მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი ი̂ჱ. ჰეროდეს მიერ შეპყრობისათჳს პეტრესსა, და ვითარ ანგელოზისა მიერ განტევებულ იქმნა

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

მას ჟამსა შინა ჴელი მიყო ჰეროდე მეფემან ძჳრის-ყოფად რომელთამე ეკლესიისაგანთა, და მოკლა იაკობ, ძმაჲ იოვანესი, მახჳლითა (12,1-2).

თარგმანი: მასვე ჟამსა სიყმილისასა, რომელი იყო დღეთა მათ კლავდის კეისრისათა, ჴელი მიყო ჰეროდე. საცნაურ არს, ვითარმედ სხუაჲ იყო ჰეროდე ჩჩჳლთა მსრველი, და სხუა —ჰეროდე, რომელმან თავი მოჰკუეთა იოვანეს ნათლისმცემელსა, და ესევე ჰეროდე იყო ჯუარ-ცუმასა უფლისასა. ხოლო აწ თქუმული ესე ჰეროდე, მომკლველი იაკობისი, აღრიპპადცა სახელდებულ არს და ჰეროდედცა. რამეთუ, ვითარ-იგი მეფეთა ეგჳპტისათა ყოველთა, თითოეულისა საკუთარსა სხუასა სახელსა ზედა ნართაულად ფარაოცა უწოდდიან, ეგრეთვე ამათ ჟამთა კლავდის კეისრისათა მყოფსა აღრიპას ჰეროდე უწოდს ნართაულად. რამეთუ სხუაჲ-იგი ჰეროდე, მკლველი ნათლისმცემელისაჲ, რომელი იყო ჯუარ-ცუმასაცა ქრისტესსა, ბილწებისათჳს და მკლველობისა მისისა, თანა ჰეროდიაჲთურთ ექსორია-იქმნა გაიოჲს მიერ კეისრისა ლუღდონოს კენტო გალატიაჲსასა. და მის წილ დაიდგინა აწ ჰეროდედ წოდებული ესე აღრიპპა, რომელმან აწ დევნულებაჲ აღადგინა ეკლესიათა ზედა და მოკლა იაკობ, არა ძმაჲ უფლისაჲ, არამედ ძმაჲ იოვანესი მახჳლითა, ესე იგი არს, დანაკითა დაკლა ცხოვრებრ. ამისთჳს მატლთა საჭმელ იქმნა და სულნი წარჰჴდეს. და ესე ყოველი იქმნა არა მყის მას ჟამსა, ოდეს პავლე და ბარნაბა იერუსალემდ წარვიდეს, არამედ მათ ჟამთა შინა კლავდის კეისრობისათა. ხოლო ამისთჳს მიუშუა ღმერთმან მოკლვად იაკობისა, რაჲთა წინაჲსწარ ხარებული იგი მისდა სასუმელი წამებისაჲ შესუას და სისხლითა თჳსითა ნათელ-იღოს, მობაძავად ვნებათა საუფლოთა, და რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ ამისთჳს შეჰკადრებდეს მოციქულნი კადნიერებით ქადაგებასა, რამეთუ უწყოდეს, ვითარმედ ღმერთი არა მიუშუებს მოკლვად მათდა, ვინაჲცა მოკლულნი სძლევდეს მომკლველთა, და დაშთომილნი იგი ბაძვითა მოკლულთაჲთა უკადნიერესად ქადაგებდეს ქრისტესა.

და ვითარცა იხილა, რამეთუ სათნო უჩნდა ჰურიათა მათ, შესძინა შეპყრობაჲ პეტრესიცა, რამეთუ იყვნეს დღენი იგი უცომოებისანი. და შე-რაჲ-იპყრა იგი, შესუა საპყრობილესა, და მისცა იგი ოთხთა ოთხეულთა ერისაგანთა ცვად. ესრეთ ეგულებოდა, რაჲთა შემდგომად ზატიკისა აღიყვანოს იგი და მისცეს ერსა მას (12,3-4).

