მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი კ̂დ. წინა-დაცუეთისათჳს ტიმოთესსა და წარსლვისათჳს პავლესსა მაკედონიად

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

მიიწია იგი დერბედ და ლუსტრად და აჰა-ესერა მოწაფე ვინმე იყო მუნ, სახელით ტიმოთეოს, ძე დედაკაცისა ჰურიისა მორწმუნისაჲ და მამისა წარმართისაჲ, რომელი იწამებოდა ლუსტრელთაგან და იკონიელთა ძმათა (16,1-2).

თარგმანი: დერბე არს ციხე ისავრიაჲსაჲ, აღშენებული კაცთა მიერ ლტოლვილთა სიყმილისაგან, რომელნი იზარდებოდეს მწუერვალთაგან ხეთაჲსა, ხოლო უკუანაჲსკნელ აღეშენა იგი ქალაქად კაცთა მიერ ლუკაონელთა. და ლუსტრაჲ არს სოფელი იკონიაჲსაჲ, ხოლო იკონიაჲ — ქალაქი ლუკაონიაჲსაჲ, საზღვართა ზედა ტავროჲსათა, შორის კაბადუკიისა და ლუკაონისა კილიკიაჲთ კერძო ტრახონიტისა. აქა ლუსტრას შინა იპოვა ტიმოთე, ძე დედაკაცისა ჰურიისა, ქრისტეს სარწმუნოებად მოსრულისაჲ და მამისა წარმართისაჲ. იხილე, ვითარ დაეჴსნნეს ჰურიათა წესნი შჯულისანი , მაყენებელნი მითხოვად წარმართთა. ხოლო ტიმოთე წამებულ იყო სათნოებისათჳს ყოველთაგან ლუსტრელთა და იკონიელთა მორწმუნეთა, და დედასა მისსა თჳთ პავლე ეწამების, მიუწერდეს რაჲ ტიმოთეს, ვითარმედ: "მომეჴსენების შეუორგულებელი სარწმუნოებაჲ შენი, რომელმან დაიმკჳდრა პირველად დედის დედისა შენისა ლოიდის თანა და დედისა შენისა ევნიკის თანა, და მრწამს, ვითარმედ შენ თანაცა" (). ცხად არს, ვითარმედ დედულნი ტიმოთესნი ნათესავით ჰურიანი იყვნეს, ხოლო დედაჲ, და დედის დედაჲ — მორწმუნენი ქრისტესნი, და ამათგან იშვა ტიმოთე ჟამსა მას ოდენ ქრისტეს ქადაგებისა განფენისასა. აღიზარდა უკუე და განისწავლა შჯულიერად, ვითარცა პავლე მისწერს მისსა, ვითარმედ: "სიყრმითგან საღმრთონი წიგნნი იცნი" (), გარნა წინა-დაუცუეთელ იყო, რამეთუ ჟამსა მას იყო, ოდეს იქადაგებოდა დაჴსნაჲ წინა-დაცუეთისაჲ.

ამისი სათნო-უჩნდა პავლეს მის თანა განსლვაჲ. და მოიყვანა და წინა-დასცჳთა მას ჰურიათა მათთჳს, რომელნი იყვნეს მათ ადგილთა, რამეთუ უწყოდეს ყოველთა, ვითარმედ წარმართი იყო მამაჲ მისი (16,3).

თარგმანი: ვინაჲთგან ქადაგ წინა-დაცუეთის დაჴსნისა ჰყოფდა პავლე ტიმოთეს, ამისთჳს წინა-დასცჳთა მას, რაჲთა ვერვინ თქუას ორთავე ამათთჳს, ვითარმედ: ამისთჳს დაჰჴსნიან წინა-დაცუეთასა, რამეთუ თჳთ წინა-დაუცუეთელ არიან. ამისთჳს არა წინა-დაუცვეთელნი, არამედ წინა-დაცუეთილი დაჰჴსნიან წინა-დაცუეთასა. და კუალად მაშინდელთა ჰურიათა მოძღურად ჰურიათაგანივე უსარწმუნოეს უჩნდა, ხოლო წარმართთაგანთა მოძღუართა არცაღა თუ დასაბამსა სიტყჳსა მათისასა ყურსა მიუპყრობდეს, არამედ ყოვლად გარე-მიაქცევდეს მათ.

და ვითარცა განჰვლიდეს ქალაქებსა მას, ასწავებდეს მათ დამარხვად მოძღურებათა მათ დამტკიცებულთა მოციქულთაგან და ხუცესთა, რომელნი-იგი იყვნეს იერუსალემს შინა. ხოლო ეკლესიანი იგი განმტკიცნებოდეს სარწმუნოებითა და შეეძინებოდა რიცხუსა მას დღითი-დღე (16,4-5).

თარგმანი: თჳთ მოძღურებაჲ იგი ახლად განწესებული მოციქულთა და ხუცესთაჲ თავით თჳსით ჰყოფდა შეძინებასა მორწმუნეთა რიცხჳსასა ყოველთა შინა ეკლესიათა, რამეთუ რაჟამს ესმოდა წარმართთა პავლეს მიერ და ტიმოთესსა, ვითარმედ არღარას ვინ ძუელისა შჯულისა წესთა ტჳრთითა და წინა-დაცუეთითა დაუმძიმებს მათ, არამედ მხოლოდ ნათლის-ღებითა აღიჴოცებიან პირველ ქმნულნი ბრალნი, და რაჲთა მიერითგან განეყენნენ სიძვისაგან და მშთვრისა, სისხლის ჭამისა და ნაკერპავისა; და მოკლითა ამით სიტყჳთა მოიგონ ყოველი კეთილი, რაჲთა, რომელი თჳთ არა უნდეს, სხუასა არა უყონ.

