📋 სარჩევი
მაშინ დადგა პავლე შორის არიოპაგისა და თქუა: კაცნო ათინელნო, ყოვლითურთ ვითარცა მრჩობლ ეშმაკეულთა გხედავ თქუენ (17,22).
თარგმანი: არა ძაგებად დადგა, არამედ ქებად, რამეთუ მრჩობლ ეშმაკეულებაჲ ათინელთა შორის ესრეთ გულისჴმა-იყოფებოდა, ვითარმცა მრჩობლ მოსწრაფე იყვნეს ზორვად ღმერთთა საცნაურთა და უცნაურთა. ამისთჳს სიმრავლესა ღმერთთა მათთასა ეშმაკ უწოდდეს, ვითარ-იგი ზემო თქუეს პავლესთჳს, ვითარმედ: "უცხოთა ეშმაკთა ჩანს მომთხრობელად", ესე იგი არს უცხოთა ღმერთთა; რამეთუ ესმა რაჲ სახელი იესუჲსი და აღდგომისაჲ ორთავე ღმრთად ჰგონებდეს.
რამეთუ მიმო-რაჲ-ვიქცეოდე და მოვიხილევდ სამსახურებელთა თქუენთა, ვპოვე ბომონიცა, რომელსა ზედა წერილ იყო: უცნაურსა ღმერთსა (17,23).
თარგმანი: ვითარ-იგი ღმერთი მოგუთა არა წინაჲსწარმეტყუელთა, არამედ ვარსკულავისა მიერ ექადაგა, რამეთუ ვარსკულავთმრიცხუველ იყვნეს, ეგრეთვე პავლე ათინელთა არა საღმრთოთა წერილთაგან ეტყჳს, რომელსა-იგი არა შეიწყნარებდეს, არამედ თჳთ მათთავე ბომონთა ზედა-წარწერილისაგან მიიღებს ძალსა დიდისა ქადაგებისასა, რაჲთა ჩუენ გუასწავოს, ვითარმედ უკუეთუ მან არა უღირს-იჩინა ზედა-წარწერილი იგი საწარმართოჲსა ბომონისაჲ ჟამიერად ჴუმევად ძალად ქადაგებისა, ფრიად უფროჲს ჩუენ გჳღირს არა თანა-წარსლვაჲ ზედა-წარწერილსა ფსალმუნთა გინა საღმრთოთა წერილთა საკითხავთასა, რომელთა ძალისა მაუწყებელ ყო ზედა-წარწერილი იგი მადლმან სულისა წმიდისამან, უკუეთუ ოდენ ვინ გონიერად აღმოიკითხოს. ხოლო ბომონისა მის ათინელთაჲსა ზედა-წარწერილისა უწყებაჲ მიზეზისაჲ ესე არს: ვინაჲთგან ათინელნი არა ერთსა ოდენ, არამედ მრავალთა ღმერთთა ჰმსახურებდეს, და უახლესთა და უახლესთა მოპოვნებასა ძუელთა თანა შეაერთებდეს, ამისთჳს განიზრახეს და თქუეს: აჰა ესერა დღითი-დღე უახლესსა ღმერთსა ვისწავებთ, რამეთუ რომელიმე პაპთა და რომელიმე მამათაგან ჩუენთა და რომელიმე აწ ჩუენ მიერ ცნობილ იქმნა, რომელიმე ეგჳპტით გუესწავა, სხუაჲ — სკჳთთაგან, სხუაჲ — თრაკელთაგან. ამიერ ცხად არს, ვითარმედ ყოფად არს სხუაჲცა ღმერთი, რომელსა ჯერეთ უმეცარ ვართ, ვითარ-იგი პირველ ამათგანნი რომელნიმე არა ვიცოდენით. აწ უკუე აღვჰმართოთ ბომონი და დავწეროთ მას ზედა "უცნაური ღმერთი", რაჲთა ზორვითა მისითა არცა ერთი ღმერთთაგანი დაგჳშთეს უმსახურებელად. ხოლო თქუმულ არს ესეცა, ვითარმედ ვიეთმე წარმართთა ბრძენთა იცნეს ღმერთი ჭეშმარიტი, შემოქმედი