თარგმანი: არა ესე არს საქმე მეფისაჲ, რაჲთა შფოთსა ერისასა აღაზრზენდეს მკლველობისათჳს, არამედ რაჲთა აყენებდეს და განაკრძალებდეს მათ. ხოლო ესე აღრიპპა ჰეროდე სხჳსა ჩჩჳლთმკლველობასა ჰბაძავს, და კულად სხჳსა ჰეროდესსა — მოკლვასა წინამორბედისასა, სიკუდილითა იაკობისითა და შეპყრობითა პეტრესითა. და ამას ჰყოფს დღესასწაულსა მას უცომოებისასა, რომელსა ჰურიანი ფასეკ უწოდდეს, რაჲთა უმეტეს მოიმადლოს სიმრავლე იგი მედღესასწაულეთა მათ ჰურიათაჲ, რომელთა-იგი წყურილი უწყოდა სიკუდილისათჳს პეტრესსა, რამეთუ მას ხედვიდეს თავად მბრძოლთა და მახჳლად ბანაკისა მოციქულთა, ბრძოლად მათდა განწყობილთაჲსა. გარნა შენ იხილე ჰურიათაჲ, ვითარ მკლველობისა ბრალსა არა ერიდებიან, ხოლო დღეთა დღესასწაულისათა იზმნიან საჩუენებელად კაცთა, და გარეგან დღესასწაულისა, ქმნითა სისხლის-მსუმელობისაჲთა სირცხჳლსა თჳსსა ჰფარვენ უმრავლესისა ერისაგან. ამისთჳს აღრიპპა სცავს მოციქულსა ოთხთა მიერ ოთხეულთა, რომელ არიან ათექუსმეტნი კაცნი, რომელნი-იგი ოთხ-ოთხი ოთხად განიყოფდეს ცვასა ღამისასა, რაჲთა უფრთხილესად სცვიდენ.

და პეტრე ცვულ იყო საპყრობილესა მას შინა, ხოლო ლოცვაჲ გულს-მოდგინედ იყოფვოდა ეკლესიათა მიერ ღმრთისა მიმართ მისთჳს (12,5).

თარგმანი: ვინაჲთგან მოსალოდებელ იყო მსგავსადვე იაკობისსა მოკლვაჲ პეტრესიცა, ამისთჳს ყოველნი ეკლესიანი მორწმუნეთანი თჳსად-თჳსად ლოცვასა ჰყოფდეს და შევრდომით ითხოვდეს ღმრთისაგან ცხორებასა ტკბილისა მის და სახიერისა მოძღურისასა.

რაჟამს უკუე ეგულებოდა ჰეროდეს გამოყვანებად და მიცემად ჴელთა მათთა, მას ღამესა ეძინა პეტრეს შორის ორთა ერისაგანთა, შეკრულსა ჯაჭჳთა მრჩობლითა, და მჴუმილნი იგი წინაშე კართა სცვიდეს საპყრობილესა მას (12,6).

თარგმანი: იხილე, ვითარ მიამყოვრა ღმერთმან გამოყვანებაჲ მისი საპყრობილით ვიდრე მუნ ჟამამდე, რომელსა ხვალისაგან მისცემდეს სიკუდიდ, რაჲთა მოციქულსა ჭირთა თავს-დებაჲ ასწავოს, და რაჲთა პირისაგან სიკუდილისა გამოტაცებაჲ მისი უსაკჳრველეს ყოს. რამეთუ ესოდენ კრძალულებით სცვიდეს სიკუდიდ, რომელ ორნი მჴედარნი მარადის მის თანა შეკრულ იყვნიან, და ჯაჭუნი — ორკეც, ხოლო სხუანი იგი წინაშე კართა დგეს დასად-დასად მღჳძარენი, რაჲთა ვერ ივლტოდის მათგან. ხოლო მოციქული უზრუნველად მძინარე იყო, ვითარცა ახოვანი და უშიში სულითა, რამეთუ ღმრთისადა მიეტევა ყოველი ზრუნვაჲ თჳსი. არამედ მოწაფენი მისნი ყოველთა შინა ეკლესიათა, ვითარცა შვილნი მამის მოყუარენი, ღამის-თევით მღჳძარე და ლოცვასა შინა დადგრომილ იყვნეს ცხორებისათჳს მისისა.

და აჰა ანგელოზი უფლისაჲ ზედა მოადგა, და ნათელი გამობრწყინდა სახლსა მას შინა, და სცა გუერდსა პეტრესსა და განაღჳძა იგი და ჰრქუა მას: აღდეგ ადრე. და დასცჳვეს ჯაჭუნი იგი ჴელთაგან მისთა (12,7).

