📋 სარჩევი
და ვითარცა მოვლო ადგილები იგი და ნუგეშინის-სცა მათ სიტყჳთა მრავლითა, წარვიდა ელადად და იყო მუნ სამ თთუე: იქმნა მისთჳს ძჳრის ზრახვაჲ ჰურიათაგან, ეგულებოდა რაჲ აღსლვაჲ ასურეთად, განიზრახა მიქცევაჲ მაკედონიაჲთ. და მის თანა ჰყვანდა ვიდრე ასიამდე სოსიპატრე, პჳრესი ბერიელი და თესალონიკელი არისტარხოს და სეკუნდოს და გაიოს დერბელი და ტიმოთე და ასიელნი ტჳქიკოს და ტროფიმოს. ესენი წინა წარგჳძღუეს და გუელოდეს ჩუენ ტროადას შინა. ხოლო ჩუენ ნავითა წარვედით შემდგომად დღეთა მათ უცომოებისათა ფილიპიაჲთ და მოვედით მათ თანა ტროადად მეხუთესა დღესა და ვიყვენით ჩუენ მუნ შჳდ დღე (20,2-6).
თარგმანი: ვითარცა მფრინველი ფრთე-მალე, ესრეთ მიმოჰვლის პავლე ნუგეშინის-ცემად ყოველთა მორწმუნეთა, რაჲთა განამტკიცნეს იგინი სარწმუნოებასა ზედა, და სადა საჴმარ იყოს, დაიყოვნებს, ხოლო სადა შფოთი აღუტყდეს, ჟამ ერთ მიჰრიდებს, რაჲთა ჩუენ გუასწავოს არა-შთაგდებაჲ თავთა ჩუენთაჲ განსაცდელთა შინა, არამედ კაცობრივითაცა ღონითა კრძალვაჲ მათგან შეწევნასავე თანა ღმრთისისა ესრეთ უკუე ზედა-მიწევნით აღმწერელი თხრობისაჲ ამის ლუკა მოწაფეთაცა პავლეს თანა მავალთა სახელებსა მოიჴსენებს. და რომელნი შეუსწავებელ იყვნეს, მათი ადგილებიცა თქუა, ვითარმედ არისტარხოს და სეკუნდოს თესალონიკელ იყვნეს და გაიოს —დერბით, სოსიპატრე — ბერჳით და ტჳქიკოს და ტროფიმოს —ასიით, ხოლო ტიმოთესი, ვითარცა ყოველთა მიერ შესწავებულისაჲ, სახელისა ოდენ კმა-იყო მოჴსენებაჲ, და ამას შეუდგენს, ვითარ სხუანი ესე ყოველნი წინა წარავლინნა მოციქულმან, რაჲთა ელოდინ მათ ტროადას შინა, ხოლო ლუკა მის თანა დაიყენა ფილიპიას ვიდრე მუნ გარდაჴდადმდე დღესასწაულსა პასექისასა, რამეთუ ესე ჩუეულებად აქუნდა მოციქულთა, რომელ, უკუეთუ ოდესმე ვერ მიეწიფნიან იერუსალემს ქმნად დღესასწაულსა აღვსებისასა, პატივად დღესასწაულისა გამოირჩიიან ერთი უდიდესი ქალაქი მათ ადგილთაჲ, სადაცა იყვნიან, და მას შინა დაადგრიან დღეთა მათ უცომოებისათა, ვითარ-ესე აწ ფილიპიას დაადგრეს, და შემდგომად დღესასწაულისა მეხუთესა დღესა მიიწინეს ტროადად და კუალად მუნცა შჳდ დღე დაადგრეს, რამეთუ დღენი იყვნეს ზატიკობისანი, და მუნ იდღესასწაულეს; არა თუ სიდიდისათჳს ქალაქისა, არამედ სიმრავლისათჳს მუნ მყოფთა მორწმუნეთაჲსა. ხოლო აწინდელი ესე მისლვაჲ მაკედონიად მესამე იყო, რამეთუ ფრიად უყუარდეს მას ფილიპელნი, რომელთა წამებს სათნოებასა.
და ერთსა მას შაბათთასა, შეკრებულ რაჲ იყვნეს მოწაფენი იგი განტეხად პურისა, ხოლო პავლე ეტყოდა მათ სიტყუასა მოძღურებისასა, რამეთუ განსლვად იყო ხვალისაგან და განაგრძო სიტყუაჲ იგი შუა ღამემდე (20,7).
თარგმანი: შაბათ უწოდდეს ყოველთა უქმთა დღესასწაულთა, და ყოველნი იგი დღენი ერგასისნი შემდგომად აღვსებისა უქნელებისა და დღესასწაულობისათჳს შაბათებ იწოდებოდეს. ხოლო აწ ერთად შაბათთად კჳრიაკესა იტყჳს, და ამით ცხად ჰყოფს, ვითარმედ ვერცა უქმობაჲ, ვერცა დღესასწაულობაჲ, ვერცა ჟამი სერობისაჲ, ვერცა ღამე ძილისა მიერ განჰკუეთდეს სიტყუასა პავლეს ქადაგებისასა, არამედ ყოველივე გარეწარად შეერაცხა, და ერთსა ზედა სერობასა მწუხრითგან შუა ღამემდე განაგრძობდა სწავლასა სულთა საცხორებელსა, და უფროჲსღა მაშინ, ოდეს ეგულებოდის ცვალებაჲ ადგილისაჲ. ვისმინოთ ჩუენ და განვიფრთხოთ; მასწავლელთა — სწავლად, და მოსწავლეთა - სმენად ყოველსა ადგილსა და ყოველსა ჟამსა წურთითა საუფლოთა შჯულთაჲთა, რაჲთა მსგავს მოციქულთა შესაკრებელისაჲ იყოს კრებული ჩუენი, რაჟამს არა შუებად და გემოვნებად, არამედ ლიტონასა პურისა განტეხითა ზრდად ჩუეულ ვიყვნეთ, ვითარცა მოწაფენი მოციქულთანი, რამეთუ აწცა და მარადის დღითი-დღე, არა ხოლო პავლე, არამედ მის თანა და მის მიერ ყოველთა საეკლესიოთა მოძღუართა შორის ქრისტე ჴმობს პირითა წინამძღუართა და მწყემსთა სულიერთაჲთა.
