📋 სარჩევი
და შემდგომად სამისა თჳსა შევედით ნავსა, რომელსა დაეზამთრა მას ჭალაკსა ალექსანდრიისასა, სახელით დიოსკორესსა და შთავედით სჳრაკოსად და დავადგერით მუნ სამ დღე, ვინაჲ-იგი მოვლეთ და მოვიწიენით რეგონდ (28,11-13).
თარგმანი: ნავი ალექსანდრიელი იყო, მელიტონს დაზამთრებული და ჰრომს მიმავალი. ამისთჳს იტყჳს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს: და შემდგომად სამისა თჳსა შევედით ნავსა, ჭალაკსა მას შინა დაზამთრებულსა, ალექსანდრიელსა, აღნიშნულსა დიოსკუროეთად, რამეთუ მათ ჟამთა ჯერეთ კერპთ-მსახურ იყვნეს და ესე ჩუეულებაჲ აქუნდა უფროჲსღა ალექსანდრიელთა, რომელ კერპთა სახელებსა დროშმ ჰყოფდიან ყოველთა საჴმართა მათთა. ამისთჳს აწ ნავი ესე ორთავე ფრთათა აღნიშნული იყო დიოჲს კერპისა სახელსა ზედა, რომლისათჳსცა დიოსკუროეთად სახელ-ედების, ესე იგი არს დიოჲს მწყობრისად. მის მიერ მიიწინეს სჳრაკოსად, რაჲთა სიკილიასცა მისწუთეს ქადაგებაჲ პავლესი, რამეთუ არა ვითარ თჳთ უნდა, ეგრეთ ვიდოდეს, არამედ, ვითარ სულსა წმიდასა ენება, ეგრეთ იყვანებდა პავლეს სიმრავლესა შინა ადგილთასა, სადა ჯერ-იყო ქადაგებაჲ. და ესრეთ სჳრაკოსით ქალაქით, ჭალაკით სიკილიით, მი-გარე-მოვლეს რიგონდ მიმართ.
და შემდგომად ერთისა დღისა იყო სამხრით ნიავი და ორ დღე მოვედით პონტიოლს, სადა-იგი ვპოენით ძმანი და ნუგეშინის-ცემულ ვიქმნენით მათ ზედა, და დავადგერით მუნ შჳდ დღე და ესრეთ მოვედით ჰრომედ (28,13-14).
თარგმანი: ამიერ ცხად არს, ვითარმედ მელიტონითგან პავლეს ნებასა ზედა ვიდოდეს ასისთავი და მის ქუეშენი. და ესოდენ პატიოსნად ჰყვა იგი, რომელ არა აცილობდეს, რაოდენ დღეცა უნდის დაყოვნებაჲ ანუ თუ სწრაფით ცვალებაჲ ადგილითი-ადგილად, რამეთუ აჰა პოტიოლს შჳდი დღე დაყვეს და ეგრეთ მავიდეს ჰრომედ.
და მიერ ძმათა ესმა ჩუენთჳს და გამოვიდეს შემთხუევად ჩუენდა ვიდრე აპპიოფოროდმდე, და მესამედ ღჳნის საფარდულად, რომელნი იხილნა რაჲ პავლე, ჰმადლობდა ღმერთსა და ნუგეშინის-იცა (28,15).
თარგმანი: არა ხოლო ზეგარდამოჲსა ჩუენებისა, არამედ კაცობრივ ძმათა ხილვისაცა საქმე ნუგეშინის-სცემს პავლეს, და აღსძრავს მადლობად ღმრთისა მათთჳს, რომელთა-იგი ესმა რაჲ ჰრომს მისლვაჲ მისი, არღარა ჰგებდეს ქალაქად შესლვასა მისსა. არამედ ფრიადითა მჴურვალებითა სარწმუნოებისაჲთა მოეგებვოდეს მას შორს გარეგან ქალაქისა, ადგილთა, რომელთაგანსა პირველსა აპპიოჲს ფორი ეწოდებოდა. რამეთუ აპპიოს ვისმე აქუნდა და თჳსად ფორად სახელ-ედვა, ესე იგი არს ხატად თჳსსა, რამეთუ ჰრომთა ენითა სამეუფოთა ძეგლთა ფორო ეწოდების. ხოლო მეორედ იყო ღჳნის საფარდული მესამე, რამეთუ, ჩუეულებისაებრ დიდთა ქალაქთაჲსა, გზასა ზედა ქალაქად შემყვანებელსა იყვნიან ჰანდუჰიონნი გინა თუ ღჳნის საფარდულნი. ვინაჲცა აწინდელი ესე ადგილი მესამე ღჳნის სავაჭროჲ იყო მიერ ჰრომითგან აღრიცხული.
და ოდეს შევედით ჰრომედ, ასისთავმან მან მისცნა პყრობილნი იგი ერის-მთავარსა მას. ხოლო პავლეს ებრძანა ყოფაჲ თჳსაგან მცველისა მისისა ერის კაცისა თანა (28,16).
თარგმანი: უკუეთუ პირველ ესოდენთა სასწაულთა ხილვისა კაცთმოყუარებასა აჩუენებდა ივლიოს პავლესთჳს, რაჲ საკჳრველ არს აწ, უკუეთუ უპატიოსნეს სხუთა პყრობილთასა ჰყვანდა იგი, რომლისაგან ესოდენნი ძალნი ეხილვნეს და ყოვლითა თავისუფლებითა მინდობილ იყო პყრობასა მისსა, რამეთუ არცა ერთი შიში აქუნდა მისგან ლტოლვისაჲ, არამედ წესისათჳს ოდენ და სხუათა გონებისა აღშენებისა ქმნა ერთისა მის ერისკაცისაჲ მცველად მისსა დადგინებაჲ რაჲთა არა შეჰრაცხონ იგი უწესოებით განტევებულად, რომელი ესოდენ კრძალულებით ბრძანებულ იყო დაცვად ვითარმედ წარადგინონ წინაშე კეისრისა.