მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი ლ̂. წინაჲსწარმეტყუელებაჲ აგაბოჲსი იერუსალემს შინა მოწევნადისათჳს ჭირისა კავლეს ზედა

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

და ვიყოფოდეთ რაჲ მუნ მრავალ დღე, გარდამო-ვინმე-ვიდა ჰურიასტანით წინაჲწარმეტყუელი სახელით აგაბოს და მოვიდა ჩუენდა. და აღაღო სარტყელი პავლესი და შეიკრნა ფერჴნი და ჴელნი მისნი და თქუა: ამას იტყჳს სული წმიდაჲ: კაცისა, რომლისაჲ არს სარტყელი ესე, ესრეთ შეკრან იერუსალემს ჰურიათა, და მისცენ იგი ჴელთა წარმართთასა (21,10-11).

თარგმანი: ესე იგი აგაბოს არს, რომელმან წინა-მოასწავა ყოფადი იგი სიყმილი კლავდის ზე კეისრისა. ვინაჲცა შენ იხილე, ვითარმედ დაღაცათუ წინაჲსწარმეტყუელნი მრავალ იყვნენ, არამედ სულისა მიერ განეყოფვის რომელსამე ამის რაჲსმე წინა-მოსწავებაჲ და რომელსამე — ამის რაჲსმე. და არა ყოველნი სწორად ყოველსა რას წინაჲსწარმეტყელებენ, არამედ — რომელსაცა რომელი რაჲმე გამოეცხადოს სულისა მიერ. რაჲთა სცნა, ვითარმედ მისგან მიიღებენ და არა თავით თჳსით აქუს ძალი წინა-მხედველობისაჲ: ვითარ-ესე აწ მრავალ დღე დაყო პავლე კესარიას, სახლსა შინა ფილიპეს ასულთა ოთხთა წინაჲსწარმეტყუელთასა, არამედ არარაჲ ესევითარი წინა-მოასწავეს მისთჳს, ვითარ-ესე აგაბოს, ჰურიასტანით გარდამოსრულმან, მოასწავა სახითა მით სარტყლისაჲთა და შეკრვითა ჴელთა და ფერჴთა თჳსთაჲთა. ხოლო მრავალთა მიერ წინა-მოსწავებანი ესე პავლეს შემთხუევადისანი და ძმათა მიერ დაყენებისა მოსწრაფებანი ამისთჳს იქმნნეს, რაჲთა არა იძულებითად შეგერაცხოს, გესმოდის რაჲ პავლესაგან, ვითარმედ: კრული სულითა აღვალ იერუსალემდ; ვითარმცა მძლავრ მიიყვანებოდა, არამედ ნებსით ახოვნებით შეჰკადრებს ღუაწლთა სურვილითა ქრისტესთჳს ვნებისაჲთა.

ხოლო ჩუენ ვითარცა გუესმა ესე, ვევედრებოდეთ მას და მის ადგილისანი იგი, რაჲთამცა არა აღვიდა იგი იერუსალემდ. მაშინ მოგჳგო პავლე და გურქუა: რასა იქმთ! სტირთ და შეაურვებთ გულსა ჩემსა, რამეთუ მე არა ხოლო შეკრვად, არამედ მოსიკუდიდცა მზა ვარ იერუსალემს სახელისათჳს უფლისა იესუჲსსა (21,12-13).

თარგმანი: რასა იტყჳ, ჵ ნეტარო! ანდამატის-სახე განუკუეთელი ეგე სული შენი შეურვებულ იქმნებისა, მარადის განმზადებული ყოველთა ძჳრთა თავს-დებისათჳს? მოგჳგებს, ვითარმედ: ჰე, რამეთუ ყოვლისა მიმართ მზა ვარ უშიშად და სიმჴნით წინა-განწყობად, თჳნიერ ხოლო ცრემლთა და თანა-ლმობისა ძმათაჲსა. ესენი მძლევენ და მერევიან, რამეთუ ესრეთ ჰნებავს ღმერთსა, რაჲთა სიკუდილამდე ყოველსა ჭირსა წინა-განვეწყობოდით, ხოლო ძმათა თანა-ლმობასა ზედა მოვდრკებოდით ლმობიერად. ესე თქუა და თანა-ლმობაჲ აჩუენა. ხოლო არა-სმენითა მათისა დაყენებისაჲთა ჩუენ სახე მოგუცა, რაჲთა, რაოდენცა თანა-გუელმოდის მშობელთა და ძმათა ჩუენთა ტირილისათჳს, არამედ ნუვე დავეყენებით განსლვად მონაზონებად, გინა თუ სხუათა რათმე ჟამიერთა და სულიერთა ღუაწლთა შეკადრებად, რომელთაგან იგინი გუაყენებდენ ჩუენ.

ვითარ-იგი ვერ ვარწმუნეთ მას, დავდუმენით და ვთქუთ: ნებაჲ უფლისაჲ იყავნ (21,14).

