გამხმარი ხელის მქონე კაცის განკურნება შესაკრებელში შაბათს
10. და, აჰა, იყო იქ ერთი ხელგამხმარი კაცი, და ჰკითხეს იესოს, რათა ბრალი დაედოთ მისთვის: თუ შეიძლება კაცი განკურნო შაბათს?11. ხოლო იესომ პასუხად უთხრა მათ: რომელიმე თქვენგანს ერთი ცხვარი რომ ჰყავდეს და შაბათ დღეს ორმოში ჩაუვარდეს, ნუთუ ხელს არ ჩასჭიდებს და არ ამოიყვანს მას?12. ხოლო კაცი რამდენად უმჯობესია ცხვარზე? ამიტომაც შეიძლება შაბათ დღეს სიკეთის ქმნა.13. და უთხრა მაშინ კაცს: გაიწოდე შენი ხელი! მანაც გაიწოდა და ისევე გაუმრთელდა, როგორც მეორე.14. ხოლო ფარისევლები გამოვიდნენ და მოითათბირეს მის წინააღმდეგ, თუ როგორ დაეღუპათ იგი.
1. კვლავ შევიდა სინაგოგაში, და იყო იქ ხელგამხმარი კაცი.2. და უთვალთვალებდნენ მას, ვნახოთ, შაბათს თუ განკურნავსო, რათა ბრალი დაედოთ მისთვის.3. ხოლო მან უთხრა ხელგამხმარ კაცს: შუაში დადექ.4. მათ კი უთხრა: რისი ქმნა შეიძლება შაბათს: კეთილისა თუ ბოროტისა? სულის ცხონება თუ წარწყმედა? ხოლო ისინი დუმდნენ.5. რისხვით მოავლო თვალი შეკრებილთ, მათი გულქვაობით დამწუხრებულმა, და უთხრა ხელგამხმარ კაცს: გაიწოდე შენი ხელი! მანაც გაიწოდა და კვლავ გაუმრთელდა, როგორც მეორე.6. გამოვიდნენ თუ არა ფარისევლები, სასწრაფოდ მოითათბირეს ჰეროდელებთან ერთად, როგორ დაეღუპათ იგი.
6. ხოლო მეორე შაბათს შევიდა სინაგოგაში და ასწავლიდა ხალხს; და იყო იქ კაცი, რომელსაც მარჯვენა ხელი გამხმარი ჰქონდა.7. უთვალთვალებდნენ მწიგნობრები და ფარისევლები, განკურნავდა თუ არა შაბათს, რათა ბრალდების საბაბი ეპოვათ მისთვის.8. მაგრამ მან იცოდა მათი ზრახვანი და უთხრა ხელგამხმარ კაცს: ადექი და შუაში გამოდი; ისიც ადგა და გამოვიდა.9. და უთხრა მათ იესომ: თქვენ გეკითხებით: რისი ქმნა შეიძლება შაბათს: კეთილისა თუ ბოროტისა? სულის ცხონება თუ წარწყმედა?10. გადახედა ყველა მათგანს, და უთხრა კაცს: აბა გაიწოდე შენი ხელი! მანაც გაიწოდა და გაუმრთელა, როგორც მეორე.11. ხოლო ისინი გაცოფდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: რა ვუყოთ იესოსო.