ყოველთა დაბადებულთაჲ და მისთჳს დააწესეს კერპთა თანა მისიცა მსახურებაჲ უცნაურად ღმრთად სახელისდებითა, რამეთუ ჰგონებდეს უგუნურნი, ვითარმედ ამით მიზეზითა პატივ-იცნენ მისგან, რაჟამს კერპთა თანა მასცა ღმრთად ჰმსახურებდენ. არამედ უმეტესად იტანჯნენ მის მიერ, ვითარცა ნათლისა ბნელისა თანა, და კეთილისა ბოროტსა თანა შემასწორებელი ხოლო ათინისა ამის ბომონისა ზედა-წარწერილისათჳს თქუმულ არიან ორნი მიზეზნი სხუანი. რომელთაგანმე ესე, ვითარმედ: რაჟამს წარავლინეს ათინელთა ფილიპიდი შეწევნად ლაკედემონელთა, ბრძოლისაჳს სპარსთა მიმართ, მიემთხჳა იგი მთასა ზედა პართენონს მყოფსა კერპსა პანაჲსსა, რომელი აბრალობდა ათინელთა, ვითარცა უმეცართა მისთა, და უქადა მიმადლებაჲ ძლევისაჲ, და თანამბრძოლებაჲ მტერთა მიმართ. და ვითარცა სძლეს მტერთა, მაშინ აღუშენეს პანას ტაძარი საკერპოჲ და მაშინღა განიზრახეს, ნუ-უკუე სხუაჲცა ვინმე დაშთომილ იყოს უცნაური მათგან ღმერთი. ამისთჳს აღაშენეს ბომონი იგი სახელსა ზედა ღმრთისა უცნაურისასა. ხოლო რომელთაგანმე ესე, ვითარმედ: ოდესმე სენი განმხრწნელი შეედვა ათინელთა, რომლისათჳს უზორეს თითოეულსა ღმრთად საგონებელთა მათთა კერპთა, და არცა ერთი რაჲ სარგებელ ეყო. უკუანაჲსკნელ აღჰმართეს ბომონი სახელსა ზედა უცნაურისა ღმრთისასა, და შეწირეს რაჲ მსხუერპლი, მყის დასცხრა სენი იგი. ამათ ესევითართა მიზეზთაგან აღმართებულისა მის ბომონისა ზედა წარწერილი რაჲ იხილა მოციქულმან, ყო იგი დამარღუეველ კერპთა და ბომონთა, და მსგავსად დავითისსა მისტაცა მახჳლი მტერთა ღმრთისათა კერპთაჲ და მათითავე მახჳლითა წარჰკუეთა თავი კერპთმსახურებასა, და წარმოტყუენა ყოველივე სიბრძნე წარმართთაჲ შესაწევნელად ღმერთსმსახურებისა. ეტყოდა ათინელთა და ჰრქუა: არა უცხოთა ღმერთთა, არცა ახალთა გიქადაგებ, არამედ პირველ საუკუნეთა ღმერთსა, უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, რომელი-იგი თქუენ "უცნაურად" სახელის-დებითა გნებავს, რაჲთა ჰმსახუროთ. მას მე შეგამეცნებ თქუენ. ხოლო შენ ისწავე, ვითარმედ ამის ბომონისა ზედა-წარწერილისა და კერპთა ტაძრისაგან მოღესისათჳს სიტყჳსა დასწერს პავლე, ვითარმედ: უშჯულოთა თანა შევირაცხე, ვითარცა უშჯულოჲ; რამეთუ არა ესრეთ საკჳრველ იქნა სიბრნე პავლესი, რაჟამს შჯულისაგან და წინაჲსწარმეტყუელთა ქადაგა ქრისტე, ვითარ-ესე რაჟამს წარმართთა სიბრძნე განლაღებული მეცნიერებასა ზედა ღმრთისასა მოიყვანა ღმრთისმსახურებად.
