მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი ლ̂ბ. შფოთისათჳს, რომელი იერუსალემს შინა პავლეს ზედა აღიძრა ჰურიათა მიერ

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

ვითარცა აღესრულებოდეს შჳდნი იგი დღენი, რომელნი-იგი იყვნეს ასიაჲთ ჰურიანი, იხილეს იგი ტაძარსა შინა. შეაშფოთეს ყოველი იგი ერი და დაასხნეს მის ზედა ჴელნი მათნი და ღაღადებდეს და იტყოდეს: კაცნო ისრაიტელნო, შემეწიენით ჩუენ, ესე არს კაცი იგი, რომელი ერისა ამისთჳს და შჯულისა და ადგილისა ამისთჳს ძჳრსა ზრახავს და ყოველთა ყოველსა ადგილსა ამას ასწავებს (21,27-28).

თარგმანი: განგებულებითა საღმრთოჲთა მაშინღა მოვიდეს ასიაჲთ ჰურიანი, ოდეს პავლეს გულსავსე ექმნნეს იერუსალემს მყოფნი იგი ჰურიანი მრავალ დღე ტაძრად მისლვითა და კუეცითა და შეწირვითა მსხუერპლთაჲთა, ვითარმედ აღმასრულებელი არს შჯულისაჲ. ხოლო ასიელნი, ვითარცა მრავალგზის მოქმედნი შფოთისანი, უწესოდ ღაღადებდეს და ერთა მოუწოდდეს შემწედ, ვითარმცა გრძნეულ და მაცთურ ყოფით ადვილად განერებოდა პავლე ჴელთაგან მათთა, ვინაჲცა აღაზრზენდეს მოკლვად მისსა ყოველთა, ძჳრის მზრახვალობისა და ბოროტის მეტყუელობისა შესმენითა, ვითარმცა ყოველსა ადგილსა განმაქიქებელ იყო შჯულისა მის ჰურიათაჲსა და მოსწრაფე დაჴსნად მისსა.

და მერმე კუალად წარმართნიცა შეიყვანნა ტაძრად და შეაგინა ადგილი ესე წმიდაჲ; რამეთუ ეხილვა წინაჲსწარ ტროფიმე ეფესელი მის თანა ქალაქსა შინა, რომლისასა ჰგონებდეს, ვითარმედ ტაძრად შეიყვანა იგი პავლე. აღიძრა ყოველი იგი ქალაქი და იყო შეკრებაჲ ერისაჲ და შფოთი დიდი, და შეიპყრეს პავლე და გამოითრევდეს გარე ტაძრისა მისგან, და მეყსეულად დაეჴშნეს კარნი (21,28-30).

თარგმანი: არა კმა-იყვეს შორიელი შესმენაჲ, არამუშა ცილის წამებითა მუნცა წარმართთა ტაძრად შეყვანებისაჲთა უმეტეს აღაბორგეს ქალაქი იგი, რომელნი არა თუ თაყუანის-ცემად აღსრულსა წარმართსა აყენებდიან ტაძრად შესლვად, ვითარ-იგი იოვანე იტყჳს სახარებასა შინა თჳსსა: იყვნეს წარმართთაგანნიცა ვინმე აღმოსრულთა მათგანნი, რაჲთა თაყუანის-სცენ დღესასწაულსა მას. ამათ არა აყენებდეს, ხოლო აწ პავლეს ურწმუნოთა ვიეთმე წარმართთა, არა თაყუანისა-ცემისა, არამედ ბასრობისათჳს ტაძრად შეყვანებულთა სწამებდეს, რომლისათჳს აღშფოთნა ერი. და მყის სტეფანესებრ პავლესცა განითრევდეს დაქოლვად და მოკლვად, არათუმცა განგებუდებითა საღმრთოჲთა დაჴშულ იყვნეს მათდა კარნი ტაძრისანი, რაჲთა ვერ განიყვანონ იგი.

და ვითარ ეგულებოდა მოკლვაჲ მისი, მიიწია ჰამბავი ათასისთავისა მის გუნდისა, ვითარმედ ყოველი იერუსალემი შეკრებულ არს. ხოლო მან მეყსეულად წარიყვანნა მჴედარნი და ასისთავნი და მიიწია მათ ზედა. ხოლო მათ ვითარცა იხილეს ათასისთავი იგი და მჴედარნი, დააცადეს ცემაჲ პავლესი. მაშინ მიეახლა ათასისთავი იგი და გამოიყვანა იგი და ბრძანა შეკრვაჲ მისი მრჩობლითა ჯაჭვითა და ჰკითხვიდა: ვინ არს ანუ რაჲ უქმნიეს. სხუანი იგი სხუასა რასმე ჴმობდეს ერსა შორის, და ვითარ-იგი ვერ გულისჴმა-ყო გამოწულილვით შფოთისა მისგან, ბრძანა შეყვანებაჲ მისი ბანაკად (21,31-34).

