📋 სარჩევი
„არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი; არა თუმცა უფალმან დაიცვა ქალაქი, ცუდად იღჳძებენ მჴუმილნი მისნი. ცუდად არს თქუენი ეგე აღმსთობაჲ, აღდეგით შემდგომად დასხდომისა“ ().
1. ღვთის შეწევნა და ადამიანური შრომა
ეს ფსალმუნი იმ საქმეთა მდგომარეობაზეა ნათქვამი, რომლებიც დაბრუნების შემდეგ იყო. რადგან ტყვეობიდან გათავისუფლდნენ, ბარბაროსთა ქვეყნიდან დაბრუნდნენ, ქალაქი ნანგრევად დახვდათ, გალავნები კი კოშკებთან ერთად მიწაზე დაყრილი ნახეს და მათ აღმართვას შეუდგნენ. მაგრამ მრავალნი სხვადასხვა მხრიდან ესხმოდნენ თავს და საქმეს უშლიდნენ, რადგან იუდეველთა კეთილდღეობის შურდათ და მათი წარმატებისა ეშინოდათ. შემდეგ, როცა ეს ხდებოდა, დრო იწელებოდა და იმდენი დრო დაიხარჯა, რომ ტაძრის მშენებლობაში ორმოცზე მეტი წელი გავიდა; ამის საჩვენებლად თვით იუდეველებიც ამბობდნენ: „ორმეოცდაექუსსა წელსა აღეშენა ტაძარი ესე“ (), არა სოლომონის პირველ მშენებლობაზე ამბობდნენ ამას, არამედ ამ შემდგომზე, სპარსელთაგან გათავისუფლების შემდეგ მომხდარზე. ამიტომ, რადგან დიდი დრო გადიოდა ტაძრის, ქალაქისა და გალავნების შენებაში, წინასწარმეტყველი მათ კვლავ ღმერთთან შეფარებას ასწავლის, ამას გადმოსცემს და აჩვენებს, რომ ყველაფერი ფუჭად და ამაოდ ხდება, თუ ღვთისაგან მომდინარე შეწევნას არ მოიზიდავენ. რადგან არა მხოლოდ ტყვეობიდან გათავისუფლება, არამედ გათავისუფლების შემდეგ გალავნის აღდგენაც შეუძლებელია ღვთის შეწევნის გარეშე. და რას ვამბობ გალავნების აღდგენასა და ქალაქის აშენებაზე?
მაგრამ უკვე აშენებულსა და დასრულებულსაც კი ვერავინ დაიცავდა, თუ იმ თანადგომას მოკლებული იქნებოდა. ამას კი იმიტომ ამბობდა, რომ ყოველივე ამის მეშვეობით დაერწმუნებინა ისინი, კვლავ მის შეწევნას შეფარებოდნენ, რათა მოსვენების გამო უფრო უდებნი არ გამხდარიყვნენ. ამიტომაც არ მისცა მათ სიკეთენი ერთბაშად, არამედ ნელა და მცირედ-მცირედ, რათა ბოროტებათაგან მეტისმეტად სწრაფი გათავისუფლებით უწინდელ უკეთურებას არ დაბრუნებოდნენ. მაგრამ თვით სიკეთეთა მიცემის დროსაც განუწყვეტლივ ახსენებდა მათ და მტერთა თავდასხმებით მუდამ აფხიზლებდა დაუდევრობისაგან. ამრიგად, სიტყვა ზოგადად არის ნათქვამი, თუმცა დასაწყისი ამ გარემოებიდან აქვს აღებული. რადგან საჭიროა, იგი ყოველივეს მიესადაგებოდეს: არა იმისთვის, რომ ჩვენ თვითონ დაუდევრობაში ჩავვარდეთ ან გულაღმა ვიწვეთ, არამედ იმისთვის, რომ ჩვენი მხრივ რაც გვმართებს, ის შევიტანოთ და ყოველივე ღმერთს მივანდოთ, ყველაფერში მუდამ მისდამი სასოებაზე ვიყოთ დამოკიდებულნი. რადგან, როგორც შეუძლებელია საქმეების ბოლომდე მიყვანა, თუ ღმერთი არ შეეწევა, ასევე შეუძლებელია დასასრულს მიაღწიონ მათ, ვისაც ღმერთი კი შეეწევა, მაგრამ თვითონ უქმად არიან და მოდუნებულად წვანან.
