მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი კ̂ბ. განკურნებისათჳს შობითგან მკელობელისა ლუსტრას შინა

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

და კაცი ვინმე იყო ლუსტრას შინა უძლური ორითავე ფერჴთა და ჯდა მკელობელი დედის მუცლით მისითგან, რომელსა არასადა ევლო. ამას ესმნეს სიტყუანი პავლესნი, იტყოდა რაჲ. ვითარ მიჰხედა მას პავლე და იხილა, რამეთუ აქუნდა სარწმუნოებაჲ საცხორებელად მისსა, ჰრქუა მას დიდითა ჴმითა: შენ გეტყჳ სახელითა უფლისა იესუ ქრისტესითა: აღდეგ ფერჴთა შენთა ზედა მართლ! და ახლდა და იწყო სლვად (14,8-10).

თარგმანი: მკელობელი ესე ლუსტრას მყოფი, დაღაცათუ არა ფერჴითაცა, არამედ გონებითა მრთელ იყო. ამისთჳს ფრთხილად და სარწმუნოებით ისმენდა პავლესსა. რამეთუ სხუანი უძლურნი პირველ ჴორცითა განიკურნნიან და ეგრეთღა სულითა, ხოლო ამისსა სულიერსა სიმრთელესა შეუდგა ჴორცთაჲცა. ვინაჲცა პავლე, ვითარცა აღსავსე სულითა წმიდითა, ხედვიდა რაჲ სარწმუნოებასა შინაგან საუნჯეთა გულისა მისისათა მდიდრად და საცხორებელად, ამისთჳს ჴმითა დიდითა ჴმა-უყო: აღდეგ! რაჲთა ყოველსა ერსა ესმეს სასწაული იგი და მოიქცენ სარწმუნოებად, იხილონ რაჲ სახელითა იესუ ქრისტესითა აღდგომაჲ დავრდომილისაჲ, და არა ლიტონი სლვაჲ, არამედ ხლდომით სრბაჲ.

ხოლო ერმან მან იხილა რაჲ, რომელი-იგი ქმნა პავლე, აღიმაღლეს ჴმაჲ მათი ჴმითა მით ლუკაონებრითა და იტყოდეს: ღმერთნი მსგავსებულ არიან კაცთა და გარდამოსრულ არიან ჩუენდა. და ხადოდეს ბარნაბას დიოს კერპით და პავლეს — ერმით, რამეთუ პავლე იყო წანამძღუარ სიტყჳსა მის (14,11-12).

თარგმანი: ეძიებდე თუ ცნობად, ვითარმედ ვინაჲ იწყო კერპთმსახურებამან, ამიერ ისწავე, რამეთუ, ვითარ-ესე აწ პავლეს და ბარნაბაჲს ზორვად განემზადებოდეს, ეგრეთვე ყოველნივე იგი ძველნი სცთებოდეს მიზეზითა რაჲთმე ღმრთად შერაცხვად მოკუდავთა კაცთა, რამეთუ ამისდა ქმნად დასაბამსავე ჴელ-ყო ეშმაკმან, ოდეს-იგი ევას ეტყოდა, ვითარმედ: "იყვნეთ ვითარცა ღმერთნი" (), რაჲთა ზუაობისა მიერ დასცეს კაცი, მითვე ვნებითა, რომლითა თჳთ გარდამოვარდა ზეცით. და დაღაცათუ ადამ და ევა ვერ კერპთმსახურ ყვნა, არამედ უკუანაჲსკნელ წარმართთა დაარწმუნა საცთური მრავალ-ღმრთეებისაჲ, რაჲთა რაჲცა ვის უყუარდეს, იგიცა ღმერთ თჳსსა ყოს, და ახალნი ღმერთნი მოიპოვნენ ძუელთა ზედა, და საქმეთა მსგავსებისაგან უწოდდენ სახელთაცა, ვითარ-ესე აწ ბარნაბას შუენიერებისათჳს პასაკისსა უწოდეს დიოს, რამეთუ კერპი დიოჲსი შუენიერ არს ხატითა, ხოლო პავლეს — ერმით, რამეთუ ხედვიდეს, ვითარ ყოველგან მას ადგილ-სცემდა ბარნაბა სიტყჳსა ყოფად. და ერმი მეტყუელთბისათჳს განთქუმულებითა აღემართა კერპად, რამეთუ თჳთ კერპსაცა მისსა ფრთოვნად და დაუბერებელად შეიქმან. რამეთუ არაჲ არს უმალეს გინა დაუძუელებელ უფროჲს სიტყჳსა. და თჳთ სახელიცა ერმისი მეტყუელობისაგან ეწოდა, რამეთუ "ერი" თქუმად გამოითარგმანების ელენთა ენისაგან.

