთასა უწოდს ბილწად და არაწმიდად. ხოლო უფალი მასვე წარმართთა სახესა ზედა უბრძანებს და ეტყჳს, ვითარმედ: ვინაჲთგან ქრისტემან სისხლითა თჳსითა წმიდა ყვნა ყოველნი კაცნი, შენ ნუცა ერთი მათგანი შეგირაცხიეს არაწმიდად, რამეთუ ბუნებით კეთილად დაბადებულნი თჳთ გარდაქცეულ იყვნეს არა თუ ბუნებით ბოროტად, არამედ საქმითა და ჩუეულებითა განმჴეცებულ იყენეს, ხოლო აწ კუალად შეიცვალნეს კეთილითა შეცვალებითა მარჯუენისა მიერ მაღლისა. ვინაჲცა ამიერითგან არღარაჲ ვის აყენებს, უნდეს თუ ცხოვნებაჲ, რამეთუ არღარა არს ჰურიაობა გინა წარმართობაჲ, მონება გინა აზნაურება, მამაკაცება გინა დედაკაცება, არამედ ყოველთა ზოგად მისცა ღმერთმან ჴელმწიფებაჲ შვილ ღმრთისა ყოფად. და არა კმა იყო შემდგომად აღდგომისა ქმნილი ბრძანებაჲ ნათლისცემად ყოველთა წარმართთა სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა, არამედ აწ სახითა ამით ყოველთა პირუტყუთა განწმედისაჲთა განსწავლის თავსა მოციქულთასა, რაჲთა სწორად შეერაცხოს ყოველი, რომელიცა მოუჴდეს სარწმუნოებასა ქრისტესსა, წინა-დაცუეთილი თუ იყოს ანუ წინა-დაუცუეთელი, რაჲთა არა მიზეზობდენ მოციქულნი პირველ ჯუარ-ცუმისა დაყენებულობასა, არა მისლვად გზასა წარმართთასა, არცა შესლვად ქალაქსა სამარიტელთასა, გინა თუ ძედ წოდებითა ჰურიანი უმეტეს შეერაცხნენ ძაღლ წოდებელთა მათ წარმართთასა, ანუ არა სთნდეს თხრობად მათდა ქადაგებისა მარგალიტსა და სიწმიდესა, ვითარცა ძაღლთა და ღორთა მიმართ. ვინაჲთგან უკუე ესევითარნი სიტყუანი პირველ ჯუარ-ცუმისა განგებულებით თქუმულ იყვნეს გულსავსებისათჳს ჰურიათაჲსა, აწ ჩუენებითა ამით მიიღებს პეტრე ცნობასა, რომელი არღა უწყოდა, ვითარმედ: ერთ არს ყოველივე სარწმუნოებად მოსრული — ჰურიაჲ და წარმართი; და არარაჲთ ჰმატს წინა-დაცუეთილი წინადაუცუეთელსა, მხოლოდ სრულმცა არიან სარწმუნოებითა ქრისტესითა.

ხოლო ესე იყო სამ გზის და კუალად ამაღლდა ჭურჭელი იგი მუნვე ზეცად (10,16).

თარგმანი: სამ გზის ხილვაჲ იგი ჩუენებისაჲ სახე იყო სამთა შთაყოფათა ემბაზისათა, სახელსა ზედა წმიდისა სამებისასა, და ყოველთა უქადაგებდა სამგუამოვნებასა ერთღმრთეებისასა, ვინაჲცა, რომელნი-იგი ჭურჭელსა მას შინა ეგნენ ტილოჲსასა, რომელ არს წმიდაჲ ეკლესიაჲ და არა განვარდენ მისგან, სარწმუნოებისა ანუ საქმეთა კეთილთა ჴუებულებითა, კუალად ზეცად აღამაღლებს მათ, ვითარცა ზეცით ცხოვნებულთა და კუალად მუნვე მიცვალებადთა. ხოლო ესევითარისა ამის ჩუენებისა მიმართ ამისთჳს წინა-აღდგომით თქუა პეტრე — "ნუ-სადა, უფალო" —რამეთუ ჰგონებდა აბრაჰამისებრ გამოცდასა მისსა.

და ვითარ-იგი განიზრახვიდა პეტრე გულსა თჳსსა, ვითარმედ რაჲ-მე იყოს ხილვაჲ ესე, რომელი ეჩუენა მას, და აჰა ესერა კაცნი იგი, რომელნი კორნელიოსისგან მოვლინებულ იყვნეს, იკითხვიდეს სახლსა სიმონისსა, და მოვიდეს და დადგეს ბჭეთა ზედა მისთა, და მოჰხადეს და ჰკითხვიდეს, უკუეთუ სიმონისი, რომელსა ჰრქჳან პეტრე, ვანი აქა არსა? ხოლო პეტრე, ვიდრეღა-იგი გულის-სიტყუად დგა, ჩუენებისა მისთჳს, ჰრქუა მას სულმან წმიდამან: აჰა ეგერა სამნი კაცნი გეძიებენ შენ. არამედ აღდეგ და გარდაგუალე და მივედ მათ თანა და ნურარას ორგულებ, რამეთუ მე მომივლინებიან იგინი (10,17-20).