და მოვლეს ფრიგჳაჲ და გალატელთა სოფელი, და დაყენებულ იქმნნეს სულისა მიერ წმიდისა სიტყუად სიტყჳსა მის ასიას შინა (16,6).

თარგმანი: ფრიგჳაჲ ორი ქუეყანაჲ არს: პირველი -შუენიერ და დიდ, რომელსა შინა მიდას მეფობდა და კერძოჲ მისი გალატელთა ეპყრა; ხოლო მეორე — მცირე, რომელ-იგი არს ელისპონტოჲთ და ულუმბოჲთ კერძო, რომელსა ეპიკტიტოდცა უწოდენ და ამიერ ეწოდების ფრჳგელ და მჳსელ. ხოლო გალატელ არიან მკჳდრნი კელტო გალატიისანი, რომელნი მრავალ წელ შეცთომილ იყვნეს, და სამ ნაწილად დაწვალებულთა ესოდენადვე განყვეს ქუეყანაჲ იგი მეფეთა ქუეშე ატტალიკელთა და ბითჳნიელთა. და დაწვალებულსა მას სოფლებსა ტალანტია სახელ-სდვეს. ამას სოფლებსა რაჲ მოჰვლიდეს მოციქულნი, დაყენებულ იქმნნეს სულისა მიერ წმიდისა სიტყუად სიტყუასა მას უფლისასა ასიას შინა, რამეთუ არარას იქმოდეს თჳნიერ სულისა მიერ წმიდისა ბრძანებითა. ამისთჳს, სადა უბრძანის, ქადაგიან, და სადა დააყენნის, ეგრეთცა გამოუძიებელად ჰმორჩილობდიან ბრძანებასა მისსა, რაჲთა ჩუენ გუასწავონ დუმილით მორჩილებაჲ ბრძანებათა ღმრთისათაჲ და არღარას გამოკულევაჲ ძალსა განგებულებათა მისთასა.

მო-რაჲ-ვიდეს იგინი მისონდ, აზმნობდეს წარსლვად ბითჳნიად და არა უტევა მათ სულმან უფლისამან (16,7).

თარგმანი: მისონი არს სოფელი გალატიისაჲ, ხოლო ბითჳნიაჲ — ქუეყანაჲ პონტოჲსაჲ. ამათ ბითჳნიელთა და ასიელთა სიტყუად დააყენა მოციქულნი სულმან წმიდამან, რამეთუ წინაჲსწარ უწყოდა, ვითარმედ ამათ ადგილთა შინა მიიღებს ფლობასა წვალებაჲ მბრძოლთა სულისა წმიდისათაჲ.

და ვითარ თანა-წარჰჴდეს მისუნს, შთავიდეს ტროადად, და ჩუენებასა ღამისასა ეჩუენა პავლეს კაცი ვინმე იყო მაკედონელი, დგა და ევედრებოდა მას და იტყოდა: წიაღ-მო გუალე მაკედონიად და შემეწიე ჩუენ. და ვითარცა ჩუენებაჲ იგი იხილა პავლე, ვისწრაფეთ მეყსეულად განსლვად მაკედონიად. გულისჴმა-ვყავთ, რამეთუ მუნ მიჩინნა ჩუენ უფალმან ხარებად მათდა (16,8-10).

თარგმანი: სადა-იგი უფროჲსად ძნელ იყო პავლეს რწმუნებაჲ, ვითარმცა არა ქადაგა ქრისტე, რომლისა სახელსა განფენად ცეცხლებრ ეტყინებოდა, მუნ თჳთ სული წმიდაჲ არწმუნებს დადუმებად, რაჲთა წინაჲთვე იოვანეს ღმრთისმეტყუელსა განუკუთნნეს ასიაჲ და გარემო სოფლები მისი. ხოლო აწ წუევად ქადაგებისა, რომლისათჳს მზა იყო, ვითარცა მახჳლი ჴდილი ჴელთა შინა ძლიერითა, ჩუენებაჲ იგი ოდენ ღამისაჲ მიზეზ-სცემს, რამეთუ კაცი რაჲმე ეჩუენა, ვითარ-თუ-მცა მოციქულად მოვლინებულ იყო მაკედონელთაგან, არა ბრძანებით, არამედ ქენებით სიტყუად: წიაღ-მოჴედ და შეგუეწიე ჩუენ. ხოლო ნუმცა ვინ მიიღებს ამას მესიზმრეთაგანი მიზეზად სიზმართა შედგომისა, რამეთუ წმიდათა მიერ ხილული რაჲმე, დაღაცათუ სიზმარი იყოს, ჩუენებად სახელ-იდების, ვითარცა ღმრთივ-მოვლინებული, და აღწერასა ღირს იქმნების, რამეთუ საღმრთო არს. ხოლო ჩუენ ლიტონთა კაცთაჲ ყოველივე ამაო არს და ოცნება, და დაღათუ რეცა აზმნობდეს სიმართლესა, არცა იგი შესაწყნარებელ არს, რაჲთა არა შევსცთეთ ოცნებითა ეშმაკთაჲთა. ამისთჳს განრჩევით იტყჳს ყოვლად ბრძენი აღმწერელი თხრობისაჲ ამის ლუკა, რომელი მაშინ პავლეს თანა იყო, ვითარმედ: ვინაჲთგან პავლე იყო მხილველი ჩუენებისაჲ, რომელსა ვერცა ერთი საეშმაკოჲ ოცნებაჲ მიეახლებოდა, ამით გულისჴმა-ვყავთ, ვითარმედ საღმრთო იყო წოდებაჲ იგი, და ვისწრაფეთ განსლვაჲ მაკედონიად, რამეთუ უწყოდეთ, ვითარ სულისა მიერ დაყენებულ ვიყვენით ასიას ქადაგებად და მახლობელ ვიყვენით საზღვართა მაკედონიისათა, და მზად გუეპოვა ნავი. ესრეთ ძნიად და მრავლითა გამოძიებითა ჯერ-არს რწმუნებაჲ ჩუენებისაჲ.

