📋 სარჩევი
ამისსა შემდგომად გამოვიდა პავლე ათინელთა მათგან და მოვიდა კორინთედ, და პოვა ვინმე ჰურიაჲ, სახელით აკჳლა, პონტოელი ნათესავით, რამეთუ მაშინ ოდენ მოსრულ იყო იგი იტალიაჲთ, და პრისკილლა, ცოლი მისი, რამეთუ ებრძანა კლავდის კეისარსა განშორებად ყოველნი ჰურიანი ჰრომით. მოვიდა მათადა, და, რამეთუ ერთი ჴელოვნებაჲ იცოდეს, იყოფოდა მათ თანა და იქმოდეს, რამეთუ იყვნეს ჴელოვნებით მეპრატაკე. და ეტყოდა შესაკრებელსა მას ყოველსა შაბათსა და არწმუნებდა ჰურიათა და წარმართთა (18,1-4).
თარგმანი: კორინთე არს ქალაქი შორის ზღუასა პელოპონნისისასა, სადა-იგი მივიდა რაჲ მოციქული, პოვა მუნ აკჳლა შჯულითა ჰურიაჲ, ნათესავით პონტოელი. ორნი არიან პონტონი: პონტოჲ ევქსინოჲსაჲ და პონტოჲ პოლემონიაკოჲსა სამთავროჲსაჲ. ხოლო იტალია ეწოდების სოფელსა იტალოჲს მიერ შენებულსა, რომელ არს ქუეყანასა ჰრომისასა. ამიერ მოსრულ იყო მაშინ აკჳლა პრისკილაჲთურთ, ცოლით მისით. რამეთუ ნერონის ზე მოიკლა პავლე, ხოლო კლავდისგან აღიძრა დევნულებაჲ ჰურიათა ზედა, წინა-განგებით, რაჲთა ჰურიანი, ვითარცა საძაგელნი, განისხნენ ჰრომით, ხოლო პავლე არა ვითარცა ჰურიაჲ იდევნოს, არამედ ვითარცა ჰრომთა წესთ დამცვლი, შეკრული მიიყვანოს ჰრომედ და თჳნიერ წინა-აღდგომისა ჰურიათაჲსა კადნიერებით ქადაგოს ქრისტე. ხოლო შენ იხილე სიმდაბლე პავლესი, ანგელოზთაგან განსაკჳრვებელი და ეშმაკთა მიერ შესაძრწუნებელი, ვითარ მოძღუარი ყოვლისა სოფლისაჲ არა უღირს-იჩინებს მეპრატაკისა თანა დადგრომად და კერვად ტყავისა და ტარსიკონისა, რაჲთა ჴელნი მისნი კმა-იყვნენ საზრდელად მას და მის თანათა. რაჲ-მე სიტყუაჲ მივსცეთ ღმერთსა, რომელნი-ესე მოცალებით და განსუენებით ყოფასა შინა არა ვაშრომებთ ჴელთა ჩუენთა. ხოლო იგი სრბასა მას შინა და ღუაწლსა ქადაგებისასა ესოდენსა იქმოდა, რომელ არა ხოლო მას, არამედ მის თანათაცა კმა-ეყოფოდა საზრდელად. ცხად არს, ვითარმედ, რომელი ქრისტეს მოწაფე იყოს, მას ჰბაძავს, რომელი უღონოებისაგან სახლისა ქუაბსა შინა იშვა და მიერითგან არა აქუნდა ადგილ, სადა თავი მიიდრიკოს. ამისთჳს პეტრე და პავლე მეპრატაკეთასა დადგებიან, უღონოებითა სართულისაჲთა; იგი — სიმონისსა, ხოლო ესე — აკჳლაჲსსა; იგი მეთევზეობს, რაჲთა აღმოიქუნეს სულნი კაცთანი ზღჳსა მისგან წარწყმედისა, ხოლო ესე მეჴამლეობს, რაჲთა შიშულოებაჲ ჩუენი შემოსოს ტყავითა მეწამულითა, რომელი შეიღება სისხლითა საუფლოჲთა, რამეთუ მის მიერ აღნიშნვითა თანა-წარგუჴდების მომსრველი. ამით ქრისტეს მიმსგავსებულითა სიმდაბლითა არწმუნეს მათ ჰურიათა და წარმართთა და ყოველთა შესაკრებელთა ემზირებოდეს, რაჲთა დღესა მოცალებისასა და შაბათობად შემოკრებასა ერისასა გონიერად განჰფინონ სიტყუაჲ ქადაგებისაჲ.