თარგმანი: კუალად პირსა ზედა მდებარე იყო მუჴლთ-მოდრეკით ლოცვასა შინა. ამისთჳს სული წმიდაჲ ეტყოდა: აღდეგ, პეტრე! და შემდგომად ჩუენებისა მის აღდგა, და ვითარ-იგი იოსეფ პირველად აღშფოთებად მიუშუა ღმერთმან და ეგრეთღა ანგელოზისა მიერ აუწყა საიდუმლოჲ ქალწულისაჲ, ეგრეთვე აწ პეტრე პირველად უტევა უღონო-ყოფად ძალსა ჩუენებისასა, და ეგრეთღა, კაცნი იგი რაჲ მივიდეს, უბრძანა გარდასლვაჲ მათდა და შეუორგულებელ ყოფითა მათდა მიმართ, განუმარტა, ვითარმედ მათთჳს იყო ჩუენებაჲ იგი, რამეთუ, ვითარცა ღმერთი, თანა-არსი მამისა და ძისაჲ, უბრძანებს სული წმიდაჲ, ვითარმედ: მე მომივლინებიან შენდა წარმართნი; ნურარას ორგულებ ნათლისცემად მათდა.

ხოლო ეძიებდეს თუ ვინმე, ვითარმედ: ვინაჲთგან ანგელოზისა ჩუენებასა არა სიზმრივ, არამედ განცხადებულად მიემთხჳა კორნილიოს, რად არა მანვე მიუთხრა მას საიდუმლოჲ ღმრთის-მეცნიერებისაჲ; და არა უსარწმუნოეს პეტრესსა იყო-ა ანგელოზი ქადაგად ჯუარ-ცუმისა და აღდგომისა? — არამედ გულისჴმა-ყავ. ვითარმედ ანგელოზთა ესე ოდენ თჳს-ეყვის, რაჲთა აუწყონ კაცთა ლოცვათა მათთა აღწევნაჲ ღმრთისა მიმართ, ხოლო ქადაგებად არა ჴელ-ჰყოფენ, რაჲთა არა ეშმაკმანცა ოდესმე იჩემოს ანგელოზ ყოფაჲ და შთაუთესოს ღუარძლი რაჲმე წინა-აღმდგომად ქადაგებისაჲ. ამისთჳს ფილიპეს მიავლინებს საჭურისისა მიმართ, ხოლო პეტრესსა ბრძანებს მოწოდებასა კორნილიოჲს მიერ, რამეთუ ვინაჲთგან კაცთა კაცნივე დაუდგინნა ღმერთმან მოძღურად და ქადაგად, ამისთჳს პავლე კადნიერებით ჴმობს: "დაღათუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს, გარეშე მისსა, რომელი ჩუენ გახარეთ, შეჩუენებულ იყავ. ამას რაჲ იტყჳს, უწყის, ვითარმედ ჭეშმარიტნი ანგელოზნი არაოდეს გარდაჰჴდებიან საზღვარსა თჳსსა, არამედ იგი ეშმაკნი არიან, რომელნი ქადაგებენ წინა-აღმდგომად მოციქულთა ქადაგებისა. ხოლო ანგელოზნი ღმრთისანი კაცთა მიუვლენენ ქადაგ ყოფად კაცთა.

გარდამოვიდა პეტრე კაცთა მათ თანა, მოვლინებულთა კორნილიოსის მიერ და ჰრქუა: აჰა ესერა მე ვარ, რომელსა თქუენ მეძიებთ. აწ რაჲ არს მიზეზი, რომლისათჳს მოსრულ ხართ? ხოლო მათ ჰრქუეს: კორნილიოს ასისთავმან, კაცმან მართალმან და მოშიშმან ღმრთისამან, რომელი წამებულ არს ყოვლისაგან ნათესავისა ჰურიათაჲსა, ბრძანებაჲ მოიღო ანგელოზისაგან წმიდისა მიყვანებად შენდა სახლსა თჳსსა და სმენად შენგან სიტყუათა. ხოლო მან შეუწოდა მათ და მუნ დაიყენნა და ისტუმრნა იგინი. და ხვალისაგან აღდგა პეტრე და განვიდა მათ თანა, და ვიეთნიმე ძმათაგანნიცა იოპით მიჰყვეს მის თანა. და ხვალის დღე შევიდეს კესარიად (10,21-24).