თარგმანი: ყოველსავე ადგილსა წეს არს მთავართა მიერ დაწყნარებად შფოთსა ქალაქისასა. ამისთჳს მირბიოდა ათასისთავი ასისთავებითურთ და მჴედრებით, რაჲთა დააწყნარონ შფოთი იგი, ვინაჲცა დააცხრვეს ცემაჲ პავლესი შიშისა მათისაგან, მათ რომელთა ეგულებოდა მოკლვაჲ მისი. ხოლო ათასისთავმან უბრძანა შეკრვაჲ პავლესი მრჩობლითა ორკეცობითა ჯაჭუთაჲთა, რაჲთა უმეტეს მოიმადლოს ერი იგი და ესრეთ დააცხრვოს შფოთებისაგან. და ვითარ გამოიკითხვიდა თუ რაჲ უქმნიეს, ვერარაჲ უძლო ცნობად მრავალსახეობათაგან შესმენათაჲსა, ვითარცა არს ჩუეულებაჲ ერისა აღშფოთებულისაჲ. ამისთჳს ბრძანა შეყვანებაჲ მისი ბანაკად, ესე იგი არს გოდლად, რომელსა შინა თჳთ იგი მდგომარე იყო ბანაკებითა მჴედრობისა თჳსისაჲთა.

და ვითარცა მიიწია იგი აღსავალსა მას, ზე აქუნდა პავლე მჴედართა მათ სიმრავლესა მისთჳს ერისა, რამეთუ შეუდგა მას სიმრავლე იგი ერისაჲ და ჴმობდეს: აღიღე ეგე! (21,35-36).

თარგმანი: ესოდენ მძლავრ მისდევდეს, ვიდრეღა ტჳრთვით მიაქუნდა პავლე მჴედართა მათ, შიშისაგან მომკლველთა მათ ერთაჲსა, რომელთა ღაღადებაჲ მსგავს იყო ძუელსა მას ჴმასა, თქუმულსა მათ მიერ უფლისათჳს: აღიღე, აღიღე და ჯუარს-აცუ ეგე. ეგრეთვე აწ პავლეს მოკლვად წყურიელნი ეტყოდეს ათასისთავსა: აღიღე ქუეყანით საჴსენებელი მაგისი!

და ვითარცა შეჰყვანდა ბანაკად, ჰრქუა პავლე ათასისთავსა მას: უკუეთუ ჯერ-არსა ჩემდა სიტყუად შენდა მიმართ? ხოლო მან ჰრქუა: ბერძლ იცია? ანუ არა-მე შენ ხარა მეგჳპტელი იგი, რომელმან უწინარეს დღეთა ამათ აღსძარ და განიყვანენ უდაბნოდ ოთხ ათასნი იგი კაცნი საკარიეთნი? (21,37-38).