თარგმანი: მოსლვასავე თანა ანგელოზისასა ნათლითა აღივსო სახლი იგი, რაჲთა არა საოცარ ჰგონოს, არამედ მღჳძარითა თუალითა იხილოს, ხოლო გუერდსა ამისთჳს სცა ანგელოზმან, რამეთუ აღადგენდა მას უზრუნველად მწოლარებისაგან, რაჲთა არა სიკუდიდ განწიროს თავი თჳსი, არამედ ეძიებდეს ღონესა ცხორებისასა, და დაჴსნილებისა წილ მოსწრაფე იქმნეს. ამის ყოვლისა დამამტკიცებელად სიტყუასავე თანა მყის დასცჳვეს ჯაჭუნი ჴელთა მისთანი, რაჲთა სარწმუნო უჩნდეს, ვითარმედ ანგელოზი არს.

ჰრქუა მას ანგელოზმან მან: მოირტყ და შეისხენ სანდალნი შენნი! და მან ყო ეგრე. და ჰრქუა მას: შეიმოსე სამოსელი შენი და შემომიდეგ მე! და განვიდა და შეუდგა მას, და არა უწყოდა, ვითარმედ ჭეშმარიტ არს, რომელი-იგი იყო ანგელოზისა მისგან. ეგრე ჰგონებდა, ვითარმედ ჩუენებასა იხილავს (12,8-9).

თარგმანი: უკუეთუ შემდგომად ესოდენისა მის დაწყნარებით თქუმისა, ვითარმედ: "შეირტყ, შეისხენ და შეიმოსე", ჯერეთ უმეცარ-ვე იყო პეტრე და საოცარ-რაჲმე ჰგონებდა საქმესა მას ანგელოზისასა, რაჲღამცა ექმნა, უკუეთუმცა შფოთებით-რაჲმე და აღტაცებით ქმნილ იყო. რამეთუ არავინ, კაცობრივ მლტოლვარე სიკუდილისაგან, იკადრებს ზრუნვად სანდალთათჳს და სარტყლისა, არამედ ფრიად იხარებნ, უკუეთუ ყოვლად შიშუელიცა განერეს რაჲთმე, გარნა, სადა ღმერთი იყოს მჴსნელ და ანგელოზი - გამომყვანებელ, ესოდენ ყოვლითურთ უნაკლულო იქმნების ჴსნაჲ მათ მიერი. ხოლო ჩუენდა საძიებელ არს, ნუ-უკუე წინა-აღმდგომ ქრისტეს ბრძანებათა არიანა თავნი მოციქულთანი, რომელთა-იგი არა აქუნდა ბრძანებაჲ მისგან მოგებად ორთა სამოსელთა გინა ჴამლთა, და აჰა ვხედავთ, რამეთუ პეტრე მოსიერი წვა, არა შიშუელი, და კუალად ანგელოზი უბრძანებს სხჳსაცა სამოსლისა და სანდალთა შესხმად, რომელ-ესე არს ორი სამოსელი. და კუალად, პავლე მიუწერს ტიმოთეს მოტანებასა ფილონისასა, და მუნ, სადა იყო, არავე შიშუელი იყო. აწ უკუე რაჲ? წინააღმდგომ ქრისტესსა არიანა? ნუ იყოფინ! არამედ ცხად არს, ვითარმედ ესე მაშინდელი ბრძანებაჲ ორთა სამოსელთა არა შემოსისაჲ თჳთვე ცვალა ქრისტემან სიტყჳთა მით, ვითარმედ: ოდეს-იგი წარგავლინენ თქუენ თჳნიერ ბალანტისა და ვაშკარანისა და ფერჴთა შესასხმელისა, ნუ გაკლდა-რაჲმე-ა? ესე იგი არს, ვითარმედ: ვინაჲთგან დასაბამსა ქადაგებად წარვლინებისასა ჯეროვნად გამოცდილ გყვენ ყოველსავე შინა უნაკლულოებითა, ვითარცა მინდობილნი სიტყჳსა ჩემისანი, აწ კუალად ამას გიბრძანებ, რაჲთა გაქუნდეს საჭიროდ ორი სამოსელი, რომელთაგანსა ერთსა მაშინვე უბრძანა მიცემაჲ ფასად მახჳლისა, ვითარმედ: რომელსა აქუნდეს ორი სამოსელი, განყიდენ ერთი და იყიდენ მახჳლი. ცხად არს, ვითარმედ პირველ ვნებისავე ებრძანა მოწაფეთადა მოგებაჲ ჴამლთაჲ, რამეთუ ყოველსა სოფელსა წარავლენდა, და ორისა სამოსლისაჲ, რომელთაგანითა ერთითა მაშინ აწუევდა მახჳლისა სყიდასა, არათუმცა კმა ეყვნეს ორნი იგი საჴმარად პასექისა.