თარგმანი: რაჲთა არა თქუან, ვითარმედ ემალვის იგი ერის კაცსა მას მჴედარსა, ამისთჳს პირველად ეტყჳს: მე ვარ, რომელსა ეძიებთ; და ეგრეთღა ჰკითხავს მიზეზსა, თუ რაჲსათჳს მოსრულ არიან. ხოლო იგინი პირველად წარმოუთხრობენ სათნოებათა კორნილიოჲსთა, რაჲთა არა უღირს იჩინოს მისლვად მისსა, რომელი-იგი, დაღაცათუ წარმართ არს, ყოველთა პურიათა მიერ წამებულ არს ღმრთისმოშიშებისათჳს. ამისსა შემდგომად ბრძანებასა ანგელოზისასა აუწყებენ მიწოდებისათჳს მისისა, ხოლო თავი მოციქულთაჲ პირველად სახესა მისცემს სიყუარულით სტუმრობისასა, და ეგრეთღა წარჰყვების მათ, და თანა-წარიტანებს ძმათა იოპით, რაჲთა აქუნდენ იგინი მოწამედ, რაჟამს სიტყუაჲ მიეჴადებოდის ვიეთგანმე წარმართთა თანა შესლვისათჳს.

ხოლო კორნილეოს მოელოდა მათ, შემოეკრიბა თესლ-ტომი მისი და საყუარელნი მეგობარნი მისნი. და იყო შესლვასა მას პეტრესსა მოეგებვოდა მას კორნილიე და შეუვრდა ფერჴთა მისთა და თაყუანის-სცა მას. ხოლო პეტრე აღადგინა იგი და ჰრქუა მას: აღდეგ, რამეთუ მეცა თავადი კაცივე ვარ. და იტყოდეს თანად (10,24-27).

თარგმანი: ესრეთ ჯერ-არს წინა-განმზადებაჲ შეწყნარებად ქადაგთა ჭეშმარიტებისათა, რაჲთა ყოველნივე თჳსნი ჩუენნი თანა-ვიზიარნეთ კეთილთა ჩუენთა,ვითარ-ესე აწ კორნელი, დაღაცათუ უცხოთა ვერ მიანდო, არამედ თჳსნი ყოველნი მოიყვანნა სმენად საღმრთოჲსა ქადაგებისა, და თჳთ მიეგება პეტრეს. ხოლო მან მიწად დავრდომილი წინაშე მისსა აღადგინა სიმდაბლით. და ლიტონად კაცად უწოდა თავსა თჳსსა. რაჲთა არა წარმართულად ღმრთად საგონებელ უჩნდეს იგი კორნილიოსს. ესრეთ უკუე დასაბამად ყოვლისა სიმდაბლე ასწავა, რაჲთა ჩუენცა ვიხილოთ და ვეკრძალნეთ, ვითარ-ესე თავი მოციქულთაჲ კაცსა წარმართთაგანსა არა უტევებს შევრდომად მისსა. რაოდენ უფროჲს ჩუენ გჳჴმს კრძალვაჲ ძმათა ჩუენთა წინაშე ჩუენსა დავრდომისაგან!

ხოლო იტყოდეს თანად, ესე იგი არს, ვითარმედ მგზავრ ზრახვიდეს ურთიერთას ვიდრე შინა შესლვადმდე.

და შე-რაჲ-ვიდა შინა, პოვნა მუნ მრავალნი შემოკრებულნი და ჰრქუა მათ პეტრე: თქუენ თჳთ უწყით, ვითარმედ არა ჯერ-არს კაცისა ჰურიისა მიახლებად წარმართთა ანუ შეხებად უცხო-თესლთა. და მე მიჩუენა ღმერთმან, რაჲთა არავინ კაცი შევჰრაცხო ბილწად და არაწმიდად. ამისთჳს უცილობელად შემოვედ თქუენდა, მოვედ რაჲ. აწ უკუე მაუწყეთ, რომლისა სიტყჳსათჳს მომხადეთ მე (10,27-29).

თარგმანი: ესრეთ უტყჳს, ვითარმედ: ნუ გგონეს, ვითარმცა კაცობრივითა შიშითა ასისთავისა მთავრობისაჲთა დამეჴსნა წესი სჯულისაჲ, არამედ ბრძანებითა უფლისაჲთა შემოვედ თქუენდა. ხოლო ბრძანებაჲ ესე პეტრეს მიმართი ზოგადი არს ჩუენ ყოველთა მორწმუნეთა მიმართ, რაჲთა ძლიერნი სულითა და შემძლებელნი რგებად არცა ერთისაჲ ვის ურწმუნოთაგანისა მიახლებასა შეგინებულად შევჰრაცხდეთ, უკუეთუ ოდენ გუაქუნდეს იჭჳ მოქცევისა მათისაჲ. ამისსა შემდგომად მიზეზსა იკითხავს პეტრე თჳსისა მიწოდებისასა, რაჲთა, რომელი თჳთ უწყოდა, მათგანცა ესმეს და თჳსითა პირითა აღიარონ, ვითარმედ სწყურის მათ სწავლად სარწმუნოებასა ქრისტეს ღმრთისასა.