და ოდეს მოვიდეს მაკედონიაჲთ შილა და ტიმოთე, აწუევდა სული პავლეს და უწამებდა ჰურიათა მათ ქრისტე იესუს. ხოლო იგინი ვითარ უჴდებოდეს და ჰგმობდეს, განიყარა მათ ზედა სამოსელი თჳსი და ჰრქუა მათ: სისხლი თქუენი თავთა ზედა თქუენთა. უბრალომცა ვარ მე, ამიერითგან წარმართთა მიმართ მივიდე (18,5-6).
თარგმანი: მარადის უწამებდა, ხოლო აწ მისლვასა მას ზედა მოწაფეთასა უმეტეს კადნიერებით უბრძანა სულმან ქადაგებაჲ ქრისტესი. გარნა იხილა რაჲ წინა-აღდგომაჲ მგმობართაჲ მათ, განიყარა მათ ზედა სამოსელი, რაჲთა სიტყუათა თანა საქმითცა შეაშინნეს იგინი, რამეთუ ყოველმან, რომელმან არა ინებოს შეწყნარებაჲ ქადაგებისა ქრისტესისაჲ, რომელ-იგი არს ჭეშმარიტი ცხორებაჲ ყოველთაჲ ესევითარი თჳთმკლველ იქმნების თავისა თჳსისა, ვითარცა განჴუებული ცხორებისაგან. ესევითართა მათ მოსისხლეობისაგან უბრალო იქნების პავლე და დასდებს მათ ზედა ბრალსა თავთა თჳსთა მკლველობისასა. ეგრეთვე ჩუენ, უკუეთუ არა უდებ-ვყოთ სწავლაჲ ჩუენდა რწმუნებულთა სამწყსოთაჲ, მათ ზედა დაგჳც სისხლი მათი, რომელნი ურჩ იყვნენ, და ჩუვნ უბრალო ვართ. ხოლო უკუეთუ უდებ ვიქმნნეთ ღუწად მათდა, ჩუენ ზედა არს სისხლი სულთა მათთაჲ. გარნა პავლე დაღაცათუ იტყჳს წარმართთა მისლვასა, არცაღა ჰურიათა უგულებელს ჰყოფს.
და წარმოვიდა მიერ და შევიდა სახლსა ვისსამე, რომელსა სახელი ერქუა ტიტოს, ძისა იოსტოჲსსა, ღმრთისმსახურისა, რომლისა სახლი ეზღვრებოდა შესაკრებელსა მას (18,7).
თარგმანი: მისლვითა მით წარმართთა მიმართ აღაბაძვებდა ჰურიათა. ამისთჳს მახლობელად შესაკრებელისა მათისა შევიდა, სახლსა ტიტოჲსსა, რომელი-იგი იყო წარმართთა მორწმუნეთაგანი, და სახლი მისი ეზღვრებოდა (ესე იგი არს მახლობელ იყო) შესაკრებელსა.
ხოლო კრისპოს შესაკრებელის მთავარსა ჰრწმენა უფალი ყოვლითურთ სახლეულით მისით (18,8).
თარგმანი: ამის კრისპოჲსთჳს იტყჳს მოციქული, ვითარმედ: არავის ნათელ-ვეც, გარნა კრისპოსს და გაიოსს. იხილე, ვითარ შესლვამან პავლესმან სახლსა წარმართისასა აღაბაძვა კრისპოს, მთავარი შესაკრებელისა მის ჰურიათაჲსაჲ, მოსლვად სარწმუნოებასა ქრისტესსა ყოვლით სახლეულითურთ.
და მრავალნი კორინთელნი ისმენდეს და ჰრწმენა და ნათელს-იღებდეს ჰრქუა უფალმან ჩუენებით ღამე პავლეს: ნუ გეშინინ, არამედ იტყოდე და ნუ სდუმი, რამეთუ მე ვარ შენ თანა და არავინ შეუძლოს ბოროტის-ყოფად შენდა, რამეთუ ერი მრავალი არს ჩემდა ქალაქსა ამას შინა (18,8-10).