და ვითარ განვლეს მათ პირველი საჴუმილავი და მეორე, მიიწინეს იგინი ბჭეთა მათ რკინისათა, რომელი შევიდოდა ქალაქად, რომელცა-იგი თჳთ განეღო მათ (12,10).

თარგმანი: ამიერ ცხად არს, ვითარმედ შიშითა უმეტესისა ცვისაჲთა არა ერთსა ოდენ, არამედ ორსა ადგილსა შორი-შორს გზათა ზედა დგეს მცველნი, რაჲთა, დაღათუ ერთთა თანა-წარჰჴდეს პარვით, მეორეთა შეიპყრან, და ამათ უწოდს პირველად და მეორედ საჴუმილავად, რამეთუ საჴუმილავი საცავსა ეწოდების. ხოლო ბჭეთა რკინისათა ქალაქად შეყვანებითა ესე გუეუწყების, ვითარმედ გარეგან ქალაქისა იყო საპყრობილე იგი, საცავი მოციქულისაჲ.

და ვითარცა განვლეს იგი, წარვლეს უბანი ერთი, და მეყსეულად განეშორა მისგან ანგელოზი იგი (12,10).

თარგმანი: რაჟამს არღარაჲ იყო საშიშ და დამაბრკოლებელ სლვათა პეტრესთა, მაშინღა განეშორა მისგან ანგელოზი იგი. რამეთუ პირველ ამისსა ვერ წარჰვლიდა პეტრე საშიშთა მათ ადგილთა თავით თჳსით, არათუმცა ჰქონებოდა მას წინამძღურებაჲ იგი ანგელოზისაჲ დამჴსნელად ყოვლისა შიშისა.

და პეტრე მოეგო გონებასა თჳსსა და თქუა: აწ უწყი ჭეშმარიტად, რამეთუ მოავლინა ღმერთმან ანგელოზი თჳსი და განმარინა მე ჴელთაგან ჰეროდესთა და ყოვლისაგან მოლოდებისა ერისა მის ჰურიათაჲსა (12,11).

თარგმანი: ცხად არს, ვითარმედ ორთა მათგან განსლვათა გონებისათა არა ცოდვისა გულის-თქუმათა სიმთრვალითა განსრულ იყო პეტრე გონებისაგან, არამედ ხილვითა მით ანგელოზისა ბრწყინვალებისაჲთა ზეშთა კაცობრივისა საზომისა აღტაცებულ იყო გონებითა და ეგრეთ უცნაურად წარვლნა რაჲ საშიშნი იგი ადგილნი, მაშინღა მოეგო გონებასავე თჳსსა განცხადებულად ცნობად, ვითარმედ არღარა ოცნებით, არამედ ჭეშმარიტებით ჴსნილ არს საპყრობილით, რამეთუ ვიდრე მუნ ჟამამდე ეგრეთ ჰგონებდა, ვითარმედ ჩუენებასა იხილავს. ამისთჳს თქუა, ვითარმედ: აწ უწყი, რამეთუ არა სიზმარ, არამედ ჭეშმარიტება არს ჴსნაჲ ესე ჩემი ყოველთაგან მოძულეთა სულისა ჩემისათა.

გულსა მოეგონა და მოვიდა სახლსა მარიამისსა, დედისა მის იოვანესსა, რომელსა ერქუა მარკოზ, სადა-იგი იყვნეს მრავალნი შეკრებულ და ილოცვიდეს (12,12).