ხოლო მღდელმან მან დიოს კერპისამან, რამეთუ იყო იგი მთავარი მის ქალაქისაჲ, კუროები და გჳრგჳნები ბჭეთა ზედა ქალაქისათა მოიღო ერისა მის თანა, და ეგულებოდა ზორვად. ესმა რაჲ ესე მოციქულთა, ბარნაბას და პავლეს, დაიპეს სამოსელი მათი და შეჴდეს ერსა მას შორის, ღაღადებდეს და იტყოდეს: კაცნო, რასა იქმთ ამას, რამეთუ ჩუენცა კაცნივე ვართ მსგავსნი თქუენნი (14,13-15).

თარგმანი: ვიდრემდის ერი იგი ჴმობდა, არარაჲ სიტყუა-უგეს, რამეთუ ლიტონად შფოთებად შეერაცხა, ხოლო რაჟამს მღდელი იგი დიოჲსი საქმით განემზადა დაკლვად კუროებისა, და დადგმითა გჳრგჳნისაჲთა ზორვად მოციქულთა, მაშინ დაიპეს სამოსელი მათი, არა თუ უწესოებით აღძრვითა, არამედ რაჲთა საზარელობითა საქმისაჲთა შეუძლონ დაპყრობად მქანარებასა ერისა აღძრულისასა, და რამეთუ ჩუეულებაჲცა იყო ისრაელთაჲ ამისსა ქმნად, ვითარ-იგი ისო და მის თანა მთავართა დაიპეს სამოსლები მეოტობასა5 ზედა და მოწყუედასა ერისასა კაცთა მიერ ქალაქისა გაისათა. და კუალად, ვითარ-იგი კაიაფა დაიპო სამოსელი, რაჲთა ქრისტესა დასწამოს ღმრთის-მგმობარ ყოფაჲ. გარნა, ვინაჲთგან არა წერით, არამედ მოპოვნებით მოეპოვა ესე ჰურიათა, ამისთჳს ეტყჳს ღმერთი წინაჲსწარმეტყუელისა მიერ: დაიპენით გულნი თქუენნი და ნუ სამოსელნი თქუენნი. ესე უკუე არა-საბაძველი დაპებაჲ სამოსელთაჲ ჟამიერად იჴუმიეს მოციქულთა რაჲთა უჩუენონ ერსა ბრალი ღმრთის-მგმობრობისაჲ, ვითარმედ: ჩუენ თქუენსავე მსგავსად ვნებულნი კაცნი ვართ, ხოლო სასწაული ესე, რომელ გიკჳრს, არა ჩუენი არს, არამედ ღმრთისა, ყოველთა შემოქმედისაჲ. ესრეთ ყოველსა ადგილსა ევლტოდეს იგინი ცუდსა დიდებასა, და ყოველსავე წარმატებასა მათსა ღმერთსა მხოლოსა განუკუთნებდეს.

და გახარებთ თქუენ, რაჲთა ამაოებათა ამათგან მოიქცეთ ღმრთისა ცხოველისა, რომელმან ქმნა ცაჲ და ქუეყანაჲ, ზღუაჲ და ყოველი, რაჲ არს მათ შინა, რომელმან-იგი წარსრულთა მას ნათესავთა მიუშუა ყოველსა მას თესლებსა სლვად გზასა ნებისა მათისათა. და არავე უწამებელად დაუტევა ქველის-მოქმედებაჲ იგი მისი, ზეცით გარდამო მოცემად თქუენდა წჳმაჲ და ჟამნი ნაყოფის გამომღებელნი, განძღებად საზრდელითა და სიხარულითა გულთა თქუენთა (14,15-17).