თარგმანი: მარადის სწორ არს ხილვაჲ იესუჲსი, მღჳძარესა თუ ეჩუენოს გინა მძინარესა, ვითარ-ესე აწ, იხილა რაჲ, ვითარმედ მრავალნი მკჳდრნი კორინთისანი მოსლვად იყვნეს სარწმუნოებად, ამისთჳს ძილსა შინა ღამე ეჩუენა, ვინაჲთგან უწყოდა, ვითარმედ ფრიად შეწუხებულ არს პავლე ურწმუნოებისათჳს და წინა-აღდგომისა ჰურიათაჲსა, ეტყოდა და ჰრქუა: ნუ გეშინინ კაცობრივისა რაჲსმე ვნებისაგან, რამეთუ მე შენ თანა ვარ და ვერვინ უძლოს ბოროტის-ყოფად შენდა. რამეთუ დაღაცათუ წარადგინეს სამშჯავროსა, არამედ ვერარაჲვე უყვეს, ვინაჲთგან უფალი სცვიდა და უბრძანებდა არა-დუმილად. ამას ადგილსა მწვალებელნი იტყჳან, ვითარმედ, ვინაჲთგან მრავალი ერი იყო კორინთეს შინა ღმრთისა სათნოჲ, ცხად არს, ვითარმედ ბუნებაჲ მათი კეთილ იყო და სხუათაჲ — ბოროტ. არამედ ჩუენ წინა-აღუდგებით, ვითარმედ ბუნებაჲ ყოველთა კაცთაჲ კეთილად დაბადებულ არს ღმრთისა მიერ, რომელსა არარაჲ ოდეს ბოროტი დაუბადებიეს, ხოლო კეთილ და ბოროტ ყოფაჲ კაცთაჲ თჳთმფლობელისა ნებისა მათისა საქმე არს, რამეთუ ღმერთი არავის აიძულებს.
და დაყო მუნ ერთ წელ და ექუს თუე და ასწავებდა მათ შორის სიტყუასა ღმრთისასა, ხოლო ღალიონ მთავარი იყო აქაიაჲსაჲ. ზედა-მიუჴდეს ყოველნი ჰურიანი ერთბამად პავლეს და მოიყვანეს საყდარსა წინაშე და იტყოდეს, ვითარმედ: თჳნიერ შჯულისა ურჩ იქმს ესე კაცთა მსახურებად ღმრთისა (18,11-13).
თარგმანი: წელიწად ერთ და ექუს თუე ემზირებოდეს და ვერარაჲ უყვეს პავლეს, რამეთუ სცვიდა მას ღმერთი ფარულთა სივერაგეთა მათთაგან და განცხადებულად არარაჲ ჴელ-ეწიფებოდა მთავრობისაგან ჰრომთაჲსა. ამისთჳს წინაშე საყდართა სამშჯავროჲსათა წარადგინეს და შეასმენდეს ტყუვილით, ვითარცა დამჴსნელსა ღმრთისმსახურებისა წესთასა.
და ვითარცა ეგულებოდა პაველს აღებად პირისა, ჰრქუა ღალიონ ჰურიათა მათ: უკუეთუმცა იყო შეცოდებათაგანი რაჲმე ძჳრის-საქმე ბოროტი, ჵ ჰურიანო, სიტყჳსა მისებრმცა თავს-ვიდევ თქუენი, უკუეთუ ძიებაჲ რაჲმე არს სიტყჳსათჳს და სახელებისა და შჯულისა თქუენისა, თქუენ იხილეთ, რამეთუ მე მსაჯულ ეგევითართათჳს არა მნებავს ყოფად. და განასხნა იგინი საყდრისაგან. მაშინ შეიპყრეს ყოველთა წარმართთა სოსთენი, შესაკრებელის მთავარი, და სცემდეს საყდარსა წინაშე, და არარას ზრუნვიდა ამათგანსა ღალიოს (18,14-17).
