📋 სარჩევი
ხოლო ვითარცა ორი წელი აღესრულა, გარდაიდგინა ფელიქს და ნაცვლად მისსა მოვიდა პორკიონი ფესტოს, და, რამეთუ ენება ფელიქსს მომადლებაჲ ჰურიათაჲ, დაუტევა პავლე კრულებათა შინა (24,27).
თარგმანი: სამართალ და შჯულიერ იყო კმა-ყოფაჲ ორ წელ უბრალოდ პყრობილებისა პავლესისაჲ და ჟამსა ცვალებისა თჳსისასა უეჭუელად განტევებაჲ მისი. ხოლო ფელიქსს ღმრთისა და სამართლად ბჭობისაჲ არა ჰგლოდა. საჴმართა მიღებისათჳს დროებდა ორ წელ, და ვითარცა მათგან ჴუებულ იქმნა, ცუდი დიდებაჲ მოიყიდა ჰურიათაგან, მათვე კრულებათა შინა დატევებითა პავლესითა.
ფესტოს ვითარცა აღვიდა სამთავროსა თჳსსა, შემდგომად სამისა დღისა აღვიდა კესარიაჲთ იერუსალემდ. აუწყეს მას მღდელთ-მოძღუარმან და მთავართა ჰურიათასა პავლესთჳს, და ევედრებოდეს მას და ითხოვდეს მადლსა მისთჳს, რაჲთა მოუწოდოს მას იერუსალემდ და უმზირდეს გზასა ზედა მოკლვად. ხოლო ფესტოს მიუგო და ჰრქუა მათ, ვითარმედ დამარხულ არს პავლე კესარიას და ვითარმედ ადრე ჰნებავს მას განსლვაჲ იერუსალემით. აწ უკუე, რომელნი შემძლებელ არიან თქუენგანნი, ჩემ თანა შთამოვიდენ და, რაჲ-იგი არს უჯეროჲ კაცისა მის თანა, შესწამონ მას (25,1-5).
თარგმანი: საცნაურ იყავნ, ვითარმედ ნერონის მიერ მოვლინებულ იყო ნაცვალად ფელიქსისა ფესტონ, ნათესავით პორკიონთაჲ, კაცი მომწყუედელი ყოველთა ავაზაკთა პალესტინისათაჲ, ვითარცა წამებს მისთჳს იოსიპპოს, და მოქმედი მშჳდობისაჲ ყოველსა მას შინა სამთავროსა თჳსსა, რომელმან-იგი, ვითარცა ბრძენმან და გამოცდილმან, მყის გულისჴმა-ყო ზაკუვაჲ იგი ჰურიათაჲ, და არა აღიყვანა პავლე იერუსალემდ, რამეთუ განგებამან საღმრთომან არწმუნა მას ესრეთ სიტყჳს-გებაჲ, ვითარმედ: აჰა კესარიას დამარხულ არს პავლე, და მე ადრე შთავალ კესარიად. რომელთა ძალ-გიც, მუნ მოვედით და შესწამეთ პირსა, რასაცა-იგი აქა ზრახავთ მისთჳს. ესრეთ საცნაურ იქმნა მისდა, ვითარმედ ესოდენ წყურიელ არიან სიკუდიდ მისსა, რომელ არცაღა ესოდენთა ჟამთა პყრობილებისა მისისათა არავე დამდოვრებულ იყო მძჳნვარებაჲ მათი მისთჳს, ვიდრეღა არათუმცა მალე აღსრულ იყო ფესტოს სამთავროჲთ თჳსით კესარიაჲთ იერუსალემდ, არამცა დაეცონა მყის შთასლვად მისსა გამოთხოვისათჳს პავლესსა.