აღვჴედით ნავსა ტროადას და მართლ მივისწრაფეთ სამუთრაკედ და ხვალისაგან ახალქალაქად და მიერ ფილიპედ, რომელი-იგი არს პირველი ნაწილი მაკედონიისაჲ, ქალაქი კოლონიაჲ, ხოლო ვიყვენით მას ქალაქსა შინა და ვიქცეოდეთ დღეთა რავდენთამე (16,11-12).

თარგმანი: სამოელთა და თრაკელთაგან ზოგად სამუთრაკ ეწოდების ჭალაკსა მას, რომელი არს თრაკით კერძო, რომელსა პირველ დარდანია ეწოდებოდა და უკუანაჲსკნელ სამუთრაკედ შეიცვალა. ხოლო ფილიპე ქალაქი არს მაკედონიისაჲ, რომლისა სახელი არა დედლად ითქუმის მსგავსად ჩუეულებისა ქალაქთა და ქუეყანათაჲსა, ვითარმედ ფილიპიაჲ, არამედ მამლად, ვითარმედ ფილიპპოჲ, რამეთუ ესრეთ იხილა სიზმრივ ვრუტოს ვინმე კაცმან ელენთაგანმან სიზმარსა შინა კაცი რაჲმე, გარეგან წესისაჲ სიდიდითა, და ვითარცა ჰკითხვიდა, ვითარმედ ვინ არს, მიუგო საოცარმან მან და ჰრქუა: მე შენი ესე ეშმაკი, ჵ ვრუტე, ბოროტად მიხილო ფილიპპოელთა ზედა. ვინაჲცა მომავალსა წელიწადსა გარეშეიცვნა ფლიპპელნი ანტონინე კეისარმან და მიერითგან ოცნებისაებრ ეშმაკისა მამლად იტყჳან სახელსა მის ქალაქისასა, ვითარმედ ფილიპპე. აწ უკუე ნეაპოლი ხრისტოპოლიდ წოდებულ არს, და არს იგი ქუეყანასა მაკედონიისასა, ხოლო ფილიპპე არს დედაქალაქი მაკედონიისაჲ. ამისთჳს პირველ ნაწილ უწოდიან და კოლონია სახელ-ედების სიდიდისათჳს და მთავრობისა სხუათაჲსა, რამეთუ კოლონი უწოდიან სიტყჳთა გარეშეთაჲთა ყოველსა ბორცუსა და მთასა მაღალსა. ხოლო თჳთ საკუთარი კოლონიაჲ ქალაქი ტროადას აღშენებულ არს ტენედოჲთ კერძო. არამედ აწ ამას ფილიპპოჲსაცა ქალაქსა ქალაქ კოლონია უწოდს სიდიდისათჳს და უპირატესობისა სხუათაჲსა. ამათ უკუე ქალაქთათჳს თქუა ლუკა: მართლ მივისწრაფეთ (ესე იგი არს, ვითარმედ: სხუანი იგი ქალაქნი მართლ მგზავრ წარვვლენით). ხოლო ფილიპეს შინა დავიყოვნეთ ჟამ რავდენმე.

და დღესა შაბათთასა განვედით გარეშე ქალაქსა მას მდინარის კიდესა, სადა-იგი საგონებელ იყო ლოცვისა შეწირვაჲ, და დავსხედით და ვეტყოდეთ დედათა მათ, რომელნი მოსრულ იყვნეს (16,13).

თარგმანი: არა ხოლო შესაკრებელთა, არამედ სხუათაცა თჳსაგან მყუდროთა ადგილთა განაჩინებდიან ჰურიანი ადგიდ ლოცვისა, ვითარ-ესე აწ აქა ფილიპპეს შინა. საგონებელ არს, ვითარმედ შესაკრებელიცა არავე აქუნდა. ამისთჳს ღონედ მოეპოვა ადგილი იგი მდინარის კიდისაჲ, ვითარცა გარეგანი შფოთთაგან ქალაქისათა, რამეთუ ვინაჲთგან უსრულ იყო გულისჴმის-ყოფაჲ ჰურიათაჲ, ამისთჳს ადგილთა შინა შემოწერილად ჰგონებდეს ღმერთსა, და მუნ მხოლოდ საგონებელ უჩნდა მის მიერ ლოცვათა შეწირვაჲ, სადა-იგი განეჩინის მათ ადგილი სალოცველი. ამისთჳს პავლე მოწფებითურთ, რეცა ვითარცა ჰურიაჲ, განვიდა მუნ დღესა შაბათთასა, რამეთუ ყოველსა უქმსა დღესასწაულსა შაბათ უწოდდიან. ამისთჳს პოვა ჟამად მარჯუედ უქმებაჲ იგი, რაჲთა ასწავოს დედათა მუნ მისრულთა და მოცალეთა უქმებისათჳს დღისა მის. ესრეთ ვითარცა ჰურიათაგანი დაჯდა მოქცევად ჰურიათა სარწმუნოებასა ქრისტესსა.

და დედაკაცი ერთი სახელით ლუდა, ძოწეულის მოფარდული ქალაქისა თჳატირისაჲ, მსახური ღმრთისაჲ და იყო მუნ და ესმოდა, რომლისაჲ-იგი უფალმან განუღო გული მორჩილებად სიტყუათა პავლეს მიერ თქუმულთა (16,14).