იყვნეს სანთელნი მრავალნი ქორსა მას ზედა, სადა-იგი შეკრებულ ვიყვენით, ხოლო ჯდა ვინმე ჭაბუკი ერთი სახელით ევტჳქოს სარკუმელსა ზედა, და ვითარცა მიერულა მას ძილითა ჴშირითა სიტყუასა მას პავლესსა მრავალ ჟამ, გარდავარდა მძინარე და დაეცა სამ-სართულისა მისგან ქუეყანად და იდვა მკუდარი. გარდამოვიდა პავლე და დავარდა მას ზედა, შეიტკბო იგი და თქუა: ნუ აღშფოთნებით, რამეთუ სული მისი მის თანა არს. აღდგა მიერ და აღვიდა, განტეხა პური და ჭამა, და მრავალ ჟამ ზრახვიდა-ღა ვიდრე განთენებადმდე, და ესრეთ განვიდა. ხოლო მოიყვანეს ყრმაჲ იგი ცოცხალი და ნუგეშინის-იცეს არა მცირედ (20,8-12).
თარგმანი : შეიშურვა ეშმაკმან გულსმოდგინებაჲ იგი მსმენელთაჲ და ინება შეწუხებაჲ მათი სიკუდილითა ევტჳქისითა, ხოლო სახიერმან ღმერთმან პავლეს მიერ დაჰჴსნა ღონე სივერაგეთა მისთაჲ და აღადგინა ჭაბუკი იგი ესოდენ მოსწრაფედ მსმენელი საღმრთოთა სიტყუათაჲ, რომელ ვერცაღა ძილისა მძლავრებასა წარეყვანა იგი დაწოლად, და მუნვე ჰბრძოდა იგი ძილსა. ხოლო იმძლავრა ძილისაგან არა უდებებითა, არამედ ფრიად განგრძობითა პავლეს სიტყუათაჲთა. გარნა შენ იხილე სიმდაბლე პავლეს გონებისაჲ, რამეთუ რომლისაჲ-იგი სული განსრული კუალად-აგო და აღადგინა სიკუდილისაგან, ამის ზედა ქმნილსა სასწაულსა თჳსსა ჰფარვიდა სიტყჳთა ამით, რაჟამს თქუა არა ვითარმედ "მე აღვადგინო მკუდრეთით", არამედ — "სული მისი მის თანა არსო". ესრეთ აღადგინა რაჲ იგი, მაშინღა აღვიდა და ჭამა პური, რამეთუ ვიდრე მუნ ჟამამდე უცალო იყო სწავლისაგან მათისა, რომელნი ჭამდეს, და მცირედ რაჲ პირიჴსნა, კუალად განაგრძო სწავლაჲ ვიდრე განთენებამდე, რამეთუ დაღაცათუ, ვითარცა უსრულთა, ვერ უთხრა მათ, არამედ ამისთჳს ეგოდენ განაგრძო სწავლაჲ მათი, რამეთუ ვერღარა ჴელ-ეწიფებოდა მათ ხილვაჲ პირისა მისისაჲ ჴორციელად, ვითარ-იგი ქვემო-რე ეფესელთა ეტყჳს. ესრეთ უკუე ნუგეშინის-იცეს რაჲ ძმათა მათ ხილვითა მით სასწაულისაჲთა და აღდგინებითა ევტჳქისითა, მიერითგან იჯმნა მოციქულმან და განვიდა სრბად გზათა წამებისათა.
ხოლო ჩუენ წინა წარუძეღჳთ ნავითა და აღვედით ასსონდ. მიერ გუეგულებოდა წარყვანებაჲ პავლესი, რამეთუ ეგრეთ განეწესა, რამეთუ მკჳრცხლ ეგულებოდა მოსლვაჲ (20,13).
თარგმანი: რომელი უადვილეს იყო — ნავით სლვაჲ — მოწაფეთა უბრძანებდა, ხოლო თჳთ მოციქული ჴმელით დაშურებოდა უმეტესისა მოღუაწებისათჳს. ამისთჳს ლუკა და მის-თანანი ნავითა მივიდეს ასსონდ, რომელსა თასოდცა ვიეთნიმე უწოდენ. ხოლო არს იგი ჭალაკი თრაკით კერძო და მოციქული ჴმელით მივიდა.
ვითარცა მოვიდა ჩუენდა ასსონდ, წარმოვიყვანეთ იგი და მოვედით მიტჳლინდ, და მიერ ნავითა წარმოვედით და ხვალისაგან მივიწიენით წინაშე ქიონისა და მიერ მივედით სამონდ და დავადგერით ტრონგჳლიას შინა. და მეორესა დღესა მოვედით მელიტონდ (20,14-15).
თარგმანი: მიტჳლინი არს ქალაქი დიდისა მის ჭალაკისა ლეზბოჲსაჲ, ხოლო ქიონი საჩინოჲ ჭალაკი იონთაჲ, რომელსა ჰიონ ეწოდა ჰიოჲსაგან უკეანოსისა, გინა თუ თოვლისაგან ფრიადისა, რომელი მოვალს მუნ. ხოლო სამონი არს წარჩინებული ჭალაკი კარიაჲსაჲ, რომელსა სამონ ეწოდა სიმაღლისათჳს, რამეთუ ძუელნი ელენნი მაღალსა სამონ უწოდდიან, ხოლო ტრონგჳლიაჲ არს სოფელი მჳკალისაჲ და მჳკალაჲ — ქალაქი კარიაჲსაჲ, ხოლო კარიაჲსა სოფელსა მის შორის აქუს მდინარე ერმოჲსაჲ. და მელიტონი არს უპირატესი ქალაქი კარიაჲსაჲ იონთაჲ, რომელსა მელიტო ეწოდა მხუევრისა მის მცენარისაგან, რომელსა ზმილაკ უწოდიან. ამათ ჭალაკთა და ქალაქთა თანა-წარვლასა მოიჴსენებს ლუკა, მსგავსად ჩუეულებისა კაცთა, ზედა-მიწევნით თხრობისა აღმწერელთაჲსა.