ჰრქუა მას კორნილიოს: მეოთხით დღითგან ვიდრე აქა ჟამადმდე ვიყავ მარხული. და მეცხრესა ჟამსა, ვილოცევდ რაჲ სახლსა შინა ჩემსა, და აჰა ესერა დადგა კაცი წინაშე ჩემსა სამოსლითა ბრწყინვალითა და მრქუა მე: კორნილიე, შეისმეს ლოცვანი შენნი და ქველის საქმენი შენნი მოიჴსენნეს წინაშე ღმრთისა. აწ მიავლინე შენ იოპედ და მოუწოდე სიმონს, რომელსა ჰრქჳან პეტრე: ამას ვანი დაუც სახლსა სიმონის ვისმე მეპრატაკისასა ზღჳს კიდით კერძო, რომელი მოვიდეს და გეტყოდის შენ. და მუნთქუესვე წარმოვავლინენ შენდა, და შენ კეთილად ჰყავ, რამეთუ მოხუედ. აწ ესერა ჩუენ ყოველნი მოსრულ ვართ წინაშე ღმრთისა სმენად ყოვლისა ბრძანებულისა შენდა უფლისა მიერ (10,30-33).

თარგმანი: მეოთხე დღე იყო, ვინაჲთგან შემდგომად ცხრა ჟამს საზრდელისა მიღებისა ეწყო მარხვად და არა თუ ოთხი დღე ემარხა ყოვლად უზმობით, არამედ ოდეს ჰამბავსა ამას პეტრეს უთხრობდა, ცხრა ჟამ იყო, და თითოეული დღე ვიდრე მუნ ჟამამდე ემარხა. ესე იგი არს, ცხრა ჟამამდე, პირველით დღითგან ცხრა ჟამით, ვიდრე მეორისა დღისა ცხრა ჟამამდე იყო მარხული, და შემდგომად ცხრა ჟამისა იხილა ჩუენებაჲ და ხვალისაგან მესამესა დღესა მიავლინნა პეტრესსა და მეოთხისა დღისა ცხრა ჟამსა მოვიდა მისსა პეტრე. ამისთჳს არა ოთხ დღე უზმა იყო, არამედ თითოეულსა დღესა ცხრა ჟამს მიეღო საზრდელი. ამისთჳს არა იტყჳს, ვითარმედ: ოთხი დღე უჭმელად გარდავვლე, არამედ: ოთხ დღე ვიდრე აქა ჟამამდე ვიყავ მარხული. და იგი ჟამი მეცხრე იყო, ოდეს სიტყუათა ამათ იტყოდა. ხოლო ანგელოზისა ხილვასა ამისთჳს კაცისად უწოდს, რამეთუ სიმდაბლითა გონებისაჲთა არა იტყჳს თავისა თჳსისათჳს ღირს-ყოფასა ანგელოზისა ჩუენებისასა. გინა თუ ამისთჳს კაცად უწოდს, რამეთუ სახითა კაცისაჲთა ეჩუენა ნათლით შემოსილად, და ასწავა, რაჲ-იგი უჴმდა ყოფად, რამეთუ ღმერთი არა უგულებელს ჰყოფს მარხვით და მოწყალებით მლოცველთა მისა მიმართ, არამედ ჩუენებითა ანგელოზისაჲთა და მივლინებითა ქადაგთაჲთა აღავსებს ნაკლულევანებასა მათსა, და განსწავლის მართლ-სარწმუნოებად. ესრეთ უკუე წარმოთქუა კორნილიე, რაჲ-იგი ეხილვა, და აღუთქუა პეტრეს მორჩილ ყოფად სიტყუათა მისთა.

აღაღო პეტრე პირი თჳსი და თქუა: ჭეშმარიტად ვიცი, რამეთუ არა არს თუალთ-ღება ღმრთისა თანა, არამედ ყოველთა შორის თესლთა, რომელსა ეშინის მისსა და იქმს სიმართლესა, სათნო მისსა არს. სიტყუაჲ იგი, რომელი მოუვლინა ძეთა ისრაელისათა მახარებლად მშჳდობისა იესუ ქრისტეს მიერ. ესე თავადი არს უფალი ყოველთაჲ (10,34-36).

