...ო, მკვიდრნო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი კურთხეული ივერიისა და მცხოვრებნო ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ!
ჩვენ ვქადაგებთ და აღვიარებთ ქრისტეს, ჯვარცმულსა და აღდგომილს, რომელიც დღეს განსაკუთრებული ძალით მოგვმართავს თითოეულ ჩვენთაგანს, „იქმენ მორწმუნე ვიდრე სიკვდილადმდე და მოგცე შენ გჳრგჳნი იგი ცხორებისაჲ“ (). მაინც რომელ რწმენაზე, რის ერთგულებაზეა აქ ლაპარაკი? უპირველეს ყოვლისა, ღვთიური საწყისის, ქვეყნიერებისა და სამყაროს მმართველი და მფარველი უმაღლესი გონების რწმენაზე, ქრისტიანის სახელის ერთგულებაზე, მშობელი ხალხის და მამულის ერთგულებაზე, იმ ჰუმანური პრინციპების ერთგულებაზე, რომელთაც წმიდა ეკლესია ქადაგებს.
ყველას, ვინც ამ მაღალი იდეალების ერთგულნი ხართ და რომელნიც მიილტვით მათკენ, გულითადად გილოცავთ აღდგომას დაუსაბამო ლოგოსისას, რომელიც მორწმუნეთ „ცხოვრების გვირგვიხით“ ამკობს:
ქრისტე აღდგა!
ამ სიტყვებშია ჭეშმარიტების გამარჯვება! ამ სიტყვებშია საიდუმლო ზეშთაგონება და სასიხარულო მოწოდება, სიყვარულის მისალმება და მშვიდობის წადილი!
ქრისტე აღდგა!
ეს ორი სიტყვა მოიცავს ორთავე სიცოცხლეს, აერთებს ორივე სოფელს, აკავშირებს მიწას ზეცასთან, ქმნილებას - შემოქმედთან; ადამიანს - ღმერთთან!
ქრისტე აღდგა!
ამ სასიხარულო და მადლიან სიტყვებს...