თარგმანი: იხილე სიმშჳდით და სიმდაბლით კითხვაჲ პავლესი ათასისთავისა მიმართ, უკუეთუ მისცემს-მე-ა ადგილსა სიტყჳსასა. ხოლო ათასისთავსა მას ჰრომთასა დაუკჳრდა ბერძლ-მეტყუელებაჲ პავლესი, რამეთუ ჰგონებდა მას კაცად მეგჳპტელად, ვინაჲთგან მათ დღეთა შინა გამოაჩინა ეშმაკმან კაცი ვინმე მეგჳპტელი, ცრუ წინაჲსწარმეტყუელი გრძნეული, რომელმან განიდგინნა მის თანა უდაბნოსა ზედა პირველად ოთხ ათასნი კაცნი, რომელნი-იგი უკუანაჲსკნელ განიმრავლნა სამ ბევრად, და წარმოიყვანნა უდაბნოჲთ მთად ზეთისხილთა და მოადგინნა იერუსალემსა. ხოლო სიკარიეთად ამისთჳს უწოდს კაცთა მათ, რამეთუ სიკარ უწოდიან დაშნასა მცირესა, რომელი-იგი სარტყელსა ქუეშე აქუნ ფარულად ავაზაკთა. ვინაჲცა ესე მეგჳპტელისა მის თანა განდგომილნი ავაზაკნი თანა-შეეტყუვნიან სიმრავლესა ერისასა ქალაქსა შინა იერუსალემსა და მოულოდებელად სციან დაშნითა მით, ჰრომთა მიერ სიკარ წოდებულითა, და ესრეთ მრავალთა მოსწყუედდიან მოულოდებელად და უცნაურად, ვიდრეღა ესრეთ იტყჳს მათთჳს იოსიპპოს, ვითარმედ: ოდენ განწმდა იერუსალემი სხუათა ავაზაკთა მძლავრებისაგან, მაშინღა გამოჩნდეს სიკარეთნი იგი, რომელთა პირველად მოკლეს იონათან მღდელთმოძღუარი და შემდგომად მისსა სხუანი მრავალნი ერისაგანნი. რამეთუ დღითიდღედი პარვითი სრვაჲ მათი უფროჲს მომწყუედელ იყო ჰურიათა, ვიდრეღა ზედა-მოსლვაჲ ბევრეულთა მბრძოლთაჲ. ესე სიკარეთნი წინამძღურითურთ მათით მეგჳპტელით იოტნა ფელიქს მთავარმან ჰურიასტანისამან, რაჟამს წინა-განაწყო ძლიერებაჲ ჰრომთა მჴედრობისაჲ, და შემდგომად მცირედისა თჳთ მეგჳპტელიცა იგი ლტოლვილი მოინადირა და მის თანათა მათ თანა მოკლა. ამას ყოველსა ჰყოფდა ეშმაკი, რაჲთა ესევითართა მათგანად ერთად საგონებელ იქმნენ მოციქულნი და არავინ ირწმუნოს მათი, ვითარცა გრძნეულთა და მაცთურთაჲ, არამედ შორს ცხად იყოს ნათელი ბნელისაგან და ჭეშმარიტებაჲ ტყუვილისაგან. ამით იჭჳთა ეტყოდა ათასისთავი იგი პავლეს: შენ ხარ-ა მეგჳპტელი იგი? რამეთუ მაშინ ჯერეთ ლტოლვასა შინა იყო და არღა ჴელთ ეგდო იგი. ამისთჳს, რაჟამს იხილა პავლესი იგი კლვად განწირვაჲ ჰურიათა მიერი, ჰგონებდა მისთჳს, ვითარმედ მეგჳპტელი იგი შეუპყრიეს.

ჰრქუა მას პავლე: მე კაცი ვარ ჰურიაჲ, ტარსელი კილიკიისაჲ, არა უცნაურისა ქალაქისა მოქალაქე, და გევედრები შენ: მიბრძანე მე ერისა მიმართ სიტყუად. და მან ვითარცა უბრძანა, დადგა პავლე აღსავალსა მას და განუყარა ჴელი ერსა მას (21,39-40).

თარგმანი: იხილე, ვითარ სადა საჴმარ იყოს, არა უღირს-იჩენს ჴუმევად ღონესა კაცობრივსა; ოდესმე პრომად სახელის-დებითა და აწ კუალად ჰურიად უწოდს თავსა თჳსსა. არა თუ ქრისტეანობასა უარ-ჰყოფს, ნუ იყოფინ! არამედ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, იუდეან უწოდს თავსა თჳსსა, ვითარმედ: მე კაცი ვარ იუდეანი. ხოლო იუდეაჲ აღმსაარებელად გამოითარგმანების. და ჭეშმარიტად ქრისტეს მორწმუნენი არიან, რომელთა ჭეშმარიტებით შეეტყუების სახელი ესე აღმსაარებლობისაჲ. ამას თანა ქალაქისაცა თჳსისა სახელსა იტყჳს, რაჲთა სრულიად წარუკუეთოს ათასისთავსა მას იჭჳ მეგჳპტელ მგონებელობისა თჳსისაჲ, რამეთუ ფრიადი სიშორე არს ტარსუნ კილიკიისაჲ და ეგჳპტისაჲ. ამისსა შემდგომად ითხოვს, რაჲთა უბრძანოს ერისა მიმართ სიტყუად, ვითარცა ღონიერსა თავისა განმართლებისასა. და უბრძანა რაჲ, დადგა აღსავალსა მას ხარისხთასა, რამეთუ მარჯუე იყო სიმაღლითა ადგილი იგი სასმენელად სიტყჳსა.

ეჰა ახოვნებასა მას სულისა მისისასა! ვითარ პყრობილი და ცემული და შეკრული მრჩობლითა ჯაჭჳთა არა შემრწუნდების, არცა მოშიშ იქმნების კადნიერებით სიტყუად ერისა. რამეთუ ღმერთმან წინაჲსწარ გზა-უყო მას მოსლვითა მით ათასისთავისაჲთა, რამეთუ უკუეთუმცა იგი არა მუნ ყოფილ იყო, არა მიიღებდეს ესოდენსა დუმილსა ჴელის განყრითა პავლესითა.

