ზებედეს ძეთა (და მათი დედის) თხოვნა
20. მაშინ ზებედეს ძეთა დედა თავისი ვაჟებითურთ მიეახლა მას, თაყვანს სცემდა და რაღაცას ევედრებოდა.21. მან უთხრა: რა გსურს? ხოლო ქალმა მიუგო მას: თქვი, რომ ეს ჩემი ორი ძე შენს სასუფეველში ერთი შენს მარჯვნივ, მეორე კი შენს მარცხნივ დაჯდეს.22. იესომ პასუხად თქვა: არ იცით, რას ითხოვთ. შეგიძლიათ შესვათ სასმისი, რომელიც მე უნდა შევსვა? მათ თქვეს: შეგვიძლია.23. ხოლო იესომ უთხრა მათ: ჩემს სასმისს შესვამთ, მაგრამ მე როდი მომეცა, თუ ვინ დაჯდება ჩემს მარჯვნივ და მარცხნივ, არამედ ვისთვისაც ეს გამზადებულია ჩემი მამის მიერ.24. ამის მოსმენისას ათი მოწაფე რისხვით აღივსო ორივე ძმის მიმართ.25. ხოლო იესომ მიიხმო ისინი და უთხრა: თქვენ იცით, რომ ხალხთა მთავარნი მბრძანებლობენ მათზე, და დიდებულნი განაგებენ მათ.26. ხოლო თქვენს შორის ნუ იქნება ასე, არამედ ვინც თქვენში მოისურვებს უფროსობას, თქვენს მსახურად იქცეს.27. და ვინც თქვენს შორის მოისურვებს პირველობას, თქვენს მონად იქცეს.28. რადგან ძე კაცისა იმისთვის კი არ მოვიდა, რომ სხვები იმსახუროს, არამედ რათა სხვებს ემსახუროს და მრავალთა სახსნელად მისცეს თავისი სული.
35. მაშინ მივიდნენ მასთან ზებედეს ძენი - იაკობი და იოანე და უთხრეს: მოძღვარო, გვსურს შეგვისრულო, რასაცა გთხოვთ.36. იესომ ჰკითხა მათ: მაინც რის შესრულებას მთხოვთ?37. მათ მიუგეს: მოგვეცი ნება, რათა შენს დიდებაში ერთი შენს მარჯვნივ და მეორე შენს მარცხნივ დავსხდეთ.38. მაგრამ იესომ პასუხად თქვა: არ იცით, რას ითხოვთ. შეგიძლიათ შესვათ სასმისი, რომლითაც მე ვსვამ, და ნათლობით, რომლითაც მე ვინათლები, მოინათლოთ?39. მათ თქვეს: შეგვიძლია, ხოლო იესომ მიუგო მათ: სასმისს, რომლითაც მე ვსვამ, შესვამთ, და ნათლობით, რომლითაც მე ვინათლები, მოინათლებით.40. მაგრამ მე როდი მომეცა, თუ ვინ დაჯდება ჩემს მარჯვნივ, და ვინ - მარცხნივ, არამედ ვისთვისაც გამზადებულია ეს.41. ამის მოსმენისას ათი მოწაფე რისხვით აღივსო იაკობისა და იოანეს მიმართ.42. ხოლო იესომ მიიხმო ისინი და უთხრა მათ: თქვენ იცით, რომ ხალხთა მთავრებად მიჩნეულნი მბრძანებლობენ მათზე და დიდებულნი ძალადობით განაგებენ მათ.43. ხოლო თქვენს შორის ნუ იქნება ასე, არამედ ვინც თქვენში მოისურვებს უფროსობას, ის იყოს თქვენი მსახური.44. და ვინც თქვენში მოისურვებს პირველობას, ის იყოს ყველას მონა.45. რადგან ძე კაცისა იმისთვის კი არ მოვიდა, რომ სხვები იმსახუროს, არამედ რათა სხვებს ემსახუროს, და მისცეს თავისი სული მრავალთა გამოსახსნელად.