იქცეოდა იგი მუნ არა უმრავლეს ათისა დღისა, და შთავიდა კესარიად, და ხვალისაგან დაჯდა საყდართა ზედა და ბრძანა მოყვანებაჲ პავლესი. და ვითარცა მოვიდა იგი, გარე-მოადგეს მას იერუსალემით შთასრულნი იგი ჰურიანი; მრავალსა და მძიმესა ბრალსა დასდებდეს პავლეს ზედა, რომლისაჲ ვერ ეძლო გამოჩინებად, რამეთუ იგი სიტყუას-უგებდა მათ, ვითარმედ: არცა შჯულსა ჰურიათასა, არცა ტაძარსა, არცა კეისარსა რაჲ შევსცოდე (25,6-8).
თარგმანი: საგონებელ არს, ნუ-უკუე ქრთამიცა წარეგოს პურიათა დღეთა მათ შინა ათთა, ფესტოჲს იერუსალემს ყოფისათა. ამისთჳს მსწრაფლ მიუდგეს მას და შთასლვასავე თანა ხვალისაგან წარმოადგინა პავლე კესარიას წინაშე საყდართა თჳსთა, და არღარა მსგავსად პირველისა სამართლად ბჭობს, ვითარცა განხრწნილი ქრთამისა მიერ. რამეთუ მაშინ ჰურიათა სიტყუა-უგო, ვითარმედ არა ჯერ-არს პავლესი იერუსალემდ აღსლვაჲ; იგინი შთავიდედ კესარიად. ხოლო აწ გარე-მოადგინნა ცილის-მწამებელნი, რომელთა ტყუვილსა დაჰჴსნიდა პავლე, და გამოაჩინებდა თჳსსა ყოვლით-კერძო უბრალოებასა შჯულისა მიმართცა და ტაძრისა და სამეუფოთა კეისრისა ბრძანებათა, რომელთა მორჩილ იყო.
ფესტოსს უკუე უნდა მომადლებაჲ ჰურიათაჲ. მიუგო პავლეს და ჰრქუა: გნებავსა იერუსალემდ აღსლვაჲ და მუნ ამისთჳს განკითხვაჲ ჩემ წინაშე? ჰრქუა მას პავლე: საყდართა წინაშე კეისრისათა ვდგა, სადა ჯერ-არს ჩემი განკითხვაჲ. ჰურიათა არაჲ შევსცოდე, ვითარცა შენ უმჯობეს იცი. უკუეთუ რასმე ვავნებ და ღირსი სიკუდილისაჲ მიქმნიეს, არა ვევლტი სიკუდილსა. უკუეთუ არარაჲ არს, რომელსა ესენი შემასმენენ მე, ვერვის ჴელ-ეწიფების მიმადლებაჲ ჩემი მათადა. კეისარსა უღაღადებ. მაშინ ფესტოს ზრახვა იყო თანა-მზრახვალისა თჳსისა თანა და თქუა: კეისარსა უღაღადებ, კეისრისაცა წარხჳდე (25,9-12).
თარგმანი: დაღაცათუ ფესტოს, განხრწნილი ქრთამითა, შეაცთუნებდა პავლეს, წუევითა მით იერუსალემდ აღსლვისაჲთა, რაჲთა მოიმადლნეს ჰურიანი, არამედ კეთილად გამოუცხადა სულმან წმიდამან პავლეს სივერაგე იგი მათი, ვინაჲცა გონებისა მიმართ მკლველთაჲსა და არა სიტყჳსა მიმართ სიტყუა-უგებს. რამეთუ ფესტოს ამით შეაცთუნებდა, ვითარმედ: არა მაგათ მიგცემ განსაკითხავად, არამედ იერუსალემსცა მევე განგიკითხავ. ხოლო პავლე უწყოდა, ვითარმედ მგზავრ ეგულების მოკლვაჲ მისი. ამისთჳს ესე განაქიქა და თქუა, ვითარმედ: ბრალსა მაგას, რომელსა-ეგე დასდებენ ჩემ ზედა, ვითარმედ კეისარსა რაჲმე