ინება პავლე ეფესოჲსა თანა-წარსლვაჲ, რაჲთა არა დაეყოვნოს მრავალ ჟამ ასიას შინა, რამეთუ ისწრაფდა, უკუეთუმცა შესაძლებელ იყო მისსა, დღისა მის მეერგასისა ყოფად იერუსალემს (20,16).
თარგმანი: იხილე წმიდათაჲცა, ვითარ ინებებენ რასმე და წადიერ არიან ქმნად და ვერ მიემთხუევიან საწადელსა, ვითარცა ზოგადისა კაცთა უძლურებისა მქონებელნი, რაჲთა არავინ ჰგონნეს იგინი გარეგან კაცთა ბუნებისა, რამეთუ ბუნებაჲ ჩუენივე აქუნდა, ხოლო ნებაჲ კეთილთაჲ — ფრიად უზეშთაესი ჩუენსა, რომლითა დაიმკჳდრა მათ შორის მადლმან ყოვლადწმიდისა სულისამან; ვითარ-ესე აწ პავლე ეფესოსა თანა-წარჰჴდა, რაჲთა არა შეაწუხნეს მვედრებელნი მისდა მათ თანა დაყოვნებისანი, რამეთუ ისწრაფდა იგი, რაჲთამცა ვითარ განემარჯუა იერუსალემდ მისლვაჲ დღესასწაულსა მას პასექისასა, რამეთუ დღესასწაულთა მუნ მისლვითა თანად უკუე ჰურიათა გულსავსე ჰყოფდა, ვითარმედ მათ თანავე მოსწრაფე არს აღსრულებისათჳს შჯულიერთა მათ დღესასწაულთა მათთა, და თანად ეძიებდა შესაკრებელსა ერთა მედღესასწაულეთასა, რაჲთა უმრავლესთა შორის ქადაგ იქმნეს სახელსა ქრისტეს ღმრთისასა.
ხოლო მელიტონით მიავლინა ეფესოდ და მოუწოდა ხუცესთა ეკლესიისათა. და ვითარცა მოვიდეს მისსა, ჰრქუა მათ: თქუენ იცით პირველ დღითგან, ვინაჲთგან შემოვედ ასიად, თუ ვითარ ვიყავ თქუენ თანა ყოველსა ჟამსა, და ვჰმონებდ უფალსა ყოვლითა სიმდაბლითა და მრავლითა ცრემლითა და განსაცდელითა, რომელნი შემემთხუეოდეს მე ძჳრის ზრახვათაგან ჰურიათაჲსა. ვითარ-იგი არარაჲ დავაყენე უმჯობესი თქუენი, რომელიმცა არა გითხარ და გასწავე თქუენ ერსა წინაშე და სახლსა შინა, და უწამებდ ჰურიათა და წარმართთა ღმრთისა მიმართ სინანულსა და სარწმუნოებასა უფლისა მიმართ ჩუენისა იესუ ქრისტესა (20,17-21).
თარგმანი: დაღათუ ისწრაფდა თანა-წარსლვად, არამედ არცა ეგრეთ უღუაწად დაუტევნა ეფესელნი, არამედ მელიტონით მიავლინა და მოუწოდა ხუცესთა ეკლესიისათა. ხუცად უწოდდიან მაშინ ჯერეთ ეპისკოპოსთაცა და ეპისკოპოს — ხუცესთა, რამეთუ არღა მიეღო თჳსაგანი განრჩევაჲ სახელთა ამათ. ვინაჲცა აწ, მო-რაჲ-ვიდეს პავლესსა ეპისკოპოსნი და ხუცესნი ასიელთანი, მსგავსად სამოელისსა, ესეცა იჯმნის ერისაგან, და მათითავე მოწამედ შემოყვანებითა მოაჴსენებს მათ თჳსსა სიმდაბლესა ყოველთა მიმართ; რამეთუ იყვის ვინმე მდაბალ მაღალთა მიმართ და მაღალ — მდაბალთა; და კუალად, სხუაჲ მაღალთა მიმართ მაღლოინ, ხოლო მდაბალთა მიმართ დამდაბლდებინ. და ესევითართა არა მოუგიეს ყოველი სიმდაბლე, რამეთუ ესე არს მონებაჲ უფლისაჲ ყოვლითა სიმდაბლითა, რაჲთა სწორებით ყოველთა კაცთა მიმართ მდაბალ იყოს. ესრეთ უკუე მოციქულმან ყოველსა შინა სიმდაბლე თჳსი მსმენელთა მიერ წამებულ ყო, რაჲთა არცაღა ვინ სიტყუანი ესე აწინდელნი შეურაცხნეს მას ზუაობით სიქადულად. ამისსა შემდგომად ჭირთა თავს-დებასა და განსაცდელთა მოთმინებასა თჳსსა სახედ მოართუამს მათ, რაჲთა არა ხოლო სხუანი ჭირნი, არამედ თჳთ განყოფაჲცა ესე და ჯმნაჲ მისგან სიმჴნით და შეუწუხებელად თავს-იდვან და მტერთა და მდევართათჳს ცრემლოოდიან, ვითარ-იგი ჰურიათათჳს. ამას თანა გჳჩუენებს სწავლათა თჳსთა კადნიერებასა, თჳსაგან და ერსა შორის ქადაგებითა. ხოლო ზომიერებასა გუასწავლის, რაჲთა არა ლიტონად ვმოძღურიდეთ, არამედ მათ ოდენ სიტყუათა დაუყენებელად მიუთხრობდეთ, რომელნი უმჯობეს და უმარგებელეს იყვნენ ერისა. და შემდგომად სწავლისა ცხად ჰყოფს, ვითარმედ უწამებდ ჰურიათა და წარმართთა ღმრთისა მიმართ სინანულსა, და უბრალო ვიყოფდ თავსა ჩემსა წინაჲსწარ თქუმითა, ვითარმედ ძისა უმეცარი მამისაგანცა განვარდების, და რომელმან არა აქავე შეინანოს ცოდვაჲ, იგი საუკუნოდ იტანჯების.
