მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი ლ̂დ. ვითარ, განიზრახეს რაჲ ჰურიათა სიკუდილი პავლესი, წარივლინა კესარიად ათასისთავისა მიერ

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

და ვითარცა განთენა, ყვეს ვიეთმე ჰურიათა შეთქმულებაჲ შეჩუენებულ ყვნეს თავნი თჳსნი არა ჭამად, არცა სუმად, ვიდრემდე მოკლან პავლე. ხოლო იყვნეს უმრავლეს ორმეოცისა, რომელთა შეთქმულებაჲ ესე ყვეს, რომელნი მოუჴდეს მღდელთმოძღუართა მათ და ხუცესთა და ჰრქუეს: შეჩუენებით შეჩუენებულ ვყვენით თავნი თჳსნი არარაჲსა გემოჲსა ხილვად, ვიდრემდე მოვკლათ პავლე. აწ უკუე თქუენ აუწყეთ ათასისთავსა კრებულითურთ, რაჲთა ხვალე გამოიყვანოს იგი თქუენდა, რეცა თუ გეგულების, უჭეშმარიტესად-რე გულისჴმის-ყოფად მისთჳს, ხოლო ჩუენ ვიდრე მოახლებადმდე მისსა განმზადებულ ვართ მოკლვად მისსა (23,12-15).

თარგმანი: იხილე სიბოროტე ეშმაკისაჲ, ვითარ ბოროტსა ზედა ორმეოცნი შეითქუმიან, ხოლო კეთილსა ზედა არცა ორნი გინა სამნი. ვითარ-ესე აწ ორმეოცნი კაცნი შეიჩუენებენ თავთა არცა ჭამად, არცა სუმად, ვიდრემდის მოკლან პავლე, და უეჭუელად შეჩუენებულნი დაშთეს, რამეთუ პავლე ვერ მოკლეს და თჳთ უნდა თუ არა, ჭამეს შეჩუენებულთა. რამეთუ ესე არს ძალი შეჩუენებისაჲ —ყოვლითურთ განვრდომაჲ ღმრთისაგან და ყოვლითურთ შეძინებაჲ ეშმაკისაჲ. იხილე კუალად სივერაგე მღდელთმოძღუართაჲ; ვითარცა ავაზაკთ-მთავარნი სიკუდიდ მიუმარჯუებენ, ნაცვალად მკლველთა განპატიჟებისა. არამედ განიქიქნეს და არა ხოლო მკლველობისაგან დაეყენნეს, არამედ იმხილნეს-ცა, ვითარმედ ვერარას ბრალსა დასდებენ. ამისთჳს ფარულად ღონე-ჰყოფენ მოკლვად მართლისა მის.

ესმა დისწულსა პავლესსა სიტყუაჲ ესე, მივიდა და შევიდა ბანაკად და უთხრა პავლეს, ხოლო პავლე მოუწოდა ასისთავსა ერთსა და ჰრქუა: ჭაბუკი ესე მიიყვანე ათასისთავისა, რამეთუ უნებს რაჲმე თხრობად მისსა. ხოლო მან წარიყვანა იგი და მიიყვანა ათასისთავისა მისთჳს და ჰრქუა: კრულმან პავლე მიმიწოდა და მრქუა მე ჭაბუკისაჲ ამის მოყვანებად შენდა, რამეთუ აქუს რაჲმე სიტყუაჲ თხრობად შენდა. უპყრა ჴელი ათასისთავმან და განიყვანა თჳსაგან და ჰკითხჳდა, ვითარმედ: რაჲ არს, რაჲ გიჴმს თხრობად ჩემდა? ხოლო მან ჰრქუა, ვითარმედ: ჰურიანი შეითქუნეს, რაჲთა ითხოვონ შენგან და პავლე შთაიყვანო ხვალე კრებულსა მათსა, რეცა თუ უჭეშმარიტესად-რე კითხვად მისთჳს. შენ უკუე ნუ ერჩი მათ, რამეთუ უმზირიან მას მათგანნი კაცნი უმრავლეს ორმეოცისა, რომელთა შეუჩუენნეს თავნი თჳსნი არა ჭამად, არცა სუმად, ვიდრემდე მოკლან პავლე. და აწ განმზადებულ არიან და ელიან შენსა ბრძანებასა. ხოლო ათასისთავმან განუტევა ჭაბუკი იგი და ამცნო, რაჲთა არავის უთხრას, ვითარმედ: ესე მაუწყე მე (23,16-22).