„ცუდად არს თქუენი ეგე აღმსთობაჲ, აღდეგით შემდგომად დასხდომისა“ (). სხვა მთარგმნელი კი ამბობს: „დასხდომას აყოვნებენ“. სხვა კი: „დასხდომას აგვიანებენ“. რასაც ამბობს, ასეთი რამ არის: თუნდაც ფხიზლობდეთ, თუნდაც განთიადისას დგებოდეთ, თუნდაც მოსვენებას აგვიანებდეთ და მთელ დროს შრომასა და ტანჯვაში ხარჯავდეთ, თუ ღვთისაგან მომდინარე შეწევნით არ ისარგებლებთ, ყოველგვარი ადამიანური ძალისხმევა გაქრება და ამ მონდომებისგან არავითარი სარგებელი არ იქნება. „რომელნი შჭამთ პურსა სალმობისასა“ (). ამას ამბობს და აჩვენებს, რომ მძიმე შრომით ცხოვრობდნენ, რადგან ერთდროულად მეომრებიცა და მშენებლებიც იყვნენ. რადგან, ამბობს, ერთი ხელით კალათას ან ქვას ატარებდნენ, მეორე ხელით კი მახვილს; თავს მშენებლობასა და ბრძოლას შორის ანაწილებდნენ და ფარებთან ერთად ხრეშს ეზიდებოდნენ. რადგან ქალაქი უგალავნო და დაუცველი იყო, მტერთა უეცარ და მოულოდნელ თავდასხმებს ყოველ საათს ელოდებოდნენ; ამიტომ შეიარაღებულნი გალავნებს აგებდნენ, მახვილები, ფარები და დანები ახლოს ეწყოთ, შორს კი მეთვალყურეები იდგნენ, რომლებიც მტრის ჯერ გაურკვეველი შემოსევის ამბავს აუწყებდნენ და საყვირს სცემდნენ, თუ შორიდან მტრების მოახლოებას შეამჩნევდნენ. მაგრამ თუნდაც ამას აკეთებდეთ, ამბობს იგი, და სალმობის პურს ჭამდეთ, ყველაფერი ფუჭად და ამაოდ იქნება, თუ ზეგარდამო შეწევნას არ მოიზიდავთ. და თუ მათ, ქალაქისა და გალავნების აღსადგენად, ასეთი ზეგარდამო შეწევნა სჭირდებოდათ, მით უფრო გვჭირდება ჩვენ, რომლებიც ცისკენ მიმავალ გზას მივყვებით.
„რაჟამს სცეს ძილი მოყუარეთა მისთა“ (). „აჰა, სამკჳდრებელნი უფლისანი არიან შვილნი“ (). რა კავშირი აქვს ამას წინასთან? დიდი კავშირი აქვს და წინასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. რასაც ამბობს, ეს არის: თუ ღმერთი თავისას არ მოგვცემს, ყველაფერი ფუჭია; ხოლო როცა თავისას მოგვცემს, მაშინ ძილიც ტკბილია, მაშინ მოსვენებაც არის, და ცხოვრებაც საფრთხეთაგან გათავისუფლებული და უსაფრთხოებით სავსე.
2. შვილთა ძღვენი და გამარჯვების ნეტარება
მაშ, როდესაც ღმერთი მისცემს მათ ძილს, დაასვენებს მათ და უკუაქცევს მომხდურთ, მაშინ ისინი არა მხოლოდ ქალაქს ააშენებენ და დაიცავენ, არამედ გაცილებით დიდ სიკეთეებსაც მიიღებენ: მრავალი შვილის მამები იქნებიან, და კეთილშვილიერების სიკეთესაც მიანიჭებს მათ. „სასყიდელი მათი _ ნაყოფი მუცლისა“ (). სხვა მთარგმნელთან: „სასყიდელია ნაყოფი მუცლისა“ ().1 რას ნიშნავს ეს? ამბობს: ჯილდოდ კეთილშვილიერებას მიიღებენ. თუმცა ეს, რაც ხდება, ბუნების საქმეა, მაგრამ როდესაც ღმერთი თავისას მიანიჭებს, ბუნებაც უფრო წარმატებით წარემართება. რადგან ბუნებასაც ზეგარდამო შეწევნა სჭირდება, და იერუსალიმიც სიმრავლით აყვავდება. მაგრამ მათი კეთილდღეობა მხოლოდ მშენებლობით, დაცვითა და კეთილშვილიერებით არ შემოიფარგლება; ამას სხვა სიკეთეებიც შეემატება.