თარგმანი: რაჲ მოეგონა გულსა? არამედ ესე, თუ სადა არს, ანუ სადა უჴმს წარსლვაჲ, რამეთუ არა წარვიდა დამალვად პირველ, ვიდრე არა მივიდა სახლსა მარიამისსა, დედისა მის მარკოზ წოდებულისა იოვანესსა, რომელი-იგი ყოველსა ადგილსა ითქუმის თანა-მავალად პავლესსა და ბარნაბაჲსსა. ამის იოვანეს დედისა სახლი იყო შესაკრებელ წმიდათაჲ, სადა-იგი მღჳძარებით ლოცვაჲ მათ ესოდენ განძლიერდა, რომელ საპყრობილით და ჯაჭუთა და მცველთაგან იჴსნა პეტრე.

და ვითარცა ჰრეკა პეტრე კარსა ბჭისასა, გამოვიდა მჴევალი ერთი სმენად, რომელსა სახელი ერქუა როდი, და იცნა ჴმაჲ იგი პეტრესი. სიხარულითა არა განუღო მას კარი, არამედ შინა შერბიოდა და უთხრა, ვითარმედ: პეტრე კართა ზედა დგას. ხოლო მათ ჰრქუეს მას ვითარმედ: ჰბორგი? ხოლო იგი დაამტკიცებდა, ვითარმედ: ესრეთ არს (12,13-15).

თარგმანი: იხილე, ვითარ მჴევალნიცა ერთ-პატივ იყვნეს და სწორ უფალთა სიმდიდრითა სარწმუნოებისაჲთა, ვითარ-ესე აწ, რომელსა ესმა ჴმაჲ რეკებისაჲ, და ცნა, ვითარმედ პეტრე არს, სიხარულისაგან ძლეულმან არა განუღო კარი, არამედ რბიოდა წინა-ხარებად სურვიელთა მიმართ, რომელი-ესე ამისთჳს განეგო, რაჲთა არა მოულოდებელითა სიხარულითა საოცარ ჰგონონ მეყსა შინა წარმოდგომაჲ პეტრესი. ამისთჳს წინაჲსწარ განიწუართნეს გონებანი მათნი ცილობითა მახარებელისა მის მათისა მჴევლისაჲთა.

ხოლო იგინი იტყოდეს: ანგელოზი მისი არს (12,15).

თარგმანი: საცნაურ არს, ვითარმედ კაცად-კაცადისა ქრისტეანისა მცველად ღმრთისა მიერ ანგელოზი დადგინებულ არს. და ანგელოზი ერთი ბანაკისა დიდისა მიმსგავსებულ არს ჴმისაებრ მგალობელისა, ვითარმედ: დაიბანაკებს ანგელოზი უფლისაჲ გარემოჲს მოშიშთა მისთა და იჴსნის მათ. არამედ ვეკრძალნეთ ქმნად ცოდვისა, რამეთუ, ვითარცა კუამლი ფუტკართა, და სიმყრალე ტრედთა, ეგრეთვე სულ-მყრალობაჲ ცოდვისაჲ წარიოტებს ანგელოზსა მას მცველსა ჩუენსა და შიშუელ გუყოფს ფარვისაგან მისისა.

და პეტრე ჰრეკდა კარსა მას ზედაჲს-ზედა. ხოლო გან-რაჲ-უღეს, იხილეს იგი და განჰკრთეს. მან ჴელი განუყარა მათ, რაჲთა დადუმნენ. და მიუთხრა მათ, ვითარ-იგი უფალმან გამოიყვანა საპყრობილით, და ამცნო: უთხართ ესე იაკობს და ძმათა ყოველთა. და განვიდა და წარვიდა სხუასა ადგილსა (12,16-17).

