📋 სარჩევი
შემდგომად ხუთისა დღისა შთავიდა მღდელთმოძღუარი ანანია ხუცესთა თანა და მეტყუელისა ვისმე ტერტჳლოჲს თანა, რომელთა აუწყეს მთავარსა მას პავლესთჳს. და ვითარცა მოუწოდეს მას, იწყო ტერტჳლოს შესმენად მისსა და თქუა: მრავალსა მშჳდობასა შინა ვართ შენ ძლით და განგებულებასა, რომელ იქმნების ნათესავსა ამას შინა მოღუაწებითა შენითა, სადავე და ყოველთა ადგილთა შევიწყნარებთ, მჴნეო ფელიქს, ყოვლითა მადლობითა (24,1-3).
თარგმანი: გულისჴმა-ყავ, ვითარ მრავალთა მიზეზთა დამაყენებელთა მქონებელნი არავე დაეყენებიან, არამედ კუალად კესარიასცა მირბიან ცილისწამებად პავლესსა, არა ხოლო თჳთ მღდელთმოძღუარი და ხუცესნი, არამედ სხუაჲცა ვინმე ენამჭევრი ტერტჳლოს შემწედ მიიყვანეს, რაჲთა მოქცევობითა სიტყუათა თჳსთაჲთა დაფაროს სიცრუვე მათი. ვინაჲცა გამოიყვანეს პავლე მიერ ტაძართა მათგან ჰეროდე მეფისათა, სადა-იგი შეყენებულ იყო, და მოიყვანეს წინაშე ფელიქს მთავრისა. მაშინ ტერტჳლოს დასაბამად პავლეს შესმენათა იწყო ლიქნით სიტყუად და ქებად მთავრისა, რაჲთა მიიზიდოს იგი ჰურიათა სიყუარულად. და ეგრეთ, დაღაცათუ უმშჯავრო იყოს ბჭობაჲ იგი, ეგრეთცა განაჩინოს დაშჯაჲ პავლესი.
ხოლო რაჲთა არა უმეტეს დაგაშრო შენ, გლოცავ, რაჲთა შემოკლებულად ისმინო ჩუენი შენითა სახიერებითა. რამეთუ ვპოვეთ კაცი ესე ბილწი და შფოთის აღმძრველი ყოველთა შორის ჰურიათა, რომელნი არიან ყოველსა სოფელსა, წინამძღუარი გალილეველთა წვალებისაჲ, რომელმან ტაძარსაცა აზმნო შეგინებად, რომელიცა შევიპყართ და მსგავსად შჯულისა ჩუენისა ვინებეთ განკითხვაჲ. ზედა-მოგჳჴდა ლუსია ათასისთავი და მრავლითა იძულებითა ჴელთაგან ჩუენთა წარიყვანა და შენ წინაშე წარმოავლინა, და ბრძანა შემასმენელთაცა მისთაჲ შენ თანავე მოსლვად, რომლისა მიერ შეუძლო შენ განკითხვად და ცნობად ამის ყოვლისა, რომელსა ჩუენ ვსწამებთ მაგას. თანა-ეწამებოდეს ჰურიანიცა და ეტყოდეს, ვითარმედ: ესე ესრეთ არს (24,4-9).
თარგმანი: ესე არს წესი მლიქნელთაჲ, რაჲთა მცირენი სიტყუანი თქუნენ და იგიცა ლიქნითა აღსავსენი, ვითარ-ესე აწ ტერტჳლოს მცირეთა სიტყუათა თჳსთა საწყინოდ და დამაშრობელად უწოდს, და ეგრეთ იწყებს ვედრებად, რაჲთა ტანჯოს პავლე, ვითარცა ყოველსა სოფელსა შინა შფოთის მოქმედი. და შეურაცხებით უწოდს მას წინამძღურად, არა გალილეველთა, არამედ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ნაზარეველთა წვალებისა, რამეთუ ნაზარეთი ქალაქი არს მცირე, მახლობელად მთისა თაბორისა, საზღვართა გალილეაჲსათა: გარნა, რაჲთა არა ჰრქუას მთავარმან, ვითარმედ — თქუენდა რაჲ არს, უკუეთუ სხუათა ადგილთა