თარგმანი: თჳატირი არს ქალაქი ლუდიაჲსაჲ, ვინაჲ იყო დედაკაცი ესე ლუდა, სიგლახაკით უკუე მსყიდელი ძოწისა საღებავისაჲ, ხოლო მდიდარი ღმრთისმსახურებითა, რომელი ევედრებოდა უფალსა. ამისთჳს მან განუღო გული, დაჴშული უგულისჴმოებითა, და მიჰმადლა სმენასა თანა გულისჴმისყოფით მორჩილებაჲ პავლეს სიტყუათაჲ. ამისთჳს ჩუენცა ვევედრნეთ, რამეთუ იგი თავადი მზა არს განღებად გულთა ჩუენთა, არამედ ელის თჳთმფლობელსა ნებასა ჩუენსა, და ვხადოთ რაჲ, მყის განგჳღებს კარსა წყალობისასა. ხოლო უკუეთუ ჩუენ უზრუნველად მწოლარე ვიყვნეთ, იგი თავადი არავის აიძულებს, რომლისათჳს მრცხუენის მე არღარა კაცთა წმიდათა, არამედ დედათაცა სახისაგან. და რად ვიტყჳ დედათა! თჳთ მებრ მჴეცთაგანცა და ძაღლთა; რამეთუ აჰა ძაღლმან იცის წესი, რაჟამს შეიპყრას ნადირი, და მომყმარი იგი სიყმილითა არა განჰბძარავს ნადირსა მას, არამედ ელის და ჰგებს მოსლვასა უფლისა თჳსისასა, რაჲთა მან დაკლას და მისცეს მას, რაოდენი რაჲ სთნდეს, რომელი-ესე დიდად სამხილებელ არს ყოველთა ნაყროვანთა, რომელნი საჭმელთა ღმრთივ-მოცემულთა არა ეგრეთ იჴუმევენ, ვითარ-იგი თავადი ბრძანებს შჯულის-დებისა მიერ მმარხველთაჲსა. და კუალად, ყოველთა უაღჳროდ წარჴსნილთა გულისთქუმათა მიმართ ესევე სახე პირსცემს, რაჟამს სიტყჳერებითა პატივ-ცემულნი უდარეს პირუტყუთა გამოჩნდენ უშიშოებითა ღმრთისა შემოქმედისა მათისაჲთა.

და ვითარცა ნათელ-იღო მან და სახლმან მისმან, გულოცვიდა და იტყოდა: უკუეთუ შეგირაცხიე მე მორწმუნედ უფლისა, შემოვედით ვანად ჩემდა და მუნ დაადგერით. და გუაიძულა ჩუენ (16,15).

თარგმანი: გულისჴმა-ყავ ვითარმედ პირველად ჯერ-არს განსწავლაჲ კაცთაჲ სიტყჳთა სარწმუნოებისაჲთა და უკუეთუ ჰრწმენეს, —მაშინღა ნათლის-ცემაჲ ვითარ-ესე აწ დედაკაცსა ამას პირველად ესმნეს და ჰრწმენნეს სიტყუანი პავლესნი და ეგრეთღა ნათელ-იღო ყოვლით სახლეულითურთ. და მაშინღა იკადრა მიწოდებაჲ მოციქულთაჲ ვანად თჳსსა. ხოლო იგინი დროებდეს ვიდრე იძულებამდე, რაჲთა განაცხადონ უმეტესი გულსმოდგინებაჲ დედაკაცისაჲ მის, და რაჲთა მტკიცედ იპყრან მოძღურებაჲ იგი უფლისაჲ, ვითარმედ: გამოიკითხეთ პირველად, და ვინ ღირს იყოს, მუნ დაადგერით.

და იყო ვითარ წარვიდოდეთ ჩუენ ლოცვად, მჴევალი ვინმე წინა შემემთხჳა ჩუენ, რომლისა თანა იყო სული პითონი, რომელ არს მისნობისაჲ, რომლისაგან სარეწავი დიდძალი შეუვიდოდა უფალთა მისთა მისნობითა მისითა (16,16).

თარგმანი: სული იგი საეშმაკოჲ იყო, ხოლო პითონ ეწოდებოდა ადგილისა მისგან, რომელსა ზედა აღმართებულ იყო სამ-ფერჴი აპოლონისი, რომელსა ზედა გაილაჯნის დედაკაცმან ვინმე, და ჯდის რაჲ ეგრეთ მიმოდადებითა ფერჴთაჲთა, სული ბოროტი აღმოუჴდის წყვილთა მისთა, და ესრეთ აღავსის იგი სიბორგილითა, ვიდრემდის განიჴსნნის თმანი და იწყის როკვად ფერჴითა და უგუნურებით მომზრახვად პირითა. უწყი, ვითარმედ სარცხჳნელ და საკდემელ აღმიჩნდა ჰამბავი ესე, არამედ მე ამისთჳს წარმოგითხარ, ვითარმედ ესევითარნი არიან საიდუმლონი წარმართთანი, რომელთა სმენაჲ ჩუენ გურცხუენის, ხოლო იგინი საქმით ქმნასა ამათსა ზედა იქადიან, და ბოროტისა ამისგან მისნობისა სარეწავთა და შემოსავალთა სახლისა თჳსისათა ჰყოფენ ურცხჳნოებით.

ესე მისდევდა პავლეს და ჩუენ, ჴმობდა და იტყოდა: ესე კაცნი მონანი არიან ღმრთისა მაღლისანი, რომელნი გახარებენ თქუენ გზათა ცხორებისათა. და ამას ჰყოფდა დღეთა მრავალთა. განრისხნა პავლე და მიექცა სულსა მას უკეთურსა და ჰრქუა: გამცნებ შენ სახელითა იესუ ქრისტესითა განსლვად მაგისგან. და განვიდა მასვე ჟამსა (16,17-18).