თარგმანი: განგებულებაჲ იყო ღმრთისაჲ, რომელ ვერ ცნეს მათ და ვითარ არა უნდა, სასმენელ იქმნა დისწულისა პავლესისა ზაკუვაჲ მათი. ვინაჲცა ცხად არს, ვითარმედ არა ხოლო თჳსებითა ჴორციელითა, არამედ უფროჲსღა სულიერითა ერთნებობითა შეკრულ იყო ჭაბუკი ესე სიყუარულსა პავლესსა. და კუალად პავლე არავე განლაღნა ჩუენებასა მას ზედა უფლისასა, ვითარცა უწყებული მისგან, ვითარმედ ვერარაჲ უყონ მას ჰურიათა იერუსალემს, არამედ ჰრომს მიწევნად არს ცოცხალი, არამედ ამის ყოვლისა შემდგომად არა უღირს-უჩნს კაცობრივი ღონე კრძალვისაჲ. ამისთჳს საიდუმლოდ სმენილი თჳსისა დისწულისაგან არა არწმუნა ასისთავთაგანსა ვისმე, არამედ თჳთ ჭაბუკისა მისვე პირითა მიაწია ათასისთავისა, და კუალად ათასისთავმან არავის განუცხადა. უფროჲსღა ჭაბუკსა მასცა ამცნო, ვითარმედ ნუმცა ვინ უწყის თუ ჩემდა გითხრობიეს ეგე. არცაღა მის თანათა მათ ასისთავთა არწმუნა, ვიდრე ჟამადმდე წარვლინებისა, რამეთუ განკრძალულ იყო პავლესთჳს.

და მოუწოდა ორთა ვიეთმე ასისთავთა და ჰრქუა: განჰმზადეთ ორასი ერისაგანი, რაჲთა მივიდენ კესარიამდე, და მჴედარი სამეოც და ათი და ფაროსანი ორასი მესამით ჟამითგან ღამისაჲთ. და საჴედარი ერთი, რაჲთა აღსუან პავლე, და მიიყვანონ იგი ფელიქს მთავრისა (23,23-24).

თარგმანი: ვინაჲ ირწმუნა ათასისთავმან სიტყუაჲ იგი ჭაბუკისაჲ? არამედ მრავალ გზის გამოცდილ იყო უწესოსა მას შფოთის მოყუარებასა ჰურიათასა. ამისთჳს არა ყოვნა, არამედ ესოდენი ერი განჰმზადა, ვითარცა მეფისა პატივად და კრძალულებით წარყვანებად პავლესსა მყუდროსა შინა ჟამსა ღამისასა, რამეთუ ეშინოდა, ნუ-უკუე უწესოჲთა ერის კრებითა ზედა-მიუჴდენ და გამოსტაცონ და მოკლან პავლე ჰურიათა მათ, და საეჭუელ იქმნეს, ვითარმედ ნუ-უკუე ქრთამი მიეღო ათასისთავსა, და ამისთჳს არა დააყენა მკლველობაჲ მათი.

და მიწერა წიგნი, რომელსა წერილ იყო სახე ესევითარი: კლავდიოს ლუსია მჴნესა ფელიქსს მთავარსა გახარებ. კაცი ესე შეეპყრა ჰურიათა, და ეგულებოდა მოკლვაჲ მაგისი, ზედა-მიუჴედ მჴედრებითურთ და განვარინე ეგე, ვცან-ღა, რამეთუ ჰრომი არს, და მინდა გულისჴმის-ყოფად ბრალი იგი, რომლისათჳს შეასმენდეს მას ჰურიანი, და შთავიყვანე იგი კრებულსა მათსა. და ვპოე, რამეთუ აბრალებდეს მას ძიებათათჳს შჯულისა მათისათა, და არარაჲ ღირსი სიკუდილისა გინა კრულებისა ბრალი იპოა მაგის თანა. და ვითარცა მეუწყა, რამეთუ უმზირდეს ჰურიანი მოკლვად კაცისა მაგის, მუნთქუესვე წამოვავლინე შენდა. მიბრძანებიეს შემასმენელთა მათდაცა სიტყუად მაგისა შენ წინაშე, და ცოცხლებით იყავ (23,25-30).

თარგმანი: ვითარცა შეეტყუების ჴელოვნად განმგებელობასა ჰრომთასა, არა კმა იყო ზეპირით მიმცნებაჲ, არამედ წერით აუწყებს ყოველსავე საქმესა პავლესსა. და თავისა თჳსისათჳს მრჩობლთა სახელთა დასწერს: კლავდიოსს და ლუსიას. ხოლო პატივსა ათასისთავობისა თჳსისასა არღარა დაჰრთავს, არამედ ცხად არს, ვითარმედ ესე კლავდიოს ლუსია იერუსალემისა ოდენ ქალაქისა მჴედართ მთავარი იყო ათასთა კაცთაჲ, მცველთა გოდლებისა და ზღუდეებისათაჲ, ხოლო ფელიქს — ყოვლისა ჰურიასტანისა, გალილეაჲსა და სამარიაჲსა და პერეაჲსა მთავრად და განმგებელად განჩინებულ იყო მიერ ჟამთაჲთგან კლავდის კეისრისათა, ვითარცა დასწერს მისთჳს იოსიპპოს, და კესარიას მჯდომარე იყო, ვითარცა უმთავრესსა შინა ყოველთა პალესტინისა ქალაქთასა. ამისთჳს მუნ წარივლინა პავლე, რაჲთა უშიშად განიკითხოს ჰურიათა ერისა შფოთებისაგან, და რაჲთა კესარიასცა შინა ქადაგოს ქრისტეს ღმრთეებაჲ ჭეშმარიტი.