და აწ ესერა კრული, სულითა მივალ იერუსალემს და, მუნ თუ რაჲ შემთხუევად არს ჩემდა, არა ვიცი. გარნა სული წმიდაჲ ქალაქად-ქალაქად მიწამებს მე და მეტყჳს, რამეთუ კრულებანი და ჭირნი მელიან მე. არამედ არარას ვზრუნავ ამისთჳს, არცა უპატიოსნეს სულისა ჩემისა შემირაცხიეს თავი ჩემი, ვითარმცა არა აღვასრულე სრბაჲ ჩემი სიხარულით, და მსახურებაჲ, რომელი მოვიღე უფლისა იესუ ქრისტესგან, წამებად სახარებაჲ იგი მადლისა ღმრთისაჲ (20,22-24).
თარგმანი: სთქუა რაჲ "და აწ ესერა კრული", მცირედ იპყარ სიტყუაჲ და ეგრეთღა დაჰრთე: "სულითა მივალ იერუსალემს", რაჲთა ესრეთ გულისჴმა-ჰყო ძალი სიტყჳსაჲ, ვითარმედ წინაჲსწარ უწყის მოციქულმან სულისა მიერ წმიდისა კრულებათა და ჭირთა შემთხუევაჲ თჳსი, მი-რაჲ-ვიდეს იერუსალემდ. ვინაჲცა ცან, ვითარმედ არა ყოველსავე წინაჲსწარ სცნობდეს წინაჲსწარმეტყუელნი, არამედ მას ოდენ, რომელი გამოუცხადის მათ სულმან წმიდამან, ვითარ-ესე აწ პავლე ამას ხოლო მეცნიერ არს სულისა მიერ, ვითარმედ ჭირნი და კრულებანი ელიან მას, ხოლო თუ რაჲ შემთხუევად არს, აღსასრული საქმისაჲ არა უწყის, რაჲთა, რაჟამს ზოგისა მის წინაჲსწარ ცნობისათჳს ამაღლდებოდის, სხჳსა მის ზოგისა უმეცრებისათჳს დამდაბლებულმან არა ყოვლითურთ ზეშთა კაცთა საზომისა შეჰრაცხოს თავი თჳსი, არამედ შემუსრვილითა გულითა ურვით ვედრებასა შესწირვიდეს ჴსნად მისსა განსაცდელისაგან უძლურებისათჳს ჴორცთა მჴნისა მის გონებისათაჲსა. და კუალად, რომელი ყოვლითურთ შემშჭუალულ იყოს სიყუარულსა საღმრთოსა, ესევითარისა მის სული სულისა წმიდისა თანა შეკრულ არს და მარადის განუშორებელ ჰყოფს თავსა თჳსსა მისგან, ვითარცა ჯუარცუმით განყენებული სოფლისაგან და საქმეთა სოფლიოთა. და ესე არს სიტყუაჲ იგი მოციქულისაჲ, ვითარმედ: სიკუდილი იგი უფლისა იესუჲსი ჴორცთა შინა ჩემთა მიტჳრთავს და დღითი-დღე მოვკუდები. რამეთუ აჰა სული წმიდაჲ წინა-უწამებს მას, რაჲთა განმზადებულ იქმნეს დღითი-დღედ შემთხუევასა ჭირთა და კრულებათასა, რომელნი-იგი ქალაქად-ქალაქად მივლიან მას. ხოლო იგი არარას ზრუნავს სიმჴნითა და ახოვნებითა გონებისათა, რამეთუ წყურიელ არს ბევრ-გზისღა თუმცა შეემთხუეოდა მას სიკუდილი სახელისათჳს ქრისტესისა, ვინაჲთგან უპატიოსნეს შეურაცხიეს მას თავი იგი ჩუენ ყოველთაჲ ქრისტე; არა ხოლო უფროჲს ყოვლისა სოფლისა, არამედ უფროჲს სულისაცა თჳსისა, რომელსა მხიარულებით დასდებს მისთჳს წამებისა მიერ და ესრეთ სისხლთა დათხევითა სრულ ჰყოფს სრბასა და მსახურებასა ქადაგებისასა, რომელი რწმუნებულ იყო მისდა ქრისტეს მიერ, რაჲთა უწამებდეს ყოველთა კაცთა სახარებასა მადლისა ღმრთისასა, და ესრეთ იტყოდის, ვითარმედ: უბრალომცა ვარ მე, რამეთუ აჰა წინაჲთვე გახარებ, ვითარმედ მადლით მოგიტევებს ღმერთი პირველ ქმნულთა ცოდვათა, უკუეთუ აწვე მოიქცეთ მისსა სარწმუნოებით, ნათლისღებითა და სინანულითა. ხოლო უკუეთუ მოუქცეველად ეგნეთ აქა, ბოროტად იტანჯნეთ საუკუნოდ.
და აწ აჰა ესერა მე უწყი, რამეთუ არღარა იხილოთ პირი ჩემი თქუენ ყოველთა, რომელთა შორის ვიქცეოდე და ვქადაგებდ სასუფეველსა ღმრთისასა. ვინაჲცა გიწამებ თქუენ დღენდელსა ამას დღესა, რამეთუ უბრალო ვარ მე სისხლისაგან თქუენ ყოველთაჲსა, რამეთუ არარაჲ დავაყენე, რომელიმცა არა გითხარ თქუენ ყოველივე ნებაჲ ღმრთისაჲ (20,25-27).