თარგმანი: ვითარ საგონებელ არს, მშჳდ და მიმშუებელ იყო ღალიოს, და ამისდა განცხადებად დასწერს ლუკა, ვითარმედ: სადა-იგი უმეტესი წესიერებაჲ ჯერ-იყო — წინაშე საყდრისა მისისა, მუნ არა სირცხჳლ უჩნდა მას ცემაჲ ურთიერთას, რამეთუ შემდგომად შესმენისა ეგულებოდა რაჲ პავლეს, რაჲთა აღაღოს პირი და განიმართლოს თავი, უსწრო მთავარმან ღალიოს და თქუა ჰურიათა მიმართ, ვითარმედ: უკუეთუმცა სამოქალაქოთა რათმე წესთა მავნებელ და შემცოდე იყო პავლე, ვწუართე-მცა იგი, ვითარ-ეგე თქუენ ითხოვთ, ჵ ჰურიანო, ხოლო საქმეთა შჯულისა თქუენისათა მე არა მნებავს ზრუნვაჲ. ესე რაჲ ესმა გარემოჲს მდგომთა, სცემდეს სოსთენის და იტყოდეს კსინვით: უკუეთუ არა გჳვის მსაჯული, — არცა განმკითხველი უწესოებისაჲ; რაჲ გუაყენებს, რაჲთა ვსცემდეთ და ვიცემებოდით ურთიერთას! არამედ ღალიონ არცა ეგრეთ აღიძრა ზრუნვად მათდა. ნუ-უკუე და ამისთჳსცა სცემდეს სოსთენის, რამეთუ შეეწეოდა პავლეს და დააყენნა იგინი მკლველობისაგან. ხოლო საგონებელ არს, ვითარმედ მასვე ზემო-წერილსა კრისპოსს ეწოდებოდა სოსთენიცა, რამეთუ დაღაცათუ სახელნი ორ, არამედ პატივი ერთ არს შესაკრებლის-მთავრობაჲ, რომელი მუნ მორწმუნე იქმნა, ხოლო აქა იცემებოდა პავლესთჳს. და დაღათუ ეძლო, არამედ არავის სცემდა ცემისა წილ, რაჲთა ქრისტეს მოწაფედ გამოჩნდეს და ჩუენ გუასწავოს სიმშჳდით თავს-დებაჲ ცემათა და გინებათაჲ. ამას სოსთენის მოიჴსენებს მოციქული დაწყებასა კორინთელთა ებისტოლისასა, ვითარმედ: პავლე, ჩინებული მოციქული იესუ ქრისტესი ნებითა ღმრთისაჲთა და სოსთენი ძმაჲ; რამეთუ საგონებელ არს, ვითარმედ მიერითგან შეუდგა მოციქულსა ყოფად მის თანა.
ხოლო პავლე და-ვე-ღა-ადგრა მუნ მრავალ დღე ძმათა თანა და მერმე იჯმნა და განვიდა ნავითა ასურეთად, და მის თანა პრისკილა და აკჳლა (18,18).
თარგმანი: ამიერ ცხად არს, ვითარმედ სიტყჳსაებრ უფლისა ვერარაჲ შეუძლეს ვნებად პავლესსა სამშჯავროდ წარდგინებითა. ამისთჳს რაოდენ სთნდა, დაადგრა კორინთეს შინა ნუგეშინის-საცემელად ძმათა. და ესრეთ წარვიდა ასურეთად, ვინაჲ-იგი შევედრებულ იყო ძმათა მიერ ლოცვით ღმრთისადა. და მის თანა წარჰყვეს აკჳლა და პრისკილა, რამეთუ ვერღარა უძლეს განშორებად მისგან.
ხოლო იკუეცა მან თმაჲ კენქრეს, რამეთუ აღთქუმაჲ აღეთქუა (18,18).