თარგმანი: ვითარ-იგი არა შუენის ფერჴ-მრუდსა მართალი ფერჴთ-შესასხმელი, ეგრეთვე პირსა ეშმაკთა გინა მწვალებელთასა —ქადაგებაჲ ქრისტესი. ამისთჳს თჳთ იგი თავადი და მოწაფენი მისნი განჰჴდიან და დაადუმებენ ესევითართა, რაჲთა ჩუენ გუასწაონ არა-ოდეს სმენად ეშმაკთა და მწვალებელთასა, რამეთუ, დაღაცათუ სიტყუასა რასმე კეთილსა იტყოდინ, არამედ გონებაჲ მათი ბოროტ არს. ვითარ-ესე აწ კეთილსა ამას სიტყუასა ქრისტეს ქადაგებისასა ბოროტი იგი ეშმაკი აპოლონის კერპისაჲ ამისთჳს ათქუმევდა დედაკაცსა მას, რაჲთა ჭირსა და ტანჯვასა შესთხინეს მოციქულნი, ვინაჲცა ყოვლად უჯერო და განგდებულ არს საქმე ესე, რომელ მრავალ-გზის ვიეთნიმე ჰკითხვენ ეშმაკეულსა ყოფადისა რაჲ-სათჳსმე, და იგი მიუგებს. რამეთუ რაჲ ძნელ არს ეშმაკისა, ჰაერთა შინა მყოფისა, უკუეთუ ეხილვოს რაჲმე ეგჳპტეს და წინა აუწყოს მყოფთა აღმოსავალისა გინა ჰრომისათა, რამეთუ რაჟამს მოვიდოდიან ვიეთნიმე, წინა უთხრობს სხუათა და კაცობრივთა საქმეთაგანსა, რომელსამე იჭჳთ და ჰაზრით იტყჳს და რომელსამე სხუათაგან ქმნილსა და თქუმულსა სხუათა მიუთხრობს, და კუალად საღმრთოთა საქმეთათჳს უკუეთუ რაჲმე ესმეს განჩინებაჲ გამოსრული, წინაჲსწარ ეტყჳნ კაცთა, რაჲთა არწმუნოს დაჯერებად ოცნებათა მისთა. ამისთჳს ესევითარისა ყოვლისაჲ ლოცვით გარე-მიქცევაჲ ჯერ-არს, თჳთ მაშინ, ოდეს ჭეშმარიტსა იტყოდის, რაჲთა არა ტყუვილიცა გუარწმუნოს რწმუნებითა ჭეშმარიტისაჲთა. ესევითარისა ამის ბოროტისა სულისაჲ იგი დედაკაცისა მიერ მისნობაჲ მრავალ დღე დაითმინა პავლე, რამეთუ არღა უნდა ჩუენებად მის შორის მყოფსა მას ძალსა სასწაულთასა, ხოლო ოდეს მრავალ-გზის შეაწყინა, მაშინღა შეჰრისხნა და განდევნა, რამეთუ იგი თჳთ ამისთჳს ჰლიქნიდა მას, რაჲთა უტეოს იგი ყოფად მჴევლისა მის თანა, ვითარცა თანაშემწე ქადაგებისა თჳსისაჲ. ხოლო პავლე სამართლად განდევნა, რამეთუ უკუეთუმცა პავლეს შეეწყნარა სიტყუაჲ იგი მისნობისაჲ, მრავალნიმცა მორწმუნენი შეცთომილ იყვნეს რწმუნებად მისანთა მომზრახობისა, ვითარცა პავლეს მიერ შეწყნარებულისა.

ვითარცა იხილეს უფალთა მათ დედაკაცისათა, რამეთუ განსრულ იყო სასოებაჲ სარეწავისა მათისაჲ, შეიპყრნეს პავლე და შილა და მიზიდვიდეს მათ ურაკპარაკად მთავართა მათთა. და მიჰგუარნეს იგინი ერისთავთა მათ და ჰრქუეს: ესე კაცნი აღსძრვენ ქალაქსა ამას ჩუენსა. ჰურიანი არიან და მითხრობენ შჯულსა, რომელი არა ჯერ-არს ჩუენდა თავს-დებად, არცა ქმნად, რამეთუ ჩუენ კაცნი ჰრომნი ვართ (16,19-21).

თარგმანი: იხილე ძალი საჴმართმოყუარებისაჲ, რომელი დააბრმობს ხედვად ამის სასწაულისა, რამეთუ უმჯობეს უჩნდა ეშმაკეულ ყოფაჲ მჴევლისაჲ, ვიდრე დაკლებაჲ სარეწავისაჲ. ხოლო ესე ცხად არს, ვითარმედ არცაღა თჳთ მათ წარმართთა ჰრწმენა სიტყუაჲ ეშმაკისაჲ. ამისთჳს არა მას იტყჳან, რომელი-იგი მან თქუა, ვითარმედ: ესე კაცნი მონანი არიან ღმრთისა მაღლისანი; რამეთუ ესე ეშმაკთაცა უწყიან, ვითარმედ ღმერთ მაღალ არს და არა ლიტონ კაც ჯუარ-ცუმული იგი ჴორცითა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, რომელსა ქადაგებდა პავლე ვითარცა მონაჲ ერთგული მეუფისა თჳსისაჲ; არამედ ესრეთ იტყჳან: "ესე კაცნი", რამეთუ დაღაცათუ პავლე ქმნა სასწაული იგი, არამედ მათ შილაცა შეიპყრეს მის თანა და უწოდენ მათ გარდამაქცეველ და აღმძრველ ქალაქისა, ვითარმცა განაყენებდეს წარმართთა მონებისაგან ჰრომთაჲსა და აწუევდეს შედგომად შჯულსა ჰურიათასა. ამისთჳს ჰურიაობაჲ დასდვეს ბრალად მათდა, რაჲთა უმეტეს აღაბორგნენ მთავარნი იგი ჰრომთანი მათ ზედა.