შფოთი უქმნიეს პავლეს, — ამისთჳს ზედა-დაჰრთავს თჳსაგან მათსაცა სავნებელსა, ვითარმედ: ტაძრისა შეგინებაჲ აზმნო. ესე იგი იყო, რომელ სწამებდეს, ვითარმედ წარმართობასა შინა მყოფნი ვინმე ურწმუნონი შეიყვანნა. ესრეთ უკუე ჩუეულებისაებრ ჰურიათაჲსა, ვითარ-იგი იყვნეს მათ შორის შჳლნი წვალებანი, ქრისტესსაცა მას ქადაგებასა ნაზარეველთა წვალებად უწოდს, რამეთუ იესუს ნაზარეველ ეწოდა და მოწაფეთა მისთა — წინამძღუარ ნაზარეველთა წვალებისა. ესრეთ წარმოთქუა ტერტჳლოს ყოველი საქმე ჰურიათაჲ, ვითარცა სჳნოღოროსად მოყვანებულმან, რამეთუ თჳთ წარმართი იყო და მათისა პირისა ჩემებითა ეშჯოდა პავლეს. ამისთჳს ჰურიანი ეწამებიან, ვითარმედ: რასა-ეგე იტყჳს ჩუენ მაგიერ, ყოველი ეგრეთ არს. ამათ ყოველთა სიტყუათა შინა არა ხოლო პავლეს შეასმენენ, არამედ ლუსიასცა, ვითარმედ: უსამართლოდ ზედა-მოსლვთა მიმეტაცა ჴელთა ჩუენთაგან კაცი, რომლისაჲ არცა მისგან ჯერ-იყო განკითხვაჲ, არცა წინაშე საყდართა შენთა წარმოდგინებაჲ, არამედ თჳთ წესითა შჯულისა ჩუენისაჲთა ჯერ-იყოო განკითხვაჲ და განშჯაჲ მაგისი. გარნა ესე ლუსიას აბრალე, რამეთუ ეგე და ჩუენ მაწყინებელ გუყვნა, რაჲთა დაგაშროთ შენ, წინაშე საყდრისა შენისა წარმოდგომითა.
მიუგო პავლე წამის-ყოფითა მთავრისაჲთა და თქუა: მრავლით წლითგან გიცოდე შენ მსაჯულად ამის ნათესავისა. გულს-მოდგინებით თავისა ჩემისათჳს სიტყუა-უგო, რამეთუ შემძლებელ ხარ შენ გულისჴმის-ყოფად (24,10-11).
თარგმანი: არა ჰლიქნის, არამედ კადნიერად ეძიებს მართლმსაჯულობასა მთავრისასა და ეტყჳს, რაჲთა არა ვითარცა ახალმან და გამოუცდელმან, არამედ ვითარცა ძუელმან და მრავალ ჟამითგან გამოცდილმან ჰურიათა ბჭობისამან ეგრეთ გულისჴმა-ყოს პავლესი იგი თავისა თჳსისათჳს სიტყჳსგებაჲ წინა-აღმდგომთა მიმართ და ესრეთ თუალ-უხუავად განბჭოს.
არა უმრავლეს არს ჩემი ათორმეტისა დღისა, ვინაჲთგან აღვედ მე თაყუანისცემად იერუსალემდ, და არცა ტაძარსა შინა მპოეს მე მეტყუელად ვის თანამე, გინა თუ ამბოხისათჳს ერის კრებად, გინა შესაკრებელთა შორის ანუ თუ ქალაქსა შინა. არცა ძალ-უც შენ წინაშე ჩემ ზედა ამისსა ჩინებად, რომლისათჳს-ესე აწ შემასმენენ მე. ხოლო ამას აღგიარებ შენ, რამეთუ გზისა მისთჳს, რომელსა-ეგე იტყჳან წვალებად, ესრეთ ვჰმსახურებ მამათა ღმერთსა, და მრწამს ყოვლისა მისებრ, რომელი შჯულსა და წინაჲსწარმეტყუელთა წერილ არს. სასოებაჲ მაქუს ღმრთისა მიმართ, რომელსა ეგენიცა მოელიან. აღდგომაჲ ყოფად არს მკუდართაჲ, მართალთაჲცა და ცოდვილთაჲცა. ამას ზედა ვიღუწი. დაუბრკოლებელი გონებაჲ მაქუს ღმრთისა მიმართ და კაცთა მარადის (24,11-16).