თარგმანი: კენქრე არს ქალაქი ტროადისაჲ, რომელსა შინა იკუეცა პავლე, რამეთუ აღთქუმაჲ აღეთქუა, გარნა არა შეწირა მსხუერპლიცა. რამეთუ ესე იყო ჩუეულებაჲ ჰურიათა შჯულისაჲ და რაჟამს თმაჲ იკუეციან, მსხუერპლიცა შეწირიან. გარნა აწ დაჴსნილ იყო შჯული. ამისთჳს არა შეწირეს მსხუერპლი. ხოლო აღკუეცაჲ ყო პავლე, რაჲთა პირი დაუყოს მათ, რომელნი მტერად ჰურიათა შჯულისა იტყოდეს მათ. ამისთჳს, რაჲთა გულსავსე ყვნეს ჰურიანი, მათებრვე აღთქუმასა ჰყოფდა და იკუეცდა აქაცა და იერუსალემსცა, და ტიმოთეს წინა-დასცჳთა, რამეთუ ამის ყოვლისათჳს იტყჳს: ვიქმენ ჰურიათა თანა ვითარცა ჰურიაჲ, რაჲთა ჰურიანი შევიძინნე. ცხად არს, რამეთუ მათისა სარგებელისათჳს ჰყოფდა არად საჴმართა მათ წესთა შჯულისათა, რაჲთა არა მტერად შერაცხვითა პავლესითა დაშჭირდეს მათ ქადაგებაჲ ქრისტესი, რამეთუ ვითარ-იგი პეტრე, ჰურიათა მოციქული, მივიდა წარმართისაცა კორნილიოჲსსა, რაჲთა არცა წარმართნი დაშთენ გარეგან ქადაგებისა მისისა, ეგრეთვე, პავლე, წარმართთა მოციქული, ჰურიათა არა უგულებელს-ჰყოფდა. ამისთჳს სათნო-ყოფისა მათისათჳს იკუეცა. კეთილ არს უკუე შჯული ესე მონაზონთა აღკუეცისაჲ, არა ახალ, არამედ ძუელ, რამეთუ ძუელსა მას შინა ჰურიათა შჯულსა ესე წესი იყო, რამეთუ იკუეცნიან თმანი და ყვიან აღთქუმაჲ, რაჲთა შეურაცხად და გარეწარად ეპყრნენ სოფლიონი საქმენი, და მხოლოდ უპირატესად იპყრან აღსრულებაჲ წესთა შჯულისათაჲ. აწ უკუე, დაღაცათუ მათი იგი აჩრდილებრი იყო და ჩუენი — ჭეშმარიტება არს, არამედ მასვე წესსა და კანონსა ზედა დაწესებულ არს, რაჲთა მოკუეცასა თანა თმათასა აღუთქუათ ჯმნაჲ საერისკაცოთა და სოფლიოთა საქმეთაგან, და ვითარ-იგი მოვიკუეცთ ნამეტნავსა თმათასა, ეგრეთვე მოვიკუეთოთ ყოველი ნამეტნავი გულისთქუმისაჲ და საღმრთოდ მოქალაქობითა ვიჯმნათ ყოვლისა ბოროტისაგან. ხოლო საგონებელ არს, ვითარმედ აკჳლაცა მოციქულისა თანავე იკუეცა თმაჲ. ესე აკჳლა და პრისკილა არიან, რომელთა მრავალსა ადგილსა მოიჴსენებს მოციქული ებისტოლეთა შინა თჳსთა, ვითარმედ: "კითხვაჲ არქუთ პრისკილას და აკჳლას, თანა-მოქმედთა ჩემთა ქრისტე იესუჲს მიერ, რომელთა სულისა ჩემისათჳს ქედნი მათნი წარუპყრნეს" () და "გიკითხვენ თქუენ აკჳლა და პრისკილა" ().
და მიიწია ეფესოდ. იგინი დაუტევნა მუნ და იგი შევიდა შესაკრებელსა და ეზრახა ჰურიათა მათ, და ვითარ იგინი ჰლოცვიდეს უმეტესსა-რე ჟამსა დადგრომად მათ თანა, არა ინება, არამედ იჯმნა მათგან და თქუა: ჯერ-არს ჩემდა დღესასწაულსა ამას მომავალსა იერუსალემს აღსრულებად, და კუალად მოვიდე თქუენდა ნებითა ღმრთისაჲთა (18,19-21).
თარგმანი: ეფესოს შინა დაუტევნა აკჳლა და პრისკილა, რაჲთა ასწავებდენ ერსა, რამეთუ მრავალი ჟამი დაეყო მათ პავლეს თანა და განსწავლულ იყვნეს არა თჳთ ოდენ, არამედ მოძღურადცა და მასწავლელად სხუათა. იხილე, ვითარ დედაკაციცა ასწავებს ერსა, პრისკილა, ცოლი აკჳლაჲსი. ხოლო მოციქული იჯმნიდა ეფესელთაგან და აღუთქუმიდა კუალად მიქცევასა მათდა; არა კაცობრივ-რაჲმე სილაღით, არცა წინაჲსწარმეტყუელებით, არამედ მინდობითა ნებისა ღმრთისაჲთა ყო აღთქუმაჲ იგი და ისწრაფა წარსლვად, რაჲთა იერუსალემს დაემთხჳოს აღსრულებად დღესასწაულსა პასექისასა.