აწ უკუე, რომელისა-იგი უმეცარ ხართ და ჰმსახურებთ, მას გახარებ თქუენ — ღმერთსა, რომელმან შექმნა სოფელი და ყოველი რაჲ არს მას შინა. ესე ცისა და ქუეყანისაჲ არს უფალი, არა ჴელით ქმნულთა ტაძართა შინა დამკჳდრებულ არს, არცა კაცობრივთა ჴელთა მიერ იმსახურების, ვითარმცა მოქენე ვისსამე იყო, რამეთუ იგი თავადი მოსცემს ყოველთა ცხორებასა და სულსა ყოვლით კერძო (17,23-25).
თარგმანი: პირველად უკუე სახისა მისგან სამსახურებელისა მათისა ასწავებს, ვითარმედ რომელსა-იგი უმეცრებით ჰმსახურებთ ცუდ-სახელთა ღმერთთა, მიერ ჭეშმარიტისა ღმრთისა მსახურებად მოგიყვანებ. რამეთუ ღმერთ ჭეშმარიტ იგი არს, რომელი არა ხოლო თჳთ დაუბადებელ, არამედ ყოველთა დამბადებელ იყოს, მპყრობელ და განმგებელ. ამით სიტყჳთა ჴელით ქმნულობასა კერპთასა ჰბასრობს და ეპიკურელთა საცთურსა დაჰჴსნის, რომელნი ზრახვიდეს თავით თჳსით მყოფობასა და განუგებელ ყოფასა არსთასა. ამისსა შემდგომად გარე-შემოუწერელობასა ღმრთისასა ქადაგებს და მისითა არა-მოქენეობითა კერპთა ჰბასრობს, რომელნი-იგი კაცობრივთა ჴელთა მოქენე არიან შემოქმედად და აღმმართებელად თჳსა. ხოლო ჭეშმარიტისა ღმრთისა საცნაურებაჲ ორითავე ამით იქმნების, რამეთუ იგი არა ვისსა მოქენე არს რაჲსამე, და უფროჲსღა, რამეთუ იგი მისცემს ყოველთა ცხორებასა და სულსა, ვითარცა ზოგად სულისა და ჴორცთა დამბადებელი და ყოვლით-კერძო ყოველთა მპყრობელი და მმართებელი. ამიერ დაემჴობვის პლატონის და ყოველთა წარმართთა სიბრძნისა განლაღებულებაჲ, რამეთუ რომელსა იგინი მოგონებადცა ვერ შემძლებელ იქმნნეს, ესე ქრისტეანეთა უწიგნოთა და სოფლიოთაცა მტკიცედ იციან, ვითარმედ ღმერთი დაუსაბამო და დაუსრულებელ არს, ყოველთა შემოქმედ და მმართებელ და მპყრობელ; ხოლო თჳთ უნაკლულო ყოვლისაგან და აღმავსებელ ყოველთა.
და შექმნნა ერთისაგან სისხლისა ყოველნი ნათესავნი კაცთანი დამკჳდრებად ყოველსავე ზედა პირსა ქუეყანისასა (17,26).
თარგმანი: ესე არს "ერთისაგან სისხლისა", რამეთუ ერთისაგან ადამისსა შობილ არიან ყოველნი ძენი კაცთანი, რომელნი აღავსებენ პირსა ყოვლისა ქუეყანისასა ურიცხუებითა სიმრავლისა თჳსისაჲთა.
განაჩინნა განწესებულნი ჟამნი და საზღვრის დადებანი დამკჳდრებისა მათისანი მოძიებად ღმრთისა. და უკუეთუმცა ვინ ეძიებდა, პოვამცა იგი. და რამეთუ არა შორს არს კაცად-კაცადისაგან ჩუენისა, რამეთუ მის მიერ ცხოველ ვართ და ვიქცევით და ვართ (17,26-28).
თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ იგი თავადი შემოქმედი ყოველთაჲ არა სულმოკლე არს, არამედ მარადის ელის და მზა არს მახლობელ ყოფით მათდა, რომელთა გამოიძიონ ღმერთი საქმით აღსრულებითა ნებისა მისისაჲთა, რამეთუ იგი თავადი ჴმობს: ღმერთი მახლობელი და არა შორიელი ღმერთი ვარ. ამისთჳს განუჩინებიან დაწესებულნი ჟამნი საზღვრის დადებისანი კაცად-კაცადისათჳს, რაჲთა, ვიდრეღა სოფელსა ამას ვიყვნეთ, ჴელ-გუეწიფებოდის, ოდესცა გჳნდეს, მოქცევად მისსა და სინანულად. და ამას ყოველსა ზედა არა ხოლო მორწმუნეთა მისთა, არამედ თჳთ ურწმუნოთაცა იპყრობს და სცავს, აღმოუბრწყინვებს მზესა, და წჳმასა მოსცემს და ყოველთავე ნაყოფთა უხუებასა, რამეთუ ელის მოქცევასა და სინანულსა ჩუენსა.
ვითარცა-იგი ვინმე სიტყჳს მოქმედნი იტყჳან: რომლისა-იგი ნათესავცა ვართო ვართო (17,28).
თარგმანი: კუალად ესეცა სიტყუაჲ გარეშეთაგან კაცთა, არატო ვარსკულავთ-მრიცხუველისა და ომიროს გამომთქუმელისა მიერ დიოჲსთჳს თქუმული ღმრთისა ყოველთაჲსა საქადაგებელ ყო მოციქულმან. რამეთუ მათ ტყუვილით აჩემეს დიოსს დამბადებელობაჲ და ამისთჳს თქუეს ნათესავ მისსა ყოფაჲ, ვითარმედ: მისნი შექმნულნი ვართო. ხოლო მოციქული ჭეშმარიტებით ყოველთა დამბადებელისა ღმრთისათჳს შემოიღებს თქუმულსა მათსა, ვითარ-იგი იყო ზედა-წარწერილი იგი ბომონისაჲ, რამეთუ მითხარ-ღა, ვის უფროჲს შეეტყუების "უცნაურ ღმერთ" წოდებაჲ, — ღმერთსა ყოვლად მიუწდომელსა, ანუ ეშმაკსა, ბოროტისათჳს განქიქებულსა. რამეთუ ათინელნი ეშმაკთა მრავალთა იცნობდეს, ხოლო ღმრთისა ჭეშმარიტისა ყოვლად უმეცარ იყვნეს. და კუალად, ვის შეეტყუების ყოველთა დამბადებელობაჲ და ყოვლისა აღმავსებელობაჲ, — ღმერთსა მხოლოსა, ანუ დიოსს ბილწსა და სანერწყუველსა გრძნეულსა. ესრეთ უკუე საწარმართოთა მათ თქუმულთა მათთაგან უქადაგებს მოციქული ათინელთა მათ, რაჲთა პირი დაუყოს მათ, რომელნი ეტყოდეს, ვითარმედ: უცხოსა რასმე ასმენ სასმენელთა ჩუენთა. ხოლო არა მითვე წარმართთა გულისჴმის-ყოფითა იტყჳს სიტყუათა საწარმართოთა, არამედ რაჲ-იგი მათ მოეპოა ტყუილით ცუდ-სახელთა მათ ღმერთთა მათთათჳს, ამას მოციქული ჭეშმარიტებით შემოიღებს ღმრთისათჳს ყოველთა შემოქმედისა.
აწ უკუე ვინაჲთგან ნათესავ ღმრთისა ვართ, არა გჳღირს, ვითარმცა ვჰგონებდით ოქროსა გინა ვეცხლსა ანუ ანთრაკსა გამოხატულსა ხუროებით განზრახვითა კაცთაჲთა, საღმრთოჲსა მის მსგავს ყოფად (17,29).