თარგმანი: აღებაჲ პირისა წმიდათაჲსაჲ აღვსება არს სულითა, და გამოთქუმა საჲდუმლოთა, ვითარ-ესე აწ პეტრე ცხადად დაგჳმტკიცებს, ვითარმედ არავის სადა უტევებს ღმერთი უმეცრებით ყოფად ურწმუნოებასა შინა. არამედ უკუეთუ ოდენ თჳნიერ გულარძნილებისა ღმრთის მოშიშებით ჰყოფდეს სიმართლესა, ესევითართა მათ მიუძღჳს სრულებად სარწმუნოებისა, ვითარ-იგი მოგუთა და ავაზაკსა, მეძავსა და მეზუერესა, საჭურისსა და კორნილიოსს. ხოლო რომელნი-იგი არა სათნო-ეყოფვიან ღმერთსა, დაღათუ იქმოდინ კეთილსა რასმე, ცხად არს, რამეთუ არა ღმრთის მოშიშებით ჰყოფენ, არამედ საჩუენებელად კაცთა იქმან. აწ უკუე პირველი იგი სიტყუაჲ მოციქულისაჲ თუალ-უხუავობისათჳს ღმრთისა — ჰურიათა მიმართ არს, რომელნი იყვნეს მის თანა, რაჲთა განუცხადოს წოდებაჲ წარმართთაჲ. ამისსა შემდგომად ჰურიათა პატივსა უპირატესობისასა დაუმარხავს, და მათდა მიმართ მოვლინებასა ძისასა იტყჳს მამისა მიერ. და კუალად, რაჲთა არა წარმართთა განიწირნენ თავნი თჳსნი, ზედა-დაჰრთავს, ვითარმედ: დაღაცათუ ისრაელთა მიმართ მოივლინა, არა დაშჯად, არამედ ყოფად მშჳდობისა და განმართლებისა, არამედ იგი თავადი არს უფალი ყოველთაჲ — ჰურიათა და წარმართთაჲ.

თქუენ თჳთ უწყით სიტყუაჲ იგი, რომელი იყო ყოველსა ზედა ჰურიასტანსა, რომელმან-იგი იწყო გალილეაჲთ. შემდგომად ნათლის-ცემისა, რომელსა-იგი ქადაგებდა იოვანე, იესუს ნაზარეველსა, რომელსა-იგი სცხო ღმერთმან სულითა წმიდითა და ძალითა, რომელი(37რქ)-იგი მოვიდა ქველის მოქმედად და განკურნებად ყოველთა მიმძლავრებულთა ეშმაკისათა, რამეთუ ღმერთი იყო მის თანა. და ჩუენ მოწამე ვართ ყოველთათჳს, რომელნი ქმნნა სოფელსა მას ჰურიასტანისასა და იერუსალემს შინა, რომელცა-იგი მოკლეს დამოკიდებითა ძელსა ზედა. ესე ღმერთმან აღადგინა მესამესა დღესა და მისცა მას განცხადებულებაჲ არა ყოვლისა ერისა, არამედ მოწამეთა ამათ რჩეულთა წინაჲსწარვე ღმრთისა მიერ, ჩუენ, რომელნი მის თანა ვჭამდით და ვსუემდით შემდგომად მკუდრეთით აღდგომისა მისისა (10,37-41).

თარგმანი: ვინაჲთგან მახლობელ იყვნეს იერუსალემსა, ამისთჳს თჳთ მათვე მიიყვანებს მოწამედ, რამეთუ ასმიოდა ნათლის-ცემისათჳს იოვანესსა, და ვითარ-იგი ქადაგებდა ქრისტესა ყოველთა მიმართ მკჳდრთა გალილეაჲსა და ჰურიასტანისათა, განმავალთა ნათლის-ღებად მისგან. ხოლო იესუ ნაზარეველ უწოდს ბუნებისათჳს ჴორცთაჲსა ბუნებით ძესა ღმრთისასა, უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა. და კაცობრივ ცხებასა მისსა იტყჳს ღმრთისა მამისა მიერ, რამეთუ არა თესლითა მამაკაცისაჲთა მუცლად-იღო იგი ქალწულმან ყოვლად უბიწომან, არამედ სული წმიდაჲ აგრილობდა მას და ძალი მაღლისაჲ ჰფარვიდა. და ამიერ იშენა ჴორცთა ტაძარი სიტყუამან და ძალმან მამისამან. ხოლო არა ღმრთეებით, არამედ კაცობრივ ეცხო საცხებელი სულისა წმიდისაჲ, რაჲთა წინა გზა-უყოს და დასაბამ ექმნეს ბუნებასა კაცთასა მიღებისათჳს ნიჭსა სულისასა, რამეთუ ღმრთეებით ვითარცა მამისაგან, ეგრეთვე ძისაგან განუშორებელ არს სული წმიდაჲ, და თანა-სამარადისო. ამისსა შემდგომად საქმესა იტყჳს, რომელი წარჰმართა ძემან ღმრთისამან ჴორცთ-შესხმითა თჳსითა, ესე იგი არს ჴსნაჲ კაცთაჲ ტყუეობისაგან, რომელნი სულით და ჴორცით განხრწნილ იყვნეს მძლავრებისაგან ეშმაკისა. და დიდთა ამათ და მაღალთა სიტყუათა შეუდგენს მდაბალსა, ვითარმედ: ღმერთი იყო მის თანა, არა ვითარცა ლიტონსა კაცსა, არამედ ვითარცა ღმერთსა ღმრთისაგანსა, განუშორებელსა მამისაგან.