და შეკრბებოდა ერი მათ ზედა და ერისთავთა მათ მოაპეს სამოსელი მათი და უბრძანეს კუერთხითა ცემაჲ. და ვითარ მრავალი წყლულებაჲ დასდვეს მათ ზედა, შესხნეს იგინი საპყრობილესა და ამცნეს საპყრობილისა მცველსა მას კრძალულად დაცვაჲ მათი. და მან ვითარცა ესევითარი მცნებაჲ მოიღო მათგან, შესხნა იგინი უშინაგანესსა საპყრობილესა და ფერჴნი მათნი დაჰკრძალნა ჴუნდსა შინა (16,22-24).

თარგმანი: შფოთებისა მის ერისა დასაცხრომელ ყვეს ერისთავთა მათ მოპებაჲ იგი სამოსელთაჲ და ცემით წყლულებათა დასხმაჲ მოციქულთა ზედა, ხოლო რაჟამს ამით მოამდოვრნეს განძჳნებულნი იგი, მერმე საპყრობილედ მისცნეს, რაჲთა სხუასა ჟამსა გამოიკითხონ საქმე მათი; არამედ მცნებაჲ იგი კრძალულებით დაცვისაჲ და უშინაგანესსა საპყრობილესა დასხმაჲ ჴუნდითა ამისთჳს ყვეს, რამეთუ უწყოდეს მათთჳს, ვითარმედ ზეშთ არიან საზომსა კაცთასა და შემძლებელ საკჳრველებით განრომად. ხოლო ღმერთმან მიუშუა ქმნად ამის ყოვლისა, რაჲთა უმეტესითა საკჳრველებითა ადიდნეს მისთჳს პყრობილნი იგი.

და შუა ღამეს ოდენ პავლე და შილა ილოცვიდეს და უგალობდეს ღმერთსა, და ისმენდეს მათსა სხუანი იგი პყრობილნი. მეყსეულად ძრვაჲ იყო დიდი, ვიდრემდე საპყრობილე იგი საფუძველითურთ შეიძრა და მუნთქუესვე ყოველნი კარნი განეხუნეს და ყოველთა კრულებანი განიჴსნნეს (16,25-26).

თარგმანი: რაოდენისა ცრემლთა და ტირილისა ღირს ვართ, რომელთა გუესმის ცემით და წყლულებით, პყრობილებით და კრულებით ტანჯვაჲ მოციქულთაჲ, და ჩუენ ვერცა კნინ-ოდენ შემაწუხებელსა სიტყუასა თავს-ვიდებთ სახელისათჳს ქრისტესისა; და იგინი კრულებათა და ჭირთა არა კმა-იყოფდეს, არამედ მღჳძარებითა და ლოცვითა სტანჯვიდეს თავთა თჳსთა, ხოლო ჩუენ შუებასა შინა და ფართოებასა არა აღვდგებით ლოცვად. ცხად არს, რამეთუ მათ ჭირნი და ღუაწლთა თავს-დებანი უმეტეს განამჴნობდეს, ხოლო ჩუენ შუებაჲ და განსუენებაჲ უმეტეს დაჴსნილ გუყოფენ. მუნ პყრობილნი ურწმუნონი ისმენენ ლოცვასა მოციქულთასა, ხოლო აქა ჩუენ მორწმუნენი არა ვისმენთ სიტყუათა სულისა წმიდისათა. ამისთჳს რომელმან ირწმუნოს ჴმაჲ დავითისი, შუა ღამე აღდგომითა დიდების-მეტყუელებად ღმრთისა, მას მიემადლოს არა ხოლო თავისა თჳსისაჲ, არამედ სხუათაცა პყრობილთა ჴსნაჲ კრულებისაგან ცოდვათაჲსა, ვითარ-ესე აწ შუა ღამე იქმნა სასწაული, რაჲთა არა მრავალთა საჩუენებელ, არამედ სულთა საცხორებელ იქმნეს და ლოცვაჲ იგი მოციქულთაჲ გალობითა განვრცნებოდა სასმენელად მრავალთა, რაჲთა შენ ისწავო, ვითარმედ არა ხოლო გულსა შინა ლოცვაჲ, არამედ სიტყჳთ ჴმა-მაღლად გალობითა ნაყოფსა ბაგეთასა შეწირვაჲ ღმრთისაჲ განწესებულ არს წმიდათა წერილთა შინა, რაჲთა სასმენელობითა ჴმისაჲთა ისრის სახედ განიგუმირებოდინ მტერნი ლოცვისა მისგან, ოდენ ნუმცა საჩუენებელ კაცთა არს ამაღლებაჲ იგი ჴმისა და სიტყჳსაჲ. საპყრობილე უკუე შეიძრა, რაჲთა მესაპყრობილე განაღჳძოს და გული მისი ურწმუნოებისაგან შეარყიოს, ხოლო კარნი განეხუნეს, რაჲთა სასწაულითა მით ურწმუნოთა კარი სარწმუნოებისაჲ განეღოს, და პავლეს კრულებამან ყოველთა კრულებანი განჴსნნა.