თარგმანი: ნათესავ ღმრთისა ვართ არა ბუნებით და არსებით, არამედ მადლით შვილებისა მიერ, და ბუნებით დამბადებელობისა. და კუალად ბუნებითითა ნათესავობითა ნათესავ ვართ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, ბუნებისა მისთჳს კაცობრივისა. მიერითგან, ვინაჲთგან გჳთჳსნა ჩუენგან ჴორცთ-შესხმითა, და კუალად, არა ნათესავ ღმრთისა ვართ დაუსაბამოებითა, რამეთუ იგი დაუსაბამო და პირველ საუკუნეთა არს, ხოლო ჩუენ — ჟამიერი არსებაჲ მის მიერ დაბადებითა და არაარსისაგან არსად მოყვანებითა მოგჳღებიეს, არამედ ამით არა ხოლო ყოველნი წმიდანი ნათესავ მისსა არიან თჳსებითა მადლით შვილებისა და სათნოებათა მიერისა მსგავსებისაჲთა, გარნა სხუანიცა ყოველნი კაცნი ნათესავ ღმრთისა არიან უკუდავებისათჳს და კუალად შემდგომად აღდგომისა ჴორცთაჲსა ყოვლად დაუსრულებელობისათჳს ცხორებისა ჩუენისა, რამეთუ დაუსრულებელ არს ჭირი ცოდვილთაჲ და შუებაჲ მართალთაჲ. ამით წესითა უკუე თქუეს არატო და ომირო ნათესავ ღმრთისა ყოფაჲ კაცთაჲ, რამეთუ არა სრულიად განქარვებადისა და წარწყმედადისა ბუნებისანი ვართ მსგავსად პირუტყუთა და საცხოვართა, არამედ სული მარადის უკუდავ არს, ხოლო ჴორცნიცა შემდგომად აღდგომისა უხრწნელ და უკუდავ იქმნებიან. ამისთჳს, ვითარცა სიტყჳერებითა პატივ-ცემულთა, გჳჴმს გულისჴმისყოფად ღმრთისათჳს, ვითარმედ არა არს იგი ოქრო ანუ ვეცხლ ანუ ანთრაკ, გინა სხუაჲ რაჲმე ნივთი, მოგონებად და მიწთომად შესაძლებლი, არამედ ყოვლად უნივთო არს, მიუწდომელ და მოუგონებელ ზეშთა ყოვლისა კაცობრივისა შეტყუებისა ანუ სახის მსგავსებისა, რომელნი-ესე ჴორციელნი სახენი არიან.
რამეთუ ჟამნი იგი უმეცრებისანი უგულებელს-ყვნა ღმერთმან, და აწ ამცნებს ყოველთა კაცთა ყოველსა ადგილსა შენანებად (17,30).
თარგმანი: ამიერ უქადაგებს ურწმუნოთა, ვითარმედ, რომელსაცა ჟამსა მოიქცენ სარწმუნოებად ღმრთისა, არა მოიჴსენებს იგი პირველთა მათ ჟამთა შინა ურწმუნოებისა და უმეცრებისა მისისათა ქმნილთა ცოდვათა მათთა, არამედ ზოგად ყოველთა კაცთა და ყოველსა ადგილსა მიუცემიეს ნიჭი ესე, რაჲთა მოიქცენ რაჲ სინანულად, ყოველნივე ბრალნი მათნი აღიჴოცებოდიან, რამეთუ ვითარცა-ესე მზე და ჰაერნი და წჳმანი და ნაყოფნი ქუეყანისანი საზოგადოდ მოუცემიან ყოველთა კაცთადა, ეგრეთვე სინანულისა მიერ და მოქცევისა — შენდობაჲ ბრალთაჲ საზოგადო არს ყოველთა, რომელთაცა ენებოს მოსლვაჲ მისსა, და ყოველსა ადგილსა მახლობელ არს მათდა, რომელნი ხადოდიან მას.
ვითარცა-იგი დაამტკიცა დღე, რომელსა შინა ეგულების განკითხვაჲ სოფლისაჲ სიმართლით, კაცითა მით, რომელი განაჩინა, სარწმუნოებაჲ, მოსცა ყოველთა, რამეთუ აღადგინა იგი მკუდრეთით (17,31).