შევიდა ნავსა ეფესოჲთ და შთავიდა კესარიად. აღვიდა და მოიკითხა ეკლესიაჲ, და შთავიდა ანტიოქიად და დაყო ჟამი რავდენმე და განვიდა და მიმოვიდოდა შემდგომითი-შემდგომად გალატელთა სოფელსა და ფრიგჳაჲსასა და განამტკიცებდა ყოველთა მოწაფეთა (18,21-23).
თარგმანი: რომელნი ქალაქი წარევლნეს, იგივე უკმოვლნა, რაჲთა, ვითარცა მუშაკმან კეთილმან, მოიხილოს ჯეჯლი სიტყუათა თჳსთა თესლისაჲ, ღუარძლი აღმოჰფხურას და შერყეული განამტკიცოს.
ჰურიაჲ ვინმე, აპოლო სახელით, ალექსანდრიელი ნათესავით, კაცი სიტყუა-მეცნიერი, მოვიდა ეფესოდ. ძლიერ იყო წიგნთაგან. ესე იყო სწავლულ გზათა უფლისათა და მდუღარე სულითა ეტყოდა და ასწავებდა ჭეშმარიტად იესუჲსთჳს და იცოდა ნათლისცემაჲ ხოლო იოვანესი (18,24-25).
თარგმანი: აჰა ესერა ჰურიათაგანნიცა განვლენ ქადაგებად; არა ლიტონნი და უსწავლელნი, არამედ სიტყუა-მეცნიერნი და ძლიერნი წიგნთაგან. ხოლო საძიებელ არს აპოლოჲსთჳს, უკუეთუ ნათლისცემაჲ ოდენ იოვანესი იცოდა, ვითარ მდუღარე იყო სულითა, რამეთუ სული წმიდაჲ არა მიეცემოდა იოვანეს ნათლისღებითა ნათელღებულთა; ვითარ-იგი წამებენ ათორმეტნი კაცნი პავლეს მიერ კითხულისა მიმგებელნი, ვითარმედ: "არცაღა თუ ყოფაჲ გუასმიეს სულისა წმიდისაჲ და უკუეთუ ამათ ნათლის-ცემაჲ უჴმდა კუალად სახელითა იესუჲსითა და მაშინღა მიიღეს სული წმიდაჲ, ვითარ აპოლო იოვანეს ნათლისღებითა ოდენ მიმღებელ იქმნა მადლსა სულისასა? — ვიტყჳთ უკუე ამის პირისათჳს, ვითარმედ ანუ ერთი იყო ას-ოცთა მათგანი, რომელთა ნათელ-იღეს სიონს ათორმეტთა მოციქულთა თანა სულითა წმიდითა და ცეცხლითა, გარდამოსლვასა მას სულისა წმიდისასა; გინათუ, ვითარ-იგი კორნილიეთ ზედა იქმნა პირველ წყლითა ნათლისღებისა აღვსებაჲ სულითა წმიდითა, ეგრეთვე აპოლო, იოვანეს ხოლო ნათლისღებისა მეცნიერი, ღირს-იქმნა მადლსა სულისა წმიდისასა სიმდიდრითა მით სარწმუნოებისაჲთა, რომელი აქუნდა ქრისტეს მიმართ, რომლისათჳსცა მიმოვიდოდა ყოველთა შორის ქადაგებად სახელსა მისსა. ხოლო თქუმულ არს ამის აპოლოჲსთჳს, ვითარმედ ესე იყო აპელლედცა წოდებული, ეპისკოპოსი კორინთისაჲ რომლისათჳს დასწერს პავლე: "მე დავასხ, აპოლო მორწყო" ().
ამან იწყო განცხადებად შესაკრებელსა შორის. ესმა მისი აკჳლას და პრისკილას და მოიყვანეს იგი და უჭეშმარიტესად-რე უთხრეს მას გზაჲ იგი უფლისაჲ. და ვითარ-იგი ეგულებოდა მას აქაიად წიაღსლვად, უბრძანეს ძმათა და მიუწერეს მოწაფეთა მათ შეწყნარებაჲ მისი, რომელი მივიდა და შეეწეოდა მორწმუნეთა მათ ფრიად მადლისა მის მიერ, რამეთუ ძლიერად ჰურიათა მათ ამხილებდა ერსა წინაშე და უჩუენებდა წიგნთაგან, ვითარმედ არს ქრისტე იესუ (18,26-28).