ამისსა შემდგომად იტყჳს, ვითარმედ: რომელსა-იგი თქუენ სმენით, ამას ჩუენ ხილვით ვწამებთ სასწაულთა მისთა, რომელ ქმნნა სოფლებსა ჰურიასტანისასა, რომლისათჳს შურითა მოკლეს იგი ჰურიათა. იხილე, ვითარ არასადა სირცხჳლ-იჩენს ჯუარ-ცემასა ქრისტესსა, არამედ ზედა-დაჰრთავს სახესა სიკუდილისა მისისასა, ვითარმედ: დამოკიდებითა ძელსა. ამას შეუდგენს სასწაულსა მას აღდგომისასა, რამეთუ: ღმერთმან აღადგინა იგი; რომლითა ცხად არს, ვითარმედ ღმრთეებისა ბუნებითა ერთ არს მოქმედებაჲ მათი, და ვითარცა მამაჲ, ეგრეთვე ძე აღმადგინებელ იყო დარღუეულისა მის ტაძრისა ჴორცთაჲსა. ხოლო საიდუმლოჲ თჳსისა აღდგომისაჲ არა ყოველსა ერსა განუცხადა ქრისტემან, არამედ მოციქულთა ოდენ. და არა თუ შიმშილით, საჴმრად ჴორცთა ჭამა, არამედ დასამტკიცებელად აღდგომისა. რამეთუ, ვინაჲთგან არარას ესევითარსა მოქენე იყვნეს საუფლონი იგი ჴორცნი, ამისთჳს თჳთ თავადმან თქუა: რაჟამს ვსუა ახალი; ესე იგი არს, რამეთუ ზეშთა ბუნებისა ახალ და უცხო იყო მაშინდელი იგი ჭამაჲ და სუმაჲ მისი. ამისთჳს ნაცვალად ყოველთა სასწაულთა შემდგომად მკუდრეთით აღდგომისა ჭამაჲ ხოლო და სუმაჲ ყო წინაშე მოწაფეთა, რამეთუ აღდგომაჲ მისი მკუდრეთით — სასწაულ იყო, ზეშთა ყოველთა სასწაულთა, ხოლო ჭამაჲ იგი და სუმაჲ დამამტკიცებელ იყვნეს აღდგომისა, ვითარმედ ჭეშმარიტებით და არა საოცარ რაჲმე არს.

და მამცნო ჩუენ ქადაგებად ერისა და წამებად, რამეთუ იგი თავადი არს ღმრთისა მიერ განჩინებული მსაჯული ცხოველთა და მკუდართაჲ (10,42).

თარგმანი: ესე არს ძალი ქადაგებისაჲ, ვითარმედ: ღმერთმან ჴორცნი შეისხნა, და ესე არს წამებაჲ მისთჳს, რამეთუ უწამებდეს მოციქულნი ერსა, ვითარმედ: უბრალომცა ვართ სისხლისაგან თქუენისა, ნუ-უკუე უმეცრებით ლიტონად კაცად სახილველობითა შეურაცხ ჰყოთ ღმრთისა მიერ განჩინებული, ესე იგი არს მისვე მამულისა არსებისაგან შობილი ძე ღმრთისაჲ, რომელი-იგი არს მსაჯული ცხოველთა და მკუდართაჲ. ცხოველ ეწოდების სულთა, ხოლო მკუდარ — ჴორცთა მათ მკუდრეთით აღდგომილთა, და ამით პირითა მსაჯული ცხოველთა და მკუდართაჲ — ერთბამად სულთა და ჴორცთა ჩუენთა მსაჯულ არს დღესა მას საშჯელისასა, რაჲთა ზოგად მიაგოს მათ, რაჲცა რაჲ ზოგად ქმნეს სოფელსა ამას შინა. და კუალად სახისმეტყუელებით ცხოველ ეწოდების მართალთა და მკუდარ — ცოდვილთა. და ამით პირითა მსაჯული იგი ცხოველთა და მკუდართაჲ მსაჯულ იწოდების მართალთა და ცოდვილთა, რომლისა წინაშე წარდგომად ვართ ყოველნი.

ამას ყოველნი წინაჲსწარმეტყუელნი ეწამებიან მოტევებასა ცოდვათასა მოღებად სახელითა მისითა, ყოველთა, რომელთა ჰრწმენეს მისა მიმართ (10,43).

თარგმანი: არა თავით თჳსით იტყჳს, ვითარმედ იგი არს ძე ღმრთისაჲ, არამედ უძლიერესად წიგნებითა წინაჲსწარმეტყუელთაჲთა დაამტკიცებს, ვითარმედ იგი არს მიმტევებელი ცოდვათაჲ. ხოლო ესე რაჲ დამტკიცდეს, თჳთ ჰურიანი წამებენ, ვითარმედ: არავის ჴელ-ეწიფების მიტევებად ცოდვათა, გარნა ღმერთსა მხოლოსა, და ჭეშმარიტად იგი არს ღმერთი სრული და კაცი სრული.