და ვითარ მრავალი დადუმებაჲ იყო, ეტყოდა მათ ებრაელებრითა სიტყჳთა და ჰრქუა: კაცნო ძმანო და მამანო, ისმინეთ ჩემი თქუენდა მიმართისა სიტყჳს-გებისათჳს. და ვითარცა ესმა, რამეთუ ებრაელებრითა სიტყჳთა ეტყოდა მათ, უფროჲს დადუმება სცეს, და თქუა (21,40; 22,1-2).

თარგმანი: საშუვალ ყო სიტყუაჲ თჳსი შორის ლიქნისა და სიფიცხისა, და არა უწოდს მათ უფლად და მეუფედ, რომელი-ესე ლიქნისაჲ არს, არცა მკლველად და მოსისხლედ, რომელი-ესე რისხვისაჲ არს, არამედ თჳსებით — მამად და ძმად; და ვითარმედ: სიტყუაჲ ესე ჩემი არა არს თქუენდა მომართ სწავლისა და მოძღურებისაჲ, არამედ სიტყჳს-გებისა და თავისა განმართლებისაჲ. ესრეთ სიტყუათა წესიერებითა და ებრაულისა ენისა საწადელობითა უმეტეს გულსმოდგინე ყვნა იგინი სმენად სიტყუათა თჳსთა, ფრიადითა დუმილითა და მოწიწებითა, და თქუა:

მე კაცი ვარ ჰურიაჲ, შობილი ტარსუს კილიკიისასა, აღზრდილი ამას ქალაქსა შინა ფერჴთა თანა გამალიელისთა, განსწავლულ ზედა-მიწევნით მამულთა შჯულთა; მოშურნე ვიყავ ღმრთისათჳს, ვითარცა თქუენ ყოველნი ხართ დღეს; რომელი ამას გზასა ვსდევნიდ ვიდრე სიკუდილადმდე, შევჰკრევდ და მივსცემდ საპყრობილედ მამათა და დედათა, ვითარცა-ეგე მღდელთმოძღუარი მეწამების მე და ყოველნი მოხუცებულნი, რომელთაგან წიგნებიცა მოვიღე ძმათათჳს, რომელნი იყვნეს დამასკეს, და მოვიდოდე მოყვანებად მუნ მყოფთა მათ, კრულთა, რაჲთა იტანჯნენ (22,3-5).

თარგმანი: ჰურიაობასა იტყჳს ნათესავით, ტარსუნს მობილობასა და იერუსალემს აღზრდილობასა, რამეთუ ფრიადითა მჴურვალებითა სწავლულებისაჲთა დაეტევა მშობელთა ქუეყანაჲ, და იერუსალემს რაჲ იზარდებოდა, არა ვაჭრობასა ანუ ჴელოვნებასა რასმე ისწავლიდა, არამედ სიმდაბლით დამორჩილებულ იყო ფერჴთა ქუეშე წარჩინებულისა მის მოძღურისა გამალიელისთა, რაჲთა ზედა-მიწევნით. ასწავოს, არა ვითარცა მწირსა და უცხო-თესლსა, არამედ ვითარცა ნათესავით ჰურიასა, გამოწულილვითი მეცნიერებაჲ საქმეთა შჯულისათაჲ, რომლისათჳს ვიდრე სიკუდილადმდე მოშერნე იყო. და ვითარ-ესე დღეს თქუენ ჩემ ზედა შურს იგებთო, ერსა მას ეტყჳს, ეგრეთვე მე ვსდევნიდ გზასა ჭეშმარიტისა მის გზისა და ცხორებისა ქრისტეს ქადაგებისასა, ვითარცა წინა-აღმდგომსა რასმე და დამჴსნელსა ჰურიათა შჯულისასა. ვინაჲცა არღარა სხუათა აღვსძრევდ, არამედ მე თავით თჳსით შევჰკრევდ და მივსცემდ საპყრობილედ მორწმუნეთა ქრისტესთა, არა ხოლო მამათა, არამედ არცაღა დედათა ვჰრიდებდ უძლურებისათჳს ბუნებისა. ამის ყოვლისა მოწამედ თჳთ მღდელთმოძღუარსა მოიყვანებს და ყოველთა ხუცესთა, რომელთა წიგნებითა წარვლინებულ იყო დამასკოდ ტანჯვად ქრისტეანეთა.

