...მაშ, რომელ დღეს უწოდებს ჩვეულებრივ წერილი ბოროტ დღეს? უბედურებათა დღეს, სასჯელთა დღეს, განსაცდელთა დღეს. ამას სხვა ადგილასაც ამბობს: „ნეტარ არს, რომელმან გულისჴმა-ყოს გლახაკისა და დავრდომილისა, დღესა ბოროტსა იჴსნას იგი უფალმან“ (). ასეთია ცოდვილთათვის მომავალი ის საშინელი და აუტანელი დღე. ხედავ უმაღლესი სიბრძნის პირველ წესს და იმას, როგორ განგიმარტავს სიტყვა, რა არის შიშის ღირსი და რა — არად ჩასაგდები? რადგან თუ ვინმე ამ საუკეთესო გარჩევას არ გააკეთებს, თითქოს ღრმა ბნელში და საქმეთა არეულობაში დაეხეტებოდეს, დაიბნევა.
თუ არ განვასხვავებთ, რის უნდა გვეშინოდეს და რისი არად ჩაგდებაც გვმართებს, ცხოვრებაში დიდი ცდომილება და დიდი საფრთხე იქნება. რადგან უკიდურესი უგუნურებაა იმის შიში, რაც შიშის ღირსი არ არის, და დაცინვა იმისა, რის შიშიც სამართლიანია. ამით განსხვავდებიან კაცები ბავშვებისგან: ბავშვებს, რაკი არასრული გონება აქვთ, ნიღბებისა...