...ასამართლებენ, და ვერსად იხილავს ვინმე, რომ სიმართლის ანგარიში უგულებელყოფილი იყოს; პირიქით, ყველგან ყველანი ანგარიშს აბარებენ. მაშ, აქ სიმართლის ძიება ასეა განფენილი ქალაქშიც, სახლებშიც და თითოეულ ადამიანთანაც; ხოლო იქ, სადაც წერია: „სიმართლითა სავსე არს მარჯუენე შენი“ () და „სიმართლენი შენი, ვითარცა მთანი ღმრთისანი“ (), იქ ნუთუ სიმართლის არავითარი ანგარიში არ არის?
და როგორ ითმენს „ღმერთი მართლმსაჯულ, ძლიერ და სულგრძელ“ (), და სასჯელებს არ ითხოვს? აი, აქ გაქვს მიზეზი: სულგრძელია, ამბობს, და სულგრძელებით სინანულისკენ გიზიდავს; ხოლო თუ ჯიუტად დარჩები, „ხოლო სიფიცხლითა მაგით შენითა და შეუნანებელითა გულითა იუნჯებ თავისა შენისა რისხვასა“ (). ამრიგად, თუ მართალია, ღირსებისამებრ მიუზღავს და უსამართლოდ დატანჯულებს შურისგების გარეშე არ დატოვებს; რადგან ეს მართლის საქმეა. თუ ძლიერია, სიკვდილის შემდეგაც მიუზღავს...