თარგმანი: ესრეთ ეტყჳან, ვითარმედ: რომელსა-ესე თქუენ ჰყოფთ ჩუენდა მომართ პატივად, ამას ჩუენ ამაოება და საცთურ უწოდთ. და ამისთჳს მოსრულ ვართ, რაჲთა დაგაყენნეთ არა ხოლო ჩუენდა ზორვად, არამედ არცაღა სხჳსა ვისსა ცუდ-სახელთა მათ ღმერთთა თქვენთაგანისა, რამეთუ ერთ არს მხოლოჲ ღმერთი, შემოქმედი ყოველთა ხილულთა და უხილავთაჲ, რომელი-იგი არაოდეს აიძულებს თჳთმფლობელობასა კაცთასა უნებლიეთ შედგომად მისსა, რამეთუ ნებსითსა ყოველსა შეუდგს მიღებაჲ სასყიდელისაჲ. ამისთჳს მან თავადმან მიუშუა პირველ წარსრულთა მათ ნათესავთა, ქმნად ნებასა გულთა მათთასა. და ამით გარდაჰმატა სახიერებაჲ თჳსი, რამეთუ განდგომილთა მათ მისგან ნაცვალად ტანჯვისა კეთილსა უყოფს უხუებით მინიჭებითა წჳმისა და ჰაერთა ნაყოფის გამომღებელთაჲთა, რომელსა ჰყოფს დღითი-დღე და ჟამითი-ჟამად, რაჲთა ცხად ყოს, ვითარმედ, რომელი აწ იპყრობს და ჰმართებს დაბადებულთა, იგივე არს შემოქმედი და დამბადებელი მათი.

და ესე რაჲ წართქუეს, ძნიად დაცხრვეს ერი იგი არა-ზორვად მათდა, არამედ კაცად-კაცადი წარსლად ვანად თჳსსა. და ვიდრეღა იქცეოდეს იგინი მუნ და ასწავებდეს, მოიწინეს ანტიოქიაჲთ და იკონიაჲთ ჰურიანი და, ვიდრე-იგი ეტყოდეს მათ განცხადებულად, არწმუნეს ერსა მას განშორებად მათგან, რამეთუ იტყოდეს, ვითარმედ არარას ჭეშმარიტსა იტყჳან, და ქვაჲ დაჰკრიბეს პავლეს და განითრიეს იგი გარეშე ქალაქსა მას. ეგრე ჰგონებდეს, ვითარმედ მომკუდარ არს იგი (14,18-20).

თარგმანი: იხილე სიბოროტე ჰურიათაჲ ვითარ რომელთა წარმართნი ღმრთად აღსაარებასა და ზორვას წინა-უყოფდეს, ამათ იგინი მტყუვარ უწოდდეს და ქალაქითი-ქალაქად უკუანა მიუდგეს, რაჲთა სხუანიცა აცთუნნენ მათდა მიმართ და განადგინნენ ღმრთისაგან. ხოლო პავლეს ზედა აქა იწყო სიტყუამან საუფლომან აღსრულებად, ვითარმედ: ძალი ჩემი უძლურებასა შინა გამოჩნდების, რამეთუ სიკუდიდ განწირული და ქვა-დაკრებით განთრეული კუალად შევალს ქალაქად ახოვნებით ბრძოლად მტერთა ღმრთისათა.

ხვალისაგან გამოვიდა ბარნაბაჲს თანა და მივიდეს დერბედ და ახარებდეს ქალაქსა მას, და დაიმოწაფნეს მრავალნი, და მივიდეს ლუსტრად და იკონიად და ანტიოქიად და განამტკიცებდეს სულსა მოწაფეთასა და ჰლოცვიდეს მათ, რაჲთა მტკიცედ დგენ სარწმუნოებასა ზედა და ვითარმედ მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩუენდა შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა (14,21-22).

თარგმანი: ესე ჩუეულებად აქუნდა მოციქულთა, რამეთუ რაჟამს განძჳნდიან ვიეთნიმე, ჟამ ერთ მიჰრიდიან და კუალად მათდავე მიიქციან. პირველითა მით ამას გუასწავებდეს, რაჲთა ადგილ-ვსცემდეთ რისხვასა და არა შთავაგდებდეთ თავთა ჩუენთა განსაცდელთა, ხოლო მეორითა — ამას, რაჲთა არავის განვსწირვიდეთ ერთ გზის ურჩებისათჳს, არამედ კუალადცა ვეტყოდით სიტყუასა ღმრთისასა, ნუ-უკუე მრავალ გზის თქუმითა ოდესმე მოვაქციოთ ვინმე ღმრთისა მიმართ, ვითარ-ესე აწ ერთ გზის ლტოლვილნი კუალად მათვე ქალაქთა მიქცევითა მრავალთა მომაქცეველ ექმნებიან სარწმუნოებასა ქრისტესსა, და ჰლოცეენ მტკიცედ დგომად კეთილსა ზედა, რამეთუ რაჲ-იგი ახალ-მოქცეულთა მათ საძნაურ უჩნდა ჭირი და დევნულებაჲ, ამას მოციქულნი იტყოდეს ბჭედ სასუფეველისა; და მსგავსად სიტყჳსა მის საუფლოჲსა, ვითარმედ — იწრო არს ბჭე და საჭირველ გზაჲ, რომელი შეიყვანებს კაცთა ცხორებად საუკუნოდ, ესენიცა ჴმობენ, ვითარმედ მრავლითა ჭირითა და შრომითა საწუთროჲსაჲთა მივემთხუევით განსუენებასა საუკუნესა.