და იმის საჩვენებლად, რა არის ეს, დასძენს: „ვითარცა ისარი ჴელთა შინა ძლიერისათა, ეგრეთ იყვნენ ძენი განყრილთანი“ (). სხვა მთარგმნელთან: „ბორკილდადებულთა“ ().2 რასაც ამბობს, ეს არის: მათი უსაფრთხოება მხოლოდ კედლებით, გამაგრებული ქალაქითა და შვილთა სიმრავლით არ შემოიფარგლება; მტრებისთვისაც საშიშნი იქნებიან, თანაც ისე საშიშნი, როგორც ისრები. უბრალოდ „ისარი“ კი არ თქვა, არამედ „ჴელთა შინა ძლიერისათა“ (). ისრები თავისთავად საშიშნი არ არიან; საშიშნი მაშინ ხდებიან, როცა ძლიერის ხელში მოექცევიან და მომხდურთ სიკვდილით ემუქრებიან. ასე იქნებიან ესენიც საშიშნი. ესენი ვინ არიან? „ძენი განყრილთანი“ (). ესე იგი, იმათი ძენი, ვინც ოდესღაც უძლურნი იყვნენ და ბორკილდადებულნი. რადგან კეთილდღეობის ჟამს იგი მათ უწინდელ უბედურებასაც განუწყვეტლივ ახსენებს, რათა მათი გონება ყოველი მხრიდან აღამართოს: იმითაც, რაც გადაიტანეს, იმითაც, რისგანაც გათავისუფლდნენ, და იმითაც, რასაც მიიღებენ.
„ნეტარ არს, რომელმან აღავსოს ნება თჳსი მათგან, არა ჰრცხუენოდის, რაჟამს ეტყოდიან მტერთა მათთა ბჭეთა შინა“ (). სხვა მთარგმნელი ამბობს: „ნეტარია, ვინც აღავსებს თავის კაპარჭს მათგან“ (). ეს ნიშნავს, რომ ესეც შეემატებათ მათ: სხეულის ძალა, აუტანელი შიში მტრებისთვის, კეთილშვილიერება, უსაფრთხოება, ქალაქის მშვენება, გამარჯვება და ძლევის ნიშნები ომებში. ამიტომაც ნეტარს უწოდებს მათ, რომელთაც ამ კეთილდღეობით სარგებლობა ელით. რადგან, ამბობს, ისინი შეიარაღებულნი იქნებიან. მაგრამ ნეტარებას ამაზე არ ვამყარებ, არამედ იმაზე, რომ არ შერცხვებათ. რადგან ამბობს: „არა ჰრცხუენოდის, რაჟამს ეტყოდიან მტერთა მათთა ბჭეთა შინა“ (). მაინც რას ნიშნავს ეს? ეს არის უდიდესი გამარჯვების ნიშანი, უდიდესი ბრწყინვალება, სიხარული და ნეტარება.
რადგან მათ აღარ შეურაცხყოფენ, თითქოს ღვთის განგებით არ ესარგებლათ, ან თითქოს უძლური ღმერთი ჰყოლოდეთ, ან თითქოს ძლიერი ღმერთი კი ჰყოლოდეთ, მაგრამ საკუთარი ცოდვებით მისი განგება უკუეგდოთ. პირიქით, ყოველივეში აყვავებულნი — ქალაქით, კედლებით, დაცვით, შვილებით, საჭურვლითა და ძალით — მტრების დანახვისას სახეს აღარ დაიფარავენ, არამედ დიდი მხნეობით შეხვდებიან მათ, მშვენებით შემკობილნი, თავაწეულნი და დამშვენებულნი, რადგან ღმერთი ყოველივე ამით მათდამი თავის შეწევნას აჩვენებს. რადგან სიკეთეთა თავი და ნეტარების გვირგვინი ის არის, რომ ადამიანს უკვე ღვთის შეწევნით შეუძლია შეიმკოს. ამიტომაც აქ დაასრულა სიტყვა და ყველას ასწავლის, რომ ყოველივე სხვაზე უწინ ის სამკაული ეძიონ და ამით გაიხარონ. მაშ, ჩვენც მას ვესწრაფოთ, რათა საუკუნო სიკეთეებს მივაღწიოთ.
ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.