თარგმანი: განგებულებით დაუტევნა მოციქულმან აკჳლა და პრისკილა კორინთეს შინა მოძღურად აპოლოჲსა, რამეთუ მიერითგან კორინთეს მკჳდრობდეს; რომელთათჳს მრავალთა ქებათა მისწერს მოციქული ჰრომაელთა მიმართ, რომლისა მიერ საგონებელ არს , ვითარმედ შემდგომად კლავდის სიკუდილისა, რომლისა მიერ განჴდილ იყვნეს, კუალად იქცეს ესენი მუნვე ჰრომედ. და ესე —უკუანაჲსკნელ. ხოლო აწ, ჯერეთ კორინთეს ყოფასა მათსა, ესმა რაჲ აპოლოჲსი კადნიერებით ქადაგებაჲ შესაკრებელთა შორის, მიუწოდეს მათდა და სრულ-ყვეს იგი უნაკლულოდ ცნობად ყოვლისა, რაოდენი მათ ესწავა პავლეს მიერ, რომელმან-იგი მათ თანა მეპრატაკეობითა მეპრატაკენი იგი მოძღუარ ერთა და ქალაქთა ყვნა, რამეთუ ესე იცოდა აპოლო, რაოდენი წინაჲსწარმეტყუელთაგან წინა-მოსწავებულ იყო ქრისტესთჳს, და რაოდენი იოვანესგან ასმიოდა, რაჟამს უწოდდა მას კრავ ღმრთისა, ამხუმელ ცოდვათა სოფლისათა და სიძე და უძლიერეს მისსა და სხუაჲ მრავალი. ხოლო ესე აკჳლაჲს და პრისკილაჲსგან ისწავა, ვითარმედ ესე იყო მიზეზი ქრისტეს მოსლვისაჲ, რაჲთა მტერობაჲ დაჰჴსნას და ბრძოლაჲ განაქარვოს, სიკუდილი დაჰჴსნას და ჯოჯოხეთი წარმოტყუენოს, მკუდარნი აღადგინნეს და მის თანა ზეცად აღიყვანნეს. ესრეთ უკუე გჳჴმს ჩუენცა, ვიხილოთ რაჲ აპოლო, კაცი სიტყჳერი და მჴურვალე სულითა, ვითარ არა უღირს-იჩინებს სწავლად აკჳლაჲსგან მეპრატაკისა და პრისკილაჲსგან დედაკაცისა, რაჲთა არარას გამოვიკითხვიდეთ უნდოებასა მოძღუართასა, არამედ მზა ვიყვნეთ სმენად ჴმასა ყოვლისა კეთილად მასწავლელისასა, მამაკაცი თუ იყოს ანუ დედაკაცი, ოდენ მართლმადიდებელიმცა არს შჯულითა. რამეთუ აჰა უნდოთა მიერ მეჴამლეთა ისწავებს აპოლო, კაცი სიტყჳერი და მეცნიერი, სწავლათა ესევითართა, რომელნი არაოდეს ასმიოდეს, ვითარ-იგი იყო წინა-დაცუეთაჲ სულიერი; მკუეთელობითა სიტყუათაჲთა მომკუეთელი ვნებათაჲ, ნაცვალად ჴორცთა წინა-დაცუეთისა; და სულიერი მსახურებაჲ სახარებისა შჯულთა შედგომისაჲ, ნაცვალად ჴორციელთა მათ მსახურებათა ძუელისა შჯულისათა; რამეთუ ესე ყოველი ესწავა მათ ჭურისა მისგან რჩეულისა. ამისსა შემდგომად განამტკიცეს წიგნებითა საწამებელითა ძმათა მიერ კორინთით, და წარგზავნეს აქაიად, რაჲთა შეიწყნარონ იგი, რომელი ძლიერ იყო სწავლულებითა წიგნთაგან და ძლიერ კადნიერებითა გონებისაჲთა, სამხილებელად ჰურიათა და შესაწევნელად მორწმუნეთა. ესრეთ უკუე ორივე უჴმს ქადაგსა ჭეშმარიტებისასა, რაჲთა სწავლულებითაცა და კადნიერებითა ძლიერ იყოს, რამეთუ ერთი ამათგანი უჴმარ არს თჳნიერ მეორისა.