თარგმანი: ვითარცა ჯერეთ ჩჩჳლთა, არა ყოველსავე ძალსა ღმრთისმეტყუელებისასა ანუ საიდუმლოსა ქრისტეს განკაცებისასა მიუთხრობს პავლე ათინელთა, არამედ ამას ოდენ კმა-იყოფს ჟამისად, რაჲთა აუწყოს, ვითარმედ არარაჲ ხილულთა და გარეშემოწერილთა და ნივთიერთაგანი არს ღმერთ, არამედ უზეშთაესი ყოველთა ცნობათა და მოგონებათაჲ და მიზეზი ყოველთა ცხორებისაჲ, რომელი სულგრძელებს უმეცრებასა ზედა კაცთასა, ვიდრემდის სოფელსა ამას იყვნენ. ხოლო მუნ განუჩინებიეს დღე, რომელსა შინა განიკითხავს სოფელსა სიმართლით და მიაგებს კაცად-კაცადსა საქმეთაებრ. ესრეთ უკუე სულგრძელებათა ღმრთისათა მითხრობითა სასოებაჲ მისცა მოქცევისა და სინანულისაჲ, ხოლო აწ დღისა მის სასჯელისა მოჴსენებითა შეაძრწუნებს მათ, ვითარმედ: არა თუ მოიქცენ, მახჳლი მისი ლესულ არს. და ესე კმა იყო ღმრთისმეტყუელებისათჳს. ხოლო ქრისტეს განგებულებისათჳს სიმდაბლით იტყჳს და კაცად უწოდს ღმრთივ-განჩინებულად, მსაჯულად ცხოველთა და მკუდართა, რამეთუ უმაღლესსა ვერღა რას დაიტევდეს ახალ-მოსწავლენი იგი. გარნა ამას დაუმტკიცებს, ვითარმედ სიტყუაჲ განკაცნა და ჭეშმარიტებაჲ სიტყუათა თჳსთაჲ მკუდრეთით აღდგომითა სარწმუნო ყო, რაჟამს შემდგომად ვნებისა და სიკუდილისა აღდგა დიდებით და იქმნა პირმშო მკუდართა, რამეთუ არა ხოლო იგი თავადი აღდგა, არამედ მის თანა აღადგინნა საუკუნითგან დაძინებულნი, რამეთუ არა ხოლო ჯოჯოხეთით აღმოიყვანნა სულნი, რომელთა ჰრწმენა ქადაგებაჲ იგი მისი, რაჟამს მივიდა საპყრობილესა მას სულთასა. გარნა ვინაჲთგან ჴორციელთა თუალთაგან არა იხილვებოდა ჯოჯოხეთით სასუფეველად მიცვალებაჲ სულთაჲ, ამისთჳს მრავალნი გუამნი შესუენებულთა წმიდათანი აღდგეს და შევიდეს წმიდასა ქალაქსა და გამოეცხადნეს მრავალთა, რაჲთა ესრეთ მყის აღდგომასავე მისსა თანა აღდგინებითა გუამთაჲთა საუკუნოჲსა მის აღდგომისა სარწმუხოებაჲ მოსცეს ყოველთა. ხოლო უკუეთუ აწინდელსა ამას ადგილსა მოციქული მამისა მიერ იტყჳს აღდგინებასა ძისასა, ესე ჴორცთა მათთჳს თქუა, ჩუენგან მიღებულთა, რომელნი ბუნებითა ღმრთეებისაჲთა, ვითარცა მამისა, ეგრეთვე ძისა მიერ აღდგინებულად ვიცნით, რამეთუ ღმრთეებით ყოველივე მათი ერთ არს, და კუალად ეგრეთვე ბუნებითა კაცობრივითა მიეცემის ძესა მამისაგან განჩინებაჲ მსაჯულად ცხოველთა და მკუდართა.