თარგმანი: სიმცროსა დღეთასა იტყჳს, ვითარმედ: ათორმეტი ოდენ დღე დამიყოფია; არა სხჳსა რაჲსათჳს, არამედ თჳთ მებრვე შჯულიერისა წესისათჳს თაყუანისცემად აღსრულსა იერუსალემდ. აწ უკუმ ცხად არს, ვითარმედ არა მიქადაგებიეს სხუათადა დაჴსნაჲ შჯულისაჲ, რომლისა აღსრულებისათჳს აღსრულ ვიყავ თაყუანისცემად იერუსალემდ. და კუალად, მუნ ყოფისა ჩემისა ჟამი მოკლე არს, და არა დაიფარვის სიგრძითა ჟამთაჲთა, არამედ ადვილ არს გამოჩინებად, უკუეთუ სადმე შფოთი მიქმნიეს, რომლისაჲ ვერ ძალ-უც თქუმად ჩემთჳს ათორმეტთა ამათ დღეთა შინა. რამეთუ ესოდენ მოკლე ჟამი ადვილ არს გამოსაძიებელად, თუ რაჲ მიქმნიეს ჟამითი-ჟამად, ანუ თუ სადა ყოფილ ვარ. ხოლო გზისა ამისთჳს, რომელ არს სარწმუნოებაჲ ქრისტესი, ესრეთ ვჰმსახურებ მამათა ღმერთსა, რომელი არარაჲთ იმსახურების ესრეთ, ვითარ ღმრთად აღსაარებითა მხოლოდშობილისა ძისა მისისა, უფლისა ჩუენისა და ღმრთისა იესუ ქრისტესითა; რამეთუ ყოველი შჯული და წინაჲსწარმეტყუელნი მისსა ჴორცთ შესხმასა არა ხოლო სიტყჳთ, არამედ წერით და შჯულსა შინა აღწერით მოასწავებდეს. და ჭეშმარიტად ერთ არს და იგივე ღმერთი შჯულის-მდებელი, ძუელისაჲ უკუე —წინაჲსწარმეტყუელთა მიერ, ხოლო ახლისა შჯულისაჲ — ძისა მიერ თჳსისა. და კუალად, სასოებაჲ მაქუს ღმრთისა მიმართ, რომელსა ეგენიცა მოელიან, აღდგომასა და მისაგებელსა საქმეთაებრ. და რომელი ამას მოელოდის, ესევითარი-იგი მარადის განიწმედს არა ხოლო ჴორცთა, არამედ სულსაცა და გონებასა თჳსსა; არა ხოლო ღმრთისა, არამედ კაცთაცა მიმართ, რაჲთა არავის ავნებდეს, არცა აშფოთებდეს. ესევითარი ძალი შეაყენა სიტყუათა შინა თჳსთა ქადაგმან სახარებისამან, და აღდგომისა მკუდართაჲსა აღსაარებაჲ თჳთ მათ წინა-აღმდგომთა ჰურიათაცა მიერ წამებულ ყო. რამეთუ, რომელნი მკუდართა აღდგომასა აღიარებდენ, იგინი თჳთ შეასმენენ თავთა თჳსთა, ვითარმედ უსამართლოდ ურწმუნოებენ მკუდრეთით აღდგომასა ქრისტეს ჩუენ ყოველთა აღმადგინებელისასა. ამას ადგილსა წამებს პავლე ფარისეველთა ჰურიათათჳს, ვითარმედ არა განგუეყოფებიან ჩუენ მორწმუნეთა უკუდავებისათჳს სულთაჲსა და მკუდრეთით აღდგომისათჳს გუამთაჲსა.
მრავლისა წლისა შემდგომად ქველის-საქმესა ყოფად მოსრულ ვიყავ ნათესავისა ჩუენისა და შესაწირავისა, რომელსა შინა მპოვეს მე განწმედილი ტაძარსა შინა. არა ერითა, არცა შფოთითა, ასიაჲთ ვინმე ჰურიათა, რომელთაჲ ჯერ-იყო შენ წინაშე მოსლვაჲ და შესმენად, რაჲ-იგი აქუს ჩემდა მომართ სიტყუაჲ, ანუ მაგათ თჳთ თქუმად, რაჲ პოვეს ჩემ თანა ბრალი, ვდეგ რაჲ-იგი კრებულსა შორის, ანუ ერთისა მის სიტყჳსათჳს, რომელ ჴმა-ვყავ მათ შორის, რაჲ-იგი ვდეგ, ვითარმედ: აღდგომისათჳს მკუდართაჲსა ვისაჯები დღეს თქუენ მიერ (24,17-21).