და ვითარ განეღჳძა საპყრობილის მცველსა მას და იხილნა კარნი საპყრობილისანი განხუმულნი, იჴადა მახჳლი და ეგულებოდა განგუმერაჲ თავისა თჳსისაჲ: ეგრე ჰგონებდა, ვითარმედ განლტოლვილ არიან ყოველნი პყრობილნი. ჴმა უყო მას ჴმითა დიდითა პავლე და ჰრქუა: ნუ რა რას შეიმთხუევ თავსა შენსა ბოროტსა, რამეთუ ჩუენ ყოველნი აქა ვართ (16,27-28).

თარგმანი: ამისთჳს არა ნათელი გამობრწყინდა საპყრობილესა მას შინა, რაჲთა ვერ იხილონ პყრობილთა მათ განჴსნაჲ თავთა თჳსთაჲ რამეთუ, უკუეთუ მრავალ-გზის უქმნიეს პყრობილთა განჴურეტაჲ კედლისა და სართულისაჲ და კრულთა გარდავლაჲ ზღუდეთაჲ, რაჲღამცა ექმნა ამათ, ეხილნეს-თუ-მცა კარნი განხუმულნი და საკრველნი დაჴსნილნი და მესაპყრობილე მძინარე! ამისთჳს პავლე ხოლო ხედვიდა ყოველსავე, ვინაჲცა ჴმა-უყო და დააყენა მესაპყრობილე იგი მოკლვისაგან თავისა თჳსისა, უწყებითა ყოველთავე მუნ შინავე ყოფისაჲთა.

ხოლო მან მოითხოვა სანთელი და შეისწრაფა შინა და ძრწოლაჲ შეედვა და შეუვრდა პავლეს და შილას და გამოიყვანნა იგინი გარე და ჰრქუა: უფალნო, რაჲ მიღირს მე ყოფად, რაჲთა ვცხონდე? ხოლო მათ ჰრქუეს: გრწმენინ უფალი იესუ ქრისტე და სცხონდე შენ და ყოველი სახლი შენი (16.29-31).

თარგმანი: სანთელი ხილული მოითხოვა, რამეთუ უხილავად განათლდა გული მისი და შემკრველი ძრწის და ძეს ფერჴთა თანა შეკრულთასა, უფლით უწოდს, გამოიყვანებს და ჰკითხავს ღონესა ცხორებისასა. ხოლო პავლე არცაღა კრულებათა შინა დუმს ქადაგებისაგან, არამედ ამას მხოლოდ იტყჳს გზად ცხორებისა — მართლმადიდებლობით სარწმუნოებასა უფლისა იესუჲსსა, რამეთუ თჳნიერ ამისსა ყოველი შრომაჲ ცუდ და ურგებ არს წარმართთა და მწვალებელთა მიერ ქმნილისა რეცა მოღუაწებისაჲ.

და ეტყოდეს მას სიტყუასა მას უფლისასა და ყოველთა სახლეულთა მისთა. და წარიყვანნა იგინი მასვე ჟამსა ღამისასა და განბანნა იგინი ნაგეუმთა მათგან და ნათელ-იღო მან და მისთა ყოველთა. მეყსეულად აღიყვანნა იგინი და დაუგო მათ ტაბლაჲ და უხაროდა მას ყოვლითურთ სახლეულით, რომელთა ჰრწმენა ღმერთი (16,32-34).

თარგმანი: ამის სახისა მიერ გუესწავების თჳთმფლობელობაჲ კაცთაჲ, რამეთუ აჰა ყოველთავე იხილეს სასწაული ესე, არამედ მესაპყრობილე ოდენ მოიქცა სახლეულითურთ, ხოლო პყრობილნი იგი, რომელთა ზედა იქმნა უმეტესი იგი სასწაული საკრველთაგან განჴსნისაჲ, დაშთეს ურწმუნოებასავე შინა, რაჲთა საპყრობილე ესე პავლესი გამოგითარგმანებდეს საქმესა მას სულთა საპყრობილისა — ჯოჯოხეთისასა, რამეთუ ვითარ-ესე აქა ყოველთა იხილეს სასწაული, ხოლო მესაპყრობილესა ოდენ ჰრწმენა და პყრობილნი იგი დაშთეს ურწმუნოებასა შინა. ეგრეთვე ჯოჯოხეთს ყოველთათჳს შთავიდა ქრისტე, ხოლო რომელთა ჰრწმენა მისი, იგინი ოდენ გამოვიდეს მის თანა და ურწმუნოდ დაშთომილნი ჯოჯოხეთსცა შინა დაშთომილ იქმნნეს. გარნა შენ იხილე მოციქულთაჲ, ვითარ ყოველსა ადგილსა პირველად განსწავლიან სარწმუნოებასა და ეგრეთღა ნათელ-სცემენ, ვითარ-ესე აწ ყო პავლე. რამეთუ ესე მესაპყრობილე იგი სტეფანა არს, რომლისათჳს დასწერს მოციქული, ვითარმედ: ნათელ-ვეც სტეფანაჲსცა სახლსა. ამან სახლეულითურთ ისწრაფეს და განბანნეს მოციქულნი ნაგუემთაგან ჴორციელთა. ხოლო თჳთ მათ მიერ განიბანნეს ნაგუემთაგან სულიერთა, რამეთუ ესევითარი მჴურვალებაჲ მოიგო მესაპყრობილემან მან ღმრთისა მიმართ, ვიდრეღა თავსა თჳსსა თანა მისნი ყოველნივე მოაქცინა სარწმუნოებად ქრისტესსა და ზოგად მათ ყოველთა თანა სერი განუმზადა მოციქულთა, მხიარულებით შუებად, დღესა მას მეორედ შობისა მისისასა. ამის ყოვლისა თანა ესეცა ჯერ-არს დაცვად ჩუენდა, რაჲთა არავის ნათელ-ვსცემდეთ ეგევითარსა, რომელსა პირველ ნათლისცემისა ვერ შეუძლოთ სასმენელ მისსა ყოფად სიტყუათა მათ სწავლისათა, რომელნი ითქუმიან კათაკუმეველთა მიმართ. რამეთუ თჳნიერ ჩჩჳლთა ყრმათასა სრული კაცი ჰასაკითა, რომელიცა ნათელს-იღებდეს, პირველად ჯერ-არს რაჲთა გულისჴმა-უყოთ სიტყუაჲ სარწმუნოებისა ჩუენისაჲ და ეგრეთღა ნათელ-ვსცეთ. რამეთუ აჰა ყოველსა ადგილსა მოციქულნი პირველად ასწავებდეს სიტყუათა სარწმუნოებისათა და ეგრეთღა ნათელ-სცემდეს, რაჟამს მეცნიერ იყვნიან ძალსა საიდუმლოჲსასა.

