...თავზე ვიზრუნებთ, არამედ მოყვასს სარგებელს მოვუტანთ და ჭეშმარიტების გზაზე წავუძღვებით. ხოლო, რათა დაინახო, რა დიდი სიკეთეა — საკუთარი ცხონების აღსრულებასთან ერთად სხვისთვისაც სარგებლობის მოტანა, ისმინე, რას ამბობს წინასწარმეტყველი ღვთის სახელით: „გამო-თუ-იყვანო პატიოსანი უღირსისაგან, ვითარცა პირი ჩემი იყო" (). რას ნიშნავს ეს? ვინც მოყვასს ცთომილებიდან ჭეშმარიტებისკენ წაიყვანს ან ბოროტიდან სიკეთისკენ მოაქცევს, ის, ამბობს უფალი, ჩემდამი მსგავსია, რამდენადაც ეს ადამიანისთვის შესაძლებელია. და თავად მან, ღმერთი რომ არის, ჩვენი ხორცი შეისხა და ადამიანი გახდა არა სხვა რისთვისმე, არამედ კაცთა მოდგმის ცხონებისთვის. და რას ვამბობ, ჩვენი ხორცი შეისხა და ყოველივე ადამიანური გამოსცადაო, როცა მან ჯვარიც კი იტვირთა, რათა ჩვენ, ცოდვებით დატყვევებულნი, წყევისგან გვეხსნა? ამის შესახებ ღაღადებს პავლე: „ქრისტემან ჩუენ მოგჳყიდნა წყევისა მისგან შჯულისა და იქმნა ჩუენთჳს წყევასა ქუეშე" (). მაშ, თუკი ის — ღმერთი და მიუწვდომელი არსება — გამოუთქმელი კაცთმოყვარეობით ყოველივე ამას იკისრებდა ჩვენთვის და ჩვენი ცხონებისთვის, მაშინ რა არ უნდა ვქმნათ ჩვენი ძმებისა და მოყვასებისთვის, რომ ეშმაკის ხახიდან გამოვგლიჯოთ...