თარგმანი: წინა-განმზადებულ ჰყოფს ახოვნად თავს-დებად ჭირთა და ურვათა გონებისათა, რომელნი აქუნდეს მათ განყოფისათჳს მისგან, წინა-უწყებითა, ვითარმედ აღსასრულისაჲ არს მათდა აწინდელი ესე ხილვაჲ პირისა მისისაჲ. ამას თანა უწამებს, ვითარმედ: უბრალო ვარ სისხლისაგან თქუენ ყოველთაჲსა, რამეთუ ქადაგთა ქრისტესთა წმიდათა მოციქულთა ყოველთა შორის უქადაგებიეს სასუფეველი ღმრთისაჲ და წინა-უსწავლიან კაცთადა ღონენი სულისა ცხორებისა და სასუფეველად შესლვისანი. ამისთჳს, უკუეთუ ვინმე შემდგომად ქადაგებისა მათისა მოიკლას თავი თჳსი, განვრდომითა ჭეშმარიტისა მისგან ცხორებისა, რომელ არს ქრისტე, თჳთმკლველ არს სულისა თჳსისა და მის ზედა არს სისხლი მისი. ხოლო ქადაგნი იგი ქრისტესნი უბრალო არიან, რამეთუ ყოველთადა უშურველად წინა-დაუც მათ უწყებაჲ ნებისა ღმრთისა ყოვლისაჲვე. ხოლო ქმნაჲ და არა-ქმნაჲ ჩუენსა ნებასა ზედა არს. ამიერ უკუე ცხად არს, ვითარმედ, ვინაჲთგან რომელთა ასწავონ სამწყსოთა თჳსთა ნებაჲ ღმრთისაჲ, იგინი უბრალო არიან სისხლთა მათთაგან, ხოლო რომელთა უდებ-ყვნენ სამწყსონი თჳსნი, იგინი თანა-მდებ არიან სისხლთა სულისა მათისათა; რომელი-ესე იხილედ მოძღუართა და მწყემსთა, და ეკრძალებოდედ სისხლისაგან სამწყსოთაჲსა.
ეკრძალენით უკუე თავთა თქუენთა და ყოველსავე სამწყსოსა, რომელსა-ეგე თქუენ სულმან წმიდამან დაგადგინნა მოღუაწედ და მწყსად ეკლესიასა უფლისა ღმრთისასა, რომელი მოიგო სისხლითა თჳსითა (20,28).
თარგმანი: განიცადე სიტყუაჲ მოციქულისაჲ, ჵ ეპისკოპოსო და წინამძღუარო ეკლესიისაო; ეკრძალე თავსაცა თჳსსა და სამწყსოთასაცა, რამეთუ ერთი თჳნიერ მეორისა უჴმარ არს. ამისთჳს არა კმა არს თავისა ოდენ თჳსისა ზრუნვაჲ და სამწყსოთა უგულებელს-ყოფაჲ; არცა სამწყსოთა ოდენ ზრუნვაჲ და თავისა თჳსისა უგულებელს-ყოფაჲ, არამედ ორკერძოვე სწორებით გჳჴმს სიფრთხილე. ხოლო ნუ გგონიეს, ვითარმედ თჳსი კრძალვაჲ უპირატეს არს სამწყსოთასა და ამისთჳს პირველად მას იტყჳს, არამედ ესრეთ გულისჴმა-ყავ, ვითარმედ თჳთ თავთა ჩუენთა იგი კრძალულებაჲ და წესიერებაჲ უმეტეს განაკრძალებს სამწყსოთაცა ჩუენთა. ამისთჳს იტყჳს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს: ეკრძალენით უკუე თავთა თქუენთა და ყოველსავე სამწყსოსა, რომელსა-ეგე თქუენ სულმან წმიდამან დაგადგინნა ეპისკოპოსად. იხილე, ვითარ რომელთა ზემო ხუცად ეფესოჲსა იტყოდა ლუკა, აწ მათ პავლე ეპისკოპოსად უწოდს, რამეთუ მაშინ ჯერეთ არღა მიეღო თჳსაგანი განრჩევაჲ სახელთა ამათ, არამედ ეპისკოპოსსა ხუცეს უწოდდიან და ხუცესსა — ეპისკოპოს. აწ უკუე ვინაჲთგან არა ბუნებითად გუაქუს, არამედ კეთილისა ნებისათჳს და სათნოებისა ჴელნი დაგუესხმიან ეპისკოპოსად სულისა მიერ წმიდისა, ამისთჳს გჳღირს კრძალვაჲ თავთა ჩუენთაჲ, რაჲთა არა უდებებითა წარვწყმიდოთ ნიჭი იგი სულისა წმიდისაჲ, არამედ ზოგად მოსწრაფე ვიყვნეთ დაცვად თავთა ჩუენთა და სამწყსოთა, რომელ გუერწმუნნეს, საუფლოჲთა სისხლითა მოგებულთა.
და აჰა მე უწყი ესე, რამეთუ შემოვიდენ თქუენდა შემდგომად განსლვისა ჩემისა მგელნი მძიმენი, რომელნი არა ერიდებოდიან სამწყსოსა, და თჳთ თქუენგანნი აღდგენ კაცნი, რომელნი იტყოდიან გულარძნილსა, რაჲთა განადგინნენ მოწაფენი შემდგომად მათდა (20,29-30).
თარგმანი: რაჲსათჳს განხუალ, ჵ ნეტარო, უკუეთუ უწყი და წინა-გიცნობიეს შემდგომად განსლვისა შენისა შემოსლვაჲ მგელთაჲ? მოგჳგებს, ვითარმედ: ამისთჳს, რამეთუ თანა-შეკრულ ვარ მე სულსა წმიდასა, და იგი წარმიყვანებს მე, ვითარცა მას ჰნებავს, ხოლო თქუენ ეკრძალენით ნუ ხოლო უცხოთა, არამედ თჳთ თქუენგანთაცა კაცთა მბრძოლად ზედა-აღდგომასა, რომელი-ესე უძნელეს არს თჳსთაჲ ურთიერთას ბრძოლაჲ, ვიდრეღა უცხოთაჲ.
