იესოს სიკვდილის შემდგომი მოვლენები
51. და, აჰა, ზემოდან ქვემომდე, შუა ჩაიხა ტაძრის ფარდა, იძრა მიწა და დასკდნენ კლდენი.52. განიხვნენ საფლავნი და წმიდა განსვენებულთა მრავალი გვამი აღდგა.53. საფლავებიდან გამოვიდნენ მისი აღდგომის შემდეგ, წმიდა ქალაქში შევიდნენ და გამოეცხადნენ მრავალს.54. ხოლო როდესაც იხილეს მიწისძვრა და ყოველივე ის, რაც მოხდა, ასისთავი და მასთან ერთად იესოს მოდარაჯენი, ძალიან შეშინდნენ და თქვეს: ჭეშმარიტად ღმრთის ძე იყო იგი.55. იყო იქ აგრეთვე შორიდან მაცქერალი მრავალი ქალი, რომლებიც გალილეიდან მოჰყვებოდნენ იესოს და ემსახურებოდნენ მას.56. მათ შორის იყვნენ მარიამ მაგდალელი, მარიამი, დედა იაკობისა და იოსებისა, და ზებედეს ძეთა დედა.
38. მაშინ, ზემოდან ქვემომდე, შუა ჩაიხა ტაძრის ფარდა.39. როცა მის პირდაპირ მდგარმა ასისთავმა დაინახა, რომ ასე შეღაღადა და განუტევა სული, თქვა: ჭეშმარიტად ეს კაცი ძე იყო ღმრთისა.40. იყვნენ იქ შორიდან მაცქერალი ქალებიც, მათ შორის, მარიამ მაგდალელი, მარიამი, იაკობ მცირისა და იოსეს დედა, და სალომე,41. რომლებიც თან დაჰყვებოდნენ, როცა გალილეაში იყო, და ემსახურებოდნენ მას; და სხვაც მრავალი, მასთან ერთად ამოსული იერუსალიმს.
47. ხოლო ასისთავმა, რომელმაც დაინახა, რაც მოხდა, ადიდა ღმერთი და თქვა: ჭეშმარიტად ეს კაცი მართალი იყო.48. სეირის საყურებლად მოსული მთელი ხალხი, რომელმაც იხილა ყველაფერი, რაც მოხდა, მკერდში მჯიღის ცემით ბრუნდებოდა უკან.49. ხოლო ყველა მისი ნაცნობი და ქალები, გალილეიდან რომ მოჰყვებოდნენ იესოს, მოშორებით იდგნენ და უმზერდნენ ამას.
31. რაკი პარასკევი იყო, გვამები რომ ჯვარზე არ დარჩენილიყო შაბათს (ვინაიდან ის შაბათი დიდი დღე იყო), იუდეველებმა სთხოვეს პილატეს, წვივები დაემტვრიათ მათთვის და ჩამოეხსნათ.32. მაშინ მივიდნენ ჯარისკაცები და წვივები დაუმტვრიეს მასთან ერთად ჯვარცმულთ, ერთსაც და მეორესაც.33. ხოლო როცა იესოსთან მივიდნენ, ნახეს, რომ უკვე მომკვდარიყო, და აღარ დაუმტვრიეს წვივები.34. მაგრამ ერთმა ჯარისკაცმა შუბი აძგერა ფერდში, საიდანაც მყისვე გადმოჩქეფა სისხლმა და წყალმა.35. ვინც იხილა, იმოწმა, და ჭეშმარიტია მისი მოწმობა; მან იცის, რომ ჭეშმარიტს ამბობს, რათა ირწმუნოთ.36. ვინაიდან ეს მოხდა, რათა აღსრულდეს წერილი: მისი ძვალი არ შეიმუსრება.37. ხოლო სხვა წერილი ამბობს: იხილავენ მას, ვინც განგმირეს.