თარგმანი: ზედაჲს-ზედა ჰრეკდა, რამეთუ წარსლვაჲ ეგულებოდა და ისწრაფდა ღამე დამალვად უეჭუსა ადგილსა. ხოლო გან-რაჲ-უღეს, მყის დააცხრვო შფოთებაჲ მათი მითხრობითა სახესა თჳსისა საპყრობილით გამოჴსნისასა. და ამცნო, რაჲთა მიუთხრან იგი, არა საჩუენებელად და საქადულად ყოველსა ერსა, არამედ იაკობს და ძმათა ოდენ ყოველთა, რაჲთა არღარა იურვოდინ მისთჳს. ამისსა შემდგომად განვიდა და წარვიდა დამალვად, რამეთუ არა ბრძანებულ იყო მსგავსად პირველისა, ვითარმედ: მივედ და დადეგ ტაძარსა შინა, არამედ დუმილით მიფარვაჲ იგი ანგელოზისაჲ აწუევდა მას დამალვად, რამეთუ არა ყოველსავე ღმერთი იქმს, არამედ რომელსამე ჩუენ გჳბრძანებს ქმნად კრძალულებასა თავთა ჩუენთასა, რაჲთა არა შთავსთხინეთ განსაცდელსა.

და ვითარცა განთენა, არა მცირედი შეზრუნვებაჲ იყო ერისკაცთაჲ მათ, ვითარმედ: რაჲ-მე იქმნა პეტრე. და ჰეროდე ეძიებდა მას და არა პოვა. მაშინ განიკითხნა მცველნი იგი და ბრძანა მოკლვაჲ მათი (12,18-19).

თარგმანი: ვიეთნიმე ამის საქმისათჳს აბრალებენ თავსა მოციქულთასა და იტყჳან, ვითარმედ მის ძლით მოიკლნეს მცველნი იგი. ხოლო ბრალობაჲ ესე მიიწევის ღმრთისა, რამეთუ იგი იყო გამომყვანებელი პეტრესი ანგელოზისა მიერ. იხილე, საყუარელო, რამეთუ პეტრეს ბრალობითა ღმრთის მაბრალობელ იქმნები, უკუეთუ არა მყის განიფრთხო და გულისჴმა-ჰყო, ვითარმედ არავისი არს აქა სხჳსაჲ ბრალი თჳნიერ ჰეროდეს მძჳნვარებისაჲ, რომელსა არა ეხილვა საპყრობილე განთხრილი, არცა ჯაჭუნი დაჭრილნი და დაჴსნილნი, ხოლო უკუეთუ საპყრობილით დაჴშულით და მცველთა გარე-მომცველთაგან და ჯაჭუთა გებულად დაცჳვნებულთაგან გამოიტაცა პეტრე (ცხად არს, ვითარმედ — არა ვისგან სხჳსაგან, თჳნიერ საღმრთოჲსა განგებულებისაგან), არა სრულიად პირუტყულისა გულის-წყრომისაჲ არსა საქმე ესე? რამეთუ რაჲ მიზეზი ჰპოვე, ჵ განლიგებულო, განიკითხენ რაჲ მცველნი; ნუ-უკუე ქრთამი მიეღოა მისგან, რომელსა-იგი არცა თუ ერთისა მკელობელისა დავრდომილისათჳს რაჲმე აქუნდა მისაცემელად, არათუმცა კაცთა ესოდენთა მჴედართა? ანუ უდებებით სცვიდესა? არამედ წამებს საპყრობილე გებული და ჯაჭუნი მრთელად დაცჳვნებულნი და ესოდენნი იგი დღენი პყრობილებისა მისისა და დაცვისანი. ხოლო უკუეთუ თჳთ მას ოდენ ჟამსა მოკლვისასა ზეშთა ყოვლისა ღონისა კაცობრივისა პირისაგან სიკუდილისა გამოტაცებულ იქრა მოციქული, ესე ღმრთისა განგებულებისაჲ არს, რომელმან ყოვლისა სოფლისა ცხორებისათჳს დაჰმარხა იგი, რაჲთა იერუსალემს დაწყებული სიტყუაჲ ქადაგებისაჲ ვიდრე ჰრომემდე განჰფინოს. და ესე მის მიერ ცხოვნებულთაჲ იყო შესაძინელი, ხოლო მოციქულისათჳს არა უმძიმეს იყო იაკობისებრ დაკლვაჲ ჰეროდეს მიერ — თავ-დამოქცევით ჯუარცუმასა მას ნერონის მიერ; რაჲთა დაუტევო თქუმად გზისა ჭირნი და შურომანი მისნი. ვინაჲცა პეტრე ყოვლად უზრუნველად მძინარე იყო, ვიდრემდის ანგელოზმან უგუმირა და აღადგინა არა-განწირვად სიკუდიდ, და გამოიყვანა რაჲ საპყრობილით, მაშინღა წარვიდა და დაიმალა, რაჟამს ცნა, ვითარმედ ჯერეთ არა ბრძანებულ არს ღმრთისა მიერ აღსასრული მისი.