ამისთჳს იღჳძებდით და მოიჴსენეთ, რამეთუ სამსა წელსა ღამით და დღით არა დავსცხრებოდე ცრემლით სწავლასა კაცად-კაცადისა თქუენისასა (20,31).
თარგმანი: იხილე განგრძობილებაჲ პავლეს ეფესელთა მიმართ სწავლისაჲ, რამეთუ სამ წელ იყო, და დაუცადებელობაჲ, რამეთუ დღე და ღამე, და ყოველთა მიმართობაჲ, რამეთუ არა ხოლო საეროდ ყოველთა, არამედ თჳსაგანცა კაცად-კაცადსა ასწავებდა არა ხოლო ლიტონითა სიტყჳთა, არამედ ცრემლთა დათხევითა. ამიერ სახე გამიგე, ჵ მოძღუარო, და რაჟამს ხედვიდე ულმობელობასა მოწაფეთასა, შენ მათ წილ ცრემლოოდე მათ ზედა, ნუუკუე და ლმობიერებითა შენითა იგინიცა მოსდრიკნე ლმობიერებად და შენანებად ბრალთა თჳსთა.
და აწ შეგვედრებ თქუენ ღმერთსა, ძმანო, და სიტყუასა მას მადლისა მისისასა, რომელი შემძლებელ არს აღშენებად და მოცემად თქუენდა მკჳდრობისა ყოველთა შორის წმიდათა (20,32).
თარგმანი: ვინაჲთგან წინა-განაკრძალნა და შეაძრწუნნა შემოსლვისათჳს მგელთაჲსა, აწ ნუგეშინის-სცემს ლოცვით შევედრებითა ღმრთისაჲთა, და მოაჴსენებს სიტყუასა მას მადლისა მისისასა, რომელ არს ერთ-ღმრთეებად ქადაგებაჲ წმიდისა და ერთ-არსისა სამებისაჲ. ამისთჳს არა თჳსაგან იტყჳს მამისათჳს და ძისა და სულისა წმიდისა, ვითარმედ: "რომელნი შემძლებელ არიან", არამედ ერთად ძალად შემოჰკრებს გუამითა განყოფილთა მათ და ერთისა მისთჳს ბუნებისა მათისა ჴმობს: "რომელი შემძლებელ არს", არა "აღშენებად", არამედ ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, დაშენებად თქუენდა. რამეთუ არა ვითარცა უშენთა უჴმდა ახლად აღშენებაჲ, არამედ, ვითარცა პავლეს მიერ აღშენებულთა საფუძველსა ზედა ღმრთისა მიმართისა სარწმუნოებისასა, უჴმდა აღმატებაჲ ნაშენებთაჲ სარწმუნოებასა ზედა კეთილთა საქმეთასა.
ვეცხლისა და ოქროჲსა და სამოსლისაჲ არავისი გულმან მითქუა. თქუენ თჳთ უწყით, რამეთუ საჴმარსა მას ჩემსა, და რომელნი იყვნეს ჩემ თანა, ჴელნი ესე ჩემნი ჰმსახურებდეს. და ყოველივე გიჩუენე თქუენ, რამეთუ მშრომელთა მათდა ჯერ-არს შეწყნარებაჲ უძლურთა მათ (20,33-35).
თარგმანი: ძირითურთ აღმოჰფხურის ვეცხლისმოყუარებასა, რამეთუ არა-მიღებაჲ ვეცხლისა და ოქროჲსაჲ ნუ-უკუე და ოდესმე ამისგან იყვის, რომელ არავინ მოგუცემდის. არამედ ესე არს სრული სათნოებაჲ, რაჲთა სრულიად მოვისპოთ გულისთქუმაჲ საჴმართმოყუარებისაჲ; რამეთუ უკუეთუ გულისთქუმაჲ გუაქუნდეს, იგი მიუდგების და შობს მოხუეჭასა და ანგაჰრებასა. ამის ყოვლისაჲ სახე გჳჩუენა მოციქულმან, რამეთუ არა ხოლო თჳთ არავისისა სიმდიდრისა მიმართ გული-უთქუმიდა, არამედ თჳსითა ჴელთსაქმრითა ზრდიდა თავსაცა თჳსსა და სხუათა უძლურებისა შესაწევნელ ჰყოფდა მუშაკობასა თჳსსა; რაჲთა ჩუენცა ვისწავოთ, რომელთა შრომაჲ ძალ-გუედვას, გამოზრდაჲ უძლურთაჲ ნამუშაკევითა ჩუენითა. სადა არიან, რომელნი სულიერსა ოდენ მოღუაწებასა საქმედ ჴელთა კმა-იყოფენ; იხილედ და თქუედ: ნუ-უკუე მარხვაჲ ანუ ლოცვაჲ იშრომებისა ჴელითა? არამედ მას თანა საძიებელ არს საქმე ჴელთაჲ გამოსაზრდელად თავისა თჳსისა და ქველისმოქმედებად გლახაკთა
და მოჴსენებად სიტყუაჲ იგი უფლისა იესუჲსი, რამეთუ თავადმან თქუა: ნეტარ არს მიცემაჲ უფროჲს ვიდრე მოღებისა (20,35).