თარგმანი: ნებაჲ უფლისაჲ ცნეს ნებითა პავლესითა, რამეთუ, რომელი-იგი არა ურჩ-ექმნებოდა ოდესცა ძმათა, რაჟამს წინა-განაკრძალებდიან მას არა შთავრდომად ჭირთა, არამედ მიჰრიდის და ივლტინ ადგილითი-ადგილად, ესევითარი-იგი არცა აწ უსმ იქმნებოდა თჳნიერ ბრძანებისა ღმრთისა, რაჲთა ჟამიერად შეჰკადროს ღუაწლთა.

შემდგომად ამათ დღეთა განვემზადენით და აღვიდოდეთ იერუსალემდ. მოვიდეს ჩუენ თანა მოწაფენი კესარიაჲთცა. მოვიყვანეთ იგიცა, რომლისა თანა ვიყვენით, მნასონ კჳპრელი, პირველი მოწაფე. მი-რაჲ-ვედით ჩუენ იერუსალემდ, მხიარულად შემიწყნარნეს ჩუენ ძმათა (21,15-17).

თარგმანი: გესმას რაჲ "შემდგომად ამათ დღეთა", გულისჴმა-ყავ, ვითარმედ მრავალი ჟამი დაყვეს კესარიას; ვინაჲცა მგონიეს მე, ვითარმედ მრავალი რაჲ უქმნიეს ჟამთა შუვადაყრაჲ აღმწერელსა ამის წიგნისასა ლუკას. რამეთუ არა ჟამთა შეაწყობს, არამედ საქმესა ხოლო მოციქულთასა ურთიერთას შეუდგენს ყოველსავე ამას შინა წიგნსა მოციქულთა საქმისასა. ესრეთ უკუე, წარ-რაჲ-ვიდეს კესარიით, თანა-ჰყვანდეს კაცნი ძმათა მათგანცა კესარიელთა, და მათ თანა იყო მასპინძელი მათი; არა კესარიისაჲ, რამეთუ კესარიას ფილიპეს სახლსა იყვნეს, არამედ იერუსალემისაჲ, რამეთუ იერუსალემს მნასონს თანა იყვნეს; რამეთუ პირველ, რაჟამს ძმათა მიერ წარივლინა ანტიოქიით, ეკლესიას დაადგრა მოციქული, ვითარცა საეკლესიოჲსა საქმისათჳს მივლინებული. ხოლო აწ თჳსაგან დაივანა მნასონის თანა კჳპრელისა, ძუელითგანისა მოწფისა და მეგობრისა თჳსისა, რაჲთა არარაჲ დაუმძიმოს ეკლესიასა, და ესრეთ მხიარულებით შეწყნარებულ იყო ყოველთაგან ძმათა, მკჳდრთა იერუსალემისათა მორწმუნეთა.

ხოლო ხვალისაგან შევიდა პავლე ჩუენ თანა იაკობისსა. რამეთუ ყოველნივე ხუცესნი მოვიდოდეს და მოიკითხვიდეს მას და მიუთხრობდა კაცად-კაცადსა, რომელი-იგი ქმნა ღმერთმან წარმართთა შორის მსახურებითა მისითა, ხოლო მათ, ვითარცა ესმა ესე, ადიდებდეს ღმერთსა (21,18-20).

თარგმანი: შეისწავე, რამეთუ მოციქულთა შორის სამნი არიან იაკობნი: იაკობ ზებედესი და იაკობ ალფესი და მესამედ - ესე იაკობ ძმაჲ უფლისაჲ, პირველი ეპისკოპოსი იერუსალემისაჲ, რომლისა აწ შევიდა პავლე, სადა-იგი მოიკითხვიდეს მას ყოველნი ხუცესნი, და იგი მიუთხრობდა მათ სიმდაბლით ყოველსავე ძლიერებასა, რომელ ყო ღმერთმან ქადაგებითა მისითა წარმართთა შორის, და ესრეთ ყოველნი ზოგად ადიდებდეს ღმერთსა. ამის იაკობისთჳს დასწერს კლიმი მეექუსესა თავსა შინა განწესებათა წიგნისასა და იტყჳს, ვითარმედ: შემდგომად აღდგომისა თჳსისა უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან ყოველივე მეცნიერებაჲ სამთა ამათ მისცა — იაკობს მართალსა და პეტრეს და იოვანეს, და მათ მიერ მიეცა სხუათა მოციქულთა. ამისთჳს აწ, ვითარცა თავისა და წინამძღურისა მიმართ, შევიდა პავლე იაკობისსა მის თანა მყოფიო მოწფებითურთ, რამეთუ ესოდენ კეთილ იყო მოქალაქობაჲ იაკობისი, რომელ ყოველთა კაცთაგან მართალ სახელ-ედებოდა მას უბიწოჲსა მისთჳს მოქალაქობისა მისისა.

ნაშრომები > კომენტარები საქმეებზე და კათოლიკე ეპისტოლეებზე, წმ.იოანე ოქროპირი, წმ. ეფრემ მცირე > თარგმანებაჲ საქმისა მოციქულთაჲსა > თავი ლ̂. წინაჲსწარმეტყუელებაჲ აგაბოჲსი იერუსალემს შინა მოწევნადისათჳს ჭირისა კავლეს ზედა