იესოს მიერ ვაჭრების მეორედ განდევნა ტაძრიდან
12. შევიდა იესო ტაძარში, და გამოყარა ტაძრიდან ყველა მყიდველი და გამყიდველი, ააყირავა მეკერმეთა ტაბლები და მტრედებით მოვაჭრეთა მერხები.13. და უთხრა მათ: დაწერილია: ჩემი სახლი სალოცავ სახლად იწოდება; თქვენ კი ყაჩაღთა ბუნაგად გიქცევიათ იგი.14. მიეახლნენ მას ტაძარში ბრმანი და კოჭლნი, და განკურნა ისინი.15. როდესაც იხილეს მღვდელმთავრებმა და მწიგნობრებმა მის მიერ ქმნილი სასწაულნი და ტაძარში მოყიჟინე ბალღები, რომლებიც ამბობდნენ: ოსანა დავითის ძეს! - განრისხდნენ.16. და უთხრეს მას: გესმის, რას ამბობენ ისინი? ხოლო იესომ მიუგო მათ: დიახ! არასოდეს წაგიკითხავთ: ჩვილთა და მეძუძურთა პირით დაიმკვიდრე დიდება?17. მიატოვა ისინი, ქალაქიდან გაემართა ბეთანიას და იქ გაათია ღამე.
15. მივიდნენ იერუსალიმში; შევიდა იესო ტაძრად, და დაიწყო იმათი გამოყრა, ვინც ყიდიდა და ყიდულობდა ტაძარში; ააყირავა მეკერმეთა დახლები და მტრედებით მოვაჭრეთა მერხები.16. და არავის აძლევდა იმის ნებას, რომ რამე გამოეტარებინა ტაძარში.17. ასწავლიდა მათ და ამბობდა: განა დაწერილი არ არის, რომ ჩემი სახლი სალოცავ სახლად იწოდება ყველა ხალხისთვის? თქვენ კი ყაჩაღთა ბუნაგად გიქცევიათ იგი.
45. შევიდა ტაძარში და დაიწყო მყიდველ-გამყიდველთა გამოყრა.46. და უთხრა მათ: დაწერილია: ჩემი სახლი ლოცვის სახლია, თქვენ კი ყაჩაღთა ბუნაგად გიქცევიათ იგი.