და მოვიდა მიერ ჰურიასტანით და კესარიას იქცეოდა (12,19).

თარგმანი: და ესეცა განგებულებით იყო — მოკლვითა მით სტეფანესითა და იაკობისითა მიმოგანთესვაჲ მოციქულთაჲ ყოველთა შორის ქადაგებად სახელსა ქრისტესსა.

ხოლო იყო ჰეროდე გულმწყრალ ტჳრელთა და სიდონელთათჳს, და იგინი მოსრულ იყვნეს ერბამად მისსა, და ქველის-მეტყუელ იყოფდეს ვლასტონს, რომელი იყო სასუენებელსა ზედა მეფისასა, და ითხოვდეს მშჳდობასა, რამეთუ ქუეყანაჲ იგი მათი იზარდებოდა სამეუფოჲსაგან მისისა. და დღესა ერთსა დაწესებულსა ჰეროდე შეიმოსა სამოსელი სამეუფოჲ და დაჯდა საყდართა ზედა და ზრახვიდა მათდა მიმართ. და ერი იგი ღაღადებდა: ღმრთისა ჴმაჲ არს და არა კაცისაჲ! და მეყსეულად სცა მას ანგელოზმან უფლისამან, ამისთჳს, რამეთუ არა მისცა დიდებაჲ ღმერთსა და იქმნა იგი მატლთა შესაჭმელ, და სულნი წარჰჴდეს. და სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ აღორძნდებოდა და განმრავლდებოდა (12,20-24).

თარგმანი: ჟამიერად წარმოიტყჳს თხრობასა ამას, რაჲთა ცხად ყოს, ვითარმედ არა ყოვნა საშჯელმან მოციქულთა მკლველობისამან ჰეროდეს ზედა, და ვითარმედ მლიქნელნი იგი გულისწყრომასა მისსა მომდოვრებად ჰლიქნიდეს, რამეთუ სამეუფოჲსა მისისაგან იყო საზრდელი მათი. არამედ იგი განლაღებული ღმერთ წოდებად თჳსსა არა დააყენებდა მათ. რამეთუ წელსა მესამესა მეფობისა მისისასა შთავიდა იგი კესარიად სტრატონიისა, სადა-იგი აღასრულა თეატროჲ სადიდებელად კეისრისა, და მეორესა დღესა შეიმოსა სამოსელი ვეცხლით ქსოვილი, და დაწყებასა ოდენ დღისასა დაჯდა სახილველსა შინა, ხოლო აღმოჴდა რაჲ მზე მიფენითა შარავანდედთაჲთა, დიდთა რათმე და საზარელთა ფერთა კრთომასა გამოსცემდა შესამოსელი მისი, ვინაჲცა მლიქნელნი იგი მყის სხუაჲ სხჳთ უჴმობდეს და ღმრთად აღიარებდეს, და უფროჲსღა ტჳრელნი და სიდონელნი მომშჳდებისათჳს რისხვისა მისისა ღაღადებდეს, ვითარმედ: მოაქამდე ვითარცა კაცსა გეშიშვოდეთ, ხოლო ამიერითგან ზეშთა კაცობრივისა ბუნებისა აღგიარებთ. ხოლო ჰეროდეს ესე რაჲ ესმოდა მათგან, არა ჰრისხვიდა, არცა გარე-მიაქცევდა ლიქნასა მას, მომატყუებელსა უღმრთოებისასა. და შემდგომად მცირედისა, მიიხილა რაჲ, იხილა ანგელოზისა მიერი იგი ცემაჲ ბოროტის მომატყუებელად თჳსსა, და შინაგან გულისა აქუნდა წყლული, ვინაჲცა მიხედვიდა მეგობართა თჳსთა მიმართ და ჴმობდა: ღმერთი თქუენი მე ვარ-ა? აჰა მყის მიწევნულ ვარ დასასრულსა ცხორებისასა და დაქცევასა სულისასა. ამისთჳს აწ შემთხუეულმან ჩემდა განჭრამან ამხილოს ჴმათა თქუენთა მტყუარ-ყოფაჲ, ვითარ თქუენ მიერ უკუდავ სახელდებული აჰა მყის წარვიტაცე სიკუდილისაგან. ესე თქუა მან განსაქიქებელად თავისა თჳსისა, რომელი-იგი პირველ არცაღა თუ დიდებისა მიცემითა ღმრთისაჲთა საეჭუელ ჰყოფდა, ვითარმედ თჳთ იგი არა ღმერთი არს. ამისთჳს ცოცხლივ მატლთა შესაჭმელობითა და მძლავრ წარჴდითა სულისა მისისაჲთა უმეტესი ფლობაჲ მიეცა სიტყუასა მას საღმრთოჲსა ქადაგებისასა, რომლისა დამაყენებელი ესრეთ ბოროტად განიწუართა აღორძინებად და განმრავლებად მორწმუნეთა და შემაძრწუნებელად და გარემიმაქცეველად მბრძოლთა ურწმუნოთა.