და ვითარცა განთენა, მოუვლინნეს ერის თავთა მათ მტარვალნი და ჰრქუეს: განუტევენ კაცნი იგი, რომელნი მიგცენით პყრობილად. მიუთხრნა მესაპყრობილეთ-მოძღუარმან მან სიტყუანი ესე პავლეს და ჰრქუა, ვითარმედ: ერის თავთა მათ უბრძანებიეს განტევებაჲ თქუენი. აწ უკუე განვედით და წარვედით მშჳდობით (16,35-36).

თარგმანი: ნუ-უკუე და ცნეს მთავართა მათ სასწაული იგი; ამისთჳს მიუმცნეს მესაპყრობილესა განტევებაჲ მათი, რაჲთა წარვიდენ.

ხოლო პავლე ჰრქუა მათ: გუგუემნეს ჩუენ ურაკპარაკთა ზედა კაცნი უბიწონი ჰრომნი, და შემსხნეს საპყრობილესა ცუდად, და აწ ფარულად განგჳყვანებენ ჩუენ. არა ეგრე, არამედ თჳთ მოვიდენ და მათ განმიყვანნენ ჩუენ. მიუთხრეს მტარვალთა მათ ესე ყოველი ერის თავთა მათ და მათ ზარი-განჰჴდა, ესმა რაჲ, ვითარმედ, ჰრომნი არიან. და მოვიდეს და ჰლოცვიდეს მათ და გამოიყვანნეს იგინი საპყრობილით და ევედრებოდეს განსლვად ქალაქისა მისგან (16,37-39).

თარგმანი: ნათესავით უკუე შჯულისაებრ მოსესისა ჰურიათაგანი იყო პავლე, და ტარსუნს შინა განჴსნილ დედისა სალმობათაგან, ხოლო მამასა მისსა მრავლითა საფასოჲთა მოეყიდა სახელის-დებაჲ ჰრომ წოდებისაჲ, რამეთუ მას ჟამსა ჰრომთა ეპყრა მეფობაჲ ყოვლისა სოფლისაჲ. ამისთჳს აწ პავლე ჰრომ სახელიდებს, რაჲთა ცხად ყოს, ვითარმედ ჯერ-არს მორჩილებაჲ ყოვლისა მთავრობისაჲ, და აჩუენებს, ვითარმედ უბრალოდ გუემნეს და შეიპყრნეს კაცნი სამეუფოთა პატივთა მიერ სახელოვანნი. არა იტყჳს, ვითარმედ: შეგუსხნეს საპყრობილესა კაცნი მოქმედნი სასწაულთანი; რამეთუ საღმრთოჲსა მადლისა მათ შორის საკჳრველ ყოფასა ჰფარავს სიმდაბლითა გონებისაჲთა. გარნა ჴორციელსა იტყჳს უბიწოობასა, ვითარმედ არარაჲ ბრალი უძღოდა. და არა ფარულად განვალს, მსგავსად ბოროტის მოქმედთა ლტოლვილთასა. არამედ, ვითარ-იგი საეროდ გუემნეს, ეგრეთვე საეროდ ითხოვს განტევებასა. ვინაჲცა თჳთ მოვიდეს ერისთავნი იგი, რამეთუ ზარიგანჰჴდა, ესმა რაჲ ჰრომობაჲ, ვინაჲთგან არა ჴელ-ეწიფებოდა მათ სამეუფოჲსა პატივისა მქონებელთა კაცთაჲ შეპყრობაჲ და ტანჯვაჲ. ამისთჳს ჰლოცვიდეს სიმშჳდით, და არა ვითარცა უწესოთა განჰჴდიდეს, არამედ ვითარცა პატიოსანთა, პატივით ეტყოდეს განსლვად ქალაქით, რაჲთა არარაჲ ძჳრი შეემთხჳოს ერისა მისგან.

იგინი ვითარცა გამოვიდეს საპყრობილით, მივიდეს და შევიდეს სახლსა ლუდიაჲსსა და იხილნეს ძმანი და ნუგეშინის-სცეს მათ და გამოვიდეს (16,40).

თარგმანი: იხილე თუ რაოდენ იყო სიმდაბლე პავლესი, რამეთუ რაჟამს-იგი ასწრაფებდეს მთავარნი განსლვად, არა განვიდა ვიდრე არა მივიდა უნდოჲსა მის დედაკაცისა და განამტკიცნა სარწმუნოებასა ზედა მის თანა მყოფნი იგი ძმანი და ეგრეთღა წარვიდა, რამეთუ კმა იყო ქალაქსა მას შინა ქადაგ ქრისტესსა ყოფად სასწაულისა მის, რომელ ქმნა პყრობილთა შორის.