1.ამასობაში შეიყარა ურიცხვი ხალხი, ისე რომ ლამის ერთმანეთი გადაეთელათ, და დაიწყო ლაპარაკი, თავდაპირველად, თავისი მოწაფეების მიმართ: ერიდეთ ფარისეველთა საფუარს, რომელიც არის თვალთმაქცობა.2.ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს.3.ამიტომ, რაც სიბნელეში თქვით, სინათლეზე გაიგონება, და რაც შინ ჩასჩურჩულეთ ყურში ერთმანეთს, ერდოებზე იქადაგება.4.თქვენ გეუბნებით, ჩემს მეგობრებს: ნუ გეშინიათ იმათი, რომელნიც ჰკლავენ ხორცს, მაგრამ სხვას ვეღარას გავნებენ;5.არამედ გიჩვენებთ, ვისი გეშინოდეთ: გეშინოდეთ იმისა, ვისაც თქვენი მოკვლის შემდეგ შეუძლია ჩაგაგდოთ გეენას. დიახ, გეუბნებით, მისი გეშინოდეთ.6.განა ხუთი ბეღურა ორ ასარად არ იყიდება? მაგრამ ერთი მათგანიც არ არის დავიწყებული ღმერთის წინაშე.7.ხოლო თქვენს თავზე ყოველი ღერი თმაც დათვლილია; მაშ, ნუ შიშობთ, ვინაიდან ყველა ბეღურაზე უმჯობესნი ხართ.8.ამასაც გეტყვით: ყველას, ვინც მაღიარებს კაცთა წინაშე, ძეც კაცისა აღიარებს ღმრთის ანგელოზთა წინაშე.9.ხოლო ვინც უარმყოფს კაცთა წინაშე, თავადაც უარიყოფა ღმრთის ანგელოზთა წინაშე.10.ყველას, ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება; მაგრამ ვინც იტყვის გმობას სულის წმიდის წინააღმდეგ, არ მიეტევება.11.როდესაც მიგიყვანენ სინაგოგებში, მთავრებისა და მეფეების წინაშე, ნუ იზრუნებთ, როგორ მივუგოთ, რა მივუგოთ, ანდა რა ვთქვათო,12.რადგანაც სული წმიდა გასწავლით მაშინ, რა უნდა თქვათ.
13.ხალხიდან ვიღაცამ უთხრა: მოძღვარო, უთხარი ჩემს ძმას, რომ გამიყოს სამკვიდრებელი.14.ხოლო იესომ მიუგო მას: ვინ დამაყენა მე, კაცო, თქვენს მსაჯულად, ანდა გამყრელად?15.და უთხრა მათ: ფხიზლად იყავით და ეკრძალეთ ანგარებას, ვინაიდან კაცს შეიძლება ყველაფერი უხვად ჰქონდეს, მაგრამ სიმდიდრით როდი ცოცხლობს იგი.
16.და უთხრა მათ იგავი: ერთი მდიდარი კაცის ყანაში ზღვა მოსავალი მოვიდა;17.საგონებელში ჩავარდნილმა თქვა: რა ვქნა, სად წავიღო ამდენი მოსავალი?18.და გადაწყვიტა: აი, რას ვიზამ: დავშლი ჩემს ბეღლებს, უფრო დიდებს ავაგებ, და იქ შევინახავ მთელ ჩემს მოსავალს და სარჩო-საბადებელს.19.და ვეტყვი ჩემს სულს: სულო, მრავალი სიკეთე გაქვს დაგროვილი და მრავალი წლის სამყოფი; განისვენე, ჭამე, სვი და იმხიარულე.20.უთხრა მას ღმერთმა: უგუნურო, ამაღამვე ამოგართმევენ სულს: ვისღა დარჩება შენი სარჩო-საბადებელი?21.ასე მოუვა ყველას, ვინც თავისთვის იხვეჭს სიმდიდრეს და არა ღმრთისათვის.