თარგმანი: იძიე თუ სადა წერილ არს სიტყუაჲ ესე უფლისა მიერ თქუმულად; ცხად არს, ვითარმედ ანუ უწერელად ყურით სმენილი ოდენ ქრისტესგან მოციქულთა მიერ მოცემულ არს ჩუენდა, ანუ თუ სხუებრ სხჳთა სიტყჳთა თქუმული ქრისტეს მიერ, ვითარმედ: "განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა" (), და კუალად: "ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ" (). ესე და მსგავსნი ამათნი სიტყუანი ესრეთ შეცვალნეს მოციქულთა სხჳთა სიტყჳთა, ხოლო მითვე ძალითა, ვითარმედ: ნეტარ არს მიცემაჲ უფროჲს ვიდრე მოღებისა; ვითარმცა იტყოდეს, ვითარმედ: მიცემისათჳს გლახაკთაჲსა საუნჯისა ქონებაჲ გუესმის ცათა შინა და მოწყალებისათჳს — ნეტარებაჲ და აღთქუმაჲ შეწყალებისაჲ, რომელნი-ესე მოღებისათჳს არაოდეს გუასმიან. ამისთჳს ნეტარ არს მიცემაჲ უფროჲს ვიდრე მოღებისა.
და ესე რაჲ თქუა, დაიდგინა მუჴლნი მათ ყოველთა თანა და ილოცა (20,36).
თარგმანი: ამიერ ვისწავოთ, ვითარმედ უჴმს, რომელი იჯმნიდეს ძმათაგან, რაჲთა მუჴლთ-მოდრეკით ილოცოს მუნ მყოფთა თანა და ეგრეთღა განეშოროს მათგან შემდგომად სიტყუათა ჯმნისათა და მუჴლთ-მოდრეკით ლოცვისა.
იყო ტირილი დიდი მათ ყოველთაჲ და მოეხჳნეს ქედსა პავლესსა, ამბორს-უყოფდეს მას და ელმოდა უფროჲსღა სიტყუათა მისთათჳს, რომელ თქუა, ვითარმედ არღარა იხილონ პირი მისი. და წარჰგზავნიდეს მას ნავად (20,37-38).
თარგმანი: საძნაურ უჩნდა იგიცა, რომელ აუწყა მათ შემოსლვაჲ მგელთაჲ. არამედ უფროჲს ყოვლისა ალმობდა მათ ცნობაჲ პავლეს ვერღარა ხილვისაჲ. ამისთჳს მოეხუეოდეს ქედსა მისსა წმიდასა, და მოწლედ სიყუარულით ამბორსუყოფდეს. რამეთუ რაჲმცა იყო უსაწადელეს თავისა მის მოციქულთა თავისა, რომლისათჳს ვჰგონებ, ვითარმედ მასცა ელმოდა და ცრემლოოდა ურვითა სამწყსოთა თჳსთა დატევებისაჲთა, რომელნი-იგი წინა-უვიდოდეს მას და თანა-ჰყვებოდეს და წარჰგზავნიდეს ნავად წარგზავნასა დასასრულისასა.
და ვითარცა იყო შესლვაჲ ჩუენი, განვეშორენით მათგან; მართლ წარმოვედით და მივიწიენით კონდ. და კუალად ხვალისაგან როდედ და მიერ პატრად. და ვპოვეთ ნავი, რომელი წიაღ-ვიდოდა ფინიკედ. აღვჴედით და შევსხედით მას. და აღ-რაჲ-ჩნდა კჳპრე, დაუტევეთ იგი მარცხენით და მივიდოდეთ ასურეთად, და მივიწიენით ტჳრედ, რამეთუ მუნ გარდაყრად იყო ტჳრთი ნავისაჲ მის (21,1-3).
თარგმანი: ესე იყო ნავითა მართლ წარმოსლვაჲ, რამეთუ არასადა ყოვნეს სოფელთა და ქალაქთა, არამედ მსწრაფლ წარვიდეს ადგილები ესე: კონი, რომელ არს ჭალაკი და ქალაქი, რომელსა მოიჴსენებს ისიოდოს ფილოსოფოსი, და უწოდს მას მძლედ და წინამძღურად ქალაქთა. ხოლო როდონი ჭალაკი არს საჩინოჲ, რომელსა როდ ეწოდა როდისგან, ასულისა პოსიდონისსა, და კუალად ფრიადისა ვარდისაგან, რომელი იქმნების მუნ თჳთცენებით ველურად და არა შინაურად. ხოლო პატრაჲ ქალაქი არს ლუკიაჲსაჲ, სადაიგი არს ნავთსადგური, ანდრიაკად სახელდებული, რომელსა შინა იცვალეს ნავი იგი ეფესოჲთ წარმომყვანებელი მათი პავლე და მის თანათა. ნუ-უკუე და თჳთ მის ადგილისაჲ იყო ნავი იგი. ამისსა შემდგომად, ვინაჲთგან არა პოვეს ნავი, მიმყვანებელი კესარიად ფილიპიისა, ამისთჳს ტჳრელსა ნავსა შევიდეს, წიაღ-მავალსა პატრაჲთ ფინიკედ. რამეთუ ფინიკე უწოდიან ყოველსა ასურეთსა, სადაცა დგას ფინიკისა ხე. ესრეთ უკუე უმეტესითა სწრაფითა არა შევიდეს კჳპრედ, არამედ წიაღ-ჴდეს ტჳრედ, რომელსა აწ სურ ეწოდების, და მუნ გარდაყარეს ტჳრთი ნავისაჲ, რამეთუ მებრვე ამისთჳს მისრულ იყვნეს მუნ ტჳრთისა მისთჳს.
და მოვიძიენით მოწაფენი და დავადგერით მუნ შჳდ დღე, რომელნი-იგი პავლეს ეტყოდეს სულითა, რაჲთამცა არა აღვიდა იერუსალემდ (21,4).