და უკურთხნეს მათ ეკლესიად-ეკლესიად ხუცესნი, და ლოცვითა და მარხვითა შეჰვედრნეს იგინი უფალსა, რომლისაცა მიმართ ჰრწმენა (14,23).

თარგმანი: არა ყოვლითურთ საღმრთოსა მადლსა ოდენ ჰგებენ, არამედ თჳსითაცა მოსწრაფებითა სახესა მისცემენ მორწმუნეთა, რაჲთა ყოველსა საქმესა ჩუენსა მარხვით და ლოცვით აღვასრულებდეთ. ამისთჳს რაჟამს პავლეს გამოარჩევდეს და ჴელთა დაასხმიდეს, პირველად იმარხეს ჴელთდამსხმელთა მათ და აწ კუალად პავლე და ბარნაბა ლოცვით და მარხვით ყვეს ჴელთდასხმაჲ ხუცესთაჲ და შევედრებაჲ მორწმუნეთაჲ. ხოლო ესე ცხად არს, ვითარმედ სამარიას და ანტიოქიას და კჳპრეს ამისთჳს არა უკურთხევდეს ხუცესთა, რამეთუ ესენი მახლობელ იყვნეს იერუსალემისა, სადა-იგი იყვნეს ათორმეტნი ჯეროვნად განმგებელნი ესევითარისანი. ხოლო აწინდელთა ამათ ქალაქთა ეკლესიად-ეკლესიად დაუდგინნეს ხუცესნი შორიელობისათჳს, რამეთუ თჳთ მებრვე ამისთჳს უბრძანა სულმან წმიდამან: გამომირჩიენით მე პავლე და ბარნაბა (საქმე მოც. 13,2), რაჲთა სრულ ყვნენ იგინი მაშინდელსა მას ჴელთდასხმასა პატივითა ეპისკოპოსობისაჲთა. და ვინაჲთგან მიეცა პავლეს და ბარნაბას პატივი ეპისკოპოსობისაჲ, ამისთჳს აწ ჴელთა დაასხმიდეს იგინი ხუცესთა ეკლესიათასა, რამეთუ მაშინ ჯერეთ ათორმეტთაგან ოდენ და არა სხუათაცა მიერ ჴელნი დაესხმოდეს ხუცესთა.

და განვლეს რაჲ პისიდიაჲ, მოვიდეს პამფჳლიად და იტყოდეს პერგეს შინა სიტყუასა მას ღმრთისასა, და შევიდეს ატალიად, და მიერ ნავითა მივიდეს ანტიოქიად, ვინაჲცა-იგი შევედრებულ იყვნეს მადლითა ღმრთისაჲთა საქმესა მას, რომელიცა აღასრულეს, და მო-რაჲ-ვიდეს, შეკრბეს კრებული იგი და უთხრეს მათ, რავდენი ყო ღმერთმან მათ თანა, და რამეთუ განუღო წარმართთა კარი სარწმუნოებისაჲ. და მუნ იქცეოდეს ჟამთა არა-მცირეთა მოწაფეთა მათ თანა (14,24-28).

თარგმანი: არა დაყოვნებით ვლენ, არამედ უმოსწრაფეს ელვისა ჰკრთებიან ქადაგებასა შინა ღმრთისასა. ამისთჳსცა, ვითარცა სულისა მიერ გამორჩეულთა, სრულ-ყვეს რაჲ ბრძანებაჲ მისი და ჰმსახურეს ნებასა მისსა, წინამძღურობითა მისითა კუალად-იქცეს მუნვე ანტიოქიად, ვინაჲ-იგი წარმოსრულ იყვნეს. და მო-რაჲ-ვიდეს, არარას თავით თჳსით იქადდეს, არამედ ყოველსავე მადლისა მიერ ღმრთისა ქმნილად იტყოდეს მათ თანა, ესე იგი არს - თავს-დებასა ჭირთა და დევნულებათა და ქოლვათასა, რომელთა მიერ განუღო ღმერთმან წარმართთა კარი სარწმუნოებისაჲ. ესრეთ მდაბალ იყო გონებაჲ მათი, რომელ მოწაფეთა მითხრობად არა უღირს-იჩენდეს ყოველსავე მას, რაოდენი ქმნეს და ასწავეს.