ბარნაბა და სავლე მოიქცეს იერუსალემით ანტიოქიადვე, ვითარ-იგი აღასრულეს მსახურებაჲ მათი. თანა წარიყვანეს იოვანეცა, რომელსა წოდებულ იყო მარკოს (12,25).

თარგმანი: ჯერეთ ბარნაბა წინაჲთ მოიჴსენების, რამეთუ არღა განბრწყინვებულ იყო პაკლე სიმდიდრითა ქადაგებისაჲთა და ძალითა სასწაულთაჲთა, მზეებრ დამფარველ-ყოფად ვარსკულავებისა მის მოწაფეთაჲსა, რომლითა უფროჲს ყოველთა იქმნა, რაჟამს იგი უფროჲს მათ ყოველთაჲსა დაშურა და განცხადნა ყოვლად საღმრთოდ შეცვალებითა და გამოიცადა თანა-მავალობითა მოციქულთაჲთა მსახურებასა შინა წმიდათა საჴმრისასა იერუსალემდ წარვლინებული ანტიოქიით და მიერ მუნვე კუალად-ქცეული ბარნაბაჲთურთ და იოვანეს თანა.

იყვნეს ინტიოქიას შინა მსგავსად კრებულისა მის წინაწარმეტყუელნი და მოძღუარნი ბარნაბა და სჳმეონ, რომელსა-იგი ერქუა ნიგერ, და ლუკიოს კჳრინელი და მანაინ, რომელი-იგი იყო ძუძუსჲმტე ჰეროდე მეფისაჲ, და სავლე (13,1).

თარგმანი: მსგავსად სიმრავლისა ერისა, მრავალ იყვნეს ანტიოქიას შინა წინაჲსწარმეტყუელნიცა და მოძღუარნი; წინაჲსწარმეტყუელნი უკუე — მამხილებელად ურწმუნოთა, ხოლო მოძღუარნი — მასწავლელად მორწმუნეთა. ხოლო შენ იხილე და გულისჴმა-ყავ, ვითარმედ ვერარაჲ პირველთა ჩუეულებათა სიბოროტე დამახრწეველ ექმნების კაცთა, ოდესცა უნდეს მოქცევად და შეცვალებად უმჯობესისა მიმართ. რამეთუ აჰა ჰეროდე წარწყმდა თჳსითა სივერაგითა, ხოლო ძუძუჲსმტე, ესე იგი არს თანა-ზრდილი მისი მანაინ ესოდენ წარემატა, რომელ წინაჲსწარმეტყუელთა და მოძღუართა თანა აღირაცხების. გარნა აქაცა პავლეს უკუანაჲსკნელ მოიჴსენებს, რაჲთა ჩუენ ვისწავოთ არავისი მყის შეცვალებულისაჲ მინდობაჲ პირველთა თანა აღრაცხვად, ვიდრე არა მრავალ ჟამ გამოიცადოს.

ნაშრომები > კომენტარები საქმეებზე და კათოლიკე ეპისტოლეებზე, წმ.იოანე ოქროპირი, წმ. ეფრემ მცირე > თარგმანებაჲ საქმისა მოციქულთაჲსა > თავი ი̂ჱ. ჰეროდეს მიერ შეპყრობისათჳს პეტრესსა, და ვითარ ანგელოზისა მიერ განტევებულ იქმნა