პეტრეს მიერ იესოს უარყოფა
- მათეს სახარება 26:69-75
- მარკოზის სახარება 14:66-72
- ლუკას სახარება 22:55-62
- იოანეს სახარება 18:16-18
- იოანეს სახარება 18:25-27
69. პეტრე კი გარეთ იჯდა, ეზოში. მიადგა ერთი მხევალი და უთხრა: შენც ხომ იესო გალილეველთან იყავი?70. ხოლო მან ყველას წინაშე უარყო და თქვა: არ ვიცი, რას ამბობ.71. და როცა ჭიშკარში გამოდიოდა, მეორე მხევალმა დაინახა და იქვე მდგომთ უთხრა: ესეც იესო ნაზორეველთან იყო.72. ისევ უარყო პეტრემ ფიცით: არ ვიცნობ იმ კაცსო.73. ცოტა ხნის შემდეგ იქ მდგომნიც მივიდნენ და უთხრეს პეტრეს: ჭეშმარიტად შენც ერთი მათთაგანი ხარ, რადგანაც შენივე კილო გამხილებს.74. მაშინ ის მოჰყვა წყევლას და ფიცს, რომ არ იცნობს იმ კაცს, და სწორედ ამ დროს იყივლა მამალმა.75. გაახსენდა პეტრეს იესოს ნათქვამი: მამლის ყივილამდე სამჯერ უარმყოფო; გამოვიდა გარეთ და მწარედ ატირდა.
66. ხოლო, როცა პეტრე ქვემოთ, ეზოში იყო, მოვიდა მღვდელმთავრის ერთი მხევალი67. და, ცეცხლს მიფიცხებული პეტრე რომ დაინახა, დააკვირდა და უთხრა მას: შენც ხომ იესო ნაზარეველთან იყავი?68. მაგრამ მან უარყო და თქვა: არ ვიცი, არ მესმის, რას ამბობ; ეზოდან გავიდა, და იყივლა კიდეც მამალმა.69. მხევალმა კვლავ შეასწრო თვალი და იქვე მდგომთ უთხრა: ესეც ერთი მათგანიაო.70. მან კვლავ უარყო. ცოტა ხნის შემდეგ იქვე მდგომებმაც უთხრეს პეტრეს: მართლაც ერთი მათგანი ხარ, რადგან კილოზე გეტყობა, რომ გალილეველი უნდა იყო.71. ხოლო ის მოჰყვა წყევლას და ფიცს: არ ვიცნობ იმ კაცს, ვისზედაც მელაპარაკებითო; და მეორედ იყივლა მამალმა.72. გაახსენდა პეტრეს იესოს ნათქვამი: მამლის მეორე ყივილამდე სამჯერ უარმყოფო, და ტირილი დაიწყო.
55. როცა შუა ეზოში ცეცხლი დაანთეს და გარს შემოუსხდნენ, პეტრეც მათ შორის ჩაჯდა.56. ერთმა მოახლემ დაინახა ცეცხლთან მჯდომარე, დააკვირდა და თქვა: ესეც მასთან იყო.57. მაგრამ მან უარყო და თქვა: ქალო, არ ვიცნობ მას.58. ცოტა ხნის შემდეგ სხვამ დაინახა იგი და თქვა: შენც ერთი მათგანი ხარ. ხოლო პეტრემ მიუგო: არა ვარ, კაცო.59. ასე, ერთი საათის შემდეგ, სხვა ვიღაცამაც დაიჟინა: ნამდვილად ესეც მას ახლდა, ვინაიდან გალილეველია.60. ხოლო პეტრემ მიუგო: არ ვიცი, რას ამბობ, კაცო. ამის თქმაც იყო და იყივლა მამალმა.61. მაშინ უფალი შემობრუნდა და შეხედა პეტრეს; გაახსენდა პეტრეს უფლის სიტყვა, რომელიც უთხრა მას: მამლის ყივილამდე სამჯერ უარმყოფო;62. გამოვიდა გარეთ და მწარედ ატირდა.
16. პეტრე კი გარეთ იდგა, ჭიშკართან. გამოვიდა სხვა მოწაფე, მღვდელმთავრის ნაცნობი, რაღაც უთხრა მეკარე ქალს, და შეიყვანა პეტრე.17. ხოლო მეკარე ქალმა პეტრეს უთხრა: განა შენც ამ კაცის მოწაფეთაგანი არა ხარ? მან თქვა: არა ვარ.18. რაკი ციოდა, ეზოში მდგომ მღვდელმთავართა მონებსა და მსახურებს ცეცხლი დაენთოთ და მიფიცხებოდნენ. პეტრეც მათთან იყო და თბებოდა.
25. სიმონ-პეტრე კი იდგა და თბებოდა. და უთხრეს მას: განა შენც მისი მოწაფეთაგანი არა ხარ? მაგრამ მან უარყო და თქვა: არა ვარ.26. მღვდელმთავრის ერთმა მონამ, იმისმა ნათესავმა, ვისაც ყური ჩამოათალა პეტრემ, უთხრა მას: განა მასთან ერთად არ გნახე ბაღში?27. კვლავ უარყო პეტრემ, და მყისვე იყივლა მამალმა.