იყო უკუე ჟამსა მას სლვასა და მიახლებასა დამასკოჲსასა შუვა სამხრის, მეყსეულად ზეცით გამობრწყინდა ნათელი დიდი ჩუენ ზედა, და დავვარდი ქუეყანასა ზედა, და მესმა ჴმაჲ, რომელმან მრქუა მე: საულ, საულ, რაჲსა მდევნი მე? და მე მიუგე: ვინ ხარ, უფალო? და მრქუა მე: მე ვარ იესუ ნაზარეველი, რომელსა შენ მდევნი. და რომელნი-იგი ჩემ თანა იყვნეს, ნათელი იგი იხილეს და შიში დაეცა მათ ზედა, ხოლო ჴმაჲ იგი არა ესმა, რომელი მეტყოდა მე. და მე ვარქუ: რაჲ-მე ვყო, უფალო? ხოლო უფალმან მრქუა მე აღდეგ და შევედ დამასკედ და მუნ გეთხრას შენ ყოვლისათჳს, რომელი ბრძანებულ არს შენდა ყოფად. და ვითარცა-იგი მე არარას ვხედევდი დიდებისა მისგან ნათლისა მის, ჴელის აპყრობითა თანა-მყოფთა მათ ჩემთაჲთა შევედ დამასკოდ. ანანია ვინმე, კაცი ღმრთის მოშიში მსგავსად შჯულისა, წამებული ყოველთაგან მკჳდრთა დამასკისათა ჰურიათა, მოვიდა ჩემდა, ზედა-მომადგა და მრქუა მე: საულ, ძმაო, აღიხილენ! და მე მასვე ჟამსა აღვიხილენ და მივხედენ მას. ხოლო მან მრქუა მე: ღმერთმან მამათა ჩუენთამან გამოგირჩია შენ ცნობად ნებისა თჳსისა და ხილვად მართლისა მის და სმენად ჴმაჲ პირისა მისისაჲ, რამეთუ იყო მოწამე მისსა ყოველთა მიმართ კაცთა, რომელი-იგი იხილე და გესმა. და აწ ნურას იურვი, აღდეგ და ნათელ-იღე და განიბანენ ცოდვანი შენნი და ხადოდე სახელსა მისსა (22,6-16).

თარგმანი: ესე ყოველნი სიტყუანი ზემოჲთვე მეათცამეტესა თავსა შინა განგჳმარტებიან. მუნ ლუკაჲს მიერ თხრობილნი პავლეს მოქცევისათჳს, და აქა — ლუკაჲს მიერვე აღწერილნი, ხოლო პავლეს თქუმულნი ერისა მიმართ, რაჲთა არა აბრალობდენ მას ჰურიათა შჯულისა დატევებისათჳს, რამეთუ არა ცუდად შეიცვალა პირველისა შჯულისა მოშურნეობისაგან, არამედ ესოდენითა ამით ჩუენებითა და გამოცხადებითა უფლისაჲთა. ხოლო რაჲ-იგი წინა-აღმდგომად ჩანს ორთავე ამათ თხრობათა შინა, იგი მუნცა განჳმარტებია და აქაცა ვიტყჳთ; რამეთუ მუნ ლუკა იტყჳს, ვითარმედ: კაცნი იგი, რომელნი იყვნეს მის თანა, სმენით ესმოდა ჴმაჲ იგი, ხოლო ხედვიდეს ვერარას. და აქა პავლე წარმოიტყჳს, ვითარმედ: რომელნი-იგი ჩემ თანა იყვნეს, ნათელი იგი იხილეს, ხოლო ჴმაჲ არა ესმა, რომელი მეტყოდა მე. აწ უკუე ესრეთ გულისჴმა-ყავ ორთავე ამათ სიტყუათა ჭეშმარიტებაჲ: ორნი ჴმანი იყვნეს: პავლესი და უფლისაჲ, და სიტყჳსაებრ პირველ თქუმულისა, პავლესი ოდენ ჴმაჲ ესმოდა კაცთა მათ. ხოლო აწინდელისა ამისებრ სიტყჳსა, ჴმაჲ იგი უფლისაჲ არა ესმოდა, მეტყუელი პავლეს მიმართ. და კუალად, ორნი ხილვანი იყვნეს: ნათლისაჲ მის და თჳთ უფლისაჲ. ნათელსა მას ხედვიდეს სიტყჳსაებრ აწ თქუმულისა, ხოლო მეტყუელსა მას პავლეს მიმართ ქრისტესა არა ხედვიდეს, სიტყჳსაებრ ზემო თქმულისა. რამეთუ მუნცა ლუკა არა ამას იტყჳს, ვითარმედ: ყოვლად არარაჲ იხილეს; არამედ ნათლისა მისგან კიდე სხუასა ვერარას ხედვიდეს. ესე იგი არს — არა თუ ნათელსა ვერ ხედვიდეს, არამედ გამომავლინებელი იგი ნათელთაჲ უფალი ვერ იხილეს. ხოლო ანანიაჲს მიერსაცა ამას სიტყუასა, აწ წარმოთქუმულსა პავლესგან, არაჲ წინა-აღდგომაჲ აქუს ლუკაჲს მიერ თქუმულსა თანა, რამეთუ ორისავე ლუკა აღმწერელ იყო, და უმცირესი თჳსად თხრობილად, ხოლო უმეტესი თჳთ პავლეს მიერ წარმოთქუმულად აღწერა, ვინაჲთგან აქა სრულ იქმნა წინაჲსწარმეტყუელებაჲ ანანიაჲსი, რამეთუ აჰა არა დაუფარა პავლე არამედ ზოგად ყოველთა კაცთა მიუთხრა, რაოდენი იხილა და ესმა უფლისა იესუჲსგან.