ხოლო სტრატიოტთა მათ მსგავსად ბრძანებულისა მათისა წარიყვანეს პავლე და მიიყვანეს ღამე ანტიპატრიადმდე (23,31).

თარგმანი: უკჳრდეს თუ ვისმე მოშიშებისათჳს პავლესსა, არაჲ საკჳრვერ არს, რამეთუ აუწყა ათასისთავსა შეთქუმულებაჲ ჰურიათაჲ, და ღამე წარყვანებითა განირინა თავი თჳსი მკლველობისაგან, რამეთუ დაღაცათუ პავლე იყო, არამედ იგიცა კაცივე იყო, და არა უტკივარად თავს-იდებდა შემთხუევასა ჭირთასა, რამეთუ არათუმცა სტკიოდა და ელმოდა, არამცა გჳრგჳნოსან იქმნებოდა. ვინაჲცა ლმობაჲ იგი და ტკივილი არა დააკნინებენ დიდებასა მისსა, არამედ უფროჲსღა აღმატებულ ჰყოფენ, ვითარ ჭირთა შინა და დღითი-დღედთა სიკუდილთა არა განსცა ღმრთისმსახურებაჲ, არცა მომედგრდა ქადაგებისაგან, არამედ ჴორცითა ამით უძლურითა და მოკუდავითა უჴორცოთა ანგელოზთა მოქალაქობაჲ წარვლო ქუეყანასა ზედა. ესრეთ ახოვანი სულითა ქალაქითი-ქალაქად მიმოიყვანების და იერუსალემით ღამე მიიყვანების ანტიპატრიად, რომელ-იგი არს ქალაქი აღშენებული ჰეროდეს მიერ, რამეთუ ჰეროდე ფრიად მამის მოყუარე იყო უფროჲს სხჳსა ყოვლისა. ამისთჳს სამეუფოსა შინა თჳსსა უკეთესი ადგილი გიმოირჩია — ველი შუენიერი, მდიდირი მდინარეებითა და სამოთხეებითა, და მას ზედა აღაშენა ქალაქი და უწოდა მას სახელი მამისა თჳსისაჲ რომელსა-იგი ანტიპატროს ეწოდებოდა.

და ხვალისაგან განუტევნეს მჴედარნი იგი მისლვად მის თანა, და იგინი მოიქცეს ბანაკად. რომელნი-იგი მო-რაჲ-ვიდეს კესარიად, მისცეს წიგნი იგი მთავარმან მას და ჰკითხა, თუ რომლისა სამთავროჲსაჲ არს. და ისწავა, რამეთუ კილიკიაჲთ არს, და ჰრქუა: ვისმინო შენი, რაჟამს შემასმენელნიცა შენნი მოვიდენ. და უბრძანა ტაძარსა მას ჰეროდესსა დამარხვაჲ მისი (23,32-35).

თარგმანი: ვიდრემდის საშიშ იყო მახლობელად იერუსალემისა, მკჳრცხლნიცა თანაუვიდოდეს, ხოლო რაჟამს განაშორეს იერუსალემით და წარავლნეს ადგილნი გუერდოვანნი, მაშინ თჳთ შეიქცეს და მჴედარნი იგი ხოლო წარაყვანნეს, რომელთა მალიად განვლეს ვაკე იგი და მიიწინეს კესარიად. ხოლო მთავარმან წარიკითხა რაჲ წიგნი ლუსიაჲსი, არღარაჲ უმეტესი გამოიკითხა პავლესგან თჳნიერ სახელი ხოლო ქალაქისაჲ ვინაჲცა კუალად საპყრობილედ მიეცა მოციქული, რაჲთა მაშინ განიკითხოს, ოდეს შემასმენელნი მისნი მივიდენ.

ნაშრომები > კომენტარები საქმეებზე და კათოლიკე ეპისტოლეებზე, წმ.იოანე ოქროპირი, წმ. ეფრემ მცირე > თარგმანებაჲ საქმისა მოციქულთაჲსა > თავი ლ̂დ. ვითარ, განიზრახეს რაჲ ჰურიათა სიკუდილი პავლესი, წარივლინა კესარიად ათასისთავისა მიერ