თარგმანი: სულისა მიერ წინაჲსწარმეტყუელებდეს ტჳრეს მყოფნი იგი მოწაფენი ჭირთა, რომელნი შემთხუევად იყვნეს პავლესდა. ხოლო არა-აღსლვასა იერუსალემდ კაცობრივითა ზრახებითა ეტყოდეს. ამისთჳს არა ისმინა მათი, რამეთუ, უკუეთუმცა სულისა მიერ ბრძანებულ იყვნეს დაყენებად მისსა, იგინიცა უკადნიერესად-რე ეტყოდეს და პავლეცა არა ურჩ ექმნებოდა ბრძანებასა სულისასა, ვითარ-იგი დამასკოჲთ და სხუათა მრავალთა ადგილთაგან მიჰრიდის შემთხუევასა განსაცდელთასა სიტყჳთა ძმათა ზრახებისაჲთა. ხოლო ამისთჳს წინაჲსწარ განეგო სხუათაცა მიერ წინაჲსწარმეტყუელებაჲ პავლეს ძჳრთა შემთხუევისაჲ, რაჲთა არავინ ლიქნისა და მაჩუენებლობისად შეჰრაცხოს, რაჲ-იგი პავლე ჰრქუა ეფესელთა, ვითარმედ: კრულებანი და ჭირნი მელიან მე.
და ვითარცა აღვასრულენით ჩუენ დღენი იგი, გამოვედით და წარვიდოდეთ, და იგინი წარმგზავნიდეს ჩუენ სახლეულებითურთ და შვილით, ვიდრე გარეშე ქალაქისა მის, და დაიდგინეს მუჴლნი ზღჳს კიდესა და ილოცეს. და მოვიკითხენით ურთიერთას და აღვედით ნავსა, და იგინი მიიქცეს თჳსსა ადგილსა. და ჩუენ ნავითა წარმოვედით ტჳრეთ და მივიწიენით პტოლემაიდად, მოვიკითხენით ძმანი და დავადგერით მათ თანა ერთ დღე (21,5-7).
თარგმანი: შემდგომად შჳდ დღე დაყოვნებისა ტჳრეს შინა, გამოვიდეს მიერ ძმათაგან, რომელნი-იგი მჴურვალებით თანა-უვიდოდეს მათ ცოლებითურთ და შვილებით და წარგზავნნეს იგინი ნავითა პტოლემაიდად. ხოლო პტოლემაიდაჲ არს ქალაქი ფინიკიისაჲ, აღშენებული პტოლემეოჲსგან ლაღოჲსა, რომლისა ზე ითარგმნნეს ძუელნი წიგნნი სამეოც და ათთა მიერ თარგმანთა. ამის პტოლემაიდაჲსა სახელი აწ აქაიად ცვალებულ არს, და არს იგი საზღვართაგან გალილეაჲსათა ზღჳს კიდით კერძო, და მახლობელად თჳსა სამხრით კერძო აქუს მას მთაჲ კარმელი. ამას ქალაქსა მივიდა პავლე მოწფებითურთ და მუნ მყოფთა ძმათა თანა დაადგრა ერთ დღე ოდენ.
ხოლო ხვალისაგან გამოვედით მიერ და შევედით კესარიად, და მივედით სახლსა ფილიპე მახარებელისასა, რომელი-იგი იყო შჳდთაგანი და დავადგერით მის თანა. ამისნი იყვნეს ოთხნი ასულნი, ქალწულნი წინაჲწარმეტყუელნი (21,8-9).
თარგმანი: იხილე რასა-იგი ზემო-რე ვიტყოდე, ვითარ ენება პავლეს დღესასწაულსა მას მეერგასისა დღისასა აღსრულებაჲ იერუსალემს, და ჴუებულ იქმნა სწრაფისაგან, ვითარცა კაცი, რამეთუ ამის პირისათჳს დასწერს ლუკა რიცხუსა დღეთასა, ვითარმედ: შემდგომად ხუთისა დღისა აღვსებისა დღეთა წარმოვიდეს ტრთადად და მუნ დაადგრეს შჳდ დღე. ხუთი და შჳდი — ათორმეტ, და მიერ ვიდრე მელიტონადმდე. მოიწინეს — ექუს დღე. ექუსი თორმეტსა ზედა —ათრვამეტ, და მიერ ვიდრე პატრადმდე სამ დღე. სამი ათრვამეტსა ზედა — ოც და ერთ. მიერ ხუთ დღე ტჳროსამდე. ხუთი ოც და ერთსა ზედა — ოც და ექუს. შჳდ დღე დაადგრეს ტჳროსს. შჳდი ოც და ექუსსა ზედა — ოც და ათცამეტ. ერთი - პტოლემაიდას. ამითურთ ყოველი — ოც და ათოთხმეტ. და მიერითგან კესარიას დაყვეს მრავალ დღე, ვიდრემდის მუნ დაემთხჳა მათ დღე მეერგასისე; რაჲთა არა გიკჳრდეს შენ, ჴუებულ რაჲ იქმნე წადიერებისაგან; ვინაჲთგან პავლესცა არა ყოვლადვე განემარჯუებოდა საწადელი თჳსი. ხოლო საცნაურ იყავნ, ვითარმედ, რომელსა-ესე აწ მახარებელად უწოდს, ესე არს ფილიპე ერთი შჳდთა დიაკონთაგანი; ვინაჲ ცხად არს, ვითარმედ წეს არს. რაჲთა პირველ დიაკონობისა იქორწინებდენ დიაკონნი, პატივსაღა რაჲ იყვნენ წიგნის-მკითხველობისა და მგალობელობისასა, რამეთუ ამასცა ფილიპეს, შჳდთა დიაკონთაგანსა, ადრევე ექორწინა და ესხნეს ოთხნი ასულნი, რომელთა კეთილითა ნებითა შეეტკბო ქალწულებაჲ ჟამთა მათ, ოდეს ჯერეთ არღა მრავალთა შორის განცხადებულ იყო პატივი ქალწულებისაჲ. ამისთჳს ნიჭად სიწმიდისა მიეცა მათ მადლი წინაჲსწარმეტყუელებისაჲ, და სახიდ მათდაცა შესლვაჲ პავლესი არავე მცირე ნიჭი იყო, არამედ დიდ და პატიოსან.