22.და უთხრა თავის მოწაფეებს: ამიტომაც გეუბნებით თქვენ: ნუ ზრუნავთ თქვენი სულისათვის, რა ვჭამოთო; ნურც სხეულისათვის, რით შევიმოსოთო;23.ვინაიდან სული უმეტესია, ვიდრე საჭმელი, და სხეული - ვიდრე სამოსელი.24.შეხედეთ ყორნებს: არც თესავენ, არც მკიან; არც საკუჭნაო აქვთ და არც ბეღელი; და ღმერთი არჩენს მათ. მერედა, რამდენად სჯობიხართ ფრინველთ?25.ან რომელ თქვენგანს ხელეწიფება, ბევრიც ეცადოს, თუნდ ერთი ციდით მოიმატოს სიმაღლე?26.ხოლო თუ უმცირესიც არ შეგიძლიათ, რაღას ზრუნავთ დანარჩენისთვის?27.შეხედეთ, როგორ იზრდებიან ველის შროშანნი: არც შრომობენ, არც ართავენ; მაგრამ გეუბნებით თქვენ: თვით სოლომონი, მთელი თავისი დიდებით არ იყო ისე შემოსილი, როგორც თვითეული მათგანი.28.ხოლო თუ ველის ბალახს, რომელიც დღეს არის და ხვალ თონეს შეენთება, ასეთნაირად მოსავს ღმერთი, განა თქვენ უკეთ არ შეგმოსავთ, მცირედ მორწმუნენო?29.მაშ, ნუ კითხულობთ, რა ვჭამოთ, ანდა რა ვსვათო, და ნურცა შფოთავთ.30.ვინაიდან ყოველივე ამას ეძებენ საერონი, და მამამ თქვენმა იცის, რომ ყოველივე ეს გჭირდებათ.31.მაშ, ეძიეთ ღმრთის სასუფეველი და ყოველივე ეს მოგეცემათ.32.ნუ გეშინია, პატარა სამწყსოვ, ვინაიდან მამამ თქვენმა კეთილინება, რომ მოგეცეთ სასუფეველი.33.გაყიდეთ თქვენი საბადებელი და გაეცით მოწყალება; გაამზადეთ უცვეთი ქისები და ულევი საუნჯე ცაში, სადაც მპარავი ვერ იპარავს და მღილი ვერა ღრღნის მას.34.ვინაიდან სადაც არის საუნჯე თქვენი, იქვე იქნება გული თქვენი.35.დე, იყოს თქვენი წელი მოსარტყლული და თქვენი სანთელი - ანთებული.
36.იყავით იმ კაცთა მსგავსნი, რომელნიც მოელიან თავიანთ ბატონს, როდის დაბრუნდება ქორწილიდანო, რათა დარეკვისთანავე გაუღონ კარი.37.ნეტა იმ მონებს, რომლებსაც მოსვლისას ფხიზლად ჰპოვებს მათი პატრონი; ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სარტყელს მოირტყამს, დასხამს, მივა და ემსახურება მათ.38.მეორე, გინდა მესამე გუშაგობის ჟამსაც რომ მოვიდეს და ამნაირად ჰპოვოს ისინი, ნეტა იმ მონებს.39.ესეც გახსოვდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ საათზე მოვა ქურდი, უეჭველად იფხიზლებდა და ძირს არ გამოათხრევინებდა სახლისთვის.40.ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, როცა არ ელით, სწორედ იმ საათს მოვა ძე კაცისა.41.უთხრა მას პეტრემ: უფალო, ჩვენ გვეუბნები ამ იგავს თუ ყველას?42.და თქვა უფალმა: ვინ არის ერთგული და გონიერი მნე, რომელიც პატრონმა მიუჩინა თავის მსახურთ, რათა დროულად მისცეს ულუფა მათ?43.ნეტა ამ მონას, რომელსაც ამნაირად მოქმედს ჰპოვებს მისი პატრონი, როდესაც მოვა.44.ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მთელს თავის სარჩო-საბადებელს მეთვალყურედ მიუჩენს მას.45.მაგრამ თუ ეს მონა თავის გულში იტყვის: აგვიანებს ჩემი პატრონი მოსვლას; და დაიწყებს მსახურებისა და მოახლეების ცემას, ჭამას, სმას და ლოთობას,46.მაშინ მოვა მონის პატრონი, იმ დღეს, როდესაც არ ელის, და იმ საათს, რომელიც არ იცის, შუა გაკვეთს და ურწმონოებთან დაუდებს წილს.47.ხოლო ის მონა, რომელმაც იცოდა თავისი პატრონის ნება, მაგრამ არ აღასრულა იგი და არ დახვდა მზად, საშინლად იგვემება.48.ის კი, ვინც არ იცოდა, მაგრამ ისე მოიქცა, რომ სასჯელი დაიმსახურა, ნაკლებად იგვემება, რადგან ვისაც ბევრი მიეცა, ბევრი მოეთხოვება, და ვისაც მეტი მიენდო, მეტი მოეკითხება.49.მოვედი, რათა ცეცხლი მოვდო ამ ქვეყანას, და სხვა რა მსურს, გარდა იმისა, რომ ახლავ იფეთქოს!50.ნათლისღებით მმართებს ნათლისღება, და როგორ ვეწამები, ვიდრე აღსრულდება.51.იქნებ გგონიათ, რომ მოველ, რათა მშვიდობა მომეტანა ამქვეყნად? არა, გეუბნებით თქვენ, არამედ განხეთქილება.52.რადგანაც ამიერიდან ერთ სახლში ხუთი განუდგება ერთმანეთს: სამი - ორს და ორი - სამს;53.დიახ, განდგება მამა ძისაგან და ძე - მამისაგან; დედა - ასულისაგან და ასული - დედისაგან; დედამთილი - რძლისაგან და რძალი - დედამთილისაგან.54.და უთხრა ხალხსაც: როდესაც ხედავთ დასავლეთიდან ამომავალ ღრუბელს, მაშინვე ამბობთ: წვიმა მოვაო, და ასეც ხდება.55.ხოლო როცა სამხრეთის ქარი ქრის, ამბობთ: გვალვა იქნებაო, და ასეც ხდება.56.თვალთმაქცნო, ცის ფერსა და მიწის ფერს არჩევთ და ამ დროის გარჩევა კი არ შეგიძლიათ?57.ან რატომ თქვენდა თავად არ განსჯით, თუ რა არის სამართლიანი?58.როცა შენს მომჩივანთან ერთად მიდიხარ მსაჯულთან, ეცადე, გზაშივე დაიხსნა თავი მისგან, რათა არ მიგიყვანოს მსაჯულთან, ხოლო მსაჯულმა არ მიგცეს მანდატურს და მანდატურმა არ ჩაგაგდოს საპყრობილეში.59.გეუბნები: ვერ გამოხვალ იქიდან, სანამ არ გაიღებ უკანასკნელ წვლილს.
1. რომელთა ზედა შეკრებულ იყო ბევრეული ერი, ვიდრემდე დასთრგუნვიდეს ურთიერთას. იწყო პირველად სიტყუად მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: ეკრძალენით თავთა თქუენთა ცომისაგან ფარისეველთაჲსა, რომელ არს ორგულებაჲ. 2. ხოლო არარაჲ არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს. 3. ამისათჳს რომელი ბნელსა შინა სთქუათ, ნათელსა შინა ისმეს, და რომელსა ყურსა ეტყოდით საუნჯეთა შინა, იქადაგოს ერდოთა ზედა.
ფარისევლები ცდილობდნენ სიტყვაში დაეჭირათ უფალი, რათა ხალხი...