ხოლო იყო მოქცევასა ჩემსა იერუსალემდ და ლოცვასა ჩემსა ტაძარსა შინა, ვიყავ განკჳრვებასა შინა, და ვიხილე უფალი და მრქუა მე: ისწრაფე და განვედ ადრე იერუსალემით, რამეთუ არა თავს-იდვან წამებაჲ შენი ჩემთჳს. და მე ვთქუ: უფალო, მათ თჳთ იციან, რამეთუ მე ვიყავ, რომელი მივსცემდ საპყრობილედ და ვსტანჯევდ შესაკრებელსა შორის მორწმუნეთა შენთა. და რაჟამს დაითხეოდა სისხლი მოწამისა შენისა სტეფანესი, მე ვიყავ ზედა-მდგომელ და თანა-ჯერმჩინებელ მოკლვასა მისსა და მცველ სამოსელსა მკვლელთა მისთასა. და მრქუა მე: წარვედ, რამეთუ ნათესავთა შორიელთა მიგავლინო შენ (22,17-21).

თარგმანი: ვინაჲთგან ხილულთა საქმეთა თჳსთა წარმოთქუმაჲ სრულ ყო, მოწამედ ქონებითა კაცთაჲთა, აწ ხილვასა წარმოუთხრობს, და ნაცვალად მოწამეთა, ტაძარსა და ლოცვასა შემოიღებს, ვითარმედ: არა ოცნება იყო, რომელი ლოცვით და განკჳრვებით იხილა ტაძარსა შინა. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: მე გულის-სიტყჳთა კაცობრივითა ვჰგონებდ, ვითარმედ ისმინონ ჩემი ჰურიათა, რაჟამს მიხილონ მდევარი და მომწყუედელი ქრისტეანეთაჲ მოწაფედ ქრისტესსა; გულისჴმა-ყონ და თქუან, ვითარმედ უეჭუელად არათუმცა ეცნა მისთჳს, ვითარმედ ჭეშმარიტად ღმერთ არს, არამცა ქადაგებდა სახელსა მისსა, რომელსა პირველ სდევნიდა. არამედ ღმერთმან ესრეთ მრქუა: წარვედ ამიერ, რამეთუ არა ისმინონ შენი, და, ვითარ სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: ზე-გეტჳრთოს სახელი ჩემი წინაშე ნათესავთა და მეფეთა, ძეთა ისრაელისათა. და აწ ეტყჳს, ვითარმედ: არა მიითუალონ წამებაჲ შენი ჩემთჳს. ცხად არს, ვითარმედ ზეტჳრთვა არს ჴმა-მაღლად ქადაგებაჲ, ხოლო არა-შეწყნარებაჲ ქადაგებისაჲ — რაჟამს არა ისმენდენ. აწ უკუე ორივე ესე იქმნა, რამეთუ პავლეს ზე-ეტჳრთა სახელი ქრისტესი კადნიერად ქადაგებითა , ხოლო ჰურიანი არა ისმენდეს, ვითარ-ესე აწ სდევნიან და სიკუდიდ წყურიელ არიან, არათუმცა ათასისთავსა დაეშინნეს. გარნა პავლე კადნიერად აღიარებს, ვითარმედ არა კაცისა ვისმე შუამდგომელობითა, არამედ უსაშუვლოდ თჳთ თავადისა ქრისტეს მიერ მიივლინა ნათესავთა მიმართ შორიელთა წარმართთასა.

ისმენდეს ვიდრე ამის სიტყჳსამდე და აღიღეს ჴმაჲ მათი და თქუეს: აღიღე ქუეყანით ეგევითარი ეგე, რამეთუ არა ღირს არს ცხორებად (22,22).