და ვიდრე-იგი იტყოდა-ღა პეტრე სიტყუათა ამათ, მოვიდა სული წმიდაჲ და დაადგრა ყოველთა ზედა, რომელთა ესმოდა სიტყუაჲ იგი, და დაუკჳრდა წინა-დაცუეთილებისაგანთა მორწმუნეთა, რაოდენნი-იგი შევიდეს პეტრეს თანა, რამეთუ წარმართთაცა ზედა ნიჭი იგი სულისა წმიდისაჲ მიფენილ არს. რამეთუ ესმოდა მათ, იტყოდეს რაჲ ენათა და ადიდებდეს ღმერთსა (10,44-46).

თარგმანი: იხილე განგებულებაჲ ღმრთისაჲ, რომელმან არა დრო-სცა პეტრეს განსრულებად სიტყჳსა, არამედ თჳნიერ ბრძანებისა მისისა და პირველ ნათლის-ღებისა მოჰფინა სული წმიდაჲ წარმართთაგანთა მათ მორწმუნეთა, რამეთუ უკუეთუ შემდგომად ამისსა ჯერეთ სიტყუაჲ მიჰჴადეს პეტრეს იერუსალემს შინა, მისლვისათჳს კორნილოჲს მიმართ, რაჲღამცა ექმნა, უკუეთუმცა არა წინასწრობით, არამედ ნათლის-ცემითა და ბრძანებითა პეტრესითა მიეღო მათ ნიჭი სულისა წმიდისაჲ? ამისთჳს აწ წინა-უსწრო ნათლის-ღებასა მიფენამან სულისამან, რაჲთა ვერცა ერთმან ვინ აბრალოს პეტრეს ნათლის-ცემისათჳს მათისა.

ხოლო ესე ცხად არს, ვითარმედ პირველად ჰრწმენა მათ სიტყუაჲ იგი პეტრესი, ვითარმედ სახელითა იესუჲსითა იქმნების მიტევებაჲ ცოდვათაჲ და სარწმუნოებასა შეუდგა მიტევებაჲ და მიტევებასა —ნიჭი სულისა წმიდისაჲ, რომელი-ესე დაღაცათუ პირველ ნათლის-ღებისა იყო, არამედ ეგრეთცა პეტრეს სიტყუათა მიერ და სწავლათა, და შემდგომად რწმუნებისა მათისა სიტყუათა მისთა; რამეთუ თჳნიერ სარწმუნოებისა ვერ ეგების მიღებად ნიჭსა სულისასა, რაოდენცა ქველის-მოქმედ იყოს ჯერეთ ურწმუნოებასა შინა მყოფი იგი. ამისთჳს ჰურიათაგანთა მათ, პეტრეს თანა მყოფთა, დაუკჳრდა საქმე ესე, ვითარცა უმეცართა განგებულებისათა. ხოლო პეტრეს არა დაუკჳრდა, რამეთუ მეცნიერ იყო ძალსა, რომლისათჳს საკჳრველებაჲ ესე იქმნა - პირველ ნათლის-ღებისა მიფენაჲ სულისაჲ. გარნა აწ ნუმცა ვინ დრტჳნავს და იტყჳს თუ: რაჲსათჳს არა აწცა ხილულად მეტყუელებითა ენათაჲთა და მოქმედებითა სასწაულთაჲთა განცხადნების ნათელ-ღებულთა ზედა მოსლვაჲ სულისაჲ, რამეთუ მაშინ ჯერეთ ჩჩჳლ-ღა იყვნეს დასაბამსა სარწმუნოებისასა, და თჳნიერ ხილულთა სასწაულთა ვერ გულსავსე იქმნებოდეს უეჭუელად მოფენისათჳს სულისა, ხოლო აწ ჩუენ, ვითარცა ქრისტეს მიერ სრულთა, უხილავი იგი ნათელ-ღებულთა ზედა გარდამოსლვაჲ სულისაჲ უეჭუელად და მტკიცედ გურწამს.

მაშინ მიუგო პეტრე და ჰრქუა: წყლისაგან ნუ-რაჲ ყენება არსა არა ნათლის-ცემაჲ ამათი, რომელთა-ესე სული წმიდაჲ მიიღეს, ვითარცა-იგი ჩუენ? და უბრძანა მათ ნათლის-ღებად სახელითა იესუ ქრისტესითა. მაშინ ევედრნეს მას, რაჲთა დაადგრეს მათ თანა დღე რავდენმე (10,47-48).