იოვანე დამასკელისაჲ: რაჟამს გესმოდის მსაჯულად განჩინებაჲ ძისაჲ და ვითარმედ: ყოველი საშჯელი მოსცა ძესა, გულისჴმა-ყავ, ვითარმედ ჴორცთა ბუნებასა თჳს-ეყვის გარდამოსლვაჲ ზეცით და დაჯდომაჲ საყდარსა და მის წინაშე შეკრებაჲ ყოველთა დაბადებულთაჲ, და ამისთჳს ძესა განეკუთნვის მსაჯულ ყოფაჲ, რამეთუ იგი მხოლოჲ განჴორციელდა ჩუენისა ცხორებისათჳს და ივნო და აღდგა და ამაღლდა და მითვე ჴორცითა მომავალ არს განშჯად ცხოველთა და მკუდართა. ხოლო ბუნებაჲ ღმრთეებისა მამისა და ძისა და სულისა წმიდისაჲ გარეშეუცავ არს და გარე-შემცველ ყოველთა.
ხოლო მათ, ვითარცა ესმა აღდგომაჲ მკუდართაჲ, რომელნიმე ეკიცხევდეს და რომელთამე თქუეს: ვისმინოთ შენი ამისთჳს კუალადცა (17,32).
თარგმანი: უახლესისა სმენად მეძიებელ ოდენ იყვნეს ათინელნი და არა გულისჴმის-მყოფელცა ძალსა სიტყუათასა. ამისთჳს არა მიხედნეს პავლეს სიტყუათა სიმაღლესა, არამედ ესმა რაჲ აღდგომაჲ მკუდართაჲ, რომელნიმე ეკიცხევდეს, ვითარცა ურწმუნონი, რამეთუ მშჳნვიერი კაცი არა შეიწყნარებს სულიერსა; ხოლო რომელთამე ჰრწმენა და ენება, რაჲთა კუალადცა ისმინონ სიტყუაჲ მისი.
და ესრეთ გამოვიდა პავლე შორის მათსა, ხოლო რომელნიმე კაცნი მისდევდეს მას და ჰრწმენა, რომელთა თანა იყო დიონოსიოს არეოპაგელი და დედაკაცი სახელით დამარის და სხუანი მათ თანა (17,33).
თარგმანი: არა ცალიერითა ჴელითა გამოვიდა, არამედ მის თანა აქუნდა ნატყუენავად დიდძალად დიდი დიონოსი, მთავარი საბჭოჲსა მის არიოპაგელთაჲსაჲ, უზეშთაესი საყდართა ყოველთა მათ მსაჯულთაჲსაჲ, განთქუმული სიბრძნესა ზედა გარეშესა, და მიწევნული თავსა მათ ყოველთა მოძღურებისასა, ვინაჲცა სრულ იპოვა საღმრთოსაცა შინა გულისჴმის-ყოფასა, დაუტევა ყოველი და შეუდგა პავლეს, რამეთუ დაღაცათუ მაშინ ჰრომთა სამეუფო იყვნეს ყოველნი, არამედ ლაკედემონელნი და ათინელნი თჳთფლობით მიშუებულ იყვნეს მათგან. ამისთჳს დაუყენებელ იქმნა დიონოსი შედგომად მოციქულისა. ჰრწმენა და ნათელ-იღო მის მიერ, ხოლო განისწავლა საღმრთოჲთა მოძღურებითა იეროთეოჲსგან ყოვლად საკჳრველისა, რომელსა თჳთ ნეტარი დიონოსი ყოველსავე ადგილსა მოიჴსენებს მოძღურად თჳსსა. ამისსა შემდგომად, ვითარცა წერილ არს მეშჳდესა წიგნსა შინა სამოციქულოთა განწესებათასა, დადგინებულ იქმნა ნეტარი დიონოსი პავლეს მიერ ეპისკოპოსად მორწმუნეთა მკჳდრთა ათინისათა, და სავსე დღეთაგან სულიერისა სრულებისათა ქრისტესთჳს წამებითა აღესრულა. ესე დიდი დიონოსი და დედაკაცი სახელით დამარი და სხუანი ვინმე მათ თანა კმა-იყვნა ჟამ ერთ თესლად ქადაგებისა თჳსისა ათინას შინა, და ეგრეთ გამოვიდა მიერ.