თარგმანი: ზემოჲ იგი სიტყჳსა დაწყებაჲ შჯულისათჳს წარმოთქუა და დაუბრკოლებელ ყოფაჲ თჳსი წამა ღმრთისა მიმართ და კაცთა. რამეთუ ესე არს სისრულე სათნოებისაჲ, რაჲთა არა ხოლო ღმრთისა, არამედ კაცთაცა მიმართ განკრძალულ ვიყვნეთ, რაჲთა არავინ დავაბრკოლოთ. ხოლო აწ მიზეზსა იტყჳს თჳსისა შეპყრობისასა, ვითარმედ: მრავალ ჟამ არა მუნ ყოფილ ვიყავ; რაჲთამცა ამით ჰქონდა მიზეზი, ვითარმედ: სიგრძესა შინა ჟამისასა ვწყლენ იგინი. არამედ აწღა აღვედ; არა შფოთებად, არამედ შესაწირავისა მირთუმად და ქველის-საქმისა ყოფად ნათესავისა ჩემისა, რომელ არიან ჰურიანი: არა ტაძრისა შებილწებად, არამედ ტაძარსა შინა განწმედილად; და არა ერსა შორის მეშფოთედ, არამედ სახლსა შინა ღმრთისასა მლოცველად მპოვეს ასიით მოსრულთა ვიეთმე ჰურიათა, რომელთა აჰა მოუწოდ წინაშე საყდრისა სამშჯავროჲსა, განა თუ თჳთ მოსლვითა, გინა თუ მაგათ აქა მყოფთა მიერ თქუმითა, რაჲთა, რაჲცა ვის აქუს ჩემ ზედა ბრალი, გინა თუ მათ, გინა თუ ამათ, იტყოდედ; რამეთუ მზა ვარ სიტყჳს მიცემად ყოველთა. ხოლო უკუეთუ "ერთისა მის სიტყჳსათჳს მკუდართა აღდგომისაჲსა ვისაჯები" — ესე არა თჳსაგან მითქუამს ყურესა შინა, არამედ შორის შესაკრებელისა ვქადაგებ აღდგომასა მკუდართასა, რომელსა თჳთ ეგენიცა აღიარებენ. ამას ეტყჳს ცხადად. ხოლო ფარულად ესე ძალი აქუს სიტყუასა მოციქულისასა, ვითარმედ: უკუეთუ ეგენი აღიარებენ მკუდართა აღდგომასა, რაჲსათჳს-მე მშჯიან ქადაგებისათჳს აღდგომასა მკუდართა აღმადგინებელისა, უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა! ამიერ უკუე შენ პავლესგან ისწავე, მორწმუნეო, რაჲთა, რაჟამს სამშჯავროდ წარგადგინონ, არცა ერთი რაჲ სიტყუაჲ გინებისა გინა ცილისწამებისაჲ შეურთო შემასმენელთათჳს განა ცილისმწამებელთა შენთა, სიტყუასა შინა თავისა შენისა განმართლებისასა, არამედ იგი ოდენ თქუ, რაოდენი კმა იყოს შენდა თავისა განმართლებად, და ნუცა ერთსა რას იტყჳ სავნებელსა გინა ბრალსა ცილის-მწამებელთა შენთასა, დაღაცათუ ბევრეულნი უწყოდნი აუგნი მათნი, რამეთუ აჰა პავლესცა ძალ-ედვა, რაჲთამცა არა ტყუვილით, არამედ ჭეშმარიტებით ბევრეული ბოროტი დასდვა ცილისმწამებელთა თჳსთა, არამედ არცა ერთსა რას იტყჳს თჳნიერ თავისა განმართლებისა, რამეთუ ქრისტეს მოწაფე არს და მისგან სწავლული, რომელსა, რაჟამს-იგი ჰრქუეს — "ეშმაკი არს შენ თანა" () — ესე ოდენ კმა-იყო სიტყჳსგებად, ვითარმედ: "ჩემ თანა ეშმაკი არა არს, არამედ პატივ-ვსცემ მამასა ჩემსა და თქუენ მაგინებთ მე" (). აწ უკუე ვიყვნეთ მსგავს პავლესსა, ვითარ-იგი იქმნა მსგავს ქრისტესსა მცირითა ამით და ადგილითა საქმითა.
ესმა რაჲ ესე ფელიქსს, დრო-იყო მათ. ჭეშმარიტებით იცოდა გზისა მისთჳს და თქუა: რაჟამს ლუსია ათასისთავი მოვიდეს, მაშინ ვცნა თქუენთჳს. და უბრძანა ასისთავსა მას დამარხვაჲ პავლესი, და რაჲთა იყოს იგი მოლხინედ. და ნუ ვის აყენებთ თჳსთა მისთა მსახურებისა, ანუ შესლვად მის თანა (24,22-23).