თარგმანი: მუნამდე წადიერად ისმენდეს მისსა, ვიდრემდის მოჴსენებით ამხილა მათ მოკლვაჲ სტეფანესი, და ღმრთივბრძანებულად ქადაგა მისლვაჲ თჳსი წარმართთა მიმართ. ხოლო ორისა ამის სიტყჳსათჳს კუალად აღბორგნეს და ჴმობდეს მოკლვად მისსა.

და ვითარცა ღაღადებდეს იგინი უმეტეს, და დაჰყრიდეს სამოსელსა მათსა და მტუერსა ზე აღაფრქუევდეს ჰაერსა, ბრძანა ათასისთავმან მან შეყვანებაჲ მისი ბანაკად და თქუა: ტანჯვით განვიკითხო ეგე, რაჲთა ვცნა, რომლისა ბრალისათჳს ესრეთ ჴმობენ მისთჳს (22, 23-24).

თარგმანი: ჰურიათა სიმრავლისაგან ეშინოდა, თუ არა მათი ჯერ-იყო ტანჯვაჲ, რომელთა, ვინაჲთგან სამართალი მიზეზი შესმენისაჲ არა აქუნდა, უშუერითა ჴმობითა და ზე-აღფრქუევითა მტუერისა სამოსელთა მათთა ნაბერტყისაჲთა აშინებდეს ათასისთავს, რომელცა ყვეს, რამეთუ არა მათ, არამედ პავლეს სტანჯვიდა, რაჲთა მოიმადლნეს იგინი. და არა თუ ბჭობასა სამართალისასა ჰყოფდა, არამედ ერისა ოდენ შფოთსა დაწყნარებად ღონე-ჰყოფდა.

და ვითარცა განართხმიდეს მას ღუედებითა, ჰრქუა პავლე ასისთავსა მას ზედა-მდგომელსა: უკუეთუ კაცისა ჰრომისა და უბრალოჲსა ჯერ-არსა თქუენდა ტანჯვად? ესმა რაჲ ესე ასისთავსა მას, მოვიდა და უთხრა ათასისთავსა მას და ჰრქუა: იხილე რაჲ გეგულების ყოფად; რამეთუ კაცი ესე ჰრომი არს. მოუჴდა ათასისთავი იგი და ჰრქუა პავლეს: მითხარ მე, ჰრომი ხარ-ა შენ? ხოლო მან ჰრქუა: ჰე. მიუგო ათასისთავმან მან: მე მრავლითა საფასითა მოქალაქობაჲ ესე მოვიპოვე. ხოლო პავლე ჰრქუა: მე შობილვე მას შინა ვარ. მაშინ მეყსეულად განეშორნეს მისგან, რომელთა. იგი ეგულებოდა ტანჯვაჲ მისი. და ათასისთავსა მასცა შეეშინა, ცნა რაჲ, რამეთუ ჰრომი არს და რამეთუ მისსა იყო შევედრებულ (22,25-29).