შევსცოდე, აჰა აწვე წინაშე საყდართა მისთა წარმოდგომად მზა ვარ, რაჲთა მან მიმიჴადოს სიტყუაჲ, უკუეთუ რაჲმე მიქმნიეს. ხოლო ჰურიათა მიმართ უბრალო ვარ, და უკუეთუ ბრალეულ ვარ, აწვე მზა ვარ სიკუდიდ და არა ვევლტი სამართალსა სიკუდილსა. ხოლო უკუეთუ უბრალო ვარ, ვერვის ჴელ-ეწიფების სიკუდიდ გინცემაჲ ჩემი ჴელთა მათთა, რამეთუ აჰა კეისარსა უღაღადებ, და თჳნიერ მისსა ვერვის ჴელ-ეწიფების განკითხვაჲ. ჩემი უბრალოჲსაჲ, რამეთუ მუნ მნებავს, რაჲთა ვიჭრტინვო შენთჳს, რომელი-ეგე უმშჯავროდ ჰბჭობ ჩემ ზედა. ესრეთ ჟამიერად იჴუმია მოციქულმან კეისარსა თანა წარსლვისა წადიერებაჲ, რაჲთა დაიჴსნნენ ყოველნი სივერაგენი მათნი, რომელნი ზაკუვენ მის ზედა. არამედ ეძიებდეს ვინმე თუ: რაჲსაღა ღონესა ეძიებს განრომისასა პავლე; ნუ-უკუე ურწმუნო არსა ჴმასა უფლისასა, რომელი ეტყოდა: ნუ გეშინინ, ჰრომს ჯერ-არს წარსლვაჲ შენი; გარნა ნუ იყოფინ პავლეს თანა ოდესცა კუალი ურწმუნოებისაჲ, რამეთუ ესე საქმე იყო ურწმუნოჲსაჲ, რაჲთამცა ეთქუა, ვითარმედ: დეგ-ღა, გამოვცადო ბრძანებაჲ უფლისაჲ; უკუეთუ ჭეშმარიტ არს, ამით გამოჩნდეს, რაჟამს ურიდად ყოველთა განსაცდელთა შთავაგდო თავი ჩემი, და არარაჲ მევნოს მსგავსად სიტყჳსა მისისა. ხოლო პავლე, ვითარცა ჭეშმარიტებით მორწმუნე, ბრძანებასა უფლისასა არა გამოსცდის, არამედ ყოვლითურთ ნებასა უფლისა თჳსისასა შეეწევის, და, ვითარ-იგი ასმიოდა მისგან, ვითარმედ ჰრომს წარსლვაჲ პავლესი განუგიეს მას, იგიცა კაცობრივითა ღონითა მასვე ინებებს და წადიერ არს. ვინაჲცა, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, — მაშინ ფესტოს ზრახვა ყო საგანმზრახოსა შინა და ეგრეთღა მიუგო: კეისარსა თანა მოჩივარ ხარ, კეისრისაცა წარხჳდე. ესე იგი არს, რამეთუ საგანმზრახო უწოდიან ადგილსა, რომელსა სხდენ განმზრახნი მეფისა გინა მთავრისანი. ვინაჲთგან მაშინდელნი მეფენი და მთავარნი არარას ბჭობასა განაჩინებდეს თჳნიერ კითხვისა მათ თანა მსხდომთა, განჩინებულთა განმზრახთასა. ამისთჳს აწ ფელიქს განაზრახა საქმე იგი აღრიპპას მეფესა და ვერენიკეს, და ეგრეთღა ჰრქუა პავლეს: ვინაჲთგან კეისარსა თანა მოჩივარ ხარ, კეისრისაცა წარხჳდე. ხოლო ესე განგებულებაჲ იყო ღმრთისაჲ, რამეთუ განგრძობასა შინა პყრობილებისასა განგრძობაჲ იქმნებოდა ქადაგებისაჲ და ეგრეთღა, რომელი-იგი ვითარცა დასაშჯელი წარიცემოდა ჰრომს ფრიადითა კრძალულებითა, მოძღურად მუნ მყოფთა მათ მიივლინებოდა ღმრთისა მიერ.