უგუნურო! ამას ღამესა შინა მიგიღონ სული შენიშენგან; ეგე, რომელი მოიმზადე ვისა იყოს? (ლოუკ, იბ. კ)
ერთსა მდიდარსა კაცსა, როგორც მოგვითხრობს დღეს წაკითხული სახარებისა იგავი, მოუვიდა ურიცხვი მოსავალი იმ ზომად, რომ ადგილიც არა ჰქონდა, სად შეენახა იგი. მაშინ მან იფიქრა თავის გულში: რა ვქნა, რომ ამოდენი სიმდიდრე მომემატა! და მერმე ესრედ გადაწყვიტა: აღვაშენებ უდიდესთა საუნჯისთა შესანახავთა, შევკრებ მუნ ყოველსა ჩემსა ნაყოფსა და სიმდიდრესა და ვეტყვი სულსა ჩემსა: სულო გაქვს მრავალი კეთილი,...
სულო! გაქვს მრავალი კეთილი, დაუნჯებული მრავალთა წელთა;განისვენე, სჭამე და ჰსვი, და იხარებდე. (ლუკა 12, 19).
დღეს წაკითხულისა სახარებისაგან იგავითა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვაფრთხილებს ჩვენ, ძმანო ქრისტიანენო, უგუნურისა თავმოყვარეობისა, ანუ თავხედობისაგან. მდიდარი იგი კაცი აღწერილი ამ იგავში, არის სახე, ანუ მაგალითი უჭკუო თავის შეყვარებისა. როდესაც მას მოუვიდა მრავალი მოსავალი, და ესრედ, უწინდელსა სიმდიდრესა ზედა მიემატა ახალი სიმდიდრე, ნაცვლად მისა, რომ ღმერთს მადლობა შესწიროს და...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ყოველი, რომელი მომცეს მე მამამან, ჩემდა მოვიდეს; და რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაძო გარე“ (6,37).:
...რმედ: „განჴადეთ ეგე ბნელსა მას გარესკნელსა“, ; (25,30) და კუალად რომელნიმე წარწყმდებიან, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „გეშინოდენ მისგან, რომელსა ძალ-უც სულისაცა და ჴორცთა წარწყმედად გეჰენიასა შინა“. ; და კუალად სიტყუაჲ იგი, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „მე ცხორებასა საუკუნესა მივსცემ“, ამასვე მოასწავებს, და ვითარმედ: „გამოვიდენ მოქმედნი კეთილისანი აღდგომად ცხორებისად და მოქმედნი ბოროტისანი აღდგომად წარწყმედისა“. აქაცა უკუე ესე აღდგომაჲ თქუა კეთილისაჲ, ვითარმედ: „აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა“ აღდგომითა მით კეთილითა და არა დასაშჯელითა.
ხოლო რასა მოასწავებს სიტყჳთა მით, რომელ თქუა, ვითარმედ: „ყოველი, რომელი მომცეს მე მამამან, ჩემდა მოვიდეს“? ამხილებს სიტყჳთა ამით ურწმუნოებასა მათსა და აჩუენებს, ვითარმედ რომელსა მისი არა ჰრწმენეს, იგი ნებასა მამისასა გარდავალს. გარნა ესრეთ განცხადებულად არა თქუა ესე, არამედ იგავითრე, და დაფარულად ყოველთაგან იქმს, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ რომელნი ურწმუნო მისა არიან, იგინი არა მას ოდენ, არამედ მამ...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ესე ბეთაბრას იყო, წიაღ იორდანესა, სადა-იგი იყო იოვანე ნათლისმცემელი. ხვალისაგან იხილა იესუ, მომავალი მისა, და თქუა: აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აღიხუნა ცოდვანი სოფლისანი“ (1,28-29).:
...ული არს კადნიერებაჲ საღმრთოჲ, უშიშობაჲ კაცთაგან, და რაჲთა ყოველივე არად შეგუერაცხოს ქრისტეს აღსარებისა თანა. და ესრეთ დიდ არს საქმე ესე, ვითარცა ძჱ ღმრთისაჲ მხოლოდშობილი ბრძანებს, ვითარმედ: „რომელმან აღმიაროს წინაშე კაცთა, აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა“. ; და არა სწორ არს ნაცვალი ესე, რამეთუ შენ უკუეთუ აღიარო იგი, აღიარებ ქუეყანასა ზედა, ხოლო იგი - ცათა შინა, და შენ - წინაშე კაცთა, ხოლო იგი - წინაშე მამისა თჳსისა და ანგელოზთაცა. ხოლო ესევითარი იყო დიდი იოვანე, რამეთუ არად შეჰრაცხა ყოველივე, არამედ განცხადებულად ქრისტესა ქადაგებდა; რამეთუ მისთჳს თქუა მახარებელმან ადგილიცა, რაჲთა გამოაჩინოს დიდი იგი კადნიერებაჲ მისი, ვითარმედ არა თუ სახლსა შინა ანუ ადგილსა უჩინოსა ქადაგა, არამედ იორდანესა ზედა, ყოველსა მას შორის ერსა, რომელნი ნათელს-იღებდეს, რამეთუ მუნ ქადაგა დიდი იგი ქადაგებაჲ ქრისტესი, და ვითარმედ: „არა ვარო ღირს საბელსა ჴამლთა მისთასა განჴსნად“. ამისთჳს იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „ესე ბეთაბრას იყო, წიაღ იორდანესა“.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხვალისა დღე იხილა იესუ, მომავალი მისა, და თქუა: აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აღიხუნა ცოდვანი სოფლისანი“ (1,29).
1. აბრაჰამის უქონელობა და ანგარების მხილება (23:6–19):
...ფს. ნუ ვანთებთ ჩვენში უფრო და უფრო დიდ შენაძენთა ვნებას და ამით მხოლოდ უფრო დიდსა და სასტიკ ცეცხლს, ჩაუქრობელ ცეცხლს, აუტანელ ალს ვუმზადოთ თავს. თუ ასეთ ტაცებასა და ანგარებაში დავრჩებით, მაშინ მოვისმენთ იმას, რაც იმ მდიდარს ეთქვა: „უგუნურო, ამას ღამესა მიგიღონ სული შენი შენგან; ეგე, რომელ მოიმზადე ვისა იყოს?" (). და საერთოდ, საყვარელო, რატომ ცდილობ ასეთი და იმდენი სიკეთის დაგროვებას? ცოტა ხნის შემდეგ, აქედან წაყვანილი, აქ დატოვებ ყველაფერს, არა თუ რაიმე სარგებლის მიღებით, არამედ ცოდვების ტვირთით დამძიმებული, უკვე ამაო სინანულით. საუნჯე, რომელიც შენ ხარბად აგროვებდი, შესაძლოა შენს მტრებს ჩაუვარდეთ ხელში, ხოლო შენ თავად მათ გამო სასჯელსა და დასჯას დაექვემდებარები. რა უგუნურებაა — სხვებისთვის შრომა, ხოლო თავად საკუთარი შრომისთვის სატანჯველის მიღება!
2. ისაკისთვის მეუღლის ძიება (24:1–4)
მაგრამ თუ აქამდე ასეთ უზრუნველობაში ვიყავით, მაშინ ამიერიდან მაინც ვიზრუნოთ ჯეროვნად. ვეცადოთ არა მხოლოდ ქონების გადიდებას, არამედ სამართლიანობაზეც ვიფიქროთ. ჩვენი საქმეები აწმყო ცხოვრებით არ შემოიფარგლება და მუდამ ამ უცხო ქვეყანაში არ ვიქნებით; ცოტა ხნის შემდეგ ჩვენს სამშობლოში გადავსახლდებით. მაშ, ყველაფერი ისე ვქმნათ, რომ იქ ნაკლულობა არ განვიცადოთ...