თარგმანი: ვინაჲთგან უწყოდა მოციქულმან, ვითარმედ ჯერ-არს მთავრობათა და ჴელმწიფებათა დამორჩილებაჲ, რამეთუ არა არს მთავრობაჲ გარნა ღმრთისა მიერ; ამისთჳს, რაჟამს განართხმიდეს მას ღუედებითა ცემად, ჰრქუა ასისთავსა უბრალოებაჲცა თჳსი და ჰრომობაჲცა. თქუას ვინმე: ვითარ მოძღუარმან ქრისტეანეთამან პირველ თქუა ჰურიაობაჲ და ტარსელობაჲ და აწ იტყჳს ჰრომაელობასა? ნუ-უკუე არა ტყუვისა წინა-აღმდგომთა სიტყუათა თქუმად ზედაჲს-ზედა? არამედ გულისჴმა-ყავ, საყუარელო, რამეთუ ამას შენსა უწულილეს ათასისთავი იგი შემძლებელ იყო გამოწულილვად, და უკუეთუმცა ტყუილით რაჲმე ეთქუა, უძჳრესად ჰგუემდა. ხოლო აწ ცხად არს, რამეთუ სამართალ ყოფაჲ ცნა. ამისთჳს შიშით განეშორა, განჰჴსნა და დააცადა ტანჯვაჲ მისი. გარნა მოვედ და ისწავე, რამეთუ ჭეშმარიტად არა იპოების ტყუვილი უტყუველთა მათ შინა ბაგეთა პავლესთა; რამეთუ შჯულითა ჰურიათაჲ იყო და შობილი ტარსუნს კილიკიისასა; ხოლო ჰრომი — ამისთჳის, რამეთუ ძუელთა მეფეთაჲთგან ვიდრე ანდრიანე მეფისამდე არავინ იკადრებდა ყოველი კაცი, რაჲთამცა ჰრომად სახელ-იდვა თავსა თჳსსა, უკუეთუ არა მრავლითა საფასითა ანუ ღირსებითა რაჲთმე მოიგის ჰრომ ყოფაჲ და წოდებაჲ, ვითარ-ესე აწ ათასისთავი ცხად ჰყოფს, რომელსა, რაჟამს ესმა პავლეს ჰრომობაჲ, დაუკჳრდა საგლახაკოჲსა მის სამოსლისა მისისათჳს და განკჳრვებით ჰკითხა: მითხარ მე, ჰრომი ხარ-ა შენ? და ესმა რაჲ მისგან ,,ჰე", კუალად მიუგო, ვითარმედ: არა ლიტონი საქმე არს ჰრომობაჲ, რამეთუ მე მრავლითა საფასითა ძლით მომიყიდიეს პატივი ესე, რაჲთა ჰრომთა მოქალაქედ მეწოდებოდის. ხოლო პავლე ჰრქუა: შენ სადმე ჰრომი ოდენ ხარ, და არა ჰრომთაგანცა შობილი, ხოლო მე თჳთ ჰრომობასა შინა შობილ ვარ. რამეთუ მამასა პავლესსა ესე პატივი მოეგო, რაჲთა ჰრომ ეწოდებოდის. ამისთჳს მისგან შობილი პავლე მიერვე სახუეველთაჲთგან ჰრომობასა შინა შობილ არს, ვინაჲთგან, ვითარცა პირველ ვთქუ, მათ ჟამთა ვერცაღა თჳთ ჰრომს შინა შობილნი ვერ იკადრებდეს ჰრომთა მოქალაქედ წოდებად თავთა თჳსთა, არათუმცა პირველად საფასითა მოიყიდიან მეფისაგან პატივი ესე. ხოლო საფასითა მოსყიდაჲ მისი ყოველთა ქალაქთა შინა შესაძლებელ იყო, რამეთუ მაშინ ყოველნი ჰრომთა სამეუფო იყვნეს და მოიყიდიან რაჲ მეფისაგან, მიერითგან აქუნდის იგი მათ და შვილთა მათთა, რაჲთა, რომლისაცა ქალაქისანი იყვნენ, ჰრომ სახელ-ედებოდის, ვითარ-ესე აწ პავლე ტარსუნს განჴსნილი დედისა სალმობათაგან ჰრომ იწოდების და არს პატივისა მისთჳს, რომელ მოეგო მამასა მისსა. ხოლო ანდრიანეს მეფობითგან შეირია სახელი ესე, რაჲთა ვისცა უნდეს, ჰრომ უწოდდეს თავსა თჳსსა.

ამის პავლეს სახისა მიერ ვისწავებთ ჩუენ, რაჲთა არცა კაცობრივსა ღონესა განვაგდებდეთ ძჳრთაგან გამოსაჴსნელად, ოდენ წმიდამცა არს ღონე იგი ტყუვილისაგან და სულიერისა სავნებელისაგან.

ესრეთ უკუე, სახელითა მით ჰრომობისაჲთა შეაძრწუნა მოციქულმან ათასისთავი იგი, რამეთუ ამით სახითა მისდა შევედრებულ იყვნეს მეფისაგან ყოველნი პატივცემულნი პატივითა ჰრომობისაჲთა, რაჲთა არავის უტევოს მძლავრებად მათდა, არამედ ყოველსა ადგილსა შეეწეოდის მათ, ვითარცა თჳთ ჰრომთა მიერ მოვლინებული მთავრად.

ხვალისაგან უნდა გულისჴმის-ყოფად უკრძალულესად-რე, რაჲსათჳს-ძი შეასმენენ მას ჰურიანი იგი. განჴსნა იგი და ბრძანა შეკრებაჲ მღდელთმოძღუართაჲ და ყოვლისა მის კრებულისაჲ, და მოიყვანა პავლე და დაადგინა შორის მათსა (22,30).

თარგმანი: დაღაცათუ უნდა ცნობად მიზეზსა, თუ რაჲსათჳს შეასმენენ მას ჰურიანი, გარნა არღარა ზედა-მისლვითა კადნიერებით ჰყოფს ამას ათასისთავი იგი, არამედ კრძალულებით განჰჴსნის პავლეს და დაადგინებს შორის კრებულსა მღდელთმოძღუართა და ჰურიათა ერისასა. რამეთუ, ვითარცა ჰრომისაგან, მოშიშ და განკრძალულ არს პავლესგან, რაჲთა არარაჲ ძჳრი შეამთხჳოს მას.