თარგმანი: ვინაჲთგან ჰურიანი იტყოდეს, ვითარმედ შეუძლებელ არს ნათლის-ღებითა ცხოვნებაჲ წარმართთაჲ, ამისთჳს სიტყუა-უგებს პეტრე, ვითარმედ: რაჲღა ყენება არს ნათლის-ცემად მათდა? ცხად არს, ვითარმედ აყენებდეს მას, ვიდრემდის აღჳრ-ასხნა სასწაულმან მან სულისა წმიდისამან. ხოლო შენ იხილე საჭიროდ საჴმარებაჲ წყლითა განბანისა და ნათლის-ღებისაჲ, რამეთუ აჰა ღირს-ქმნულნიცა მადლსა სულისასა წყლითა ნათლის-ღებისავე მოქენე არიან. ამისთჳს არა იტყჳს პეტრე, ვითარმედ: რადღა საჴმარ არს წყლითა ნათლის-ცემაჲ სულითა წმიდითა აღვსებულთადა; არამედ: რაჲ ყენება არსო. ცხად არს, ვითარმედ ვინაჲთგან პირველი შობაჲ ჩუენი ხრწნილებითი არს, საჴმარ არს ჩუენდა მეორედ შობაჲ უხრწნელებითი, რომლისათჳს იტყჳს უფალი: უკუეთუ არა იშვნეთ წყლისაგან და სულისა, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ღმრთისასა, რამეთუ წყლისა მიერ ხატებაჲ განახლდების, ხოლო სულისა მიერ შვილებისა მადლი მოგუეცემის და გულსავსებასა მოვიღებთ მკუდრეთით აღდგომისა და ცხორებისასა, რამეთუ ვითარცა ადვილ არს შთაყოფაჲ თავისაჲ წყალსა და კუალად აღმოღებაჲ, ეგრეთვე ადვილ არს შემდგომად ერთ-გზის სიკუდილისა და განხრწნისა კუალად მეორედ აღდგომაჲ და უხრწნელ ყოფაჲ. ამისთჳს სახელსა რაჲ ზედა იესუჲსსა გესმას ნათლის-ღებაჲ, გულისჴმა-ყავ, ვითარმედ სადაცა ერთი სამებისაგანი იჴსენოს, მუნ ორნიცა-იგი განუყოფელ არიან მისგან, ვინაჲცა ჩუენ, დაღაცათუ მსგავსებითა ქრისტეს სი კუდილისაჲთა ნათელს-ვიღებთ და სამ დღე დაფლვასა მისსა თანა-დავეფლვით სამ-გზის შთაყოფითა ემბაზსა შინა, რაჲთა მის თანა აღვდგეთ, არამედ ეგრეთცა მაშინ მიიღებს ნათლის-ღებაჲ სრულებასა, რაჟამს ნათელ-ვიღოთ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა. ამითვე სახელითა ნათელ-სცემდა თავი მოციქულთაჲ წარმართთა, ვითარცა ბრძანებულ იყო ქრისტესგან, დაღაცათუ დაჴსნისათჳს წარმართთა მრავალღმრთეებისა, ერთითა ამით სახელითა უფლისა იესუ ქრისტესითა უბრძანა მათ ნათლის-ცემაჲ, ვითარცა მეცნიერმან, ვითარმედ განუყოფელად ძისა თანა არიან მამაჲ და სული წმიდაჲ. ესრეთ უკუე, ნათელ-სცა რაჲ კადნიერებით, დაადგრა დღე რავდენმე ჯეროვნად განსწავლად მათდა.

ხოლო ესმა მოციქულთა მათ და ძმათა, რომელნი ჰურიასტანს იყვნეს, ვითარმედ წარმართთაცა შეიწყნარეს სიტყუაჲ ღმრთისაჲ. და რაჟამს აღვიდა პეტრე იერუსალემდ, ერიდებოდეს მას წინა-დაცუეთილებისაგანნი ძმანი და იტყოდეს, ვითარმედ: კაცთა მიმართ წინა-დაუცუეთელთა შეხუედ და მათ თანა შჭამე (11,1-3).

თარგმანი: რაჟამს სამარიტელთა მოქცევაჲ ესმა, განიხარეს და მიავლინნეს მათდა პეტრე და იოვანე. ხოლო აწ რაჲსათჳს წუხან სმენითა წარმართთა მოქცევისაჲთა? ამისთჳს, რამეთუ სამარიტელნი ზოგნი ჰურია იყვნეს, ხოლო წარმართნი — ყოვლად უცხო შჯულისაგან ჰურიათაჲსა. წარმართნი უკუე მრავალ თესლ იყვნეს და საშურველ, ხოლო სამარიტელნი — ერთ, და არა ფრიად საშურველ. და კუალად, ესოდენ მოშურნე იყვნეს ჰურიანი მამულთა შჯულთა დაჴსნისათჳს, რომელ არცაღა თუ თავისაგან მოციქულთაჲსა და მოძღურისა ყოველთაჲსა შეიკდიმეს მხილებად მისსა წარმართთა შეხებისათჳს.

ნაშრომები > კომენტარები საქმეებზე და კათოლიკე ეპისტოლეებზე, წმ.იოანე ოქროპირი, წმ. ეფრემ მცირე > თარგმანებაჲ საქმისა მოციქულთაჲსა > თავი ი̂ე. ჩუენებისათჳს პეტრესსა და კორნილიოჲსსა, და ნათლის-ღებისათჳს კორნილიოჲსსა