თარგმანი: უწყოდა ჭეშმარიტებით ფელიქს გზისა მისთჳს ჭეშმარიტისა, რომელ არს ქრისტე. რამეთუ დაღაცათუ წარმართი იყო, არამედ მეუღლე მისი ჰურიაჲ იყო და მის გამო შემეცნებულ იყო შჯულსა ქრისტეანეთასა, ვითარმედ შჯულისაგან და წინაჲსწარმეტყუელთა წინა-მოსწავებულ არს განჴორციელებაჲ სიტყჳსა ღმრთისაჲ, ჯუარცუმაჲ, დაფლვაჲ და აღდგომაჲ. ესე უწყოდა, ვითარმედ პავლე ჭეშმარიტებისა ქადაგ არს. ხოლო ჰურიათა შეწუხებისათჳს განტევებაჲ მისი შეუძლებელ იყო. და კუალად, არცა ტანჯვაჲ სამართალ იყო კაცისა უბრალოჲსაჲ ამისთჳს, ვინაჲთგან ტერტჳლოს შემოიღო ჴსენებაჲ ლუსიაჲსი, ჟამიერად მიზეზ-დგა ფელიქს და თქუა: ვინაჲთგან ლუსიაცა თანა-ზიარ არს განსაკითხავსა მაგას, რაჟამს-იგი მოვიდეს, მაშინ უსრულესად გამოვიძიოთ. და ესრეთ უბრძანა ასისთავსა მას მომყვანებელსა მისსა დამარხვაჲ მისი, თჳნიერ ჭირისა ანუ პყრობილთა მსგავსად შეურაცხებისა, რამეთუ განგებულებაჲ საღმრთოჲ მიმყოვრებულ ჰყოფდა ჟამთა პავლეს პყრობილებისთა, რაჲთა გამოჩნდეს სულგრძელებაჲ და მოთმინებაჲ მისი. და რაჲთა ვერ თქუან ჰურიათა, ვითარმედ: აღტაცებით გამოუძიებლად ბჭობითა იყო, რომელ ვერარაჲ ბრალი დასდვეს მათ მის ზედა.
ხოლო შემდგომად დღეთა რავდენთამე მოვიდა ფელიქს დროსილაჲს თანა, ცოლისა თჳსისა, ჰურიისა, მოუწოდა პავლეს და ისმინა მისი იესუ ქრისტეს სარწმუნოებისათჳს. და ვითარ-იგი იტყოდა სამართლისათჳს და მოთმინებისა და საშჯელისა მერმისა, შეეშინა ფელიქსს და ჰრქუა პავლეს: აწ ამას ჟამსა წარვედ და ჟამსა მოცალესა მოგიწოდო შენ. და ამას თანა ჰგონებდა, ვითარმედ ფასი მოიღოს მან პავლესგან, რაჲთა განჴსნას იგი. ამისთჳს ზედაჲსზედა მოუწოდნ და ზრახავნ მას (24,24-26).
თარგმანი: ვითარცა ზემო ვთქუთ, ესე დროსილა ჰურიაჲ, რომელი გარეგან შჯულისა ცოლ ქმნილ იყო წარმართისა ფელიქსისსა, ასული იყო აღრიპპაჲსი, ჰეროდედ წოდებულისაჲ, რომელმან-იგი მოკლა იაკობ, ძმაჲ იოვანესი. და ამისთჳს ზოგად ორნივე მეუღლენი, ვითარცა მეცნიერსა შჯულისასა, ზედაჲს-ზედა ეზრახებოდეს პავლეს. ხოლო იგი არა ლიქნისა სიტყუათა მიერ ეზრახებოდა, არამედ მტკიცედ განუცხადებდა, ვითარმედ: უკუეთუ არა მტკიცედ ჰრწმენეს ქრისტესი, და ბრძანებათაებრ მისთა სიწმიდით და სიმართლით მოქალაქობდენ და ამათ შინა საღმრთოდ მოთმინე იყვნენ, მერმესა მას უწყალოდ დაშჯად არიან, რომლითა შეაშინნა იგინი, გარნა ვინაჲთგან არა საღმრთო იყო მიზეზი ზედაჲს-ზედა ზრახვისა მათისაჲ, ამას ჯეროვნად განაქიებს აღმწერელი თხრობისაჲ ამის, ვითარმედ არარაჲსა სხჳსათჳს, გარნა ქრთამისა მიღებისათჳს მრავალ გზის მიუწოდდა მას. ეჰა სიცოფეღა ანგაჰრებისა მისისაჲ! უკუეთუ ნამდჳლვე ოქროჲსა მომღოდე არს მისგან, რომელსა ყოველი სოფლისა ამის საქმე სახედ მტუერისა ნაგევისა შეერაცხა, რაჲთა მხოლოდ ქრისტე შეიძინოს, რომლისაჲ-იგი სიკუდილი მას მარადის ჴორცთა შინა ეტჳრთა.